„პირველი აღდგომა“ მიმდინარეობს!
„პირველები ქრისტეში მკვდრები აღდგებიან“ (1 თესალონიკელები 4:16).
1, 2. ა) რა იმედი არსებობს გარდაცვლილთათვის? ბ) რის საფუძველზე გწამთ მკვდრეთით აღდგომა? (იხილეთ სქოლიო).
„ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან“. ადამის შეცოდების შემდეგ ეს ასეც არის. მართალია, ყველამ იცის, რომ ოდესღაც მოკვდება, მაგრამ ბევრმა არ იცის, რა ხდება სიკვდილის შემდეგ და რა მდგომარეობაში არიან გარდაცვლილები. ბიბლია გვიხსნის: „მკვდრებმა არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5).
2 არსებობს კი იმედი გარდაცვლილთათვის? არსებობს, რადგან სხვაგვარად ღვთის განზრახვა კაცობრიობის მიმართ ვერ შესრულდება. საუკუნეებია, რაც ღვთის ერთგულ მსახურებს სწამთ იეჰოვას დანაპირები, რომ მოვიდოდა აღთქმული შთამომავალი, რომელიც გაანადგურებდა სატანას და ბოლოს მოუღებდა მის ბოროტ საქმეებს (დაბადება 3:15). ამ ერთგულთაგან ბევრი დღეს ცოცხალი აღარ არის. იეჰოვას დანაპირების შესრულება რომ იხილონ, ისინი მკვდრეთით უნდა აღდგნენ (ებრაელები 11:13). რამდენად შესაძლებელია ეს? მოციქული პავლე გვარწმუნებს: „იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქმეები 24:15). ერთხელ პავლემ აღადგინა ევტიქე, რომელიც მესამე სართულიდან გადმოვარდა და მოკვდა. ეს არის ბოლო შემთხვევა მკვდრეთით აღდგომის იმ ცხრა შემთხვევიდან, რომლებზეც ბიბლია მოგვითხრობს (საქმეები 20:7—12)a.
3. როგორ განუგეშებთ პირადად თქვენ იოანეს 5:28, 29-ში ჩაწერილი სიტყვები და რატომ?
3 მკვდრეთით აღდგომის ცხრავე შემთხვევა პავლეს სიტყვების ჭეშმარიტებაში გვარწმუნებს. ეს შემთხვევები იესოს დანაპირებისადმი რწმენასაც გვიძლიერებს. მან თქვა: „მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, [იესოს] ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29). მართლაც რა დამაიმედებელი სიტყვებია! ეს სიტყვები ანუგეშებს მილიონებს, რომლებსაც სიკვდილმა გამოსტაცა საყვარელი ადამიანები.
4, 5. რა სხვადასხვა მკვდრეთით აღდგომაზეა საუბარი ბიბლიაში და მათგან რომელს განვიხილავთ ამ სტატიაში?
4 გარდაცვლილთა უმეტესობა აღდგება დედამიწაზე, სადაც ღვთის სამეფო მშვიდობას დაამყარებს (ფსალმუნი 37:10, 11, 29; ესაია 11:6—9; 35:5, 6; 65:21—23). თუმცა მანამდე სხვები უნდა აღმდგარიყვნენ. პირველი, უნდა აღმდგარიყო იესო, რომ ღვთის წინაშე ჩვენთვის გაღებული მსხვერპლის ფასი წარედგინა. ეს მოხდა ახ. წ. 33 წელს.
5 შემდეგ „ღვთის ისრაელის“ ცხებული წარმომადგენლები ზეცაში უნდა შეერთებოდნენ უფალ იესო ქრისტეს, სადაც „მუდამ უფალთან“ იქნებოდნენ (გალატელები 6:16; 1 თესალონიკელები 4:17). ამ აღდგომას „პირველი აღდგომა“ ეწოდება (ფილიპელები 3:10, 11; გამოცხადება 20:6). ამის შემდეგ დადგება დრო, როცა მილიონობით ადამიანი დედამიწაზე სამოთხეში მარადიული ცხოვრებისთვის აღდგება. მიუხედავად იმისა, ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს თუ დედამიწაზე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რას ნიშნავს „პირველი აღდგომა“ და როდის დაიწყება ის.
„როგორ სხეულში?“
6, 7. ა) რა უნდა მოხდეს ცხებული ქრისტიანების ზეცაში ასვლამდე? ბ) როგორი სხეულით აღდგებიან ისინი?
6 კორინთელების მიმართ პირველ წერილში პავლე სვამს კითხვას, რომელიც პირველ აღდგომას ეხება: „როგორ აღდგებიან მკვდრები? როგორ სხეულში მოვლენ?“ შემდეგ თვითონვე პასუხობს: „რასაც დათესავ, არ გაცოცხლდება, თუ არ მოკვდა . . . ღმერთი კი მას ისეთ სხეულს აძლევს, როგორიც ნებავს . . . ციურ სხეულებს სხვანაირი დიდება აქვთ, მიწიერს — სხვანაირი“ (1 კორინთელები 15:35—40).
7 პავლეს სიტყვებიდან ჩანს, რომ წმინდა სულით ცხებული ქრისტიანები ზეციერი ჯილდოს მიღებამდე უნდა მოკვდნენ. სიკვდილის შემდეგ მათი სხეული მტვერს უბრუნდება (დაბადება 3:19). ღვთის დანიშნულ დროს კი ისინი ზეციერი ცხოვრებისთვის შესაფერისი სხეულით აღდგებიან (1 იოანე 3:2). ღმერთი მათ უკვდავებითაც აჯილდოებს. ისინი უკვდავები არ დაბადებულან; ღმერთს არ მიუცია მათთვის ეგრეთ წოდებული უკვდავი სული. პავლე ამბობს, რომ მოკვდავი უკვდავებით უნდა შეიმოსოს. უკვდავება ღვთის ძღვენია, რომლითაც „იმოსებიან“ ისინი, ვისაც პირველ აღდგომაში აქვს წილი (1 კორინთელები 15:50, 53; დაბადება 2:7; 2 კორინთელები 5:1, 2, 8).
8. საიდან ვიცით, რომ ღმერთს 144 000 სულითცხებული სხვადასხვა რელიგიიდან არ შეურჩევია?
8 პირველ აღდგომაში წილი მხოლოდ 144 000 სულითცხებულს აქვს. იეჰოვამ მათი შერჩევა იესოს აღდგომის შემდეგ მალევე, ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, დაიწყო. ყველა მათგანს „შუბლებზე აწერია მისი [იესოს] სახელი და მისი მამის სახელი“ (გამოცხადება 14:1, 3). ღმერთს არ შეურჩევია ისინი სხვადასხვა რელიგიიდან. ისინი ყველანი ქრისტეს მიმდევრები არიან და ეამაყებათ, რომ მამის, იეჰოვას სახელს ატარებენ. ზეცაში აღდგომის შემდეგ ისინი გარკვეულ დავალებას იღებენ. მათთვის უდიდესი პატივია, რომ ღმერთს უშუალოდ ემსახურებიან.
მიმდინარეობს პირველი აღდგომა?
9. როგორ ვიგებთ პირველი აღდგომის დაწყების დაახლოებით დროს გამოცხადების 12:7-დან და 17:14-დან?
9 როდის იწყება პირველი აღდგომა? არსებობს მტკიცე საფუძველი, გვწამდეს, რომ ის უკვე მიმდინარეობს. მაგალითად, შევადაროთ ერთმანეთს გამოცხადების წიგნიდან ორი თავი. ჯერ გამოცხადების მე-12 თავი ვნახოთ, სადაც ვკითხულობთ, რომ ახლად გამეფებული იესო ქრისტე თავის წმინდა ანგელოზებთან ერთად ებრძვის სატანასა და მის დემონებს (გამოცხადება 12:7—9). „საგუშაგო კოშკში“ არაერთხელ აღინიშნა, რომ ეს ბრძოლა 1914 წელს დაიწყოb. თუმცა მე-12 თავში არ არის ნათქვამი, რომ ქრისტეს ცხებული მიმდევრებიც იბრძოლებდნენ იესოსთან ერთად. ახლა ვნახოთ გამოცხადების მე-17 თავი, სადაც ვკითხულობთ, რომ „დიდი ბაბილონის“ განადგურების შემდეგ კრავი სძლევს ერებს. შემდეგ ნათქვამია: „სძლევენ ისინიც, რომლებიც მასთან არიან — მოწოდებულნი, რჩეულნი და ერთგულნი“ (გამოცხადება 17:5, 14). თუ „მოწოდებულნი, რჩეულნი და ერთგულნი“ იესოსთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას სატანის ქვეყნიერების განადგურებაში, ეს ნიშნავს, რომ ისინი უკვე მკვდრეთით აღდგენილები იქნებიან. აქედან გამომდინარე, არმაგედონამდე გარდაცვლილ ცხებულთა აღდგომა ხდება 1914 წელსა და არმაგედონს შორის.
10, 11. ა) ვის წარმოადგენს 24 უხუცესი და რა გაუმჟღავნა ერთ-ერთმა მათგანმა იოანეს? ბ) რაზე მეტყველებს ეს?
10 შეგვიძლია უფრო ზუსტად ვთქვათ, როდის დაიწყო პირველი აღდგომა? ამის გაგებაში დაგვეხმარება გამოცხადების 7:9—15. ხილვაში იოანე ხედავს „უამრავ ხალხს, რომლის დათვლა არავის შეეძლო“. უამრავი ხალხის ვინაობას ოცდაოთხი უხუცესიდან ერთ-ერთი უმხელს იოანეს. ეს უხუცესები წარმოადგენენ ქრისტეს 144 000 თანამემკვიდრეს, რომლებმაც ზეციერი დიდება მიიღესc (ლუკა 22:28—30; გამოცხადება 4:4). თავად იოანესაც ზეციერი იმედი ჰქონდა, მაგრამ როცა ხილვაში უხუცესი ელაპარაკა, ის ჯერ კიდევ დედამიწაზე იყო. ამიტომ იოანე ამ ხილვაში წარმოადგენს დედამიწაზე მცხოვრებ ცხებულებს, რომლებსაც ზეციერი ჯილდო ჯერ არ მიუღიათ.
11 რაზე მეტყველებს ის, რომ 24 უხუცესიდან ერთ-ერთი უამრავი ხალხის ვინაობას უმხელს იოანეს? როგორც ჩანს, 24 უხუცესიდან მკვდრეთით აღმდგრები დღეს მონაწილეობას იღებენ ღვთიური ჭეშმარიტების გადაცემაში. რატომ არის ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი? უამრავი ხალხის ვინაობა დედამიწაზე მცხოვრები სულითცხებულებისთვის საბოლოოდ 1935 წელს გაირკვა. და თუ 24 უხუცესიდან ერთ-ერთმა გაამჟღავნა ეს მნიშვნელოვანი ცნობა, მაშინ ის 1935 წლისთვის უკვე აღმდგარი უნდა ყოფილიყო ზეცაში. ეს იმაზე მიუთითებს, რომ პირველი აღდგომა 1914—1935 წლებში დაიწყო. შეგვიძლია დავასახელოთ უფრო კონკრეტული თარიღი?
12. ახსენით, რატომ შეიძლებოდა პირველი აღდგომა 1918 წლის გაზაფხულზე დაწყებულიყო?
12 განვიხილოთ იესოს ცხოვრებიდან ერთ-ერთი მონაკვეთი. ახ. წ. 29 წლის შემოდგომაზე იესო ქრისტე ცხებულ იქნა ღვთის სამეფოს მომავალ მეფედ. სამნახევარი წლის შემდეგ, ახ. წ. 33 წლის გაზაფხულზე, იესო აღდგა ძლიერ სულიერ ქმნილებად. შეგვიძლია თუ არა დავასკვნათ, რომ 1914 წლის შემოდგომაზე იესოს გამეფებიდან სამნახევარი წლის შემდეგ, 1918 წლის გაზაფხულზე, დაიწყებოდა მისი ერთგული ცხებული მიმდევრების აღდგომა? საინტერესო აზრია. მართალია, ბიბლია პირდაპირ არ ამტკიცებს ამას, მაგრამ სხვა ბიბლიური მუხლებიდან ჩანს, რომ პირველი აღდგომა ქრისტეს მოსვლიდან მალევე დაიწყო.
13. როგორ აჩვენებს 1 თესალონიკელების 4:15—17, რომ პირველი აღდგომა ქრისტეს მოსვლიდან მალევე დაიწყო?
13 მაგალითად, გავიხსენოთ პავლეს სიტყვები: „ჩვენ, ვინც ცოცხლად დავრჩებით იმ დრომდე, როცა უფალი მოსული იქნება, ვერ დავასწრებთ სიკვდილის ძილით მიძინებულებს, რადგან უფალი თვითონ ჩამოვა ზეციდან მბრძანებლური მოწოდებით, მთავარანგელოზის ხმითა და ღვთის საყვირით და პირველები ქრისტეში მკვდრები აღდგებიან. შემდეგ კი ჩვენ, ცოცხლად დარჩენილები, მათთან ერთად ვიქნებით ატაცებულნი ღრუბლებში, რათა უფალს შევეგებოთ ჰაერში, რის შემდეგაც მუდამ უფალთან ვიქნებით“ (1 თესალონიკელები 4:15—17). მაშასადამე, ქრისტეს მოსვლამდე გარდაცვლილი ცხებული ქრისტიანები იმ სულითცხებულებზე ადრე აღდგებოდნენ ზეცაში, ვინც ჯერ კიდევ ცოცხალი იქნებოდა ქრისტეს მოსვლისას. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი აღდგომა ქრისტეს მოსვლიდან მალევე დაიწყებოდა და შემდეგაც გაგრძელდებოდა (1 კორინთელები 15:23). ყველა სულითცხებული ერთდროულად არ აღდგებოდა, რადგან პირველი აღდგომა გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდებოდა.
„თითოეულ მათგანს თეთრი გრძელი სამოსელი მისცეს“
14. ა) როდის სრულდება გამოცხადების მე-6 თავში ჩაწერილი წინასწარმეტყველება? ბ) რა არის აღწერილი გამოცხადების 6:9-ში?
14 მნიშვნელოვან აზრს ვიგებთ აგრეთვე გამოცხადების მე-6 თავიდან, სადაც იესო დამპყრობ მეფედ არის წარმოდგენილი (გამოცხადება 6:2). იქვე აღწერილია ფართომასშტაბიანი ომები ერებს შორის (გამოცხადება 6:4). ყველგან შიმშილი მძვინვარებს (გამოცხადება 6:5, 6). ხალხი სასიკვდილო ჭირით იტანჯება (გამოცხადება 6:8). ეს წინასწარმეტყველება კარგად აღწერს მსოფლიო მდგომარეობას 1914 წლიდან. მაგრამ კიდევ რაღაც ხდება. ჩვენ ყურადღებას იპყრობს სამსხვერპლო, რომლის ძირთან „ღვთის სიტყვისა და დამოწმების საქმის გამო დახოცილთა სულები“ იყო (გამოცხადება 6:9). „ხორციელის სული [ანუ სიცოცხლე] მის სისხლშია“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დახოცილთა სულებით წარმოდგენილია იესოს ერთგულ მსახურთა სისხლი, რომლებიც დამოწმების საქმის გულმოდგინედ და გაბედულად შესრულების გამო დახოცეს (ლევიანები 17:11).
15, 16. ახსენით, რატომ უკავშირდება გამოცხადების 6:10, 11 პირველ აღდგომას.
15 როგორც მართალი აბელის სისხლი ღაღადებდა, ისე ამ ქრისტიან წამებულთა სისხლი ღაღადებს, რათა აღსრულდეს სამართალი (დაბადება 4:10). «ისინი ღაღადებდნენ: „უზენაესო უფალო, წმინდაო და ჭეშმარიტო, როდემდე უნდა იკავებდე თავს გასამართლებისგან და დედამიწის მკვიდრებზე ჩვენი სისხლისთვის შურისძიებისგან?“». რა ხდება შემდეგ? „თითოეულ მათგანს თეთრი გრძელი სამოსელი მისცეს და უთხრეს, რომ ცოტა ხანს კიდევ დაესვენათ, სანამ არ შეივსებოდა მათნაირი მონებისა და მათი ძმების რიცხვი, რომლებიც მათსავით უნდა დაეხოცათ“ (გამოცხადება 6:10, 11).
16 მიეცა სამსხვერპლოს ძირთან დაღვრილი სისხლის გუბეს თეთრი გრძელი სამოსელი? რა თქმა უნდა, არა! თეთრი გრძელი სამოსელი მათ მიეცათ, ვისი სისხლიც, ასე ვთქვათ, სამსხვერპლოს ძირთან დაიღვარა. მათ იესოს სახელის გულისთვის გასწირეს თავი, მაგრამ შემდეგ სულიერ ქმნილებებად აღდგნენ. საიდან ვიცით ეს? გამოცხადების წიგნში ვკითხულობთ: „მძლეველი თეთრი ტანსაცმლით შეიმოსება. მის სახელს არ ამოვშლი სიცოცხლის წიგნიდან“. გავიხსენოთ, რომ 24 უხუცესი იყო „თეთრებში ჩაცმული და თავებზე ოქროს გვირგვინები ედგათ“ (გამოცხადება 3:5; 4:4). მას შემდეგ, რაც ომი, შიმშილი და სასიკვდილო ჭირი დაატყდა დედამიწას, 144 000-დან გარდაცვლილები, რომლებიც სამსხვერპლოს ძირთან დაღვრილი სისხლით არიან წარმოდგენილნი, ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგნენ და სიმბოლური გაგებით თეთრი გრძელი სამოსლით შეიმოსნენ.
17. რა გაგებით უნდა დაისვენონ მათ, ვინც თეთრ გრძელ სამოსელს მიიღებს?
17 ვინც აღდგნენ, უნდა ‘დაისვენონ’. ისინი მოთმინებით უნდა დაელოდონ ღვთის შურისძიების დღეს. დედამიწაზე მცხოვრებმა „მათნაირმა მონებმა“ განსაცდელების დროს ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცონ ერთგულება. ღვთის სასამართლოს დღის დადგომისას ისინი შეწყვეტენ დასვენებას (გამოცხადება 7:3). მაშინ ეს მკვდრეთით აღმდგარი სულითცხებულები იესოსთან ერთად გაანადგურებენ ბოროტ ადამიანებს, მათ შორის უდანაშაულო ქრისტიანთა სისხლისმღვრელებს (2 თესალონიკელები 1:7—10).
რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?
18, 19. ა) საიდან ვასკვნით, რომ პირველი აღდგომა მიმდინარეობს? ბ) როგორ მოქმედებს თქვენზე პირველი აღდგომის შესახებ ცოდნა?
18 ღვთის სიტყვა არ გვიმხელს პირველი აღდგომის დაწყების ზუსტ თარიღს, მაგრამ გვიმჟღავნებს იმას, რომ ეს აღდგომა ქრისტეს მოსვლის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა ხდებოდეს. პირველად აღდგნენ ის სულითცხებული ქრისტიანები, რომლებიც ქრისტეს მოსვლამდე გარდაიცვალნენ. ქრისტეს მოსვლის შემდეგ კი სიკვდილამდე ერთგული ცხებული ქრისტიანები „თვალის დახამხამებაში“ გარდაიქმნებიან ძლიერ სულიერ ქმნილებებად (1 კორინთელები 15:52). მიიღებს ზეციერ ჯილდოს ყველა ცხებული არმაგედონის ომის დაწყებამდე? ჩვენ ეს არ ვიცით. თუმცა ვიცით, რომ ღვთის დანიშნულ დროს 144 000-დან ყველა ზეციერი სიონის მთაზე იდგება.
19 ჩვენთვის ისიც ცნობილია, რომ 144 000-დან უმეტესობა უკვე შეუერთდა ქრისტეს. მათგან ცოტანიღა დარჩნენ დედამიწაზე. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ღვთის განაჩენის აღსრულების დღე ძალიან ახლოსაა! სულ მალე სატანის ქვეყნიერება მიწასთან გასწორდება. სატანა უფსკრულში იქნება ჩაგდებული. მაშინ დედამიწაზე აღდგომა დაიწყება და ვინც ერთგული იქნება, იესოს გამოსასყიდის მეშვეობით მიაღწევს იმ სრულყოფილებას, რაც ადამმა დაკარგა. იეჰოვას წინასწარმეტყველება, რომელიც დაბადების 3:15-ში ჩაიწერა, საოცრად სრულდება. ჩვენთვის მართლაც დიდი პატივია, რომ ამ მოვლენების თვითმხილველნი ვართ.
[სქოლიოები]
a მკვდრეთით აღდგომის დანარჩენი შემთხვევები იხილეთ 1 მეფეების 17:21—23; 2 მეფეების 4:32—37; 13:21; მარკოზის 5:35, 41—43; ლუკას 7:11—17; 24:34; იოანეს 11:43—45; საქმეების 9:36—42.
b ბიბლიური მტკიცება იმისა, რომ ქრისტე მოსულია 1914 წლიდან, იხილეთ წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ გვერდები 215—218. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
c დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, თუ რატომ წარმოადგენს 24 უხუცესი ცხებულ ქრისტიანებს ზეციერ დიდებაში, იხილეთ წიგნი „გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!“ გვერდი 77. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
შეგიძლიათ ახსნათ?
როგორ გვეხმარება შემდეგი მუხლები „პირველი აღდგომის“ დაწყების თარიღის დადგენაში?
• 1 კორინთელები 15:23; 1 თესალონიკელები 4:15—17
[სურათები 26 გვერდზე]
რა აღდგომა უნდა მოხდეს, სანამ გარდაცვლილები დედამიწაზე აღდგებიან?
[სურათი 29 გვერდზე]
რა გაგებით მისცეს სიკვდილის ძილით მიძინებულებს თეთრი გრძელი სამოსელი?