ენოქი — უშიშარი ყოველგვარი სირთულის წინაშე
კარგი ადამიანისთვის ეს ყველაზე ცუდი დრო იყო. დედამიწა უღმერთოებამ მოიცვა. კაცობრიობის ზნეობრიობა შეუჩერებლად ეცემოდა. ფაქტობრივად, ძალიან მალე ითქმებოდა: „დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა“ (დაბადება 6:5).
ენოქს, გენეალოგიურ ხაზში ადამიდან მეშვიდეს, ვაჟკაცობა ჰყოფნიდა, რომ სხვანაირი ყოფილიყო. მიუხედავად შედეგებისა, ის მტკიცედ იცავდა სამართლიანობას. ენოქის ცნობა უღმერთო ცოდვილებს იმდენად აღიზიანებდა, რომ ის მოსაკლავად მიზანში იყო ამოღებული და მისი დახმარება მხოლოდ იეჰოვას შეეძლო (იუდა 14, 15).
ენოქი და საყოველთაო საკამათო საკითხი
ენოქის დაბადებამდე დიდი ხნით ადრე უზენაეს ხელისუფლებაზე საკამათო საკითხი წამოიჭრა. ჰქონდა ღმერთს მმართველობის უფლება? ფაქტობრივად, სატანა ეშმაკმა თქვა, რომ არ ჰქონდა. ის ამტკიცებდა, რომ გონიერი ქმნილებები ღვთის ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებლად უფრო უკეთესად იქნებოდნენ. სატანა ცდილობდა, რომ იეჰოვა ღმერთის წინააღმდეგ წამოყენებული თავისი მტკიცება ადამიანების ცბიერული გადაბირებით დაესაბუთებინა. ცნობილია, რომ ადამმა, მისმა ცოლმა, ევამ, და მათმა პირველმა შვილმა, კაენმა, სატანის მხარე დაიკავეს იმით, რომ ღვთისმმართველობას თვითმმართველობა არჩიეს. ადამიანების პირველმა წყვილმა ეს ღვთის მიერ აკრძალული ნაყოფის შეჭმით გააკეთა, კაენმა კი — თავისი უმწიკვლო ძმის, აბელის, განზრახ მოკვლით (დაბადება 3:4–6; 4:8).
აბელი გაბედულად იკავებდა იეჰოვას მხარეს. რამდენადაც აბელის უმწიკვლოება წმინდა თაყვანისმცემლობას უწყობდა ხელს, უეჭველია, სატანა მოხარული იყო იმის დანახვით, თუ როგორ გადმოანთხია კაენმა მძვინვარება და მოკლა იგი. იმ დროიდან მოყოლებული სატანა ფლობს ‘სიკვდილის შიშს’, როგორც დამაშინებელ იარაღს. მას სურს, რომ გულში შიში ჩაუნერგოს ნებისმიერს, ვინც ჭეშმარიტი ღვთისადმი თაყვანისცემისთვისაა განწყობილი (ებრაელთა 2:14, 15; იოანე 8:44; 1 იოანე 3:12).
ენოქის დაბადებისას სატანის თვალსაზრისი, რომ ადამიანები მხარს არ დაუჭერდნენ იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებას, ალბათ, საკმაოდ გამართლებული ჩანდა. აბელი მოკვდა და მისი ერთგულების მაგალითს არავინ მიყოლია. მიუხედავად ამისა, ენოქმა ცხადყო, რომ გამონაკლისს წარმოადგენდა. მას მყარი საფუძველი ჰქონდა რწმენისთვის, ვინაიდან კარგად იყო გაცნობილი შემთხვევებს, რომლებსაც ედემის ბაღში ჰქონდა ადგილიa. როგორ უნდა შეჰფოფინებოდა ის იეჰოვას წინასწარმეტყველებას, რომელიც ამოწმებდა, რომ აღთქმული თესლი ბოლოს მოუღებდა სატანასა და მის გეგმებს! (დაბადება 3:15).
ენოქი, რომელსაც ეს იმედი ყოველთვის თვალწინ ედგა, ვერ დააშინა ეშმაკის წაქეზებით მომხდარმა აბელის ისტორიულად ცნობილმა მკვლელობამ. პირიქით, ის იეჰოვასთან დადიოდა და სიკვდილამდე სიმართლის კურსი ჰქონდა აღებული. ენოქი გამოეყო ქვეყნიერებას და გაურბოდა მის დამოუკიდებლობის სულს (დაბადება 5:23, 24).
გარდა ამისა, ენოქი ვაჟკაცურად აცხადებდა და ააშკარავებდა, რომ ეშმაკის ბოროტი საქმეები დამარცხდებოდა. ღვთის სულიწმიდის, ანუ მოქმედი ძალის, გავლენით ენოქმა ბოროტეულებზე იწინასწარმეტყველა: «„აჰა, მოდის უფალი თავის ათეულ ათასობით წმიდასთან ერთად.“ რათა ყველა განიკითხოს და ამხილოს უღვთოთა ყოველგვარი საქმე, რაც მათ უღვთობით ჩაუდენიათ, და ყველა სასტიკი სიტყვა, მის მიმართ რომ უთქვამთ იმ უღვთო ცოდვილთ» (იუდა 14, 15).
პავლე მოციქულმა ებრაელი ქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში ენოქი მისი უშიშარი განაცხადების გამო იმ ‘მოწმეთა დიდი ღრუბლის’ რიცხვში მოიხსენია, რომლებმაც საქმეებით დამტკიცებული რწმენის სრულფასოვანი მაგალითი დატოვესb (ებრაელთა 11:5; 12:1). როგორც რწმენის მამაკაცი, ენოქი 300 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მტკიცედ მიჰყვებოდა უმწიკვლოების გზას (დაბადება 5:22). როგორ უნდა გაეგულისებინა ენოქის ერთგულებას ღვთის მტრები ზეცაში თუ დედამიწაზე! ენოქის მწვავე წინასწარმეტყველება სატანის სიძულვილს ამხელდა, მაგრამ ამას იეჰოვას მფარველობა მოჰქონდა.
წაიყვანა ენოქი ღმერთმა — როგორ?
იეჰოვამ სატანასა და მის მიწიერ მსახურებს არ მისცა ენოქის მოკვლის უფლება. ამის ნაცვლად, ინსპირირებული ჩანაწერი ამბობს: „წაიყვანა იგი ღმერთმა“ (დაბადება 5:24). პავლე მოციქული ამას შემდეგნაირად აღწერს: „რწმენით იქნა გადაყვანილი ენოქი, რათა სიკვდილი არ ენახა. ვეღარავინ ჰპოვა იგი, ვინაიდან ღმერთმა წაიყვანა, ვინაიდან წაყვანამდე მიიღო დამოწმება, რომ ღმერთს აამა“ (ებრაელთა 11:5).
როგორ „იქნა გადაყვანილი ენოქი, რათა სიკვდილი არ ენახა“? ან, როგორც რ. ა. ნოქსის თარგმანშია მოყვანილი, როგორ იქნა ენოქი „მოცილებული სიკვდილის განცდის გარეშე“? ღმერთმა მშვიდი ბოლო დაუდო ენოქის სიცოცხლეს, რადგან იგი რაიმე ავადმყოფობით თუ მისი მტრების ხელში მოძალადეობრივი სიკვდილით გამოწვეული სიკვდილისწინა ტანჯვისაგან იხსნა. დიახ, იეჰოვამ მოულოდნელად შეწყვიტა ენოქის სიცოცხლე 365 წლის ასაკში — მის თანამედროვეებთან შედარებით საკმაოდ ახალგაზრდულ ასაკში.
როგორ მიეცა ენოქს „დამოწმება, რომ ღმერთს აამა“? რა დამამტკიცებელი საბუთი ჰქონდა მას? როგორც ჩანს, ღმერთმა ენოქი ჰიპნოტიკურ მდგომარეობაში მოიყვანა, როგორც პავლე მოციქული იქნა „ატაცებული“, ანუ გადაყვანილი, რათა ცხადად ეხილა ქრისტიანული კრების მომავალი სულიერი სამოთხე (2 კორინთელთა 12:3, 4). დამოწმება ანუ დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ ენოქი ღმერთს აამებდა, შეეძლო წარმოედგინა დედამიწაზე მომავალი სამოთხის ხილვას, რომელშიც ყველა მცხოვრები ღვთის უზენაეს ხელისუფლებას დაუჭერს მხარს. შესაძლოა, სწორედ მაშინ, როცა ენოქი აღმაფრთოვანებელ ხილვას ხედავდა, ღმერთმა უმტკივნეულო სიკვდილი მოჰგვარა, რათა დაეძინებინა ის აღდგენის დღემდე. ისე ჩანს, რომ, როგორც მოსეს შემთხვევაში, იეჰოვამ გააქრო ენოქის სხეული, ვინაიდან „ვეღარავინ ჰპოვა იგი“ (ებრაელთა 11:5; მეორე რჯული 34:5, 6, აქ; იუდა 9).
წინასწარმეტყველება შესრულდა
დღესდღეობით იეჰოვას მოწმეები ენოქის წინასწარმეტყველების არსს აცხადებენ. საღვთო წერილიდან ისინი აჩვენებენ, როგორ შესრულდება იგი, როცა უახლოეს მომავალში ღმერთი უღმერთოებს გაანადგურებს (2 თესალონიკელთა 1:6–10). მათი ცნობის გამო ისინი ათვალწუნებულნი ხდებიან, ვინაიდან ის დიდად განსხვავდება ამ ქვეყნიერების შეხედულებებისა და მიზნებისაგან. წინააღმდეგობა, რასაც ისინი აწყდებიან, არ უკვირთ მათ, რადგან იესომ თავისი მოწაფეები გააფრთხილა: „ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო“ (მათე 10:22; იოანე 17:14).
მიუხედავად ამისა, დღევანდელი ქრისტიანები ენოქის მსგავსად რწმუნდებიან, რომ სამუდამოდ გათავისუფლდებიან თავიანთი მტრებისგან. პეტრე მოციქული წერდა: „იცის ღმერთმა, როგორ იხსნას განსაცდელისაგან ღვთისმოსავნი, ხოლო უკეთურნი შემოინახოს განკითხვის დღისათვის დასასჯელად“ (2 პეტრე 2:9). ღმერთმა შეიძლება სათანადოდ ჩათვალოს პრობლემისა თუ მძიმე სიტუაციის ჩამოცილება. დევნა შეიძლება დასრულდეს. თუნდაც ასე არ იყოს, მან იცის, როგორ ‘მისცეს გამოსავალი’, ისე რომ მისმა ხალხმა შეძლოს განსაცდელების ბოლომდე გადატანა. თუ აუცილებლობა მოითხოვს, იეჰოვა ‘აღმატებული ძლიერებითაც’ უზრუნველგვყოფს (1 კორინთელთა 10:13; 2 კორინთელთა 4:7).
როგორც ‘თავისი მაძიებლისთვის სანაცვლოს მიმგებელი’, იეჰოვა თავის ერთგულ მსახურებს აგრეთვე მარადიული სიცოცხლით აკურთხებს (ებრაელთა 11:6). მათგან უმეტესობისთვის ეს იქნება დედამიწაზე სამოთხეში საუკუნო ცხოვრება. ამიტომ, ენოქის მსგავსად, დაე ჩვენც უშიშრად ვაცხადოთ ღვთის ცნობა. მოდი ვაკეთოთ ეს ყოველგვარი სირთულის წინაშე.
[სქოლიოები]
a ადამი 622 წლისა იყო, როცა ენოქი დაიბადა. ენოქმა დაახლოებით 57 წელი იცხოვრა ადამის სიკვდილის შემდეგ. მაშასადამე, მათი ცხოვრების პერიოდები მნიშვნელოვანწილად ერთმანეთს ემთხვევა.
b ებრაელთა 12:1-ში მოხსენებული სიტყვა ‘მოწმეები’ თარგმნილია ბერძნული სიტყვიდან — „მარʹტის“. ერთ-ერთი წიგნის თანახმად, ეს სიტყვა მიუთითებს „პიროვნებაზე, რომელიც დამოწმებას იძლევა ან შეუძლია დაამოწმოს იმაზე, რაც ნახა, მოისმინა თუ იცის ნებისმიერი სხვა საშუალებით“ (Wuest’s Word Studies From the Greek New Testament). ნაიჯელ ტერნერი თავის ნაშრომში ამბობს, რომ ეს სიტყვა მიუთითებს პიროვნებაზე, რომელიც ლაპარაკობს „საკუთარი გამოცდილებიდან. . . და ჭეშმარიტებებსა და შეხედულებებზე დაჯერებულობიდან გამომდინარე“ (Christian Words).
[ჩარჩო 30-ე გვერდზე]
ღვთის სახელის შებილწვა
ენოქამდე დაახლოებით ოთხი საუკუნით ადრე დაიბადა ადამის შვილიშვილი ენოში. „მაშინ დაიწყო უფლის სახელის ხსენება“, — ნათქვამია დაბადების 4:26-ში. ებრაული ენის მცოდნე ზოგ მეცნიერს მიაჩნია, რომ ეს მუხლი უნდა იკითხებოდეს, ამგვარად: „შებილწულად დაიწყო“ ღვთის სახელის ხსენება ან „შემდეგ შებილწვა დაიწყო“. ისტორიის იმ პერიოდის შესახებ იერუსალიმურ თარგუმში (Jerusalem Targum) ნათქვამია: „ეს იყო თაობა, რომლის დღეებშიც მათ იწყეს ცოდვის ჩადენა, თავს იკერპებდნენ და თავიანთ კერპებს უფლის სიტყვის სახელს აკუთვნებდნენ“.
ენოშის დროს იეჰოვას სახელის უმართებულო გამოყენება ფართოდ იყო გავრცელებული. შესაძლოა, ხალხი ღვთიურ სახელს იყენებდა საკუთარ თავთან ან გარკვეულ ადამიანებთან დაკავშირებით, ვისი მეშვეობითაც ისინი თაყვანისცემისას, როგორც მათ მიაჩნდათ, იეჰოვა ღმერთს უახლოვდებოდნენ. ან შეიძლება ღვთიურ სახელს კერპების მიმართ იყენებდნენ. ყოველ შემთხვევაში, სატანა ეშმაკმა საიმედოდ გააბა ადამიანები კერპთაყვანისმცემლობის მახეში. ენოქის დაბადების დროს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა იშვიათი იყო. ენოქის მსგავსი ყოველი ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტებით ცხოვრობდა და ქადაგებდა მას, არაპოპულარული და, მაშასადამე, დევნის საგანი იყო (შეადარე მათე 5:11, 12).
[ჩარჩო 31-ე გვერდზე]
წავიდა ენოქი ზეცაში?
„რწმენით იქნა გადაყვანილი ენოქი, რათა სიკვდილი არ ენახა“. ებრაელთა 11:5-ის ამ ნაწილის გადმოცემისას ბიბლიის ზოგი თარგმანი მიუთითებს, რომ სინამდვილეში ენოქი არ მომკვდარა. მაგალითად, ჯეიმზ მოფატის „ბიბლიის ახალი თარგმანი“ (A New Translation of the Bible) აცხადებს: „რწმენით იყო, რომ ენოქი ზეცაში იქნა ატაცებული, ასე რომ ის არასოდეს მომკვდარა“.
მაგრამ ენოქის დღიდან დაახლოებით 3 000 წლის შემდეგ იესო ქრისტემ თქვა: „არავინ ასულა ცაში, გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც ზეცაშია“ (იოანე 3:13). „ახალ ინგლისურ ბიბლიაში“ (The New English Bible) ვკითხულობთ: „არავინ არასოდეს არ ასულა ზეცაში, გარდა იმისა, ვინც ზეციდან ჩამოვიდა, კაცის ძისა“. როცა იესომ ეს თქვა, თვითონაც კი არ იყო ასული ზეცაში (შეადარე ლუკა 7:28).
პავლე მოციქულმა განაცხადა, რომ ენოქი და სხვები, რომლებიც ქრისტიანობამდელი მოწმეების დიდ ღრუბელს შეადგენდნენ, „დაიხოცნენ. . . ყველანი“ და „ვერ მიიღეს აღთქმული“ (ებრაელთა 11:13, 39). რატომ? იმიტომ, რომ ყველა ადამიანმა, მათ შორის ენოქმაც, ადამისგან მემკვიდრეობით მიიღო ცოდვა (ფსალმუნი 50:7; რომაელთა 5:12). გადარჩენის ერთადერთ იმედს ქრისტე იესოს გამომსყიდველური მსხვერპლი წარმოადგენს (საქმეები 4:12; 1 იოანე 2:1, 2). ენოქის დროს ეს გამოსასყიდი ჯერ კიდევ არ იყო გადახდილი. ამიტომ ენოქი არ წასულა ზეცაში, მაგრამ მას სიკვდილის ძილით სძინავს აღდგომის მოლოდინში დედამიწაზე (იოანე 5:28, 29).
[საავტორო უფლება 29-ე გვერდზე]
გადაღებულია Illustrirte Pracht – Bibel/Heilige Schrift des Alten und Neuen Testaments, nach der deutschen Uebersetzung D. Martin Luther’s-დან.