ტიქიკოსი — სანდო თანამსახური
ტიქიკოსი პავლე მოციქულთან ერთად სხვადასხვა პირობებში მოგზაურობდა და მის მაცნედ მსახურობდა. ის იყო წარმომადგენელი, ვისთვისაც ფულისა და ზედამხედველობის მინდობა შეიძლებოდა. რადგან საღვთო წერილი განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ ის იყო სანდო ადამიანი, როგორიც ყველა ქრისტიანი უნდა იყოს, ალბათ, მის შესახებ უფრო მეტის გაგება გსურთ.
პავლემ ტიქიკოსი წარმოგვიდგინა, როგორც თავისი „საყვარელი ძმა, ერთგული მსახური და თანამშრომელი უფალში“ (კოლასელთა 4:7). რატომ მიაჩნდა მოციქულს ის ასეთად?
დახმარება იერუსალიმელებს
დაახლოებით ახ. წ. 55 წელს იუდეველი ქრისტიანები მატერიალურ გასაჭირში აღმოჩნდნენ. ამიტომ ევროპისა და მცირე აზიის კრებების დახმარებით, პავლემ ორგანიზება გაუწია მათთვის შესაწირავების შეგროვებას. ტიქიკოსმა, რომელიც აზიიდან იყო მონაწილეობა მიიღო ამ საქმეში.
მას შემდეგ, რაც პავლემ მიუთითა, თუ როგორ შეეგროვებინათ შესაწირავი, შესთავაზა, რომ ძღვენის იერუსალიმში წასაღებად სანდო კაცებს გააგზავნიდა ან თვითონაც მათ გაჰყვებოდა (1 კორინთელთა 16:1–4). შორეული მოგზაურობისას საბერძნეთიდან იერუსალიმისკენ პავლეს თან ახლდა რამდენიმე მამაკაცი, რომელთაგან ერთ-ერთი, უეჭველად, ტიქიკოსი იყო (საქმეები 20:4). ასეთი დიდი ჯგუფი ალბათ იმიტომ იყო საჭირო, რომ მათ რამდენიმე კრების მიერ მინდობილი ფული მიჰქონდათ. დაცვა მნიშვნელოვანი იყო, რადგან ყაჩაღების თავდასხმის საშიშროება არსებობდა (2 კორინთელთა 11:26).
რადგან არისტარქოსი და ტროფიმე იერუსალიმში მგზავრობისას პავლეს თან ახლდნენ, ვარაუდობენ, რომ ტიქიკოსი და სხვებიც მასთან იმყოფებოდნენ (საქმეები 21:29; 24:17; 27:1, 2). რადგან ტიქიკოსი ამ დახმარების პროგრამაში მონაწილეობდა, ის რამდენიმე შერჩეული „ძმიდან“ ერთ-ერთი იყო, რომელიც საბერძნეთში ტიტესთან თანამშრომლობდა შესაწირავის შეგროვების ორგანიზებაში და რომელიც ‘არჩეული იყო ეკლესიების მიერ. . .[პავლეს] თანამგზავრად ამ სამადლო საქმეში’ (2 კორინთელთა 8:18, 19; 12:18). ტიქიკოსზე დაკისრებული მეორე მისიაც პირველზე არანაკლებ საპასუხისმგებლო იყო.
რომიდან კოლასეში
ხუთი თუ ექვსი წლის შემდეგ (ახ. წ. 60–61 წელს), როდესაც პავლე რომში პირველ პატიმრობაში იმყოფებოდა, განთავისუფლების იმედი ჰქონდა. ტიქიკოსი, რომელიც ასობით კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდა, მასთან ერთად იყო. ახლა ტიქიკოსი აზიაში დაბრუნებას აპირებდა. ამან პავლეს შესაძლებლობა მისცა იმ მხარეში არსებული ქრისტიანული კრებებისთვის წერილები გაეგზავნა და ფილიმონის გაქცეული მონა, ონისიმე, თან გაეყოლებინა კოლასეში. ტიქიკოსსა და ონისიმეს, სულ ცოტა, სამი წერილი მიჰქონდათ ეფესელების, კოლასელებისა და ერთიც ფილიმონისთვის, რომლებიც ახლა ბიბლიის წერილებს შეადგენს. შესაძლოა ერთი წერილი ლაოდიკიელთა კრებაშიც მიიტანეს — ქალაქში, რომელიც კოლასედან 18 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა (ეფესელთა 6:21; კოლასელთა 4:7–9, 16; ფილიმონი 10–12).
ტიქიკოსი უბრალო წერილის დამტარებელი არ ყოფილა. ის იყო ნდობის ღირსი პირადი მაცნე, რადგან პავლე წერდა: „ჩემს შესახებ ყველაფერს გაცნობებთ ტვიქიკოსი, საყვარელი ძმა, ერთგული მსახური და თანამშრომელი უფალში, რომელიც იმისათვის გამოგიგზავნეთ, რომ შეიტყოთ ჩვენი ამბავი და ნუგეში სცეს თქვენს გულებს“ (კოლასელთა 4:7, 8).
სწავლული ე. რანდოლფ რიჩარდზი შენიშნავს, რომ „ხშირად ავტორსა და ადრესატს შორის კავშირს წერილთან ერთად წერილის დამტარებელი წარმოადგენდა. . . [ერთი მიზეზი] სანდო დამტარებლის საჭიროებისა იყო ის, რომ მას ხშირად დამატებითი ინფორმაცია გადაჰქონდა. წერილში შეიძლება მოკლედ იყო აღწერილი არსებული მდგომარეობა და ხშირად ის ავტორისეულ შეფასებას შეიცავდა, მაგრამ კურიერისგან მოელოდნენ, რომ ადრესატისთვის ყველაფერი დეტალებში მოეთხრო“. თუმცა წერილი შესაძლოა სწავლებასა და სასწრაფო საქმეებს ეხებოდა, დანარჩენი სანდო მაცნის სიტყვიერი გადაცემით ხდებოდა.
ეფესელების, კოლასელებისა და ფილიმონისთვის გაგზავნილი წერილები ფართოდ არ აშუქებენ, თუ როგორ იყო პავლე. ამგვარად ტიქიკოსს პირადად უნდა გადაეცა ინფორმაცია, მას უნდა აეხსნა, თუ რა პირობებში იმყოფებოდა პავლე რომში და საკმაოდ კარგად ჩაწვდომოდა კრებების მდგომარეობას, რათა მათი გამხნევება შეძლებოდა. ასეთი სახის ოფიციალურ ცნობებსა და დავალებებს მხოლოდ იმათ ანდობდნენ ვისი იმედიც ჰქონდათ, რომ დავალებას პირნათლად შეასრულებდნენ. ასეთი იყო ტიქიკოსი.
ზედამხედველობა დაშორებულ ტერიტორიებზე
რომში შინაპატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ პავლე ფიქრობდა, ტიქიკოსი ან არტემასი ტიტესთან კუნძულ კრეტაზე გაეგზავნა (ტიტე 1:5; 3:12, აქ). რომში მეორედ პატიმრობისას (დაახლოებით ახ.წ. 65 წელს) მოციქულმა პავლემ კვლავ გაგზავნა ტიქიკოსი ეფესოში, შესაძლოა ტიმოთეს ადგილზე, რათა ტიმოთეს პავლესთან მისვლა შეძლებოდა (2 ტიმოთე 4:9, 12).
არ ჩანს, წავიდა თუ არა ტიქიკოსი კრეტაშიც და ეფესოშიც. მიუხედავად ამისა, მონაცემების თანახმად, ის პავლეს ერთ-ერთ ახლო მეგობრად დარჩა მოციქულის მსახურების უკანასკნელ წლებამდე. ის ფაქტი, რომ პავლე ტიქიკოსის გაგზავნას ფიქრობდა საპასუხისმგებლო საქმისა და შესაძლოა ტიმოთესა და ტიტეს ნაცვლად რთული მისიის შესასრულებლადაც, ცხადყოფს, რომ ტიქიკოსი მოწიფული ქრისტიანი ზედამხედველი გახდა (შეადარეთ 1 ტიმოთე 1:3; ტიტე 1:10–13). ის ყოველთვის მზად იყო ემოგზაურა და დაშორებულ ტერიტორიებზე ემსახურა, რამაც პავლესა და მთელი ქრისტიანული კრებისთვის საჭირო ადამიანად აქცია.
დღეს თავგანწირული ქრისტიანები დაუზარებლად ემსახურებიან ღმერთს იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივ კრებებში ან სადმე სხვაგან სამეფოს ინტერესების წინ წასაწევად. ათასები სიხარულით მსახურობენ მისიონერებად, მიმომსვლელ ზედამხედველებად და საერთაშორისო სამშენებლო პროექტებზე, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მსოფლიო მთავარ განყოფილებასა, თუ რომელიმე ფილიალში. ტიქიკოსის მსგავსად ისინი შეუმჩნეველნი, მაგრამ მუყაითი, ‘ერთგული მსახურები’ არიან. ღვთისთვის მოსაწონნი და ქრისტიანებისთვის საყვარელნი არიან, როგორც სანდო ‘მსახურნი უფალში’.