სასწავლო სტატია 15
მიჰბაძეთ იესოს და შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე
„ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებს“ (ფილ. 4:7).
სიმღერა 113 ჩვენი მშვიდობა
მოკლე შინაარსიa
1, 2. რატომ იყო იესო რთულ მდგომარეობაში?
დედამიწაზე ცხოვრების უკანასკნელ ღამეს იესოს მძიმე წუთები ედგა. მალე ის უკანონობის მოქმედთა ხელით მტანჯველი სიკვდილით დაასრულებდა სიცოცხლეს. მაგრამ მოახლოებულ სიკვდილზე მეტად იესოს სხვა რამ ადარდებდა. მას ძალიან უყვარდა ზეციერი მამა და უნდოდა, მის მოსაწონად მოქცეულიყო. იესომ იცოდა, რომ იეჰოვას სახელის გამართლებაში უდიდეს წვლილს შეიტანდა, თუ ამ უმძიმესი განსაცდელის დროს ერთგულებას შეინარჩუნებდა. ზეციერი მამის გარდა, მას ადამიანებიც უყვარდა და იცოდა, რომ მათი მარადიული სიცოცხლე იეჰოვასადმი მის ურყევ ერთგულებაზე იყო დამოკიდებული.
2 უდიდესი სტრესის მიუხედავად, იესო შინაგან სიმშვიდეს ინარჩუნებდა. მან თავის მოციქულებს უთხრა: „ჩემს მშვიდობას გაძლევთ“ (იოან. 14:27). იესოს „ღვთის მშვიდობა“ ჰქონდა, ანუ მშვიდად და აუღელვებლად გრძნობდა თავს, რასაც ადამიანი მხოლოდ მაშინ განიცდის, როცა იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა აქვს. სწორედ ასეთი მშვიდობა ეხმარებოდა იესოს, რომ წუხილს არ მოეცვა (ფილ. 4:6, 7).
3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
3 ჩვენ არასოდეს შევხვდებით ისეთ სირთულეებს, როგორიც იესოს ჰქონდა. თუმცა ადრე თუ გვიან ყველა ქრისტიანი დადგება განსაცდელების პირისპირ (მათ. 16:24, 25; იოან. 15:20). იესოს მსგავსად შეიძლება ჩვენც დაგვიდგეს მძიმე წუთები. რა უნდა გავაკეთოთ, რომ წუხილმა არ გვშთანთქას და სიმშვიდე არ წაგვართვას? განვიხილოთ სამი საშუალება, რომლებიც იესოს დედამიწაზე მსახურების პერიოდში დაეხმარა და გავიგოთ, ჩვენ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას განსაცდელების დროს.
იესო ხშირად ლოცულობდა
4. ა) რომელი შემთხვევებიდან ვხედავთ, რომ იესომ სიცოცხლის უკანასკნელ დღეს არაერთხელ ილოცა? ბ) რა რჩევა ჩაიწერა ქრისტიანებისთვის 1 თესალონიკელების 5:17-ში?
4 წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 5:17. სიკვდილის წინა ღამეს იესომ ბევრჯერ მიმართა ლოცვით ზეციერ მამას. როდესაც თავისი სიკვდილის გახსენების საღამოს აწესებდა, პურისა და ღვინის გადაწოდებამდე მან ლოცვით მიმართა იეჰოვას (1 კორ. 11:23—25). ვიდრე იმ ადგილს დატოვებდნენ, სადაც პასექის დღესასწაული აღნიშნეს, იესომ მოწაფეებთან ერთად კიდევ ერთხელ ილოცა (იოან. 17:1—26). მან არაერთხელ მიმართა ღმერთს ლოცვით, როცა ზეთისხილის მთაზე მოწაფეებთან ერთად ავიდა (მათ. 26:36—39, 42, 44). იესოს მიერ წარმოთქმული უკანასკნელი სიტყვებიც ზეციერი მამისკენ იყო მიმართული (ლუკ. 23:46). აშკარაა, რომ იესო ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში იეჰოვას მიმართავდა ლოცვით.
5. რატომ ვერ შეძლეს მოციქულებმა გაბედულების გამოვლენა?
5 ერთ-ერთი, რაც იესოს ურთულესი განსაცდელების გადატანაში დაეხმარა, ლოცვა იყო. მისი ლოცვები იეჰოვასადმი ნდობაზე მეტყველებდა. იესოსგან განსხვავებით, მოციქულებმა იმ ღამეს ვერ შეინარჩუნეს ლოცვაში სიფხიზლე. შედეგად, განსაცდელის დროს ისინი შიშმა შეიპყრო (მათ. 26:40, 41, 43, 45, 56). პრობლემების პირისპირ მხოლოდ იმ შემთხვევაში შევინარჩუნებთ ერთგულებას, თუ იესოს მსგავსად განუწყვეტლივ ვილოცებთ. რაზე შეგვიძლია ვილოცოთ?
6. როგორ დაგვეხმარება რწმენა სიმშვიდის შენარჩუნებაში?
6 შეგვიძლია იეჰოვას ლოცვაში ვთხოვოთ, რომ რწმენა განგვიმტკიცოს (ლუკ. 17:5; იოან. 14:1). ადრე თუ გვიან სატანა ყველა ქრისტიანს გამოცდის, ამიტომ ძლიერი რწმენა ნამდვილად გვჭირდება (ლუკ. 22:31). როგორ შეგვანარჩუნებინებს რწმენა სიმშვიდეს მაშინაც კი, თუ პრობლემები ერთიმეორის მიყოლებით გვატყდება? როცა ჩვენი მხრივ ყველაფერს ვაკეთებთ პრობლემის მოსაგვარებლად, რწმენა დაგვეხმარება, რომ ის, რაც ჩვენს ძალას აღემატება, იეჰოვას მივანდოთ. იმის ცოდნა, რომ იეჰოვას ჩვენზე უკეთ შეუძლია ნებისმიერი პრობლემის მოგვარება, მშვიდად ყოფნის მიზეზს გვაძლევს (1 პეტ. 5:6, 7).
7. რას ვსწავლობთ რობერტის შემთხვევიდან?
7 ლოცვა გვეხმარება, ნებისმიერი პრობლემისა თუ სირთულის დროს შინაგანი სიმშვიდე შევინარჩუნოთ. დავფიქრდეთ 80 წელს გადაცილებული რობერტის მაგალითზე, რომელიც უხუცესად მსახურობს. ის ამბობს: „ფილიპელების 4:6, 7-ში ჩაწერილი რჩევა ყოველთვის მეხმარება. ერთხელ ფინანსურ პრობლემებში გავეხვიე, რის გამოც გარკვეული ხნის მანძილზე უხუცესად აღარ ვმსახურობდი“. როგორ ინარჩუნებს რობერტი შინაგან სიმშვიდეს? ის გვიხსნის: „როგორც კი სადარდებელი გამიჩნდება, მაშინვე ლოცვას ვიწყებ. რაც უფრო ხშირად და გულმხურვალედ ვლოცულობ, თავს უფრო მშვიდად ვგრძნობ“.
იესო გულმოდგინედ ქადაგებდა
8. იოანეს 8:29-ის თანახმად, რა ეხმარებოდა იესოს შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნებაში?
8 წაიკითხეთ იოანეს 8:29. იესო დევნის დროსაც ინარჩუნებდა შინაგან სიმშვიდეს, რადგან იცოდა, რომ ერთგულებით ზეციერ მამას ახარებდა. ის მაშინაც ემორჩილებოდა ღვთის ნებას, როცა ამის გაკეთება ადვილი არ იყო. იესოს უყვარდა მამა და მისადმი მსახურებას ცხოვრებაში პირველ ადგილზე აყენებდა. განკაცებამდე ის მამის გვერდით იყო „როგორც ოსტატი“ (იგავ. 8:30); დედამიწაზე მსახურების დროს კი გულმოდგინედ ასწავლიდა სხვებს იეჰოვას შესახებ (მათ. 6:9; იოან. 5:17). ეს საქმე იესოს უდიდეს სიხარულს ანიჭებდა (იოან. 4:34—36).
9. როგორ გვეხმარება მსახურებაში აქტიური მონაწილეობა შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნებაში?
9 იესოს მსგავსად ჩვენც ვემორჩილებით იეჰოვას და ყოველთვის ბევრს ვშრომობთ უფლის საქმეში (1 კორ. 15:58). როცა მთლიანად ვართ ჩაბმული სამქადაგებლო საქმიანობაში, ჩვენს პრობლემებს ისე მძაფრად აღარ აღვიქვამთ და დადებით განწყობას ვინარჩუნებთ (საქ. 18:5). მაგალითად, ზოგჯერ მსახურებაში ისეთ ადამიანებს ვხვდებით, რომლებიც ჩვენზე ბევრად რთულ მდგომარეობაში არიან. თუმცა მას შემდეგ, რაც უახლოვდებიან იეჰოვას და მის რჩევებს ითვალისწინებენ, მათი ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება და უფრო ბედნიერები ხდებიან. ყოველთვის, როცა ამას საკუთარი თვალით ვხედავთ, ვრწმუნდებით, რომ იეჰოვა აუცილებლად იზრუნებს ჩვენზე. ამაში დარწმუნება შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნებაში გვეხმარება. ერთმა დამ, რომელიც მთელი ცხოვრება უღირსობის გრძნობით და დეპრესიით იტანჯება, საკუთარ თავზე გამოსცადა ამ სიტყვების ჭეშმარიტება. ის ამბობს: „როცა აქტიურად ვარ ჩაბმული მსახურებაში, ემოციურად უფრო გაწონასწორებული ვარ და თავს ბედნიერად ვგრძნობ. ჩემი აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ მსახურება უფრო მაახლოებს იეჰოვასთან“.
10. რას ვსწავლობთ ბრენდას სიტყვებიდან?
10 განვიხილოთ კიდევ ერთი დის, ბრენდას მაგალითი. მას და მის ქალიშვილს გაფანტული სკლეროზი აქვთ. ფიზიკურად დაუძლურებული ბრენდა ინვალიდის სავარძელს არის მიჯაჭვული. ის შეძლებისდაგვარად კარდაკარაც მსახურობს, თუმცა, ძირითადად, წერილებით ქადაგებს. ბრენდა ამბობს: „როცა გავაცნობიერე და შევეგუე იმ აზრს, რომ ამ ქვეყნიერებაში ჩემი საშველი არ იქნებოდა, მთლიანად მსახურებაზე გადავერთე. ქადაგება მეხმარება, პრობლემებზე აღარ ვიფიქრო და ყურადღება ჩვენი კრების ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებზე გადავიტანო. გარდა ამისა, ქადაგების დროს მუდამ გონებაში მიტრიალებს მომავლის იმედი“.
იესო მეგობრებს დახმარების საშუალებას აძლევდა
11—13. ა) როგორ დაუმტკიცეს იესოს მეგობრობა მოციქულებმა და სხვა მოწაფეებმა? ბ) როგორ ეხმარებოდნენ იესოს მეგობრები?
11 დედამიწაზე მსახურების პერიოდში ერთგულმა მოციქულებმა იესოს არაერთხელ დაუმტკიცეს, რომ ნამდვილი მეგობრები იყვნენ. მათზე გამართლდა იგავების 18:24-ში ჩაწერილი სიტყვები: „ზოგი მეგობარი ძმაზე ახლობელია“. იესო ძალიან აფასებდა თავის მეგობრებს. დედამიწაზე ყოფნის დროს მისი ძმებიდან არცერთმა არ ირწმუნა ის (იოან. 7:3—5). ერთხელ მისმა ნათესავებმა ისიც კი დაასკვნეს, რომ იესო „ჭკუაზე შეიშალა“ (მარ. 3:21). როგორ განსხვავდებოდნენ ისინი მოციქულებისგან, რომლებიც იესოს ნამდვილი მეგობრები იყვნენ. სიკვდილის წინა ღამეს მან თავის მოციქულებს უთხრა: „თქვენ ჩემთან ერთად დარჩით განსაცდელში“! (ლუკ. 22:28).
12 დროდადრო მოციქულები იმედს უცრუებდნენ იესოს, თუმცა შეცდომების მიღმა ის ძლიერ რწმენას ხედავდა მათში (მათ. 26:40; მარ. 10:13, 14; იოან. 6:66—69). სიცოცხლის უკანასკნელ ღამეს იესომ ამ ერთგულ მამაკაცებს უთხრა: „მეგობრები გიწოდეთ, რადგან, რაც მამაჩემისგან მომისმენია, ყველაფერი გამცნეთ“ (იოან. 15:15). ეჭვგარეშეა, მას ძალიან ამხნევებდნენ მეგობრები; მათი მხარში დგომა სიხარულით უვსებდა გულს (ლუკ. 10:17, 21).
13 მოციქულების გარდა იესოს მეგობრებს შორის იყვნენ ის მამაკაცები და ქალები, რომლებიც მსახურების დროს მას პრაქტიკულ დახმარებას უწევდნენ. მაგალითად, ზოგი სახლში სადილად ეპატიჟებოდა (ლუკ. 10:38—42; იოან. 12:1, 2). იყვნენ ისეთებიც, რომლებიც დაჰყვებოდნენ მას და „თავიანთი ქონებით ემსახურებოდნენ“ (ლუკ. 8:3). იესოს იმიტომ ჰყავდა კარგი მეგობრები, რომ თავად იყო კარგი მეგობარი. ის დიდ სიკეთეს უკეთებდა მათ, თუმცა მათგან ბევრს არ მოელოდა. მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილი იყო, იესო ძალიან აფასებდა არასრულყოფილი მეგობრების მხარდაჭერას. ცხადია, მათ თავიანთი წვლილი შეჰქონდათ, რომ იესოს შინაგანი სიმშვიდე შეენარჩუნებინა.
14, 15. როგორ შევიძენთ კარგ მეგობრებს და რა მხრივ დაგვეხმარებიან ისინი?
14 კარგი მეგობრები იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნებაში გვეხმარებიან. მაგრამ მათ შესაძენად თავად უნდა შეგვეძლოს კარგი მეგობრობის გაწევა (მათ. 7:12). მაგალითად, ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ჩვენი დრო და ენერგია სხვების, განსაკუთრებით კი გაჭირვებულების დასახმარებლად გამოვიყენოთ (ეფეს. 4:28). დაფიქრდით, თქვენს კრებაში ვის სჭირდება დახმარება. შეგიძლიათ საყიდლებზე გაეგზავნოთ თანაქრისტიანს, რომელიც ასაკისა თუ ჯანმრთელობის პრობლემების გამო სახლიდან ვერ გადის? შეგიძლიათ პროდუქტები უყიდოთ იმ ოჯახს, რომელსაც ფინანსურად უჭირს? შეგიძლიათ კრებაში სხვებსაც ასწავლოთ, როგორ ისარგებლონ ვებგვერდით jw.org® ან აპლიკაციით „JW ბიბლიოთეკა®“? თუ სხვების დახმარებაზე გადავიტანთ მთელ ყურადღებას, თავს უფრო ბედნიერად ვიგრძნობთ (საქ. 20:35).
15 მეგობრები გასაჭირის დროს დახმარების ხელს გამოგვიწვდიან და შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნებაში დაგვეხმარებიან. ელიჰუს მსგავსად, რომელიც გულისყურით უსმენდა გატანჯულ იობს, ჩვენი მეგობრებიც მოთმინებით მოგვისმენენ, როცა მათ საწუხარს გავუზიარებთ (იობ. 32:4). არ უნდა მოველოდეთ, რომ მეგობრები ჩვენ ნაცვლად მიიღებენ გადაწყვეტილებებს, თუმცა გონივრული იქნება, თუ გავითვალისწინებთ მათ მიერ მოცემულ ბიბლიურ რჩევებს (იგავ. 15:22). მეფე დავითმა თავმდაბლობა გამოავლინა და ხელი არ უკრა მეგობრებს დახმარებაზე. ჩვენც უნდა მივბაძოთ მას და სიამაყეს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ მეგობრების დახმარება ვიუკადრისოთ (2 სამ. 17:27—29). კარგი მეგობრები შეიძლება იეჰოვას საჩუქრად მივიჩნიოთ (იაკ. 1:17).
როგორ შევინარჩუნოთ შინაგანი სიმშვიდე
16. ფილიპელების 4:6, 7-ის თანახმად, მხოლოდ რა შემთხვევაში გვექნება შინაგანი სიმშვიდე? ახსენით.
16 წაიკითხეთ ფილიპელების 4:6, 7. რატომ ამბობს ბიბლია, რომ მშვიდობა „ქრისტე იესოს მეშვეობით“ გვექნება? იმიტომ რომ შინაგან სიმშვიდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიგრძნობთ, თუ გავაცნობიერებთ იესოს როლს ღვთის განზრახვაში და რწმენას გამოვავლენთ მის მიმართ. მაგალითად, უდიდეს ნუგეშს გვგვრის იმის ცოდნა, რომ ქრისტეს გამოსასყიდის საფუძველზე გვეპატიება ცოდვები (1 იოან. 2:12). იესო, როგორც ღვთის სამეფოს მეფე, გამოასწორებს სატანისა და მისი ქვეყნიერების მიერ გამოწვეულ ყველა ზიანს (ეს. 65:17; 1 იოან. 3:8; გამოცხ. 21:3, 4). სწორედ ეს იმედი გვაძლევს ძალას! მიუხედავად იმისა, რომ იესომ რთული დავალება მოგვცა, ის ჩვენ გვერდით იქნება და მხარს დაგვიჭერს ამ ქვეყნიერების აღსასრულამდე (მათ. 28:19, 20). ეს დაპირება გამბედაობას გვმატებს! სწორედ ნუგეში, იმედი და გაბედულება გვჭირდება, რომ შინაგანი სიმშვიდე არ დავკარგოთ.
17. ა) როგორ შეუძლია ქრისტიანს შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნება? ბ) იოანეს 16:33-ში ჩაწერილი სიტყვების თანახმად, რის გაკეთებას შევძლებთ?
17 ასე რომ, როგორ შეგიძლიათ შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნება, როცა პრობლემები წონასწორობას გაკარგვინებთ? მიჰბაძეთ იესოს. პირველი, უკიდურესად მძიმე წუთებშიც კი ნუ შეწყვეტთ ლოცვას. მეორე, დაემორჩილეთ იეჰოვას და გულმოდგინედ იქადაგეთ მაშინაც კი, როცა გიჭირთ ამის გაკეთება. და მესამე, გასაჭირის დროს დახმარებისთვის მეგობრებს მიმართეთ. ასეთ შემთხვევაში ღვთის მშვიდობა დაიცავს თქვენს გულსა და გონებას. შედეგად, იესოს მსგავსად თქვენც სძლევთ ნებისმიერ განსაცდელს! (წაიკითხეთ იოანეს 16:33).
სიმღერა 41 გთხოვ, ისმინე ჩემი ლოცვა
a დროდადრო ყველა ვხვდებით ისეთ პრობლემებს, რომლებიც სიმშვიდეს გვაკარგვინებს. ამ სტატიაში განვიხილავთ, რა სამი საშუალება დაეხმარა იესოს სიმშვიდის შენარჩუნებაში და გავიგებთ, ჩვენ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას, რათა სირთულეების პირისპირ შინაგანი სიმშვიდე არ დავკარგოთ.