თავი 17
„იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს . . .“
1—4. ა) რა მოხდა, როდესაც პილატემ გახელებულ ბრბოს იესო სასახლის ეზოში წარუდგინა? ბ) როგორ შეხვდა იესო დამცირებასა და ტანჯვას, და რა მნიშვნელოვანი კითხვები წამოიჭრება?
„აი კაცი!“ ასე წარუდგინა რომაელმა მმართველმა პონტიუს პილატემ იესო ქრისტე გახელებულ ბრბოს, რომელიც ახ. წ. 33 წელს, პასექის დღეს, დილაადრიან სასახლის ეზოში შეკრებილიყო (იოანე 19:5). რამდენიმე დღით ადრე, როდესაც იესო, როგორც ღვთის დანიშნული მეფე, იერუსალიმში შედიოდა, ხალხი დიდი შეძახილებით ეგებებოდა. იმ დილით კი გაბოროტებული ბრბო სულ სხვანაირად მოიქცა.
2 იესოს ძოწისფერი მოსასხამი მოასხეს, ისეთი, როგორსაც სამეფო საგვარეულო ატარებდა, და თავზე ეკლის გვირგვინი დაადგეს. მაგრამ ამ მოსასხამით, რომელიც გადატყავებულ, სისხლიან ზურგზე მოასხეს, და გვირგვინით, რომელიც მჭიდროდ დაადგეს დასისხლიანებულ თავზე, მასხრად აიგდეს იესო, როგორც ღვთის დანიშნული მეფე. უფროსი მღვდლები გაჰყვიროდნენ: „ბოძზე გააკარი! ბოძზე გააკარი!“ არც ხალხმა შეიბრალა ისედაც ნაწამები კაცი; მღვდლებისგან წაქეზებულნი თავადაც გაიძახოდნენ: „სიკვდილს იმსახურებს“ (იოანე 19:1—7).
3 იესო ღირსეულად და გაბედულად ითმენდა დამცირებასა და წამებას, და ერთხელაც არ დაუწუწუნიაa. ის მზად იყო, მომკვდარიყო. იმავე დღეს, ცოტა მოგვიანებით, მან წამების ბოძზე დაასრულა სიცოცხლე (იოანე 19:17, 18, 30).
4 სიცოცხლის შეწირვით იესომ დაამტკიცა, რომ თავის მიმდევრებს ნამდვილ მეგობრობას უწევდა. მან თქვა: „იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს მეგობრებისთვის“ (იოანე 15:13). აქედან გამომდინარე, ჩნდება რამდენიმე მნიშვნელოვანი შეკითხვა: აუცილებელი იყო, რომ ასე ეტანჯა იესოს და მომკვდარიყო? რატომ გააკეთა ეს? ჩვენ როგორ მივბაძოთ იესოს, როგორც მისმა „მეგობრებმა“ და მიმდევრებმა?
რატომ იყო აუცილებელი, რომ იესოს ეტანჯა და მომკვდარიყო?
5. საიდან იცოდა იესომ, თუ რა განსაცდელები ელოდა?
5 როგორც აღთქმულმა მესიამ, იესომ იცოდა, თუ რა მოელოდა. ებრაული წერილებიდან მისთვის ცნობილი იყო მრავალი წინასწარმეტყველება, რომლებიც დეტალურად აღწერდა მესიის ტანჯვასა და სიკვდილს (ესაია 53:3—7, 12; დანიელი 9:26). იესომ რამდენჯერმე უთხრა მოწაფეებს, თუ რა განსაცდელებს შეხვდებოდა (მარკოზი 8:31; 9:31). ბოლო პასექის აღსანიშნავად იერუსალიმში რომ მიდიოდნენ, იესომ პირდაპირ უთხრა მოციქულებს: „კაცის ძე უფროს მღვდლებსა და მწიგნობრებს გადაეცემა. ისინი სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ მას და გადასცემენ უცხოტომელებს, რომლებიც მასხრად აიგდებენ, შეაფურთხებენ, გაშოლტავენ და მოკლავენ“ (მარკოზი 10:33, 34). ეს ცარიელი სიტყვები არ ყოფილა. იესო მართლაც მასხრად აიგდეს, აფურთხებდნენ, გაშოლტეს და ბოლოს მოკლეს.
6. რატომ იყო აუცილებელი, რომ იესოს ეტანჯა და მომკვდარიყო?
6 მაინც რატომ იყო აუცილებელი, რომ ეტანჯა იესოს და მომკვდარიყო? რამდენიმე სერიოზული მიზეზის გამო. პირველი, თუ ბოლომდე ერთგული დარჩებოდა, დაამტკიცებდა, რომ იეჰოვას უზენაესობას უჭერდა მხარს. როგორც ვიცით, სატანამ ცილი დასწამა ადამიანებს, რომ ღმერთს თითქოს გამორჩენის მიზნით ემსახურებიან (იობი 2:1—5). „წამების ბოძზე სიკვდილამდე“ ერთგულების შენარჩუნებით იესომ საკადრისი პასუხი გასცა სატანის უსაფუძვლო ბრალდებას (ფილიპელები 2:8; იგავები 27:11). მეორე, იესოს ადამიანთა ცოდვები უნდა გამოესყიდა (ესაია 53:5, 10; დანიელი 9:24). მან გაიღო „თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“, რითაც ღმერთთან ურთიერთობის შესაძლებლობა მოგვცა (მათე 20:28). მესამე, თუ არაერთ სირთულესა და ტანჯვას გადაიტანდა, იესო ‘ჩვენსავით გამოცდილი იქნებოდა ყველაფერში’. იესო მართლაც ისეთი მღვდელმთავარია, რომელსაც შეუძლია „თანაგვიგრძნოს ჩვენს სისუსტეებში“ (ებრაელები 2:17, 18; 4:15).
რატომ იყო იესო მზად, რომ სიცოცხლე გაეღო?
7. რა დათმო იესომ?
7 კარგად რომ გავიგოთ, თუ რის გასაკეთებლად იყო იესო მზად, ერთი წამით დავფიქრდეთ: რომელი კაცი დატოვებდა ოჯახს, კარ-მიდამოს, და გადაბარგდებოდა უცხო ქვეყანაში, თუ ეცოდინებოდა, რომ იქაური მცხოვრებლების უმეტესობა არ მიიღებდა, უფრო მეტიც, დაამცირებდნენ, აწამებდნენ და ბოლოს მოკლავდნენ? იესო როგორ მოიქცა? დედამიწაზე მოსვლამდე ზეცაში მამის გვერდით მას საპატიო ადგილი ეკავა. მაგრამ თავისი სურვილით დატოვა ზეცა და დედამიწას მოევლინა. იცოდა, რომ უმრავლესობა არ მიიღებდა, საშინლად დაამცირებდნენ, აწამებდნენ და მოკლავდნენ (ფილიპელები 2:5—7). რამ აღძრა იესო, რომ ასეთი მსხვერპლი გაეღო?
8, 9. რა აღძრავდა იესოს, რომ სიცოცხლე გაეწირა?
8 უპირველეს ყოვლისა, ეს მსხვერპლი იესომ მამისადმი დიდი სიყვარულის გამო გაიღო. სწორედ იმიტომ მოითმინა ამდენი, რომ უყვარდა იეჰოვა. ასეთი სიყვარულით აღძრული იესო მამის სახელზე ფიქრობდა (მათე 6:9; იოანე 17:1—6, 26). მისთვის იმაზე მნიშვნელოვანი არაფერი ყოფილა, რომ საუკუნეების განმავლობაში შეურაცხყოფილი მამის სახელი განწმენდილი ენახა. სიმართლის გულისთვის ტანჯვას იესო უდიდეს პატივად თვლიდა, რადგან იცოდა, რომ ერთგულების შენარჩუნებით მამის დიდებული სახელის განწმენდაში თავის წვლილს შეიტანდა (1 მატიანე 29:13).
9 იესოს ადამიანებისადმი სიყვარულიც აღძრავდა იმისკენ, რომ სიცოცხლე გაეწირა. ასეთი სიყვარული იესოს პირველი ადამიანის შექმნიდანვე ჰქონდა. ამის შესახებ დედამიწაზე იესოს მოსვლამდე დიდი ხნით ადრე ჩაიწერა ბიბლიაში: „მიყვარდა ადამიანის მოდგმა“ (იგავები 8:30, 31). ეს იესომ დედამიწაზე თავისი ცხოვრებით დაამტკიცა. როგორც წინა თავებიდან დავინახეთ, ის ადამიანებისადმი, განსაკუთრებით კი თავისი მიმდევრებისადმი სიყვარულს სხვადასხვა სახით ავლენდა. ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს იესომ ჩვენი გულისთვის სიცოცხლე გასწირა (იოანე 10:11). ამაზე უკეთესად ღვთის ძე ნამდვილად ვერ დაამტკიცებდა ჩვენდამი სიყვარულს. საჭიროა მივბაძოთ იესოს სიყვარულის გამოვლენაში? რა თქმა უნდა. ვალდებულნიც ვართ, ასე მოვიქცეთ.
„როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი“
10, 11. რა ახალი მცნება მისცა იესომ თავის მიმდევრებს, რას გულისხმობს ეს მცნება და რატომ უნდა დავიცვათ?
10 სიკვდილის წინა ღამეს იესომ უახლოეს მოწაფეებს უთხრა: „ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:34, 35). რატომ მოიხსენია იესომ „გიყვარდეთ ერთმანეთი“ ახალ მცნებად? მანამდე მოსეს კანონში ეწერა: „საკუთარი თავივით გიყვარდეს მოძმე“ (ლევიანები 19:18). მაგრამ ახალი მცნება უფრო დიდი სიყვარულის გამოვლენას მოითხოვს, რაც აღგვძრავს, სხვების გულისთვის სიცოცხლეც კი გავწიროთ. ეს კარგად ჩანს იესოს სიტყვებიდან: „ჩემი მცნება ის არის, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ. იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს მეგობრებისთვის“ (იოანე 15:12, 13). ახალი მცნება იმას გულისხმობს, რომ სხვები საკუთარ თავზე მეტად გვიყვარდეს. თავისი ცხოვრებითა და სიკვდილით იესომ ასეთი სიყვარულის მაგალითი დაგვიტოვა.
11 რატომ უნდა დავიცვათ ახალი მცნება? გავიხსენოთ იესოს სიტყვები: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით [თავგანწირული სიყვარულით] გაიგებენ“. სწორედ თავგანწირული სიყვარულით ვაჩვენებთ, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები ვართ. ასეთი სიყვარული შეიძლება შევადაროთ სამკერდე ნიშანს. მაგალითად, იეჰოვას მოწმეების ყოველწლიური კონგრესის დელეგატები სამკერდე ნიშნებს ატარებენ, რაზეც წერია პიროვნების ვინაობა და კრების სახელწოდება. სწორედ ასეთი სამკერდე ნიშნის მსგავსია თავგანწირული სიყვარული, რომელიც აჩვენებს, თუ ვინ არიან ჭეშმარიტი ქრისტიანები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთმანეთის სიყვარული ისევე შესამჩნევი უნდა იყოს, როგორც სამკერდე ნიშანი, რაც გარშემო მყოფთ დაანახვებს, რომ ნამდვილად ქრისტეს მიმდევრები ვართ. ამიტომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: „ვავლენ თავგანწირულ სიყვარულს, რომელიც სამკერდე ნიშანივით ადვილად შესამჩნევია?“
რას გულისხმობს თავგანწირული სიყვარული?
12, 13. ა) რა მსხვერპლის გასაღებად უნდა ვიყოთ მზად? ბ) რას გულისხმობს თავგანწირვა?
12 ჩვენ, ქრისტეს მიმდევრებს ისე უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც იესომ შეგვიყვარა. ეს იმას ნიშნავს, რომ მზად უნდა ვიყოთ, თანამორწმუნეებისთვის მსხვერპლი გავიღოთ. რა მსხვერპლის გასაღებად უნდა ვიყოთ მზად? ბიბლიაში ვკითხულობთ: „იმით შევიცანით სიყვარული, რომ მან თავისი სული გაწირა ჩვენთვის; ჩვენც ვალდებულნი ვართ, ჩვენი სულები გავწიროთ ძმებისთვის“ (1 იოანე 3:16). ჩვენც მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთისთვის სიცოცხლე გავწიროთ. დევნის დროს უკეთესია საკუთარი სიცოცხლე გავიღოთ, ვიდრე გავცეთ სულიერი ძმები და საფრთხეში ჩავაგდოთ. იმ ქვეყნებში, სადაც რასობრივი თუ ეთნიკური კონფლიქტებია, თუ საჭირო გახდა, ძმების დასაცავად სიცოცხლეც უნდა ჩავიგდოთ საფრთხეში, მიუხედავად იმისა, რომელ რასას თუ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან. ომის დროს უმჯობესია ციხეში ჩაგვსვან ან მოგვკლან კიდეც, ვიდრე იარაღი ავიღოთ ხელში თანამორწმუნის ან ნებისმიერი ადამიანის მოსაკლავად (იოანე 17:14, 16; 1 იოანე 3:10—12).
13 ძმების გულისთვის სიცოცხლის გაღება არ არის თავგანწირული სიყვარულის გამოვლენის ერთადერთი საშუალება. ამხელა მსხვერპლზე წასვლა იშვიათად თუ ხდება საჭირო. თუ ისე გვიყვარს ძმები, რომ მზად ვართ, მათთვის მოვკვდეთ, განა არ გავიღებთ შედარებით მცირე მსხვერპლს მათ დასახმარებლად, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს?! თავგანწირვა ნიშნავს, საკუთარი ინტერესები და კომფორტი სხვების კეთილდღეობას შესწირო. და-ძმების ინტერესებსა და კეთილდღეობას საკუთარზე წინ დავაყენებთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს დისკომფორტს შეგვიქმნის (1 კორინთელები 10:24). როგორ გამოვავლინოთ თავგანწირული სიყვარული?
კრებასა და ოჯახში
14. ა) რა მსხვერპლის გაღება უწევთ უხუცესებს? ბ) როგორ აფასებ შენი კრების უხუცესების თავდაუზოგავ შრომას?
14 კრების უხუცესები მრავალ მსხვერპლს იღებენ იმისათვის, რომ ‘მწყემსონ სამწყსო’ (1 პეტრე 5:2, 3). საკუთარ ოჯახებზე ზრუნვის გარდა მათ შეიძლება მოუწიოთ საღამოებსა და შაბათ-კვირას კრების საქმეებით დაკავება, მაგალითად, მოხსენებების მომზადება, სამწყემსო მონახულებების გაკეთება და სამართლებრივი საქმეების განხილვა. ბევრი უხუცესი დამატებით მსხვერპლზე მიდის და ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ კონგრესები ორგანიზებულად ჩატარდეს, იმსახურონ საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტებში, პაციენტთა მონახულების ჯგუფებში და რეგიონალურ სამშენებლო კომიტეტებში. უხუცესებო, გახსოვდეთ, მზადყოფნის სულს რომ ავლენთ, არ იშურებთ დროს, ენერგიასა და სახსრებს სამწყსოს დასამწყემსად, თქვენ თავგანწირულ სიყვარულს ავლენთ (2 კორინთელები 12:15). თქვენს უანგარო შრომას იეჰოვაც აფასებს და კრებაც, რომელსაც მწყემსავთ (ფილიპელები 2:29; ებრაელები 6:10).
15. ა) რა მსხვერპლზე მიდიან უხუცესების ცოლები? ბ) როგორ აფასებ იმ ცოლების ძალისხმევას, რომლებიც ხელს უწყობენ ქმრებს, რომ კრების საქმეებზე იზრუნონ?
15 უხუცესების ცოლებს თუ უწევთ მსხვერპლის გაღება, რომ მათმა ქმრებმა შეძლონ სამწყსოზე ზრუნვა? მათ ნამდვილად უწევთ მსხვერპლის გაღება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათი ქმრები კრების საქმეებს უთმობენ იმ დროს, რომელიც შეეძლოთ ოჯახისთვის დაეთმოთ. არანაკლებ დიდ მსხვერპლს იღებენ მიმომსვლელი ზედამხედველების ცოლები, რომლებიც ქმრებთან ერთად კრებიდან კრებაში და რაიონიდან რაიონში გადადიან. ისინი თმობენ თავიანთ ჭერქვეშ ცხოვრებას და ყოველ კვირას სხვადასხვა სახლში ათევენ ღამეს. ცოლები, რომლებიც კრების ინტერესებს საკუთარზე წინ აყენებენ, თავგანწირულ სიყვარულს ავლენენ, რისთვისაც ქებას იმსახურებენ (ფილიპელები 2:3, 4).
16. რა მსხვერპლს იღებენ მშობლები შვილებისთვის?
16 როგორ გამოვავლინოთ თავგანწირული სიყვარული ოჯახში? მშობლებო, თქვენც დიდ მსხვერპლს იღებთ, რომ ზრუნავთ შვილებზე და ცდილობთ, ‘იეჰოვას მოსაწონად აღზარდოთ და დაარიგოთ’ (ეფესოელები 6:4). შეიძლება მთელი დღის განმავლობაში მუშაობთ, რომ ოჯახი არჩინოთ, შვილებს ჩასაცმელი და თავშესაფარი ჰქონდეთ. თქვენ ამჯობინებთ, თავად მოიკლოთ, ვიდრე შვილებს მოაკლდეთ ის, რაც აუცილებელია. აგრეთვე, ძალებს არ იშურებთ, რომ შვილებთან ერთად მოემზადოთ კრების შეხვედრებისთვის, თან წაიყვანოთ კრებაზე და მსახურებაში (კანონი 6:6, 7). თქვენი თავგანწირული სიყვარული გულს უხარებს ოჯახის დამფუძნებელს; ამავე დროს, თქვენი ძალისხმევის შედეგად თქვენმა შვილებმა შეიძლება მარადიული სიცოცხლე მიიღონ (იგავები 22:6; ეფესოელები 3:14, 15).
17. როგორ უნდა ავლენდნენ ქრისტიანი ქმრები ისეთივე სულისკვეთებას, როგორიც იესოს ჰქონდა?
17 ქმრებო, როგორ უნდა მიჰბაძოთ იესოს თავგანწირული სიყვარულის გამოვლენაში? ბიბლიაში ვკითხულობთ: „ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა კრება და თავი გასწირა მისთვის“ (ეფესოელები 5:25). როგორც დავინახეთ, იესოს ისე უყვარდა თავისი მიმდევრები, რომ მათი გულისთვის თავი გასწირა. ქრისტიან ქმარს ისეთივე სულისკვეთება უნდა ჰქონდეს, როგორიც იესოს ჰქონდა, რომელიც ‘არ ფიქრობდა საკუთარ სიამოვნებაზე’ (რომაელები 15:3). ასეთი ქმარი ცოლის მოთხოვნილებებსა და ინტერესებს საკუთარზე წინ აყენებს. იმას კი არ ცდილობს, თავისი გაიტანოს, არამედ მზად არის, დათმობაზე წავიდეს, თუ რომელიმე ბიბლიური პრინციპი არ ირღვევა. იეჰოვა აფასებს, როდესაც ქმარი თავგანწირულ სიყვარულს ავლენს, და ცოლ-შვილსაც უფრო მეტად უყვარს და პატივს სცემს მას.
შენ თუ გამოავლენ ასეთ სიყვარულს?
18. რა მტკიცე საფუძველი გვაქვს იმისათვის, რომ ახალი მცნება დავიცვათ?
18 ახალი მცნების დაცვა, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი, ადვილი არ არის, თუმცა ამისათვის მტკიცე საფუძველი გვაქვს. პავლე მოციქულმა დაწერა: „ჩვენ იმ სიყვარულით ვართ აღძრულნი, რომელიც ქრისტეს აქვს, რადგან ასე ვმსჯელობთ: თუ ერთი მოკვდა ყველასთვის . . . ის ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა“ (2 კორინთელები 5:14, 15). ვინაიდან ჩვენთვის მოკვდა ქრისტე, განა არ ვართ ვალდებულნი, რომ ჩვენც მისთვის ვიცოცხლოთ? ამისათვის თავად იესოს უნდა მივბაძოთ თავგანწირული სიყვარულის გამოვლენაში.
19, 20. რა უძვირფასესი საჩუქარი მოგვცა იეჰოვამ და როგორ უნდა ვაჩვენოთ, რომ ვიღებთ ამ საჩუქარს?
19 იესოს არ გაუზვიადებია, როდესაც თქვა: „იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს მეგობრებისთვის“ (იოანე 15:13). სიცოცხლის გაწირვით მან ჩვენდამი დიდი სიყვარული გამოავლინა. მაგრამ არსებობს პიროვნება, რომელმაც ამაზე დიდი სიყვარული გამოავლინა. იესომ თქვა: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16). ღმერთს ისე ვუყვარვართ, რომ თავისი ძე გაიღო გამოსასყიდად, რითაც ცოდვისა და სიკვდილისგან გათავისუფლების შესაძლებლობა მოგვცა (ეფესოელები 1:7). გამოსასყიდი იეჰოვასგან გაღებული უძვირფასესი საჩუქარია, თუმცა მის აღებას როდი გვაიძულებს.
20 ჩვენზეა დამოკიდებული, ავიღებთ თუ არა იეჰოვას საჩუქარს. როგორ? თუ ‘ვიწამებთ’ მის ძეს. თუმცა რწმენა მარტო სიტყვებით არ გამოიხატება, საქმეებით უნდა ვაჩვენოთ (იაკობი 2:26). იესოსადმი რწმენას იმ შემთხვევაში გამოვავლენთ, თუ ყოველ დღე მივყვებით მის ნაკვალევს. ეს უხვ კურთხევებს მოგვიტანს როგორც ახლა, ისე მომავალში, რაზეც მომდევნო თავში ვისაუბრებთ.
a იმ დღეს იესოს ორჯერ დაუწყეს ფურთხება, ჯერ მღვდლებმა და შემდეგ რომაელმა ჯარისკაცებმა (მათე 26:59—68; 27:27—30). ასეთ ამაზრზენ მოპყრობასაც მშვიდად შეხვდა იესო, რითაც ესაიას წინასწამეტყველება შესრულდა: „სახე არ დამიფარავს დამცირებისა და ფურთხისგან“ (ესაია 50:6).