„მთელი გულმოდგინებით იკითხე“
ცხოველებს არ შეუძლიათ ის, რასაც ახლა შენ აკეთებ. ყოველმა მე-6 ადამიანმა კითხვა არ იცის — ხშირად იმის გამო, რომ სკოლაში არ უვლიათ. ბევრმა იცის კითხვა, მაგრამ იშვიათად კითხულობს. კითხვის უნარი შესაძლებლობას გაძლევს, „იმოგზაურო“ უცხო ქვეყნებში, „შეხვდე“ ადამიანებს, მათი გამოცდილებით გაიმდიდრო ცხოვრება და შეიძინო პრაქტიკული ცოდნა, რომელიც ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებაში დაგეხმარება.
ახალგაზრდის განათლებაც კითხვის უნარზეა დამოკიდებული. ეს უნარი გავლენას მოახდენს იმაზეც, თუ როგორ სამსახურს იშოვის და დღეში რამდენი საათი მოუწევს მუშაობა თავის სარჩენად. კითხვა დიასახლისებს შესაძლებლობას აძლევს, უკეთ იზრუნონ ოჯახზე — განსაზღვრონ კვების სათანადო რაციონი, დაიცვან ჰიგიენური ნორმები და თავიდან აიცილონ დაავადებები. დედები, რომელთაც კითხვა უყვართ, უკეთ ეხმარებიან შვილებს გონებრივ განვითარებაში.
ყველაზე დიდი სარგებლობა კი კითხვას იმ მხრივ მოაქვს, რომ მისი საშუალებით „შეიძენ ცოდნას ღვთის შესახებ“ (იგავ. 2:5). ღვთისადმი მსახურებაში მრავალმხრივ ვიყენებთ კითხვის უნარს. კრების შეხვედრებზე ვკითხულობთ ბიბლიურ მუხლებსა და ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს. ის, თუ როგორ ვკითხულობთ, დიდ გავლენას ახდენს სამქადაგებლო მსახურების ხარისხზე. გარდა ამისა, ყოველივე ამისთვის კითხვით ვემზადებით. ამიტომაც სულიერი ზრდა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კითხვაზე.
საუკეთესოდ გამოიყენე შესაძლებლობა
ზოგს, ვინც ღვთის გზებს სწავლობს, კარგი განათლება არა აქვს მიღებული. სულიერი ზრდისთვის მათ შეიძლება დახმარება დასჭირდეთ იმისათვის, რომ ისწავლონ კითხვა ან გაიუმჯობესონ კითხვის უნარი. საჭიროების შემთხვევაში კრებები ორგანიზებას უწევენ წერა-კითხვის შემსწავლელ კურსებს. ეს კურსები ბევრს დაეხმარა. ზოგ კრებაში თეოკრატიული მსახურების სკოლასთან ერთად ტარდება სპეციალური გაკვეთილები კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად. იქაც კი, სადაც ასეთი შეხვედრები გათვალისწინებული არ არის, შესაძლებელია ამ მხრივ გაუმჯობესება ყოველდღიურად ხმამაღლა კითხვით, თეოკრატიული მსახურების სკოლის შეხვედრებზე რეგულარული დასწრებითა და მონაწილეობის მიღებით.
სამწუხაროდ, კომიქსებისა თუ ტელევიზიის გავლენით ბევრმა დაივიწყა კითხვა. თუ მთელ დროს ტელევიზორს დავუთმობთ და საკმარისად არ ვიკითხავთ, ხელი შეგვეშლება კითხვის, საღი აზროვნების, მსჯელობისა და აზრების ჩამოყალიბების უნარის განვითარებაში.
პუბლიკაციებს, რომლებიც ბიბლიის გაგებაში გვეხმარება, „ერთგული და გონიერი მონა“ გვაწვდის. მათი საშუალებით დიდ ცოდნას ვიღებთ უმნიშვნელოვანესი სულიერი საკითხების შესახებ (მათ. 24:45; 1 კორ. 2:12, 13). აგრეთვე თვალყურს ვადევნებთ მსოფლიო მოვლენებს, ვიგებთ მათ მნიშვნელობას, ვეცნობით გარე სამყაროს და ვსწავლობთ პრობლემებთან გამკლავებას. რაც ყველაზე მთავარია, ამ პუბლიკაციებში ყურადღება მახვილდება იმაზე, თუ მისაღები სახით როგორ ვემსახუროთ ღმერთს და როგორ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა. ასეთი ლიტერატურის კითხვა სულიერ პიროვნებად ჩამოგაყალიბებს.
ცხადია, კითხვის უნარის განვითარება უკვე მიღწევა არ არის. ეს უნარი სათანადოდ უნდა გამოვიყენოთ. როგორც საკვებს ვარჩევთ, წასაკითხი მასალაც ისე უნდა შევარჩიოთ. მიიღებდი ისეთი საკვებს, რომელიც უსარგებლოა და შეიძლება მომწამვლელიც იყოს? მაშ, რატომ უნდა წაიკითხო თუნდაც ზედაპირულად ის, რაც გონებასა და გულს ხრწნის? ჩვენ ბიბლიური პრინციპებით უნდა განვსაზღვროთ, რას წავიკითხავთ. წასაკითხი მასალის შერჩევისას გაითვალისწინე შემდეგი ბიბლიური მუხლები: ეკლესიასტე 12:12, 13; ეფესოელები 4:22—24; 5:3, 4; ფილიპელები 4:8; კოლოსელები 2:8; 1 იოანე 2:15—17; 2 იოანე 10.
იკითხე სათანადო მიზნით
სახარებებიდან ვხედავთ იმის აუცილებლობას, რომ კითხვის დროს სათანადო მიზანი უნდა გვქონდეს. მაგალითად, მათეს სახარების თანახმად, ვიდრე წმინდა წერილების მცოდნე რელიგიურ წინამძღოლებს წერილებიდანვე პასუხს გასცემდა მზაკვრულ შეკითხვაზე, იესომ ჰკითხა მათ: „ნუთუ არ წაგიკითხავთ?“ და „ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ?“ (მათ. 12:3, 5; 19:4; 21:16, 42; 22:31). ამ შემთხვევიდან ვსწავლობთ, რომ, თუ არასწორი მიზნით ვკითხულობთ, შეიძლება მცდარი დასკვნა გამოვიტანოთ ან საერთოდ ვერ გავიგოთ აზრი. რატომ კითხულობდნენ ფარისევლები წმინდა წერილებს? ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს მათ მარადიულ სიცოცხლეს მოუტანდა. იესომ კი ცხადყო, რომ ამ ჯილდოს ვერ მიიღებს ის, ვისაც არ უყვარს ღმერთი და არ სურს კაცობრიობის სახსნელად მის მიერ გაღებული მსხვერპლის აღიარება (იოან. 5:39—43). ფარისევლებს ეგოისტური მიზნები ამოძრავებდათ; ამიტომაც ხშირად მცდარი დასკვნები გამოჰქონდათ.
იეჰოვას სიყვარული უწმინდესი მოტივია, რომლითაც მის სიტყვას უნდა ვკითხულობდეთ. ღვთის სიყვარული გვიბიძგებს, გავეცნოთ მის ნებას, რადგან სიყვარულს „ჭეშმარიტება ახარებს“ (1 კორ. 13:6). იმ შემთხვევაშიც კი, თუ წარსულში კითხვა არ გვიყვარდა, „მთელი გონებით“ იეჰოვას სიყვარული აღგვძრავს, ჩვენი გონებრივი შესაძლებლობები იეჰოვას შესახებ ცოდნის მიღებას მოვახმაროთ (მათ. 22:37). სიყვარული ინტერესს აღვიძებს, ინტერესი კი სწავლის სურვილს ბადებს.
ტემპის განსაზღვრა
კითხვა მჭიდროდ არის დაკავშირებული აღქმასთან. ახლაც კი, კითხვისას, აღიქვამ და იმახსოვრებ სიტყვებს. კითხვის ტემპს გაზრდი, თუ განივითარებ აღქმის უნარს. თითოეულ სიტყვაზე შეჩერების ნაცვლად, ეცადე ერთად აღიქვა რამდენიმე სიტყვა. როდესაც ამას შეძლებ, უფრო გაგიადვილდება წაკითხულის გაგება.
რთული მასალის უკეთ აღქმაში შეიძლება სხვაგვარი მეთოდის გამოყენება დაგეხმაროს. წმინდა წერილების კითხვასთან დაკავშირებით იეჰოვამ იესო ნავეს ძეს ურჩია: «არ მოშორდეს შენს ბაგეს კანონის ეს წიგნი, იკითხე [„დაბალი ხმით იკითხე“, სქოლიო] ის» (იესო 1:8). დაბალი ხმით ხშირად ფიქრის დროს ვლაპარაკობთ. ამიტომაც ამ მუხლში გამოყენებული ებრაული სიტყვა შეიძლება ითარგმნოს ორნაირად: „დაბალი ხმით იკითხე“ და „იფიქრე“ (ფსალმ. 63:6; 77:12; 143:5). დაფიქრება გვეხმარება, რომ უფრო ღრმად გავაანალიზოთ წაკითხული მასალა და ზედაპირულად არ აღვიქვათ ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში ღვთის სიტყვა უფრო დიდ ზეგავლენას ახდენს გონებასა და გულზე. ბიბლია შეიცავს წინასწარმეტყველებებს, რჩევებს, იგავებს, პოეზიის ნიმუშებს, ღვთის სამსჯავროს შესახებ ცნობებს, იეჰოვას განზრახვებსა და მრავალ ცხოვრებისეულ მაგალითს — ეს ყოველივე ძვირფასია მათთვის, ვისაც იეჰოვას გზებით სიარული სურს. ნამდვილად ძალიან სასარგებლო იქნება, თუ ბიბლიას ისე იკითხავ, რომ მან ღრმა კვალი დატოვოს შენს გულსა და გონებაში.
ისწავლე გონების მოკრება
კითხვისას თითოეული სცენა წარმოიდგინე. ეცადე, გონების თვალით დაინახო პერსონაჟები და მათთან ერთად განიცადო ის, რაც მათ ცხოვრებაში ხდება. ეს შედარებით ადვილია, როდესაც, მაგალითად, დავითისა და გოლიათის შესახებ კითხულობ 1 სამუელის მე-17 თავში. მაგრამ წიგნებში „გამოსვლა“ და „ლევიანები“ კარვის აგებისა და სამღვდელოების დაარსების შესახებ მოცემულ ინფორმაციასაც კი ცოცხლად წაიკითხავ, თუ წარმოიდგენ მითითებულ ზომებსა და მასალებს, საკმევლის, მოხალული მარცვლეულისა და მსხვერპლად შეწირული ცხოველების სურნელებას. დაფიქრდი, რა დიდი მოკრძალებით შეასრულებდნენ მღვდლები მსახურებას! (ლუკ. 1:8—10). ყოველივეს ამგვარად წარმოდგენა და განცდა წაკითხული მასალის მნიშვნელობის აღქმასა და დამახსოვრებაში დაგეხმარება.
კითხვისას თუ ყურადღებით არ იქნები, აზრები გაგეფანტება. შეიძლება კითხულობდე, მაგრამ ფიქრებით სხვაგან იყო. პარალელურად მუსიკას ხომ არ უსმენ? იქნებ ტელევიზორი გაქვს ჩართული? ოჯახის წევრების ლაპარაკი ხომ არ გიშლის ხელს? სასურველია, სიმშვიდეში იკითხო. მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი ადვილი არ არის გონების მოკრება. თუ ძალიან დატვირთული დღე გქონდა, გონებით შეიძლება მომხდარ მოვლენებს დაუბრუნდე. ცხადია, კარგია დღის მოვლენების გაანალიზება, მაგრამ არა კითხვისას. შეიძლება, თავიდან მობილიზებული ხარ და ლოცვითაც კი იწყებ კითხვას, მაგრამ ნელ-ნელა დუნდები. კვლავ სცადე გონების მოკრება. ეცადე, მიეჩვიო ყურადღებით კითხვას და დროთა განმავლობაში შედეგსაც დაინახავ.
რას აკეთებ, როდესაც უცნობი სიტყვა გვხვდება? ზოგი ასეთი სიტყვა შეიძლება ტექსტშივე აიხსნას. შეიძლება მის მნიშვნელობას კონტექსტიდანაც მიხვდე. თუ რომელიმე სიტყვა მაინც ვერ გაიგე, ლექსიკონში მოძებნე ან მოინიშნე და ვინმეს ჰკითხე მისი მნიშვნელობა. ამით სიტყვათა მარაგს გაიმდიდრებ და წაკითხულის აღქმის უნარსაც გაიუმჯობესებ.
„უკითხე ხალხს“
მოციქულ პავლეს, ძირითადად, სხვებისთვის კითხვა ჰქონდა მხედველობაში, როდესაც ტიმოთეს კითხვისკენ მოუწოდა (1 ტიმ. 4:13). მსმენელის წინაშე კარგად კითხვაში უბრალოდ სიტყვების წარმოთქმაზე მეტი იგულისხმება. გამომსვლელს უნდა ესმოდეს წაკითხული სიტყვებისა და მათი საშუალებით გამოხატული აზრების მნიშვნელობა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს შინაარსისა და გრძნობების სწორად გადმოცემას. ამას, ცხადია, კარგი მომზადება და ვარჯიში სჭირდება. ამიტომაც ურჩია პავლემ ტიმოთეს: „მთელი გულმოდგინებით უკითხე ხალხს“. თეოკრატიული მსახურების სკოლა ნამდვილად დაგეხმარება, რომ უკეთესად შეძლო სხვებისთვის წაკითხვა.
დრო გამოყავი კითხვისთვის
„მუყაითის გეგმები წარმატებულია, მოჩქარე კი სიდუხჭირეში იქნება“ (იგავ. 21:5). კითხვის შემთხვევაშიც სწორედ ასეა. კარგი შედეგების მისაღებად ბეჯითები უნდა ვიყოთ და ისე უნდა დავგეგმოთ ყველაფერი, რომ კითხვისთვისაც დაგვრჩეს დრო.
როდის კითხულობ? შეიძლება დილით უფრო მეტად ხარ განწყობილი საამისოდ. ან შეიძლება საღამოობით გირჩევნია კითხვა. თუ კითხვისთვის ყოველდღიურად 15—20 წუთს მაინც გამოყოფ, გაგაოცებს, რამდენს წაიკითხავ. მთავარი რეგულარულობაა.
რატომ გადაწყვიტა იეჰოვამ, წერილობით გადმოეცა თავისი დიდებული განზრახვები? იმიტომ, რომ ხალხს შეძლებოდა მისი სიტყვის წაკითხვა. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, დავფიქრდეთ იეჰოვას სასწაულებრივ საქმეებზე, შვილებს მოვუთხროთ მათ შესახებ და გონებაში ჩავიბეჭდოთ ისინი (ფსალმ. 78:5—7). იეჰოვას ამგვარ მზრუნველობას საუკეთესოდ დავაფასებთ, თუ დროს გამოვუყოფთ მისი სიტყვის კითხვას, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.