-
ზედამხედველები, რომლებიც ღვთის ფარას მწყემსავენორგანიზებულად ვასრულებთ იეჰოვას ნებას
-
-
თავი 5
ზედამხედველები, რომლებიც ღვთის ფარას მწყემსავენ
დედამიწაზე მსახურებისას იესომ დაამტკიცა, რომ „კარგი მწყემსი“ იყო (იოან. 10:11). ხალხის სულიერ მდგომარეობას რომ ხედავდა, „გული ეწვოდა მათ გამო, რადგან უმწყემსო ცხვრებივით გასაცოდავებულნი და დაფანტულნი იყვნენ“ (მათ. 9:36). პეტრესა და სხვა მოციქულებს შეუმჩნეველი არ რჩებოდათ იესოს სიყვარული და მზრუნველობა. როგორ განსხვავდებოდა იესო თვალთმაქცი იუდეველი მწყემსებისგან! მათ სამწყსო უყურადღებოდ ჰყავდათ მიტოვებული — ღვთის ცხვარი დაფანტული და სულიერად დამშეული იყო (ეზეკ. 34:7, 8). მოციქულები ყურადღებით აკვირდებოდნენ, როგორ ასწავლიდა იესო ღვთის ცხვარს და როგორ ზრუნავდა მათზე. მან საკუთარი სიცოცხლეც კი გაწირა მათთვის. მოციქულებმა იესოსგან ისწავლეს, როგორ დახმარებოდნენ მორწმუნე ადამიანებს იეჰოვასთან დაბრუნებაში, რომელიც მათი „მწყემსი და ზედამხედველი“ იყო (1 პეტ. 2:25).
2 ერთხელ პეტრესთან საუბრისას იესომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ღვთის ფარის სულიერად გამოკვება და დამწყემსვა (იოან. 21:15—17). პეტრეს იესოს სიტყვები კარგად დაამახსოვრდა, რაც იქიდან ჩანს, რომ მოგვიანებით მან თავად მოუწოდა ქრისტიანული კრების უხუცესებს: „როგორც ზედამხედველებმა, მწყემსეთ თქვენთვის მობარებული ღვთის სამწყსო, ოღონდ არა იძულებით, არამედ ხალისით, როგორც ღმერთს სურს, არა გამორჩენის მიზნით, არამედ მზადყოფნით. ნუ იბატონებთ მათზე, ვინც ღმერთს ეკუთვნის. მაგალითი მიეცით სამწყსოს“ (1 პეტ. 5:1—3). პეტრეს სიტყვები დღევანდელი ქრისტიანული კრების ზედამხედველებსაც ეხება. უხუცესები იესოს ჰბაძავენ და გულმოდგინედ მსახურობენ, რითაც მაგალითს აძლევენ სამწყსოს (ებრ. 13:7).
უხუცესები იესოს ჰბაძავენ, გულმოდგინედ მსახურობენ და ამით მაგალითს აძლევენ სამწყსოს.
3 მადლიერნი ვართ, რომ კრებაში წმინდა სულით დანიშნული ზედამხედველები გვყავს, რომლებიც მრავალმხრივ ზრუნავენ ჩვენზე. მაგალითად, ისინი ამხნევებენ და მხარში უდგანან თითოეულ თანაქრისტიანს. გარდა ამისა, ყოველკვირეულად უძღვებიან კრების შეხვედრებს, რაც და-ძმებს რწმენის გაძლიერებაში ეხმარება (რომ. 12:8). ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მავნე ზეგავლენისგან დაიცვან სამწყსო (ეს. 32:2; ტიტ. 1:9—11). ზედამხედველები სამქადაგებლო საქმიანობასაც უძღვებიან, რაც აღგვძრავს, რომ ჩვენც ყოველთვე აქტიურად ვიყოთ ჩაბმულნი სასიხარულო ცნობის ქადაგებაში (ებრ. 13:15—17). ეს ძმები არიან „ძღვენი ადამიანთა სახით“, რომელთა მეშვეობითაც იეჰოვა კრების სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნავს (ეფეს. 4:8, 11, 12).
მოთხოვნები ზედამხედველებისთვის
4 ზედამხედველები ღვთის სიტყვაში მოცემულ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდნენ, რათა სათანადოდ იზრუნონ კრებაზე. თუ ისინი ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, შეიძლება ითქვას, რომ წმინდა სულით არიან დანიშნულნი (საქ. 20:28). ქრისტიან ზედამხედველებს არაერთი სერიოზული პასუხისმგებლობა აკისრიათ, ამიტომ ისინი ბიბლიაში ჩაწერილ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ. ამ მოთხოვნების შესრულება არ უჭირთ იმ ძმებს, რომლებსაც გულწრფელად უყვართ იეჰოვა და მზად არიან, მას ემსახურონ. ყველა აშკარად უნდა ხედავდეს, რომ ზედამხედველები ბიბლიური პრინციპების თანახმად ცხოვრობენ.
ზედამხედველები ღვთის სიტყვაში მოცემულ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდნენ, რათა სათანადოდ იზრუნონ კრებაზე.
5 ტიმოთესადმი მიწერილ პირველ წერილსა და ტიტეს მიმართ მიწერილ წერილში მოციქულმა პავლემ მოიხსენია ზედამხედველად მსახურებისთვის საჭირო ძირითადი ბიბლიური მოთხოვნები. 1 ტიმოთეს 3:1—7-ში ვკითხულობთ: „თუ ვინმე ზედამხედველად მსახურებისკენ ისწრაფვის, კარგი საქმე ნდომებია. ზედამხედველი უნდა იყოს ბრალდაუდებელი, ჰყავდეს მხოლოდ ერთი ცოლი, იყოს ზომიერი, საღად მოაზროვნე, წესრიგიანი და სტუმართმოყვარე, უნდა შეეძლოს სწავლება, არ უნდა იყოს ლოთი და მოჩხუბარი, არამედ იყოს კეთილგონიერი; არ უნდა იყოს მოდავე და ფულის მოყვარული. იგი კარგად უნდა უძღვებოდეს ოჯახს და შვილები მთელი შეგნებით უნდა ემორჩილებოდნენ, რადგან, თუ კაცმა ის არ იცის, ოჯახი როგორ განაგოს, ღვთის კრებაზე როგორღა იზრუნებს?! არ უნდა იყოს ახალმოქცეული, რომ არ გაყოყოჩდეს და ეშმაკისთვის გამოტანილი განაჩენი არ დაიტეხოს თავს; გარეშეებიც კარგად უნდა ახასიათებდნენ, რათა ვინმეს გასაკიცხი არ გახდეს და ეშმაკის მახეში არ გაებას“.
6 პავლემ ტიტეს მისწერა: „კრეტაზე იმიტომ დაგტოვე, რომ გამოასწორო ის, რაც გამოსასწორებელია, და ყოველ ქალაქში დანიშნო უხუცესები ჩემი მითითებისამებრ: უხუცესი უნდა იყოს ბრალდაუდებელი, ჰყავდეს მხოლოდ ერთი ცოლი, აგრეთვე მორწმუნე შვილები, რომლებიც არც ურჩები არიან და არც თავაშვებულობაში ედებათ ბრალი. რაკი ზედამხედველი, როგორც ღვთის მიერ დაყენებული მმართველი, ბრალდაუდებელი უნდა იყოს, ის არ უნდა იყოს თავნება, ფიცხი, ლოთი, მოჩხუბარი, ანგარებიანი და ფულს დახარბებული. პირიქით, ის უნდა იყოს სტუმართმოყვარე, კარგის მოყვარული, საღად მოაზროვნე, მართალი, ერთგული და თავშეკავებული; სწავლებისას სარწმუნო სიტყვას უნდა ეყრდნობოდეს, რათა შეეძლოს ჯანსაღი მსჯელობა სხვების გასამხნევებლად და მოწინააღმდეგეთა შესაგონებლად“ (ტიტ. 1:5—9).
7 ამ ბიბლიური მოთხოვნების შესრულება, ერთი შეხედვით, შეიძლება რთული ჩანდეს, მაგრამ ამის გამო ძმებმა ზედამხედველად მსახურებისგან თავი არ უნდა შეიკავონ. როდესაც ზედამხედველები ზემოთ ჩამოთვლილი თვისებებით გამოირჩევიან, კრებაში სხვებსაც აღძრავენ, რომ იგივე თვისებები განივითარონ. როგორც პავლემ დაწერა, ღმერთმა „ძღვენი ადამიანთა სახით“ იმიტომ მოგვცა, „რომ გამოასწორონ წმინდები, მოემსახურონ სხვებს და აღაშენონ ქრისტეს სხეული, სანამ ყველას ერთი რწმენა და ღვთის ძის შესახებ ერთი ცოდნა არ გვექნება, რათა გავხდეთ ზრდადასრულებულნი და მივაღწიოთ მოწიფულობას, ქრისტეს რომ ჰქონდა“ (ეფესოელები 4:8, 12, 13).
8 ზედამხედველები არ უნდა იყვნენ ძალიან ახალგაზრდები ან ახალმოქცეულები; ისინი გამოცდილი ქრისტიანები უნდა იყვნენ, გულწრფელად უნდა უყვარდეთ კრება, ღრმა ბიბლიურ ცოდნას უნდა ფლობდნენ და კარგად ესმოდეთ ბიბლიური პრინციპები. ზედამხედველებს გაბედულება სჭირდებათ შემცოდველთა შესაგონებლად, რათა სამწყსო ავისმზრახველთაგან დაიცვან (ეს. 32:2). კრებაში ყველა უნდა ხედავდეს, რომ ზედამხედველები სულიერად მოწიფული ძმები არიან და გულმოდგინედ ზრუნავენ ღვთის სამწყსოზე.
9 ზედამხედველებად ის ძმები ინიშნებიან, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გონივრულ გადაწყვეტილებებს იღებენ. თუ ზედამხედველი დაქორწინებულია, უნდა იცავდეს ქორწინებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს; მას უნდა ჰყავდეს მხოლოდ ერთი ცოლი და კარგად უნდა უძღვებოდეს ოჯახს. თუ ზედამხედველს მორწმუნე შვილები ჰყავს, რომლებიც მთელი შეგნებით ემორჩილებიან მას, არ არიან ურჩები და თავაშვებულები, კრებაში და-ძმები ოჯახურ თუ ქრისტიანულ ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე რჩევას თავისუფლად ჰკითხავენ. ზედამხედველი აგრეთვე უნდა იყოს ბრალდაუდებელი და გარეშეებიც კარგად უნდა ახასიათებდნენ. ის სამართლიანად ვერავინ უნდა დაადანაშაულოს უღირს საქციელში, რის გამოც კრების სახელი შეილახებოდა. ძმა ზედამხედველად რომ დაინიშნოს, ახლო წარსულში სამართლებრივი შეგონება არ უნდა ჰქონდეს მიღებული. კრებაში თანაქრისტიანებს სურვილი უნდა გაუჩნდეთ, რომ მას მიჰბაძონ, და მისი, როგორც სულიერი მწყემსის, იმედი უნდა ჰქონდეთ (1 კორ. 11:1; 16:15, 16).
10 ეს მოწიფული ძმები, რომლებიც ქრისტიანულ კრებაში მსახურობენ, ისრაელი უხუცესებივით „ბრძენი, გონიერი და გამოცდილი კაცები“ უნდა იყვნენ (კან. 1:13). ქრისტიანი უხუცესები უცოდველები არ არიან, თუმცა მათ პატიოსან და ღვთისმოშიშ მამაკაცებად უნდა იცნობდნენ, რომლებიც ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ღვთის პრინციპებით ხელმძღვანელობენ. ასეთ შემთხვევაში ისინი კრების წინაშე უფრო თამამად შეძლებენ ლაპარაკს (რომ. 3:23).
11 ძმები, რომლებიც ზედამხედველებად ინიშნებიან, ყველაფერში ზომიერები უნდა იყვნენ; არ უნდა იყვნენ ფანატიკოსები და მათ გაწონასწორებულ და თავშეკავებულ ადამიანებად უნდა იცნობდნენ. მათი ზომიერება უნდა ჩანდეს ისეთ საკითხებში, როგორიცაა ჭამა-სმა, დასვენება, ჰობი და გართობა. ისინი ზომიერად უნდა იღებდნენ ალკოჰოლურ სასმელებს, რათა ვერავინ შეძლოს მათი დადანაშაულება სიმთვრალესა თუ ლოთობაში. ალკოჰოლით გონებადაბინდული ადამიანი ადვილად კარგავს თავშეკავების უნარს და ის კრების სულიერ კეთილდღეობაზე ვერ იზრუნებს.
12 კრების საქმეებს რომ გაუძღვეს, აუცილებელია, ძმა წესრიგიანი იყოს, რაზეც მისი ყოველდღიური ცხოვრება უნდა მეტყველებდეს. ამაში შედის ის, თუ როგორ გამოიყურება იგი, რამდენად მოწესრიგებული აქვს სახლ-კარი და როგორ უძღვება პირად საქმეებს. წესრიგიანი ადამიანი საქმეს არ აჭიანურებს; ხედავს, რისი გაკეთებაა საჭირო და შესაბამისად მოქმედებს. იგი ზედმიწევნით იცავს ღვთის პრინციპებს.
13 ზედამხედველი კეთილგონიერი უნდა იყოს. მას უნდა შეეძლოს თანამშრომლობა უხუცესთა საბჭოს სხვა წევრებთან, სწორი თვალსაზრისი უნდა ჰქონდეს საკუთარ თავზე, არ უნდა იყოს ზედმეტად მომთხოვნი, თავდაჯერებული და არ უნდა იფიქროს, რომ მისი მოსაზრებები სხვა უხუცესების მოსაზრებებს სჯობია. შესაძლოა ერთი უხუცესი მეორეზე უკეთ ავლენს ამა თუ იმ თვისებას ან რომელიმე სფეროში უფრო უნარიანია. უხუცესი იმ შემთხვევაში გამოიჩენს კეთილგონიერებას, თუ მისი მოსაზრებები მთლიანად ბიბლიაზე იქნება დაფუძნებული, და შეეცდება, იესო ქრისტეს მიჰბაძოს (ფილ. 2:2—8). უხუცესი, რომელიც სათანადო პატივს სცემს სხვებს და მათ საკუთარ თავზე მაღლა აყენებს, არ იქნება მოჩხუბარი და მოდავე. გარდა ამისა, ის არ უნდა იყოს თავნება, დაჟინებით არ უნდა ცდილობდეს საკუთარი აზრის გატანას და არ უნდა იყოს ფიცხი. მას ყველასთან მშვიდობიანი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს.
14 ზედამხედველი საღად მოაზროვნე უნდა იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ რთულ სიტუაციებშიც კი არ დაკარგოს სიმშვიდე. მას არ უნდა ახასიათებდეს ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა; ღრმად უნდა სწვდებოდეს იეჰოვას პრინციპებს და ხელმძღვანელობდეს კიდეც ამ პრინციპებით. ამასთანავე, მზად უნდა იყოს რჩევებისა და მითითებების გასათვალისწინებლად და არ უნდა თვალთმაქცობდეს.
15 პავლემ ტიტეს შეახსენა, რომ ზედამხედველი კარგის მოყვარული, მართალი და ერთგული უნდა ყოფილიყო. ეს იქიდან გამოჩნდება, თუ როგორ ეპყრობა სხვებს და რამდენად მტკიცედ იცავს იმას, რაც სწორი და მართებულია. იგი იეჰოვას ერთგული მსახური უნდა იყოს და ყოველთვის მისი პრინციპებით ხელმძღვანელობდეს. მას უნდა შეეძლოს კონფიდენციალურობის დაცვა; უნდა იყოს სტუმართმოყვარე და სხვების საკეთილდღეოდ არაფერს არ უნდა იშურებდეს, მათ შორის დროსა და ენერგიას (საქ. 20:33—35).
16 ზედამხედველს უნდა შეეძლოს სწავლება, რათა დაკისრებულ დავალებას წარმატებით გაართვას თავი. პავლემ ტიტეს მისწერა: „სწავლებისას სარწმუნო სიტყვას უნდა ეყრდნობოდეს, რათა შეეძლოს ჯანსაღი მსჯელობა სხვების გასამხნევებლად და მოწინააღმდეგეთა შესაგონებლად“ (ტიტ. 1:9). ზედამხედველს უნდა შეეძლოს მსჯელობა, დამაჯერებელი არგუმენტების მოყვანა, საწინააღმდეგო აზრების გაბათილება და ბიბლიური მუხლების დამაჯერებლად ახსნა, რათა მსმენელებს რწმენა განუმტკიცოს. მას უნდა შეეძლოს სწავლება „კარგ დროშიც და ცუდ დროშიც“ (2 ტიმ. 4:2). ზედამხედველს მოთმინება სჭირდება, რათა რბილად მიუდგეს და ისე შეაგონოს ის, ვინც მცდარი ნაბიჯი გადადგა, დაეჭვებულს ეჭვები გაუფანტოს, რწმენა გაუძლიეროს და კარგი საქმეებისკენ აღძრას. ზედამხედველს უნდა შეეძლოს სწავლება როგორც აუდიტორიის წინაშე, ისე პირადად.
17 უხუცესები გულმოდგინედ უნდა ქადაგებდნენ. უნდა ჩანდეს, რომ ისინი იესოს ჰბაძავენ, რომლისთვისაც სასიხარულო ცნობის ქადაგება უმთავრესი საქმე იყო. იესო თავის მოწაფეებსაც ეხმარებოდა, რომ დახელოვნებული მქადაგებლები გამხდარიყვნენ (მარ. 1:38; ლუკ. 8:1). თუ უხუცესები დატვირთული გრაფიკის მიუხედავად აქტიურად მსახურობენ, და-ძმებსაც გაუჩნდებათ მათი მიბაძვის სურვილი. როცა უხუცესები ოჯახის წევრებთან და თანაქრისტიანებთან ერთად ქადაგებენ, მათაც ამხნევებენ და თავადაც მხნევდებიან (რომ. 1:11, 12).
18 ერთი შეხედვით შეიძლება ისე ჩანდეს, რომ ზედამხედველებს მეტისმეტად ბევრი მოეთხოვებათ. რა თქმა უნდა, ბიბლიაში მოცემულ მაღალზნეობრივ ნორმებს სრულყოფილად ვერცერთი ზედამხედველი ვერ დაიცავს. თუმცა ისე არ უნდა იყოს, რომ ძმა, რომელსაც უხუცესად მსახურებაზე რეკომენდაცია ეწევა, რომელიმე მოთხოვნას აშკარად არ აკმაყოფილებდეს. თითოეული უხუცესი ამა თუ იმ თვისებით გამოირჩევა. მთლიანობაში უხუცესთა საბჭოში მომსახურე ძმები ერთმანეთს ავსებენ იმ თვისებებით, რომლებიც მათ ღვთის კრებაზე ზედამხედველობისთვის სჭირდებათ.
19 როდესაც ძმებს ზედამხედველებად დანიშვნის რეკომენდაციას უწევენ, უხუცესებმა მხედველობაში უნდა მიიღონ პავლე მოციქულის სიტყვები: „ვეუბნები თითოეულ თქვენგანს: იმაზე მეტი ნუ გეგონებათ საკუთარი თავი, ვიდრე სინამდვილეში ხართ, არამედ საღად იაზროვნეთ თითოეულმა იმ რწმენის თანახმად, ღვთისგან რომ მიიღეთ“ (რომ. 12:3). თითოეულმა უხუცესმა საკუთარი თავი სხვებზე დაბლა უნდა დააყენოს. როდესაც უხუცესები მსჯელობენ, რამდენად აკმაყოფილებს ესა თუ ის ძმა ზედამხედველად მსახურების მოთხოვნებს, არცერთი მათგანი არ უნდა იყოს „მეტისმეტად მართალი“ (ეკლ. 7:16). უხუცესთა საბჭოს წევრებმა კარგად იციან, რა მოთხოვნებია ჩაწერილი ბიბლიაში ზედამხედველებისთვის. ამიტომ მათი მიზანია, განსაზღვრონ, აკმაყოფილებს თუ არა მათ მიერ შერჩეული ძმა ამ მოთხოვნებს. რეკომენდაციის გაწევისას უხუცესები მხედველობაში იღებენ ადამიანის არასრულყოფილ ბუნებას, ობიექტურები არიან და არ ახასიათებთ პირფერობა, რაც იმას ცხადყოფს, რომ პატივს სცემენ იეჰოვას სამართლიან პრინციპებს და კრების კეთილდღეობაზე ზრუნავენ. თითოეული ძმისთვის რეკომენდაციის გაწევისას უხუცესებმა უნდა ილოცონ და მიჰყვნენ ღვთის წმინდა სულის ხელმძღვანელობას. ეს არის მათზე დაკისრებული ერთ-ერთი სერიოზული პასუხისმგებლობა. მათ უნდა გაითვალისწინონ პავლეს რჩევა და არავინ დანიშნონ ნაჩქარევად (1 ტიმ. 5:21, 22).
სულის ნაყოფი
20 ზედამხედველები წმინდა სულის ხელმძღვანელობას მიჰყვებიან და სულის ნაყოფს ავლენენ. პავლემ სულის ნაყოფის ცხრა მხარე ჩამოთვალა. ესენია: „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, სიკარგე, რწმენა, რბილი ხასიათი, თავშეკავება“ (გალ. 5:22, 23). მათ ისე უნდა უხელმძღვანელონ კრებას, რომ და-ძმებს სიხარული და ძალა შემატონ და ერთმანეთის მხარდამხარ მსახურებაში დაეხმარონ. უხუცესების ქცევებსა თუ საქმეებში აშკარად უნდა ჩანდეს, რომ ისინი წმინდა სულის მიერ არიან დანიშნულნი (საქ. 20:28).
ზედამხედველები ხელს უწყობენ ერთობას
21 ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უხუცესებმა ერთმანეთთან თანამშრომლობით ხელი შეუწყონ კრების ერთიანობას. უხუცესები ხასიათით შეიძლება განსხვავდებოდნენ, მაგრამ ერთობა რომ შეინარჩუნონ, ერთმანეთს პატივისცემით უნდა მოუსმინონ მაშინაც კი, როცა განსახილველ საკითხზე მათი მოსაზრებები არ ემთხვევა. თუ ბიბლიური პრინციპი არ ირღვევა, თითოეული მათგანი მზად უნდა იყოს, დათმობაზე წავიდეს და მხარი დაუჭიროს უხუცესთა საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას. როდესაც უხუცესი მზად არის, დათმოს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის ხელმძღვანელობს „ღვთიური სიბრძნით“, რომელიც მშვიდობიანი და კეთილგონიერია (იაკ. 3:17, 18). არცერთმა უხუცესმა არ უნდა იფიქროს, რომ სხვებზე მაღლა დგას და არ უნდა შეეცადოს თავისი აზრის გატანას. როდესაც კრების საკეთილდღეოდ ყველა უხუცესი შეთანხმებულად მოქმედებს, ისინი იეჰოვასთან თანამშრომლობენ (1 კორ. თავი 12; კოლ. 2:19).
ზედამხედველად მსახურებისკენ სწრაფვა
22 სულიერად მოწიფულმა ძმებმა ზედამხედველად მსახურებისკენ უნდა ისწრაფონ (1 ტიმ. 3:1). მათ უნდა ახსოვდეთ, რომ უხუცესად მსახურება დიდ ძალისხმევასა და თავგანწირვას მოითხოვს. ისინი მზად უნდა იყვნენ, ემსახურონ და-ძმებს და იზრუნონ მათ სულიერ კეთილდღეობაზე. ვისაც ზედამხედველად მსახურება სურს, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ბიბლიაში მოცემულ მოთხოვნებს შეესაბამებოდეს.
მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს
23 ძმას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ერთგულად მსახურობდა ზედამხედველად, შეიძლება ავადმყოფობის, ხანდაზმულობისა თუ სხვა მიზეზების გამო ამ პასუხისმგებლობის შესრულება გაუჭირდეს. თუმცა, თუ ის კვლავაც უხუცესად მსახურობს, სათანადო პატივისცემას იმსახურებს. მისგან არ მოითხოვება, მხოლოდ იმიტომ თქვას უარი ზედამხედველად მსახურებაზე, რომ მისი შესაძლებლობები შეზღუდულია. იგი კვლავაც ორმაგი პატივის ღირსია, როგორც ყველა გამრჯე უხუცესი, რომლებიც თავდაუზოგავად ზრუნავენ სამწყსოზე.
24 თუ ძმა ფიქრობს, რომ მდგომარეობა ხელს აღარ უწყობს, რომ უხუცესად იმსახუროს, და უმჯობესი იქნებოდა, უარი ეთქვა ამ პასუხისმგებლობაზე, მას შეუძლია ასე მოიქცეს (1 პეტ. 5:2). მართალია, ის აღარ შეასრულებს უხუცესის მოვალეობებს, მაგრამ თანამორწმუნეებმა კვლავაც პატივი უნდა სცენ. მას მაინც შეუძლია კრებისთვის ბევრი კარგი საქმის გაკეთება.
სხვადასხვა მოვალეობა კრებაში
25 უხუცესები სხვადასხვა მოვალეობას ასრულებენ. მაგალითად, კრებაში მსახურობენ უხუცესთა საბჭოს კოორდინატორი, მდივანი, სამსახურებრივი ზედამხედველი, „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის ხელმძღვანელი და შეხვედრის, „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“, ზედამხედველი. უხუცესების უმეტესობა სამქადაგებლო ჯგუფის ზედამხედველად მსახურობს. ამ მოვალეობებს უხუცესები განუსაზღვრელი დროით ასრულებენ. მაგრამ, თუ ძმა სხვა კრებაში გადადის ან ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვეღარ ასრულებს თავის მოვალეობებს ანდა აღარ შეესაბამება ბიბლიურ მოთხოვნებს, მაშინ მის მოვალეობას სხვა უხუცესი შეასრულებს. იმ კრებებში, სადაც ზედამხედველების ნაკლებობაა, ზოგ უხუცესს შეიძლება ერთდროულად რამდენიმე მოვალეობის შესრულება უწევდეს მანამ, სანამ სხვა ძმები არ დაინიშნებიან უხუცესებად.
26 უხუცესთა საბჭოს კოორდინატორი უხუცესთა საბჭოს შეხვედრებს უძღვება. იგი თავმდაბლად თანამშრომლობს სხვა უხუცესებთან, რათა ერთად იზრუნონ ღვთის სამწყსოზე (რომ. 12:10; 1 პეტ. 5:2, 3). ის უნდა იყოს კარგი ორგანიზატორი და ხელმძღვანელი (რომ. 12:8).
27 მდივანს ავალია კრების დოკუმენტაციის წარმოება. ის უხუცესებს საყურადღებო ინფორმაციას აწვდის. საჭიროების შემთხვევაში მისთვის დახმარების გაწევა შეიძლება სხვა უხუცესს ან შესაფერის მომსახურეს დაევალოს.
28 სამქადაგებლო მსახურებას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს სამსახურებრივი ზედამხედველი უწევს ორგანიზებას. ის ადგენს სამქადაგებლო მსახურების ჯგუფების მონახულების გეგმას ისე, რომ ყოველი თვის ერთ-ერთ შაბათ-კვირას თითო ჯგუფი მოინახულოს. შედარებით პატარა კრებებში, სადაც მხოლოდ რამდენიმე სამქადაგებლო მსახურების ჯგუფია, მას შეუძლია წელიწადში ორჯერაც მოინახულოს თითო ჯგუფი. მონახულების დროს ის ატარებს სამქადაგებლო მსახურების შეხვედრებს, თანამშრომლობს ჯგუფში მსახურ მაუწყებლებთან და მათ განმეორებითი მონახულებების გაკეთებასა და ბიბლიის შესწავლების ჩატარებაში ეხმარება.
სამქადაგებლო ჯგუფის ზედამხედველები
29 კრებაში სამქადაგებლო ჯგუფის ზედამხედველად მსახურება დიდი პატივია. სამქადაგებლო ჯგუფის ზედამხედველის პასუხისმგებლობაა: 1) იზრუნოს თავის სამქადაგებლო ჯგუფში თითოეული მაუწყებლის სულიერ კეთილდღეობაზე; 2) დაეხმაროს ჯგუფში ყველას, რომ რეგულარულად და გულმოდგინედ იმსახურონ და სიხარული არ დაკარგონ; 3) მოამზადოს მის ჯგუფში მყოფი მომსახურეები, რომ კრებაში სხვადასხვა პასუხისმგებლობა შეასრულონ. უხუცესთა საბჭომ სამქადაგებლო ჯგუფის ზედამხედველებად ისეთი უხუცესები უნდა შეარჩიოს, რომლებიც ამ მოვალეობას საუკეთესოდ გაართმევენ თავს.
30 ვინაიდან სამქადაგებლო ჯგუფის ზედამხედველად მსახურება სერიოზული პასუხისმგებლობაა, თუ შესაძლებელია, ამ საქმის შესასრულებლად უხუცესები უნდა დაინიშნონ. თუმცა, ეს საქმე შეიძლება უნარიან მომსახურესაც დაევალოს, ვიდრე სხვა უხუცესი არ დაინიშნება და არ გადაიბარებს ამ მოვალეობას. მომსახურეს, რომელსაც ჯგუფის ზედამხედველის მოვალეობა აკისრია, ჯგუფის მსახური ეწოდება, რადგან ის უხუცესად არ მსახურობს. იგი დაკისრებულ პასუხისმგებლობას უხუცესების ხელმძღვანელობით ასრულებს.
31 როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჯგუფის ზედამხედველის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვალეობა თავის ჯგუფში სამქადაგებლო მსახურების ხელმძღვანელობაა. როდესაც ის რეგულარულად და გულმოდგინედ მონაწილეობს სამქადაგებლო საქმეში, მისი შემართება სხვა და-ძმებსაც გადაედებათ. ვინაიდან მაუწყებლებისთვის გამამხნევებელი და წამახალისებელია ერთად მსახურება, საჭიროა ჯგუფური ქადაგებისთვის ისეთი დრო შეირჩეს, რომელიც უმრავლესობისთვის მოსახერხებელი იქნება (ლუკ. 10:1—16). ზედამხედველმა უნდა იზრუნოს, რომ ჯგუფს ყოველთვის ჰქონდეს სამქადაგებლო უბნები საკმარისი რაოდენობით. ძირითადად, ის ატარებს სამქადაგებლო მსახურების შეხვედრას და ანაწილებს მაუწყებლებს. თუ ვერ ახერხებს მისვლას, მაშინ სხვა უხუცესს, მომსახურეს ან მათი არყოფნის შემთხვევაში რომელიმე გამოცდილ მაუწყებელს უნდა სთხოვოს შეხვედრის ჩატარება, რათა ჯგუფი საჭირო ხელმძღვანელობის გარეშე არ დარჩეს.
32 ჯგუფის ზედამხედველი წინასწარ უნდა მოემზადოს სამსახურებრივი ზედამხედველის მონახულებისთვის, თავის ჯგუფს შეატყობინოს მისი მონახულების დრო და აუხსნას, რა სარგებლობას მოუტანს მათ ეს მონახულება. თუ ჯგუფში ყველას კარგად ესმის მონახულების მნიშვნელობა, ისინი მხარს დაუჭერენ ამ ღონისძიებას.
33 სამქადაგებლო მსახურების ჯგუფში ბევრი მაუწყებელი არ უნდა იყოს. ეს საშუალებას მისცემს ზედამხედველს, რომ ჯგუფში ყველა კარგად გაიცნოს. როგორც მოსიყვარულე მწყემსი, იგი გულწრფელად უნდა იყოს დაინტერესებული თითოეული მაუწყებლით, უნდა ცდილობდეს, დაეხმაროს მათ და გაუღვივოს ქადაგების, კრების შეხვედრებზე დასწრებისა და პროგრამაში მონაწილეობის სურვილი. ის ყოველმხრივ უნდა დაეხმაროს მათ სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებაში. თუ ვინმე ავადმყოფობს ან დეპრესიაშია, მას ძალიან გაამხნევებს ზედამხედველის მონახულება. მისმა გამამხნევებელმა საუბარმა და პრაქტიკულმა რჩევებმა ზოგი მაუწყებელი შეიძლება კარგი საქმეებისკენ წაახალისოს, რათა უფრო მეტად დაეხმაროს და-ძმებს. მართალია, ჯგუფის ზედამხედველი, უმთავრესად, თავის ჯგუფში მყოფ და-ძმებს უნდა დაეხმაროს, მაგრამ როგორც უხუცესმა და მწყემსმა, მან სიყვარულით უნდა იზრუნოს კრებაში ყველა მაუწყებელზე და საჭიროების შემთხვევაში მზად იყოს ნებისმიერი მაუწყებლის დასახმარებლად (საქ. 20:17, 28).
34 ჯგუფის ზედამხედველი მდივანს ეხმარება თავის ჯგუფში მყოფი მაუწყებლების სამქადაგებლო მსახურების ანგარიშების შეგროვებაში. თითოეულმა მაუწყებელმა დროულად უნდა ჩააბაროს სამქადაგებლო მსახურების ანგარიში. მათ შეუძლიათ ყოველი თვის ბოლოს უშუალოდ ჯგუფის ზედამხედველს გადასცენ ანგარიში ან იეჰოვას მოწმეთა დარბაზში ანგარიშებისთვის განკუთვნილ ყუთში ჩააგდონ.
კრების სამსახურებრივი კომიტეტი
35 კრების სამსახურებრივი კომიტეტი სხვადასხვა მოვალეობას ასრულებს. ამ კომიტეტში შედიან უხუცესთა საბჭოს კოორდინატორი, მდივანი და სამსახურებრივი ზედამხედველი. მაგალითად, სამსახურებრივი კომიტეტის ნებართვაა საჭირო, რომ იეჰოვას მოწმეთა დარბაზი ქორწინებისა თუ დაკრძალვის მოხსენების წარმოსათქმელად იქნეს გამოყენებული. სამსახურებრივი კომიტეტი ანაწილებს მაუწყებლებს სამქადაგებლო მსახურების ჯგუფებში და განიხილავს პიონერად ან დამხმარე პიონერად მსახურების მსურველთა განცხადებებს, აგრეთვე მათ განცხადებებს, ვისაც სხვა სახით სურს მსახურების გაფართოება. სამსახურებრივი კომიტეტის წევრები უხუცესთა საბჭოს ხელმძღვანელობით მოქმედებენ.
36 ამ ძმების, მათ შორის, „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის ხელმძღვანელის, შეხვედრის, „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“, ზედამხედველისა და უხუცესთა საბჭოში მომსახურე სხვა ძმების მოვალეობები უფრო დაწვრილებით განიხილება ფილიალის მიერ მოწოდებულ მითითებებში.
37 უხუცესთა საბჭო პერიოდულად იკრიბება, რათა კრების სულიერ წინსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილოს. ორი ასეთი შეხვედრა წლის განმავლობაში სარაიონო ზედამხედველის მონახულებების დროს იმართება. უხუცესთა საბჭოს შეხვედრა სარაიონო ზედამხედველის ყოველი მონახულებიდან დაახლოებით სამი თვის შემდეგაც უნდა დაიგეგმოს. საჭიროებიდან გამომდინარე უხუცესებს, რასაკვირველია, ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეიკრიბონ.
„დაემორჩილეთ მათ“
38 მართალია, ზედამხედველები არასრულყოფილები არიან, მაგრამ ამის გამო კრებაში არავინ უნდა თქვას უარი მათდამი მორჩილებაზე. ისინი იეჰოვას მიერ არიან დანიშნულნი და მის წინაშე აგებენ პასუხს. თეოკრატიული მმართველობა სწორედ ამ ძმების მეშვეობით ხორციელდება. ებრაელების 13:17-ში ნათქვამია: „გაუგონეთ მათ, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია და დაემორჩილეთ, რადგან ისინი მუდამ ზრუნავენ თქვენზე, როგორც ანგარიშვალდებულნი, რათა ამას სიხარულით აკეთებდნენ და არა ოხვრით, ვინაიდან ეს საზიანო იქნებოდა თქვენთვის“. იეჰოვა წმინდა სულით ნიშნავს ზედამხედველებს. თუ რომელიმე ზედამხედველი აღარ ავლენს სულის ნაყოფს და მისი ცხოვრების წესი აღარ შეესაბამება ბიბლიურ მოთხოვნებს, ღმერთი ამავე სულის მეშვეობით ჩამოართმევს მას ამ პასუხისმგებლობას.
39 ჩვენ მადლიერნი ვართ კრების ზედამხედველების, რომლებიც მუხლჩაუხრელად შრომობენ და კარგ მაგალითს გვაძლევენ. თესალონიკეს კრებისადმი მიწერილ წერილში პავლემ ძმებს მოუწოდა: „ახლა გთხოვთ, ძმებო, რომ პატივი სცეთ მათ, ვინც ირჯება თქვენ შორის, ვინც გხელმძღვანელობთ უფლის საქმეში და შეგაგონებთ; დიდად დააფასეთ ისინი და გიყვარდეთ იმ საქმის გამო, რომელსაც აკეთებენ“ (1 თეს. 5:12, 13). კრების ზედამხედველები ბევრს ირჯებიან, რათა ჩვენთვის ღვთისადმი მსახურება უფრო იოლი და სასიამოვნო იყოს. ტიმოთესადმი მიწერილ პირველ წერილში პავლე წერს, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ კრებაში და-ძმებს ზედამხედველებისადმი: „უხუცესები, რომლებიც კარგად უძღვებიან კრებას, ორმაგი პატივის ღირსნი არიან, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც სიტყვასა და სწავლების საქმეში ბევრს ირჯებიან“ (1 ტიმ. 5:17).
ზედამხედველთა სხვა პასუხისმგებლობები
40 ზოგ უხუცესს პაციენტთა მონახულების ჯგუფებში ნიშნავენ, ზოგს კი — საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტებში. ამ კომიტეტის წევრები ექიმებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რათა მათ სისხლის გამოყენების გარეშე უმკურნალონ იეჰოვას მოწმეებს. ზოგი ზედამხედველი მონაწილეობას იღებს იეჰოვას მოწმეთა დარბაზების, მათ შორის საკონგრესო დარბაზების მშენებლობასა თუ მოვლა-პატრონობაში ან კონგრესის კომიტეტში მსახურობს. იეჰოვას ორგანიზაციაში ყველა ძალიან აფასებს ამ ძმებს გულმოდგინე შრომისა და მზადყოფნისთვის, რადგან ისინი დროსა და ენერგიას არ იშურებენ დაკისრებული საქმის შესასრულებლად. ასეთი ძმები ნამდვილად დასაფასებლები არიან (ფილ. 2:29).
სარაიონო ზედამხედველი
41 ხელმძღვანელი საბჭოს ნებართვით შესაფერისი უხუცესები სარაიონო ზედამხედველებად ინიშნებიან. ფილიალის დავალებით ისინი, როგორც წესი, წელიწადში ორჯერ ინახულებენ თავიანთი რაიონის კრებებს. გარდა ამისა, დროდადრო ისინი ინახულებენ პიონერებს, რომლებიც დაშორებულ ტერიტორიებზე მსახურობენ. სარაიონო ზედამხედველები ადგენენ მონახულების გეგმას და კრებებს დიდი ხნით ადრე ატყობინებენ მონახულების დროს, რათა ეს ღონისძიება ნაყოფიერი იყოს.
42 უხუცესთა საბჭოს კოორდინატორი ორგანიზებას უწევს მონახულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რათა მონახულება ყველასთვის გამამხნევებელი იყოს (რომ. 1:11, 12). როდესაც უხუცესთა საბჭოს კოორდინატორი შეიტყობს მონახულების თარიღისა და სარაიონო ზედამხედველისა და მისი მეუღლის საჭიროებების შესახებ, იგი ძმების დახმარებით იზრუნებს დაბინავებასა თუ სხვა აუცილებელ საკითხებზე. მან უნდა იზრუნოს იმაზეც, რომ ყველას, მათ შორის სარაიონო ზედამხედველს, დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეს.
43 სამქადაგებლო მსახურებისა თუ სხვა შეხვედრების დაგეგმვასთან დაკავშირებით სარაიონო ზედამხედველი უკავშირდება უხუცესთა საბჭოს კოორდინატორს. შეხვედრების დაგეგმვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სარაიონო ზედამხედველის რჩევები და ფილიალის მიერ მოწოდებული მითითებები. ყველამ წინასწარ უნდა იცოდეს კრების შეხვედრების, პიონერებთან შეხვედრის, უხუცესებთან და მომსახურეებთან შეხვედრისა და სამქადაგებლო მსახურების შეხვედრების ჩატარების დრო და ადგილი.
44 სარაიონო ზედამხედველი სამშაბათს ნაშუადღევს ამოწმებს „კრების მაუწყებლის ანგარიშების“ ბარათებს, კრების შეხვედრებზე დასწრების ანგარიშს, უბნების დამუშავების მონაცემებსა და საფინანსო ანგარიშებს. ეს მას გარკვეულ წარმოდგენას უქმნის კრების საჭიროებებზე და იმაზე, თუ რით შეუძლია დაეხმაროს ძმებს, რომლებიც დოკუმენტაციას აწარმოებენ. უხუცესთა საბჭოს კოორდინატორმა წინასწარ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ სარაიონო ზედამხედველს ხელთ ჰქონდეს შესამოწმებელი დოკუმენტაცია.
45 კრების მონახულებისას სარაიონო ზედამხედველი დროს გამოყოფს, რათა პირადად გაესაუბროს მაუწყებლებს — იქნება ეს შეხვედრებზე, სამქადაგებლო მსახურებაში, სადილობისას თუ სხვა დროს. გარდა ამისა, იგი ხვდება უხუცესებსა და მომსახურეებს, აძლევს დროულ ბიბლიურ დარიგებებს, პრაქტიკულ რჩევებს და ამხნევებს, რაც მათ თავიანთი მოვალეობების შესრულებაში, ღვთის ფარის დამწყემსვაში, ეხმარება (იგავ. 27:23; საქ. 20:26—32; 1 ტიმ. 4:11—16). იგი პიონერებსაც ხვდება, რათა გაამხნეოს ისინი და იმ სიძნელეების დაძლევაში დაეხმაროს, რომლებსაც მსახურებაში ხვდებიან.
46 თუ კრებაში სხვა საკითხებიცაა მოსაგვარებელი, კრების მონახულებისას სარაიონო ზედამხედველი დაეხმარება ძმებს ამ საკითხების მოგვარებაში. თუ წამოჭრილი საკითხი მონახულების კვირაში ვერ მოგვარდება, მას შეუძლია დაეხმაროს უხუცესებსა თუ სხვებს შესაბამისი ბიბლიური მითითებების მოძებნაში. თუ აუცილებელია რომელიმე საკითხის გადაჭრაში ფილიალის ჩართვა, სარაიონო ზედამხედველი და უხუცესები დაწვრილებით ინფორმაციას მიაწვდიან ფილიალს.
47 კრების მონახულებისას სარაიონო ზედამხედველი კრების ყველა შეხვედრას ესწრება. შეხვედრებში შესაძლოა დროდადრო ცვლილებები მოხდეს ფილიალიდან მიღებული მითითებების შესაბამისად. სარაიონო ზედამხედველი წარმოთქვამს რამდენიმე მოხსენებას იმ მიზნით, რომ გაამხნეოს და წაახალისოს და-ძმები და მათ რჩევა-დარიგებები მისცეს. იგი შეეცდება თითოეულ დამსწრეს იეჰოვას, იესო ქრისტესა და ორგანიზაციისადმი სიყვარული გაუღრმაოს.
48 სარაიონო ზედამხედველის მონახულების ერთ-ერთი მიზანია, წაახალისოს მაუწყებლები მსახურებაში აქტიური მონაწილეობისკენ და პრაქტიკული რჩევები მისცეს. მაუწყებელთა უმრავლესობა ალბათ შეძლებს, წინასწარ ისე დაგეგმოს საქმეები, რომ მონახულების კვირაში უფრო მეტი დრო დაუთმოს ქადაგებას. სარაიონო მონახულების თვეში მათ შესაძლოა დამხმარე პიონერებად მსახურება დაგეგმონ. სარაიონო ზედამხედველთან ან მის ცოლთან ერთად ქადაგება ნებისმიერ მაუწყებელს შეუძლია. კარგი იქნება, თუ სარაიონო ზედამხედველთან ან მის ცოლთან ერთად ბიბლიის შესწავლას ჩაატარებ ან განმეორებით მონახულებას გააკეთებ. ძალ-ღონეს ნუ დაიშურებ, რომ მონახულების კვირაში მაქსიმალურად ჩაერთო სამქადაგებლო საქმეში (იგავ. 27:17).
49 თითოეულ რაიონში ყოველწლიურად ორი სარაიონო კონგრესი იმართება, რომელთა ჩატარებაზეც სარაიონო ზედამხედველია პასუხისმგებელი. სარაიონო ზედამხედველი ნიშნავს კონგრესის ზედამხედველსა და კონგრესის ზედამხედველის დამხმარეს. ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ სარაიონო ზედამხედველთან და მას კონგრესის ორგანიზებაში ეხმარებიან. ეს საშუალებას აძლევს სარაიონო ზედამხედველს, ყურადღება უმთავრესად კონგრესის პროგრამაზე გადაიტანოს. მის მიერ შერჩეული სხვა შესაფერისი ძმები კონგრესის სხვადასხვა განყოფილებაში მსახურობენ. ყოველი კონგრესის შემდეგ ის ორგანიზებას უწევს რაიონის საფინანსო ანგარიშის შემოწმებას. წელიწადში ერთ სარაიონო კონგრესზე მოწვეულია მომხსენებელი ფილიალიდან. შორი მანძილის ან საკონგრესო დარბაზის ფართის სიმცირის გამო რაიონი შეიძლება ორ ნაწილად გაიყოს და სარაიონო კონგრესი ცალ-ცალკე ჩატარდეს.
50 ყოველი თვის ბოლოს სარაიონო ზედამხედველი სამქადაგებლო მსახურების ანგარიშს ფილიალს უგზავნის. თუ კრებები ვერ ფარავენ მისი მგზავრობის, კვების, დაბინავებისა თუ მისი მსახურებისთვის საჭირო სხვა მცირე ხარჯებს, მაშინ მას შეუძლია ამ ხარჯების ანაზღაურება ფილიალს სთხოვოს. მიმომსვლელი ზედამხედველები დარწმუნებულები არიან, რომ, თუ იეჰოვას საქმეს პირველ ადგილზე დააყენებენ, იესოს დაპირებისამებრ, მატერიალურადაც უზრუნველყოფილნი იქნებიან (ლუკ. 12:31). კრებებისთვის ამ ერთგული უხუცესების მიმართ სტუმართმოყვარეობის გამოვლენა დიდი პატივია (3 იოან. 5—8).
ფილიალის კომიტეტი
51 იეჰოვას მოწმეთა თითოეულ ფილიალში სამი ან მეტი სულიერად მოწიფული და გამოცდილი ძმა ფილიალის კომიტეტში მსახურობს. ისინი სამქადაგებლო საქმიანობას ზედამხედველობენ იმ ქვეყანასა თუ ქვეყნებში, რომლებიც ფილიალს ექვემდებარება. ერთ-ერთი ძმა ფილიალის კომიტეტის კოორდინატორად მსახურობს.
52 ფილიალის კომიტეტის წევრები ისეთ საკითხებს წყვეტენ, რომლებიც მათი ფილიალის ტერიტორიაზე არსებულ კრებებს ეხება. ეს კომიტეტი ზედამხედველობს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგების საქმეს ფილიალის ტერიტორიაზე და ზრუნავს კრებებისა და რაიონების ჩამოყალიბებაზე. ფილიალის კომიტეტი მისიონერების, სპეციალური პიონერების, პიონერებისა და დამხმარე პიონერების საქმიანობასაც მეთვალყურეობს. იმისათვის, რომ კონგრესები „წესისა და რიგისამებრ“ ჩატარდეს, კომიტეტის წევრები ორგანიზებას უწევენ მოსამზადებელ სამუშაოებს და ძმებს დავალებებს აძლევენ (1 კორ. 14:40).
53 ზოგ ქვეყანაში, რომლის თეოკრატიულ საქმიანობასაც სხვა ქვეყნის ფილიალის კომიტეტი ზედამხედველობს, ქვეყნის კომიტეტი ინიშნება, რაც ფილიალის კომიტეტს თეოკრატიული საქმიანობის უკეთ წარმართვის საშუალებას აძლევს. ქვეყნის კომიტეტი უძღვება ბეთელის საქმიანობას, აჯამებს მიღწეულ შედეგებს, აწარმოებს მიმოწერას და ქვეყანაში თეოკრატიულ საქმიანობაზე ზრუნავს. სამეფოს საქმის წინ წასაწევად ქვეყნის კომიტეტი ფილიალის კომიტეტთან თანამშრომლობს.
54 ფილიალის კომიტეტისა და ქვეყნის კომიტეტის ყველა წევრს ხელმძღვანელი საბჭო ნიშნავს.
მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები
55 ხელმძღვანელი საბჭო დროდადრო სულიერად მოწიფულ ძმებს მთელ მსოფლიოში ფილიალების მონახულებას ავალებს. ამ ძმებს მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები ეწოდებათ. მათი მიზანია, გაამხნეონ ბეთელის ოჯახი და დაეხმარონ ფილიალის კომიტეტს იმ საკითხების მოგვარებაში, რომლებიც სამქადაგებლო და მოწაფეების მომზადების საქმესთან დაკავშირებით წამოიჭრება. მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი აგრეთვე ხვდება ზოგიერთ სარაიონო ზედამხედველს და პერიოდულად — მისიონერებს. იგი მათ პრობლემებსა და საჭიროებებს ეცნობა და ამხნევებს მათ, რათა კვლავაც მთელი შემართებით შეასრულონ სამეფოს შესახებ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების უმნიშვნელოვანესი საქმე.
56 მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი განსაკუთრებით ინტერესდება იმით, თუ რა იქნა მიღწეული სამეფოს შესახებ ქადაგებასა და კრებებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში. თუ დრო საშუალებას აძლევს, იგი აგრეთვე ინახულებს მთარგმნელობით ოფისებს. ფილიალების მონახულებისას მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი შეძლებისდაგვარად მონაწილეობს სამქადაგებლო მსახურებაში.
ზედამხედველებისადმი მორჩილებით, რომელთაც ღვთის ფარის მწყემსვა აქვთ დავალებული, კრების თავთან, იესო ქრისტესთან, ვთანამშრომლობთ.
სიყვარულით გაწეული ზედამხედველობა
57 მოწიფული ქრისტიანი ძმების შრომასა და მზრუნველობას ჩვენთვის დიდი სარგებლობა მოაქვს. ზედამხედველებისადმი მორჩილებით, რომელთაც ღვთის ფარის მწყემსვა აქვთ დავალებული, კრების თავთან, იესო ქრისტესთან, ვთანამშრომლობთ (1 კორ. 16:15—18; ეფეს. 1:22, 23). ამ ყოველივეს შედეგი ისაა, რომ ღვთის სული ყველა კრებაში მოქმედებს და ღვთის სიტყვის ძალით სამეფოს საქმე მთელ დედამიწაზე სრულდება (ფსალმ. 119:105).