ისწრაფეთ ნამდვილი სიმდიდრის დაგროვებისკენ
„შეიძინეთ მეგობრები უმართლო სიმდიდრით“ (ლუკ. 16:9).
1, 2. რატომ იქნება სიღარიბე, სანამ ეს ქვეყნიერება იარსებებს?
დღეს არსებული ეკონომიკური სისტემა დაუნდობელი და უსამართლოა. ახალგაზრდები უშედეგოდ ეძებენ სამსახურს. ბევრი საფრთხეში იგდებს სიცოცხლეს შედარებით განვითარებულ ქვეყნებში გადასასვლელად. თუმცა მდიდარ ქვეყნებშიც ბევრი სიღარიბეში ცხოვრობს. მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრული უფრო და უფრო ფართოვდება. ბოლოდროინდელი გამოთვლების თანახმად, უმდიდრესი მოსახლეობის 1 პროცენტის ქონება დედამიწის დანარჩენი მოსახლეობის ერთად აღებულ ქონებას უტოლდება. თუმცა ამის დანამდვილებით მტკიცება შეუძლებელია, არავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მილიარდობით ადამიანი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს, მაშინ როცა ზოგს იმდენი ქონება აქვს, რომ მის არაერთ თაობას ეყოფა. იესომ ეს მწარე რეალობა შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „ღარიბები სულ თქვენთან არიან“ (მარ. 14:7). რატომ არსებობს ასეთი უთანასწორობა?
2 იესოს ესმოდა, რომ ეს ეკონომიკური სისტემა იქამდე იარსებებდა, ვიდრე დედამიწაზე ღვთის სამეფო არ დამყარდებოდა. კომერციული სისტემა, რომელიც გამოცხადების 18:3-ში დიდვაჭრებით არის წარმოდგენილი, პოლიტიკურ და რელიგიურ სისტემებთან ერთად სატანის ქვეყნიერების ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის ხალხი სრულად გამოეყო პოლიტიკურ და ცრურელიგიურ სისტემებს, უმეტესობა მათგანს არ შეუძლია ბოლომდე გამოეყოს სატანის ქვეყნიერების კომერციულ სისტემას.
3. რომელ კითხვებს განვიხილავთ?
3 ყველა ქრისტიანი უნდა დაფიქრდეს, რა დამოკიდებულება აქვს კომერციული სისტემის მიმართ. ჰკითხეთ საკუთარ თავს: როგორ შემიძლია ჩემი ქონება ღვთისადმი ერთგულების დასამტკიცებლად გამოვიყენო? როგორ დავიყვანო მინიმუმამდე კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობა? რომელი მაგალითებიდან ჩანს, რომ ღვთის მსახურები სრულად ენდობიან ღმერთს რთულ ვითარებაში?
იგავი სახლის მმართველზე
4, 5. ა) რა მდგომარეობაში აღმოჩნდა იესოს იგავში მოხსენიებული სახლის მმართველი? ბ) რა ურჩია იესომ თავის მიმდევრებს?
4 წაიკითხეთ ლუკას 16:1—9. განვიხილოთ იესოს იგავი უმართლო სახლის მმართველზე. ქონების გაფლანგვაში დადანაშაულების შემდეგ სახლის მმართველი „წინდახედულად მოიქცა“.a ის შეეცადა, ისეთი ხალხის კეთილგანწყობა მოეპოვებინა, რომლებიც სამსახურის დაკარგვის შემდეგ მას დახმარების ხელს გაუწვდიდნენ. რა თქმა უნდა, იესო არ უბიძგებდა თავის მოწაფეებს არაკეთილსინდისიერი საქციელისკენ, რათა ამ ქვეყნიერებაში როგორმე თავი გაეტანათ. მისი სიტყვების თანახმად, ასეთი საქციელი „ქვეყნიერების ძეებს“ ახასიათებდათ. თუმცა ამ მაგალითით მას მოწაფეებისთვის მნიშვნელოვანი რამის სწავლება სურდა.
5 იესომ იცოდა, რომ სახლის მმართველის მსგავსად, რომელიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მისი მიმდევრებიდან ბევრს თავის სარჩენად უსამართლო კომერციულ სისტემასთან ექნებოდა შეხება. ამიტომ მან თავის მოწაფეებს ურჩია: „შეიძინეთ მეგობრები უმართლო სიმდიდრით, რათა, როცა ის ძალას დაკარგავს, მათ [იეჰოვამ და იესომ] სამუდამო სამკვიდროში მიგიღონ“. ჩვენ როგორ გვეხება ეს რჩევა?
6. საიდან ჩანს, რომ კომერციული სისტემა ღვთის განზრახვის ნაწილი არ იყო?
6 მიუხედავად იმისა, რომ იესოს არ დაუკონკრეტებია, რატომ უწოდებდა სიმდიდრეს „უმართლოს“, ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ მოგების ნახვაზე აგებული სისტემა ღვთის განზრახვის ნაწილი არ იყო. იეჰოვამ ყველაფერი უხვად მისცა ადამსა და ევას ედემის ბაღში (დაბ. 2:15, 16). პირველ საუკუნეში წმინდა სულით ცხებული ქრისტიანებიდან არც ერთი „არ ამბობდა თავის ქონებაზე, ჩემიაო; ყველაფერი საერთო ჰქონდათ“ (საქ. 4:32). ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ დადგებოდა დრო, როცა ყველა ადამიანი თავისუფლად ისარგებლებდა დედამიწის რესურსებით (ეს. 25:6—9; 65:21, 22). ვიდრე ეს დრო დადგება, იესოს მიმდევრებს გონიერება მართებთ, როცა ამ ქვეყნიერების უმართლო სიმდიდრეს თავის სარჩენად იყენებენ და ცდილობენ, ღვთის მოწონება დაიმსახურონ.
გონივრულად გამოიყენეთ უმართლო სიმდიდრე
7. რა რჩევაა ჩაწერილი ლუკას 16:10—13-ში?
7 წაიკითხეთ ლუკას 16:10—13. იესოს იგავში მოხსენიებული მმართველი ანგარების გამო დაუმეგობრდა მოვალეებს. მაგრამ იესო თავის მიმდევრებს ურჩევდა, უანგაროდ დამეგობრებოდნენ მას და იეჰოვას. მუხლებში, რომლებიც ამ იგავს მოსდევს, იესომ „უმართლო სიმდიდრის“ გამოყენება ღვთისადმი ერთგულებას დაუკავშირა. ის გულისხმობდა, რომ ასეთი სიმდიდრის გონივრულად გამოყენება ღვთისადმი ერთგულების დამტკიცების ერთ-ერთი შესაძლებლობაა.
8, 9. როგორ იყენებს ზოგი ქრისტიანი „უმართლო სიმდიდრეს“?
8 ერთგულების დამტკიცების ერთ-ერთი საშუალება იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერაა (მათ. 24:14). ინდოეთში პატარა გოგონა ყულაბაში ხურდებს აგროვებდა და სათამაშოებისთვის ნაჩუქარ ფულსაც იქ ყრიდა. როცა ყულაბა გაივსო, მან ეს ფული სამქადაგებლო საქმიანობის მხარდასაჭერად შესწირა. ერთ ინდოელ ძმას ქოქოსის პლანტაცია აქვს. მან მოსავლის ნაწილი მალაიალამურ მთარგმნელობით ოფისს შესწირა, რადგან მისი აზრით, ფულის შეწირვის ნაცვლად, ჯობდა, ის პროდუქტი შეეწირა, რომლის ყიდვა ისედაც უწევდათ ძმებს. ეს ძმა გონივრულად მოიქცა. მსგავსად, საბერძნეთში და-ძმები ბეთელს რეგულარულად სწირავენ ზეითუნის ზეთს, ყველსა და სხვა პროდუქტებს.
9 ერთმა შრი-ლანკელმა ძმამ, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს, სამშობლოში თავისი სახლ-კარი თანაქრისტიანებს დაუთმო სრული დროით მსახურების დასაბინავებლად და კრების შეხვედრებისა თუ კონგრესების ჩასატარებლად. თუმცა ეს ძმა ამით მსხვერპლს იღებს, დიდ სიკეთეს აკეთებს ადგილობრივი და-ძმებისთვის, რომელთაც მწირი შემოსავალი აქვთ. ერთ ქვეყანაში, სადაც ჩვენი საქმიანობა შეზღუდულია, ძმები კრების შეხვედრებს თავიანთ სახლებში ატარებენ. შედეგად, იმ პიონერებსა და მაუწყებლებს, რომელთაც მატერიალურად უჭირთ, შეხვედრების ადგილისთვის ქირის გადახდა არ უწევთ.
10. რა კურთხევებს ვიღებთ, როცა გულუხვად გავცემთ?
10 ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, რომ ღვთის ხალხი ერთგულია მცირედში, ანუ გონივრულად იყენებს ქონებას, რომელიც სულიერ სიმდიდრეს ვერც კი შეედრება (ლუკ. 16:10). ამ და-ძმებს ესმით, რომ ხელგაშლილობით ნამდვილ სიმდიდრეს აგროვებენ (ლუკ. 16:11). ერთი და, რომელიც რეგულარულად სწირავს სამეფო საქმისთვის, ამბობს: „უკვე წლებია, ვამჩნევ, რომ, რაც უფრო ხელგაშლილი ვარ სხვების მიმართ, მით უფრო დიდსულოვანი ვხდები. შედეგად, უფრო მიმტევებელი და მომთმენი ვარ და აღარ მიჭირს გულგატეხილობასთან გამკლავება და რჩევების მიღება“. ბევრმა საკუთარ თავზე გამოსცადა, რომ ხელგაშლილობა სულიერად ამდიდრებს (ფსალმ. 112:5; იგავ. 22:9).
11. ა) როგორ ვავლენთ გონიერებას, როცა გულუხვად გავცემთ? ბ) როგორ ხდება იეჰოვას ორგანიზაციაში თანხების გადანაწილება? (იხილეთ სურათი მე-7 გვერდზე)
11 როცა საკუთარ სახსრებს სამეფოს ინტერესების წინ წასაწევად ვიყენებთ, ჩვენ სხვა მხრივაც ვავლენთ გონიერებას. ამით სხვების დახმარების საშუალება გვეძლევა. მათ, ვისაც სრული დროით მსახურება ან მსახურების გასაფართოებლად სხვაგან გადასვლა არ შეუძლია, ახარებთ იმის ცოდნა, რომ მათ მიერ შეწირული თანხებით სხვებს ეძლევა ამის საშუალება (იგავ. 19:17). ნებაყოფლობით შეწირული თანხების მეშვეობით ისეთ ღარიბ ქვეყნებში ხდება ლიტერატურის შეტანა და სამქადაგებლო საქმიანობის მხარდაჭერა, სადაც სულიერი ზრდა დიდია. მაგალითად, ძმებს კონგოში, მადაგასკარსა და რუანდაში წლების მანძილზე უწევდათ იმის არჩევა, საკვები ეყიდათ ოჯახისთვის თუ ბიბლია, რომლის ფასიც ზოგჯერ ერთი კვირის ან მთელი თვის გასამრჯელოს უდრიდა. მთელი მსოფლიო საძმოს მიერ შეწირული თანხების გადანაწილების წყალობით იეჰოვას ორგანიზაციამ დააფინანსა ამ ენებზე ბიბლიის თარგმნა და ტრანსპორტირება. შედეგად, ამ ქვეყნებში ოჯახის თითოეულ წევრსა თუ ბიბლიის შემსწავლელებს უკვე თავიანთი ბიბლიები აქვთ (წაიკითხეთ 2 კორინთელების 8:13—15). ასე რომ, იეჰოვასთან დამეგობრება შეუძლიათ მათაც, ვინც სწირავს, და მათაც, ვისთვისაც ეს შესაწირავები იხარჯება.
მინიმუმამდე დაიყვანეთ კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობა
12. რით ცხადყო აბრაამმა, რომ ენდობოდა ღმერთს?
12 ჩვენ მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობა და ჩვენი მდგომარეობა ნამდვილი სიმდიდრის შესაძენად უნდა გამოვიყენოთ, რაც იეჰოვასთან დამეგობრების კიდევ ერთი საშუალებაა. აბრაამმა, რომელსაც დიდი რწმენა ჰქონდა, ღმერთთან მეგობრობის შესანარჩუნებლად დატოვა კეთილმოწყობილი ქალაქი ური და კარვებში ცხოვრობდა (ებრ. 11:8—10). ის ღმერთს მიიჩნევდა ნამდვილი სიმდიდრის წყაროდ და არ ისწრაფოდა გამდიდრებისკენ, რაც ღვთისადმი უნდობლობის მაჩვენებელი იქნებოდა (დაბ. 14:22, 23). ახალგაზრდა მდიდარ მამაკაცს იესომ მსგავსი რწმენის გამოვლენისკენ მოუწოდა: „თუ გინდა, სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება, ღარიბებს დაურიგე და გექნება განძი ზეცაში; მერე მოდი და გამომყევი“ (მათ. 19:21). ამ ახალგაზრდას არ ჰქონდა ისეთივე ძლიერი რწმენა, როგორიც აბრაამს, თუმცა ღვთისადმი სრული ნდობა ღვთის ბევრმა მსახურმა გამოავლინა.
13. ა) რა უთხრა პავლემ ტიმოთეს? ბ) ჩვენ როგორ შეგვიძლია პავლეს რჩევის გათვალისწინება?
13 ტიმოთემ ძლიერი რწმენა გამოავლინა. პავლემ მას „ქრისტე იესოს ღირსეული მეომარი“ უწოდა და უთხრა: „არც ერთი მეომარი არ ეფლობა ცხოვრებისეულ სავაჭრო საქმეებში, რათა იმის მოწონება დაიმსახუროს, ვინც მებრძოლთა რიგებში მიიღო“ (2 ტიმ. 2:3, 4). დღეს იესოს მიმდევრები, მათ შორის ერთ მილიონზე მეტი სრული დროით მსახურისგან შემდგარი ლაშქარი, თავიანთი მდგომარეობიდან გამომდინარე ითვალისწინებენ პავლეს რჩევას. ისინი არ ექცევიან ამ ქვეყნიერებისა თუ რეკლამის ინდუსტრიის გავლენაში და არ ავიწყდებათ, რომ „მოვალე მევალის მსახურია“ (იგავ. 22:7). სატანასაც ის უნდა, რომ მთელი ჩვენი დრო და ენერგია მის კომერციულ სამყაროს შევალიოთ. ზოგიერთი გადაწყვეტილების გამო შეიძლება წლების მანძილზე ვალებს თავი ვერ დავაღწიოთ. სახლისთვის აღებული დიდი ვალი, მრავალწლიანი სტუდენტური სესხი, ავტოგანვადების მაღალი გადასახადი და მდიდრული ქორწილი შეიძლება მძიმე ტვირთად გვექცეს. გონივრულად ვიქცევით, თუ ვიმარტივებთ ცხოვრებას და ვამცირებთ ვალებსა თუ ხარჯებს, რაც საშუალებას გვაძლევს, თავი დავაღწიოთ კომერციული სისტემის მონობას და ღმერთს მოუცდენლად ვემსახუროთ (1 ტიმ. 6:10).
14. რის გაკეთება გვმართებს, რომ ცხოვრება არ გავირთულოთ? მოიყვანეთ მაგალითები.
14 ცხოვრება რომ არ გავირთულოთ, საჭიროა პრიორიტეტების დადგენა. ერთ წყვილს მომგებიანი ბიზნესი ჰქონდა. მაგრამ მათ იმდენად უნდოდათ, კვლავ ემსახურათ სრული დროით, რომ გაყიდეს მთელი ბიზნესი, კატერი და სხვა ნივთები. შემდეგ მოხალისეებად წავიდნენ უორიკში მსოფლიო მთავარი სამმართველოს მშენებლობაზე. მათ ძალიან უხაროდათ, რომ ბეთელში ქალიშვილთან და სიძესთან ერთად მსახურობდნენ და რამდენიმე კვირა იმსახურეს ქმრის მშობლებთან ერთად, რომლებიც ასევე უორიკის მშენებლობაზე იყვნენ მიწვეულები. კოლორადოში მცხოვრებმა ერთმა დამ, რომელიც პიონერად მსახურობს, ბანკში ნახევარ განაკვეთზე დაიწყო მუშაობა. ბანკის ხელმძღვანელობა კმაყოფილი იყო დის მუშაობით, ამიტომ სრულ განაკვეთზე მუშაობა და გასამმაგებული ხელფასი შესთავაზეს. ვინაიდან სრულ განაკვეთზე მუშაობა ხელს შეუშლიდა მსახურებაში, დამ უარი თქვა ამ შეთავაზებაზე. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმისა, თუ რა მსხვერპლს იღებენ იეჰოვას მსახურები. როცა ასეთ გადაწყვეტილებებს ვიღებთ და სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე ვაყენებთ, ცხადვყოფთ, რომ ჩვენთვის ღმერთთან მეგობრობა და სულიერი სიმდიდრე კომერციული სამყაროს შემოთავაზებებზე ბევრად ძვირფასია.
როცა სიმდიდრე ძალას დაკარგავს
15. რა სიმდიდრე გვანიჭებს უდიდეს სიხარულს?
15 სიმდიდრე მაინცდამაინც ღვთის კურთხევას არ ნიშნავს. იეჰოვა აკურთხებს მათ, ვინც „კარგი საქმეებით“ მდიდრდება (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 6:17—19). მაგალითად, როცა ლუჩიამb გაიგო, რომ ალბანეთში მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო, იქ 1993 წელს გადავიდა იტალიიდან. ის მთლიანად იეჰოვაზე იყო მინდობილი, რადგან არ იცოდა, რით ირჩენდა თავს. მან ისწავლა ალბანური ენა და 60-ზე მეტ ადამიანს დაეხმარა, თავი მიეძღვნათ იეჰოვასთვის. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის მსახურთა უმეტესობა ასეთ ნაყოფიერ ტერიტორიაზე არ მსახურობს, სხვების სულიერი დახმარებისთვის გაკეთებული ნებისმიერი საქმე, არასდროს გაუფასურდება არც ჩვენს თვალში და არც მათ თვალში (მათ. 6:20).
16. ა) რა მომავალი ელის დღეს არსებულ კომერციულ სისტემას? ბ) როგორ უნდა იმოქმედოს ამის ცოდნამ სიმდიდრისადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე?
16 იესოს ეჭვქვეშ არ დაუყენებია, დაკარგავდა თუ არა სიმდიდრე ძალას, მან პირდაპირ თქვა: „როცა ის ძალას დაკარგავს“ (ლუკ. 16:9). ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებში მომხდარი ყველა ფინანსური კრიზისი არაფერია იმასთან შედარებით, რაც უახლოეს მომავალში მოხდება მთელ მსოფლიოში. სატანის ქვეყნიერების ყველა სისტემა — პოლიტიკური, რელიგიური თუ კომერციული — გასანადგურებლად არის განწირული. ეზეკიელმა და სოფონიამ იწინასწარმეტყველეს, რომ ოქრო და ვერცხლი, რომლებზეც საუკუნეების მანძილზე კომერციული სამყარო იდგა, ფასს დაკარგავდა (ეზეკ. 7:19; სოფ. 1:18). რას ვიგრძნობდით, თუ სიკვდილის პირას მივხვდებოდით, რომ ამ ქვეყნიერების „უმართლო სიმდიდრის“ შეძენას ნამდვილი სიმდიდრე შევწირეთ? ალბათ, იმ ადამიანივით ვიგრძნობდით თავს, რომელიც მთელი ცხოვრება ფულს აგროვებდა და გვიან მიხვდა, რომ ყალბი ფულისთვის შრომობდა (იგავ. 18:11). „უმართლო სიმდიდრე“ საბოლოოდ ძალას დაკარგავს, ამიტომ ნუ გაუშვებთ ხელიდან იმის შესაძლებლობას, რომ მისი მეშვეობით ზეციერი მეგობრები შეიძინოთ. ყველაფერი, რასაც ღვთის სამეფოს ინტერესების წინ წასაწევად ვაკეთებთ, სულიერად გვამდიდრებს.
17, 18. რა მომავალი ელის ღვთის მეგობრებს?
17 როცა ღვთის სამეფო დამყარდება, აღარც ქირა იარსებებს და აღარც იპოთეკა; საკვები უხვად და უფასოდ იქნება და აღარც სამედიცინო ხარჯები დაგვაწვება ტვირთად. იეჰოვას მიწიერი ოჯახი გაიხარებს იმ ყველაფრით, რასაც დედამიწა მოგვცემს. ოქროს, ვერცხლსა და სხვა ძვირფასეულობას ადამიანები სამკაულებად გამოიყენებენ და არა დასაგროვებლად ან ფულის დასაბანდებლად. უმაღლესი ხარისხის ხე, ქვა თუ ლითონი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება ლამაზი სახლების ასაშენებლად. მეგობრები სიამოვნებით დაგვეხმარებიან მშენებლობაში და სანაცვლოდ არაფერს მოგვთხოვენ. ახალ ქვეყნიერებაში ყველა თავისუფლად ისარგებლებს დედამიწის სიმდიდრით.
18 ეს მხოლოდ ნაწილია იმ ძვირფასი მემკვიდრეობიდან, რომელსაც იეჰოვასა და იესოს მეგობრები მიიღებენ. იეჰოვას მიწიერ მსახურთა სიხარულს საზღვარი არ ექნება, როცა იესოს სიტყვებს მოისმენენ: „მოდით, მამაჩემისგან კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ ქვეყნიერების შექმნიდან თქვენთვის გამზადებული სამეფო“ (მათ. 25:34).
a იესოს არ უთქვამს, შეესაბამებოდა თუ არა ეს ბრალდება სიმართლეს. ბერძნული სიტყვა, რომელიც ლუკას 16:1-ში „ამბის მიტანად“ ითარგმნა, ცილისწამების აზრსაც ატარებს. იესომ ყურადღება გაამახვილა სახლის მმართველის საქციელზე და არა სამსახურიდან მისი დათხოვნის მიზეზზე.
b ლუჩია მიუსანეტის ბიოგრაფია დაიბეჭდა 2003 წლის 8 ივლისის „გამოიღვიძეთ!“-ში, გვერდები 18—22.