არასდროს მიატოვოთ თანამორწმუნეები!
„ათი წლის მანძილზე ბიზნესში ვიყავით ჩაფლული. ბიზნესის სამყაროს ბრწყინვალებით მოხიბლულები უარს ვერ ვამბობდით მაცდუნებელ შემოთავაზებებზე და საკმაო სიმდიდრეც დავაგროვეთ. მართალია, პატარაობიდანვე ვსწავლობდით ჭეშმარიტებას, მაგრამ შევწყვიტეთ იეჰოვას გზით სიარული და მასთან დაბრუნების ძალას ვეღარ ვიკრებდით“, — გვიყვებიან იაროსლავი და მისი მეუღლე ბეატა.a
ერთი ძმა, მარეკი იხსენებს: „პოლონეთში მომხდარი სოციალური და პოლიტიკური ცვლილებების გამო სამსახურს ხშირად ვკარგავდი. იმედგაცრუებული ვიყავი. ვერ ვრისკავდი საკუთარი ბიზნესის წამოწყებას, რადგან ამ საქმეში გამოცდილება არ მქონდა. ბოლოს დავთანხმდი ერთ სარფიან შემოთავაზებას. ვფიქრობდი, რომ ოჯახის მატერიალურ მოთხოვნილებებზე უკეთესად ვიზრუნებდი და სულიერ საქმიანობაშიც არ შეგვეშლებოდა ხელი. დროთა განმავლობაში მივხვდი, რა მწარედ ვცდებოდი“.
დღეს ყველაფერზე კატასტროფულად მატულობს ფასები და დღითიდღე იზრდება უმუშევართა რიცხვი. ზოგი ამის გამო სასოწარკვეთილებაში ვარდება და არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს. ბევრი ძმა დამატებით მუშაობს ან საკუთარ ბიზნესს იწყებს მიუხედავად იმისა, რომ არანაირი გამოცდილება არა აქვს. ისინი ფიქრობენ, რომ დამატებითი შემოსავალი ოჯახს წაადგება და სულიერადაც არ ავნებთ. გაუთვალისწინებელი შემთხვევებისა თუ არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობის გამო ქრისტიანმა კარგი მოტივებითაც რომ წამოიწყოს რაიმე საქმე, შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაეყაროს. შედეგად, ზოგი სიხარბის მახეში ებმება, ზომა-წონას ვეღარ იგებს და სულიერი საქმიანობის ხარჯზე იწყობს კეთილმოწყობილ ცხოვრებას (ეკლ. 9:11, 12).
ზოგი და-ძმა იმდენად დამძიმებულია ცხოვრებისეული საზრუნავით, რომ პირადი შესწავლისთვის, კრების შეხვედრებზე დასასწრებად და ქადაგებისთვის დრო აღარ რჩებათ. სულიერ საქმეებში ასეთი პასიურობა მათ, უეჭველად, გაუფუჭებთ იეჰოვასთან ურთიერთობას. გარდა ამისა, ისინი ჩამოშორდებიან იმ ადამიანებს, ვინც მათ რწმენას იზიარებს (გალ. 6:10). ზოგი თანდათანობით შორდება ქრისტიანულ საძმოს. მოდი, ამ საკითხს უფრო სერიოზულად შევხედოთ.
ვალდებულება და-ძმების წინაშე
ქრისტიან და-ძმებს მრავალმხრივ შეგვიძლია გამოვავლინოთ სიყვარული ერთმანეთის მიმართ (რომ. 13:8). თქვენს კრებაში, ალბათ, არიან დაჩაგრულნი, რომლებიც შველას ითხოვენ (იობ. 29:12). ზოგს შეიძლება იმის საშუალებაც კი არა აქვს, რომ აუცილებელი საჭიროებები დაიკმაყოფილოს. მოციქული იოანე შეგვახსენებს, რომ შეგვიძლია დავეხმაროთ და-ძმებს: „თუ ვინმეს საარსებო საშუალება აქვს, ძმას კი გაჭირვებაში ხედავს, მაგრამ თანაგრძნობის კარს უკეტავს, როგორღა რჩება მასში ღვთის სიყვარული?“ (1 იოან. 3:17).
თქვენ შეიძლება გულუხვობას ავლენთ და ეხმარებით გაჭირვებულ და-ძმებს, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. ზოგი შესაძლოა მარტო გრძნობს თავს და გული აქვს აცრუებული ყველაფერზე. ისინი შეიძლება იეჰოვას მსახურებისთვის თავს უღირსად თვლიან ან საშინელ ტკივილს გრძნობენ სერიოზული დაავადებისა თუ საყვარელი ადამიანის სიკვდილის გამო. თუ მოვუსმენთ მათ და დაველაპარაკებით, ემოციურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ და იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნებაში დავეხმარებით (1 თეს. 5:14). ასეთი მხარდაჭერა ხშირად აძლიერებს და-ძმებს შორის სიყვარულს.
განსაკუთრებით კრების უხუცესებს მართებთ, რომ იყვნენ თანამგრძნობნი და-ძმების მიმართ, გაგებით მოეკიდონ მათ და სიყვარულით მისცენ ბიბლიიდან რჩევები (საქ. 20:28). ამგვარად ზედამხედველები ჰბაძავენ პავლე მოციქულს, რომელსაც სულიერი და-ძმების მიმართ „სათუთი გრძნობები“ ჰქონდა (1 თეს. 2:7, 8).
მაგრამ რა მოხდება, თუ ქრისტიანს გზა-კვალი აერევა და ვეღარ შეასრულებს თავის ვალდებულებას და-ძმების წინაშე? ზედამხედველებიც კი არ არიან დაცული იმისგან, რომ მატერიალიზმის მახეში გაებან. რა შეიძლება ითქვას, თუ ქრისტიანი გაებმება ასეთ მახეში?
ცხოვრების საზრუნავით დამძიმებულნი
როგორც აღვნიშნეთ, შეიძლება იმდენად ვიყოთ დამძიმებული ოჯახის აუცილებელ მოთხოვნილებებზე ზრუნვით, რომ სულიერისადმი ინტერესი დავკარგოთ (მათ. 13:22). ზემოთ მოხსენიებული მარეკი ამბობს: „როდესაც ჩემმა ბიზნესმა კრახი განიცადა, გადავწყვიტე, საზღვარგარეთ მომეძებნა მაღალანაზღაურებადი სამუშაო. თავიდან სამი თვით წავედი, შემდეგ ჩამოვედი და კიდევ სამი თვით წავედი. დროდადრო მცირე ხნით ჩამოვდიოდი ხოლმე სახლში და ასე გრძელდებოდა კარგა ხანს. ჩემს მეუღლეს, რომელიც არ იყო იეჰოვას მოწმე, ემოციურად ძალიან უჭირდა“.
მხოლოდ ოჯახური პასუხისმგებლობების შესრულება არ გვაცლის ძალას. მარეკი დასძენს: „ვითანგებოდი პაპანაქება სიცხეში გრძელი სამუშაო დღის ბოლოს. გარდა ამისა, ვითრგუნებოდი სასტიკი ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც ჩაგრავდნენ სხვებს. ისინი ისე იქცეოდნენ, როგორც განგსტერები. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მონა ვიყავი და თავს საშინლად ვგრძნობდი. იმის დროც კი არ მქონდა, რომ საკუთარი თავისთვის მიმეხედა, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვების მომსახურებაზე. მეეჭვებოდა, რომ ამას ოდესმე შევძლებდი“.
მარეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სავალალო შედეგებმა უნდა დაგვაფიქროს ყველა. მაშინაც კი, თუ საზღვარგარეთ გადასვლა ფინანსურ პრობლემებს გადაგვიჭრის, სხვა პრობლემებს ხომ არ შეგვიქმნის? მაგალითად, სულიერად და ემოციურად როგორ მდგომარეობაში აღმოჩნდება ჩვენი ოჯახი? ნუთუ საზღვარგარეთ გადასვლის გამო არ ჩამოვშორდებით კრებას? გვექნება კი თანამორწმუნეების მომსახურების შესაძლებლობა? (1 ტიმ. 3:2—5).
როგორც დავინახეთ, მას, ვინც საზღვარგარეთ გადადის, მთელი ყურადღების გადატანა უწევს ქვეყნიურ სამუშაოზე. დავფიქრდეთ იაროსლავისა და ბეატას მაგალითზე. იაროსლავი იხსენებს: „თავიდან ყველაფერი საკმარისად გვქონდა. ახალდაქორწინებულები ვიყავით, როცა პატარა ჰოთ-დოგის ჯიხური გავხსენით საკმაოდ მომგებიან ადგილას. ამან კარგი მოგება მოგვიტანა და ამიტომ, გადავწყვიტეთ, უფრო სერიოზული ბიზნესი წამოგვეწყო. მაგრამ იმდენად ცოტა დრო გვრჩებოდა, რომ ქრისტიანული კრების შეხვედრების გაცდენა გვიწევდა. მანამდე მე სრული დროით ვმსახურობდი და კრებაში მომსახურეც ვიყავი. ბიზნესმა იმხელა მოგება მოგვიტანა, რომ დიდი მაღაზია გავხსენით და საქმე მასთან დავიჭირეთ, ვინც არ იყო იეჰოვას მოწმე. მალე საზღვარგარეთ დავიწყე სიარული, რათა ხელი მომეწერა კონტრაქტებისთვის, რომელთა პირობების გათვალისწინებით მილიონობით დოლარის მოგებას ვნახავდით. სახლში იშვიათად ვიყავი, რის გამოც მეუღლესა და ქალიშვილთან ურთიერთობა გამიფუჭდა. საბოლოოდ, იმდენად ჩავეფალით კარგად აწყობილ ბიზნესში, რომ შევწყვიტეთ იეჰოვას მსახურება. ჩვენ ჩამოვშორდით კრებას და, შესაბამისად, აღარც და-ძმებზე ვფიქრობდით“.
რისი სწავლა შეგვიძლია აქედან? უზრუნველი ცხოვრების მოწყობის სურვილი ქრისტიანს შეიძლება მახედ ექცეს, რადგან ამ დროს იგი შესაძლოა თავდაჯერებული გახდეს და საბოლოოდ საქმე იქამდეც კი მივიდეს, რომ „თავისი ტანსაცმელი“, ანუ ქრისტიანული მეობა დაკარგოს (გამოცხ. 16:15). ამის გამო შეიძლება კავშირი გავწყვიტოთ ძმებთან, რომლებსაც ადრე ვეხმარებოდით.
გულწრფელი თვითშემოწმება
შეიძლება ვფიქრობთ: ეს მე არ დამემართება. მაგრამ თითოეული ჩვენგანი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს, სინამდვილეში რამდენი გვჭირდება. „ქვეყნიერებაში არც არაფერი მოგვიტანია და ვერც ვერაფერს წავიღებთ. ასე რომ, თუ გვაქვს საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი, ამით დავკმაყოფილდეთ“, — დაწერა პავლემ (1 ტიმ. 6:7, 8). უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ქვეყანაში ცხოვრების განსხვავებული პირობებია. ის, რაც განვითარებულ ქვეყანაში საარსებო მინიმუმად ითვლება, ბევრ სხვა ქვეყანაში შეიძლება ფუფუნებად ჩაითვალოს.
რა პირობებშიც არ უნდა გვიწევდეს ცხოვრება, კარგი იქნება, თუ დავფიქრდებით პავლე მოციქულის სიტყვებზე: „ვინც გამდიდრებისკენ ისწრაფვის, ებმება ცდუნებაში, მახეში, ბევრ უგუნურ და მავნებელ სურვილში, რომელიც ღუპავს და ანადგურებს ადამიანებს“ (1 ტიმ. 6:9). ხშირად მსხვერპლი ვერ ამჩნევს დაგებულ მახეს და სრულიად მოულოდნელად ებმება მასში. როგორ შეგვიძლია თავი ავარიდოთ იმას, რომ არ გავებათ მავნებელი სურვილების მახეში?
თუ პირველ ადგილზე ყველაზე მნიშვნელოვანს დავაყენებთ, მეტ დროს დავუთმობთ ღვთის მსახურებას, მათ შორის პირად შესწავლას. ბიბლიის სიღრმისეული კვლევა დაეხმარება ქრისტიანს, „ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული იყოს“, რათა სხვებს დახმარება აღმოუჩინოს (2 ტიმ. 2:15; 3:17).
რამდენიმე წლის მანძილზე უხუცესები სიყვარულით ზრუნავდნენ იაროსლავზე და ამხნევებდნენ მას. იაროსლავი აღიძრა, რომ ძირეულად შეეცვალა თავისი ცხოვრება. იგი იხსენებს: „ერთ-ერთი საუბრის დროს უხუცესებმა ბიბლიიდან მდიდარი კაცის მაგალითი მომიყვანეს, რომელსაც სურდა მარადიულად ცხოვრება, მაგრამ სიმდიდრეს ვერ შეელია. შემდეგ ტაქტიანად გამიმახვილეს ყურადღება, მე როგორ მეხებოდა ეს მაგალითი. ეს დღე ჩემთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა და ბევრ რამეზე ამიხილა თვალი“ (იგავ. 11:28; მარ. 10:17—22).
იაროსლავმა თვალი გაუსწორა რეალობას და თავის დიდ ბიზნესზე უარი თქვა. ორ წელიწადში მან და მისმა ოჯახმა აღიდგინეს იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა. ახლა ის კრების უხუცესია და თავის ძმებს ემსახურება. იაროსლავი ამბობს: «როცა ვხედავ, რომ ძმები სულიერობის ხარჯზე ებმებიან ბიზნესში, საკუთარი მაგალითი მომყავს იმის საჩვენებლად, რომ დიდი უგუნურებაა „ურწმუნოებთან უთანასწორო უღელში“ შებმა. ადვილი არ არის, უარი თქვა მაცდუნებელ წინადადებებზე და თავი შეიკავო უპატიოსნო საქციელისგან» (2 კორ. 6:14).
მარეკიც მწარე გამოცდილების ფასად მიხვდა თავის შეცდომას. მართალია, საზღვარგარეთ მაღალანაზღაურებადი სამუშაოს დაწყების შედეგად გადაიჭრა მისი ოჯახის ფინანსური პრობლემები, მაგრამ ამას შეეწირა ღმერთთან და და-ძმებთან მათი ურთიერთობა. დროთა განმავლობაში მან ყველაფერი გადააფასა და ყველაზე მნიშვნელოვანს დაუთმო პირველი ადგილი. იგი ყვება: „წლების მანძილზე წინასწარმეტყველ ბარუქის მსგავსად მეც დიდ რამეს ვეძებდი ჩემთვის. ბოლოს გული გადმოვუღვარე იეჰოვას და გავანდე ჩემი საწუხარი. ახლა თავს კარგად ვგრძნობ, რადგან სულიერად გამოვჯანსაღდი“ (იერ. 45:1—5). მარეკმა იმდენად ბევრი „კარგი საქმე“ გააკეთა, რომ კრებაში ზედამხედველიც კი გახდა (1 ტიმ. 3:1).
მარეკი ყველას აფრთხილებს, ვინც საზღვარგარეთ მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნის მიზნით გადადის: „როცა საზღვარგარეთ ხარ, ძალიან ადვილია, გაება ბოროტი ქვეყნიერების მახეში. უცხო ენის მწირი ცოდნაც არ გაძლევს სხვებთან სრულფასოვანი ურთიერთობის საშუალებას. შეიძლება ფული დააგროვო და შენს ქვეყანაში ხელცარიელი არ დაბრუნდე, მაგრამ სულიერი ძალის აღსადგენად საკმაოდ დიდი დრო დაგჭირდება“.
თუ გაწონასწორებული თვალსაზრისი გვექნება ქვეყნიურ სამუშაოზე და და-ძმების წინაშე ჩვენზე დაკისრებულ ვალდებულებას პირნათლად შევასრულებთ, იეჰოვას გავუხარებთ გულს. ჩვენ შეგვიძლია საკუთარი მაგალითით დავეხმაროთ სხვებს გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში. ცხოვრების საზრუნავით დამძიმებულებს ესაჭიროებათ მხარდაჭერა და თანაგრძნობა. კარგი იქნება ასევე, თუ და-ძმები მათ საკუთარი მაგალითით გაამხნევებენ. კრების უხუცესებსა და სხვა მოწიფულ ქრისტიანებს შეუძლიათ დაეხმარონ თანამორწმუნეებს წონასწორობის შენარჩუნებაში, რათა ისინი არ შთანთქას ცხოვრებისეულმა საზრუნავმა (ებრ. 13:7).
ნურასდროს დავუშვებთ, რომ მთელი ჩვენი დრო და ენერგია ქვეყნიურმა სამუშაომ წაგვართვას და მივატოვოთ თანამორწმუნეები (ფილ. 1:10). ნაცვლად ამისა, გავმდიდრდეთ ღვთის თვალში, ანუ პირველ ადგილზე სამეფოს ინტერესები დავაყენოთ (ლუკ. 12:21).
[სქოლიო]
a ზოგი სახელი შეცვლილია.
[სურათები 21 გვერდზე]
ხომ არ გიშლით სამსახური ხელს კრების შეხვედრებზე დასწრებაში?
[სურათები 23 გვერდზე]
პატივად თვლით, რომ სულიერ და-ძმებს ემსახურებით?