კეთილი ცნობის სრული დაჯერებულობით ქადაგება
1 პირველი საუკუნის დასაწყისში იესო ქრისტემ თავის მიმდევრებს დაავალა, ექადაგათ სამეფოს შესახებ კეთილი ცნობა და ‘მოემოწაფებინათ ყველა ხალხი’ (მათ. 24:14; 28:19, 20). იეჰოვას მოწმეები სერიოზულად ეკიდებიან მის მითითებას და ეს ჩანს იმით, რომ მე-20 საუკუნის ბოლოსთვის ჩვენი ქრისტიანული საძმო 234 ქვეყანაში 5 900 000-ზე მეტ მოწაფემდე გაიზარდა. რა მძლავრი ხმით განადიდებენ ჩვენს ზეციერ მამას!
2 დღეს ჩვენ შევაბიჯეთ 21-ე საუკუნეში. ჩვენი მოწინააღმდეგე კი მზაკვრულად ცდილობს, ხელი შეგვიშალოს ძირითადი საქმის — სამეფოს შესახებ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების — შესრულებაში. ის ამ სისტემის საშუალებით ზეწოლას ახდენს ჩვენზე, რათა სხვა რამეზე გადაგვატანინოს ყურადღება, ფუჭად დაგვაკარგვინოს დრო და ბევრი არაფრისმომცემი საქმისა და ინტერესის პირველ ადგილზე დაყენებით ენერგია გამოგვაცალოს. მაგრამ ჩვენ ამ სისტემას არ ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ მართოს ჩვენი ცხოვრება და გვიკარნახოს, რა არის მნიშვნელოვანი, რადგან ვრწმუნდებით ღვთის სიტყვიდან, რა არის ყველაზე მთავარი — იეჰოვას ნების შესრულება (რომ. 12:2). ეს ნიშნავს, მივყვეთ საღვთო წერილში ჩაწერილ მოწოდებას, ‘ვიქადაგოთ სიტყვა დროულად და უდროოდ და აღვასრულოთ ჩვენი მსახურება’ (2 ტიმ. 4:2, 5).
3 იყავით სრულიად დაჯერებული. ქრისტიანებს ესაჭიროებათ, ‘წარდგნენ მტკიცედ სრულნი და სავსენი [„სრულიად დაჯერებული“, აქ] ღვთის ყოველი ნებით’ (კოლასელთა 4:12). სიტყვა „დაჯერებულობა“ განისაზღვრება როგორც „ძლიერი რწმენა; რამეში ღრმად დარწმუნება“. ჩვენ, ქრისტიანები, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა უტყუარია და რომ დღეს ამ ბოლო დღეების მიწურულს ვცხოვრობთ. ჩვენ მოციქულ პავლეს რწმენის მსგავსი ძლიერი რწმენა უნდა გაგვაჩნდეს, რომელმაც თქვა, რომ კეთილი ცნობა „ღვთის ძალაა. . . ყოველი მორწმუნის სახსნელად“ (რომ. 1:16).
4 სატანა სარგებლობს ბოროტი ადამიანებითა და ცრუმარქვიებით, რომლებიც თავადაც ცდებიან და სხვებსაც აცდენენ (2 ტიმ. 3:13). ამის შესახებ წინასწარ გაფრთხილებულები, ყოველ ღონეს ვხმარობთ იმაში უფრო ღრმად დასარწმუნებლად, რომ ჭეშმარიტებაში ვიმყოფებით. თავს ნება არ უნდა დავრთოთ, რომ ცხოვრებისეულმა საზრუნავმა ენთუზიაზმი დაგვაკარგვინოს, და კვლავაც პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ სამეფოს ინტერესები (მათ. 6:33, 34). არც ის უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ ცოტა დრო დაგვრჩა და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ სისტემის აღსასრული ჯერ კიდევ შორს არის. დღეს აღსასრული ძალიან ახლოსაა (1 პეტ. 4:7). თუმცა შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ქადაგების მიუხედავად, ზოგ ქვეყანაში კეთილი ცნობის გავრცელებას თითქმის არ მოაქვს შედეგი, კვლავაც უნდა გავაგრძელოთ ადამიანების გაფრთხილება (ეზეკ. 33:7—9).
5 ამ ბოლო დღეებში შემდეგი მნიშვნელოვანი შეკითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს: „სერიოზულად ვეკიდები იესოს მითითებას ადამიანების დამოწაფებასთან დაკავშირებით? კეთილი ცნობის ქადაგების დროს სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ სამეფო რეალურია? გადაწყვეტილი მაქვს, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მივიღო მონაწილეობა ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მსახურებაში?“. რადგან გვესმის, რომ ბოლო ჟამის აღსასრული მოახლოებულია, აუცილებელია, დავუკვირდეთ საკუთარ თავს, ქადაგებასა და დამოწაფების საქმეს, რადგან ასეთი მოქმედებით საკუთარ თავსაც ვიხსნით და მსმენელებსაც (1 ტიმ. 4:16, სსგ). როგორ შეგვიძლია ჩვენ, მსახურებს, განვიმტკიცოთ რწმენა?
6 მიბაძეთ თესალონიკელებს. თესალონიკელი ძმების მძიმე შრომის გახსენების შემდეგ მოციქულმა პავლემ უთხრა მათ: „ჩვენი სახარება თქვენდამი არ იყო მხოლოდ სიტყვით, არამედ აგრეთვე ძალით, სულიწმიდით და სრული დამაჯერებლობით, როგორც თქვენ თავადაც იცით, რანი ვიყავით თქვენ შორის თქვენთვის. თქვენ გახდით ჩვენი და უფლის მომბაძავნი, რადგან დიდ გასაჭირში მიიღეთ სიტყვა, სულიწმიდის სიხარულით“ (1 თეს. 1:5, 6). დიახ, პავლემ შეაქო თესალონიკელთა კრება, რადგან უამრავი სირთულის მიუხედავად, ისინი ენთუზიაზმითა და სრული დამაჯერებლობით ქადაგებდნენ. რა აძლევდა მათ ამის კეთების საშუალებას? ამაში დიდი წვლილი მიუძღვოდა მოციქულ პავლესა და მის თანამშრომლებს, რომელთა გულმოდგინება და დაჯერებულობა დადებით გავლენას ახდენდა მათზე; რა გაგებით?
7 პავლე და მისი თანამეგზურები თავიანთი ცხოვრებით ადასტურებდნენ, რომ მათ ღვთის სული ამოძრავებდათ და მთელი გულით სწამდათ, რასაც ქადაგებდნენ. თესალონიკეში ჩამოსვლამდე პავლე და სილა საშინლად შეურაცხყვეს ფილიპეში. ისინი ყოველგვარი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე სცემეს, დააპატიმრეს და ბორკილები დაადეს. ამ რთული გამოცდის მიუხედავად, მათ არ განელებიათ ენთუზიაზმი კეთილი ცნობის საქადაგებლად. ისინი ღვთის ჩარევით გათავისუფლდნენ, ხოლო საპყრობილის მცველი და მისი ოჯახი რწმენაში ჩადგნენ; ძმებს კი საშუალება მიეცათ, გაეგრძელებინათ თავიანთი მსახურება (საქ. 16:19—34).
8 ღვთის სულის ძალით პავლე თესალონიკეში ჩავიდა. იქ ის საკუთარი თავის უზრუნველსაყოფად შრომობდა, შემდეგ კი სრული დრო დაუთმო იმას, რომ თესალონიკელებისთვის ჭეშმარიტება ესწავლებინა. ის არასდროს უშვებდა ხელიდან კეთილი ცნობის გაცხადების შესაძლებლობას (1 თეს. 2:9). პავლეს სრული დაჯერებულობით ქადაგებამ ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ადგილობრივ მცხოვრებლებზე, რომ ზოგიერთმა მათგანმა მიატოვა კერპთაყვანისმცემლობა და ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას, მსახური გახდა (1 თეს. 1:8—10).
9 წინააღმდეგობამ რწმენაზე ახალმოქცეულებსაც ვერ შეუშალა ხელი კეთილი ცნობის ქადაგებაში. ახალშეძენილი რწმენა და სრული დაჯერებულობა, რომ მარადიულად კურთხეული იქნებოდნენ, თესალონიკელებს სიხარულით მიღებული ჭეშმარიტების გასაცხადებლად აღძრავდა. იქაური კრება იმდენად აქტიური იყო ამ საქმეში, რომ ახალმოქცეულთა რწმენისა და გულმოდგინების შესახებ ცნობები მაკედონიის სხვა მხარეებში და აქაიაშიც კი გავრცელდა. მაშასადამე, როდესაც პავლემ თესალონიკელებს თავისი პირველი წერილი მისწერა, მათი კეთილი საქმეები უკვე კარგად იყო ცნობილი (1 თეს. 1:7). რა შესანიშნავი მაგალითია!
10 ღვთისა და ადამიანების სიყვარულით აღძრულები. როგორ შეგვიძლია თესალონიკელების მსგავსად სრულიად დაჯერებული ვიყოთ, როდესაც კეთილ ცნობას ვქადაგებთ? მათ შესახებ პავლემ დაწერა: „განუწყვეტლივ ვიხსენებთ თქვენი რწმენის საქმეს და სიყვარულის შრომას“ (1 თეს. 1:3). აშკარაა, რომ მათ ძლიერი და გულწრფელი სიყვარული ჰქონდათ ღვთისა და იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც უქადაგებდნენ. სწორედ ასეთი სიყვარული აღძრავდა პავლესა და მის თანამშრომლებს, თესალონიკელებისთვის ‘არა მარტო ღვთის სახარება გადაეცათ, არამედ თავიანთი სულიც’ (1 თეს. 2:8, სსგ).
11 მსგავსად ამისა, იეჰოვასა და ჩვენი ახლობლების ძლიერი სიყვარული გვიბიძგებს, სრულად მივიღოთ მონაწილეობა სამქადაგებლო საქმეში, რაც ღვთისგან გვაქვს დავალებული. ასეთი სიყვარულით აღძრულებს გვესმის, რომ ღმერთმა პირადად ჩვენ დაგვავალა კეთილი ცნობის გავრცელება. თუ ყოველივეს დადებითი კუთხით შევხედავთ და მადლიერებას გამოვხატავთ ყველა იმ სიკეთისთვის, რასაც იეჰოვა აკეთებს ჩვენთვის, რომ ‘ჭეშმარიტი სიცოცხლისკენ’ წარმართოს ჩვენი ნაბიჯები, აღვიძვრებით, სხვებსაც გავუზიაროთ იგივე შესანიშნავი ჭეშმარიტებები, რომლებიც მთელი გულით გვწამს (1 ტიმ. 6:19).
12 რაც უფრო მეტად ვქადაგებთ, იეჰოვასა და ადამიანებისადმი სიყვარული უფრო უნდა გაგვიძლიერდეს. ასეთ შემთხვევაში აღვიძვრებით, უფრო მეტი მონაწილეობა მივიღოთ კარდაკარ მსახურებაში და ყველა სხვა მსახურებაში. ჩვენ ვისარგებლებთ შესაძლებლობით, რომ არაფორმალურად ვუქადაგოთ ნათესავებს, მეზობლებსა და ნაცნობებს. თუმცა უმეტესობამ შეიძლება უარყოს შეთავაზებული კეთილ ცნობა და ზოგი შეეცადოს, ხელი შეგვიშალოს სამეფოს შესახებ ქადაგებაში, ჩვენ შინაგანად სიხარულს განვიცდით. რატომ? ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ გვეუწყებინა სამეფოს შესახებ და დავხმარებოდით ადამიანებს ხსნის მოპოვებაში. იეჰოვა აკურთხებს ჩვენს მცდელობას, მოვძებნოთ გულწრფელი ადამიანები. მაშინაც კი, როცა სირთულეები გვბოჭავენ და სატანაც ცდილობს, რომ სიხარული დაგვაკარგვინოს, სრულ დაჯერებულობასა და გულმოდგინებას სხვებთან ქადაგება შეგვინარჩუნებს. როდესაც ყოველ ჩვენგანს თავისი წვლილი შეაქვს ამ საქმეში, ეს თესალონიკეში არსებული კრების მსგავსად ძლიერსა და გულმოდგინეებს ხდის კრებებს.
13 ნუ დავეცემით სულით განსაცდელისას. დაჯერებულობა საჭიროა აგრეთვე მაშინ, როცა სხვადასხვა განსაცდელში ვართ (1 პეტ. 1:6, 7). იესომ გასაგებად უთხრა თავის მოწაფეებს, რომ, თუ ისინი მისი მიმდევრები გახდებოდნენ, ‘ყველა ერი მოიძულებდა მათ’ (მათ. 24:9). პავლემ და სილამ ეს საკუთარ თავზე გამოსცადეს ფილიპეში ყოფნისას. საქმეების მე-16 თავში მოთხრობილია, რომ პავლე და სილა დილეგში ჩაყარეს და ბორკილები დაადეს. ჩვეულებრივ, მთავარ ციხეს წარმოადგენდა ნათელი და სარკმლიანი საკნებით გარშემორტყმული მოედანი. მაგრამ დილეგში, არც სინათლე იყო და არც სარკმელები. პავლე და სილა ასეთ ბნელ, ჩახუთულ და მყრალ საკანში იმყოფებოდნენ. წარმოიდგინე, როგორი ტკივილი უნდა ეგრძნოთ საათების განმავლობაში ბორკილდადებულებს, რომლებსაც გამათრახების შედეგად ჭრილობები ჰქონდათ ზურგზე და სისხლი ჩამოსდიოდათ?
14 ამ განსაცდელების მიუხედავად, პავლე და სილა ერთგული დარჩნენ. ისინი სრულიად დაჯერებული იყვნენ, რამაც ძალებით აღჭურვა, გამოცდის მიუხედავად იეჰოვასთვის ემსახურათ. მათი დაჯერებულობა ნათლად ჩანს საქმეების მე-16 თავის 25-ე მუხლში, როცა პავლე და სილა „ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს“. თუმცა დილეგში იყვნენ, იმაში დარწმუნებული, რომ ღმერთი იწონებდა მათ, ისე მღეროდნენ, რომ მათი ხმა სხვა პატიმრებსაც კი ესმოდათ! დღეს ჩვენც უნდა ვიყოთ მსგავსად დაჯერებული, როცა რწმენის გამოცდებს ვხვდებით.
15 ეშმაკი უამრავ უამრავ განსაცდელს გვიქმნის. ზოგს წინააღმდეგობა შეიძლება ოჯახის წევრების მხრიდან ხვდება; ბევრ ჩვენს ძმას სასამართლოს წინაშე წარსდგომა უწევს. შეიძლება განდგომილების მხრიდანაც არსებობდეს წინააღმდეგობა. ასევე პრობლემას შეიძლება ეკონომიკური სიდუხჭირე და ყოველდღიური საზრდოს მოსაპოვებლად ზრუნვა ქმნიდეს. შეიძლება ახალგაზრდები თანატოლების ზეგავლენას განიცდიდნენ სკოლაში. როგორ შეგვიძლია წარმატებით გადავლახოთ ასეთი გამოცდები? რა მოითხოვება იმისათვის, რომ დაჯერუბულნი ვიყოთ?
16 ყველაზე მთავარია, შევინარჩუნოთ მჭიდრო ურთიერთობა იეჰოვასთან. როდესაც პავლე და სილა დილეგში იმყოფებოდნენ, არ უჩიოდნენ თავიანთ მდგომარეობას და არ იბრალებდნენ საკუთარ თავს. მათ დაუყოვნებლივ მიმართეს ღმერთს ლოცვით და ხოტბას ასხამდნენ მას გალობით. რატომ? მათ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ თავიანთ ზეციერ მამასთან. მათ ესმოდათ, რომ სიმართლის გამო იტანჯებოდნენ და მათი ხსნა მხოლოდ იეჰოვას შეეძლო (ფსალმ. 3:9).
17 დღეს, როცა გამოცდების წინაშე ვდგებით, ჩვენც იეჰოვაზე უნდა ვიყოთ დაიმედებული. როგორც ქრისტიანებს, პავლე მოგვიწოდებს, რომ ‘ვაუწყოთ ჩვენი სურვილი ღმერთს; და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს ჩვენს გულებსა და ფიქრებს’ (ფილ. 4:6, 7). როგორი მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა გამოცდების გადალახვის დროს მარტო არ დაგვტოვებს! (ეს. 41:10). ის ყოველთვის ჩვენთან იქნება მანამ, სანამ სრული დაჯერებულობით ვემსახურებით (ფსალმ. 45:8).
18 რწმენის გამოვლენაში დიდ დახმარებას გვიწევს იეჰოვასადმი გულმოდგინედ მსახურება (1 კორ. 15:58). პავლე და სილა ციხეში იმის გამო ჩაყარეს, რომ გულმოდგინედ ქადაგებდნენ კეთილ ცნობას. შეწყვიტეს მათ თავიანთი გამოცდების გამო ქადაგება? რასაკვირეველია არა, ისინი ციხეში ყოფნის დროსაც კი აგრძელებდნენ ქადაგებას და მას შემდეგ, რაც გათავისუფლდნენ, გაემგზავრნენ თესალონიკეში და მივიდნენ იუდეველთა სინაგოგაში, რომ ‘ელაპარაკათ მათთან წერილებიდან’ (საქ. 17:1—3). როდესაც ჩვენ ძლიერ რწმენას ვავლენთ იეჰოვას მიმართ და დარწმუნებული ვართ, რომ ჭეშმარიტებაში ვართ, ვერაფერი „შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში“ (რომ. 8:35—39).
19 სრული დაჯერებულობის მაჩვენებელი თანამედროვე მაგალითები. დღეს უამრავ შესანიშნავ მაგალითს გვაძლევენ ის ადამიანები, რომლებიც პავლესა და სილას მსგავსად სრულიად დაჯერებული არიან. და, რომელიც სიკვდილს გადაურჩა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში, ყვება, რა ძლიერ რწმენასა და დაჯერებულობას ავლენდნენ ბანაკში ჩვენი და-ძმები. ის ამბობს: «ერთხელ, დაკითხვის დროს, ოფიცერი მუშტებით წამოვიდა ჩემკენ. „რა გიყოთ, ხალხო?“ — წამოიძახა მან, — დაპატიმრება თქვენზე არ მოქმედებს; ციხეში ჩაგდებას აუღელვებლად ხვდებით; საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნა არ გაწუხებთ. სიკვდილის მისჯის შემთხვევაშიც კი სიმშვიდეს ინარჩუნებთ. რა გიყოთ?“ ». როგორ ვძლიერდებით, როცა ასეთ მძიმე ვითარებაში მყოფი ჩვენი ძმების რწმენას ვხედავთ! ისინი ყოველთვის დაიმედებული იყვნენ, რომ იეჰოვა დაეხმარებოდა მათ განსაცდელის გადატანაში.
20 ალბათ, გვახსოვს, ბოლო წლებში ეთნიკური სიძულვილის დროს, როგორი დაჯერებული იყო ბევრი ჩვენი ძმა. მიუხედავად იმისა, რომ სახიფათო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, პასუხისმგებელი ძმები, ძირითად, ყურადღებას იმას აპყრობდნენ, რომ მათი ძმები და დები სულიერი საკვებით უზრუნველყოფილი ყოფილიყვნენ. ყველა კვლავაც ერთგულად ემსახურება ღმერთს, სრული დაჯერებულობით, რომ ‘ყოველი იარაღი, მათ წინააღმდეგ გამოჭედილი, გაცუდდება’ (ეს. 54:17).
21 ბევრი ჩვენი და-ძმა, რომლებსაც ურწმუნო მეუღლეები ჰყავთ, აგრეთვე ავლენს ძლიერ რწმენასა და მოთმინებას. გვადელუპაში მცხოვრებ ერთ ძმას დიდ წინააღმდეგობას უწევდა თავისი ურწმუნო ცოლი. იმისათვის, რომ ხალისი დაჰკარგოდა და ხელი შეეშალა მისთვის ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებაში, საჭმელს არ უმზადებდა, არ ურეცხავდა, არ უუთოებდა და არ უკემსავდა ტანსაცმელს; დიდი ხნის განმავლობაში არ ელაპარაკებოდა მას. მაგრამ ეს ძმა სრული დაჯერებულობით აგრძელებდა იეჰოვასადმი მსახურებას და ლოცვით მიმართავდა მას დახმარებისთვის, რათა ყველაფერი აეტანა. რამდენ ხანს გასტანა ამან? დაახლოებით 20 წელი; მისი ცოლის დამოკიდებულება მეუღლისადმი ამის შემდეგ თანდათანობით შეიცვალა. საბოლოოდ ამ ძმამ ნამდვილი სიხარული ჰპოვა, რადგან მის მეუღლეს ღვთის სამეფოს იმედი ჩაესახა.
22 დასასრულ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რა დაჯერებულობით მოქმედებენ ჩვენი და-ძმები, რომლებიც ყოველდღიურად სკოლაში თანატოლების მხრიდან წინააღმდეგობას და სხვა სირთულეებს აწყდებიან. ერთი ახალგაზრდა მოწმე გოგონა სკოლაში არსებული ზეგავლენის შესახებ აღნიშნავს: „სკოლაში ყველა იმისკენ გიბიძგებს, რომ რამეში მაინც გამოავლინო ურჩობა. ბავშვები უფრო მეტ პატივს მაშინ გცემენ, როცა მათსავით ურჩი ხდები“. რამხელა წინააღმდეგობას აწყდებიან ახალგაზრდები! მათ მტკიცედ უნდა ჰქონდეთ გადაწყვეტილი გულსა და გონებაში, რომ გაუძლონ ცდუნებას.
23 ბევრი ჩვენი ახალგაზრდა თანამორწმუნე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გამოცდების მიუხედავად უმწიკვლოება შეინარჩუნოს. ამ მხრივ აღსანიშნავია საფრანგეთში მცხოვრები დის მაგალითი. ერთ დღეს, სადილის შემდეგ, რამდენიმე ბიჭი იძულებით ცდილობდა, რომ ეკოცნათ მისთვის, მაგრამ ის ლოცულობდა და არ დანებდა მათ, რის გამოც ბიჭებმა თავი დაანებეს. მოგვიანებით, ერთ-ერთი მათგანი კვლავ მივიდა მასთან და უთხრა, რომ აღფრთოვანებული იყო მისი სიმამაცით. ამ დას შესაძლებლობა მიეცა, მისთვის სამეფოს შესახებ ექადაგა და აეხსნა, როგორ მაღალზნეობრივ ნორმებს ადგენს იეჰოვა ყველასთვის, ვისაც სურს, იყოს მისგან კურთხეული. იმ წლის განმავლობაში ამ დას აგრეთვე შესაძლებლობა მიეცა, მთელი კლასისთვის აეხსნა თავისი მრწამსი.
24 რამხელა პატივია, მათ რიგებს მივეკუთვნებოდეთ, ვისაც იეჰოვა სიამოვნებით იყენებს თავისი ნების სრული დაჯერებულობით გაცხადებისთვის! (კოლ. 4:12). ამავე დროს, ჩვენ შესანიშნავი შესაძლებლობა გვეძლევა, დავამტკიცოთ ჩვენი უმწიკვლობა, როდესაც წინააღმდეგობას გვიწევს ჩვენი ლომივით გააფთრებული მოწინააღმდეგე სატანა ეშმაკი (1 პეტ. 5:8, 9). ნურასდროს დაგავიწყდებათ, რომ იეჰოვა სამეფო ცნობის საშუალებით გვიხსნის როგორც ჩვენ — ამ ცნობის მქადაგებლებს — ისე მათ, ვინც გვისმენს. დაე ჩვენმა გადაწყვეტილებებმა და ყოველდღიურმა ცხოვრების წესმა დაამტკიცოს, რომ სამეფოს პირველ ადგილზე ვაყენებთ. მოდი კვლავაც განვაგრძოთ კეთილი ცნობის სრული დაჯერებულობით ქადაგება!