არისტარქოსი ერთგული მეგობარი
მოციქულ პავლეს მრავალ სხვა სანდო თანამშრომელთა შორის იყო არისტარქოსი. რა გახსენდება მისი სახელის მოსმენისას? არაფერი? შეგეძლო რამეს თქმა იმის შესახებ, თუ რა როლი შეასრულა მან ადრინდელი ქრისტიანობის საქმიანობაში? თუმცა, შესაძლოა, არისტარქოსი არ არის ბიბლიაში ისე აღწერილი, რომ საკმაოდ კარგად ვიცნობდეთ, ის მაინც მოხსენიებულია მრავალ ეპიზოდში, რომლებიც ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებშია გადმოცემული.
მაშ, ვინ იყო არისტარქოსი? რა კავშირი ჰქონდა მას პავლესთან? რატომ შეიძლება ითქვას, რომ არისტარქოსი ერთგული მეგობარი იყო? და რის სწავლა შეგვიძლია მისი მაგალითის განხილვიდან?
არისტარქოსი დრამატული მოვლენებით შემოდის „საქმეების“ წიგნში — ის იმყოფება ქალაქ ეფესოში, მყვირალა და აღშფოთებულ, ისტერიკამდე მისულ ადამიანებს შორის (საქმეები 19:23–41). ცრუ ღვთაების არტემისისთვის ვერცხლის ტაძრების კეთება მომგებიანი საქმე იყო დიმიტრისა და სხვა ეფესელი ვერცხლის მჭედლებისთვის. ამგვარად, როცა პავლეს მიერ ჩატარებული სამქადაგებლო კამპანიის შედეგად ბევრმა მიატოვა ღვთაებებისადმი ბილწი თაყვანისმცემლობა, დიმიტრიმ ააჯანყა ხელოსნები. მან მათ უთხრა, რომ პავლეს ქადაგებამ არა მარტო მათ მატერიალურ უსაფრთხოებას შეუქმნა საშიშროება, არამედ შექმნა ისეთი მდგომარეობაც, რომ საფრთხე დაემუქრა არტემისისადმი თაყვანისცემის გაუფასურებას.
რადგან გაშმაგებულმა ბრბომ პავლეს პოვნა ვერ შეძლო, მისი მეგობრები არისტარქოსი და გაიოზი ძალით შეათრია თეატრში. ვინაიდან ეს ორი სერიოზულ საფრთხეში ჩავარდა, მეგობრებმა პავლეს სთხოვეს, რომ „არ გამოჩენილიყო თეატრონში“.
წარმოიდგინე შენი თავი ამ მდგომარეობაში. ისტერიკამდე მისული ბრბო დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ყვირის: „დიდია ეფესელთა არტემისი!“ ფანატიკოსების ხელში ჩავარდნა არისტარქოსისა და გაიოზისთვის, რომლებსაც თავის დასაცავად სიტყვის თქმის საშუალებაც კი არ ჰქონდათ, მართლაც შემზარავი განსაცდელი უნდა ყოფილიყო. ისინი, ალბათ, არც მოელოდნენ გადარჩენას. მაგრამ, საბედნიეროდ, გადარჩნენ. ლუკას ცნობაში ამ ფაქტების ასე ცოცხლად აღწერამ მეცნიერები იმ ვარაუდამდე მიიყვანა, რომ ეს ინფორმაცია მას შესაძლოა თვითმხილველებისგან, თვითონ არისტარქოსისა და გაიოზისგან, ჰქონდა მიღებული.
ბოლოს ქალაქის მწერალმა ახმაურებული ბრბო ჩააჩუმა. ალბათ, დიდი შვებისმომგვრელი იქნებოდა არისტარქოსისა და გაიოზისთვის მწერალისგან მათი უდანაშაულობის ობიექტური აღიარების მოსმენა, ხოლო შემდეგ კი მათ გარშემო ატეხილი აურ-ზაურის ჩაწყნარება.
როგორ იგრძნობდი თავს მსგავსი შემთხვევის შემდეგ? დაასკვნიდი, რომ პავლესთან ერთად მისიონერობა საშენო საქმე არ არის, რომ ეს საქმე ძალზე საშიშია და რომ შენთვის უკეთესი იქნებოდა, უფრო წყნარი ცხოვრებით გეცხოვრა? არისტარქოსი ასე არ ფიქრობდა! ის თესალონიკელი იყო და, ალბათ, კარგად იცოდა, რომ საშიში იყო კეთილი ცნობის ქადაგება. როცა სულ რამდენიმე წლის წინ პავლე მის ქალაქში ქადაგებდა, არეულობა იქაც მოხდა (საქმეები 17:1–9; 20:4). მაგრამ არისტარქოსი ერთგულად დაჰყვებოდა პავლეს.
საბერძნეთიდან იერუსალიმში
ვერცხლისმჭედელთა არეულობის შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა; პავლე საბერძნეთში იყო და დაახლოებით იმ დროს, როცა იერუსალიმში მიმავალმა სირიაში წასვლა დააპირა, „იუდეველებმა მის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს“ (საქმეები 20:2, 3). ვის ვხედავთ პავლესთან ერთად ამ სახიფათო მდგომარეობაში? არისტარქოსს.
ამ ახალი საშიშროების გამო, რომელიც პავლეს, არისტარქოსსა და მათ მეგობრებს დაემუქრათ, თავიანთი გეგმის შეცვლა მოუწიათ და ჯერ მაკედონიის გავლით წავიდნენ, შემდეგ გადაჯდომებით საბოლოოდ გაიარეს მცირე აზიის სანაპირო და ბოლოს პატარადან ფინიკებში გაემგზავრნენ (საქმეები 20:4, 5, 13–15; 21:1–3). ამ მოგზაურობის მიზანი, როგორც ჩანს, მაკედონიელი და აქაიელი ქრისტიანებისგან აღებული შესაწირავების იერუსალიმელი გაჭირვებული ძმებისათვის ჩატანა იყო (საქმეები 24:17; რომაელთა 15:25, 26). მოგზაურობაში ბევრი ღებულობდა მონაწილეობას, ვინაიდან შესაძლოა, ისინი სხვადასხვა კრებების მიერ იყვნენ აღჭურვილი ამ პასუხისმგებლობის შესასრულებლად. ეჭვგარეშეა, დიდ ჯგუფს მეტი უსაფრთხოების გარანტიაც ჰქონდა.
არისტარქოსს ჰქონდა დიდი პატივი საბერძნეთიდან იერუსალიმამდე მგზავრობისას ყოფილიყო პავლეს თანამგზავრი. მაგრამ შემდეგ მათ იუდეადან რომში წასვლა მოუწევდათ.
რომში წასვლა
ამ დროს მდგომარეობა საკმაოდ განსხვავებული იყო. პავლე ორი წლის განმავლობაში კესარიაში პატიმრობის და კეისრის სამსჯავროს მოთხოვნის შემდეგ შებორკილი რომში უნდა გაეგზავნათ (საქმეები 24:27; 25:11, 12). ეცადე, წარმოიდგინო, თუ რა მდგომარეობაში იქნებოდნენ პავლეს მეგობრები. გზა კესარიიდან რომამდე საკმაოდ ხანგრძლივი და ემოციურად დამძაბველი უნდა ყოფილიყო, რადგან არ იცოდნენ, თუ რა შედეგს მოუტანდა მათ ეს მგზავრობა. ვინ გაჰყვებოდა პავლეს და ვინ აღმოუჩენდა მხარდაჭერასა და დახმარებას? არჩეულ იქნა ორი მამაკაცი, რომლებმაც თვითონ გამოავლინეს ინიციატივა. ესენი იყვნენ არისტარქოსი და ლუკა, რომელმაც დაწერა წიგნი „საქმეები“ (საქმეები 27:1, 2).
როგორ შეძლეს მოგზაურობის დასაწყისიდანვე ლუკამ და არისტარქოსმა რომში მიმავალ იმავე გემზე ასვლა? ისტორიკოსი ჯუზეპე რიჩოტი აღნიშნავს: „ეს ორი გემზე ავიდა როგორც კერძო მგზავრი. . . ან უფრო მეტად შესაძლებელია, რომ ისინი იქ მოხვდნენ ასისთავის წყალობით, რომელმაც პავლეს მონებად ჩათვალა ისინი, ხოლო კანონი რომაელ მოქალაქეებს ნებას რთავდა, რომ ორ მონას პატიმრისთვის სამსახური გაეწია“. რამდენად განმამტკიცებელი უნდა ყოფილიყო პავლესთვის მათი იქ ყოფნა და გამხნევება!
ლუკასა და არისტარქოსს პავლესადმი სიყვარულის გამოვლენა საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად დაუჯდათ. ფაქტიურად, მათი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, როცა პატიმარ მეგობართან ერთად გემის დაღუპვაში მოყვნენ, რის გამოც კუნძულ მელიტაზე მოუწიათ გადასვლა (საქმეები 27:13–28:1).
პავლეს ‘თანაპატიმარნი’
როცა პავლემ კოლასელებსა და ფილიმონს ახ. წ. 60–61 წლებში წერილი მისწერა, არისტარქოსი და ლუკა ჯერაც მასთან ერთად იყვნენ რომში. არისტარქოსი და ეპაფრასი მოხსენიებული არიან როგორც პავლეს ‘თანაპატიმარნი’ (კოლასელთა 4:10, 14; ფილიმონი 23, 24). აქედან გამომდინარე, გარკვეული დროის განმავლობაში არისტარქოსმა, როგორც ჩანს, გაიზიარა პავლეს ბორკილები.
თუმცა პავლე, სულ მცირე, რომში ორი წლის განმავლობაში იყო დაპატიმრებული, ნება დართეს მცველის მეთვალყურეობით ნაქირავებ სახლში ეცხოვრა, სადაც შესაძლებლობა ჰქონდა, მომსვლელებისთვის კეთილი ცნობა ექადაგა (საქმეები 28:16, 30). იმ დროს არისტარქოსი, ეპაფრასი, ლუკა და სხვები პავლეს ემსახურებოდნენ — ეხმარებოდნენ და მხარში უდგნენ.
‘ნუგეშისმცემელნი’
ინსპირირებული ბიბლიის ცნობაში არისტარქოსის შესახებ მოცემული სხვადასხვა ეპიზოდების განხილვის შემდეგ როგორ ადამიანად წარმოგვიდგება ის? მწერალ უ. დ. ტომასის სიტყვების თანახმად, არისტარქოსი „წარმოგვიდგება მამაკაცად, რომელმაც გაუძლო წინააღმდეგობას და უმწიკვლო რწმენა შეინარჩუნა; ის სავსე იყო გადაწყვეტილებით, არ შეესუსტებინა თავისი მსახურება. ის წარმოგვიდგება როგორც მამაკაცი, რომელსაც ღმერთი უყვარს არა მხოლოდ კარგ დღეებში, როცა ლურჯ ცაზე მზე ანათებს, არამედ ქარსა და წვიმაშიც.
პავლე ამბობს, რომ არისტარქოსი და სხვები მისი ‘მანუგეშებელნი’ (ბერძნულად „პა·რე·ო·რიʹა“) ანუ ნუგეშის წყარო იყვნენ (კოლასელთა 4:10, 11). ასე რომ, პავლესთვის ნუგეშისცემითა და გამხნევებით, არისტარქოსი გაჭირვების დროს ნამდვილი მეგობარი იყო. რამდენიმე წლის განმავლობაში მოციქულთან თანამგზავრობა და მასთან მეგობრობა მისთვის, ალბათ, ძალიან სასიამოვნო და სულიერი გამოცდილებების წყარო იქნებოდა.
შესაძლოა, ჩვენ არ ვიმყოფებით ისეთ დრამატულ მდგომარეობაში, როგორშიც არისტარქოსი იყო. მიუხედავად ამისა, დღეს ქრისტეს სულიერი ძმებისა და იეჰოვას ორგანიზაციისადმი მსგავსი ურყევი ერთგულება აუცილებელია ქრისტიანული კრების ნებისმიერი წევრისთვის (შეადარე მათეს 25:34–40). შესაძლოა, რომ, ადრე თუ გვიან, რომელიმე ჩვენს თანამორწმუნესაც მოუწიოს, აიტანოს გაჭირვება და მწუხარება, შესაძლოა, მძიმე დანაკლისის, ავადმყოფობის ან სხვა უბედურებების გამო. მათთან მჭიდრო ურთიერთობითა და მათდამი დახმარების გაწევით, ნუგეშისცემითა და გამხნევებით, სიხარულს ვპოვებთ და დავამტკიცებთ, რომ ერთგული მეგობრები ვართ (შეადარე იგავნი 17:17; საქმეები 20:35).