გაიხარეთ „ჭეშმარიტი სიცოცხლით“
იეჰოვა ღმერთმა ადამიანი მარადიული სიცოცხლის სურვილით შექმნა (ეკლესიასტეს 3:11, აქ). მართალია, სიკვდილის პირისპირ ადამიანები უსუსურები არიან, მაგრამ მათში არასოდეს ქრება სიცოცხლის სურვილი.
წმინდა ბიბლია, ღვთის ინსპირირებული სიტყვა, დიდებულ იმედს გვაძლევს (2 ტიმოთე 3:16). იეჰოვა, რომელიც სიყვარულის განსახიერებაა, არ შექმნიდა ადამიანებს მარადიულობის აღქმის უნარით და იმავდროულად, მხოლოდ რამდენიმე წლით სიცოცხლეს არ მიუსჯიდა. ღმერთი არ შეგვქმნიდა ასეთი მტანჯველი ცხოვრებისთვის; ეს სრულიად ეწინააღმდეგება მის პიროვნებას. ჩვენ არ ვიყავით შექმნილი ‘პირუტყვ ცხოველებად, რომლებიც ბუნებით დასაჭერად და მოსასპობად არიან გაჩენილი’ (2 პეტრეს 2:12).
იეჰოვა ღმერთმა ადამი და ევა მარადიული სიცოცხლის სურვილით შექმნა და ეს „ძალიან კარგი“ იყო. მათ მარადიულად უნდა ეცხოვრათ (დაბადება 1:31). სამწუხაროდ, პირველმა წყვილმა ბოროტად გამოიყენა თავისუფლება, არ დაემორჩილა შემოქმედის განკარგულებას და დაკარგა სრულყოფილება. შედეგად, შთამომავლობას ცოდვა და სიკვდილი გადასცეს და დაიხოცნენ (დაბადება 2:17; 3:1–24; რომაელთა 5:12).
ბიბლია ნათელს ჰფენს ცხოვრების მიზანსა და სიკვდილის მნიშვნელობას. ის ამბობს, რომ განსვენებულებს შავეთში „არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა ან სიბრძნე“ არ გაჰყვებათ, რადგან მათ „არაფერი იციან“ (ეკლესიასტეს 9:5, 10). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიცვალებული აღარ არსებობს. მოძღვრება უკვდავი სულის შესახებ არაბიბლიურია და ამიტომ, საჭირო არ არის მკვდრების მდგომარეობის შესახებ საიდუმლოებით მოცული მოძღვრების ახსნა (დაბადება 3:19; ფსალმუნი 145:4; ეკლესიასტე 3:19, 20; ეზეკიელის 18:4)a.
ღმერთს არ შეუცვლია თავისი განზრახვა. მას დედამიწა „საუკაცრიელოდ“ კი არ შეუქმნია, „დასასახლებლად გამოსახა“, სადაც სამოთხის მსგავს პირობებში უნდა ეცხოვრათ სრულყოფილ ადამიანებს (ესაია 45:18; მალაქია 3:6). ამის განსახორციელებლად მან თავისი ძე გამოგზავნა დედამიწაზე. იესო ქრისტემ ერთგულება სიკვდილამდე შეინარჩუნა და გამომსყიდველური მსხვერპლის საშუალებით კაცობრიობა ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან გაათავისუფლა. იესომ აღნიშნა: „ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16).
დიდი ხნის წინათ ღმერთმა აღთქმა დადო, რომ შექმნიდა „ახალ ცას და ახალ მიწას“ (ესაია 65:17; 2 პეტრე 3:13). ამაში შედიოდა ისიც, რომ ამოირჩევდა ერთგული ქრისტიანებისგან შემდგარ განსაზღვრულ ჯგუფს ზეცაში საცხოვრებლად და ისინი ქრისტესთან ერთად სამეფო მმართველობის ბირთვს შექმნიდნენ. ბიბლია მოიხსენიებს ამას, როგორც „ცათა სასუფეველს“ ან „ღვთის სასუფეველს“, რომელიც უხელმძღვანელებს ყველაფერს, „რაც დედამიწაზეა“ (მათე 4:17; 12:28; ეფესელთა 1:10; გამოცხადება 5:9, 10; 14:1, 3, აქ). უღვთო ქვეყნიერების განადგურებისა და დედამიწის განწმენდის შემდეგ ღმერთი დააფუძნებს ახალ, სამართლიანი ადამიანების საზოგადოებას, ანუ „ახალ მიწას“. მასში გაერთიანდებიან ის ადამიანები, რომლებსაც იეჰოვა ამ ბოროტი სისტემის მოახლოებული განადგურებისას გადაარჩენს (მათე 24:3, 7–14, 21; გამოცხადება 7:9, 13, 14). მათ შეუერთდებიან მკვდრეთით აღდგენილებიც (იოანე 5:28, 29; საქმეები 24:15).
როგორი იქნება „ჭეშმარიტი სიცოცხლე“
იმის დასადასტურებლად, როგორი იქნება დედამიწაზე მომავალ სამოთხეში აღმაფრთოვანებელი ცხოვრება, ღმერთი ამბობს: „აჰა, ვქმნი ყოველივეს ახალს“ (გამოცხადება 21:5). ადამიანის გონება სრულად ვერ აღიქვამს იმ სასწაულებრივ საქმეებს, რასაც ღმერთი კაცობრიობისთვის მოიმოქმედებს. ის მთელ დედამიწას ედემის მაგვარ სამოთხედ გადააქცევს. როგორც ედემის ბაღში, ისე მომავალ სამოთხეშიც ადამიანები დატკბებიან სილამაზით, სასიამოვნო ფერებითა და ხმებით, გემრიელი საკვებით. აღარ იარსებებს სიღარიბე და საჭმლის უკმარისობა, რადგან ბიბლიაში ნათქვამია: „წინანდელნი გარდახდნენ“ (გამოცხადება 21:4; ფსალმუნი 71:16). მეტად არავინ იტყვის „ავად ვარო“, რადგან ავადმყოფობა სამუდამოდ გაქრება (ესაია 33:24). დიახ, მწუხარების ყველა მიზეზი, კაცობრიობის ძველი მტრის, სიკვდილის, ჩათვლით, აღარ იარსებებს (1 კორინთელთა 15:26). „ახალი მიწის“, ქრისტეს მმართველობას დაქვემდებარებულ ადამიანთა ახალი საზოგადოების, შესახებ სასწაულებრივ ხილვაში მოციქულმა იოანემ ასეთი სიტყვები მოისმინა: „[ღმერთი] მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება“. რა მოგვიტანს უფრო დიდ ნუგეშსა და სიხარულს, თუ არა ამ ღვთიური დანაპირების შესრულება?
მომავლის აღწერისას ბიბლია განსაკუთრებულად უსვამს ხაზს იმ პირობებში ცხოვრებას, როცა ადამიანი მორალურად და სულიერად დაკმაყოფილდება. ყველაფერს, რისთვისაც კაცობრიობა დღემდე ამაოდ იბრძვის, მომავალში მიაღწევს (მათე 6:10). ადამიანებს სამართლიანობა სწყურიათ, რასაც დღემდე ვერ მიაღწიეს; ისინი იტანჯებიან მჩაგვრელების ხელში, რომლებიც უძლურებზე მბრძანებლობენ (ეკლესიასტე 8:9). ფსალმუნმომღერალმა იწინასწარმეტყველა ქრისტეს მმართველობის პერიოდის შესახებ: „გამოაბრწყინვოს დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშჳდობაჲ, ვიდრემდის განკაფდეს მთოვარე“ (ფსალმუნი 71:7, „მცხეთური ხელნაწერები“).
ამასთანავე, ადამიანებს სურთ, იყვნენ თანასწორუფლებიანები, რისთვისაც უამრავი მსხვერპლი გაიღეს. ახალ ქვეყნიერებაში ღმერთი აღმოფხვრის ადამიანის უფლებების ასეთ შეზღუდვას (მათე 19:28). ყველა პატივისცემით მოეპყრობა ერთმანეთს; მაგრამ ასეთი თანასწორუფლებიანობა მკაცრი მმართველობის რეჟიმის შედეგად არ იქნება მიღწეული. ასეთი უსამართლობის მიზეზებიც კი აღმოიფხვრება, მათ შორის სიხარბე და სიამაყე, რაც ადამიანებს უბიძგებს, იბატონონ სხვებზე ან დააგროვონ დიდძალი ქონება. ესაიამ იწინასწარმეტყველა: „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, ჩაყრიან ვაზებს და მათ ნაყოფს შეჭამენ. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად“ (ესაია 65:21, 22).
როგორ იტანჯება ადამიანი სისხლისღვრის გამო, როგორც მცირე, ისე მასიური კონფლიქტების დროს! ეს აბელის მკვლელობით დაიწყო და დღემდე გრძელდება. რამდენი ხანია ადამიანები იმედოვნებენ და ელოდებიან მშვიდობის დამყარებას, მაგრამ, როგორც ჩანს, ამაოდ. აღდგენილ სამოთხეში ყველა მშვიდობისმოყვარე და უწყინარი იქნება; ისინი „დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 36:11).
ესაიას 11:9-ში ნათქვამია: „აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული“. შთამომავლობით გადმოცემული არასრულყოფილებისა და სხვა ხელშემშლელი ფაქტორების გამო დღესდღეობით სრულად არ შეგვიძლია ჩავწვდეთ ამ სიტყვების მნიშვნელობას. ჯერ კიდევ შეგვიძლია ვისწავლოთ, როგორ დაგვაახლოებს ღმერთთან მის შესახებ სრული შემეცნების მიღება და როგორ მოგვცემს ეს სრული სიხარულის საფუძველს. წმინდა წერილებიდან ვგებულობთ, რომ იეჰოვა არის სასწაულებრივი ძალისა და სიბრძნის მფლობელი, სამართლიანი და მოსიყვარულე. ამიტომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის მოისმენს „ახალი მიწის“ წარმომადგენლების ლოცვებს.
„ჭეშმარიტი სიცოცხლე“ რეალობაა — ჩაეჭიდე მას!
ბევრისთვის დედამიწაზე შესანიშნავ პირობებში მარადიული სიცოცხლე მხოლოდ ოცნება ან ილუზიაა. მიუხედავად ამისა, მათთვის, ვისაც ეჭვი არ ეპარება ბიბლიურ დანაპირებში, ასეთი იმედი რეალობას წარმოადგენს. ის მათთვის ღუზის მსგავსია (ებრაელთა 6:19). ისევე, როგორც ღუზის საშუალებით გემი მყარად დგას და არ ირყევა, მარადიული სიცოცხლის იმედის მფლობელებს შეუძლიათ რწმენითა და სიმტკიცით შეხვდნენ ცხოვრებაში არსებულ სერიოზულ პრობლემებს და გადალახონ კიდეც ისინი.
შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი სისრულეში მოიყვანს თავის დანაპირებს. მან თავისი აღთქმა ფიცით განამტკიცა. მოციქულმა პავლემ დაწერა: „როცა ღმერთს სურდა უპირატესად ეჩვენებინა აღთქმის მემკვიდრეთათვის თავისი ნების უცვალებლობა, ფიცს მიმართა, რათა ორ უცვალებელ საქმეში, რაშიც შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს, დიდი ნუგეშისცემა გვქონდეს ჩვენ. . . რათა ჩავჭიდებოდით ჩვენს წინ მდებარე იმედს“ (ებრაელთა 6:17, 18). „ორი უცვალებელი საქმე“, რომელსაც ღმერთი არასდროს შეცვლის, არის მისი აღთქმა და ფიცი, რაზეც იმედებს ვამყარებთ.
ღვთის აღთქმების რწმენა დიდი ნუგეშისა და სულიერი სიძლიერის წყაროა. ისრაელი ერის წინამძღოლ იესო ნავეს ძეს მსგავსი რწმენა ჰქონდა. როცა მან გამოსათხოვარი სიტყვებით მიმართა ისრაელიანებს, ღრმად მოხუცებული იყო და სიკვდილის მოახლოებას გრძნობდა. მიუხედავად ამისა, ის სულიერად ძლიერი და ერთგული იყო, რაც ღვთის აღთქმებისადმი სრული ნდობიდან გამომდინარეობდა. მას შემდეგ, რაც აღნიშნა, რომ „წუთისოფლის წესისამებრ“ ასრულებდა თავის სიცოცხლეს, იესო ნავეს ძემ თქვა: „მთელი თქვენი გულითა და სულით შეიგნეთ, რომ არცერთი სიტყვა არ გაცუდებულა იმ სასიკეთო სიტყვებიდან, რაც თქვენზე უთქვამს უფალს, თქვენს ღმერთს“. დიახ, იესო ნავეს ძემ სამჯერ გაიმეორა, რომ ღმერთი ყოველთვის ასრულებს ყველა პირობას (იესო ნავეს ძე 23:14).
თქვენც შეგიძლიათ განავითაროთ ახალ ქვეყნიერებასთან დაკავშირებით ღვთის დანაპირებისადმი რწმენა, ქვეყნიერებისა, რომელიც მალე დამყარდება. ბიბლიის გულმოდგინე შესწავლის შედეგად თქვენთვის ნათელი გახდება, როგორი პიროვნებაა იეჰოვა და რატომ იმსახურებს თქვენს ნდობას (გამოცხადება 4:11). აბრაამს, სარას, ისააკს, იაკობსა და სხვა ადრინდელ ერთგულ მსახურებს ურყევი რწმენა ჰქონდათ, რომელსაც საფუძვლად ჭეშმარიტ ღმერთთან, იეჰოვასთან, ახლო ურთიერთობა ედო. მათი იმედი მტკიცე იყო მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლეში „ვერ მიიღეს აღთქმულნი“, ისინი „შორიდან უყურებდნენ მათ და მიესალმებოდნენ“ (ებრაელთა 11:13, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990).
ბიბლიური წინასწარმეტყველებების საფუძველზე ვხედავთ, რომ მოახლოებულია „ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღე“, როცა დედამიწა გაიწმინდება ბოროტებისგან (გამოცხადება 16:14, 16). ადრინდელი ერთგული ადამიანების მსგავსად, ღვთისა და „ჭეშმარიტი სიცოცხლისადმი“ სიყვარულით აღძრულები ღრმა რწმენით უნდა ველოდოთ მომავალი მოვლენების შესრულებას. იმის ცოდნა, რომ ახალი ქვეყნიერება ახლოს არის, აღგვძრავს, იეჰოვასადმი რწმენითა და სიყვარულით განვიმსჭვალოთ. ასეთი რწმენისა და სიყვარულის გამომუშავება აუცილებელია იმისათვის, რომ დავიმსახუროთ ღვთის კეთილგანწყობილება და მის დიად დღეს, რომელიც ძალიან ახლოს არის, ვიყოთ დაცულნი (სოფონია 2:3; 2 თესალონიკელთა 1:3; ებრაელთა 10:37–39).
რას იტყოდით, გიყვართ სიცოცხლე? და გაქვთ ძლიერი სურვილი, გაიხაროთ „ჭეშმარიტი სიცოცხლით“ — გქონდეთ ღვთის კეთილგანწყობილება და ბედნიერი მომავლისა და მარადიული სიცოცხლის პერსპექტივა? თუ ამ იმედით ცოცხლობთ, ყურადღება მიაქციეთ პავლეს მოწოდებას: ‘არ მივენდოთ მაცდურ სიმდიდრეს, არამედ ცოცხალ ღმერთს’. . . ‘გამდიდრდით კეთილი საქმეებით’, რაც დიდებას მოუტანს ღმერთს, რათა ‘მიაღწიოთ ჭეშმარიტ სიცოცხლეს’ (1 ტიმოთე 6:17–19).
თუ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას შეისწავლით, შეიძენთ შემეცნებას, რომელიც „საუკუნო სიცოცხლეს“ მოგიტანთ (იოანე 17:3). როგორც ბიბლია ამბობს, მამობრივი სიყვარულით აღძრული ღმერთი ყველას მოგვიხმობს: „შვილო, ჩემი რჯული არ დაივიწყო, ჩემი მცნებები დაიმარხოს შენმა გულმა, დღეგრძელობას, სიცოცხლის წლებს და ჯანმრთელობას შეგძენენ“ (იგავნი 3:1, 2).
[სქოლიოები]
a ამ საკითხთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბროშურა, „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“, გამოცემული საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.