ქარიზმა — ადამიანების გასაღმერთებლად თუ ღვთის სადიდებლად?
„მმართველი არა მარტო უნდა ჯობდეს ქვეშევრდომებს, არამედ უნდა იზიდავდეს კიდეც მათ“, — წერდა ცნობილი ბერძენი მხედართმთავარი, ქსენოფონტი. დღეს მრავალი უწოდებდა ასეთ „მიმზიდველობას“ ქარიზმას, ანუ ზებუნებრივ ნიჭს, მადლს.
რასაკვირველია, ყველა მმართველს როდი აქვს ქარიზმა. მაგრამ, ვისაც აქვს, მას თავდადების სულის შთაბერვისა და საკუთარი ინტერესების მისაღწევად ხალხთა მასების მანიპულირებისთვის იყენებს. ამის ყველაზე ავად სახსენებელი მაგალითი იყო ადოლფ ჰიტლერი. „[1933 წელს] გერმანელთა უმეტესობისთვის ჰიტლერს ჰქონდა — ან მალე ექნებოდა — ნამდვილად ქარიზმატული ლიდერის აურა“, — წერს უილიამ ლ. შირერი წიგნში „მესამე რაიხის აღზევება და დაცემა“ (The Rise and Fall of the Third Reich). „ისინი მას ბრმად, ღვთიური განაჩენის მქონე პიროვნებასავით, უნდა მიჰყოლოდნენ 12 ქარცეცხლიანი წლის განმავლობაში“.
რელიგიის ისტორიაც სავსეა ქარიზმატული ლიდერებით, რომლებიც ხალხს მათდამი თავდადების სულით ავსებდნენ, მაგრამ, რომლებსაც უბედურება მოჰქონდათ თავიანთი მიმდევრებისთვის. „გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ, — თქვა იესომ, — ვინაიდან ბევრნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ქრისტე ვარო და მრავალს შეაცდენენ!“ (მათე 24:4, 5). ქარიზმატული ცრუ ქრისტეები მხოლოდ პირველ საუკუნეში როდი არსებობდნენ. XX საუკუნის 70-იან წლებში ჯიმ ჯონსმა საკუთარი თავი «„ხალხის წმიდათაწმინდის“ მესიად» გამოაცხადა. ის აღწერილი იყო როგორც „ქარიზმატული მორწმუნე“, რომელსაც „ხალხზე გავლენის საოცარი ძალა ჰქონდა“ და, რომელიც 1978 წელს კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი უდიდესი რაოდენობის ადამიანის თვითმკვლელობის ინიციატორი იყოa.
როგორც ჩანს, ქარიზმა შეიძლება საშიში ნიჭი იყოს. მაგრამ ბიბლია ლაპარაკობს სხვაგვარ ნიჭზე, ანუ ნიჭებზე, რომელიც ღვთისგან მომდინარეობს და, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია და ყველასთვის სასარგებლოა. ბერძნული სიტყვა, რომლითაც ეს ნიჭი აღიწერება, არის „ხარისმა“, რომელიც ბიბლიაში 17-ჯერ გვხვდება. ერთ-ერთი ბერძენი სწავლული მას შემდეგნაირად განმარტავს: „უფასო, ყოველგვარი დამსახურების გარეშე მიღებული ნიჭი, რაც ადამიანს უშრომელად და დაუმსახურებლად ეძლევა, რომელიც ღვთის მადლია და, რომელსაც ადამიანი საკუთარი ძალისხმევით ვერასოდეს მიაღწევს ან მიიღებს“.
ასე რომ, ბიბლიური თვალსაზრისით, „ხარისმა“ ღვთის მადლის წყალობით მიღებული ძღვენი, ანუ ნიჭია. რომელია ზოგიერთი იმ ძღვენთაგანი, რომელიც ღმერთმა თავისი გულმოწყალებით გვიბოძა? და როგორ შეგვიძლია ისინი ღვთის განსადიდებლად გამოვიყენოთ? განვიხილოთ ამ ძვირფასი ძღვენებიდან სამი.
მარადიული სიცოცხლე
ეჭვგარეშეა, უდიდესი ძღვენი მარადიული სიცოცხლის ძღვენია. პავლემ რომაელთა კრებას მისწერა: „ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი [„ხარისმა“] — მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში“ (რომაელთა 6:23). აღსანიშნავია, რომ „საზღაური“ (სიკვდილი) ჩვენ დავიმსახურეთ, თუმცა ჩვენდაუნებურად, ჩვენი ცოდვილი ბუნებიდან გამომდინარე. მეორე მხრივ, მარადიული სიცოცხლე, რომელიც ღვთის წყალობით გვეძლევა, სავსებით არ დაგვიმსახურებია და მას ჩვენი ღვაწლით ვერასოდეს ვერ მივაღწევთ.
მარადიული სიცოცხლის ძღვენი უნდა დავაფასოთ და სხვებსაც გავუზიაროთ. ჩვენ შეგვიძლია ადამიანებს იეჰოვას გაცნობაში, მისადმი მსახურებაში და ამგვარად მარადიული სიცოცხლის ძღვენის მიღებაში დავეხმაროთ. გამოცხადების 22:7 ამბობს: «სული და სასძლო ამბობენ: „მოდი!“ გამგონემაც თქვას: „მოდი!“ მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი».
როგორ შეგვიძლია სხვებს ამ სიცოცხლისმომცემი წყლისკენ წარვუძღვეთ? ძირითადად, მსახურებაში ბიბლიის ეფექტურად გამოყენებით. მართალია, მსოფლიოში ზოგან ადამიანები იშვიათად თუ კითხულობენ ან ფიქრობენ სულიერ საკითხებზე; მიუხედავად ამისა, ყოველთვის მოიძებნება შესაძლებლობები, ვინმეს ‘ყური გავაღვიძოთ’ (ესაია 50:4). ამ საკითხში შეგვიძლია ბიბლიის აღმძვრელ ძალას მივენდოთ, „ვინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი“ (ებრაელთა 4:12). იქნება ეს ბიბლიის პრაქტიკული სიბრძნის, მასში მოცემული ნუგეშის თუ იმედის, ან სიცოცხლის აზრის განმარტების გამო, ღვთის სიტყვას შეუძლია გულებს შეეხოს და ადამიანები სიცოცხლის გზაზე დააყენოს (2 ტიმოთე 3:16, 17).
გარდა ამისა, ბიბლიაზე დაფუძნებული ლიტერატურა გვეხმარება ვთქვათ: „მოდი!“ წინასწარმეტყველმა ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ ამ სულიერი სიბნელის პერიოდში ‘უფალი [„იეჰოვა“, აქ] ინათებდა’ თავის ხალხზე (ესაია 60:2). საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციები ირეკლავენ იეჰოვას ამ კურთხევას და ყოველწლიურად ათასობით ადამიანი მიჰყავთ იეჰოვასთან, სულიერი განათლების წყაროსთან. ამ პუბლიკაციებში არ ხდება ადამიანების განდიდება. როგორც ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ შესავალშია განმარტებული: «„საგუშაგო კოშკის“ მიზანია განადიდოს იეჰოვა ღმერთი, როგორც სამყაროს უზენაესი უფალი. . . ჟურნალი აღვივებს რწმენას ამჟამად მმართველი, ღვთის მიერ დანიშნული მეფის, იესო ქრისტეს, მიმართ, რომლის დაღვრილი სისხლიც კაცობრიობას გზას უხსნის მარადიული სიცოცხლისკენ».
ერთი სრული დროით მსახური ქრისტიანი, რომელმაც მსახურებაში წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, ღმერთთან ადამიანების მიახლოების საკითხში „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის როლის შესახებ ამბობს: «როდესაც ბიბლიის შემსწავლელი იწყებს „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის კითხვას, ის სწრაფად მიიწევს წინ. ჩემთვის ეს ჟურნალები ადამიანებისთვის იეჰოვას გაცნობის საკითხში ფასდაუდებელი დამხმარე საშუალებაა».
განსაკუთრებული მსახურება
სხვა ძღვენით, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, დაჯილდოებული იყო ქრისტიანი მოწაფე, ტიმოთე. მოციქულმა პავლემ მას უთხრა: «ნუ უგულებელყოფ შენში არსებულ ნიჭს [„ხარისმა“], რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველებით და უხუცესთა ხელდასხმით» (1 ტიმოთე 4:14). რა ძღვენი, ანუ ნიჭი იყო ეს? ამაში ტიმოთეს მიმომსვლელ ზედამხედველად დანიშვნაც შედიოდა; ეს იყო განსაკუთრებული მსახურება, რომელსაც პასუხისმგებლობით უნდა მოკიდებოდა. იმავე მონაკვეთში პავლე არიგებს ტიმოთეს: „მიჰყევი კითხვას, შეგონებას და სწავლებას. გაუფრთხილდი თავს და სწავლებას. ამას უერთგულე, რადგან ასეთი მოქმედებით შენს თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც“ (1 ტიმოთე 4:13, 16).
დღევანდელმა უხუცესებმაც უნდა დააფასონ თავიანთი განსაკუთრებული მსახურება. პავლეს მითითების თანახმად, ამის გაკეთების ერთ-ერთი საშუალებაა ‘გაუფრთხილდნენ’ თუ როგორ ასწავლიან. წუთისოფლის ქარიზმატული ლიდერებისგან განსხვავებით, ისინი ყურადღებას ღმერთს აპყრობენ და არა საკუთარ თავს. იესო, მათი მისაბაძი მაგალითი, ცნობილი მასწავლებელი იყო და, ეჭვგარეშეა, — მიმზიდველი პიროვნებაც, მაგრამ იესო მთელ დიდებას თავმდაბლურად მამას მიაგებდა. „ჩემი მოძღვრება ჩემი არაა, არამედ მისია, ვინც მე მომავლინა“, — განაცხადა მან (იოანე 5:41; 7:16).
სწავლებისას ღვთის სიტყვის ავტორიტეტად გამოყენებით იესო განადიდებდა ზეციერ მამას (მათე 19:4–6; 22:31, 32, 37–40). ასევე ამახვილებდა პავლე ყურადღებას ზედამხედველებისთვის ‘მოძღვრების მიხედვით სარწმუნო სიტყვის მიმდევრობის’ აუცილებლობაზე (ტიტე 1:9). თავიანთი საუბრის მხოლოდ ბიბლიაზე დაფუძნებით უხუცესები, ფაქტობრივად, იესოს მსგავსად იტყვიან: „სიტყვებს, რომელთაც გეუბნებით, ჩემით არ ვამბობ“ (იოანე 14:10).
როგორ შეუძლიათ უხუცესებს მტკიცედ ‘მიყვნენ სარწმუნო სიტყვას’? თავიანთი მოხსენებებისა და კრების სხვა დავალებების ღვთის სიტყვაზე დაფუძნებით, გამოყენებული მუხლების ახსნითა და ხაზგასმით. თვალში საცემმა მაგალითებმა ან სასაცილო ეპიზოდებმა, განსაკუთრებით თუ ისინი ჭარბადაა გამოყენებული, შესაძლოა მსმენელის ყურადღება ღვთის სიტყვიდან მომხსენებლის პირად შესაძლებლობებზე გადაიტანოს. სინამდვილეში, ბიბლიური მუხლები ეხება მსმენელთა გულებს და ისინი აღძრავს მსმენელს (ფსალმუნი 18:8–10; 118:40; შეადარე ლუკა 24:32). ასეთი მოხსენებები ნაკლებ ყურადღებას ამახვილებს ადამიანებზე და მეტად განადიდებს ღმერთს.
უხუცესებისთვის უფრო ეფექტურ მასწავლებლებად გახდომის კიდევ ერთი საშუალებაა ერთმანეთისგან სწავლა. როგორც პავლე ეხმარებოდა ტიმოთეს, ისე ერთ უხუცესს შეუძლია დაეხმაროს მეორეს. „რკინა რკინით ილესება, კაცი კი კაცის სახეს ლესავს“ (იგავნი 27:17; ფილიპელთა 2:3). უხუცესებისთვის სასარგებლოა აზრებისა და რჩევების ურთიერთგაზიარება. ერთმა ახლად დანიშნულმა უხუცესმა თქვა: „გამოცდილმა უხუცესმა გამონახა დრო და მიჩვენა, თუ როგორ აგებდა ის საჯარო მოხსენებას. მომზადებისას გულმოდგინედ გამოკვლეული ბიბლიური მუხლების გარდა, მან ჩართო რიტორიკული კითხვები, თვალსაჩინო მაგალითები და რამდენიმე შემთხვევა (მოკლედ). მისგან ვისწავლე, თუ როგორ გავხადო მრავალფეროვანი ჩემი მოხსენებები, რათა ისინი მშრალი და მონოტონური არ გამომივიდეს“.
ყველა ჩვენგანისთვის, ვინც რაღაც განსაკუთრებულ მსახურებას ვეწევით, იქნება ეს უხუცესობა, სამსახურებრივი თანაშემწეობა თუ პიონერობა, აუცილებელია დიდად დავაფასოთ ჩვენი ძღვენი. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე პავლემ ტიმოთეს შეახსენა, ‘გაეღვივებინა ღვთის ნიჭი [„ხარისმა“]’, რომელშიც ტიმოთეს შემთხვევაში სულის განსაკუთრებული ძღვენი იგულისხმებოდა (2 ტიმოთე 1:6). ისრაელებს ღუმელში ხშირად მხოლოდ ნახშირის ნაღვერდლები ჰქონდათ. შესაძლებელი იყო ამ ნაღვერდლების ‘გაღვივება’, რის შედეგადაც ისინი აალდებოდნენ და ოთახში მეტი სითბო ისადგურებდა. ამგვარად, მოგვიწოდებენ, რომ მთელი გული და ენერგია ჩავდოთ დავალებებში და, რა სულიერი ძღვენიც არ უნდა გვქონდეს, ცეცხლივით ღვიოდეს ჩვენში.
სულიერი ძღვენი სხვებსაც უნდა გავუნაწილოთ
პავლე რომაელი ძმებისადმი სიყვარულმა აღძრა, დაეწერა: «ძალიან მსურს თქვენი ნახვა, რათა გიწილადოთ სულიერი ნიჭი [„ხარისმა“] თქვენს განსამტკიცებლად. ესე იგი, თქვენთან ერთად ვინუგეშო ერთიანი რწმენით, რომელიც თქვენიც არის და ჩემიც» (რომაელთა 1:11, 12). პავლე სხვების რწმენის განსამტკიცებლად, ჩვენი ლაპარაკის უნარს სულიერ ძღვენად მიიჩნევდა. ასეთი სულიერი ძღვენების ურთიერთგაცვლას შედეგად რწმენის ურთიერთგანმტკიცება და ურთიერთგამხნევება მოჰყვება.
ეს ნამდვილად საჭიროა. ჩვენ ვცხოვრობთ ბოროტ სისტემაში, სადაც თითოეული ჩვენგანი ამა თუ იმ სახის ზემოქმედებას განიცდის. მაგრამ მუდმივი ურთიერთგამხნევება მტკიცედ დგომაში დაგვეხმარება. ცნება ურთიერთგაცვლის — როგორც გაცემის, ისე მიღების — შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია სულიერი სიმტკიცის შესანარჩუნებლად. მართალია, დროდადრო თითოეულ ჩვენგანს სჭირდება გამხნევება, მაგრამ ურთიერთაღშენებაც ყველას შეგვიძლია.
თუ ყურადღებით ვართ და ვამჩნევთ დადარდიანებულ თანამორწმუნეებს, შევძლებთ ‘ნუგეში ვცეთ მათ ყოველგვარ გასაჭირში იმავე ნუგეშით, რომლითაც გვანუგეშებს ღმერთი’ (2 კორინთელთა 1:3–5). ბერძნული სიტყვა („პარაკლესის“), რომელიც „ნუგეშად“ იქნა გადმოთარგმნილი, სიტყვასიტყვით „გვერდში ამოდგომის შესახებ თხოვნას“ ნიშნავს. საჭიროების შემთხვევაში, თუ ძმას ან დას მხარში ამოვუდგებით და დახმარების ხელს გავუწვდით, რასაკვირველია, გაჭირვებისას თვითონაც მივიღებთ სიყვარულით აღსავსე მხარდაჭერას (ეკლესიასტე 4:9, 10; შეადარე საქმეები 9:36–41).
დიდი სარგებლობა მოაქვს უხუცესების სიყვარულით აღსავსე სამწყემსო მონახულებასაც. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ასეთი მონახულებები რაღაც მნიშვნელოვან საკითხზე ბიბლიური რჩევის მიცემის მიზნით კეთდება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში სამწყემსო მონახულება გამხნევებას, ‘გულების ნუგეშისცემას’ ემსახურება (კოლასელთა 2:2). როდესაც ზედამხედველები რწმენის განმამტკიცებელ ასეთ მონახულებებს აკეთებენ, ისინი ნამდვილად უნაწილებენ სხვებს სულიერ ძღვენს. პავლეს მსგავსად ისინიც დარწმუნდებიან, რომ ასეთი არაჩვეულებრივი სახით გაცემა, მათთვისაც დამაჯილდოებელი იქნება და თავიანთი ძმების ნახვის ‘ძლიერ სურვილს’ განავითარებენ (რომაელთა 1:11).
მსგავსი რამ შეემთხვა ერთ ესპანელ უხუცესს, რომელიც შემდეგ შემთხვევას ყვება: «ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს რიკარდოს, 11 წლის ბიჭს, მაინც და მაინც არ უხაროდა შეხვედრებზე და, საერთოდ, კრებებზე დასწრება. ამიტომ რიკარდოს მშობლებისგან ნებართვა ავიღე, მომენახულებინა მათი შვილი, რაზეც ისინი სიხარულით დამთანხმდნენ. ისინი მთებში ცხოვრობდნენ და მათ სახლამდე მანქანით მისასვლელად დაახლოებით ერთი საათი მჭირდებოდა. რიკარდოს, როგორც ჩანს, ესიამოვნა ჩემს მიერ მის მიმართ გამოვლენილი ყურადღება და მაშინვე გამომეხმაურა. ის მალე მოუნათლავი მაუწყებელი და კრების აქტიური წევრი გახდა. ჩაკეტილი ბუნების მქონე პიროვნებიდან უფრო ბედნიერ, გულღია პიროვნებად გარდაიქმნა. კრების ზოგი წევრი კითხულობდა: „რა მოუვიდა რიკარდოს?“ ისინი მას ისე უყურებდნენ, თითქოს პირველად ხედავენო. როდესაც იმ გარდამტეხი სამწყემსო მონახულების შესახებ ვფიქრობ, ასე მგონია, რომ ის ჩემთვის უფრო მეტის მომცემი იყო, ვიდრე რიკარდოსთვის. სამეფო დარბაზში შემოსვლისას მას სახე უბრწყინავს და მოსასალმებლად ჩემკენ მოიჩქარის. დიდ სიამოვნებას მანიჭებს მისი სულიერი წინსვლა».
ეჭვგარეშეა, ასეთ სამწყემსო მონახულებებს ღმერთი დიდად აკურთხებს. ეს მონახულებები შეესაბამება იესოს თხოვნას: „დამწყსე ჩემი ცხვრები“ (იოანე 21:16). რა თქმა უნდა, მხოლოდ უხუცესებმა როდი უნდა გაუნაწილონ სხვებს ასეთი სულიერი ძღვენები. კრების თითოეულ წევრს შეუძლია სხვების სიყვარულისა და კეთილი საქმეებისკენ წახალისება (ებრაელთა 10:23, 24). როგორც მწვერვალზე ამსვლელ მთამსვლელებს აერთიანებს თოკი, ისე ჩვენ — სულიერი კვანძები. ჩვენი საქციელი ან სიტყვები, აუცილებლად მოქმედებენ სხვებზე. გესლიანმა შენიშვნებმა ან დაუნდობელმა კრიტიკამ შეიძლება მოასუსტოს ერთიანობის კვანძები (ეფესელთა 4:29; იაკობი 3:8). გამხნევებისა და სიყვარულით აღსავსე დახმარების აღმოჩენის მიზნით კარგად შერჩეული სიტყვები კი ძმებს სიძნელეების გადალახვაში ეხმარება. ასე მოქმედებით სულიერ ძღვენს, რომელიც ყოველთვის ფასობს, სხვებსაც გავუნაწილებთ (იგავნი 12:25).
ღვთის დიდების უფრო სრულად არეკვლა
ცხადია, რომ გარკვეული რაოდენობით ყველა ქრისტიანს აქვს ქარიზმა. ჩვენ დაჯილდოებული ვართ მარადიული სიცოცხლის ფასდაუდებელი ჯილდოთი. აგრეთვე გვაქვს სულიერი ძღვენები, რომლებიც შეგვიძლია ერთმანეთს გავუნაწილოთ. შეგვიძლია ვეცადოთ, რომ სხვებს სწორი მიზნები შთავაგონოთ ან აღვუძრათ. ზოგს განსაკუთრებული მსახურების სახით დამატებითი ძღვენებიც აქვს. ყველა ეს ძღვენი ღვთის მადლის დამადასტურებელია. და, ვინაიდან ნებისმიერი ძღვენი, ანუ ნიჭი, რომელსაც შესაძლოა ვფლობდეთ, ღვთისგან გვაქვს მიღებული, სიამაყისთვის ნამდვილად არავითარი საფუძველი არ გაგვაჩნია (1 კორინთელთა 4:7).
კარგი იქნება ჩვენ, ქრისტიანებმა, საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა: „გამოვიყენებ თუ არა სრულად ქარიზმას, რომელსაც შესაძლოა ვფლობდე, იეჰოვას, ‘ყველა კეთილი საბოძვარისა და ყველა სრულყოფილი ნიჭის’ მომცემის, განსადიდებლად? (იაკობი 1:17). მივბაძავ თუ არა იესოს და მოვემსახურები თუ არა სხვებს ჩემი შესაძლებლობის და მდგომარეობის შესაბამისად?“
მოციქული პეტრე შემდეგნაირად აჯამებს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს პასუხისმგებლობას: «თითოეული ერთმანეთს იმ ნიჭით [„ხარისმა“] ემსახურეთ, რაც მიგიღიათ, როგორც კარგმა განმგებლებმა ღვთის მრავალგვარი მადლისა. თუ ვინმე ლაპარაკობს, ილაპარაკოს როგორც ღვთის სიტყვით. თუ ვინმე ემსახურება, ღვთის მიერ მინიჭებული ძალით ემსახუროს, რათა იდიდებოდეს ღმერთი ყველაფერში იესო ქრისტეს მიერ [„მეშვეობით“, აქ]» (1 პეტრე 4:10, 11).
[სქოლიო]
a ჯიმ ჯონსის ჩათვლით, სულ 913 ადამიანი მოკვდა.
[საავტორო უფლება 23 გვერდზე]
Corbis-Bettmann
UPI/Corbis-Bettmann