სინამდვილე ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოების შესახებ
იესო ქრისტემ მხოლოდ ერთი ეკლესია ანუ კრება დააფუძნა. ეს კრება წარმოადგენდა ერთ მთლიან სულიერ სხეულს — სულიერ ოჯახს. ლაპარაკია ღვთის სულიწმიდით ამორჩეულ ადამიანთა ჯგუფზე. ისინი ღმერთმა თავის „შვილებად“ აღიარა (რომაელთა 8:16, 17; გალატელთა 3:26).
იესო ასწავლიდა, რომ ჭეშმარიტებამდე და სიცოცხლემდე ადამიანების მისაყვანად ღმერთი მხოლოდ ერთი საშუალებით სარგებლობდა. ამ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტების თვალსაჩინოდ დასანახვებლად იესომ მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი საშუალება გზას შეადარა. მან თქვა: „შედით ვიწრო კარიბჭით, ვინაიდან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისაკენ მიჰყავს, და მრავალნი დადიან მასზე. ვინაიდან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი ჰპოვებენ მას“ (მათე 7:13, 14; იოანე 14:6; საქმეები 4:11, 12).
გაერთიანებული კრება
„პირველი საუკუნის კრება არ უნდა მივიჩნიოთ თანამედროვე კათოლიკური ეკლესიის მსგავს საერთაშორისო, საყოველთაო და ორგანიზებულ საზოგადოებად“, — ნათქვამია „ახალ თეოლოგიურ ლექსიკონში“. რატომ? „სავსებით მარტივი მიზეზის გამო: ასეთი ორგანიზებული და საყოველთაო საზოგადოება იმ დროს არ არსებობდა“, — დასძენს იგივე ლექსიკონი.
ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანული კრება არანაირად არ ჰგავდა საკმაოდ ოფიციალურ და სტრუქტურულად რთულ თანამედროვე საეკლესიო სისტემას. თუმცა აღსანიშნავია, რომ ის იყო ორგანიზებული. ცალკეული კრებები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ მოქმედებდნენ. ავტორიტეტად ყველა აღიარებდა იერუსალიმში არსებულ ხელმძღვანელ საბჭოს, რომელიც შედგებოდა მოციქულებისა და იერუსალიმის კრების უხუცესებისგან. ეს საბჭო ხელს უწყობდა კრების, როგორც ქრისტეს „ერთი სხეულის“, ერთიანობას (ეფესელთა 4:4, 11—16; საქმეები 15:22—31; 16:4, 5).
რა დაემართა ამ ერთადერთ ჭეშმარიტ კრებას? იქცა ის ძლევამოსილ კათოლიკურ ეკლესიად? რომელიმე პროტესტანტული მიმდინარეობების სახით ხომ არ წარმოგვიდგება? ან იქნებ სულ სხვა რამ მოხდა?
„ხორბალი“ და „ღვარძლი“
ზემოთ მოყვანილ კითხვებზე პასუხების მისაღებად დაწვრილებით განვიხილოთ, რა იწინასწარმეტყველა იესომ. შეიძლება გაგაკვირვოთ იმან, თუ რას მოელოდა თავად იესო. მან იცოდა, რომ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში მის მიერ დაფუძნებული კრების შესახებ არაფერი იქნებოდა ცნობილი; ის დაუშვებდა, რომ ასეთი სამწუხარო მდგომარეობა საუკუნეები გაგრძელებულიყო.
როდესაც იესომ თავისი კრება „ცათა სასუფეველთან“ დააკავშირა, აღნიშნა: «ცათა სასუფეველი ჰგავს ადამიანს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის ყანაში. როცა ხალხს ეძინა, მოვიდა მისი მტერი, ხორბალში ღვარძლი ჩათესა და წავიდა. ხოლო როცა ჯეჯილი ამოვიდა და ნაყოფი გამოიღო, ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი. მივიდნენ მონები და უთხრეს სახლის პატრონს: „ბატონო! განა შენ კარგი თესლი არ დათესე შენს ყანაში? საიდანღა აქვს მას ღვარძლი?“ მან კი უთხრა მათ: „მტერმა კაცმა გააკეთა ეს“. ხოლო მონებმა უთხრეს მას: „გინდა, წავალთ და გავმარგლავთ?“ მაგრამ მან უთხრა: „არა, რათა გამარგვლისას ღვარძლთან ერთად ხორბალიც არ ამოგლიჯოთ. დააცადეთ, ერთად იზარდოს ორივემ მკის დრომდე. მკის დროს კი ვეტყვი მომკალებს: ჯერ ღვარძლი მოაგროვეთ და ძნებად შეჰკარით, რომ დაწვათ ისინი; ხორბალი კი ჩემს ბეღელში შეაგროვეთ“» (მათე 13:24—30).
იესომ განმარტა, რომ თავად „მთესველი“ იყო; „კარგი თესლით“ მისი ნამდვილი მოწაფეები იყვნენ წარმოდგენილნი; მისი „მტერი“ სატანა ეშმაკი იყო, „ღვარძლს“ კი განასახიერებდნენ ეგრეთ წოდებული ქრისტიანები, რომლებიც თანდათანობით გახდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების ნაწილი. იესომ თქვა, რომ „ხორბალსა“ და „ღვარძლს“ ერთად გაზრდის საშუალებას მისცემდა „მკის დრომდე“, რომელიც „წუთისოფლის დასასრულს“ დადგებოდა (მათე 13:37—43). რას ნიშნავდა ყოველივე ეს?
ქრისტიანული კრება შეიბღალა
მოციქულების სიკვდილიდან ცოტა ხანში განდგომილმა მასწავლებლებმა კრების საკუთარი შეხედულებისამებრ მართვა დაიწყეს. ისინი ‘უკუღმართად ლაპარაკობდნენ, რათა მოწაფეები გადაებირებინათ’ (საქმეები 20:29, 30). შედეგად, ბევრი ქრისტიანი ‘განდგა რწმენისგან’. მათ ‘ყური ზღაპრებისკენ მიმართეს’ (1 ტიმოთე 4:1—3; 2 ტიმოთე 4:3, 4).
ახ. წ. IV საუკუნისთვის, როგორც „ახალ თეოლოგიურ ლექსიკონშია“ ნათქვამი, „კათოლიციზმი რომის იმპერიის ოფიციალური . . . რელიგია გახდა; საეკლესიო და საერო საზოგადოება გაერთიანდა“. ეკლესიისა და სახელმწიფოს შერწყმა კი სრულიად ეწინააღმდეგებოდა პირველი ქრისტიანების რწმენას (იოანე 17:16; იაკობი 4:4). იმავე წყაროში აღნიშნულია, რომ დროთა განმავლობაში ეკლესიის სტრუქტურა, აგრეთვე მისი ბევრი ძირითადი სწავლება, რადიკალურად შეიცვალა „ძველი აღთქმისა და ნეოპლატონიზმის უცნაური და სრულიად არაჯანსაღი შერწყმის შედეგად“. იესო ქრისტეს წინასწარმეტყველების თანახმად, მისი ნამდვილი მოწაფეები მრავალრიცხოვანი ეგრეთ წოდებული ქრისტიანების ფონზე მხედველობის არიდან დაიკარგნენ.
იესოს მსმენელებმა იცოდნენ, რა რთული იყო ხორბლის გარჩევა მათრობელა ღვარძლისგან, შხამიანი სარეველა ბალახისგან, რომელიც ზრდის პერიოდში ძალიან ჰგავს ხორბალს. ამ მაგალითით იესომ დაგვანახვა, რომ გარკვეული დროის მანძილზე რთული იქნებოდა ჭეშმარიტი ქრისტიანების ეგრეთ წოდებული ქრისტიანებისგან გარჩევა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტიანული კრება შეწყვეტდა არსებობას; იესო თავის სულიერ ძმებს დაჰპირდა, რომ უხელმძღვანელებდა „ყოველდღე საუკუნის დასასრულამდე“ (მათე 28:20). როგორც მან თქვა, ხორბალი განაგრძობდა ზრდას. უდავოა, რომ საუკუნეების მანძილზე ჭეშმარიტი ქრისტიანები, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად, შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებდნენ იესოს სწავლებების მტკიცედ დასაცავად. მაგრამ, მათი ხილულ სხეულად ანუ ორგანიზაციად ამოცნობა უკვე რთული იყო. ამავე დროს, ისინი ნამდვილად არ იყვნენ იმ ხილული განდგომილი რელიგიური სისტემის ნაწილი, რომელმაც ისტორიის მანძილზე მხოლოდ შეურაცხყო იესო ქრისტეს სახელი (2 პეტრე 2:1, 2).
„გამოჩნდება ურჯულოების კაცი“
პავლე მოციქულმა იწინასწარმეტყველა კიდევ ერთი რამ, რაც ცრუ რელიგიური სისტემის ამოსაცნობი ნიშანი იქნებოდა. მან დაწერა: „არანაირად არ გაცდუნოთ ვინმემ, ვინაიდან ის [იეჰოვას] დღე არ დადგება, სანამ ჯერ განდგომილება არ მოვა და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი“ (2 თესალონიკელთა 2:2—4). ეს „ურჯულოების კაცი“ სწორედ სამღვდელოების კლასია, რომელმაც „ქრისტიანულ“ კრებაზე ბატონობით საკუთარი თავი აღიმაღლაa.
განდგომილება პავლე მოციქულის დღეებიდან დაიწყო. მან უფრო ძლიერ მას შემდეგ მოიკიდა ფეხი, რაც მოციქულები დაიხოცნენ და, შესაბამისად, განდგომილთა მოქმედების შემზღუდველი ფაქტორიც მოიხსნა. როგორც პავლემ თქვა, განდგომილება შესამჩნევი გახდებოდა „სატანის მოქმედებით, ყოველგვარი ყალბი ძალით, ნიშნებითა და სასწაულებით, და უსამართლობის ყველა საცდურით“ (2 თესალონიკელთა 2:6—12). რა ზუსტად არის ამ სიტყვებით აღწერილი მთელი ისტორიის მანძილზე მრავალი რელიგიური წინამძღოლის საქმიანობა!
კათოლიკე წინამძღოლები აცხადებენ, რომ რომის კათოლიკური ეკლესია ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესიაა. თავიანთი განაცხადის მხარდასაჭერად კი ამბობენ, რომ მათ ეპისკოპოსებს „პირველ მოციქულთა მემკვიდრეებად ის თანამიმდევრული ჯაჭვი ხდის, რომელსაც ქრისტიანობის საწყისამდე მივყავართ“. სინამდვილეში, ამ განაცხადს არანაირი ისტორიული ან ბიბლიური საფუძველი არ გააჩნია. იმის არანაირი საფუძვლიანი მტკიცება არ არსებობს, რომ იესოს მოციქულების სიკვდილის შემდეგ შექმნილ საეკლესიო სისტემას როდისმე ღვთის სულიწმიდა ხელმძღვანელობდა (რომაელთა 8:9; გალატელთა 5:19—21).
რისი თქმა შეიძლება იმ რელიგიების შესახებ, რომლებიც ეგრეთ წოდებული რეფორმაციის შემდეგ მალევე მომრავლდნენ? მიჰყვებიან ისინი პირველი ქრისტიანული კრების მიერ დატოვებულ მაგალითს? დაუბრუნდნენ თავდაპირველ სიწმინდეს? თუმცა რეფორმაციის შემდეგ ბიბლია საკუთარ ენაზე ბევრი უბრალო ადამიანისთვის გახდა ხელმისაწვდომი, ისტორია ცხადყოფს, რომ ეს რელიგიები კვლავაც ცრუმოძღვრებების სწავლებას განაგრძობდნენb (მათე 15:7—9).
ზემოთქმულის მიუხედავად, ერთი რამ აღსანიშნავია: იესო ქრისტემ სავსებით ნათლად იწინასწარმეტყველა, რომ მის მიერ დაფუძნებული ერთადერთი და ჭეშმარიტი კრება „წუთისოფლის აღსასრულს“ აღდგებოდა (მათე 13:30, 39). ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულება ცხადყოფს, რომ ჩვენ ზუსტად ამ დროში ვცხოვრობთ (მათე 24:3—35). ამიტომ თითოეულმა უნდა ვკითხოთ საკუთარს თავს: რომელია ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება? ის უფრო და უფრო ადვილად ამოსაცნობი ხდება.
შეიძლება ფიქრობთ, რომ უკვე იპოვეთ ასეთი ეკლესია ანუ კრება, მაგრამ მნიშვნელოვანია ამაში დარწმუნება. რატომ? იმიტომ რომ, როგორც პირველ საუკუნეში, ისე დღესაც შეუძლებელია ჭეშმარიტი სარწმუნოება ერთზე მეტი იყოს. შეამოწმეთ თუ არა, რამდენად შეესაბამება თქვენი სარწმუნოება პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების მიერ დატოვებულ მაგალითს და რამდენად ერთგულად იცავს იესო ქრისტეს სწავლებებს? რატომ არ გააკეთებდით ამას ახლავე? იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებიან (საქმეები 17:11).
[სქოლიოები]
a „ურჯულოების კაცის“ შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიები, br–1, გვერდები 28—32 (რუს.).
b იხილეთ წიგნი „კაცობრიობა ღვთის ძიებაში“, მე–13 თავი, ქვესათაური „რეფორმაცია — ახალი მიმართულების ძიება“, გვერდები 306—328 (ინგლ.).
[სურათები 5 გვერდზე]
რას გვასწავლის ხორბლისა და ღვარძლის შესახებ იესოს მიერ მოყვანილი მაგალითი ჭეშმარიტ კრებასთან დაკავშირებით?
[სურათები 7 გვერდზე]
მიჰყვება თქვენი ეკლესია ქადაგებასა და სწავლებასთან დაკავშირებით პირველი საუკუნის ქრისტიანთა მაგალითს?