თავი 27
ღვთის სამეფოს დაბადება
ხილვა 7 გამოცხადება 12:1—17
თემა: ზეციერი ქალის მშობიარობა; მიქაელი ებრძვის სატანას და დედამიწაზე აგდებს მას.
შესრულების დრო: 1914 წელს იესო ქრისტეს გამეფებიდან დიდ გასაჭირამდე.
1. როგორ დაგვეხმარება „გამოცხადების“ 12—14 თავებში აღწერილი ნიშნების უკეთ გაგება?
ღვთის წმინდა საიდუმლო გამჟღავნებულია (გამოცხადება 10:7). იეჰოვას სამეფო, რომელსაც მესია უდგას სათავეში, რეალური და მოქმედია. ის მმართველობს. ამ სამეფოს არსებობა სატანისა და მისი შთამომავლობისთვის განადგურების მომასწავებელია, ღვთის ზეციერი ორგანიზაციის შთამომავლობისთვის კი ეს დიდებულ გამარჯვებას ნიშნავს. მეშვიდე ანგელოზს ჯერ არ დაუმთავრებია საყვირის ჩაბერვა, მან ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა გაგვიცხადოს მესამე ვაის შესახებ (გამოცხადება 11:14). „გამოცხადების“ 12—14 თავებში აღწერილი ნიშნები დაგვეხმარება, უფრო მეტად დავაფასოთ ის, რაც ამ ვაისა და ღვთის წმინდა საიდუმლოს დასრულებას უკავშირდება.
2. ა) რა დიდ ნიშანს ხედავს იოანე? ბ) როდის გაცხადდა ამ დიდი ნიშნის მნიშვნელობა?
2 იოანე ხედავს დიდ ნიშანს, რაც განსაკუთრებით საინტერესოა ღვთის ხალხისთვის. ამ ნიშნით იწყება საოცარი წინასწარმეტყველური ხილვა, რომელიც პირველად აიხსნა 1925 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკის“ ნომერში, სტატიაში „ერის დაბადება“, შემდეგ კი — 1926 წელს გამოცემულ წიგნში „ხსნა“. მათი მეშვეობით ნათელი მოეფინა ბიბლიურ საკითხებს, რამაც საგრძნობლად შეუწყო ხელი იეჰოვას საქმის წინსვლას. აი როგორ აღგვიწერს იოანე ამ არაჩვეულებრივი მოვლენების დასაწყისს: „გამოჩნდა ცაში დიდი ნიშანი: მზით შემოსილი ქალი, რომელსაც ფეხქვეშ მთვარე ჰქონდა, თავზე კი თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი ედგა, ორსულად იყო და კიოდა, რადგან მშობიარობის ტკივილებით იტანჯებოდა“ (გამოცხადება 12:1, 2).
3. რისი სიმბოლოა ზეციერი ქალი?
3 იოანე ზეცაში პირველად ხედავს ქალს, არა პირდაპირი გაგებით ქალს, არამედ ნიშანს ანუ სიმბოლოს (გამოცხადება 1:1). რისი სიმბოლოა ეს ქალი? ზოგჯერ ღვთის შთაგონებულ წინასწარმეტყველებებში ქალი იმ ორგანიზაციის სიმბოლოა, რომელიც, ასე ვთქვათ, დიდებული პიროვნების ცოლია. ებრაულ წერილებში ისრაელს იეჰოვა ღმერთის ცოლი ეწოდება (იერემია 3:14). ბერძნულ წერილებში სულითცხებული ქრისტიანების კრებას ქრისტეს პატარძალი ეწოდება (გამოცხადება 21:9—14). იოანეს მიერ ნანახი ქალიც გათხოვილია, მან სადაცაა უნდა იმშობიაროს. ვინ არის მისი ქმარი? მოგვიანებით მისი ბავშვი „ატაცებულ იქნა ღმერთთან და მის ტახტთან“ (გამოცხადება 12:5). აქედან ჩანს, რომ იეჰოვა თავს ბავშვის მამად აცხადებს. შესაბამისად, იოანეს ნანახი ქალი იეჰოვას სიმბოლური ცოლი უნდა იყოს.
4. ვინ არიან ღვთის სიმბოლური ცოლის ვაჟები და რას უწოდებს მოციქული პავლე იოანეს ნანახ ქალს?
4 დაახლოებით რვა საუკუნით ადრე იეჰოვამ ასეთი სიტყვებით მიმართა ამ სიმბოლურ ცოლს: „შენი ვაჟები იეჰოვას მიერ განისწავლებიან“ (ესაია 54:5, 13). იესომ გაიმეორა ეს წინასწარმეტყველება და აჩვენა, რომ ეს ვაჟები მისი ერთგული მიმდევრები იყვნენ, რომლებმაც მოგვიანებით ცხებულ ქრისტიანთა კრება ჩამოაყალიბეს (იოანე 6:44, 45). ამ კრების წევრები, რომლებსაც ღვთის ძეები ეწოდებათ, ღვთის სიმბოლური ცოლის შვილებიც არიან (რომაელები 8:14). მოციქული პავლე პირდაპირ განგვიმარტავს: „ზედა იერუსალიმი კი თავისუფალია, ის დედაჩვენია“ (გალატელები 4:26). ამგვარად, იოანეს ნანახი ქალი „ზედა იერუსალიმია“.
5. რა არის „ზედა იერუსალიმი“, თუ გავითვალისწინებთ, რომ იეჰოვას სიმბოლურ ცოლს თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი ადგას თავზე?
5 კონკრეტულად რას განასახიერებს ზედა იერუსალიმი? ვინაიდან პავლემ მას ზედა იერუსალიმი უწოდა და იოანემ ის ზეცაში იხილა, ნათელია, რომ ის დედამიწაზე არსებული ქალაქი არ არის; ის არც „ახალი იერუსალიმია“, რადგან ახალი იერუსალიმი, როგორც ორგანიზაცია, ქრისტეს პატარძალია და არა იეჰოვას ცოლი (გამოცხადება 21:2). აღსანიშნავია, რომ ქალს თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი ედგა. რიცხვი 12 სისრულესა და ორგანიზებულობაზე მიუთიებსa. აქედან გამომდინარე, ეს 12 ვარსკვლავი, როგორც ჩანს, იმის მაჩვენებელია, რომ ეს ქალი წარმოადგენს ზეციერ ორგანიზაციას, ისევე როგორც ძველი იერუსალიმი წარმოადგენდა დედამიწაზე. ზედა იერუსალიმი იეჰოვას სულიერი ქმნილებებისგან შემდგარი ორგანიზაციაა, რომელიც ემსახურება მას, წარმოშობს შთამომავლობას და ამგვარად მისი ცოლის როლს ასრულებს.
6. ა) რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ იოანეს ხილვაში ნანახი ქალი მზით არის შემოსილი, ფეხქვეშ მთვარე აქვს და თავზე ვარსკვლავების გვირგვინი ადგას? ბ) რა არის წარმოდგენილი ორსული ქალის მშობიარობის ტკივილებით?
6 იოანეს ხილვაში ქალი მზით არის შემოსილი და ფეხქვეშ მთვარე აქვს. თუ ამ აღწერას ვარსკვლავების გვირგვინს დავურთავთ, ცხადი ხდება, რომ ის ზეციერი სინათლით არის გარემოცული. ღვთის კეთილგანწყობის შუქი დღე და ღამ უნათებს მას. მართლაც რა შესაფერისი სიმბოლოა იეჰოვას დიდებული ზეციერი ორგანიზაციისთვის! ის ორსულად არის და მშობიარობის ტკივილებით იტანჯება. ის ღვთის დახმარებას ითხოვს, რაც მისი მშობიარობის მოახლოების მაჩვენებელია. ბიბლიაში მშობიარობის ტკივილები ხშირად მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად საჭირო ძალისხმევის აღსაწერად არის გამოყენებული (შეადარეთ ფსალმუნის 90:2; იგავების 25:23; ესაიას 66:7, 8). უდავოა, ამგვარ „მშობიარობის ტკივილებს“ განიცდიდა იეჰოვას ზეციერი ორგანიზაცია, როცა ამ მნიშვნელოვანი „მშობიარობისთვის“ ემზადებოდა.
დიდი ალისფერი დრაკონი
7. კიდევ რა ნიშანს ხედავს იოანე ზეცაში?
7 რას ხედავს ამის შემდეგ იოანე? „სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში: დიდი ალისფერი დრაკონი, რომელსაც შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა, თავებზე კი შვიდი გვირგვინი ედგა. მან კუდი მოუსვა ცის ვარსკვლავების მესამედს და დედამიწაზე გადმოყარა. დრაკონი იდგა მშობიარე ქალის წინ, რათა, როცა იმშობიარებდა, შთაენთქა მისი ბავშვი“ (გამოცხადება 12:3, 4).
8. ა) ვინ არის დიდი ალისფერი დრაკონი? ბ) რისი სიმბოლოა დრაკონის შვიდი თავი, ათი რქა და თითოეულ თავზე დადგმული გვირგვინი?
8 ეს დრაკონი სატანაა, „ძველი გველი“ (გამოცხადება 12:9; დაბადება 3:15). ის არის მძვინვარე გამანადგურებელი, შვიდთავიანი დრაკონი, შთამნთქმელი, რომელსაც შეუძლია მთლიანად შთანთქოს მსხვერპლი. მართლაც შემზარავი აღწერილობაა! შვიდი თავი და ათი რქა იმის მაჩვენებელია, რომ „გამოცხადების“ მე-13 თავში აღწერილი პოლიტიკური მხეცი მისი ქმნილებაა. ამ მხეცსაც შვიდი თავი და ათი რქა აქვს. ვინაიდან სატანას თითოეულ თავზე თითო, სულ კი შვიდი გვირგვინი ადგას, უდავოა, რომ ამ მხეცით წარმოდგენილი მსოფლიო პოლიტიკური ძალები მას ემორჩილებიან (იოანე 16:11). ათი რქა იმ ძალაუფლების სიმბოლოა, რასაც ის სრულად ავლენს მთელ ქვეყნიერებაზე.
9. რაზე მიუთითებს ის, რომ დრაკონმა კუდით „ცის ვარსკვლავების მესამედი“ დედამიწაზე გადმოყარა?
9 დრაკონს სულიერ სფეროშიც აქვს ძალაუფლება. მან კუდით ცის ვარსკვლავების მესამედი „დედამიწაზე გადმოყარა“. ვარსკვლავებით ანგელოზები არიან წარმოდგენილი (იობი 38:7). „მესამედი“ იმაზე მიუთითებს, რომ სატანამ მრავალი ანგელოზი შეიყვანა შეცდომაში. რადგან ერთხელ დაემორჩილნენ ეშმაკს, თავს ვეღარ დააღწევენ მას. მათ აღარ დაიტოვეს ღვთის წმინდა ორგანიზაციაში დასაბრუნებელი გზა. ისინი დემონები გახდნენ, სატანამ, მათმა მეფემ და მმართველმა, თითქოს „კუდი მოუსვა“ მათ (მათე 12:24). სატანამ ისინი დედამიწაზე გადმოყარა. ამ შემთხვევაში, უდავოა, ნოეს წარღვნამდე პერიოდი იგულისხმება, როცა სატანამ აცდუნა ღვთის ურჩი ძეები, რომ დედამიწაზე ჩამოსულიყვნენ და ადამიანთა ასულებთან ეცხოვრათ. ღმერთმა ეს „შემცოდველი ანგელოზები“ დასაჯა და, ასე ვთქვათ, საპატიმროში ანუ ტარტაროზში ჩაყარა (დაბადება 6:4; 2 პეტრე 2:4; იუდა 6).
10. რომელი ურთიერთდაპირისპირებული ორგანიზაციების არსებობა გახდა ცხადი, და რატომ ცდილობს დრაკონი დაბადებისთანავე ბავშვის შთანთქმას?
10 ამგვარად აშკარა გახდა, რომ არსებობს ორი ურთიერთდაპირისპირებული ორგანიზაცია: ქალის სახით წარმოდგენილი იეჰოვას ზეციერი ორგანიზაცია და სატანის დემონური ორგანიზაცია, რომელიც საკამათოს ხდის ღვთის უზენაესობას. მაგრამ, როგორ უნდა გადაწყდეს ღვთის უზენაესობის მნიშვნელოვანი საკითხი? სატანა, რომელსაც კვლავაც მიჰყვებიან დემონები, მსხვერპლს დადარაჯებულ მძვინვარე მტაცებელს ჰგავს. ის ქალის მშობიარობას ელოდება. მას სურს ახალშობილის შთანთქმა, რადგან იცის, რომ ის სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც მის, ასევე მის ძალაუფლებაში მყოფი ქვეყნიერების არსებობას (იოანე 14:30).
ვაჟი
11. როგორ აღწერს იოანე ბავშვის დაბადებას, და რატომ იყენებს ის ორ სიტყვას ბავშვის სქესის საჩვენებლად?
11 უცხოტომელთათვის დანიშნული დრო, როცა მათ შეეძლოთ ღვთისგან დამოუკიდებლად ემმართველათ, 1914 წელს დასრულდა (ლუკა 21:24). მაშინ, ზუსტად დადგენილ დროს, ქალმა იმშობიარა: „შვა ვაჟი, რომელმაც უნდა მწყემსოს ყველა ხალხი რკინის კვერთხით. ბავშვი ატაცებულ იქნა ღმერთთან და მის ტახტთან. ქალი კი გაიქცა უდაბნოში, სადაც ღმერთს მისთვის ადგილი ჰქონდა მომზადებული, რათა ეკვებათ იქ ათას ორას სამოც დღეს“ (გამოცხადება 12:5, 6). ბერძნულ ტექსტში იოანე ორ სიტყვას იყენებს: ვაჟს და მამრს. რატომ იყენებს იოანე ორ სიტყვას? ამით იოანეს იმის ჩვენება უნდა, რომ ბავშვს აქვს უნარი და სათანადო ძალა, მართოს ერები. ეს იმასაც უსვამს ხაზს, რამდენად მნიშვნელოვანი და სასიხარულო მოვლენაა ამ ბავშვის დაბადება. ვაჟი გადამწყვეტ როლს შეასრულებს ღვთის წმინდა საიდუმლოს დასრულებაში, რადგან მან უნდა „მწყემსოს ყველა ხალხი რკინის კვერთხით“.
12. ა) რა იწინასწარმეტყველა იეჰოვამ იესოს შესახებ „ფსალმუნებში“? ბ) რას ნიშნავს ვაჟის დაბადება, რომელმაც უნდა „მწყემსოს ყველა ხალხი რკინის კვერთხით“?
12 ეს ფრაზა ნაცნობია ჩვენთვის, რადგან იეჰოვამ წინასწარმეტყველებისას იესოს ასე მიმართა: „დალეწავ მათ რკინის კვერთხით და მეთუნის ჭურჭელივით დაამსხვრევ“ (ფსალმუნი 2:9). მასზე ისიც იყო ნაწინასწარმეტყველები: «იეჰოვა შენი ძლიერების კვერთხს გამოგიგზავნის სიონიდან და გეტყვის: „იბატონე შენს მტრებს შორის“ » (ფსალმუნი 110:2). ამიტომ აშკარაა, რომ ბავშვის დაბადება, რაც იოანემ იხილა, იესო ქრისტეს ეხება. თუმცა აქ არ იგულისხმება ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნის დაწყებამდე იესოს დაბადება ქალწულისგან და არც ახ. წ. 33 წელს მისი აღდგომა სულიერ ქმნილებად. აქ არც სულის გარდასახვაა ნაგულისხმები, არამედ საუბარია 1914 წელს ღვთის სამეფოს დაბადებაზე, რომლის მეფეა ამაღლებიდან ოცი საუკუნის განმავლობაში ზეცაში მყოფი იესო ქრისტე (გამოცხადება 12:10).
13. რას ნიშნავს ის, რომ ვაჟი „ატაცებულ იქნა ღმერთთან და მის ტახტთან“?
13 იეჰოვა არასოდეს მისცემდა სატანას მისი ცოლისა და ახალშობილი ვაჟის შთანთქმის ნებას. დაბადებისთანავე ვაჟი „ატაცებულ იქნა ღმერთთან და მის ტახტთან“. ამგვარად იეჰოვა იცავს და მზრუნველობას არ აკლებს ამ ახალდაბადებულ სამეფოს, რომლის მეშვეობითაც ის თავის წმინდა სახელს განწმენდს. ქალი მშობიარობის შემდეგ უდაბნოში გაიქცა, სადაც ღმერთს ადგილი ჰქონდა მომზადებული მისთვის. ამას დაწვრილებით მოგვიანებით განვიხილავთ. ახლა დადგა იმ მნიშვნელოვანი მოვლენის დრო, რის შემდეგაც სატანა ვეღარასოდეს შეუქმნის საფრთხეს ზეციერ სამეფოს. რა მოვლენაზეა საუბარი?
ომი ზეცაში!
14. ა) იოანეს სიტყვების თანახმად რომელი მოვლენის შემდეგ ვეღარ უქმნის სატანა საფრთხეს სამეფოს? ბ) მხოლოდ სად შეუძლიათ სატანასა და მის დემონებს მოქმედება?
14 იოანე მოგვითხრობს: „ატყდა ზეცაში ომი. მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ დრაკონს. იბრძოდნენ დრაკონი და მისი ანგელოზები, მაგრამ ვერ სძლია დრაკონმა და აღარც ადგილი აღმოჩნდა მათთვის ზეცაში. გადმოგდებულ იქნა დიდი დრაკონი, ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია და რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო, გადმოგდებულ იქნა დედამიწაზე და მისი ანგელოზებიც მასთან ერთად იქნენ გადმოყრილნი“ (გამოცხადება 12:7—9). მნიშვნელოვანი მოვლენა გვაახლოებს ღვთის წმინდა საიდუმლოს დასასრულთან: სატანა განდევნილია, გადმოგდებულია ზეციდან და მისი დემონებიც მასთან ერთად არიან გადმოყრილნი დედამიწაზე. სატანას, რომელმაც შეცდომაში შეიყვანა მთელი მსოფლიო და მის ღმერთად იქცია თავი, ახლა მხოლოდ დედამიწაზე შეუძლია მოქმედება, სადაც მისმა ურჩობამ პირველად იჩინა თავი (2 კორინთელები 4:3, 4).
15, 16. ა) ვინ არის მიქაელი და საიდან ვიცით ეს? ბ) რატომაა ზეციდან სატანის გადმოგდება მეფის შესასრულებელი დავალება?
15 ვინ გაიმარჯვა ამ დიდებულ ბრძოლაში იეჰოვას სახელით? როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, მიქაელმა და მისმა ანგელოზებმა. ვინ არის მიქაელი? სახელი მიქაელი ნიშნავს: „ვინ არის ღვთის მსგავსი?“ ამიტომ მიქაელი არის ის, ვისაც სურს იეჰოვას უზენაესობის დამტკიცება და იმის დადასტურება, რომ ვერავინ შეედრება ღმერთს. იუდას მე-9 მუხლში ის მოხსენიებულია როგორც „მიქაელ მთავარანგელოზი“. აღსანიშნავია, რომ ბიბლიაში მხოლოდ ერთ პიროვნებას, იესო ქრისტეს ეწოდება მთავარანგელოზიb. პავლე მასზე ამბობს: „რადგან უფალი თვითონ ჩამოვა ზეციდან მბრძანებლური მოწოდებით, მთავარანგელოზის ხმითა და ღვთის საყვირით“ (1 თესალონიკელები 4:16). სიტყვა მთავარანგელოზი ანგელოზთა მთავარს ნიშნავს. ამიტომაც გასაკვირი არაა, თუ რატომ არის „გამოცხადებაში“ მოხსენიებული „მიქაელი და მისი ანგელოზები“. ბიბლიის სხვა მუხლებში ნათქვამია, რომ ანგელოზები ღვთის მართალ მსახურს ემორჩილებიან; ამ მსახურში იესო იგულისხმება. პავლეს სიტყვების თანახმად „უფალი იესო ზეციდან თავისი ძლიერი ანგელოზებითურთ გამოგვეცხადება“ (2 თესალონიკელები 1:7; იხილეთ აგრეთვე მათეს 24:30, 31; 25:31).
16 ამ და სხვა მუხლებს ერთადერთ დასკვნამდე მივყავართ, რომ მიქაელი ზეცაში მყოფი უფალი იესო ქრისტეა. უფლის დღის დროს იესო მეტად აღარ ეტყვის სატანას: „იეჰოვამ შეგრისხოს“. მოვიდა გასამართლების დრო და იესომ, იგივე მიქაელმა, ზეციდან გადმოყარა ბოროტი სატანა და მისი დემონები (იუდა 9; გამოცხადება 1:10). ეს სწორედ მეფის შესასრულებელი დავალებაა. იესო ჯერ კიდევ ედემის ბაღში აღთქმული შთამომავალია, რომელიც საბოლოოდ თავს გაუჭეჭყავს გველს და სამუდამოდ გაანადგურებს მას (დაბადება 3:15). ზეციდან სატანის გადმოგდებით იესომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, რომ ის საბოლოოდ გაანადგუროს.
გიხაროდეს, ზეცავ!
17, 18. ა) იოანეს სიტყვების თანახმად, ზეცაში რა რეაქცია მოჰყვა სატანის დედამიწაზე გადმოგდებას? ბ) როგორც ჩანს, ვისი ხმა გაიგონა იოანემ?
17 იოანე აღწერს, ზეცაში რამხელა სიხარული გამოიწვია სატანის გადმოგდებამ: «გავიგონე ციდან დიდი ხმა: „ახლა მოვიდა ხსნა ჩვენი ღვთისგან, მისი ძლიერება და სამეფო და მისი ქრისტეს ძალაუფლება, რადგან გადმოგდებულ იქნა ჩვენი ძმების ბრალმდებელი, რომელიც ბრალს სდებს მათ ჩვენი ღვთის წინაშე დღე და ღამე! სძლიეს მას კრავის სისხლითა და დამოწმების სიტყვით და არ შეიყვარეს საკუთარი სული მაშინაც კი, როცა სიკვდილს პირისპირ უყურებდნენ. ამიტომ გიხაროდეთ, ზეცავ და თქვენ, ვინც მასში მკვიდრობთ!“ » (გამოცხადება 12:10—12ა).
18 ვისი ხმა ესმის იოანეს? ბიბლია არ გვიმჟღავნებს ამას, თუმცა გამოცხადების 11:17-ის თანახმად ეს ხმა ზეცაში აღდგენილი 24 უხუცესის შეძახილს ჰგავს, რომლებსაც თავიანთი ადგილები უკავიათ და 144 000 წმინდას წარმოადგენენ (გამოცხადება 11:18). ვინაიდან ღვთის ცხებული მსახურები, რომლებიც ჯერ კიდევ დედამიწაზე იმყოფებიან და იდევნებიან, მოხსენიებულნი არიან როგორც „ჩვენი ძმები“, ეს სიტყვები შესაძლოა ისევ 24 უხუცესს ეკუთვნოდეს. რადგან ამ ერთგული მსახურების აღდგომა სატანისა და მისი დემონების ზეციდან გადმოგდების შემდეგ მალევე მოხდა, უეჭველია, ისინი ერთხმად ყიჟინებენ.
19. ა) რის საშუალებას აძლევს იესოს ღვთის წმინდა საიდუმლოს დასრულება? ბ) რაზე მეტყველებს ის, რომ სატანას „ჩვენი ძმების ბრალმდებელი“ ეწოდება?
19 ღვთის წმინდა საიდუმლოს დასასრულებლად იესომ ძალაუფლება მიიღო იეჰოვას სამეფოში. ამგვარად, ღმერთი შეასრულებს თავის დიდებულ განზრახვას და იხსნის ერთგულ ადამიანებს. იესო იხსნის არა მხოლოდ დედამიწაზე მცხოვრებ ღვთისმოშიშ მსახურებს, არამედ ღვთის მეხსიერებაში მყოფ მილიონობით გარდაცვლილ ადამიანს (ლუკა 21:27, 28). სატანას „ჩვენი ძმების ბრალმდებელი“ ეწოდება. მიუხედავად იმისა, რომ იობმა დაამტკიცა სატანის ბრალდებების უსაფუძვლობა, ის კვლავაც ეჭვქვეშ აყენებს ღვთის მიწიერი მსახურების ერთგულებას. როგორც ჩანს, მან არაერთხელ დასდო ადამიანს ბრალი იმაში, რომ ადამიანი ყველაფერს გაიღებს სიცოცხლის სანაცვლოდ. რა სამარცხვინო მარცხი განიცადა სატანამ! (იობი 1:9—11; 2:4, 5).
20. როგორ სძლევენ ერთგული ქრისტიანები სატანას?
20 ცხებული ქრისტიანები, რომლებიც „კრავის სისხლით“ მართლებად არიან აღიარებულნი, დევნის მიუხედავად კვლავ ამოწმებენ ღვთისა და იესო ქრისტეს შესახებ. ას ოც წელზე მეტია, იოანეს კლასი ყურადღებას ამახვილებს იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც 1914 წელს უცხოტომელთათვის დანიშნული დროების დასასრულს უკავშირდება (ლუკა 21:24). მათ მხარდამხარ ერთგულად მსახურობს უამრავი ხალხი. იეჰოვას მოწმეების თანამედროვე ისტორიამ არაერთხელ დაადასტურა, რომ არც ერთ მათგანს არ ეშინია „მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ შეუძლია“. ქრისტიანისთვის შესაფერისი სიტყვითა თუ საქმით მათ სძლიეს სატანას და ამტკიცებენ, რომ ის ცრუა (მათე 10:28; იგავები 27:11; გამოცხადება 7:9). როგორ უნდა ხარობდნენ ცხებული ქრისტიანები ზეცაში აღდგომით, სატანა ხომ მეტად აღარ არის იქ და ვეღარ დასდებს ბრალს მათ ძმებს. მოვიდა დრო, რომ ყველა ანგელოზი სიხარულით გამოეხმაუროს მოწოდებას: „გიხაროდეთ, ზეცავ და თქვენ, ვინც მასში მკვიდრობთ!“
კიდევ ერთი „ვაი“
21. როგორ დაატეხა სატანამ ვაი დედამიწას და ზღვას?
21 მესამე „ვაით“ გამძვინვარებული სატანა თავადაც ცდილობს ვაი დაატეხოს კაცობრიობას: „ვაი მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი, დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“ (გამოცხადება 12:12ბ). სატანის ზეციდან გადმოგდება დედამიწისთვის მართლაც ვაის ნიშნავს, რადგან დედამიწას სატანის ძალაუფლებაში მყოფი ეგოისტი ადამიანები სპობენ (მეორე კანონი 32:5). სატანა მოქმედებს პრინციპით „ან იბატონე ან გაანადგურე“, რაც „ვაის“ ნიშნავს სიმბოლური მიწისთვის, ანუ ადამიანთა საზოგადოებისთვის, და აგრეთვე სიმბოლური ზღვისთვის, ანუ მშფოთვარე ბრბოსთვის. ორივე მსოფლიო ომში სატანის რისხვა მის ძალაუფლებაში მყოფი ერების რისხვაში გამოვლინდა. ასეთი დემონური რისხვა დღემდე ვლინდება, მაგრამ მალე ამას ბოლო მოეღება (მარკოზი 13:7, 8). როგორი საშინელიც არ უნდა იყოს ეშმაკის ზრახვები, ვერ შეედრება ღვთის სამეფოს მიერ სატანის ხილული ორგანიზაციისთვის მიყენებულ დარტყმას, მესამე „ვაის“ შედეგს.
22, 23. ა) იოანეს სიტყვების თანახმად, რა ხდება დრაკონის დედამიწაზე გადმოგდების შემდეგ? ბ) როგორ დევნის დრაკონი „ქალს, რომელმაც ვაჟი შვა“?
22 სატანის გადმოგდების შემდეგ მისი რისხვის სამიზნეები დედამიწაზე დარჩენილი ქრისტეს ძმები გახდნენ. იოანე გვამცნობს: „დაინახა დრაკონმა, რომ გადმოგდებულ იქნა დედამიწაზე, და დევნა დაუწყო ქალს, რომელმაც ვაჟი შვა. მიეცა ქალს დიდი არწივის ორი ფრთა უდაბნოში თავის ადგილზე გადასაფრენად, სადაც იკვებებოდა დროის, დროებისა და ნახევარი დროის განმავლობაში, გველისგან მოშორებით“ (გამოცხადება 12:13, 14).
23 ხილვაში გრძელდება მე-6 მუხლში დაწყებული აზრი — ბავშვის დაბადების შემდეგ დრაკონისგან დევნილი ქალი უდაბნოში გარბის. შეიძლება გვაინტერესებს, როგორ დევნის დედამიწაზე გადმოგდებული დრაკონი ზეცაში ქალს. ალბათ გვახსოვს, რომ ქალს დედამიწაზე შვილები ანუ შთამომავლობა ჰყავს. მოგვიანებით ამ ხილვაში ჩანს, რომ სატანა თავის რისხვას ანთხევს ქალზე და დევნის მის შთამომავლობას (გამოცხადება 12:17). შეიძლება ითქვას, რომ იმას, რასაც ქალის შთამომავლობა განიცდის დედამიწაზე, სინამდვილეში ქალიც განიცდის (შეადარეთ მათეს 25:40). დედამიწაზე იდევნებიან ქალის შთამომავლობის მხარდამჭერებიც, რომელთა რიცხვიც სულ უფრო და უფრო იზრდება.
ახალი ერი
24. რა გადახდათ ბიბლიის მკვლევარებს, რაც ისრაელების ეგვიპტიდან გამოყვანას ჰგავდა?
24 პირველი მსოფლიო ომის დროს იესოს ძმები თავს არ ზოგავდნენ დამოწმების საქმის ერთგულად შესასრულებლად. სატანისა და მისი გაშმაგებული მხარდამჭერებისგან გაძლიერებული დევნის მიუხედავად, ისინი მაინც განაგრძობდნენ მსახურებას, თუმცა საბოლოოდ, ბიბლიის მკვლევართა დამოწმების საქმიანობა ფაქტობრივად შეჩერდა (გამოცხადება 11:7—10). მათი მაშინდელი მდგომარეობა ეგვიპტეში დაჩაგრული ისრაელების მდგომარეობას ჰგავდა. მაშინ იეჰოვამ სწრაფად, თითქოსდა არწივის ფრთებით, უსაფრთხო ადგილზე, სინას უდაბნოში მიიყვანა ისინი (გამოსვლა 19:1—4). ამის მსგავსად 1918—1919 წლებში სასტიკი დევნის შემდეგ იეჰოვამ თავისი მოწმეები, ქალის წარმომადგენლები, სულიერი გაგებით ისეთ უსაფრთხო ადგილზე მიიყვანა, როგორიც უდაბნო იყო ისრაელებისთვის. ეს მათი ლოცვების პასუხი იყო (შეადარეთ ფსალმუნის 55:6—9).
25. ა) რა გააკეთა იეჰოვამ 1919 წელს, რაც უდაბნოში ისრაელის ერად ჩამოყალიბებას მოგვაგონებს? ბ) ვისგან შედგება ეს ერი და სად შევიდნენ ისინი?
25 უდაბნოში იეჰოვამ ისრაელი ერად ჩამოაყალიბა, სულიერად და ფიზიკურად ზრუნავდა მათზე. მსგავსად, 1919 წლიდან იეჰოვამ სულიერ ერად ჩამოაყალიბა ქალის შთამომავლობა. ეს სულიერი ერი არ უნდა აგვერიოს მესიის სამეფოში, რომელიც ზეცაში 1914 წლიდან მმართველობს. ეს ახალი სულიერი ერი შედგება დედამიწაზე დარჩენილი ცხებული მოწმეებისგან, რომლებიც 1919 წელს დიდებულ სულიერ სამფლობელოში შევიდნენ. ახლა მათ დროულად ჰქონდათ „თავიანთი ულუფა“, რამაც განამტკიცა ისინი სამომავლო საქმის შესასრულებლად (ლუკა 12:42; ესაია 66:8).
26. ა) რამდენ ხანს გასტანა გამოცხადების 12:6, 14-ში მოხსენიებულმა პერიოდმა? ბ) რა მიზანს ემსახურებოდა სამ-ნახევარი დრო, როდის დაიწყო და როდის დამთავრდა?
26 რამდენ ხანს გაგრძელდა ეს შესვენება ღვთის ზეციერი ქალის შთამომავლობისთვის? გამოცხადების 12:6-ის თანახმად 1 260 დღე. გამოცხადების 12:14-ში ეს დრო მოხსენიებულია, როგორც დრო, დროები და ნახევარი დრო, ანუ სამ-ნახევარი დრო. ორივე შემთხვევაში იგულისხმება სამ-ნახევარი წელიწადი, რომელიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში 1919 წლის გაზაფხულიდან 1922 წლის შემოდგომამდე გაგრძელდა. სულიერად აღდგენილი იოანეს კლასისთვის ეს გამოცოცხლებისა და ორგანიზაციული ცვლილებების დრო იყო.
27. ა) იოანეს სიტყვების თანახმად, რა გააკეთა დრაკონმა 1922 წლის შემდეგ? ბ) რა მიზნით ააგორა სატანამ დევნის ტალღა მოწმეების წინააღმდეგ?
27 დრაკონს ფარ-ხმალი არ დაუყრია. „გველმა ქალის კვალდაკვალ პირიდან ამოანთხია წყალი, მდინარის მსგავსი, რათა მდინარეს დაეხრჩო იგი“ (გამოცხადება 12:15). რა იგულისხმება მდინარის მსგავს წყალში? მეფე დავითი თავის მოწინააღმდეგე ბოროტ ხალხს „უვარგისი ხალხის მოზღვავებას“ [„ნაკადებს უკუღმართებს“, „ბიბლიური საზოგადოების გამოცემა“, ფსალმუნის 17:5] უწოდებდა (ფსალმუნი 18:4, 5, 16, 17). სატანამ ახლაც „უვარგისი ხალხის“ მეშვეობით დაიწყო ღვთის ხალხის დევნა. 1922 წლის შემდეგ სატანამ დევნის ტალღა ააგორა მოწმეების წინააღმდეგ (მათე 24:9—13). ამაში შედიოდა ფიზიკური შეურაცხყოფა, ‘სირთულეების შექმნა დადგენილებით’, პატიმრობა, ჩამოხრჩობა, დახვრეტა და თავის მოკვეთაც კი (ფსალმუნი 94:20). ვინაიდან დამცირებული სატანა ღვთის ზეციერ ქალს ვეღარაფერს ავნებდა, გამძვინვარებულმა დედამიწაზე მცხოვრები მისი შთამომავლობის წინააღმდეგ გაილაშქრა. სატანის მიზანი ან მათი ფიზიკური განადგურება იყო ან მათი ერთგულების შერყევა, რაც მათ ღვთის კეთილგანწყობას დააკარგვინებდა. მაგრამ მათ ისეთივე სულისკვეთება ჰქონდათ, როგორიც იობს: „სანამ ცოცხალი ვარ, არ დავთმობ უმწიკვლობას!“ (იობი 27:5).
28. როგორ გაძლიერდა დევნა მეორე მსოფლიო ომის დროს?
28 სასტიკმა დევნამ კულმინაციას მეორე მსოფლიო ომის დროს მიაღწია. ევროპაში თორმეტი ათასამდე მოწმე ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნეს, სადაც დაახლოებით 2 000 მათგანი მოკვდა. იტალიაში, იაპონიაში, კორეასა და ტაივანში ერთგული მოწმეები მსგავს სისასტიკეს იტანდნენ სამხედრო დიქტატორული რეჟიმის დროს. ეგრეთ წოდებულ დემოკრატიულ ქვეყნებშიც მოწმეებს თავს ესხმოდნენ „კათოლიკური მოქმედების“ სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც მათ კუპრს ასხამდნენ, ბუმბულებს აყრიდნენ და ქალაქიდან აძევებდნენ. ქრისტიანთა კონგრესებს შლიდნენ და მოწმეების ბავშვებს სკოლიდან რიცხავდნენ.
29. ა) როგორ აღწერს იოანე უჩვეულო სახით მიღებულ შვებას? ბ) როგორ დაეხმარა მიწა ქალს? გ) რას აკეთებს დრაკონი კვლავაც?
29 შვება უჩვეულო სახით მოვიდა: „მაგრამ ქალს მიწა დაეხმარა, დააღო პირი მიწამ და შთანთქა მდინარე, რომელიც დრაკონმა ამოანთხია პირიდან. განრისხდა დრაკონი ქალზე და წავიდა, რათა შებრძოლებოდა დანარჩენებს მისი შთამომავლებიდან, ვინც იცავს ღვთის მცნებებს და ვისაც იესოს შესახებ დამოწმების საქმე აკისრია“ (გამოცხადება 12:16, 17). „მიწამ“ ანუ სატანის ქვეყნიერების გარკვეულმა ნაწილმა დაიწყო „მდინარის“ შთანთქმა. XX საუკუნის 40-იან წლებში შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ მოწმეების სასარგებლოდ არაერთი გადაწყვეტილება მიიღო. მოწმეების სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილებები ზოგიერთი სხვა სახელმწიფოს ხელისუფლებებმაც, რომლებიც მხარს უჭერდნენ რელიგიის თავისუფლებას. საბოლოოდ მოკავშირე ერებმა „შთანთქეს“ დამანგრეველი ნაცისტური და ფაშისტური ძალა, რამაც შვება მოუტანა დიქტატორული რეჟიმით დატანჯულ მოწმეებს, თუმცა დევნა ერთხელ და სამუდამოდ არ შეწყვეტილა. დრაკონი დღემდე მძვინვარებს და ებრძვის მათ, „ვისაც იესოს შესახებ დამოწმების საქმე აკისრია“. ბევრ ქვეყანაში ერთგული მოწმეები კვლავ ციხეებში სხედან, ერთგულების შენარჩუნება ზოგს დღესაც სიცოცხლის ფასად უჯდება. მაგრამ დროდადრო ზოგიერთი მთავრობა დათმობაზე მიდის და მოწმეებს უფრო მეტი თავისუფლება ეძლევათc. ამგვარად სრულდება წინასწარმეტყველება და მიწა კვლავ შთანთქავს დევნის მდინარეს.
30. ა) რა გახდა შესაძლებელი „მიწის“ მიერ მოტანილი შვების წყალობით? ბ) რა არის ღვთის ხალხის ერთგულების შედეგი?
30 ამგვარად, „მიწამ“ შვება მოუტანა ღვთის ხალხს, რისი წყალობითაც ღვთის საქმე დაახლოებით 235 ქვეყანაში ხორციელდება. ამის შედეგად სასიხარულო ცნობის ერთგულ მქადაგებელთა რიცხვმა ექვს მილიონს გადააჭარბა. ქალის დედამიწაზე დარჩენილ შთამომავლობასთან ერთად ყველა ერის წარმომადგენლებისგან შემდგარი უამრავი ხალხი ღვთის მითითებებისამებრ გამოყოფილია ქვეყნიერებისგან, იცავს ზნეობრივ სიწმინდეს, უყვარს საძმო და ქადაგებს მესიის სამეფოს შესახებ. მათი ერთგულება პასუხს სცემს სატანის წამოჭრილ სამარცხვინო ბრალდებას, რაც სატანისა და მისი ქვეყნიერებისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის ტოლფასია (იგავები 27:11).
[სქოლიოები]
a მაგალითად: ხორციელი ისრაელის 12 ტომი, 12 მოციქული, სულიერი ისრაელის 12 ტომი, 12 კარიბჭე, 12 ანგელოზი და ახალი იერუსალიმის გალავნის საძირკვლის 12 ქვა (გამოცხადება 21:12—14).
b აღსანიშნავია, რომ გამოცხადების 12:9-ში მოხსენიებულია „დიდი დრაკონი. . . და მისი ანგელოზები“. ასე რომ, ეშმაკს ღმერთობაც სურს და მთავარანგელოზობაც, თუმცა ბიბლია არსად მოიხსენიებს მას მთავარანგელოზის წოდებით.
c მრავალ ქვეყანაში უზენაესი სასამართლოების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შვება მოუტანა იეჰოვას მოწმეებს. ზოგიერთი გადაწყვეტილება მოცემულია ჩარჩოში 92 გვერდზე.
[ჩარჩო 185 გვერდზე]
„მიწამ დააღო პირი“
სატანამ დევნის ტალღა მრავალ ქვეყანაში ააგორა ცხებულ ქრისტიანთა და მათ თანამსახურთა წინააღმდეგ. სატანის ქვეყნიერებაში განვითარებული მოვლენების გამო ბევრჯერ დევნის ტალღა შთაინთქა.
XX საუკუნის 40-იან წლებში შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად უმეტესწილად შეწყდა მოწმეებზე ბრბოს თავდასხმა და მოწმეთა დაპატიმრება.
1945 წელი: იმ ქვეყნებში, რომლებსაც გერმანია და იაპონია აკონტროლებდნენ, სასტიკი დევნა მას შემდეგ შეწყდა, რაც მათმა მოკავშირეებმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება მოიპოვეს.
დომინიკელთა რესპუბლიკაში, როცა იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აიკრძალა, მოწმეებს აპატიმრებდნენ, ამათრახებდნენ და კონდახებით სცემდნენ. 1960 წელს დიქტატორ რაფაელ ტრუხილიოსა და კათოლიკურ ეკლესიას შორის მომხდარი განხეთქილების შემდეგ იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვა მოიხსნა.
ნიგერიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს მოწმეებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, სცემდნენ, ხვრეტდნენ და წვავდნენ. ამას ბოლო მოეღო 1970 წელს, როცა სახელმწიფო ჯარმა დაიმორჩილა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი პროვინცია, სადაც ასეთი სისასტიკე ხდებოდა.
ესპანეთში ქრისტიანებს სახლში უვარდებოდნენ, აჯარიმებდნენ და აპატიმრებდნენ. მათი „დანაშაული“ სხვებთან ღვთის შესახებ საუბარი და ქრისტიანული შეხვედრების ჩატარება იყო. საბოლოოდ დევნა დასრულდა 1970 წელს, როცა მთავრობის დამოკიდებულება არაკათოლიკური რელიგიებისადმი შეიცვალა. შედეგად იეჰოვას მოწმეების საქმიანობა კანონიერად აღიარეს.
პორტუგალიაში ასობით სახლს ჩხრეკდნენ სათანადო ნებართვის გარეშე. მოწმეებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და აპატიმრებდნენ, ბიბლიებს კი ართმევდნენ. ეს ძალადობა „შთაინთქა“ 1974 წელს მომხდარი სამხედრო გადატრიალებისა და მთავრობის შეცვლის შემდეგ. მაშინ მიიღეს კანონი, რომელიც რელიგიური შეხვედრების ჩატარების უფლებას იძლეოდა.
არგენტინაში მილიტარისტული მთავრობა იეჰოვას მოწმეთა ბავშვებს სკოლიდან რიცხავდა და მთელ ქვეყანაში მოწმეებს აპატიმრებდა სასიხარულო ცნობის ქადაგების გამო. დევნა საბოლოოდ შეწყდა 1984 წელს, როცა მაშინდელმა მთავრობამ ოფიციალურად აღიარა იეჰოვას მოწმეთა კავშირი.
[დიაგრამა 183 გვერდზე]
1914 სამეფოს დაბადება
1919 ახალი ერის დაბადება
1919—1922 გამოცოცხლების დრო
1922— დევნის ტალღა
[სურათები 182 გვერდზე]
ვაი დედამიწას!