იეჰოვას მსახური, რომელიც „ჩვენი ცოდვებისთვის განიგმირა“
„ჩვენი ცოდვებისთვის განიგმირა, ჩვენი დანაშაულისთვის შეიმუსრა . . . მისმა ჭრილობებმა განგვკურნა“ (ეს. 53:5).
1. რას შეგვახსენებს გახსენების საღამო და რომელი წინასწარმეტყველება გვეხმარება ქრისტეს მსხვერპლსა და მის შედეგებზე დაფიქრებაში?
გახსენების საღამოს აღნიშვნით ჩვენ ვიხსენებთ იესოს სიკვდილს და იმას, რასაც მისი სიკვდილი და აღდგომა მოემსახურა. ამ დროს ვფიქრობთ იეჰოვას უზენაესობის დამტკიცებაზე, მისი სახელის განწმენდასა და მისი განზრახვის შესრულებაზე, მათ შორის კაცობრიობის ხსნაზე. ალბათ, არც ერთი წინასწარმეტყველება ისე კარგად არ აღწერს ქრისტეს მსხვერპლს და მის შედეგებს, როგორც ესაიას 53:3—12. ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ მსახური დაიტანჯებოდა, და მნიშვნელოვანი ცნობები მოგვაწოდა ქრისტეს სიკვდილისა და იმ კურთხევების შესახებ, რომელთაც მისი სიკვდილი მოუტანდა მის ცხებულ ძმებსა და „სხვა ცხვარს“ (იოან. 10:16).
2. რაზე მეტყველებს ესაიას წინასწარმეტყველება და როგორ უნდა იმოქმედოს ამ წინასწარმეტყველებამ ჩვენზე?
2 იესოს დაბადებამდე შვიდი საუკუნით ადრე იეჰოვას შთაგონებით ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ იეჰოვას რჩეული მსახური ბოლომდე გამოიცდებოდა და ერთგული დარჩებოდა. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვა სრულად იყო დარწმუნებული თავისი ძის ერთგულებაში. ამ წინასწარმეტყველების განხილვა მადლიერებას გაგვიღრმავებს და რწმენას განგვიმტკიცებს.
ის, ვინც მოიძულეს და არაფრად ჩააგდეს
3. რატომ უნდა შეგებებოდნენ ებრაელები იესოს, მაგრამ როგორ მოიქცნენ ისინი?
3 წაიკითხეთ ესაიას 53:3. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავდა მხოლოდშობილი ძისთვის, უარი ეთქვა მამის გვერდით მსახურებაზე, რათა დედამიწაზე ჩამოსულიყო და სიცოცხლე გაეღო ცოდვისა და სიკვდილისგან კაცობრიობის სახსნელად (ფილ. 2:5—8). მოსეს კანონით გათვალისწინებული ცხოველური შესაწირავისგან განსხვავებით მისი მსხვერპლით შესაძლებელი გახდებოდა ცოდვების ერთხელ და სამუდამოდ პატიება (ებრ. 10:1—4). მას სიხარულით უნდა შეგებებოდა ხალხი, განსაკუთრებით იუდეველები, რომლებიც აღთქმულ მესიას ელოდებოდნენ (იოან. 6:14). ნაცვლად ამისა, ის ‘მოიძულეს და არაფრად ჩააგდეს’, როგორც ესაიას ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები. იოანე მოციქულმა დაწერა: „თავისიანებთან მოვიდა, მაგრამ თავისიანებმა არ მიიღეს იგი“ (იოან. 1:11). პეტრემ ებრაელებს უთხრა: „ჩვენი მამა-პაპის ღმერთმა განადიდა თავისი მსახური იესო, რომელიც თქვენ პილატეს გადაეცით და მის წინაშე უარყავით, როცა მან მისი გათავისუფლება გადაწყვიტა. თქვენ უარყავით წმინდა და მართალი“ (საქ. 3:13, 14).
4. რა გაგებით იყო იესოსთვის ნაცნობი ავადმყოფობა?
4 ესაიამ ასევე იწინასწარმეტყველა, რომ იესოსთვის ‘ნაცნობი იქნებოდა ავადმყოფობა’. მსახურების დროს იესო იღლებოდა, მაგრამ არსად წერია, რომ ავად ხდებოდა (იოან. 4:6). მისთვის ავადმყოფობა იმ გაგებით არ იყო უცხო, რომ ქადაგების დროს მრავალ ავადმყოფს ხვდებოდა. მას ებრალებოდა ისინი და კურნავდა მათ (მარ. 1:32—34). ამგვარად, იესომ შეასრულა ესაიას წინასწარმეტყველება: „თვითონ ატარა ჩვენი სნეულებები, იტვირთა ჩვენი ტკივილები“ (ეს. 53:4ა; მათ. 8:16, 17).
„ღვთისგან ჭრილობამიყენებული“
5. იუდეველების აზრით, რა იყო იესოს სიკვდილის მიზეზი და რატომ ამძიმებდა ეს მის ტანჯვას?
5 წაიკითხეთ ესაიას 53:4ბ. იესოს თანამედროვეთაგან უმეტესობას არ ესმოდა, რატომ უნდა დატანჯულიყო და მომკვდარიყო ის. მათი აზრით, ღმერთი სჯიდა მას (მათ. 27:38—44). იუდეველებმა იესო ღვთის გმობაში დაადანაშაულეს (მარ. 14:61—64; იოან. 10:33). თუმცა იესო არც ცოდვილი იყო და არც ღვთისმგმობელი. მას ძალიან უყვარდა მამა, ამიტომ იმაზე ფიქრი, რომ ღვთისმგმობელივით უნდა მომკვდარიყო, უფრო სტანჯავდა იეჰოვას მსახურს. მიუხედავად ამისა, იესო მზად იყო, შეესრულებინა იეჰოვას ნება (მათ. 26:39).
6, 7. რა გაგებით შემუსრა იეჰოვამ თავისი ერთგული მსახური და რატომ მიანიჭა ამან ღმერთს სიხარული?
6 გასაგებია, რატომ თქვა ესაიამ, რომ ქრისტე ღვთისგან იყო ჭრილობამიყენებული, მაგრამ გვაკვირვებს მისი სიტყვები: „იეჰოვამ მოიწონა მისი შემუსვრა“ (ეს. 53:10). იეჰოვას ნათქვამი ჰქონდა მასზე: „აი ჩემი რჩეული, რომელიც მოიწონა ჩემმა სულმა!“ მაშ, რატომღა თქვა ღმერთმა, რომ „მოიწონა მისი შემუსვრა“? (ეს. 42:1). რა გაგებით მიანიჭა ამან იეჰოვას სიხარული?
7 წინასწარმეტყველების ეს ნაწილი რომ გავიგოთ, უნდა გავიხსენოთ, როგორ დააყენა სატანამ ეჭვქვეშ იეჰოვას უზენაესობა და ზეცაში თუ დედამიწაზე მცხოვრები ღვთის მსახურების ერთგულება (იობ. 1:9—11; 2:3—5). იესომ სიკვდილამდე შეინარჩუნა ერთგულება, რითაც ერთხელ და სამუდამოდ გააბათილა სატანის ბრალდება. იეჰოვამ იესოს მტრებს მისი მოკვლის უფლება მისცა, მაგრამ მას უდიდეს ტკივილს მიაყენებდა თავისი რჩეული მსახურის სიკვდილი. ამავე დროს, დიდ სიხარულს მიანიჭებდა იმის დანახვა, რომ მისმა ძემ ბოლომდე შეინარჩუნა ერთგულება (იგავ. 27:11). იეჰოვას დიდ სიხარულს ანიჭებდა ისიც, რომ მისი ძის სიკვდილი მომნანიე ადამიანებს კურთხევებს მოუტანდა (ლუკ. 15:7).
„ჩვენი ცოდვებისთვის განიგმირა“
8, 9. ა) როგორ განიგმირა იესო ჩვენი ცოდვებისთვის? ბ) როგორ დაადასტურა ეს პეტრემ?
8 წაიკითხეთ ესაიას 53:6. ცოდვილი ადამიანები დაკარგული ცხვრებივით დაეხეტებოდნენ და ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული ავადმყოფობისა და სიკვდილისგან ხსნას ლამობდნენ (1 პეტ. 2:25). არასრულყოფილების გამო ადამის არც ერთ შთამომავალს არ შეეძლო იმის დაბრუნება, რაც ადამმა დაკარგა (ფსალმ. 49:7). მაგრამ უდიდესი სიყვარულიდან გამომდინარე, იეჰოვამ თავის ძვირფას ძესა და რჩეულ მსახურს „ყველა ჩვენგანის დანაშაული ატარებინა“. ქრისტე მზად იყო, რომ „ჩვენი ცოდვებისთვის განგმირულიყო“ და „ჩვენი დანაშაულისთვის შემუსვრილიყო“. ამიტომ ჩვენი ცოდვები ძელზე აზიდა და ჩვენთვის გასწირა სიცოცხლე.
9 მოციქული პეტრე წერდა: „ამისთვის ხართ კიდეც მოწოდებულნი. ქრისტეც ხომ თქვენთვის ეტანჯა და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევს. მან თავისი სხეულით აიტანა ძელზე ჩვენი ცოდვები, რომ მოგვეშორებინა ისინი და გვეცხოვრა სიმართლისთვის“. შემდეგ კი ესაიას სიტყვებით დასძინა: „მისმა ჭრილობებმა განგკურნათ“ (1 პეტ. 2:21, 24; ეს. 53:5). ამის წყალობით ცოდვილ ადამიანებს ღმერთთან შერიგების საშუალება მიეცათ, რასაც პეტრეს სიტყვებიც ადასტურებს: „ქრისტეც ხომ ერთხელ მოკვდა ცოდვების გამო, მართალი უმართლოთა გამო, რათა ღმერთთან მიეყვანეთ“ (1 პეტ. 3:18).
„ისე წაიყვანეს, როგორც ცხვარი მიჰყავთ დასაკლავად“
10. ა) რა უწოდა იოანე ნათლისმცემელმა იესოს? ბ) რატომ იყო იოანეს სიტყვები მართებული?
10 წაიკითხეთ ესაიას 53:7, 8. იოანე ნათლისმცემელმა მისკენ მიმავალი იესოს დანახვაზე წამოიძახა: „აი ღვთის კრავი, ქვეყნიერების ცოდვის აღმომფხვრელი!“ (იოან. 1:29). როცა იესოს კრავი უწოდა, შესაძლოა მას ესაიას სიტყვები ჰქონდა მხედველობაში: „ისე წაიყვანეს, როგორც ცხვარი მიჰყავთ დასაკლავად“ (ეს. 53:7). ესაია წინასწარმეტყველებდა: „სიკვდილს გადასცა თავისი სული“ (ეს. 53:12). იმ საღამოს, როცა იესომ თავისი სიკვდილის გახსენება დააწესა, მან ღვინით სავსე სასმისი გადასცა თავის 11 ერთგულ მოციქულს და უთხრა: «ეს ჩემს სისხლს ნიშნავს, „შეთანხმების სისხლს“, რომელიც მრავალთათვის უნდა დაიღვაროს ცოდვების მისატევებლად» (მათ. 26:28).
11, 12. ა) რით ჰგავს იესოს შემთხვევა ისაკის შემთხვევას? ბ) რა უნდა გვახსოვდეს გახსენების საღამოს აღნიშვნისას?
11 ისაკის მსგავსად, იესო მზად იყო, თავი გაეწირა (დაბ. 22:1, 2, 9—13; ებრ. 10:5—10). მართალია, ისაკმა მზადყოფნა გამოავლინა, სინამდვილეში შემწირველი აბრაამი იყო (ებრ. 11:17). მსგავსად, იესოც მზადყოფნით დასთანხმდა, შეწირულიყო, მაგრამ გამოსასყიდის გაღებაზე იეჰოვამ იზრუნა. ძის შეწირვით ღმერთმა უდიდესი სიყვარული გამოავლინა ადამიანების მიმართ.
12 იესომ თქვა: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოან. 3:16). მოციქული პავლე წერდა: „ღმერთი კი თავის სიყვარულს იმით გვიჩვენებს, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“ (რომ. 5:8). თუმცა ჩვენ პატივს მივაგებთ ქრისტეს მისი სიკვდილის აღნიშვნით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გამოსასყიდისთვის მაინც დიდ აბრაამს, იეჰოვას უნდა ვუმადლოდეთ. გახსენების საღამოს აღნიშვნა იეჰოვას განდიდებას ემსახურება.
მსახური „გაამართლებს მრავალ ადამიანს“
13, 14. როგორ გაამართლა იეჰოვას მსახურმა მრავალი ადამიანი?
13 წაიკითხეთ ესაიას 53:11, 12. თავის რჩეულ მსახურზე იეჰოვამ თქვა: „მართალი, ჩემი მსახური . . . გაამართლებს მრავალ ადამიანს“. როგორ? პასუხს მე-12 მუხლი გვცემს: „[მსახურმა] შემცოდველებს უშუამდგომლა“. ადამის ყველა შთამომავალი ცოდვილია, „ცოდვის საზღაური [კი] სიკვდილია“ (რომ. 5:12; 6:23). ცოდვილი ადამიანები იეჰოვასთან შერიგებას საჭიროებდნენ. ესაიას წინასწარმეტყველების 53-ე თავში ხატოვანი ენით არის აღწერილი, როგორ უშუამდგომლა იესომ ცოდვილ ადამიანებს: „დაისაჯა, ჩვენ რომ მშვიდობა გვქონოდა, და მისმა ჭრილობებმა განგვკურნა“ (ეს. 53:5).
14 იესომ თავის თავზე აიღო ჩვენი ცოდვები და თავი გასწირა ჩვენთვის. ამგვარად, მან ‘გაამართლა მრავალი ადამიანი’. პავლე წერდა: „ღმერთმა მოისურვა, რომ მასში [ქრისტეში] დამკვიდრებულიყო ყოველი სისავსე და მისი მეშვეობით შეერიგებინა თავისთან ყოველივე დედამიწაზე თუ ზეცაში იმით, რომ მშვიდობას დაამყარებდა მის მიერ წამების ბოძზე დაღვრილი სისხლით“ (კოლ. 1:19, 20).
15. ა) ვის ეხება პავლეს სიტყვები „ყოველივე ზეცაში?“ ბ) მხოლოდ ვინ იღებს სიმბოლოებს გახსენების საღამოზე და რატომ?
15 „ყოველივე ზეცაში“, ანუ ისინი, ვინც იეჰოვამ იესოს დაღვრილი სისხლით შემოირიგა, არიან ცხებული ქრისტიანები, ქრისტეს თანამეფეები ზეცაში. „ზეციური მოწოდების მოზიარენი“ ‘მართლებად არიან აღიარებულნი სასიცოცხლოდ’ (ებრ. 3:1; რომ. 5:1, 18). იეჰოვა მათ სულიერ ძეებად აცხადებს. წმინდა სული ემოწმება მათ, რომ „ქრისტეს თანამემკვიდრენი“ არიან, რათა მეფეები და მღვდლები იყვნენ მის ზეციერ სამეფოში (რომ. 8:15—17; გამოცხ. 5:9, 10). ისინი შეადგენენ სულიერ ისრაელს, „ღვთის ისრაელს“ და იეჰოვა მათთან დებს ახალ შეთანხმებას (იერ. 31:31—34; გალ. 6:16). ახალი შეთანხმების საფუძველზე ისინი გახსენების საღამოზე იღებენ სიმბოლოებს, მათ შორის ღვინოს, რომელზეც იესომ თქვა: „ეს სასმისი ნიშნავს ახალ შეთანხმებას ჩემი სისხლის საფუძველზე, რომელიც თქვენთვის უნდა დაიღვაროს“ (ლუკ. 22:20).
16. ვის ეხება სიტყვები „ყოველივე დედამიწაზე“ და რა გაგებით ითვლებიან ისინი მართლებად იეჰოვას თვალში?
16 „ყოველივეს დედამიწაზე“ შეადგენს ქრისტეს „სხვა ცხვარი“, რომელთაც დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი აქვთ. იეჰოვას რჩეული მსახურის წყალობით, ღვთის თვალში ისინიც მართლებად ითვლებიან. მათ სწამთ, რომ ქრისტეს მსხვერპლს გამოსყიდვის ძალა აქვს. მათ „გაირეცხეს თავიანთი გრძელი სამოსელი და გაათეთრეს კრავის სისხლით“, ამიტომ იეჰოვა მათ მართლებად აღიარებს არა როგორც სულიერ ძეებს, არამედ როგორც მეგობრებს და „დიდი გასაჭირის“ გადატანის შესაძლებლობას აძლევს (გამოცხ. 7:9, 10, 14; იაკ. 2:23). სხვა ცხვართან არ არის დადებული ახალი შეთანხმება და მათ არც ზეცაში ცხოვრების იმედი აქვთ. ამიტომ ისინი მხოლოდ ესწრებიან გახსენების საღამოს და არ იღებენ სიმბოლოებს.
ვმადლობდეთ იეჰოვას და მის მსახურს, რომელიც მან მოიწონა!
17. როგორ გვეხმარება მსახურის შესახებ ესაიას წინასწარმეტყველებების განხილვა, განვეწყოთ გახსენების საღამოსთვის?
17 მსახურთან დაკავშირებული ესაიას წინასწარმეტყველებების განხილვა კარგი საშუალებაა, რომ განვეწყოთ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოსთვის. ეს აგრეთვე დაგვეხმარება, „დავაკვირდეთ ჩვენი რწმენის მეთაურსა და გამასრულყოფილებელს“ (ებრ. 12:2). სატანისგან განსხვავებით, ღვთის ძე ურჩი არ ყოფილა. მას სიხარულს ანიჭებდა იეჰოვასგან სწავლა, რომელსაც უზენაეს უფლად აღიარებდა. დედამიწაზე მსახურების დროს მას ებრალებოდა ის ადამიანები, რომლებსაც უქადაგებდა. მრავალ მათგანს ის როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად კურნავდა. ამგვარად, მან ცხადყო, რას გააკეთებს, როგორც მეფე, ახალ ქვეყნიერებაში, სანამ „სამართალს არ აღასრულებს დედამიწაზე“ (ეს. 42:4). ის „ერების სინათლე“ იყო და გულმოდგინედ ქადაგებდა სამეფოს შესახებ. ეს კარგი შეხსენებაა მისი მიმდევრებისთვის, რომ მათაც გულმოდგინედ იქადაგონ სასიხარულო ცნობა (ეს. 42:6).
18. რატომ გვივსებს იეჰოვასა და მისი ერთგული მსახურისადმი მადლიერებით გულს ესაიას წინასწარმეტყველება?
18 ესაიას წინასწარმეტყველებების განხილვით უკეთ ვიგებთ, რამხელა მსხვერპლი გაიღო იეჰოვამ თავისი საყვარელი ძის დედამიწაზე გამოგზავნით, რომელიც უნდა დატანჯულიყო და ჩვენთვის მომკვდარიყო. იეჰოვამ იესოს ტანჯვა კი არ მოიწონა, არამედ — სიკვდილამდე მისი ერთგულება. იეჰოვას მსგავსად, ჩვენც გვახარებს იმის ცოდნა, რომ იესომ გამოააშკარავა სატანის სიცრუე, განწმინდა იეჰოვას სახელი და დაამტკიცა იეჰოვას უზენაესი ხელისუფლების სამართლიანობა. მან თავის თავზე აიღო ჩვენი ცოდვები და სიცოცხლე გასწირა ჩვენთვის. ასე გაამართლა მან იეჰოვას წინაშე თავისი ცხებული ძმებისგან შემდგარი მცირე სამწყსო და სხვა ცხვრები. როცა გახსენების საღამოს აღსანიშნავად შევიკრიბებით, დაე გულები სავსე გვქონდეს იეჰოვასა და მისი ერთგული მსახურისადმი მადლიერებით!
გასამეორებელი კითხვები
• რა გაგებით მოიწონა იეჰოვამ თავისი ძის შემუსვრა?
• როგორ განიგმირა იესო ჩვენი ცოდვებისთვის?
• როგორ გაამართლა მსახურმა მრავალი?
• როგორ განგაწყოთ მსახურის შესახებ ესაიას წინასწარმეტყველებების განხილვამ გახსენების საღამოსთვის?
[სურათი 26 გვერდზე]
„მოძულებული იყო, არაფრად ვაგდებდით მას“
[სურათი 28 გვერდზე]
„სიკვდილს გადასცა თავისი სული“
[სურათი 29 გვერდზე]
„სხვა ცხვარი“ გახსენების საღამოს ესწრება და აფასებს