უფრთხილდით ეშმაკის მახეებს!
„თავი დააღწიეთ ეშმაკის მახეს“ (2 ტიმ. 2:26).
როგორ უპასუხებთ?
რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს, თუ გვახასიათებს სხვების კრიტიკა?
რის სწავლა შეგვიძლია პილატესა და პეტრეს მაგალითებიდან, რომ არ გავებათ შიშისა და ზეგავლენის მახეში?
როგორ ავირიდოთ დანაშაულის აუტანელი გრძნობა?
1, 2. ეშმაკის რა მახეებს განვიხილავთ ამ სტატიაში?
ეშმაკი ჩასაფრებულია, რათა მახეში გააბას იეჰოვას მსახურები. გამოცდილი მონადირისგან განსხვავებით, რომელიც მსხვერპლს ყოველთვის კლავს, სატანის მიზანი არ არის ღვთის მსახურების განადგურება. სატანის მთავარი მიზანი მათი ცოცხლად დაჭერაა, რათა თავის ნებაზე ატაროს (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 2:24—26).
2 მსხვერპლის ცოცხლად დასაჭერად მონადირე სხვადასხვა მახეს იყენებს. ის ცდილობს, ცხოველი სამალავიდან გამოიყვანოს და მარყუჟით დაიჭიროს. ან შეიძლება დამალოს ხაფანგი, რომელსაც აქვს სასხლეტი და მოულოდნელად დაიჭიროს მსხვერპლი. ეშმაკიც მსგავს მახეებს იყენებს ღვთის მსახურების ცოცხლად დასაჭერად. თუ გვინდა, თავი არ დავაჭერინოთ, ფრთხილად უნდა ვიყოთ და ყურადღება მივაქციოთ გამაფრთხილებელ ნიშნებს, რომლებიც სატანის მახეებზე მიუთითებს. ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ ავარიდოთ თავი ეშმაკის სამ მახეს, რომლებსაც ის წარმატებით იყენებს. ეს მახეებია: 1) გაუკონტროლებელი საუბრები, 2) შიში და თანატოლების გავლენა და 3) დანაშაულის აუტანელი გრძნობა. მომდევნო სტატიაში კი განვიხილავთ სატანის ორ სხვა მახეს.
ჩააქრეთ გაუკონტროლებელი საუბრის ცეცხლი
3, 4. რა შეიძლება მოჰყვეს ჩვენს გაუკონტროლებელ საუბრებს? მოიყვანეთ მაგალითი.
3 ცხოველები სამალავიდან რომ გამოიყვანონ, ზოგი მონადირე ბალახს ცეცხლს უკიდებს და ასე იჭერს მათ. სატანაც ცდილობს, ასე ვთქვათ, კრებაში ცეცხლის დანთებას. თუ ეს გამოუვიდა, კრების ზოგიერთმა წევრმა შეიძლება დატოვოს კრება ანუ უსაფრთხო გარემო და სატანის „ლუკმა“ გახდეს. როგორ შეიძლება ამაში სატანას ჩვენდა უნებურად შევუწყოთ ხელი?
4 მოწაფე იაკობმა თავის წერილში ენა ცეცხლს შეადარა (წაიკითხეთ იაკობის 3:6—8). თუ საუბრებს ვერ ვაკონტროლებთ, შეიძლება ჩვენი მიზეზით „ხანძარიც კი გაჩნდეს“ კრებაში. რა იწვევს გაუკონტროლებელ საუბრებს? წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: კრებაზე გამოცხადდა, რომ ერთი და პიონერად დაინიშნა. შეხვედრის შემდეგ ორი და საუბრობს ამ განცხადების შესახებ. ერთს გულწრფელად უხარია და უნდა, რომ ეს ახალი პიონერი წარმატებული იყოს. მეორე ეჭვქვეშ აყენებს მის მოტივებს და ამბობს, რომ ამ დას ყურადღების ცენტრში უყვარს ყოფნა. ამ ორი დიდან, რომელი გინდათ, რომ თქვენი მეგობარი იყოს? არ არის რთული დასანახი, რომელი მათგანი „გააჩაღებს ცეცხლს“ თავისი ენით კრებაში.
5. რა უნდა გავაკეთოთ, რომ მოვერიდოთ „ცეცხლის დანთებას“ ანუ გაუკონტროლებელ საუბრებს?
5 როგორ ჩავაქროთ გაუკონტროლებელი საუბრის ცეცხლი? იესომ თქვა: „პირი გულში მოჭარბებულს ლაპარაკობს“ (მათ. 12:34). პირველი ნაბიჯი საკუთარი გულის გამოკვლევაა. ვაძლევთ უარყოფით გრძნობებს ჩვენს გულში დამკვიდრების საშუალებას, რის გამოც შეიძლება სხვებზე უარყოფითად ვილაპარაკოთ? მაგალითად: როდესაც ვიგებთ, რომ ძმა მსახურებაში გარკვეულ წარმატებებს აღწევს, ეჭვი ხომ არ შეგვაქვს მის მოტივებში და ხომ არ ვფიქრობთ, რომ მას პირადი ინტერესები ამოძრავებს? თუ სხვების მოქმედებას ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებთ, კარგია, თუ გაგვახსენდება, რომ სატანამაც ეჭვქვეშ დააყენა ღვთის მსახური იობის მოტივები (იობ. 1:9—11). ჩვენი ძმისთვის არასწორი მოტივების მიწერის ნაცვლად, კარგია, თუ დავფიქრდებით, რატომ ვართ მისადმი კრიტიკულად განწყობილი. ნამდვილად გვაქვს მიზეზი, რომ ამ ძმაზე ცუდი ვიფიქროთ? ხომ არ არის ჩვენი გული მოწამლული ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელი სულით, რომელშიც სიყვარულის ნატამალიც კი არ არის? (2 ტიმ. 3:1—4).
6, 7. ა) რატომ შეიძლება კრიტიკულად განვეწყოთ სხვებისადმი? ბ) როგორ უნდა ვრეაგირებდეთ, თუ ვინმე ჩვენზე ცუდს ლაპარაკობს?
6 განვიხილოთ, რატომ შეიძლება ვიყოთ სხვებისადმი კრიტიკულად განწყობილი. ერთი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ გვინდა, ჩვენი წარმატებები უფრო შესამჩნევი გახდეს და ამიტომ სხვებს უარყოფით შუქში წარმოვაჩენთ; ან სხვების კრიტიკით თავის გამართლებას ვცდილობთ. მნიშვნელობა არა აქვს, ამისკენ სიამაყე, შური თუ უღირსობის გრძნობა გვიბიძგებს, შედეგი ნებისმიერ შემთხვევაში ცუდი იქნება.
7 შეიძლება ვფიქრობთ, რომ სხვებზე კრიტიკულად ლაპარაკის მიზეზი გვაქვს. შესაძლოა, რომელიმე დამ ან ძმამ ჩვენზე ცუდი ილაპარაკა. თუ ეს ასეა, სამაგიეროს გადახდა კარგი ნამდვილად არ იქნება. ამით მხოლოდ ცეცხლზე ნავთს დავასხამთ, რითაც სატანის და არა ღვთის ნებას შევასრულებთ (2 ტიმ. 2:26). კარგი იქნება, თუ იესოს მივბაძავთ. „როცა ლანძღავდნენ, ლანძღვით არ პასუხობდა . . . არამედ იმას ჩააბარა თავი, ვინც სიმართლით ასამართლებს“ — ნათქვამია მასზე (1 პეტ. 2:21—23). იესო დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა ყველაფერს, როგორც სურდა და როცა სურდა, მაშინ გააკეთებდა. ჩვენც ასე უნდა ვენდობოდეთ ღმერთს. როცა ენას განსაკურნავად ვიყენებთ, კრებაში ხელს ვუწყობთ „მშვიდობის გამაერთიანებელ კავშირს“ (წაიკითხეთ ეფესოელების 4:1—3).
მოერიდეთ ეშმაკის მახეს — შიშსა და თანატოლების ზეგავლენას
8, 9. რატომ გამოუტანა პილატემ იესოს სასიკვდილო განაჩენი?
8 მახეში გაბმული ცხოველი თავისუფლებას კარგავს. მსგავსადვე, ის, ვინც შიშისა და თანატოლების გავლენის მახეში ექცევა, სხვებს საკუთარ ცხოვრებაში ჩარევის უფლებას აძლევს (წაიკითხეთ იგავების 29:25 ). განვიხილოთ ორი სრულიად განსხვავებული მამაკაცის შემთხვევა, რომლებიც შიშისა და სხვების გავლენის ქვეშ მოექცნენ. ვნახოთ, რა შეგვიძლია ვისწავლოთ მათგან.
9 რომაელმა მმართველმა პონტიუს პილატემ იცოდა, რომ იესო უდანაშაულო იყო და არ უნდოდა მისი დასჯა. მან თქვა, რომ იესოს არაფერი ჩაუდენია ისეთი, სიკვდილი რომ დაემსახურებინა. მიუხედავად ამისა, პილატემ მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, რადგან რომაელი მმართველი ბრბოს გავლენის ქვეშ მოექცა (ლუკ. 23:15, 21—25). „შენ თუ ამას გაათავისუფლებ, კეისრის მეგობარი არ ყოფილხარ“, — გაიძახოდნენ მოწინააღმდეგეები, რათა პილატეზე ზეწოლა მოეხდინათ (იოან. 19:12). პილატეს თავისი მდგომარეობის ან შესაძლოა, სიცოცხლის დაკარგვისაც კი ეშინოდა, თუ იესოს გამოესარჩლებოდა. ასეთი სახით, მან ეშმაკს ნება დართო, რომ მის ჭკუაზე ეტარებინა.
10. რატომ უარყო პეტრემ ქრისტე?
10 მოციქულმა პეტრემ, იესოს ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა, ის საჯაროდ აღიარა მესიად (მათ. 16:16). პეტრე იესოს ერთგული დარჩა მაშინ, როცა სხვა მოწაფეებმა ვერ გაიგეს იესოს ნათქვამი და მიატოვეს ის (იოან. 6:66—69). როდესაც იესოს შესაპყრობად მოვიდნენ, პეტრემ თავისი უფლის დასაცავად მახვილი იშიშვლა (იოან. 18:10, 11). თუმცა მოგვიანებით ის შიშმა შეიპყრო და ისიც კი იუარა, რომ იცნობდა იესო ქრისტეს. მოციქული წუთიერად გაება კაცთმოშიშების მახეში და გამბედაობა დაკარგა (მათ. 26:74, 75).
11. რა უარყოფით ზეგავლენას უნდა ვერიდოთ?
11 როგორც ქრისტიანებმა წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ზეგავლენას, რაც ღვთისთვის მიუღებელ საქციელს ჩაგვადენინებდა. დამსაქმებლები თუ სხვები შეიძლება უპატიოსნო საქციელისკენ ან უზნეობის ჩადენისკენ გვიბიძგებენ. მოსწავლეებზე თანატოლები ზეგავლენას ახდენენ, რომ ითაღლითონ გამოცდების დროს, უყურონ პორნოგრაფიას, მოწიონ, მიიღონ ნარკოტიკები, მიეძალონ ალკოჰოლს ან ჩაიდინონ უზნეობა. რა დაგვეხმარება, თავი ავარიდოთ შიშისა და ზეწოლის მახეს და არ ჩავიდინოთ ისეთი რამ, რაც იეჰოვას არ მოეწონებოდა?
12. რას ვსწავლობთ პილატესა და პეტრეს შემთხვევებიდან?
12 ვნახოთ, რა შეგვიძლია ვისწავლოთ პილატესა და პეტრეს შემთხვევებიდან. ქრისტეს შესახებ პილატემ ბევრი არაფერი იცოდა, მაგრამ ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ იესო უდანაშაულო და განსაკუთრებული ადამიანი იყო. სამწუხაროდ, მას აკლდა თავმდაბლობა და ჭეშმარიტი ღვთისადმი სიყვარული. ეშმაკმა ადვილად გააბა ის თავის მახეში. პეტრეს ზუსტი შემეცნებაც ჰქონდა და ღვთისადმი სიყვარულიც. მაგრამ დროდადრო ისიც ვერ ავლენდა თავმდაბლობას და შიშისა და სხვების ზეგავლენის ხაფანგში ექცეოდა. იესოს დაპატიმრებამდე პეტრემ დაიტრაბახა: „ყველა რომ დაბრკოლდეს, მე მაინც არ დავბრკოლდები“ (მარ. 14:29). მოციქული უკეთ იქნებოდა მომზადებული მომავალ განსაცდელებთან შესახვედრად, თუ ისევე იქნებოდა ღმერთზე მინდობილი, როგორც ფსალმუნმომღერალი, რომელმაც თქვა: „იეჰოვაა ჩემ გვერდით, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი?“ (ფსალმ. 118:6). თავისი მიწიერი ცხოვრების ბოლო ღამეს იესომ წაიყვანა პეტრე და სხვა ორი მოციქული გეთსემანეს ბაღში. მაგრამ სიფხიზლის შენარჩუნების ნაცვლად, პეტრესა და მის ორ მეგობარს ჩაეძინათ. იესომ გააღვიძა ისინი და უთხრა: „იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ცდუნდეთ“ (მარ. 14:38). მაგრამ პეტრეს კვლავ ჩაეძინა. მოგვიანებით კი შიშისა და ზეგავლენის მახეში გაება.
13. როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა, როდესაც არასწორად მოქცევისკენ გვიბიძგებენ?
13 პილატესა და პეტრეს მაგალითიდან კიდევ ერთ მნიშვნელოვან გაკვეთილს ვსწავლობთ. ზეწოლას წინააღმდეგობა რომ გავუწიოთ, აუცილებელია ზუსტი შემეცნება, თავმდაბლობა და ღვთისადმი სიყვარული. ასევე მნიშვნელოვანია იეჰოვასადმი შიში და არა — ადამიანებისადმი. თუ ჩვენი რწმენა ზუსტ შემეცნებაზეა დაფუძნებული, გაბედულად ვილაპარაკებთ ჩვენი მრწამსის შესახებ. ეს დაგვეხმარება, არ ვიყოთ კაცთმოშიშები და სხვების ჭკუაზე არ ვიაროთ. ჩვენ არასდროს არ უნდა ვიყოთ ზედმეტად დარწმუნებული საკუთარ ძალებში. ნაცვლად ამისა, თავმდაბლურად უნდა ვაღიაროთ, რომ ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ღვთის დახმარება გვჭირდება. ჩვენ იეჰოვას ლოცვაში წმინდა სული უნდა ვთხოვოთ. მისადმი სიყვარულმა უნდა აღგვძრას, დავიცვათ მისი ნორმები და არაფერი გავაკეთოთ ისეთი, რაც შეურაცხყოფდა მის სახელს. უფრო მეტიც, განსაცდელებთან შესახვედრად წინასწარ უნდა მოვემზადოთ. მაგალითად, წინასწარ მომზადება და ლოცვა დაეხმარება ჩვენს შვილებს, უშიშრად შეხვდნენ თანატოლების ზეწოლას, რომლებიც მათ ცუდი საქციელისკენ უბიძგებენ (2 კორ. 13:7).a
ერიდეთ მახეს, რომელიც ანადგურებს ანუ დანაშაულის აუტანელ გრძნობას
14. რაში უნდა ეშმაკს, დაგვარწმუნოს წარსულში ჩადენილ შეცდომებთან დაკავშირებით?
14 ერთ-ერთი მახე ასეთია: მძიმე მორი ან ქვა დაკიდებულია ბილიკზე, სადაც მსხვერპლი გაივლის ხოლმე. როცა ცხოველი სასხლეტზე გამობმულ მავთულს წამოედება, მორი ან ქვა ზედ ეცემა და შეიძლება მოკლას კიდეც. დანაშაულის აუტანელი გრძნობა შეიძლება სწორედ ასეთ მძიმე, გამანადგურებელ ტვირთს შევადაროთ. წარსულში დაშვებულ შეცდომაზე ფიქრმა შეიძლება „მთლიანად გაგვანადგუროს“ (წაიკითხეთ ფსალმუნის 38:3—5, 8). სატანას უნდა, გაფიქრებინოთ, რომ იეჰოვა არ გაპატიებთ და რომ მისი მოთხოვნების დაცვა თქვენს ძალებს აღემატება.
15, 16. როგორ ავერიდოთ მახეს, რომელიც ანადგურებს, ანუ დანაშაულის აუტანელ გრძნობას?
15 როგორ უნდა აერიდოთ მახეს, რომელიც ანადგურებს? თუ მძიმე ცოდვა ჩაიდინეთ, დაუყოვნებლივ იმოქმედეთ, რომ აღადგინოთ იეჰოვასთან ურთიერთობა. სთხოვეთ უხუცესებს დახმარება (იაკ. 5:14—16). გააკეთეთ ყველაფერი, რაც სიტუაციის გამოსასწორებლად შეგიძლიათ (2 კორ. 7:11). თუ შეგონება მიიღეთ, გული არ გაიტეხოთ. შეგონება ხომ იეჰოვას სიყვარულის მაჩვენებელია (ებრ. 12:6). მტკიცედ გადაწყვიტეთ, რომ თავს აარიდებთ იმას, რამაც ცოდვამდე მიგიყვანათ და, მოიქეცით შესაბამისად. თუ მოინანიეთ და შეწყვიტეთ ცუდის კეთება, დარწმუნებული იყავით, რომ იესო ქრისტეს მსხვერპლს ნამდვილად შეუძლია დაფაროს თქვენი ცოდვები (1 იოან. 4:9, 14).
16 ზოგიერთი თავიდან ვერ იშორებს დანაშაულის გრძნობას იმ ცოდვის გამო, რომელიც უკვე ეპატია. თუ თქვენს შემთხვევაშიც ასეა, გახსოვდეთ, რომ იეჰოვამ აპატია პეტრეს და სხვა მოციქულებს, როცა მათ მიატოვეს მისი საყვარელი ძე იესო მაშინ, როდესაც განსაკუთრებით სჭირდებოდა მხარდაჭერა. ღმერთმა ასევე აპატია კორინთის კრებაში აღმაშფოთებელი უზნეობის ჩადენისთვის გარიცხულ მამაკაცს, რომელმაც მოგვიანებით მოინანია (1 კორ. 5:1—5; 2 კორ. 2:6—8). ღვთის სიტყვა მოგვითხრობს ადამიანებზე, რომლებმაც სერიოზული ცოდვები ჩაიდინეს და მონანიების შემდეგ ღვთისგან პატიება მიიღეს (2 მატ. 33:2, 10—13; 1 კორ. 6:9—11).
17. რა მნიშვნელობა აქვს ქრისტეს მსხვერპლს ჩვენთვის?
17 იეჰოვა გაპატიებთ და აღარ გაგიხსენებთ წარსულში ჩადენილ შეცდომებს, თუ გულწრფელად ინანიებთ და იღებთ მის გულმოწყალებას. არასოდეს იფიქროთ, რომ იესოს მსხვერპლი ვერ შეძლებს თქვენი ცოდვების დაფარვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სატანის ერთ-ერთ მახეში აღმოჩნდებით. იმისდა მიუხედავად, თუ რაში სურს ეშმაკს, დაგარწმუნოთ, იესოს მსხვერპლს შეუძლია დაფაროს ყველას ცოდვა, ვინც ინანიებს (იგავ. 24:16). ქრისტეს მსხვერპლისადმი რწმენა მოგიხსნით დანაშაულის აუტანელ გრძნობას და გაგაძლიერებთ, რომ ემსახუროთ ღმერთს მთელი გულით, სულითა და გონებით (მათ. 22:37).
ჩვენთვის უცნობი არ არის სატანის ზრახვები
18. როგორ ავარიდოთ თავი ეშმაკის მახეებს?
18 სატანისთვის სულერთია, რომელი მახით დაგვიჭერს, მთავარია, დაგვიჭიროს. ეშმაკი ვერ გვაჯობებს, ვინაიდან ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები (2 კორ. 2:10, 11). თუ განსაცდელების დროს ღმერთს ვთხოვთ სიბრძნეს, სატანა ვერ შეძლებს, გაგვაბას მახეში. იაკობი წერდა: „თუ რომელიმე თქვენგანს სიბრძნე აკლია, გამუდმებით სთხოვოს ღმერთს, რომელიც ყველას უხვად და დაუყვედრებლად აძლევს, და მიეცემა“ (იაკ. 1:5). მნიშვნელოვანია, ვიმოქმედოთ ჩვენი ლოცვების თანახმად. ეს ნიშნავს, გვქონდეს რეგულარული პირადი შესწავლა და ცხოვრებაში ვიყენებდეთ ღვთის სიტყვას. ერთგული და გონიერი მონის მიერ მოწოდებული ბიბლიის შესწავლაში დამხმარე საშუალებები ააშკარავებს სატანის მახეებს და გვეხმარება, თავი ავარიდოთ მათ.
19, 20. რატომ უნდა გვძულდეს ის, რაც ცუდია?
19 ლოცვა და ბიბლიის შესწავლა გვეხმარება, შევიყვაროთ ის, რაც კარგია. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, შევიძულოთ ის, რაც ცუდია (ფსალმ. 97:10). იმაზე ფიქრი, თუ რა მოჰყვება შედეგად ეგოისტურ სურვილებს, დაგვეხმარება, თავი ავარიდოთ მათ (იაკ. 1:14, 15). თუ შევიძულებთ იმას, რაც ცუდია და შევიყვარებთ იმას, რაც კარგია, სატანის სატყუარას არ წამოვეგებით; ის არც კი მიგვიზიდავს.
20 ჩვენ მადლიერნი ვართ, რომ ღმერთი გვეხმარება, სატანამ არ გვაჯობოს. იეჰოვა გვიცავს ბოროტისგან თავისი სულის, სიტყვისა და ორგანიზაციის მეშვეობით (მათ. 6:13). მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ, თუ როგორ ავარიდოთ თავი სატანის კიდევ ორ მახეს, რომლებსაც ის წარმატებით იყენებს ღვთის მსახურების ცოცხლად დასაჭერად.
[სქოლიო]
a კარგი იქნება, თუ მშობლები შვილებთან ერთად განიხილავენ რუბრიკას „ჩემი სამოქმედო გეგმა“ წიგნიდან „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტომი 2, გვერდები 132, 133. ამ მასალის განხილვა ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს დროსაც შეიძლება.
[სურათი 21 გვერდზე]
გაუკონტროლებელ საუბრებს კრებაში „ცეცხლის გაჩაღება“ შეუძლია
[სურათი 24 გვერდზე]
თქვენ შეგიძლიათ გათავისუფლდეთ დანაშაულის აუტანელი გრძნობისგან