მიჰბაძეთ იესოს სიფხიზლეში
„იფხიზლეთ და . . . ილოცეთ“ (მათ. 26:41).
როგორ უპასუხებთ?
როგორ ცხადყოფს ჩვენი ლოცვები, რომ სიფხიზლეს ვინარჩუნებთ?
როგორ ცხადყოფს ჩვენი მსახურება, რომ სიფხიზლეს ვინარჩუნებთ?
რატომ არის მნიშვნელოვანი სიფხიზლის შენარჩუნება განსაცდელებისას და როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?
1, 2. ა) რა კითხვები შეიძლება წამოიჭრას იესოს სიფხიზლესთან დაკავშირებით? ბ) შეუძლიათ ცოდვილ ადამიანებს მიჰბაძონ სრულყოფილ იესოს? მოიყვანეთ მაგალითი.
შეიძლება საკუთარი თავისთვის გიკითხავთ: „მართლა შესაძლებელია მივბაძო იესოს სიფხიზლეში?“ ბოლოს და ბოლოს იესო ხომ სრულყოფილი იყო! გარდა ამისა, მან წინასწარ იცოდა, რა მოხდებოდა ათასობით წლის შემდეგაც კი. მართლა სჭირდებოდა მას სიფხიზლის შენარჩუნება? (მათ. 24:37—39; ებრ. 4:15). მოდი, განვიხილოთ ამ კითხვებზე პასუხი და ვნახოთ, რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია სიფხიზლის შენარჩუნება.
2 შეუძლიათ ცოდვილ ადამიანებს, მიჰბაძონ სრულყოფილ იესოს? დიახ, ისევე, როგორც მოსწავლეს შეუძლია მიჰბაძოს კარგ მასწავლებელს და ისწავლოს მისგან. წარმოიდგინეთ მამაკაცი, რომელმაც პირველად აიღო მშვილდი ხელში. თავიდან ის მიზანში ვერ არტყამს, ამიტომ სწავლობს და ვარჯიშობს. ის ყურადღებით აკვირდება თავის მასწავლებელს, რომელიც გამოცდილი მშვილდოსანია; უყურებს, როგორ დგას, როგორ უჭირავს მშვილდი და თითებით როგორ ჭიმავს ლარს. თანდათანობით იმასაც სწავლობს, რა ძალით მოჭიმოს ლარი და როგორ გაითვალისწინოს ქარის გავლენა ისარზე. თუ ის გულმოდგინედ ივარჯიშებს და მიბაძავს თავის მასწავლებელს, მისი ისარი მიზანს უფრო და უფრო მიუახლოვდება. მსგავსადვე, თუ ჩვენც მივყვებით იესოს მითითებებს და მივბაძავთ მის სრულყოფილ მაგალითს, უკეთესი ქრისტიანები გავხდებით.
3. ა) როგორ ცხადყო იესომ, რომ საჭიროებდა სიფხიზლეს? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
3 ნამდვილად სჭირდებოდა იესოს სიფხიზლის შენარჩუნება? რა თქმა უნდა. დედამიწაზე ცხოვრების ბოლო ღამეს იესომ თავის ერთგულ მოციქულებს უთხრა: „ჩემთან ერთად იფხიზლეთ“. შემდეგ დასძინა: „იფხიზლეთ და განუწყვეტლივ ილოცეთ, რომ არ ცდუნდეთ“ (მათ. 26:38, 41). იესო სიფხიზლეს ყოველთვის ინარჩუნებდა, მაგრამ ახლა, ამ მძიმე წუთებში, მას განსაკუთრებით სურდა, ეფხიზლა და რაც შეიძლება ახლო ურთიერთობა ჰქონოდა თავის ზეციერ მამასთან. მან იცოდა, რომ მსგავსი სიფხიზლის შენარჩუნება მის მიმდევრებსაც სჭირდებოდათ არა მარტო იმ ღამეს, არამედ მომავალშიც. მოდი, განვიხილოთ, რატომ სურს იესოს, რომ ვიფხიზლოთ. აგრეთვე განვიხილოთ, სამი საკითხი, რომლებშიც იესოს მსგავსად უნდა ვიფხიზლოთ.
რატომ სურს იესოს, რომ ვიფხიზლოთ?
4. რა კავშირია სიფხიზლის აუცილებლობასა და მომავლის შესახებ ჩვენს შეზღუდულ ცოდნას შორის?
4 იესოს სურს, შევინარჩუნოთ სიფხიზლე, იმიტომ რომ გარკვეულწილად ვიცით, რა მოხდება მომავალში, მაგრამ არ ვიცით ყველა დეტალი. იცოდა იესომ ყველაფერი მომავლის შესახებ, როცა ის დედამიწაზე იყო? არა. მან თავმდაბლად აღიარა: „იმ დღესა და საათზე კი მამის გარდა არავინ იცის: არც ზეციერმა ანგელოზებმა და არც ძემ“ (მათ. 24:36). იმ დროს იესომ, „ძემ“, არ იცოდა ზუსტად როდის დადგებოდა ამ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრული. რა შეიძლება ითქვას ჩვენზე? ყველაფერი ვიცით მომავლის შესახებ? რა თქმა უნდა, არა. ჩვენ არ ვიცით ზუსტად როდის მისცემს იეჰოვა თავის ძეს ამ ბოროტი ქვეყნიერების განადგურების უფლებას. ყველაფერი რომ გვცოდნოდა მომავლის შესახებ, სიფხიზლის შენარჩუნება საჭირო აღარ იქნებოდა. მაგრამ, როგორც იესომ ახსნა, აღსასრული მოულოდნელად მოვა, ამიტომ სიფხიზლის შენარჩუნება საჭიროა ისე, როგორც არასდროს (წაიკითხეთ მათეს 24:43 ).
5, 6. ა) როგორ გვეხმარება მომავლისა და ღვთის განზრახვების შესახებ ცოდნა სიფხიზლის შენარჩუნებაში? ბ) რატომ აღგვძრავს სატანის შესახებ ცოდნა იმისკენ, რომ უფრო მეტად შევინარჩუნოთ სიფხიზლე?
5 მეორე მხრივ, იესომ მრავალი რამ იცოდა იმ არაჩვეულებრივ მომავალზე, რომლის შესახებაც მის ირგვლივ მყოფთაგან უმეტესობამ არაფერი იცოდა. ის, რაც ჩვენ ვიცით ზღვაში წვეთია იესოს ცოდნასთან შედარებით. მაგრამ იესოს წყალობით ბევრი რამ გავიგეთ ღვთის სამეფოსა და იმის შესახებ, თუ რას შეასრულებს ის მომავალში. ჩვენ ირგვლივ მყოფთაგან უმრავლესობამ, სკოლაში, სამსახურში თუ იმ ტერიტორიაზე, სადაც ვმსახურობთ, არაფერი იციან ამ შესანიშნავი მომავლის შესახებ. ეს სიფხიზლის შენარჩუნების კიდევ ერთი მიზეზია. იესოს მსგავსად, ჩვენც ყოველთვის უნდა ვიფხიზლოთ და ვეძებოთ შესაძლებლობები, სხვებსაც გავუზიაროთ ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ. თითოეული ასეთი შესაძლებლობა მართლაც დასაფასებელია, ამიტომ ხელიდან არ უნდა გავუშვათ ის. ადამიანთა სიცოცხლე საფრთხეშია (1 ტიმ. 4:16).
6 იესომ კიდევ რაღაც იცოდა, რაც მას სიფხიზლის შენარჩუნებაში ეხმარებოდა. მან იცოდა, რომ სატანა შეეცდებოდა მის ცდუნებას, დევნას და ღვთისადმი მისი ერთგულების შერყევას. ეს ბოროტი მტერი ყოველთვის ჩასაფრებული იყო და უცდიდა „ხელსაყრელ შემთხვევას“, რომ იესო გამოეცადა (ლუკ. 4:13). მას კი არასდროს მოუდუნებია სიფხიზლე. იესოს სურდა, მზად ყოფილიყო ნებისმიერი გამოცდისთვის, იქნებოდა ეს ცდუნება, წინააღმდეგობა თუ დევნა. განა ჩვენც მსგავს მდგომარეობაში არ ვართ? ჩვენ ვიცით, რომ სატანა „დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს“. ამიტომაც მოუწოდებს ღვთის სიტყვა ყველა ქრისტიანს: „იფხიზლეთ და გეღვიძოთ!“ (1 პეტ. 5:8). როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?
როგორ შევინარჩუნოთ სიფხიზლე ლოცვაში
7, 8. რა რჩევა მოგვცა იესომ ლოცვასთან დაკავშირებით და, რა შეგვიძლია ვისწავლოთ მისი მაგალითიდან?
7 ბიბლიაში სულიერი სიფხიზლე და ლოცვა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია (კოლ. 4:2; 1 პეტ. 4:7). იესომ თავის მიმდევრებს სთხოვა, მასთან ერთად ეფხიზლათ, შემდეგ კი ურჩია: „იფხიზლეთ და განუწყვეტლივ ილოცეთ, რომ არ ცდუნდეთ“ (მათ. 26:41). გულისხმობდა იესო იმას, რომ მის მიმდევრებს მხოლოდ მსგავს რთულ სიტუაციებში უნდა ელოცათ? არა, მის ამ რჩევას ცხოვრებაში ყოველდღე უნდა ვიყენებდეთ.
8 იესომ ლოცვის შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. ალბათ, გახსოვთ, რომ ერთხელ მან მთელი ღამე ლოცვაში გაატარა (წაიკითხეთ ლუკას 6:12, 13 ). წარმოიდგინეთ: გაზაფხულია. მოვლენები, როგორც ჩანს, ვითარდება გალილეის ქალაქ კაპერნაუმის მახლობლად. მზე უკვე ჰორიზონტს ეფარება. იესო ადის მთაზე, რომელიც გალილეის ზღვას გადაჰყურებს. საღამოს ბინდში ის, ალბათ, ხედავს, როგორ ციმციმებს ზეთის ლამპრები კაპერნაუმსა და მიმდებარე სოფლებში. იესო ლოცვით მიმართავს იეჰოვას და მას ხელს არაფერი უშლის. გადის წუთები, საათები. ის ვერც კი ამჩნევს, ერთიმეორეზე მიყოლებით, როგორ ქრება ლამპრები, როგორ იცვლის ცაზე ადგილს მთვარე ან როგორ ეძებენ ღამის ცხოველები ბუჩქებში საკვებს. იესო სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე დგას. მან 12 მოციქული უნდა აირჩიოს. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორ უშლის იესო გულს მამას, როგორ უმხელს თავის ფიქრებს, ესაუბრება თითოეულ მოწაფეზე და მთელი გულით სთხოვს ხელმძღვანელობასა და სიბრძნეს.
9. რას ვსწავლობთ იქიდან, რომ იესომ მთელი ღამე ილოცა?
9 რას ვსწავლობთ იესოს მაგალითიდან? ჩვენც საათობით უნდა ვლოცულობდეთ? არა. იესომ თავის მიმდევრებზე თქვა: „სული მონდომებულია, ხორცი კი — სუსტი“ (მათ. 26:41). მიუხედავად ამისა, ჩვენ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს. მაგალითად, მივმართავთ ლოცვით ჩვენს ზეციერ მამას, როცა ვდგავართ სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე, რომელიც ეხება ჩვენი ოჯახის წევრებს, თანამორწმუნეებს, ან გვეხება პირადად ჩვენ? ვლოცულობთ ჩვენს სულიერ და-ძმებზე? მთელი გულით ვლოცულობთ თუ ერთსა და იმავე ფრაზებს ვიმეორებთ? აღსანიშნავია ისიც, რომ იესო აფასებდა მამასთან პირად საუბარს. დღევანდელ დაძაბულ ქვეყნიერებაში ყოველდღიურმა საზრუნავმა ადვილად შეიძლება დაგვავიწყოს ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სიფხიზლის შესანარჩუნებლად აუცილებელია, საკმაო დრო დავუთმოთ მთელი გულით წარმოთქმულ პირად ლოცვებს (მათ. 6:6, 7). ასეთი სახით, უფრო დავუახლოვდებით იეჰოვას, განვიმტკიცებთ მასთან ურთიერთობას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ურთიერთობა არ გაგვიფუჭდეს (ფსალმ. 25:14).
როგორ შევინარჩუნოთ სიფხიზლე ქადაგებისას
10. საიდან ჩანს, რომ იესო სიფხიზლეს ინარჩუნებდა და ხელიდან არ უშვებდა ქადაგების შესაძლებლობას?
10 იესო სიფხიზლეს ინარჩუნებდა იეჰოვას მიერ დავალებული საქმის შესრულებისას. ზოგიერთი საქმე არ ითხოვს სერიოზულ ყურადღებას და ამ დროს სხვა რამეზე ფიქრი საქმეს არ დააზარალებს. მაგრამ სამუშაოთა უმეტესობა მოითხოვს კონცენტრირებას და სიფხიზლეს. ეს ქრისტიანულ მსახურებასაც ეხება. იესო სიფხიზლეს ყოველთვის ინარჩუნებდა და ხელიდან არ უშვებდა სასიხარულო ცნობის ქადაგების შესაძლებლობას. მაგალითად, ერთხელ, როცა თავის მოწაფეებთან ერთად ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ ქალაქ სიქარში ჩავიდა, მოწაფეები საჭმლის საყიდლად წავიდნენ, თვითონ კი დასასვენებლად იქვე მახლობლად ჭასთან ჩამოჯდა. მართალია, დასვენება სჭირდებოდა, მაგრამ მას სიფხიზლე არ დაუკარგავს და ქადაგების შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვია. ჭასთან წყლის ამოსაღებად სამარიელი ქალი მივიდა. იესოს შეეძლო წაეძინა ან რაიმე სხვა მიზეზით არ დალაპარაკებოდა ქალს. მაგრამ ის გაესაუბრა მას და საფუძვლიანად უქადაგა, რის შედეგადაც ამ ქალაქში მრავალმა მიიღო ჭეშმარიტება (იოან. 4:4—26, 39—42). ჩვენც შეგვიძლია იესოს მსგავსად შევინარჩუნოთ სიფხიზლე და ხელიდან არ გავუშვათ მათთან ქადაგების შესაძლებლობა, ვისაც ყოველდღე ვხვდებით.
11, 12. ა) რა უთხრა იესომ მათ, ვინც მის მოცდენას ცდილობდა? ბ) როგორ ცხადყო იესომ, რომ გაწონასწორებული იყო მსახურებაში?
11 ზოგჯერ გულწრფელი ადამიანები კეთილი განზრახვით ცდილობდნენ იესოს მოცდენას. მან კაპერნაუმში მრავალი ადამიანი სასწაულებრივად განკურნა. ამით აღფრთოვანებულ ხალხს სურდა, რომ იესო მათთან დარჩენილიყო. და ეს გასაგებიცაა. მაგრამ იესოს უნდა ექადაგა ყველასთვის, „ისრაელის სახლის დაკარგული ცხვრებისთვის“, და არა მხოლოდ ამ ქალაქში მცხოვრებთათვის (მათ. 15:24). ამიტომ იესომ მათ უთხრა: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ამისთვის ვარ გამოგზავნილი“ (ლუკ. 4:40—44). აშკარაა, რომ იესო მთლიანად იყო კონცენტრირებული მსახურებაზე. ის არაფერს რთავდა ნებას, რომ ამ საქმის შესრულებაში მისთვის ხელი შეეშალა.
12 მაგრამ იყო იესო ფანატიკოსი ან ასკეტი? იყო იმდენად ჩაფლული მსახურებაში, რომ ოჯახის წევრების მოთხოვნილებები უყურადღებოდ რჩებოდა? არა. იესომ გაწონასწორებულობის სრულყოფილი მაგალითი მოგვცა. მას უხაროდა სიცოცხლე და სიამოვნებას გვრიდა მეგობრებთან დროის გატარება. იესო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ოჯახებს, კარგად ესმოდა მათი მოთხოვნილებები თუ პრობლემები და თანაუგრძნობდა მათ. ის სითბოსა და ყურადღებას ავლენდა ბავშვებისადმი (წაიკითხეთ მარკოზის 10:13—16 ).
13. იესოს მსგავსად, როგორ შევინარჩუნოთ სიფხიზლე და გაწონასწორებულად შევასრულოთ ჩვენი მსახურება?
13 იესოს მსგავსად ჩვენც ვინარჩუნებთ სიფხიზლეს, მაგრამ როგორ შეგვიძლია ვიყოთ გაწონასწორებულები? ჩვენ ქვეყნიერებას არ ვრთავთ ნებას, რომ მსახურებას მოგვაცდინოს. კეთილის მსურველმა მეგობრებმა ან ნათესავებმა შეიძლება გვირჩიონ, რომ ნაკლები ვიმსახუროთ და ვისწრაფოთ ისეთი ცხოვრებისკენ, როგორსაც ისინი ნორმალურად თვლიან. მაგრამ, თუ იესოს მივბაძავთ, ჩვენთვის მსახურება საჭმელივით მნიშვნელოვანი იქნება (იოან. 4:34). მსახურება სულიერად გვასაზრდოებს და კმაყოფილების გრძნობას გვგვრის. მაგრამ ჩვენ არ გვინდა, ვიყოთ გაუწონასწორებლები, თავდაჯერებულები ან ასკეტები. იესოს მსგავსად, ჩვენც გვინდა ვიყოთ სიხარულით აღსავსე და „ბედნიერი ღმერთის“ გაწონასწორებული მსახურები (1 ტიმ. 1:11).
როგორ შევინარჩუნოთ სიფხიზლე განსაცდელების დროს
14. რა უნდა გვახსოვდეს განსაცდელების დროს და რატომ?
14 როგორც დავინახეთ, იესო თავის მიმდევრებს სიფხიზლის შენარჩუნებისკენ განსაკუთრებით მაშინ მოუწოდებდა, როცა მძიმე განსაცდელში იყო (წაიკითხეთ მარკოზის 14:37 ). განსაცდელებისას იესოს მაგალითზე დაფიქრება ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. ამ დროს ბევრს ხშირად ავიწყდება მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება, რომელიც იგავების წიგნში ორჯერ წერია: „არის გზა, რომელიც კაცს სწორი ჰგონია, მისი ბოლო კი სიკვდილია“ (იგავ. 14:12; 16:25). თუ საკუთარ გონებას დავეყრდნობით, განსაკუთრებით სერიოზული პრობლემების დროს, საფრთხეს შევუქმნით, როგორც საკუთარ თავს, ისე ჩვენს საყვარელ ადამიანებს.
15. რა განსაცდელის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ოჯახის თავი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის დროს?
15 მაგალითად, ოჯახის თავისთვის შეიძლება საკმაოდ რთული იყოს „თავისიანების“ მატერიალურად უზრუნველყოფა (1 ტიმ. 5:8). ის შეიძლება დადგეს ცდუნების წინაშე, დაიწყოს ისეთი სამუშაო, რის გამოც ხშირად მოუწევდა ქრისტიანული შეხვედრების გაცდენა, რეგულარულად ვერ იმსახურებდა და ვერ ჩაატარებდა ოჯახთან ერთად თაყვანისცემას. ადამიანური თვალსაზრისიდან გამომდინარე, ასეთი სამუშაოს დაწყება შეიძლება გამართლებული და სწორიც კი ჩანდეს. მაგრამ ამას შედეგად შეიძლება სულიერად დასუსტება ან სულიერი სიკვდილიც კი მოჰყვეს. რამდენად უკეთესია, გავითვალისწინოთ სოლომონის რჩევა, რომელიც იგავების 3:5, 6-შია ჩაწერილი: „მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი. გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“.
16. ა) საკუთარი თავზე მინდობის ნაცვლად, იეჰოვას სიბრძნეზე მინდობის რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ? ბ) როგორ ჰბაძავს მრავალი ოჯახის თავი იესოს რთულ სიტუაციებში?
16 განსაცდელების დროს იესო საკუთარ გონებაზე არ იყო დაიმედებული. უბრალოდ, დაფიქრდით ამაზე! დედამიწაზე მცხოვრებთა შორის ყველაზე ბრძენმა ადამიანმა არჩია, საკუთარ სიბრძნეს არ დაყრდნობოდა. მაგალითად, როცა სატანა სცდიდა, იესომ არაერთხელ გაუმეორა: „დაწერილია“ (მათ. 4:4, 7, 10). ცდუნების წინაშე ყოფნისას ის მინდობილი იყო მამის სიბრძნეზე, რითაც თავმდაბლობას ავლენდა, თვისებას, რომელიც სატანას არა აქვს და სძულს კიდეც. ჩვენც ასევე ვიქცევით? ოჯახის თავი, რომელიც სიფხიზლეში იესოს ჰბაძავს, ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობს, განსაკუთრებით განსაცდელების დროს. სწორედ ასე იქცევა ათასობით ოჯახის თავი მთელ მსოფლიოში. ისინი ყველაფერზე, მათ შორის მატერიალურზე, წინ ღვთის სამეფოს და წმინდა თაყვანისმცემლობას აყენებენ. ასეთი სახით საუკეთესოდ ზრუნავენ ოჯახის წევრებზე. თავის მხრივ, იეჰოვაც, დაპირებისამებრ, აკურთხებს მათ, ვინც ძალისხმევას ახმარს თავისი ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფას (მათ. 6:33).
17. რა აღგძრავთ, მიჰბაძოთ იესოს სიფხიზლის შენარჩუნებაში?
17 ეჭვგარეშეა, იესომ სიფხიზლის შენარჩუნების საუკეთესო მაგალითი დაგვიტოვა. იესოს მაგალითი პრაქტიკული და სასარგებლოა, და მის მიყოლას სიცოცხლის შენარჩუნებაც კი შეუძლია. გახსოვდეთ, სატანას მთელი გულით სურს, რომ სულიერად ჩაგვაძინოს, რწმენა მოგვისუსტოს, თაყვანისცემაში ენთუზიაზმი და ღვთისადმი ერთგულება დაგვაკარგვინოს (1 თეს. 5:6). ნუ მისცემთ მას ამის საშუალებას! იესოს მსგავსად, თქვენც შეინარჩუნეთ სიფხიზლე ლოცვაში, მსახურებაში თუ განსაცდელებთან გამკლავებისას. თუ ამგვარად მოიქცევით, დღესაც, ამ ბოროტი ქვეყნიერების მიწურულს, აზრიანი, ბედნიერი და კმაყოფილების მომგვრელი ცხოვრება გექნებათ. თუ სიფხიზლეს შეინარჩუნებთ, ამ ბოროტი ქვეყნიერების განადგურებისას თქვენი ბატონი გნახავთ, რომ ფხიზლობთ და მამის ნებას ასრულებთ. იეჰოვა თქვენს ერთგულებას სიამოვნებით დააჯილდოვებს (გამოცხ. 16:15).
[სურათი 6 გვერდზე]
იესომ ჭასთან ქალს უქადაგა. თქვენ რას აკეთებთ იმისთვის, რომ ყოველდღიურად გქონდეთ ქადაგების შესაძლებლობა?
[სურათი 7 გვერდზე]
თქვენი ოჯახის სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნვით ცხადყოფთ, რომ სიფხიზლეს ინარჩუნებთ