-
საზიანოდ ხომ არ მოქმედებს თქვენზე ფულის შოვნისკენ სწრაფვა?გამოიღვიძეთ! — 2007 | ივნისი
-
-
საზიანოდ ხომ არ მოქმედებს თქვენზე ფულის შოვნისკენ სწრაფვა?
ხვალ რომ გამდიდრდეთ, როგორ მოიქცევით? ნაკლებს იმუშავებთ და სიამოვნებას არ მოიკლებთ? თავს დაანებებთ სამსახურს და უფრო მეტ დროს დაუთმობთ ოჯახსა და მეგობრებს? თუ თქვენთვის საყვარელ საქმეს წამოიწყებთ? საინტერესოა, რომ მრავალი, ვინც გამდიდრდა, სულაც არ მოქცეულა ასე. უფრო მეტიც, ისინი დარჩენილ ცხოვრებას მეტი ფულის შოვნას უძღვნიან, რათა ახალი ვალები გაისტუმრონ ან მეტი სიმდიდრე მოიხვეჭონ.
ზოგიერთები, რომლებმაც ცხოვრების ასეთი გზა აირჩიეს, ამჩნევენ, რომ სიმდიდრისკენ სწრაფვამ მათი ჯანმრთელობა შეარყია და უარყოფითად იმოქმედა მათ ოჯახურ ცხოვრებასა და ბავშვებზე. ამ ბოლო დროს წიგნებში, ჟურნალ-გაზეთებსა და სატელევიზიო პროგრამებში ხალხს ხშირად აფრთხილებენ, რომ მოერიდონ სიმდიდრისკენ მეტისმეტ სწრაფვას, და მოუწოდებენ გაიმარტივონ ცხოვრება. არაერთ წყაროში მახვილდება ყურადღება, რომ მატერიალურმა მისწრაფებებმა ადამიანი შეიძლება დააავადოს როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად და ფსიქიკურად.
რა თქმა უნდა, სიახლეს არ წარმოადგენს ის, რომ სიმდიდრისკენ სწრაფვას თან საშიშროება ახლავს. თითქმის 2 000 წლის წინ ბიბლიაში უკვე ეწერა: „ვინც გამდიდრებისკენ ისწრაფვის, ებმება ცდუნებაში, მახეში, ბევრ უგუნურ და მავნებელ სურვილში, რომელიც ღუპავს და ანადგურებს ადამიანებს, რადგან ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია, და ზოგიერთები, რომლებმაც ასეთი სიყვარული განივითარეს, ჩამოშორდნენ რწმენას და მრავალი ტკივილი მიაყენეს თავიანთ თავს“ (1 ტიმოთე 6:9, 10).
მაგრამ ნამდვილად ასეა ეს? მართლა ტკივილი მოაქვს სიმდიდრის მოხვეჭას მათთვის, ვისი ცხოვრების მიზანიც ფულისა და ქონების დაგროვებაა? თუ პირიქით, ყველაფერი აქვთ — სიმდიდრეც, ჯანმრთელობაც და ბედნიერი ოჯახებიც? მოდი განვიხილოთ ეს საკითხი.
-
-
როგორ შეიძლება იმოქმედოს თქვენზე გამდიდრებისკენ სწრაფვამ?გამოიღვიძეთ! — 2007 | ივნისი
-
-
როგორ შეიძლება იმოქმედოს თქვენზე გამდიდრებისკენ სწრაფვამ?
დღეს, როდესაც მსოფლიოში, 850 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილობს, შეიძლება ძნელი წარმოსადგენი იყოს, რომ სიმდიდრემ პრობლემები გამოიწვიოს. მაგრამ, ალბათ შენიშნეთ, რომ წინა სტატიაში მოყვანილი მუხლი გვაფრთხილებდა არა ფულისა და სიმდიდრის ქონაზე, არამედ ფულის სიყვარულსა და სიმდიდრისკენ სწრაფვაზე. რა ხდება მაშინ, როცა ადამიანების ცხოვრების მთავარი მიზანი ფულის შოვნა და ქონების დაგროვებაა? თავდაპირველად ვნახოთ, რა გავლენას ახდენს ეს მათ შვილებზე.
გავლენა შვილებზე
ერთი შეფასების თანახმად მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ბავშვი ტელევიზიით საშუალოდ 40 000 რეკლამას უყურებს. ამას დაუმატეთ კომპიუტერული თამაშები, ბოლო მოდელის პლეიერები, კომპიუტერული პროგრამები და ცნობილი დიზაინერებისა თუ ფირმების ძვირადღირებული ტანსაცმელი, რასაც ბავშვები მაღაზიებსა თუ თავიანთი მეგობრების სახლში ხედავენ; წარმოიდგინეთ, ამ ყოველივეს შემყურე შვილები რამდენ რამეს მოსთხოვენ მშობლებს?! ზოგიერთი მშობელი ყველა სურვილს უსრულებს შვილებს. რატომ?
ზოგი მშობელი ბავშვობაში ბევრ რამეს იყო მოკლებული. ამის გამო ახლა ისინი ყველანაირად ცდილობენ, საკუთარ შვილებს არაფერი მოაკლონ. ზოგი მათგანი იმასაც კი ფიქრობს, რომ თუ ბავშვს თხოვნას არ შეუსრულებს, შვილს ის აღარ ეყვარება. „მშობლებს სურთ, რომ შვილების საუკეთესო მეგობრები იყვნენ და ყველაფერში ასიამოვნონ მათ“, — ამბობს ქალაქ ბოულდერში (კოლორადო, აშშ) არსებული მშობელთა მხარდამჭერი ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი. სხვები ფიქრობენ, რომ საჩუქრების სიმრავლით აანაზღაურებენ იმ დიდ დროს, რასაც შვილებისგან შორს, სამსახურში ატარებენ. სხვა მიზეზი კი შეიძლება ის იყოს, რომ დაძაბული სამუშაო კვირის ბოლოს მშობლებს იმის თავიც აღარ ჰქონდეთ, უარი უთხრან შვილებს რამეზე, რადგან იციან, რომ მათი ბუზღუნის ატანა მოუწევთ.
მოქმედებს კი დადებითად შვილებზე, როცა მშობლები ყველა სურვილს უსრულებენ მათ? თუ პირიქით? სინამდვილეში, როგორც ფაქტები გვიჩვენებს, განებივრებული ბავშვები უფრო მეტად კი არ ავლენენ სიყვარულს მშობლებისადმი, არამედ უმადურები ხდებიან. ისინი იმ საჩუქრებსაც კი აღარაფრად აგდებენ, რომლებსაც ასე დაჟინებით სთხოვდნენ მშობლებს. ერთი საშუალო სკოლის დირექტორი ამბობს: „გამოცდილება მიჩვენებს, რომ, როცა მშობლები შვილისთვის მაშინვე ყიდულობენ ყველაფერს, რასაც ის თითს დაადებს, ხშირად ისე ხდება, რომ ორი კვირის შემდეგ ბავშვი ზედაც აღარ უყურებს ახალშეძენილ ნივთს“.
რა ხდება შემდეგ, როცა განებივრებული ბავშვები იზრდებიან? როგორც ჟურნალ „ნიუსუიკშია“ ნათქვამი, გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ასეთი ბავშვები შემდგომში „ძნელად უმკლავდებიან ცხოვრებისეულ პრობლემებს“. მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ იმაზე, თუ რა ოფლის ფასად უჯდებოდათ მშობლებს მათი სურვილების დაკმაყოფილება. ამიტომ უზრუნველ ცხოვრებას მიჩვეული ზოგი მათგანი წარმატებას ვერ აღწევს ვერც სკოლაში, ვერც სამსახურში და ვერც ქორწინებაში. ფინანსურად ისინი მომავალშიც მშობლებზე დამოკიდებულნი რჩებიან. ისინი უფრო ადვილად ეძლევიან დარდს და უფრო მალე ვარდებიან დეპრესიაში.
გარდა ამისა, განებივრებულმა ბავშვებმა არ იციან შრომის ფასი, არა აქვთ საკუთარი ღირსების გრძნობა და ვერ განიცდიან შინაგან კმაყოფილებას. ფსიქოთერაპევტი ჯესი ო’ნილი მშობლებს აფრთხილებს: „როდესაც შვილებს შთაუნერგავთ, რომ ყოველთვის შეუძლიათ იმის მიღება, რაც სურთ და როცა სურთ, ამით თქვენ მათ ბედნიერებასა და სიხარულს მოკლებულ ცხოვრებას უმზადებთ“.
გავლენა უფროსებზე
თუ დაქორწინებული ხართ, „არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანი ცხოვრობთ ერთად ან რამდენი ფული გაქვთ, შესაძლოა, მეუღლესთან სწორედ ფულის გამო მოგივიდეთ კამათი“, — ნათქვამია ჟურნალში „ფსაიქოლოჯი ტუდეი“. სტატიაში აგრეთვე აღნიშნულია: „იმით, თუ როგორ აგვარებს წყვილი ფულის გამო გამოწვეულ უთანხმოებასა და უკმაყოფილებას, შეიძლება განისაზღვროს, რამდენად წარმატებული თუ წარუმატებელი იქნება მათი ქორწინება“. წყვილი, რომელიც გადამეტებულად ზრუნავს ფულის შოვნასა და მატერიალური ნივთების შეძენაზე, აშკარა საფრთხეს უქმნის ქორწინებას. მართლაც, როგორც ფაქტები ცხადყოფს, განქორწინების შემთხვევათა 90 პროცენტი სწორედ რომ ფულის გამო კამათით არის გამოწვეული.
მაშინაც კი, თუ წყვილი განაგრძობს ერთად ცხოვრებას, მათი ურთიერთობები შეიძლება გაუარესდეს, თუკი მათი ერთადერთი საფიქრალი ფული და ფუფუნებაა. მაგალითად, ცოლ-ქმარი, რომელსაც ვალი აქვს, შეიძლება ადვილად ღიზიანდებოდეს და ფინანსურ პრობლემებში ერთმანეთს ადანაშაულებდეს. ზოგჯერ წყვილი ისეა გადართული ფულის შოვნაზე, რომ ცოტა დროღა რჩებათ ერთმანეთისთვის. რა ხდება მაშინ, როცა მეუღლეთაგან ერთ-ერთი ძვირადღირებულ ნივთს ყიდულობს და ამას მეუღლეს უმალავს? ასეთი მოქმედების შედეგად მეუღლეებს შორის გულწრფელი ურთიერთობა იკარგება და ჩნდება დანაშაულის გრძნობა და უნდობლობა, რაც თავის მხრივ, ძირს უთხრის ქორწინებას.
ზოგი, დაქორწინებული იქნება თუ დაუქორწინებელი, პირდაპირი გაგებით ეწირება მატერიალურ მისწრაფებებს. სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებ ზოგ ადამიანს იმდენად სურს, მიჰყვეს დასავლურ ფასეულობებს, რომ სტრესში ვარდება და თავის მოკვლასაც კი ცდილობს. შეერთებულ შტატებში ერთმა კაცმა მოკლა თავისი ცოლი, 12 წლის ვაჟი და ბოლოს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. როგორც ჩანს, ამის მიზეზი მისი ფინანსური პრობლემები იყო.
რა თქმა უნდა, უმრავლესობისთვის ასეთი შედეგებით არ მთავრდება სიმდიდრისკენ სწრაფვა, მაგრამ მის ძიებაში ისინი ხელიდან უშვებენ სიცოცხლით ტკბობის შესაძლებლობას. გარდა ამისა, სამსახურში მიღებულმა სტრესმა შეიძლება დაღი დაასვას მათ ცხოვრებას და დაძაბულობამ ისეთი პრობლემები გამოიწვიოს, როგორიცაა პანიკური შიში, უძილობა, ქრონიკული თავის ტკივილი და წყლული — ყოველივე ამან ადამიანს შეიძლება სიცოცხლის წლები შეუმოკლოს. და მაშინაც კი, თუ ის გონს მოეგება და მიხვდება, რომ საჭიროა პრიორიტეტების შეცვლა, ეს შეიძლება უკვე ძალიან გვიანი იყოს. მისი მეუღლე შეიძლება უკვე აღარ ენდობოდეს მას, ბავშვები, შესაძლოა, ემოციურად მოშლილები იყვნენ, და თავად კი ჯანმრთელობა ჰქონდეს შერყეული. მართალია, აქედან ზოგიერთი რამის გამოსწორება შესაძლებელია, მაგრამ ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ასეთები მართლაც ‘მრავალ ტკივილს აყენებენ თავიანთ თავს’ (1 ტიმოთე 6:10).
თქვენ რა გსურთ?
უმრავლესობას სურს, რომ ჰყავდეს ბედნიერი ოჯახი, ჰქონდეს კარგი ჯანმრთელობა, სასიამოვნო სამუშაო და საკმარისი ფული, რომ კომფორტულად იცხოვროს. ამ ოთხივე სურვილის დაკმაყოფილება გაწონასწორებულ მიდგომას მოითხოვს, მაგრამ როცა წინა პლანზე ადამიანი ფულს აყენებს, მაშინ ეს წონასწორობა ირღვევა. ბევრის აზრით, გაწონასწორებულად რომ იცხოვროს, ის უნდა დაკმაყოფილდეს დაბალანაზღაურებადი სამსახურით, იცხოვროს ნაკლებად კომფორტულ სახლში, ჰყავდეს შედარებით იაფფასიანი ავტომობილი, ან ჰქონდეს უფრო დაბალი სოციალური სტატუსი. მაგრამ რამდენია მზად, დათმოს ფუფუნება უფრო მაღალი ფასეულობებისთვის? „მესმის, რომ ბევრი რამ, რაც მაქვს, არ მჭირდება, — აღიარებს ერთი ქალი, — მაგრამ ძალიან ძნელია, უარი ვთქვა მათზე!“ სხვებს სურთ, გაიმარტივონ ცხოვრება, მაგრამ არ უნდათ, რომ პირველებმა გააკეთონ ეს.
რა შეიძლება ითქვას თქვენზე? თუ ფულისა და მატერიალური საგნებისადმი გაწონასწორებული მიდგომა გაქვთ, ქებას იმსახურებთ. მაგრამ, ღირს დაფიქრება, თუ ცხოვრების დონის შენარჩუნება თითქმის მთელ დროს გართმევთ და ამის გამო ამ სტატიასაც სწრაფად კითხულობთ. თქვენც ხომ არ გრძნობთ, რომ ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობისთვის საჭიროა დათმოთ ზოგი რამ? მაშ, მტკიცედ იმოქმედეთ, სანამ სიმდიდრისკენ სწრაფვას ძირი არ გამოუთხრია თქვენი ოჯახისთვის. ქვემოთ მოცემულ ჩარჩოში თქვენ ნახავთ რჩევებს, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ ცხოვრების გამარტივებას.
როდესაც მატერიალურ ნივთებს გაწონასწორებულად ვუდგებით, ეს ოჯახის თითოეულ წევრზე დადებითად მოქმედებს როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად. თუმცაღა, ქრისტიანებს კიდევ ერთი რამ აღელვებთ — მათ არ სურთ, რომ მატერიალურმა ნივთებმა ხელი შეუშალოს ღმერთთან ურთიერთობაში. მაგრამ როგორ შეიძლება, რომ სიმდიდრესკენ სწრაფვამ საფრთხე შეუქმნას ვინმეს სულიერ ჯანმრთელობას, და როგორ ავირიდოთ ეს თავიდან? ამ საკითხს მომდევნო სტატიაში შევეხებით.
[ჩანართი 5 გვერდზე]
განებივრებული ბავშვები ხშირად უმადურები არიან და ზედაც აღარ უყურებენ ახალშეძენილ ნივთს.
[ჩარჩო/სურათი 7 გვერდზე]
იყავით გაწონასწორებულები
იმისათვის, რომ ზოგი რამ დათმოთ, პირველ რიგში, ეს ნამდვილად უნდა მოინდომოთ და შემდეგ გონივრული გეგმა შეიმუშაოთ. ქვემოთ მოცემული რჩევები ზოგისთვის დამხმარე აღმოჩნდა.
◼ დაფიქრდით. რისგან შეგეძლოთ გათავისუფლება? რის ყიდვაზე შეგიძლიათ უარის თქმა? ჟურნალების გამოწერაზე? მუსიკალურ დისკებზე? მანქანის ზედმეტ აქსესუარებზე?
◼ მოსინჯეთ ცხოვრების გამარტივება. თუ სერიოზულად ეჭვობთ, შეძლებთ თუ არა უფრო მარტივად ცხოვრებას, კარგი იქნებოდა, საცდელად ექვსი თვის ან ერთი წლის განმავლობაში გაგემარტივებინათ ცხოვრება. დაფიქრდით, მაშინ უფრო ბედნიერები იყავით, როცა მთელ დროს ფულის შოვნასა და მატერიალური ნივთების დაგროვებას ახმარდით, თუ პირიქით?
◼ შვილებთან ერთად იმსჯელეთ ცხოვრების გამარტივებაზე. ისინი ალბათ მხარს დაუჭერენ თქვენს გადაწყვეტილებას. ამგვარად, თუ საჭირო იქნება მათთვის რაიმეზე უარის თქმა, ეს აღარ გაგიჭირდებათ.
◼ დაფიქრდით, ხომ არ აჯობებს, რომ ბავშვებს სახარჯო ფული მისცეთ ხოლმე? იყიდიან ბავშვები დაზოგილი ფულით სასურველ ნივთს თუ არა, ისინი მოთმინებას მაინც ისწავლიან და დააფასებენ იმ ნივთებს, რაც უკვე აქვთ. ისინი იმასაც ისწავლიან, თუ როგორ მიიღონ გადაწყვეტილებები.
◼ გამოძებნეთ ფულის დაზოგვის საშუალებები. შეეცადეთ, შეღავათიან ფასში იყიდოთ თქვენთვის სასურველი ნივთი. გამოთვალეთ ხარჯები. ისარგებლეთ ერთი ავტომანქანით. ეკონომიურად გამოიყენეთ ელექტროენერგია თუ ბუნებრივი აირი. ყიდვის ნაცვლად წიგნები ბიბლიოთეკიდან გამოიტანეთ ან ვინმესგან ითხოვეთ.
◼ სასარგებლოდ გამოიყენეთ თავისუფალი დრო და ენერგია. გახსოვდეთ, ცხოვრებას იმიტომ კი არ იმარტივებთ, რომ უბრალოდ ცოტა რამ გქონდეთ, არამედ იმიტომ, რომ უფრო მეტი ყურადღება დაუთმოთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ოჯახთან თუ მეგობრებთან ურთიერთობა. აკეთებთ ამას?
[სურათი 6 გვერდზე]
გამდიდრებისკენ სწრაფვამ მეუღლეებს შორის შეიძლება ურთიერთობა დაძაბოს.
-