თესალონიკეში სასიხარულო ცნობა დიდი ბრძოლის შედეგად გავრცელდა
თესალონიკე, რომელიც დღეს სალონიკის სახელით არის ცნობილი, საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქია. პირველ საუკუნეში ეს იყო ერთ-ერთი ქალაქი, სადაც ქრისტიანებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია უცხოტომელთა ქრისტიანი მოციქულის, პავლეს, მსახურება (საქმეები 9:15; რომაელები 11:13).
დაახლოებით ახ. წ. 50 წელს პავლე და მისი თანამსახური, სილა, თესალონიკეში ჩავიდნენ. ეს პავლეს მეორე მისიონერული მოგზაურობა იყო. მაგრამ მათ სწორედ ამ მოგზაურობის დროს მიეცათ პირველად შესაძლებლობა, რომ სასიხარულო ცნობა დღევანდელი ევროპის ტერიტორიაზე ექადაგათ.
თესალონიკეში ჩასულებს ჯერ კიდევ გუშინდელი დღესავით ახსოვდათ, რა გადახდათ მაკედონიის მთავარ ქალაქ ფილიპეში, როცა სცემეს და დააპატიმრეს. მოგვიანებით პავლემ თესალონიკელებს მისწერა, რომ მათთან ყოფნისას ღვთის სასიხარულო ცნობის საუწყებლად დიდი ბრძოლა დასჭირდათ (1 თესალონიკელები 2:1, 2). უკეთესი განწყობით შეხვდებოდნენ მათ თესალონიკელები? როგორ წარიმართებოდა მათი მსახურება ამ ქალაქში? გამოიღებდა ნაყოფს? თავდაპირველად, მოდი ამ უძველესი ქალაქის ისტორიას გადავავლოთ თვალი.
ქალაქი ბობოქარი წარსულით
სახელი „თესალონიკე“ ორი ბერძნული სიტყვისგან შედგება — „თესალია“ და „გამარჯვება“ ანუ თესალიელებთან ბრძოლა და მათზე გამარჯვება. როგორც ცნობილია, ძვ. წ. 352 წელს ალექსანდრე მაკედონელის მამამ, ფილიპე II-მ, საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები თესალიელების ტომი დაამარცხა. ამბობენ, რომ ამ გამარჯვების უკვდავსაყოფად მან თავის ერთ-ერთ ქალიშვილს თესალონიკე დაარქვა, რომელიც მოგვიანებით თავისი ძმის, ალექსანდრეს, ერთ-ერთ მემკვიდრეს, გენერალ კასანდრეს, გაჰყვა ცოლად. დაახლოებით ძვ. წ. 315 წელს კასანდრემ ქალკედონის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროზე ქალაქი გააშენა და თავისი ცოლის სახელი უწოდა. დაარსების დღიდან ამ ბობოქარი წარსულის მქონე ქალაქს არაერთი ბრძოლის ქარცეცხლი გამოუვლია.
თესალონიკე ეკონომიკურად ძლიერი ქალაქი იყო. გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, მას ეგეოსის ზღვაში საუკეთესო ბუნებრივი ნავსადგური ჰქონდა. რომაელთა ბატონობის დროს ამ ქალაქზე გადიოდა ცნობილი ეგნაციოს გზაც. სტრატეგიული საზღვაო და სახმელეთო ადგილმდებარეობის გამო თესალონიკე რომის იმპერიის კარიბჭედ იქცა, რადგან სწორედ თესალონიკეს გავლით შედიოდა რომის იმპერიაში სავაჭრო საქონელი და თავად რომაელებიც თესალონიკედან აგზავნიდნენ სხვა ქვეყნებში თავიანთ საქონელს. საუკუნეების განმავლობაში ამ მდიდარი ქალაქის ხელში ჩაგდებას გუთები, სლავები, ფრანკები, ვენეციელები და თურქები ლამობდნენ. ზოგიერთმა მათგანმა დიდი ბრძოლის შედეგად დაიპყრო ეს ქალაქი. ახლა კი მოდი, ყურადღება გავამახვილოთ, რა ბრძოლის ფასად დაუჯდა პავლეს ამ ქალაქში სასიხარულო ცნობის გავრცელება.
პავლე ჩადის თესალონიკეში
ყოველთვის, როცა პავლე ახალ ქალაქში ჩადიოდა, პირველად იუდეველებს ესაუბრებოდა. ისინი იცნობდნენ წმინდა წერილებს და ამიტომ პავლე მათთან საუბრისას თამამად იშველიებდა ციტატებს ამ წერილებიდან. ეს კი მათ სასიხარულო ცნობის გაგებაში ეხმარებოდა. რადგან პავლე ასე იქცეოდა, ერთი სწავლულის აზრით, ის ან მიკერძოებას იჩენდა თანამემამულეების მიმართ, ან იუდეველებსა და ღვთისმოშიშ ხალხს „იმ მიზნით იყენებდა, რომ უცხოტომელთათვის უფრო ადვილად ექადაგა“ (საქმეები 17:2—4).
ასე რომ, თესალონიკეში ჩასვლისთანავე პავლე სინაგოგაში შევიდა და «მათთან [იუდეველებთან] ერთად მსჯელობდა წმინდა წერილების საფუძველზე. ის უხსნიდა და წერილებიდან უმტკიცებდა, რომ ქრისტეს უნდა ეტანჯა და მკვდრეთით აღმდგარიყო, და ეუბნებოდა: „ქრისტე ეს იესოა, რომელსაც გაუწყებთ“» (საქმეები 17:2, 3, 10).
თავის სიტყვებში პავლემ ხაზი გაუსვა ერთობ სადავო საკითხს, რომელიც მესიის ვინაობასა და მისიას ეხებოდა. იუდეველებისთვის მიუღებელი იყო ის აზრი, რომ მესია, რომელსაც ისინი რომის ბატონობისგან უნდა ეხსნა, დაიტანჯა და მოკვდა. პავლეს იუდეველები რომ დაერწმუნებინა, მათთან ერთად „მსჯელობდა, . . უხსნიდა და წერილებიდან უმტკიცებდა“. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ პავლე დახელოვნებული მასწავლებელი იყო.a მაგრამ როგორ მიიღო ხალხმა ასეთი ფასდაუდებელი ცნობა?
ნაყოფიერი, მაგრამ ეკლიანი გზა
ზოგიერთმა იუდეველმა, ბევრმა ბერძენმა პროზელიტმა და „გავლენიანმა ქალმა“ მიიღო პავლეს ცნობა. სიტყვები „გავლენიანი ქალი“ მეტწილად მაკედონელი ქალების მიმართებით გამოიყენებოდა, რადგან მათ საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობის დაკავება შეეძლოთ. მაგალითად, ზოგიერთ მათგანს ეკავა თანამდებობა, ჰქონდა საკუთრება და მოქალაქეობრივი უფლებები. ისინი ვაჭრობითაც იყვნენ დაკავებული. მათ პატივსაცემად ძეგლებსაც კი დგამდნენ. ფილიპეში მცხოვრები ძოწეულით მოვაჭრე ქალის, ლიდიას, მსგავსად ბევრმა მაღალი ფენის თესალონიკელმა ქალმაც მიიღო ჭეშმარიტება. როგორც ჩანს, ისინი კარგი ოჯახის შვილები და ცნობილი ადამიანების ცოლები იყვნენ (საქმეები 16:14, 15; 17:4).
თუმცა, იუდეველთა უმეტესობას პავლესი და სილასი შეშურდათ. მათ „ბაზრის მოედნიდან წაიყვანეს რამდენიმე უსაქმური, ბოროტი კაცი, ბრბო შეყარეს და ქალაქში აურზაური ატეხეს“ (საქმეები 17:5). ვინ იყვნენ ეს კაცები? ბიბლიის ერთი მკვლევარი მათ „თავაშვებულ და უვარგის“ ხალხად მოიხსენიებს. ის დასძენს: „როგორც ჩანს, ისინი პავლეს ქადაგების გამო არ აღშფოთებულან. ეს კაცები წააქეზეს, რომ ძალადობისთვის მიემართათ. როგორც წესი, ბრბოს წაქეზება ადვილია და ეს ამ შემთხვევამაც დაადასტურა“.
ისინი „იასონის [პავლეს მასპინძელი] სახლს მიადგნენ და დააპირეს, ბრბოს წინაშე გამოეყვანათ პავლე და სილა“. მაგრამ ვერ იპოვეს და ქალაქის გამგებლებთან გაემართნენ, თან «იასონი და რამდენიმე ძმა წაათრიეს . . . ყვირილით: „ამათ ქვეყანა ყირაზე დააყენეს და აქაც მოვიდნენ“» (საქმეები 17:5, 6).
თესალონიკე, რომელიც მაკედონიის დედაქალაქი იყო, გარკვეული დამოუკიდებლობით სარგებლობდა. ქალაქს ჰქონდა თვითმმართველობის უფლება, მმართველობას კი ახორციელებდა სახალხო ანუ მოქალაქეთა საბჭო, რომელიც ქალაქის საქმეებს თავად წყვეტდა. „ქალაქის გამგებლები“ ანუ „პოლიტარქები“b მაღალჩინოსნები იყვნენ, რომელთაც ევალებოდათ წესრიგის შენარჩუნება და ისეთი ვითარების თავიდან არიდება, რაც რომაელების აღშფოთებას გამოიწვევდა და ქალაქს თვითმმართველობის უფლებას დააკარგვინებდა. ამიტომ, ქალაქის გამგებლები არ დაუშვებდნენ იმას, რომ აყალმაყალის ამტეხთ სიმშვიდე დაერღვიათ.
შემდეგ პავლესა და სილას სერიოზული ბრალდება წაუყენეს: „ესენი კეისრის დადგენილებებს ეწინააღმდეგებიან, ამბობენ, სხვა მეფეც არისო, იესო“ (საქმეები 17:7). ბიბლიის ერთი კომენტატორი ამბობს: „ეს ნიშნავდა იმპერატორის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხებას, რომელიც არ დაუშვებდა დაპყრობილ პროვინციებში მის გარდა [სხვა] მეფის სახელი მოეხსენიებინათ“. წაყენებულ ბრალდებას კიდევ უფრო სარწმუნოს ხდიდა ის გარემოებაც, რომ იესო, რომელსაც პავლე მეფეს უწოდებდა, რომაელებმა სწორად ამ ბრალდებით დასაჯეს სიკვდილით (ლუკა 23:2).
ამის მოსმენამ ქალაქის მმართველები აღაშფოთა. სარწმუნო მტკიცებულებების უქონლობის გამო მოციქულებს დანაშაული ვერ დაუმტკიცეს. ამიტომ, „იასონისა და დანარჩენებისგან თავდები აიღეს და გაუშვეს“ (საქმეები 17:8, 9). იასონი და სხვები თავდებით ანუ იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ პავლე დატოვებდა ქალაქს და აღარასდროს დაბრუნდებოდა, რათა ქალაქის სიმშვიდე აღარ დარღვეულიყო. როგორც ჩანს, პავლე სწორედ ამ შემთხვევას გულისხმობდა, როცა თქვა, რომ სატანა გადაეღობა გზაზე და ქალაქში დაბრუნების უფლება აღარ მისცა (1 თესალონიკელები 2:18).
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პავლე და სილა ღამით გააპარეს ბერეაში. პავლეს მსახურებამ ბერეაშიც კარგი ნაყოფი გამოიღო, რამაც ისე განარისხა თესალონიკეში მცხოვრები იუდეველები, რომ 80 კილომეტრი გაიარეს, ბერეაში ჩავიდნენ და ხალხი პავლესა და სილას წინააღმდეგ განაწყვეს. პავლე კვლავ ზღვაში გავიდა და ათენისკენ გაცურა, მაგრამ სასიხარულო ცნობის გაცხადებისთვის ბრძოლა ამით არ დასრულებულა (საქმეები 17:10—14).
სირთულეები ახალჩამოყალიბებულ კრებაში
საბედნიეროდ, თესალონიკეში კრება ჩამოყალიბდა. თუმცა, ქრისტიანებისთვის დევნა არ იყო ერთადერთი სირთულე. ისინი კერპთაყვანისმცემელ და გარყვნილ ხალხს შორის ცხოვრობდნენ. სწორედ ეს აღელვებდა პავლეს. ის წუხდა, თუ როგორ გაართმევდნენ ძმები თავს არსებულ ვითარებას (1 თესალონიკელები 2:17; 3:1, 2, 5).
თესალონიკელმა ქრისტიანებმა იცოდნენ, რომ მას შემდეგ, რაც აღარ მიიღებდნენ მონაწილეობას ქალაქის ღონისძიებებსა თუ რელიგიურ რიტუალებში, ყოფილი მეგობრების გულისწყრომას დაიმსახურებდნენ (იოანე 17:14). მდგომარეობას ისიც ამწვავებდა, რომ თესალონიკეში ბერძნული ღვთაებების — ზევსის, არტემიდასა და აპოლონის ტაძრები იყო. ქალაქში ეგვიპტური ღვთაებების ტაძრებსაც ნახავდით. ამ ყველაფერთან ერთად, თესალონიკეში იმპერატორსაც სცემდნენ თაყვანს. თითოეულ მოქალაქეს უნდა მიეღო მონაწილეობა მის პატივსაცემად გამართულ რიტუალებში, რაზეც უარის თქმა რომის იმპერიის წინააღმდეგ წასვლის ტოლფასი იყო.
კერპთაყვანისმცემლობა ხელს უწყობდა უკიდურეს აღვირახსნილობას. თესალონიკეს მფარველი ღვთაება კაბირი იყო. გარდა ამისა, თესალონიკელები თაყვანს სცემდნენ დიონისეს, აფროდიტეს და ეგვიპტელთა ღვთაება ისიდას. მათდამი თაყვანისცემას ერთი რამ ჰქონდა საერთო: სექსუალური აღვირახსნილობა და ორგიები. შედეგად, თესალონიკელთათვის ჩვეული რამ გახდა კონკუბინატი (ქალისა და მამაკაცის უკანონო თანაცხოვრება) და პროსტიტუცია. ხალხი ცოდვად არ თვლიდა მრუშობას. მათზე გავლენას ახდენდა რომაული კულტურა. ერთი წყაროს მიხედვით, „თესალონიკეში იყო მრავალი ქალი და მამაკაცი, რომლებიც ემსახურებოდნენ თანამოქალაქეებს და მათ ნებისმიერ ავხორცულ გულისთქმას აკმაყოფილებდნენ. ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ ექიმები ურჩევდნენ ხალხს, არ ჩაეკლათ ვნებები, რადგან ეს უარყოფითად აისახებოდა მათ ჯანმრთელობაზე“. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ პავლე თანაქრისტიანებს შეაგონებდა, „მორიდებოდნენ სიძვას“, „თავშეუკავებელ ვნებასა“ და „უწმინდურებას“ (1 თესალონიკელები 4:3—8).
გამარჯვებით დაგვირგვინებული ბრძოლა
თესალონიკელ ქრისტიანებს უნდა ებრძოლათ, რომ ყველაფრის ფასად დაეცვათ თავიანთი რწმენა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთ წინააღმდეგობასა თუ სირთულეს ხვდებოდნენ და წარმართ და უზნეო ხალხს შორის უწევდათ ცხოვრება, პავლემ ისინი შეაქო „რწმენის საქმეების, სიყვარულით შრომის, მოთმინებისა“ და სასიხარულო ცნობის გავრცელების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისთვის (1 თესალონიკელები 1:3, 8).
ახ. წ. 303 წელს რომის იმპერიაში ქრისტიანების სასტიკი დევნა დაიწყო. ამ დევნის მთავარი წამომწყები რომის კეისარი გალერიუსი იყო, რომელიც თესალონიკეში ცხოვრობდა და ქალაქი უამრავი დიდებული ნაგებობით შეამკო, რომელთაგანაც ზოგიერთის ნანგრევის ხილვა დღესაც შეუძლიათ ტურისტებს.
ამჟამად სალონიკში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები თანამოქალაქეებთან ხშირად სწორედ ქრისტიანების ამ დაუძინებელი მტრის მიერ აშენებული ნაგებობების წინ ქადაგებენ. მიუხედავად იმისა, რომ XX საუკუნეში სალონიკელი იეჰოვას მოწმეები სასტიკ დევნას ხვდებოდნენ, ქალაქში დღეისთვის დაახლოებით 60 კრებაა. და-ძმების გულმოდგინე მსახურება ცხადყოფს, რომ სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად საუკუნეების წინათ დაწყებული ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს და გამარჯვებითაც გვირგვინდება.
[სქოლიოები]
a შესაძლოა პავლე ციტირებდა ბიბლიის იმ მონაკვეთებს, რომლებიც დღეს შემდეგ მუხლებშია ჩაწერილი: ფსალმუნი 22:7; 69:21; ესაია 50:6; 53:2—7; დანიელი 9:26.
b ეს სიტყვა ბერძნულ ლიტერატურაში არსადაა მოხსენიებული. თუმცა, თესალონიკეს ტერიტორიაზე აღმოჩენილი წარწერები, რომელთაგანაც ზოგი ძვ. წ. I საუკუნითაა დათარიღებული, წიგნ „საქმეებში“ მოცემული ცნობების უტყუარობას ადასტურებს.
[რუკა 18 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ეგნაციოს გზა
მაკედონია
ფილიპე
ამფიპოლისი
თესალონიკე
ბერეა
თესალია
ეგეოსის ზღვა
ათენი
[სურათები 20, 21 გვერდებზე]
თესალონიკე დღეს;
გალერეა და რომაული აბანო აგორაზე
[სურათები 21 გვერდზე]
გალერიუსის თაღთან ახლოს მდებარე როტონდა; ბარელიეფი კეისარ გალერიუსის გამოსახულებით; ქადაგება გალერიუსის სახელობის თაღის სიახლოვეს
[საავტორო უფლება]
Two bottom left images: 16th Ephorate of Prehistoric and Classical Antiquities, copyright Hellenic Ministry of Culture and Tourism
[სურათები 21 გვერდზე]
The rotunda near Galerius’ Arch; a relief of Caesar Galerius; preaching near Galerius’ Arch
[საავტორო უფლება]
Middle image: Thessalonica Archaeological Museum, copyright Hellenic Ministry of Culture and Tourism
[სურათის საავტორო უფლებები 18 გვერდზე]
Head medallion: © Bibliothèque nationale de France; stone inscription: Thessalonica Archaeological Museum, copyright Hellenic Ministry of Culture and Tourism