მკითხველთა შეკითხვები
მეორე კანონის 31:2-ში, ახალი ქვეყნიერების თარგმანის თანახმად, რატომ არის მოსეს შესახებ ნათქვამი, რომ ის ‘ვეღარ გავიდოდა და ვეღარ შევიდოდა’, როგორც ისრაელის წინამძღოლი, მაშინ როდესაც ბიბლიის სხვა თარგმანებში ნათქვამია, რომ მას ‘აღარ შეეძლო’ ამის გაკეთება?
მართალია, აქ გამოყენებული ებრაული სიტყვა ორივენაირად შეიძლება ითარგმნოს, მაგრამ ბიბლიის ზოგი თარგმანიდან ჩანს, რომ მოსეს სიცოცხლის ბოლოს ფიზიკური უძლურების გამო არ შეეძლო ისრაელის წინამძღოლობა. მაგალითად, ბიბლიური საზოგადოების მიერ გამოცემულ თარგმანში მოსე ამბობს: „ას ოცი წლისა ვარ მე დღეს, აღარ შემიძლია გამოსვლა და შესვლა“.
მაგრამ, როგორც მეორე კანონის 34:7-დან ჩანს, ასაკის მიუხედავად, მოსე ფიზიკურად არ დაუძლურებულა. მუხლში ნათქვამია: „ას ოცი წლისა იყო მოსე, როცა მოკვდა; თვალთ არ დაჰკლებია და ძალა არ გამოლევია“. ასე რომ, მოსეს შეეძლო ერის ხელმძღვანელობა, მაგრამ იეჰოვას აღარ სურდა, რომ მას ეს საქმე გაეგრძელებინა. ეს კარგად ჩანს მოსეს შემდეგი სიტყვებიდან: „იეჰოვამ მითხრა, ვერ გადაკვეთ იორდანესო“. როგორც ჩანს, იეჰოვამ ამ შემთხვევაში მოსეს ის გაუმეორა, რაც მერიბას წყალთან ჰქონდა ნათქვამი (რიცხვები 20:9—12).
მოსეს ხანგრძლივი და საინტერესო ცხოვრება სამ პერიოდად შეგვიძლია დავყოთ. პირველი 40 წლის განმავლობაში ის ცხოვრობდა ეგვიპტეში, სადაც „ისწავლა. . . ეგვიპტელთა მთელი სიბრძნე“ და „ძლიერი იყო სიტყვასა და საქმეში“ (საქმეები 7:20—22). მომდევნო 40 წელი მან მიდიანში გაატარა, სადაც გამოიმუშავა იეჰოვას ხალხის წინამძღოლობისთვის საჭირო თვისებები. ბოლო 40 წელი კი მოსე ხელმძღვანელობას უწევდა ისრაელებს. ამის შემდეგ იეჰოვამ გადაწყვიტა, მოსეს ნაცვლად, იესო ნავეს ძეს გადაეყვანა ხალხი იორდანის გაღმა და აღთქმულ ქვეყანაში შეეყვანა (მეორე კანონი 31:3).
ამგვარად, ახალი ქვეყნიერების თარგმანი სწორად გადმოსცემს მეორე კანონის 31:2-ის მნიშვნელობას. მოსემ ისრაელის წინამძღოლობა ფიზიკური უძლურების გამო კი ვერ შეძლო, არამედ იეჰოვამ არ მისცა მას ამის ნება.