შექემი — დაბლობის ქალაქი
თავისი ხალხისთვის ღვთის ამორჩეული ქვეყნის შუაგულში, ღებალისა და გერიზიმის მთებს შორის განლაგებულია ქალაქი შექემი. სწორედ აქ — დაახლოებით ოთხი ათასი წლის წინათ — აღუთქვა იეჰოვამ აბრაამს: „შენი მოდგმისთვის მიმიცია ეს ქვეყანა“ (დაბადება 12:6, 7).
ამ აღთქმის თანახმად, აბრაამის შვილიშვილი, იაკობი, შექემში დაბანაკდა და ააშენა სამსხვერპლო, რომელსაც დაარქვა «ელი, ღმერთი ისრაელისა [„ღმერთი — ისრაელის ღმერთია“, აქ]». როგორც ჩანს, წყლით ოჯახისა და ფარების უზრუნველსაყოფად იაკობმა ამ ადგილზე ჭა ამოთხარა — ჭა, რომელიც საუკუნეების შემდეგ ‘იაკობის ჭად’ იქნებოდა ცნობილი (დაბადება 33:18–20; იოანე 4:5, 6, 12).
მაგრამ იაკობის ოჯახში ყველა არ ავლენდა გულმოდგინებას ჭეშმარიტ თაყვანისცემაში. დინა, მისი ქალიშვილი, შექემში მცხოვრებ ქანაანელ გოგონებში ეძებდა ამხანაგებს. დინამ, ჯერ ყმაწვილმა ქალიშვილმა, მიატოვა ოჯახის უსაფრთხო კარვები და ამხანაგების ძებნა მახლობლად განლაგებულ ქალაქში დაიწყო.
რას იფიქრებდნენ იმ ქალაქის ახალგაზრდა მამაკაცები ამ ყმაწვილ ქალზე, რომელიც რეგულარულად — როგორც ჩანს, თანმხლების გარეშე — ესტუმრებოდა მათ ქალაქს? ქვეყნის მთავრის ვაჟიშვილმა „დაინახა იგი. . . წაიყვანა, დაწვა მასთან და პატივი აჰხადა“. რატომ ჩაიგდო დინამ თავი საფრთხეში უზნეო ქანაანელებთან ურთიერთობით? იქნებ ფიქრობდა, რომ თანატოლ გოგონებთან ურთიერთობა სჭირდებოდა? თავისი ზოგიერთი ძმის მსგავსად ჯიუტი და დამოუკიდებელი იყო? წაიკითხე „დაბადებაში“ ჩაწერილი ცნობა და შეეცადე, შეიგრძნო იაკობისა და ლეას დარდი და სირცხვილი, რომელიც შექემში თავიანთი ქალიშვილის სტუმრობის საშინელი დასასრულის შედეგად უნდა განეცადათ (დაბადება 34:1–31; 49:5–7; იხილე აგრეთვე 1985 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 31 [ინგლ.]).
დაახლოებით 300 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა თეოკრატიული ხელმძღვანელობის უგულებელყოფის შედეგი. შექემში იესო ნავეს ძემ მოაწყო ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი შეკრება ისრაელის ისტორიაში. წარმოიდგინე მოქმედების ადგილი — დაბლობი. ისრაელის ექვსი ტომიდან წარმოშობილი მილიონზე მეტი ადამიანი — მამაკაცები, ქალები და ბავშვები — დგას გერიზიმის მთის წინ. სხვა ექვსი ტომის წარმომადგენლების დაახლოებით იგივე რაოდენობა დაბლობის მეორე მხარეზე ღებალის მთის წინაშე დგასa. ხოლო ქვემოთ, აღთქმის კიდობნის გვერდით და ისრაელების ორ ჯგუფს შორის, დგანან მღვდლები და იესო ნავეს ძე. რა დიდებული სანახაობაა! (იესო ნავეს ძე 8:30–33).
ამ დიდძალი ხალხმრავლობის წინ აღმართული ორი მთა სილამაზისა და უნაყოფოების მკაცრ შეპირისპირებას წარმოგვიდგენს. მაშინ, როცა გერიზიმის ზედა ნაწილი მწვანე და ნაყოფიერი ჩანს, ღებალი ძირითადად რუხი და გაშიშვლებულია. წარმოგიდგენია ისრაელების აღელვებული ფუსფუსი, სანამ იესო ნავეს ძის გამოსვლას ელოდებიან? ყოველი ბგერა ექოდ მეორდება ამ ბუნებრივ თეატრში.
ოთხი-ექვსი საათის განმავლობაში იესო ნავეს ძის მიერ ‘მოსეს რჯულის წიგნის’ წაკითხვაში ხალხიც მონაწილეობს (იესო ნავეს ძე 8:34, 35). როგორც ჩანს, გერიზიმის წინ მდგომი ისრაელები ყოველი კურთხევის შემდეგ ამბობენ „ამინ!“, ხოლო ღებალის წინ მდგომთა ‘ამინი!’ წყევლის ყოველ შემთხვევას უსვამს ხაზს. შესაძლოა, ღებალის მთის გაშიშვლებული ხედი ხალხს დაუმორჩილებლობის კატასტროფულ შედეგებს შეახსენებს.
„წყეულიმც იყოს დედ-მამის შემაგინებელი!“ — აფრთხილებს იესო ნავეს ძე. ერთხმად, მილიონზე მეტი ხმა პასუხობს: „ამინ!“ იესო ნავეს ძე ელოდება ამ ქუხილის მსგავსი პასუხის ჩაწყნარებას, შემდეგ აგრძელებს: „წყეულიმც იყოს თავისი მეზობლის სამანის გადამწევი!“ კვლავ მრავალ უცხოელთან ერთად ექვსი ტომი ხმამაღლა წარმოთქვამს: „ამინ!“ (მეორე რჯული 27:16, 17). იქ რომ ყოფილიყავი, დაგავიწყდებოდა კი ოდესმე მთებს შორის ჩატარებული შეხვედრა? განა მორჩილების აუცილებლობა წარუშლელად არ ჩაიბეჭდებოდა შენს გონებაში?
თითქმის 20 წლის შემდეგ, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, იესო ნავეს ძემ კიდევ ერთხელ შეკრიბა ერი შექემში, რათა განემტკიცებინათ თავიანთი გადაწყვეტილება. მან არჩევანი შესთავაზა, რომელიც თითოეულს უნდა გაეკეთებინა. „ახლავე გადაწყვიტეთ ვის ემსახუროთ, — თქვა მან. — მე და ჩემი სახლი კი უფლის სამსახურში ვიქნებით“ (იესო ნავეს ძე 24:1, 15). უეჭველია, შექემში რწმენის აღმძვრელმა შეკრებებმა შეასრულა თავისი დანიშნულება. იესო ნავეს ძის სიკვდილის შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში ისრაელები მისი ერთგულების გამომხატველ მაგალითს ბაძავდნენ (იესო ნავეს ძე 24:31).
დაახლოებით 15 საუკუნის შემდეგ, როცა იესო გერიზიმის მთის ჩრდილში ისვენებდა, წამოიწყო თბილი საუბარი. ხანგრძლივი მგზავრობით დაქანცული იესო იაკობის ჭასთან იჯდა, როცა მას დოქით ხელში სამარიელი ქალი მიუახლოვდა. ქალს ძალიან გაუკვირდა, როცა იესომ წყალი სთხოვა, რადგან იუდეველები არ ესაუბრებოდნენ სამარიელებს, ხოლო მათი ჭურჭლიდან წყლის დალევაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო (იოანე 4:5–9). იესოს შემდეგმა სიტყვებმა ის კიდევ უფრო მეტად გააკვირვა.
„ყველას, ამ წყლის მსმელს, კვლავ მოსწყურდება. ხოლო ვინც დალევს წყლიდან, რომელსაც მე მივცემ მას, საუკუნოდ არ მოსწყურდება. რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში გადაიქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს“ (იოანე 4:13, 14). წარმოიდგინე ქალის ინტერესი, რომელსაც ეს დანაპირები გააღვივებდა, რადგან ამ ღრმა ჭიდან წყლის ამოღება მძიმე საქმე იყო. შემდეგ იესომ აუხსნა, რომ ისტორიული მნიშვნელობის მიუხედავად, არც იერუსალიმი და არც გერიზიმის მთა არ წარმოადგენდნენ ღმერთთან მიახლოებისთვის აუცილებელ რელიგიურ ადგილებს. ადგილს კი არა, არამედ გულის განწყობასა და ყოფაქცევას ჰქონდა მნიშვნელობა. „ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, — თქვა მან. — მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის“ (იოანე 4:23). რამდენად მანუგეშებელი უნდა ყოფილიყო ეს სიტყვები! ამ დაბლობმა კიდევ ერთხელ აღძრა ადამიანები იეჰოვასადმი სამსახურებლად.
დღეს ძველი შექემის ნანგრევების გვერდზე განლაგებულია ქალაქი ნაბლუსი. წარსული მოვლენების ჩუმი მოწმეებივით დაბლობს კვლავ დაჰყურებენ მთები გერიზიმი და ღებალი. კვლავ შეიძლება მთების ძირას განლაგებულ იაკობის ჭასთან სტუმრობა. აქ მომხდარ მოვლენებზე დაფიქრება გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მივყვეთ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას სწორედ ისე, როგორც ამას იესო ნავეს ძე და იესო ქრისტე გვასწავლიდნენ (შეადარე ესაია 2:2, 3).
[სქოლიოები]
a გერიზიმის მთის წინ მდგომ ექვს ტომს წარმოადგენდა: სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი, იოსები და ბენიამინი. ექვსი ტომი ღებალის მთის წინ იყო: რეუბენი, გადი, აშერი, ზებულონი, დანი და ნაფთალი (მეორე რჯული 27:12, 13).
[საავტორო უფლება 31 გვერდზე]
Pictorial Archive (Near Eastern History) Est.