გაკვეთილი 22
ბიბლიური მუხლების სწორად ახსნა
ღვთის სიტყვის სწავლებისას საკმარისი არ არის მხოლოდ ბიბლიური მუხლების წაკითხვა. პავლე მოციქული თანამსახურ ტიმოთეს სწერდა: „ყველანაირად ეცადე, ღმერთს თავი წარუდგინო მოსაწონ მუშად, რომელიც სასირცხვილოს არაფერს აკეთებს და სწორად გადასცემს ჭეშმარიტების სიტყვას“ (2 ტიმ. 2:15).
ეს იმას ნიშნავს, რომ ბიბლიური მუხლები უნდა ავხსნათ იმის საფუძველზე, რასაც თვით ბიბლია გვასწავლის. ამისათვის საჭიროა, მხედველობაში მივიღოთ კონტექსტი. არ იქნებოდა სწორი მხოლოდ იმ სიტყვის ან ფრაზის შერჩევა, რომელიც პირადად მოგვწონს და მისთვის საკუთარი ინტერპრეტაციის მიცემა. იეჰოვა იერემიას პირით განსჯიდა იმ წინასწარმეტყველებს, რომლებიც ვითომცდა იეჰოვას სიტყვებს ლაპარაკობდნენ, მაგრამ სინამდვილეში „საკუთარი გულის ხილვას“ ქადაგებდნენ (იერ. 23:16). პავლე მოციქული ქრისტიანებს აფრთხილებდა, ადამიანური ფილოსოფიებით არ წაებილწათ ღვთის სიტყვა. ის წერდა: „ღვთის სიტყვით . . . არ ვვაჭრობთ, როგორც მრავალნი, არამედ გულწრფელად, დიახ, როგორც ღვთის გამოგზავნილნი, ღვთის წინაშე ვლაპარაკობთ ქრისტესთან ერთად“. პავლეს დროს ზოგი უპატიოსნო ვაჭარი ღვინოს წყლით აზავებდა, რომ უფრო მეტი გაეყიდა და დიდი მოგება ჰქონოდა. ჩვენ ღვთის სიტყვას ადამიანთა ფილოსოფიებში არ ვაზავებთ ანუ არ ვაყალბებთ. „უარვყავით ფარული სამარცხვინო საქმეები და ცბიერებით . . . არ დავდივართ და ღვთის სიტყვას . . . არ ვაყალბებთ“, — თქვა პავლემ (2 კორ. 2:17; 4:2).
ზოგჯერ შეიძლება მსმენელისთვის ამა თუ იმ პრინციპის დასანახვებლად რომელიმე მუხლი მოიყვანო. ბიბლიაში გვხვდება მრავალი პრინციპი, რომელთა გამოყენებაც სხვადასხვა სიტუაციაშია შესაძლებელი (2 ტიმ. 3:16, 17). მაგრამ დარწმუნებული უნდა იყო, რომ სწორად იყენებ ბიბლიურ მუხლს და მასში იმას არ დებ, რის თქმაც თავად გსურს (ფსალმ. 91:11, 12; მათ. 4:5, 6). მუხლის ახსნა შეთანხმებული უნდა იყოს იეჰოვას განზრახვასთან და მთელ ბიბლიასთან.
‘ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადაცემა’ იმასაც ნიშნავს, რომ ჩასწვდე ბიბლიაში ნათქვამის სულს. ღვთის სიტყვა „ხელკეტი“ არ არის, მისით ადამიანები რომ შეაშინო. იესოს მოწინააღმდეგე რელიგიური წინამძღოლები წმინდა წერილებიდან ციტირებდნენ, მაგრამ, სხვა დანარჩენთან ერთად, ყურადღებას არ აქცევდნენ სამართალს, გულმოწყალებასა და ერთგულებას — სწორედ იმას, რაც ღვთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია (მათ. 22:23, 24; 23:23, 24). იესო კი ღვთის სიტყვის სწავლებისას ზეციერ მამას ჰბაძავდა. ის მთელი ენთუზიაზმით ასწავლიდა ჭეშმარიტებას და, ამასთანავე, დიდ სიყვარულს ავლენდა ადამიანების მიმართ. ჩვენ უნდა შევეცადოთ, მივბაძოთ იესოს (მათ. 11:28).
როგორ დავრწმუნდეთ, რომ სწორად ვიყენებთ ბიბლიურ მუხლებს? რეგულარულად უნდა ვიკითხოთ ბიბლია. აგრეთვე უნდა დავაფასოთ სულიერი საზრდო, რომელსაც იეჰოვა „ერთგული და გონიერი მონის“, ცხებულ ქრისტიანთა ჯგუფის, მეშვეობით აწვდის თავის ერთგულ მსახურებს (მათ. 24:45). პირადი შესწავლა, კრების შეხვედრებზე რეგულარული დასწრება და მათში მონაწილეობა დაგვეხმარება, უკეთ შევითვისოთ ის, რასაც „ერთგული და გონიერი მონის“ კლასი გვასწავლის.
თუ შენს ენაზე არსებობს წიგნი „მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე“ და მის გამოყენებას ისწავლი, საჭიროების შემთხვევაში, ადვილად ნახავ, როგორ იხსნება ასობით ბიბლიური მუხლი, რომლებიც ხშირად გვჭირდება ქადაგებისას. თუ უცნობი მუხლის გამოყენებას აპირებ, კარგი იქნება, თავმდაბლობა გამოავლინო და ის წინასწარ გამოიკვლიო, რომ ქადაგებისას მსმენელს სწორად გადასცე ჭეშმარიტება (იგავ. 11:2).
გასაგებად განმარტე. დარწმუნდი, რომ მსმენელისთვის ნათელია კავშირი მსჯელობის საგანსა და იმ მუხლს შორის, რომელსაც იყენებ. მუხლის წაკითხვამდე თუ შეკითხვა დასვი, მსმენელმა უნდა დაინახოს, როგორ გაეცა მას პასუხი მუხლის საშუალებით. თუ ბიბლიურ მუხლს რაიმე აზრის დასასაბუთებლად იყენებ, მსმენელისთვის ცხადი უნდა იყოს, როგორ ადასტურებს ამ აზრს წაკითხული მუხლი.
მუხლის მხოლოდ წაკითხვა — თუნდაც ხაზგასმით — ჩვეულებრივ, საკმარისი არ არის. გახსოვდეს, რომ ბევრი არ იცნობს ბიბლიას და ადამიანი, ალბათ, ერთი წაკითხვით ვერ მიხვდება, რა აზრის გადაცემა გსურს. ყურადღება გაამახვილე მუხლის იმ ნაწილზე, რომელიც უშუალოდ ეხება განსახილველ საკითხს.
საჭიროა, გამოყო მთავარი სიტყვები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება განსახილველ საკითხს. ამის გასაკეთებლად უმარტივესი მეთოდია აზრობრივი დატვირთვის მქონე სიტყვების გამეორება. თუ ვინმეს პირადად ელაპარაკები, შეგიძლია შეკითხვები დაუსვა და ამით დაეხმარო, თვითონ გამოყოს მთავარი სიტყვები. სცენაზე გამოსვლისას კი ზოგი მომხსენებელი სინონიმებს იყენებს ან თავისი სიტყვებით იმეორებს მუხლის აზრს. თუ ამ მეთოდს გამოიყენებ, ყურადღება მიაქციე, რომ მსმენელი არ დაიბნეს; ისე არ მოხდეს, რომ მან განსახილველ საკითხსა და უშუალოდ მუხლის სიტყვებს შორის კავშირი ვეღარ დაინახოს.
მთავარი სიტყვების გამოყოფით მტკიცე საძირკველს უყრი მსჯელობის შემდგომ განვითარებას. განაგრძე დაწყებული საქმე. დაანახვე მსმენელს მუხლის წაკითხვამდე ამ მუხლის გამოყენების მიზეზი? თუ დაანახვე, ახლა შეეცადე აუხსნა, როგორ უკავშირდება გამოყოფილი სიტყვები იმას, რის გაგებასაც მოელოდა. მსმენელისთვის ნათელი უნდა იყოს ეს კავშირი. იმ შემთხვევაში, თუ მანამდე არ აგიხსნია მუხლის წაკითხვის მიზეზი, საჭიროა წაკითხვის შემდეგ მაინც ახსნა.
ერთხელ ფარისევლებმა, თავიანთი აზრით, რთული კითხვა დაუსვეს იესოს. მათ ჰკითხეს: „ნებისმიერი მიზეზით არის დაშვებული ცოლთან გაყრა?“. პასუხის გაცემისას იესო დაბადების 2:24-ს დაეყრდნო. აღსანიშნავია, რომ მან მუხლის მხოლოდ ერთ ნაწილზე გაამახვილა ყურადღება და ის გამოიყენა კონკრეტული შემთხვევისთვის. იესომ ხაზი გაუსვა, რომ ცოლ-ქმარი „ერთი ხორცი“ არიან, და შემდეგ დასკვნა გააკეთა: „ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათ. 19:3—6).
რამდენად ვრცლად უნდა განუმარტო მსმენელს ბიბლიური მუხლი, რათა გაიგოს, რატომ გამოიყენე? ეს დამოკიდებულია თავად მსმენელზე და განსახილველი საკითხის სერიოზულობაზე. ყოველთვის უმჯობესია მარტივად და კონკრეტულად ლაპარაკი.
იმსჯელე წმინდა წერილების საფუძველზე. საქმეების 17:2, 3-ში ნათქვამია, რომ პავლე მოციქული თესალონიკეში „მსჯელობდა წმინდა წერილების საფუძველზე“. ასეთი მსჯელობის უნარი იეჰოვას თითოეულმა მსახურმა უნდა განივითაროს. პავლემ ჯერ აღნიშნა, რომ იესოს ცხოვრებითა და მსახურებით შესრულდა წინასწარმეტყველებები ებრაული წერილებიდან, ბოლოს კი განაცხადა: „ქრისტე ეს იესოა, რომელსაც გაუწყებთ“.
ებრაელი ქრისტიანებისადმი მიწერილ წერილში პავლემ ბევრი ციტატა მოიყვანა ებრაული წერილებიდან. აზრის ხაზგასასმელად ან საკითხისთვის ნათელის მოსაფენად ის ხშირად ტექსტიდან ერთ სიტყვას ან მოკლე ფრაზას გამოყოფდა და შემდეგ მის მნიშვნელობას ხსნიდა (ებრ. 12:26, 27). ებრაელების მე-3 თავში პავლემ ციტატები მოიყვანა ფსალმუნის 95:7—11-დან. ყურადღება მიაქციე, რომ ამ მონაკვეთიდან ის კონკრეტულად შეეხო სამ საკითხს: 1) რა როლს ასრულებს გული (ებრ. 3:8—12); 2) რამდენად მნიშვნელოვანია სიტყვა „დღეს“ (ებრ. 3:7, 13—15; 4:6—11); 3) რა იგულისხმება სიტყვებში „ვერ შემოვლენ-მეთქი ისინი ჩემს დასვენებაში“ (ებრ. 3:11, 18, 19; 4:1—11). ეცადე, მის მაგალითს მიჰბაძო, როდესაც ბიბლიურ მუხლს კონკრეტული შემთხვევისთვის იყენებ.
ვნახოთ, რა ეფექტურად მსჯელობს იესო წმინდა წერილების საფუძველზე ლუკას 10:25—37-ში. ერთმა კანონის მცოდნემ ჰკითხა მას: „მოძღვარო, რა უნდა გავაკეთო, რომ მარადიული სიცოცხლე დავიმკვიდრო?“. იესომ ჯერ თავად კანონის მცოდნეს მისცა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა და შემდეგ აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია იმის კეთება, რისკენაც ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს. ვინაიდან კანონის მცოდნემ ნათქვამის არსი მაინც ვერ გაიგო კარგად, იესომ მუხლში მოხსენიებულ მხოლოდ ერთ სიტყვაზე — „მოყვასზე“ — დაიწყო დაწვრილებით მსჯელობა. იესომ თავად კი არ განმარტა ამ სიტყვის მნიშვნელობა, არამედ იგავით დაეხმარა კანონის მცოდნეს სწორი დასკვნის გამოტანაში.
ნათელია, რომ იესოს არ ახასიათებდა შეკითხვაზე პასუხის გასაცემად მხოლოდ ციტატების მოყვანა წმინდა წერილებიდან. ის განიხილავდა მუხლის სიტყვებს და შემდეგ მას დასმულ შეკითხვას უსადაგებდა.
როდესაც ესაუბრებოდა სადუკეველებს, რომლებიც საკამათოს ხდიდნენ აღდგომის საკითხს, იესომ მათი ყურადღება გაამახვილა გამოსვლის 3:6-ის ერთ მონაკვეთზე, მაგრამ ის მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა. იესომ იმსჯელა ამ მუხლის საფუძველზე და ცხადყო, რომ ღვთის განზრახვით მომავალში იქნებოდა მკვდრეთით აღდგომა (მარ. 12:24—27).
წმინდა წერილების საფუძველზე სწორად და ეფექტურად მსჯელობის უნარი ნამდვილად დაგეხმარება დახელოვნებულ მასწავლებლად ჩამოყალიბებაში.