რას გააკეთებს ქრისტე, როცა მოვა?
„შიშმა შეიპყრო სან-პაულუ“. ამ სიტყვებით აღწერა ჟურნალმა „ვეჟამ“ 2006 წლის მაისში ოთხდღიანი ორგანიზებული დამნაშავეობა, რომელმაც „დააჩოქა“ ბრაზილიის უდიდესი და უმდიდრესი ქალაქი. „ამ საშინელი 100 საათის განმავლობაში“ მოკლეს დაახლოებით 150 ადამიანი, რომელთა შორის იყვნენ პოლიციელები, კრიმინალები და ჩვეულებრივი მოქალაქეები.
საინფორმაციო საშუალებებიდან ვიგებთ, რომ ძალადობა დედამიწის თითქმის ყველა კუთხეშია გავრცელებული. ადამიანთა მთავრობებს არ შეუძლიათ მისი შეჩერება. დედამიწაზე ცხოვრება სულ უფრო და უფრო საშიში ხდება. შესაძლოა, გულგატეხილი ხართ, რადგან ყოველი მხრიდან ცუდი ამბები გესმით. მაგრამ გამოსავალი არსებობს; მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.
იესო ასწავლიდა თავის მიმდევრებს, ელოცათ, რომ ღვთის სამეფო მოსულიყო და ღვთის ნება შესრულებულიყო „როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:9, 10). ეს სამეფო არის მთავრობა, რომელსაც სათავეში უდგას ღვთის მიერ დანიშნული მეფე იესო ქრისტე. ის კაცობრიობის ყველა პრობლემას გადაჭრის. მაგრამ ღვთის სამეფომ რომ დედამიწაზე ცვლილებები მოახდინოს, საჭიროა, ადამიანთა მმართველობა ქრისტეს მმართველობით შეიცვალოს. სწორედ ამას გააკეთებს ქრისტე, როცა მოვა.
შეიცვლება მთავრობა მშვიდობიანად?
ნებაყოფლობით დაემორჩილებიან ერები ქრისტეს მმართველობას? მოციქულმა იოანემ ამის შესახებ ხილვა ნახა. ის გვიამბობს: „ვიხილე მხეცი [მსოფლიო პოლიტიკური სისტემა], დედამიწის მეფეები და მათი ლაშქრები, რომლებიც ცხენზე ამხედრებულის [იესოს] და მისი ლაშქრის წინააღმდეგ საომრად შეკრებილიყვნენ“ (გამოცხადება 19:19). რა დაემართებათ დედამიწის მეფეებს ამ ომში? ბიბლიაში ნათქვამია, რომ იეჰოვას ცხებული ‘დალეწავს მათ რკინის კვერთხით და მეთუნის ჭურჭელივით დაამსხვრევს’ (ფსალმუნი 2:9). პოლიტიკური სისტემა მთლიანად განადგურდება. ღვთის სამეფო „დააქცევს და ბოლოს მოუღებს [ადამიანთა] ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“ (დანიელი 2:44).
რა დაემართებათ ადამიანებს, რომლებიც ღვთის სამეფოს მტრები არიან? „უფალი იესო ზეციდან თავისი ძლიერი ანგელოზებითურთ გამოგვეცხადება აბრიალებულ ცეცხლში და შურს იძიებს მათზე, ვინც არ იცნობს ღმერთს და ვინც არ ემორჩილება სასიხარულო ცნობას“ (2 თესალონიკელები 1:7, 8). იგავების 2:22-ში კი ნათქვამია, რომ „ბოროტები მოისპობიან დედამიწიდან და ვერაგები აღმოიფხვრებიან მისგან“.
ქრისტეს მოსვლის შესახებ ბიბლია ამბობს: „აი, ის ღრუბლებით მოდის და დაინახავს მას ყოველი თვალი“ (გამოცხადება 1:7). ადამიანები მას პირდაპირი გაგებით ვერ დაინახავენ. იესო ზეცად ამაღლდა და ახლა ის სულიერი პიროვნებაა, რომელიც „მკვიდრობს მიუწვდომელ სინათლეში, კაციშვილს არ უნახავს და ვერც ნახავს“ (1 ტიმოთე 6:16).
ადამიანებმა რომ იესო დაინახონ, აუცილებელი არ არის, ის ფიზიკურ სხეულში მოევლინოს მათ, ისევე როგორც იეჰოვას არ დასჭირდა ამის გაკეთება, როცა მოსეს დროს ეგვიპტელებს ათი სასჯელი დაატეხა. მაშინ ადამიანებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ეს სასჯელი იეჰოვასგან მოდიოდა და ისინი იძულებულნი იყვნენ, მისი ძლიერება ეღიარებინათ (გამოსვლა 12:31). მსგავსად ამისა, როცა ქრისტე ღვთის განაჩენის აღსრულებას დაიწყებს, ბოროტები იძულებულნი იქნებიან, „დაინახონ“ ანუ მიხვდნენ, რომ ღმერთი მათ იესოს მეშვეობით ასამართლებს. მათ ეცოდინებათ ეს, რადგან წინასწარ არიან გაფრთხილებულნი. ასე რომ, „დაინახავს მას [იესოს] ყოველი თვალი . . . და მის გამო მწუხარებისგან მკერდში დაიწყებს ცემას დედამიწის ყველა ტომი“ (გამოცხადება 1:7).
ქრისტე ბოროტ ადამიანებსა და მმართველობას გაანადგურებს, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ დედამიწაზე ნამდვილი მშვიდობა და კეთილდღეობა აღდგეს. შემდეგ ის დედამიწის სრულუფლებიანი მმართველი გახდება და მნიშვნელოვან ცვლილებებს მოახდენს.
აღდგენას კურთხევები მოაქვს
მოციქულმა პეტრემ თქვა, რომ დადგება დრო, როცა „ყველაფერი აღდგება, რაზეც ღმერთი ლაპარაკობდა ძველ დროს თავის წმინდა წინასწარმეტყველთა პირით“ (საქმეები 3:21). ამ აღდგენაში იგულისხმება ყველა ის ცვლილება, რაც ქრისტეს მმართველობის დროს დედამიწაზე მოხდება. ერთ-ერთი წინასწარმეტყველი, ვისი მეშვეობითაც ღმერთი „ყველაფრის აღდგენის“ შესახებ ლაპარაკობდა, იყო ესაია, რომელიც ძვ. წ. VIII საუკუნეში ცხოვრობდა. მან იწინასწარმეტყველა, რომ იესო ქრისტე, „მშვიდობის მთავარი“, დედამიწაზე მშვიდობას აღადგენდა. ესაიამ ქრისტეს მმართველობის შესახებ თქვა: „მისი ხელმწიფობა განივრცობა და მშვიდობას ბოლო არ ექნება“ (ესაია 9:6, 7). იესო ადამიანებს მშვიდობას ასწავლის. დედამიწის მკვიდრნი „გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:11).
იქნება ქრისტეს მმართველობის დროს სიღარიბე და შიმშილი? ესაიამ თქვა: „ლაშქართა ღმერთი იეჰოვა ამ მთაზე ნადიმს გაუმართავს ყველა ხალხს მსუყე კერძებით, ნადიმს საუკეთესო ღვინით, ძვლის ტვინიანი მსუყე კერძებით, თხლედალექილი, დაწმენდილი ღვინით“ (ესაია 25:6). ფსალმუნმომღერალი მღეროდა: „უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე, მთის მწვერვალებზეც უხვად იქნება“ (ფსალმუნი 72:16). დედამიწის მკვიდრთა შესახებ ვკითხულობთ: „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში, გააშენებენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად. ჩემი ხალხის დღეები ხის დღეებივით იქნება და სრულად მოიხმარენ თავიანთ ნახელავს ჩემი რჩეულები“ (ესაია 65:21, 22).
ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ ბოლო მოეღება ავადმყოფობასა და სიკვდილს. ესაიას მეშვეობით ღმერთმა თქვა: „მაშინ ბრმებს თვალები აეხილებათ და ყრუებს ყურები გაეხსნებათ; მაშინ კოჭლი ირემივით იხტუნებს და მუნჯის ენა სიხარულით შესძახებს“ (ესაია 35:5, 6). მაშინ „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24). ღმერთი „სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს და ყველა სახიდან მოსწმენდს ცრემლს უზენაესი უფალი იეჰოვა“ (ესაია 25:8).
რა ელით გარდაცვლილებს, რომლებიც „სამარხებში არიან“? (იოანე 5:28, 29). ესაიამ იწინასწარმეტყველა: „გაცოცხლდებიან შენი მკვდრები. წამოდგებიან“ (ესაია 26:19). დიახ, სიკვდილის ძილით მიძინებულები სიცოცხლეს დაუბრუნდებიან!
„ღმერთია შენი ტახტი სამარადისოდ“
ქრისტეს მოსვლის შემდეგ დედამიწა სრულად აღდგება. ის მშვენიერ სამოთხედ გადაიქცევა და ადამიანები ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლობაში გაერთიანდებიან. შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იესო ქრისტე შეძლებს დედამიწაზე ბოროტების აღმოფხვრას და სიმართლის დამკვიდრებას?
გავიხსენოთ, ვინ მისცა იესოს ძალა და ძალაუფლება. ბიბლიაში ნათქვამია: „ღმერთია შენი ტახტი სამარადისოდ და შენი სამეფოს კვერთხი სამართლიანობის კვერთხია. შენ სიმართლე შეიყვარე და უკანონობა შეიძულე“ (ებრაელები 1:8, 9). იესომ ტახტი ანუ ძალაუფლება იეჰოვასგან მიიღო. ამიტომ არ არსებობს პრობლემა, რომელსაც იესო ვერ გადაჭრის.
აღდგომის შემდეგ იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული“ (მათე 28:18). 1 პეტრეს 3:22-ში წერია, რომ „მას დაუმორჩილა ღმერთმა ანგელოზები, ძალაუფლებები და ძალები“. ვერანაირი ძალა ან ხელისუფლება ვერ შეუშლის ხელს იესოს. ვერაფერი დააბრკოლებს მას, რომ ადამიანებს მარადიული კურთხევები მოუტანოს.
რა გავლენას მოახდენს ხალხზე იესოს მოსვლა?
თესალონიკელების მიმართ მიწერილ წერილში პავლემ დაწერა: „ყოველთვის გვახსოვს თქვენი რწმენის საქმეები, სიყვარულით შრომა და მოთმინება, რაც ჩვენი უფლის იესო ქრისტეს იმედის წყალობით გაქვთ ჩვენი ღვთისა და მამის წინაშე“ (1 თესალონიკელები 1:3). პავლემ აღნიშნა, რომ იესო ქრისტესადმი რწმენა დაეხმარა ქრისტიანებს, ნაყოფიერად ეშრომათ და მოთმინება გამოევლინათ. ამ იმედში შედის იმის რწმენა, რომ იესო მოვა და აღადგენს ყოველივეს, რაც ადამიანებმა დაკარგეს. ასეთი იმედი ძალას მატებს ჭეშმარიტ ქრისტიანებს და ურთულესი განსაცდელების გადატანაში ეხმარება.
დაფიქრდი კარლოსის მაგალითზე, რომელიც სან-პაულუში (ბრაზილია) ცხოვრობს. 2003 წლის აგვისტოში კარლოსმა გაიგო, რომ კიბო ჰქონდა. მან რვა ოპერაცია გაიკეთა, რასაც საშინელი, ძალის გამომცლელი ტკივილები მოჰყვა. მიუხედავად ამისა, ის სხვებისთვის გამხნევების წყარო იყო. ერთხელ, როცა ის საავადმყოფოს წინ ქადაგებდა, შეხვდა იეჰოვას მოწმე ქალს, რომლის ქმარსაც ქიმიოთერაპიას უკეთებდნენ. კარლოს საკუთარ თავზე ჰქონდა გამოცდილი კიბოს საშინელი შედეგები, ამიტომ მას შეეძლო გაემხნევებინა და ენუგეშებინა ეს ცოლ-ქმარი. მოგვიანებით მათ თქვეს, რომ კარლოსთან საუბარი ძალიან გამამხნევებელი იყო. კარლოსზე გამართლდა პავლე მოციქულის სიტყვები: „[ღმერთი] ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს, რათა ჩვენც შევძლოთ ყოველგვარ გასაჭირში მყოფთა ნუგეშისცემა იმავე ნუგეშით, რომლითაც ღმერთი გვანუგეშებს“ (2 კორინთელები 1:4).
რა აძლევს ძალას კარლოსს, რომ ავადმყოფობის მიუხედავად სხვები გაამხნეოს? კარლოსს აქვს იმედი, რომ ქრისტე მოვა და ყველაფერს აღადგენს; ეს ეხმარება მას, რომ კვლავაც კარგი აკეთოს (გალატელები 6:9).
დაფიქრდი აგრეთვე სამუელზე, რომლის ძმაც სახლთან ახლოს მოკლეს. მას ათი ტყვია ესროლეს. სანამ პოლიცია საქმეს იძიებდა, მისი გვამი რვა საათის განმავლობაში ტროტუარზე ეგდო. სამუელს არასოდეს დაავიწყდება, რაც იმ დღეს მოხდა. მაგრამ მას აძლიერებს იმის იმედი, რომ ქრისტე აღმოფხვრის ბოროტებას დედამიწაზე და მისი სამართლიანი მმართველობა კურთხევებს მოუტანს ადამიანებს. სამუელი ხშირად წარმოიდგენს, როგორ ეხვევა სამოთხეში მკვდრეთით აღმდგარ ძმას (საქმეები 24:15).
შენ რა უნდა გააკეთო?
შენც შეგიძლია ინუგეშო იმედით, რომ ქრისტე მოვა და ყველაფერს უკეთესობისკენ შეცვლის. იესო ქრისტე ძირფესვიანად აღმოფხვრის ჩვენი პრობლემების გამომწვევ მიზეზებსა და გარშემო არსებულ ბოროტებას.
რა უნდა გააკეთო, რომ მიიღო კურთხევები, რომელთაც ქრისტეს მმართველობა მოუტანს კაცობრიობას? გულდასმით შეისწავლე ღვთის სიტყვა, ბიბლია. იესომ მამას ლოცვაში უთხრა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). მიზნად დაისახე ბიბლიის სწავლებების გამოკვლევა. შენთან ახლოს მცხოვრები იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებიან. გულთბილად გიწვევთ, დაუკავშირდე მათ ან მისწერო ამ ჟურნალის გამომცემლებს.
[სურათები 7 გვერდზე]
ქრისტეს მოსვლის შემდეგ დედამიწა სრულად აღდგება.
[საავტორო უფლება]
Inset, background only: Rhino and Lion Park, Gauteng, South Africa