იეჰოვას სიტყვა ცოცხალია
მნიშვნელოვანი აზრები ტიტესთვის, ფილიმონისა და ებრაელებისთვის მიწერილი წერილებიდან
პავლე პირველი პატიმრობიდან ახ. წ. 61 წელს რომ გაათავისუფლეს, რამდენიმე ხნის შემდეგ კუნძულ კრეტაზე გაემგზავრა. მან დაინახა, რომ იქაურ კრებებს სულიერი დახმარება სჭირდებოდა და მათ განსამტკიცებლად იქ ტიტე დატოვა. მოგვიანებით, სავარაუდოდ მაკედონიიდან, პავლემ წერილი მისწერა ტიტეს, რომ მისთვის მითითებები მიეცა და თავის მხარდაჭერაში დაერწმუნებინა.
მანამდე კი, სანამ ახ. წ. 61 წელს ციხიდან გაათავისუფლებდნენ, პავლემ კოლოსელ ქრისტიან ძმას, ფილიმონს მისწერა წერილი, რომელშიც მას მეგობრული თხოვნით მიმართავდა.
ახ. წ. 61 წელს პავლემ იუდეაში მცხოვრებ ებრაელ თანამორწმუნეებსაც მისწერა წერილი. ამ წერილში ნაჩვენებია, რომ ქრისტიანობა იუდაიზმზე უპირატესია. სამივე წერილი შეიცავს ჩვენთვის სასარგებლო რჩევებს (ებრ. 4:12).
შეინარჩუნეთ ჯანსაღი რწმენა
პავლე ჯერ ეუბნება ტიტეს, რომ ‘ყოველ ქალაქში უხუცესები დანიშნოს’, შემდეგ კი მითითებას აძლევს, რომ ‘კვლავაც მკაცრად შეაგონოს ისინი [ურჩები], რათა ჯანსაღნი იყვნენ რწმენაში’. იგი შეაგონებს კრეტის კრებების ყველა წევრს, რომ ‘უარყონ უღმერთოება და აზრიანად იცხოვრონ’ (ტიტ. 1:5, 10—13; 2:12).
პავლე აგრეთვე რჩევას აძლევს კრეტელ ძმებს, რომ ჯანსაღი რწმენა შეინარჩუნონ, ტიტეს კი მოუწოდებს, რომ ‘მოერიდოს სულელურ კითხვებზე კამათს და ჩხუბს კანონის თაობაზე’ (ტიტ. 3:9).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
1:15. რას ნიშნავს, რომ „სუფთასთვის ყველაფერი სუფთაა“, „წაბილწულებისა და ურწმუნოებისთვის კი არაფერია სუფთა“? ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, ჯერ უნდა გავიგოთ, რას გულისხმობდა პავლე „ყველაფერში“. მას მხედველობაში ჰქონდა არა ის, რაც აშკარადაა დაგმობილი ბიბლიაში, არამედ ის, რაზეც ბიბლია სხვადასხვა არჩევანის გაკეთების საშუალებას იძლევა. ვინც ღვთის ნორმების თანახმად ცხოვრობს, მისთვის „ყველაფერი“ სუფთაა. მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის მათთვის, ვისაც დამახინჯებული აზროვნება აქვს, სინდისი კი — წაბილწულიa.
3:5. რა გაგებით არიან ცხებული ქრისტიანები ‘დახსნილნი განბანით’ და ‘განახლებულნი წმინდა სულით’? ისინი იმ გაგებით არიან ‘დახსნილნი განბანით’, რომ ღმერთმა განბანა ანუ განწმინდა იესოს სისხლით. ‘წმინდა სულით კი იმ გაგებით განახლდნენ’, რომ, როგორც ღვთის სულით შობილი ძეები, „ახალი ქმნილება“ გახდნენ (2 კორ. 5:17).
რას ვსწავლობთ:
1:10—13; 2:15. ქრისტიანმა ზედამხედველებმა გაბედულად უნდა იმოქმედონ, რომ კრების სიწმინდე შეინარჩუნონ.
2:3—5. პირველი საუკუნის ქრისტიანი დების მსგავსად, დღესაც, მოწიფული ქრისტიანი დები უნდა იყვნენ ‘ღვთისმოშიშები, არ უნდა იყვნენ ცილისმწამებლები და ღვინის მონები, არამედ კარგის მასწავლებლები’. ამგვარად ისინი შეძლებენ, რომ კრებაში „ახალგაზრდა ქალებს“ სასარგებლო რჩევები მისცენ, ოღონდ პირადად.
3:8, 14. „კარგი საქმეების კეთებაზე“ ფიქრი „კარგი და სასარგებლოა“, რადგან საშუალებას გვაძლევს, ღმერთს გულმოდგინედ ვემსახუროთ და სატანის ქვეყნიერებისგან შორს დავიჭიროთ თავი.
‘სიყვარულით შეაგონე’
პავლე ფილიმონს აქებდა იმის გამო, რომ იგი სამაგალითო „სიყვარულითა და რწმენით“ გამოირჩეოდა. პავლესთვის „დიდი სიხარული და ნუგეში“ მოჰქონდა იმას, რომ ფილიმონი თანაქრისტიანებს ამხნევებდა (ფლმ. 4, 5, 7).
როდესაც ონისიმესთან დაკავშირებულ დელიკატურ საკითხს შეეხო, პავლემ ფილიმონი ‘სიყვარულით შეაგონა’, და არა მბრძანებლური ტონით. ამით მან ქრისტიან ზედამხედველებს კარგი მაგალითი მისცა. პავლე ფილიმონს სწერდა: „იმ იმედით გწერ, რომ დამყოლი ხარ და ვიცი, იმაზე მეტსაც გააკეთებ, რასაც გეუბნები“ (ფლმ. 8, 9, 21).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
10, 11, 18. როგორ გახდა ერთ დროს უსარგებლო ონისიმე გამოსადეგი? ონისიმე უსარგებლო მონა იყო. ის ფილიმონს გაექცა და კოლოსედან რომში ჩავიდა. როგორც ჩანს, მან თავის ბატონს სამგზავრო ფულიც მოჰპარა იმისათვის, რომ 1 400 კილომეტრი გაეარა. რასაკვირველია, ასეთი მონა ფილიმონისთვის უსარგებლო იქნებოდა. თუმცა რომში პავლეს დახმარებით ონისიმე ქრისტიანი გახდა. მართალია, ის ადრე უსარგებლო მონა იყო, მაგრამ მოგვიანებით, როგორც სულიერი ძმა, გამოსადეგი გახდა.
15, 16. რატომ არ სთხოვა პავლემ ფილიმონს, რომ ონისიმესთვის თავისუფლება მიეცა? პავლეს უმთავრესი მიზანი ის იყო, რომ ‘ექადაგა ღვთის სამეფოზე და უფალ იესო ქრისტეზე ესწავლებინა“. ამიტომაც მას ერჩია, რომ დრო არ დაეკარგა სოციალური პრობლემების მოგვარებაში, როგორიც იყო, მაგალითად, მონების გათავისუფლება (საქ. 28:31).
რას ვსწავლობთ:
2. ქრისტიანული კრების შეხვედრები ფილიმონის სახლში ტარდებოდა. მართლაც დიდი პატივია, როდესაც ჩვენს სახლში სამქადაგებლო მსახურების შეხვედრები ტარდება (რომ. 16:5; კოლ. 4:15).
4—7. ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ ინიციატივა და შევაქოთ ისინი, ვინც სამაგალითო სიყვარულითა და რწმენით გამოირჩევა.
15, 16. ცხოვრებაში უსიამოვნო ცვლილებებმა მეტისმეტად არ უნდა აგვაფორიაქოს. შეიძლება ყველაფერი სასიკეთოდ შემობრუნდეს, როგორც ეს ფილიმონისა და ონისიმეს შემთხვევიდან ჩანს.
21. პავლე იმედოვნებდა, რომ ფილიმონი აპატიებდა ონისიმეს. ჩვენც უნდა ვაპატიოთ ჩვენს ძმას, თუკი რამე გვაწყენინა (მათ. 6:14).
„ვისწრაფოთ მოწიფულობისკენ“
იმის ხაზგასასმელად, რომ იესო ქრისტეს გამოსასყიდისადმი რწმენა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მოსეს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა, პავლემ აღნიშნა, თუ რა როლს ასრულებს ქრისტიანობის ფუძემდებელი, აგრეთვე რა როლს ასრულებს ის, როგორც მღვდელმთავარი, და რა მნიშვნელობა აქვს მის მსხვერპლს და ახალ შეთანხმებას (ებრ. 3:1—3; 7:1—3, 22; 8:6; 9:11—14, 25, 26). ამის ცოდნა უეჭველად განამტკიცებდა ებრაელ ქრისტიანებს, რომლებსაც იუდეველები დევნიდნენ. პავლემ ებრაელ თანაქრისტიანებს მოუწოდა, ‘მოწიფულობისკენ ესწრაფათ’ (ებრ. 6:1).
რამდენად მნიშვნელოვანია რწმენა ქრისტიანისთვის? „რწმენის გარეშე შეუძლებელია ასიამოვნო ღმერთს“, — დაწერა პავლემ. მან ებრაელებს მოუწოდა: „მოთმინებით გავირბინოთ ჩვენ წინ მდებარე მანძილი“, რისთვისაც რწმენა იყო საჭირო (ებრ. 11:6; 12:1).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
2:14, 15. თუ სატანა „სიკვდილს იწვევს“, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ მას შეუძლია ნებისმიერი ადამიანის უდროო სიკვდილი გამოიწვიოს? რა თქმა უნდა, არა. მას შემდეგ, რაც სატანამ ედემის ბაღში იცრუა, მან „სიკვდილი გამოიწვია“ იმ გაგებით, რომ ადამმა შესცოდა და ცოდვა და სიკვდილი მემკვიდრეობით გადასცა შთამომავლობას (რომ. 5:12). სატანის მიწიერი მსახურები ღვთის თაყვანისმცემლებს დევნიდნენ და ზოგჯერ კლავდნენ კიდეც, მაგალითად, როგორც იესო მოკლეს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ყველას მოკვლა შეუძლია. ეს რომ შეეძლოს, დღეს იეჰოვას არც ერთი მოწმე აღარ იქნებოდა ცოცხალი. იეჰოვა იცავს თავის ხალხს, როგორც ერთიან ჯგუფს, და სატანას მათი განადგურების უფლებას არ აძლევს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ღმერთი დაუშვებს, რომ სატანის ხელით დაიღუპოს ზოგიერთი ჩვენგანი, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ღმერთი ნებისმიერ დანაკარგს დაგვიბრუნებს.
4:9—11. რა გაგებით შევდივართ „ღვთის დასვენებაში“? ექვსდღიანი შემოქმედების ბოლოს ღმერთმა, იმაში დარწმუნებულმა, რომ დედამიწაზე მისი განზრახვა შესრულდებოდა, შემოქმედებითი საქმეებისგან დაისვენა (დაბ. 1:28; 2:2, 3). ჩვენ იმ გაგებით ‘შევდივართ დასვენებაში’, რომ „ქვეყნიერების სიმართლით“ აღარ ვცხოვრობთ, და გვწამს, რომ ღვთის მიერ გაღებულ გამოსასყიდს ხსნის ძალა აქვს. თუ რწმენას გამოვავლენთ იეჰოვას მიმართ, მორჩილად მივყვებით მის ძეს და საკუთარი სიამოვნებისთვის არ ვიცხოვრებთ, ყოველდღე მივიღებთ კურთხევებს, რაც ჩვენთვის დასვენების ტოლფასი იქნება (მათ. 11:28—30).
9:16. ვინ არის ახალი „შეთანხმების დამდები ადამიანი“? ახალი შეთანხმების დამდები იეჰოვაა, ხოლო იესო არის ამ „შეთანხმების დამდები ადამიანი“, ანუ შეთანხმების შუამავალი. მან თავისი სიკვდილით შესაძლებელი გახადა, რომ ეს შეთანხმება ძალაში შესულიყო (ლუკ. 22:20; ებრ. 9:15).
11:10, 13—16. რომელ „ქალაქს“ ელოდა აბრაამი? ეს სიმბოლური ქალაქი იყო. აბრაამი ელოდა „ზეციერ იერუსალიმს“, რომელიც სიმბოლურად მიუთითებს იესო ქრისტესა და მის 144 000 თანამმართველზე. ეს თანამმართველები, რომლებსაც ზეციერი დიდება აქვთ მიცემული, ბიბლიაში აგრეთვე მოხსენიებულნი არიან, როგორც „წმინდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი“ (ებრ. 12:22; გამოცხ. 14:1; 21:2). აბრაამს იმედი ჰქონდა, რომ ღვთის სამეფოს მმართველობის დროს იცხოვრებდა.
12:2. რა „სიხარულს . . . მოელოდა“ იესო და რისი გულისთვის გაუძლო „ბოძზე წამებას“? იესო სიხარულს გრძნობდა, როდესაც ხედავდა, თუ რა ნაყოფს გამოიღებდა მისი მსახურება — განიწმინდებოდა ღვთის სახელი, დამტკიცდებოდა იეჰოვას უზენაესობა და გამოსასყიდი ადამიანებს სიკვდილისგან იხსნიდა. იესოს ისიც ახარებდა, რომ გამეფდებოდა და ხალხის საკეთილდღეოდ იმსახურებდა, როგორც მღვდელმთავარი.
13:20. რატომ ეწოდება ახალ შეთანხმებას „მარადიული შეთანხმება“? არსებობს ამის სამი მიზეზი: 1) ეს შეთანხმება არასოდეს შეიცვლება; 2) შეთანხმების შედეგები მარადიულად იარსებებს; 3) ეს შეთანხმება „სხვა ცხვარს“ არმაგედონის შემდეგაც მოუტანს სარგებლობას (იოან. 10:16).
რას ვსწავლობთ:
5:14. ჩვენ გულდასმით უნდა გამოვიკვლიოთ ღვთის სიტყვა, და ის, რასაც ვისწავლით, ცხოვრებაში გამოვიყენოთ. სხვაგვარად არ გვექნება აღქმის უნარი „გაწაფული . . . კარგისა და ცუდის გასარჩევად“ (1 კორ. 2:10).
6:17—19. ღვთის დანაპირებისა და განზრახვის შესრულების მტკიცე იმედი დაგვეხმარება, რომ არასოდეს შევწყვიტოთ ჭეშმარიტების გზით სიარული.
12:3, 4. ნაკლებად სერიოზულმა პრობლემებმა თუ წინააღმდეგობამ არ უნდა დაგვღალოს და სულის სიმხნევე არ უნდა დაგვაკარგვინოს. პირიქით, უნდა ვისწრაფოთ მოწიფულობისკენ და ვისწავლოთ განსაცდელებთან გამკლავება. მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ ცოდვის წინააღმდეგ „სისხლამდე“, ანუ სიკვდილამდე, ვიბრძოლოთ (ებრ. 10:36—39).
12:13—15. არ უნდა დავუშვათ, რომ „შხამიანმა ფესვმა“, ანუ მან, ვინც კრებაში განხეთქილების სულის შემოტანას ცდილობს, ხელი შეგვიშალოს ‘ჩვენი ფეხის სავალის გასწორებაში’.
12:26—28. ის, რაც ღვთის ხელით არ არის „შექმნილი“, კერძოდ, დღევანდელი ქვეყნიერება და ბოროტი ცა, შეირყევა და აღარ იარსებებს. ამის შემდეგ მარადიულად იარსებებს მხოლოდ ის, რაც „შეურყეველია“, ანუ ღვთის სამეფო თავის მხარდამჭერებთან ერთად. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ გულმოდგინედ ვიქადაგოთ ამ სამეფოს შესახებ და ღვთის მიერ დადგენილი ნორმების თანახმად ვიცხოვროთ.
13:7, 17. თუ ამ რჩევას გავითვალისწინებთ, გავუგონებთ და დავემორჩილებით კრების ზედამხედველებს, გაგვიადვილდება თანამშრომლობის სულის გამოვლენა.
[სქოლიო]
a იხილეთ 2007 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 26, 27.