იეჰოვას ხალხო, განუდექით უმართლობას!
„განუდგეს უმართლობას ყველა, ვინც იეჰოვას სახელს ახსენებს“ (2 ტიმ. 2:19).
1. რას უკავია ჩვენს თაყვანისმცემლობაში განსაკუთრებული ადგილი?
გინახავთ ოდესმე შენობის ფასადზე ან სამუზეუმო ექსპონატზე ამოტვიფრული ღვთის სახელი, იეჰოვა? თუ დიახ, ეს უდავოდ აღგაფრთოვანებდათ. და არცაა გასაკვირი, რადგან იეჰოვას სახელს ჩვენს თაყვანისმცემლობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია — ჩვენ ხომ იეჰოვას მოწმეები ვართ! მთელი დედამიწის ზურგზე ამ სახელის ხსენებაზე, უპირველეს ყოვლისა, ხალხს ჩვენ ვახსენდებით. თუმცა ის, რომ ღვთის სახელით ვიწოდებით, დიდ პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს.
2. რა პასუხისმგებლობას გვაკისრებს ის, რომ იეჰოვას სახელით ვიწოდებით?
2 მხოლოდ ღვთის სახელის ხსენება არ კმარა იმისათვის, რომ იეჰოვა ჩვენ მიმართ კეთილად განეწყოს. ჩვენ მისი ზნეობრივი ნორმების შესაბამისად უნდა ვიცხოვროთ. სწორედ ამიტომ, ბიბლია იეჰოვას ხალხს მოგვიწოდებს: „ზურგი აქციე ბოროტებას“ (ფსალმ. 34:14). პავლე მოციქულმა ეს პრინციპი შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: „განუდგეს უმართლობას ყველა, ვინც იეჰოვას სახელს ახსენებს“ (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 2:19). საყოველთაოდ ცნობილია, რომ იეჰოვას სახელს ჩვენ მოვუხმობთ, როგორც მისი მოწმეები. მაგრამ ისმის კითხვა: როგორ უნდა განვუდგეთ უმართლობას?
„გაეცალეთ“ ბოროტებას
3, 4. რომელ ბიბლიურ მუხლზე დავობენ უკვე დიდი ხნის განმავლობაში ბიბლიის მკვლევრები და რატომ?
3 მოდი განვიხილოთ, რომელი ბიბლიური მონაკვეთი უდევს საფუძვლად 2 ტიმოთეს 2:19-ში ჩაწერილ პავლეს სიტყვებს. ამ მუხლში საუბარია „ღვთის მყარ საფუძველზე“, რომელზეც ამოტვიფრულია ორი განაცხადი. პირველი განაცხადია: „იეჰოვა იცნობს თავისას“. ამ სიტყვებს პავლე რიცხვების 16:5-დან ციტირებს (იხილეთ წინა სტატია). მეორე განაცხადი კი ასეთია: „განუდგეს უმართლობას ყველა, ვინც იეჰოვას სახელს ახსენებს“. უკვე დიდი ხანია, რაც ეს სიტყვები ბიბლიის მკვლევართათვის დავის საგანს წარმოადგენს. მოდი ვნახოთ, რატომ.
4 პავლეს ეს სიტყვები იმაზე მიუთითებს, რომ მოციქულმა ეს აზრი ბიბლიის სხვა მონაკვეთიდან მოიყვანა. თუმცა, თუ თვალს გადავავლებთ ებრაულ წერილებს, მასში პავლეს ციტატის ზუსტ შესატყვისს ვერსად ვნახავთ. მაშ, რა ჰქონდა მოციქულს მხედველობაში, როცა წერდა: „განუდგეს უმართლობას ყველა, ვინც იეჰოვას სახელს ახსენებს“? საყურადღებოა ის გარემოება, რომ პირველი განაცხადი პავლემ რიცხვების მე-16 თავიდან მოიყვანა, სადაც საუბარია კორახის აჯანყებაზე. დავსვათ შეკითხვა: შესაძლებელია თუ არა, რომ მეორე განაცხადიც კორახის აჯანყებისას განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდეს?
5—7. რომელი მოვლენები უდევს საფუძვლად 2 ტიმოთეს 2:19-ში ჩაწერილ პავლეს სიტყვებს? (იხილეთ სურათი მე-12 გვერდზე)
5 ბიბლია გვამცნობს, რომ ელიაბის ვაჟები, დათანი და აბირამი, კორახთან ერთად მეთაურობდნენ მოსესა და აარონის წინააღმდეგ წამოწყებულ აჯანყებას (რიცხ. 16:1—5). მათ აშკარა უპატივცემულობა გამოხატეს მოსეს მიმართ და უარყვეს ის უფლებამოსილება, რაც მას ღვთისგან ჰქონდა მინიჭებული. ეს მეამბოხენი ღვთის ხალხს შორის ცხოვრობდნენ და მათ სულიერობას საფრთხეს უქმნიდნენ. მოახლოვდა დღე, როცა იეჰოვას ზღვარი უნდა გაევლო ერთგულ თაყვანისმცემლებსა და აჯანყებულებს შორის. თუმცა მანამდე ღმერთმა თავის ერთგულ მსახურებს მკაფიო მითითება მისცა.
6 წმინდა წერილებში ვკითხულობთ: «მიუგო იეჰოვამ მოსეს: „უთხარი კრებულს, გაეცალონ კორახის, დათანისა და აბირამის კარვებს!“ ადგა მოსე და წავიდა დათანთან და აბირამთან და გაჰყვნენ ისრაელის უხუცესებიც. უთხრა კრებულს: „გაეცალეთ ამ ბოროტი ხალხის კარვებს და მათსას არაფერს შეეხოთ, რომ არ აღიგავოთ მათი ცოდვის გამო!“ ისინი მაშინვე ყოველი მხრიდან მოსცილდნენ კორახის, დათანისა და აბირამის კარვებს» (რიცხ. 16:23—27). იეჰოვამ მეამბოხეებს მუსრი გაავლო. ერთგული თაყვანისმცემლები კი, რომლებიც უმართლობას განუდგნენ, დაიფარა და გადაარჩინა.
7 იეჰოვა ადამიანთა გულებს კითხულობს. მან შესანიშნავად იცის, ვინაა მისი ერთგული და ვინ ეკუთვნის მას. თუმცა ღვთის ერთგულ მსახურებს მოსეს დროს სიმტკიცის გამოვლენა მართებდათ; მათ შორს უნდა დაეჭირათ თავი უმართლობისგან. ამიტომ სრულიად დასაშვებია, რომ პავლეს მხედველობაში რიცხვების 16:5, 23—27-ში ჩაწერილი შემთხვევა ჰქონდა, როცა დაწერა: „განუდგეს უმართლობას ყველა, ვინც იეჰოვას სახელს ახსენებს“. აქედან გამომდინარე, პავლეს ორივე განაცხადი ერთსა და იმავე მოვლენას უკავშირდება (2 ტიმ. 2:19).
„მოერიდე სულელურ და უაზრო კითხვებზე კამათს“
8. რატომ არ არის საკმარისი ის, რომ იეჰოვას მხოლოდ სახელით მოვუხმოთ და ვიყოთ ქრისტიანული კრების წევრები?
8 მოსეს დღეებში განვითარებული მოვლენების მოხსენიებით პავლემ ტიმოთეს შეახსენა, რომ აუცილებელი იყო სიმტკიცის გამოვლენა, რათა საფრთხე არ შექმნოდა იეჰოვასთან მის უძვირფასეს ურთიერთობას. როგორც მოსეს დღეებში არ აღმოჩნდა საკმარისი იეჰოვას მხოლოდ სახელით მოხმობა, ისე არც პირველი საუკუნის ქრისტიანთათვის იყო საკმარისი მხოლოდ ქრისტიანული კრების წევრად ყოფნა. ერთგული თაყვანისმცემლებისგან მოითხოვება, რომ „განუდგნენ უმართლობას“. რა უთხრა ამით პავლემ ტიმოთეს? და რას ვსწავლობთ ჩვენ, იეჰოვას ხალხი, ამ ღვთივშთაგონებული რჩევიდან?
9. როგორ მოქმედებდა „სულელურ და უაზრო კითხვებზე კამათი“ პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაზე?
9 ღვთის სიტყვაში კონკრეტულ რჩევებს ვხვდებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის უმართლობას უნდა განვუდგეთ. მაგალითად, თუ 2 ტიმოთეს 2:19-ის კონტექსტს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ პავლე ტიმოთეს ურჩევს, არ იკინკლაოს სიტყვების გამო და თავი აარიდოს უშინაარსო ლაპარაკს (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 2:14, 16, 23). პირველი საუკუნის კრებაში ზოგი განდგომილთა სწავლებებს ავრცელებდა, ზოგი კი — საკამათო საკითხებზე მსჯელობდა. შესაძლოა საკამათო საკითხი უშუალოდ ბიბლიას არ ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ის კრების ერთიანობას არღვევდა; იწვევდა კამათსა და პაექრობას, რის შედეგადაც კრებაში არაჯანსაღი ატმოსფერო იქმნებოდა. ამიტომ პავლემ საჭიროდ ჩათვალა, რომ ტიმოთესთვის მიეწერა: „მოერიდე სულელურ და უაზრო კითხვებზე კამათს“.
10. რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მათ მიმართ, ვინც განდგომილთათვის დამახასიათებელ სულს ირეკლავს?
10 დღეს შეიძლება არც ისე ხშირად, მაგრამ მაინც შევხვდეთ იეჰოვას მოწმეთა კრებებში ადამიანებს, რომელთაც განდგომილთათვის დამახასიათებელი აზროვნება აქვთ. თუ ვინმე ჩვენთან არაბიბლიური სწავლებების მტკიცებას მოჰყვება, იმისდა მიუხედავად, რა წყაროსაც არ უნდა ეფუძნებოდეს მოყვანილი არგუმენტები, მყისვე უნდა შევწყვიტოთ მასთან საუბარი. არაგონივრული იქნება განდგომილებთან ნებისმიერი სახით კამათში ჩაბმა — იქნება ეს პირისპირ, ინტერნეტითა თუ სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით. მართალია, ჩვენ შეიძლება გულწრფელად გვსურს მათი დახმარება, მაგრამ თუ განდგომილებს ამგვარ საუბრებში ავყვებით, ამით იმ ღვთიური რჩევების წინააღმდეგ წავალთ, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ჩვენ, იეჰოვას ხალხს, თავი შორს გვიჭირავს მათგან, ვინც განდგომილთათვის დამახასიათებელ სულს ირეკლავს.
11. რამ შეიძლება გამოიწვიოს „სულელური კამათი“ და რა მხრივ გვაძლევენ ამ საკითხში უხუცესები კარგ მაგალითს?
11 კრების მშვიდობას განდგომილებასთან ერთად სხვა საშიშროებებმაც შეიძლება შეუქმნას საფრთხე. მაგალითად, გართობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობამ შეიძლება „სულელურ და უაზრო კითხვებზე კამათი“ გამოიწვიოს. თუმცა, თუ ვინმე კრებაში გართობის ისეთ სახეობას უწევს პოპულარიზაციას, რომელიც იეჰოვას ზნეობრივ ნორმებს უგულებელყოფს, უხუცესებმა ამაზე თვალი არ უნდა დახუჭონ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან დაპირისპირება აირიდონ თავიდან (ფსალმ. 11:5; ეფეს. 5:3—5). ერთიცაა, უხუცესები ფრთხილობენ, რომ და-ძმებს საკუთარი აზრები არ მოახვიონ თავს. ეს მწყემსები ერთგულად მიჰყვებიან ბიბლიურ რჩევას, რომლითაც მათ, როგორც ქრისტიანმა ზედამხედველებმა, უნდა იხელმძღვანელონ: „მწყემსეთ თქვენთვის მობარებული ღვთის სამწყსო . . . ნუ იბატონებთ მათზე, ვინც ღვთის საკუთრებაა, არამედ მაგალითი იყავით სამწყსოსთვის“ (1 პეტ. 5:2, 3; წაიკითხეთ 2 კორინთელების 1:24).
12, 13. ა) როგორ ირჩევენ იეჰოვას მოწმეები გართობის ამა თუ იმ სახეობას და რომელი ბიბლიური პრინციპებით ხელმძღვანელობენ? ბ) როგორ შეგვიძლია მე-12 აბზაცში მოცემული ბიბლიური პრინციპებით ვიხელმძღვანელოთ, როცა საქმე პირად საკითხებს ეხება?
12 როცა საქმე გართობას ეხება, ჩვენი ორგანიზაცია მკაცრ წესებს არ გვიდგენს, თუ რომელ ფილმს ვუყუროთ, რომელი ვიდეოთამაშით გავერთოთ, რომელი წიგნი წავიკითხოთ ან რას მოვუსმინოთ. საინტერესოა, რატომ? ბიბლია თითოეულს მოგვიწოდებს, რომ გავიწაფოთ „აღქმის უნარი . . . კარგისა და ცუდის გასარჩევად“ (ებრ. 5:14). წმინდა წერილებში მოცემულია ძირითადი პრინციპები, რომლითაც ქრისტიანმა გართობის არჩევისას უნდა იხელმძღვანელოს. მიზნად დაისახეთ, რომ სადაც არ უნდა იყოთ და რასაც არ უნდა აკეთებდეთ, „ყოველთვის შეამოწმოთ, რა არის მოსაწონი უფლისთვის“ (ეფეს. 5:10). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ოჯახისთავებს ღვთისგან გარკვეული უფლებამოსილება აქვთ მინდობილი; აქედან გამომდინარე, ისინი თავად წყვეტენ, თუ რით გაერთობიან მათი ოჯახის წევრებიa (1 კორ. 11:3; ეფეს. 6:1—4).
13 ზემოთ განხილული ბიბლიური პრინციპები მხოლოდ გართობის სფეროს არ ეხება. მაგალითად, შესაძლოა კამათის საგნად იქცეს ისეთი საკითხებიც, როგორიცაა: ჩაცმულობა, გარეგნობა, ჯანმრთელობა, კვება თუ სხვა. იმ შემთხვევაში, თუ ბიბლიური პრინციპები არ ირღვევა, იეჰოვას ხალხი გონიერებას იჩენს და ამგვარ საკითხებზე კამათისგან თავს იკავებს. მათ კარგად ესმით ღვთის სიტყვაში ჩაწერილი შემდეგი მითითება: „უფლის მონა კი არ უნდა დავობდეს, არამედ ყველასთან თავაზიანი უნდა იყოს“ (2 ტიმ. 2:24).
მოერიდეთ ცუდ საზოგადოებას
14. რომელი მაგალითის მეშვეობით დაანახვა პავლემ ქრისტიანებს, რომ უნდა მორიდებოდნენ ცუდ საზოგადოებას?
14 კიდევ რა მხრივ უნდა „განუდგეს უმართლობას ყველა, ვინც იეჰოვას სახელს ახსენებს“? იეჰოვას ერთგულები ერიდებიან უმართლოებთან ურთიერთობას. აღსანიშნავია, რომ პავლემ მას შემდეგ, რაც „ღვთის მყარი საფუძვლის“ შესახებ ისაუბრა, კიდევ ერთი მაგალითი მოიყვანა. მან დაწერა: „დიდ სახლში ოქროსა და ვერცხლის ჭურჭლის გარდა ხისა და თიხის ჭურჭელიც არის, და ზოგი საპატიო მიზნისთვის არის განკუთვნილი, ზოგი კი — არასაპატიო მიზნისთვის“ (2 ტიმ. 2:20, 21). შემდეგ მოციქულმა ქრისტიანებს მოუწოდა, რომ „თავი სუფთად შეენახათ“ ანუ გამოყოფილიყვნენ „ნაკლებად საპატიო მიზნისთვის განკუთვნილი ჭურჭლისგან“.
15, 16. რას ვსწავლობთ „დიდი სახლის“ შესახებ მოყვანილი მაგალითიდან?
15 რა აზრია ჩადებული პავლეს მიერ მოყვანილ მაგალითში? მან გადატანითი მნიშვნელობით „დიდი სახლი“ ქრისტიანულ კრებას შეადარა, ხოლო კრების წევრები — „ჭურჭელს“ ანუ საყოფაცხოვრებო ნივთებს. სახლში ზოგიერთი ნივთი არაჰიგიენური პირობებისა თუ მასში შენახული საშიში ნივთიერებების გამო შეიძლება დაბინძურდეს. ასეთ ნივთებს სუფთა ჭურჭელთან ერთად არავინ ინახავს.
16 მსგავსადვე, დღეს იეჰოვას ხალხი ცდილობს, სუფთად იცხოვროს და მოერიდოს კრებაში ახლო ურთიერთობას მათთან, ვინც გამუდმებით არღვევს ღვთის პრინციპებს (წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:33). თუკი სიფრთხილის გამოვლენა კრების ზოგიერთ წევრთანაც გვმართებს, რამდენად უნდა ვიფრთხილოთ მათთან ურთიერთობისას, რომლებიც არ ემსახურებიან იეჰოვას და არიან „ფულის მოყვარულები, მშობლების ურჩები, ორგულები . . . ცილისმწამებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა“?! (2 ტიმ. 3:1—5).
იეჰოვა აკურთხებს ჩვენს სიმტკიცეს
17. რაში გამოჩნდა ისრაელების გულმოდგინება?
17 ბიბლიაში ნათქვამია, თუ როგორი სიმტკიცე გამოიჩინეს ისრაელებმა, როცა მითითება მიიღეს, გასცლოდნენ კორახის, დათანისა და აბირამის კარვებს. „ისინი მაშინვე . . . მოსცილდნენ“, — გვამცნობს ღვთის სიტყვა (რიცხ. 16:24, 27). როგორც დავინახეთ, მათ მეყსეულად იმოქმედეს. წმინდა წერილებში ისიცაა ნათქვამი, რომ ისრაელები გულმოდგინედ მოეკიდნენ ამ მითითებას — „ისინი . . . ყოველი მხრიდან მოსცილდნენ“. მათ არ გაურისკავთ. იეჰოვას თავისი ხალხი მთელი გულით დაემორჩილა. ისინი შეუპოვრად დადგნენ მის მხარეს და დაუპირისპირდნენ უმართლობას. ჩვენ რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან?
18. რას გულისხმობდა პავლე, როცა ტიმოთეს მისწერა „გაექეცი ახალგაზრდულ სურვილებს“?
18 სიმტკიცე უნდა გამოვიჩინოთ და დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ, რომ იეჰოვასთან ჩვენს მეგობრობას არაფერმა შეუქმნას საფრთხე. სწორედ ამას გულისხმობდა პავლე, როცა ტიმოთეს მისწერა: „გაექეცი ახალგაზრდულ სურვილებს“ (2 ტიმ. 2:22). იმ დროისათვის ტიმოთე დაახლოებით 30 წელს გადაცილებული ზრდასრული მამაკაცი იყო. თუმცა „სულელური ახალგაზრდული სურვილები“ მხოლოდ ასაკით არ განისაზღვრება. როცა ტიმოთეს ამგვარი სურვილები გაუჩნდებოდა, უნდა გაქცეოდა მათ. ბიბლიური ენით თუ ვიტყვით, ტიმოთე უნდა განდგომოდა უმართლობას. იესო ქრისტემაც მსგავს აზრს გაუსვა ხაზი, როცა თქვა: „თუ თვალი გაბრკოლებს, ამოითხარე და გადააგდე“ (მათ. 18:9). დღეს ქრისტიანები, რომელთაც გულთან ახლოს მიაქვთ ეს რჩევა, თავიანთი სულიერობის სადარაჯოზე მტკიცედ დგანან და დაუყოვნებლივ მოქმედებენ.
19. როგორ ავლენს დღეს სიმტკიცეს ზოგი ქრისტიანი, რათა თავიდან აირიდოს სულიერი საფრთხე?
19 ვისაც ჭეშმარიტების მიღებამდე სმის პრობლემა ჰქონდა, გადაწყვიტა, რომ საერთოდ არ გაჰკარებოდა ალკოჰოლურ სასმელს. ზოგი ქრისტიანი თავს არიდებს ისეთი სახის გართობას, რომელიც თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ მათში უზნეო ფიქრებსა და სურვილებს აღძრავს (ფსალმ. 101:3). მაგალითად, ერთი ძმა, სანამ იეჰოვას მოწმე გახდებოდა, ხშირად სტუმრობდა ისეთ კლუბებსა თუ წვეულებებს, სადაც გამომწვევად ცეკვავდნენ. ჭეშმარიტების გაგების შემდეგ გადაწყვიტა, რომ საერთოდ აღარ ეცეკვა; თქვენ წარმოიდგინეთ, ის იეჰოვას მოწმეების მეგობრულ შეხვედრებზეც კი არ ცეკვავს, რათა წარსულმა არ შეახსენოს თავი და გულში უხამსი სურვილები არ აღეძრას. რა თქმა უნდა, ქრისტიანებს არ გვეკრძალება ალკოჰოლის მიღება, ცეკვა და სხვა ისეთი რამ, რაშიც თავისთავად ცუდი არაფერია, თუმცა სულიერი საფრთხის თავიდან ასარიდებლად ყველა ჩვენგანისგან პრინციპულობა და სიმტკიცე მოითხოვება.
20. რა გვანუგეშებს, როცა ვხედავთ, რომ იოლი არაა „განვუდგეთ უმართლობას“?
20 ღვთის სახელის ტარება უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩვენ უნდა განვუდგეთ უმართლობას და ზურგი ვაქციოთ ბოროტებას (ფსალმ. 34:14). ერთი რამ ცხადზე ცხადია: ეს ყოველთვის არ არის იოლი. მაგრამ ძალიან გვანუგეშებს და გულს სითბოთი გვივსებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვას ყოველთვის ეყვარება თავისი მსახურები, რომლებიც მისი სამართლიანი გზებით დადიან (2 ტიმ. 2:19; წაიკითხეთ 2 მატიანეს 16:9ა).
a ჩვენს ვებ-გვერდზე განყოფილებაში „ჩვენ შესახებ / ხშირად დასმული კითხვები“ იხილეთ სტატია „გეკრძალებათ ამა თუ იმ ფილმის ყურება, წიგნის წაკითხვა თუ სიმღერის მოსმენა?“.