უსმინეთ, რას ამბობს სული
„თქვენს ყურებს მოესმება სიტყვა თქვენს უკან: აჰა, გზა, იარეთ მასზე, როცა მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვევთ“ (ესაია 30:21).
1, 2. როგორ უკავშირდებოდა იეჰოვა ადამიანებს მთელი მათი არსებობის განმავლობაში?
პუერტო-რიკოს კუნძული მსოფლიოში უდიდესი და ზემგრძნობიარე ერთი პარაბოლური ანტენის მქონე რადიოტელესკოპის სამშობლოა. ათეული წლებია, რაც ამ უზარმაზარი მოწყობილობის გამოყეენებით მეცნიერები უცხო პლანეტაზე მცხოვრებთაგან ცნობის მიღებას ელოდებიან. მაგრამ დღემდე არავითარი ცნობა არ მიუღიათ. საოცარია, მაგრამ არსებობს ნათელი ცნობები, რომლებიც დედამიწის გარესამყაროდან არის მიღებული და რომელთა მიღებაც ყველა ჩვენგანს ნებისმიერ მომენტში ყოველგვარი რთული მოწყობილობის გარეშე შეუძლია. ეს ინფორმაცია ადამიანის მიერ წარმოსახულ ნებისმიერ გარე სამყაროზე ბევრად უფრო დიდებული წყაროდან მოდის. ვინ ამყარებს ადამიანებთან ამგვარ კავშირს და ვინ იღებს ამ ინფორმაციას? რას გვეუბნება მიღებული ცნობები?
2 ბიბლიაში მოხსენიებულია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ადამიანებმა ღვთისგან მომდინარე ცნობა მოისმინეს. ზოგჯერ ეს ცნობები ღვთის მაცნეებად მომსახურე სულიერი ქმნილებების მიერ გადმოიცემოდა (დაბადება 22:11, 15; ზაქარია 4:4, 5; ლუკა 1:26—28). სამჯერ თვით იეჰოვას ხმა გაიგონეს (მათე 3:17; 17:5; იოანე 12:28, 29). ღმერთი ადამიანებს წინასწარმეტყველთა მეშვეობითაც ელაპარაკებოდა, რომელთაგან მრავალი წერილობითი სახით გადმოსცემდა ღვთის მიერ შთაგონებულ სიტყვებს. დღეს ჩვენ გვაქვს ბიბლია, რომელშიც ჩაწერილია როგორც ღვთის მიერ ამ დამყარებული ურთიერთობების შესახებ მრავალი შემთხვევა, ისე იესოსა და მისი მოწაფეების სწავლებები (ებრაელთა 1:1, 2). დიახ, იეჰოვა გადმოსცემდა თავის ქმნილებებს — ადამიანებს — ინფორმაციას.
3. რა მიზნით გადმოგვეცა ღვთისგან ცნობები და რა მოითხოვება ჩვენგან?
3 ღვთისგან მიღებული ყველა ეს ცნობა ფიზიკური სამყაროს შესახებ მწირ ინფორმაციას გვაწვდის. მათში ყურადღება უფრო მნიშვნელოვან საკითხებზეა გამახვილებული, საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს და მოახდენს როგორც ჩვენს დღევანდელ, ისე მომავალ ცხოვრებაზე (ფსალმუნი 18:8—12; 1 ტიმოთე 4:8). იეჰოვა ინსპირაციით დაწერილ ცნობებს იყენებს თავისი ნების გადმოსაცემად და ხელმძღვანელობის გასაწევად. ეს ცნობები არის ერთ-ერთი საშუალება, რითაც ესაიას წინასწარმეტყველება სრულდება: „თქვენს ყურებს მოესმება სიტყვა თქვენს უკან: აჰა, გზა, იარეთ მასზე, როცა მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვევთ“ (ესაია 30:21). იეჰოვა ძალას არ გვატანს თავისი „სიტყვის“ მოსასმენად. ჩვენზეა დამოკიდებული, მივყვებით თუ არა ღვთის ხელმძღვანელობას და ვივლით თუ არა მისი გზებით. ამიტომ საღვთო წერილი გვარიგებს, მოვუსმინოთ ღვთისგან მომდინარე ცნობებს. წიგნ „გამოცხადებაში“ მოწოდება ‘ისმინეთ რას ამბობს სული’ შვიდჯერ გვხვდება (გამოცხადება 2:7, 11, 17, 29; 3:6, 13, 22).
4. არის თუ არა გონივრული, მოველოდეთ, რომ ჩვენს დღეებში ღმერთი ზეციდან პირდაპირ დაგველაპარაკება?
4 დღეს იეჰოვა ზეციური სამფლობელოდან პირდაპირ არ გველაპარაკება. ბიბლიურ დროშიც კი ზებუნებრივი სახით ცნობების მოწოდება იშვიათი მოვლენა იყო და ზოგჯერ ასეთნაირად გადმოცემულ ორ ცნობას ერთმანეთისგან საუკუნეები აშორებდა. კაცობრიობის არსებობის განმავლობაში იეჰოვა თავის ხალხს უმეტესწილად არაპირდაპირი გზებით უკავშირდებოდა. ასევე ხდება დღესაც. მოდი განვიხილოთ სამი გზა, რომელთა საშუალებითაც დღეს იეჰოვა გვიკავშირდება.
„მთელი წერილი ღვთივსულიერია“
5. ძირითადად რის საშუალებით ამყარებს დღეს იეჰოვა ადამიანებთან ურთიერთობას და როგორ შეგვიძლია ამით ვისარგებლოთ?
5 ღმერთსა და ადამიანებს შორის ურთიერთობის დამყარების ძირითადი საშუალება ბიბლიაა. ის ღვთის მიერაა შთაგონებული და ყველაფერი, რაც მასშია მოცემული, სასარგებლოა ჩვენთვის (2 ტიმოთე 3:16). ბიბლიაში მრავლად არის იმ ადამიანთა ცოცხალი მაგალითები, რომლებიც საკუთარი სურვილისამებრ იღებდნენ გადაწყვეტილებას, მოესმინათ თუ არა იეჰოვასთვის. ასეთი მაგალითები შეგვახსენებს, რატომ არის მნიშვნელოვანი, მოვუსმინოთ, თუ რას ამბობს ღვთის სული (1 კორინთელთა 10:11). ბიბლიაში აგრეთვე მოცემულია პრაქტიკული სიბრძნე, რომელიც ცხოვრებაში გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობისას რჩევით უზრუნველგვყოფს. თითქოს ღმერთი დგას ჩვენს ზურგს უკან და ჩაგვჩურჩულებს: „აჰა, გზა, იარეთ მასზე“.
6. ბევრად რატომ აღემატება ბიბლია ყველა სხვა დანარჩენ წიგნებს?
6 იმისათვის, რომ მოვისმინოთ, ბიბლიის გვერდებიდან, თუ რას გვეუბნება სული, საღვთო წერილის რეგულარულად კითხვაა საჭირო. ბიბლია დღეს ხელმისაწვდომი მრავალი სხვა წიგნივით მხოლოდ კარგად დაწერილი, პოპულარული წიგნი როდია. ის სულის შთაგონებითაა დაწერილი და ღვთის აზრებს შეიცავს. ებრაელთა 4:12 ამბობს: „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სიმშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე, და სჯის გულის აზრებსა და ზრახვებს“. როდესაც ბიბლიას ვკითხულობთ, მისი შინაარსი მახვილივით აღწევს ჩვენს აზრებსა და აღძვრებში და ნათელს ჰფენს იმას, თუ რამდენად შეესაბამება ჩვენი ცხოვრება ღვთის ნებას.
7. რატომ არის ბიბლიის კითხვა მნიშვნელოვანი და რამდენად ხშირად უნდა გავაკეთოთ ეს?
7 „გულის აზრები და ზრახვები“ შეიძლება დროის გასვლისა და ცხოვრებისეული გამოცდილების, — როგორც სასიამოვნოს, ისე რთულის, — გავლენით შეიცვალოს. თუ გამუდმებით არ ვსწავლობთ ღვთის სიტყვას, ჩვენი აზრები, განწყობილება და ემოციები ღვთის პრინციპების შესაბამისი აღარ იქნება. ამიტომ ბიბლია გვარიგებს, ყოველთვის ‘გამოვცადოთ საკუთარი თავი, თუ ვართ რწმენაში. საკუთარი თავი გამოვარკვიოთ’ (2 კორინთელთა 13:5). თუ ვაპირებთ იმის მოსმენის გაგრძელებას, რასაც სული გვეუბნება, ყურად უნდა ვიღოთ რჩევა: ყოველდღიურად იკითხეთ ღვთის სიტყვა (ფსალმუნი 1:2).
8. პავლე მოციქულის რომელი რჩევა დაგვეხმარება ბიბლიის კითხვასთან დაკავშირებით საკუთარი თავის გამოცდაში?
8 ბიბლიის მკითხველთათვის მნიშვნელოვანი შეხსენება ასეთია: საკმარისი დრო გამოუყავით წაკითხულის ათვისებას! როდესაც ბიბლიის ყოველდღიურად კითხვასთან დაკავშირებით მოცემული რჩევის შესრულებას ვცდილობთ, ჩვენი სურვილი რამდენიმე თავის სწრაფად, აზრში ჩაწვდომის გარეშე, გადაკითხვა არ უნდა იყოს. მართალია, ბიბლიის რეგულარულად კითხვა მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ის კი არ უნდა გვამოძრავებდეს, რომ გეგმას არ ჩამოვრჩეთ, არამედ მთელი გულით გვსურდეს იეჰოვას და მისი განზრახვების შესახებ შემეცნების მიღება. ამ საკითხში საკუთარი თავის გამოსაცდელად შესანიშნავად შეგვიძლია გამოვიყენოთ მოციქულ პავლეს სიტყვები. ის თანაქრისტიანებს სწერდა: „ვიდრეკ მუხლს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამის წინაშე, რომ მოგცეთ ძალა. . . ისე, რომ რწმენით დამკვიდრდეს ქრისტე თქვენს გულებში და იყოთ თქვენ ფესვგადგმულები და დაფუძნებულები სიყვარულში; რათა შესძლოთ ყველა წმიდასთან ერთად ჩასწვდეთ, რა არის სიგანე და სიგრძე და სიმაღლე და სიღრმე, და შეიცნოთ ქრისტეს სიყვარული, ცოდნას რომ აღემატება, რათა აღივსოთ სრული ღვთიური სისავსით“ (ეფესელთა 3:14, 16—19).
9. როგორ შეგვიძლია განვივითაროთ და გავიღრმავოთ იეჰოვასგან მომდინარე შემეცნების მიღების ძლიერი სურვილი?
9 მართალია, ზოგ ჩვენგანს არ უყვარს კითხვა, მაშინ როდესაც სხვები მოწადინებული მკითხველები არიან. მაგრამ, მიუხედავად ჩვენი ხასიათისა, შეგვიძლია განვივითაროთ და გავიღრმავოთ იეჰოვასგან მომდინარე შემეცნების მიღების ძლიერი სურვილი. მოციქული პეტრე გვიხსნის, რომ უნდა ვინატროთ ანუ გვწყუროდეს ბიბლიური შემეცნების მიღება; მოციქულს ესმოდა, რომ საჭიროა ამ სურვილის განვითარება. ის წერდა: „როგორც ახალშობილმა ყრმებმა, ინატრეთ სულიერი სუფთა რძე, რათა იმით გაიზარდოთ ხსნისათვის“ (1 პეტრე 2:2). თუ გვინდა, რომ ბიბლიის შესწავლა ‘ვინატროთ’, საჭიროა თვითდისციპლინა. სწორედ ისე, როგორც რაიმე ახალი კერძი რამდენჯერმე გასინჯვის შემდეგ ხდება ჩვენთვის სასურველი, ბიბლიის კითხვისა და შესწავლის მიმართ ჩვენი განწყობაც გაუმჯობესდება, როდესაც საკუთარ თავს გამოვწვრთნით და რეგულარულად კითხვის გეგმას მივყვებით.
‘დროული საზრდო’
10. ვინ შეადგენს „ერთგული და გონიერი მონის“ კლასს და დღეს როგორ იყენებს მათ იეჰოვა?
10 სხვა საშუალების შესახებ, რომელსაც იეჰოვა დღეს ჩვენთან სალაპარაკოდ იყენებს, იესო გვამცნობს მათეს 24:45—47-ში. აქ ის ლაპარაკობს სულითცხებული ქრისტიანული კრების, „ერთგული და გონიერი მონის“, შესახებ, რომელიც ‘საზრდოთი დროულად’ უზრუნველსაყოფად არის დანიშნული. ამ კლასის თითოეული წევრი იესოს ‘სახლეულის’ წარმომადგენელია. ესენი „სხვა ცხვრების“ წარმომადგენელ ‘უამრავ ხალხთან’ ერთად იღებენ გამხნევებასა და ხელმძღვანელობას (გამოცხადება 7:9; იოანე 10:16). ამ დროულად მოწოდებული საკვების დიდი ნაწილი დაბეჭდილი პუბლიკაციების სახით მოდის, ისეთების, როგორიცაა „საგუშაგო კოშკი“, „გამოიღვიძეთ!“ და სხვა. გარდა ამისა, სულიერი საზრდო კონგრესებსა თუ კრების შეხვედრებზე მოხსენებებისა და დემონსტრირებების სახითაც გაიცემა.
11. როგორ ვიღებთ იმას, რასაც სული გვეუბნება „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით?
11 „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩვენი რწმენის განსამტკიცებლად და გრძნობათა ჩვევით გასაწაფად არის გამიზნული (ებრაელთა 5:14). მოწოდებული რჩევები შეიძლება ზოგადი ხასიათის იყოს, რათა თითოეულს მიეცეს მათი პირადად გამოყენების საშუალება. დროდადრო ისეთ რჩევებსაც ვიღებთ, რომლებიც ჩვენი ქცევების კონკრეტულ მხარეს ეხება. რა განწყობა უნდა გვქონდეს, თუ ნამდვილად ვუსმენთ, რას გვეუბნება სული მონის კლასის მეშვეობით? ამ კითხვაზე პასუხს მოციქული პავლე იძლევა: „მოუსმინეთ თქვენს წინამძღოლებს და დაემორჩილეთ მათ“ (ებრაელთა 13:17). მართალია, ყოველი მათგანი არასრულყოფილია, მაგრამ იეჰოვას სიამოვნებს ამ ადამიანების, თუმცა არასრულყოფილების, მსახურებად გამოყენება, რათა მათ ამ აღსასრულის ჟამს ხელმძღვანელობა გაგვიწიონ.
სინდისით ხელმძღვანელობა
12, 13. ა) ხელმძღვანელობის კიდევ რომელი წყაროთი უზრუნველგვყო იეჰოვამ? ბ) რა დადებითი გავლენა შეიძლება იქონიოს სინდისმა იმ ადამიანებზეც კი, რომლებსაც ღვთის სიტყვიდან ზუსტი შემეცნება არა აქვთ?
12 იეჰოვასგან ხელმძღვანელობის მიღების კიდევ ერთი წყარო სინდისია. ღმერთმა ადამიანი ისე შექმნა, რომ ის შინაგანად გრძნობს, რა არის სწორი და რა არასწორი. ეს ჩვენი შინაგანი ბუნების ნაწილია. რომაელთა მიმართ მიწერილ წერილში მოციქული პავლე განმარტავდა: „როცა წარმართნი, რომელთაც რჯული არ გააჩნიათ, ბუნებით რჯულისმიერს აკეთებენ, თუმცა რჯული არა აქვთ, თავიანთი თავის რჯული არიან. ისინი აჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულებში უწერიათ, რასაც მოწმობს მათი სინდისი და აზრები, ხან ბრალს რომ სდებენ ერთიმეორეს და ხან ამართლებენ“ (რომაელთა 2:14, 15).
13 მრავალი, ვინც იეჰოვას არ იცნობს, შეიძლება, გარკვეულწილად, სწორისა და არასწორის შესახებ ღვთის პრინციპების შესაბამისად ფიქრობდეს და მოქმედებდეს. მათ თითქოს სუსტი შინაგანი ხმა ჩასძახის და სწორი მოქმედებისკენ წარმართავს. თუ ეს ასეა იმ ადამიანებში, რომლებსაც ღვთის სიტყვის ზუსტი შემეცნება არა აქვთ, რამდენად უფრო ხმამაღალი იქნება ჭეშმარიტი ქრისტიანების შინაგანი ხმა! რა თქმა უნდა, ქრისტიანის სინდისს, რომელიც ღვთის სიტყვიდან მომდინარე ზუსტი შემეცნებით არის დახვეწილი და იეჰოვას სულიწმიდის შესაბამისად მოქმედებს, ნამდვილად შეუძლია საიმედო ხელმძღვანელობის გაწევა (რომაელთა 9:1).
14. როგორ შეუძლია ბიბლიით განსწავლულ სინდისს იეჰოვას სულის ხელმძღვანელობისთვის მიყოლაში დავგეხმაროს?
14 კარგ, ბიბლიით განსწავლულ სინდისს შეუძლია შეგვახსენოს იმ გზის შესახებ, რომელზეც სულს ნებავს, რომ ვიაროთ. ზოგჯერ შეიძლება ისეთ განსაკუთრებულ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ, რომლის შესახებაც საღვთო წერილსა და ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებში არაფერია ნათქვამი. მიუხედავად ამისა, ჩვენი სინდისი შეიძლება გვაფრთხილებდეს და ზიანის მომტან გზაზე დადგომის შესახებ გვამცნობდეს. ასეთ შემთხვევაში სინდისის ხმის უგულებელყოფა, ფაქტობრივად, შეიძლება იეჰოვას სულის ნათქვამის უგულებელყოფას ნიშნავდეს. მეორე მხრივ, განსწავლულ ქრისტიანულ სინდისზე დანდობას თუ ვისწავლით, გონივრული არჩევნის გაკეთებას შევძლებთ მაშინაც კი, როდესაც არანაირი კონკრეტული წერილობითი მითითება არა გვაქვს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ, როდესაც წმინდა წყლის პირად საქმეებთან დაკავშირებით ღვთისგან მომდინარე პრინციპი, წესი ან კანონი არ არსებობს, არასწორი იქნებოდა საკუთარი სინდისის კარნახით გამოტანილი აზრი თანაქრისტიანისთვის მოგვეხვია (რომაელთა 14:1—4; გალატელთა 6:5).
15, 16. რამ შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი სინდისის ხმის ჩახშობა და როგორ შეგვიძლია ამის არიდება?
15 სუფთა, ბიბლიით განსწავლული სინდისი ღვთის ნაბოძები შესანიშნავი ძღვენია (იაკობი 1:17). მაგრამ უნდა გავუფრთხილდეთ ამ ძღვენს და დავიცვათ გამხრწნელი გავლენისგან, რათა სათანადოდ ასრულებდეს ზნეობრივი დამცველის ფუნქციას. ადგილობრივმა ადათ-წესებმა, ტრადიციებმა და ჩვევებმა, რომლებიც ღვთის ნორმებს ეწინააღმდეგება, თუ მათ დავიცავთ, შეიძლება ჩაგვიხშოს სინდისის ხმა და ამ უკანასკნელმა უკვე ვეღარ წაგვიყვანოს სწორი მიმართულებით. შეიძლება ვეღარ შევძლოთ საკითხის სწორად აწონ-დაწონა, საკუთარი თავიც კი მოვიტყუოთ და გვჯეროდეს, რომ, სინამდვილეში, ცუდი ქმედება კარგია (შეადარეთ იოანე 16:2).
16 თუ სინდისის ხმის უგულებელყოფას განვაგრძობთ, ის თანდათანობით მისუსტდება, რის გამოც ბოლოს ზნეობრივად უგრძნობი ანუ ურეაქციო გავხდებით. ფსალმუნმომღერალი ასეთ ადამიანებზე ლაპარაკობდა: «დამსუყდა ცხიმივით [„უგრძნობი გახდა ქონივით“, აქ] მათი გული» (ფსალმუნი 118:70). სინდისის ხმის უგულებელმყოფელთაგან ზოგი სწორად აზროვნების უნარს კარგავს. ისინი ღვთიური პრინციპებით აღარ ხელმძღვანელობენ და სწორი გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლიათ. ამის თავიდან ასარიდებლად საჭიროა, ზერელედ არ მოვეკიდოთ ჩვენი ქრისტიანული სინდისის კარნახს მაშინაც კი, როდესაც რამე საკითხი უმნიშვნელოდ გვეჩვენება (ლუკა 16:10).
ბედნიერნი არიან მომსმენნი და მორჩილნი
17. როგორ ვიქნებით კურთხეულები, როდესაც ‘ჩვენს უკან სიტყვას’ მოვისმენთ და ბიბლიით განსწავლული სინდისის ხმას ყურად ვიღებთ?
17 როდესაც წესად გავიხდით ‘ჩვენს უკან სიტყვის’ მოსმენას, რაც ბიბლიისა თუ ერთგული და გონიერი მონის საშუალებით გადმოგვეცემა, და ყურად ვიღებთ ბიბლიით განსწავლული სინდისის ხმას, იეჰოვა გვაკურთხებს და თავის სულიწმიდას მოგვცემს. თავის მხრივ, სულიწმიდა უფრო უნარიანს გაგვხდის იეჰოვას ნათქვამის მიღებასა და გაგებაში.
18, 19. როგორ შეიძლება იეჰოვას ხელმძღვანელობა სასარგებლო აღმოჩნდეს ჩვენთვის როგორც მსახურებაში, ისე პირად ცხოვრებაში?
18 იეჰოვას სული სიმხნევესაც შეგვმატებს, რათა გავუძლოთ რთულ სიტუაციებს და გონივრულად და გაბედულად ვიმოქმედოთ. როგორც მოციქულების შემთხვევაში, ღვთის სული იმოქმედებს ჩვენს გონებაზე და ყოველთვის ბიბლიური პრინციპების შესაბამისად მოქმედებასა და ლაპარაკში დაგვეხმარება (მათე 10:18—20; იოანე 14:26; საქმეები 4:5—8, 13, 31; 15:28). იეჰოვას სულისა და ჩვენი პირადი ძალისხმევის ერთმანეთთან შერწყმით წარმატებით მივიღებთ ცხოვრებაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და იმის ძალაც მოგვეცემა, რომ შევასრულოთ მიღებული გადაწყვეტილებები. მაგალითად, შეიძლება სულიერი საქმეებისათვის მეტი დროის გამოსაყოფად ცხოვრების წესის შეცვლა დაგჭირდეთ. ან შეიძლება ისეთი მნიშვნელოვანი, ცხოვრებაში გარდატეხის მომხდენი, გადაწყვეტილების მიღების პირისპირ დგახართ, როგორიც არის მეუღლის ამორჩევა, შემოთავაზებულ სამუშაოზე დათანხმება ან სახლის ყიდვა. ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ ემოციების საფუძველზე მივიღოთ გადაწყვეტილებები, უნდა მოვუსმინოთ, რას გვეტყვის ღვთის სული და შემდეგ მისი ხელმძღვანელობის შესაბამისად ვიმოქმედოთ.
19 ჩვენ ნამდვილად მადლიერები ვართ გულთბილი შეხსენებებისთვის და რჩევისთვის, რომელსაც თანაქრისტიანებისგან, მათ შორის უხუცესებისგან, ვიღებთ. მაგრამ ყოველთვის იმას არ უნდა ველოდოთ, რომ გარკვეულ საკითხზე ვინმე გაგვიმახვილებს ყურადღებას. თუ ვიცით, ღვთის მოსაწონად როგორი მოქმედებაა გონივრული და ჩვენს აზროვნებასა და მოქმედებაში როგორი ცვლილებების შეტანაა საჭირო, მოდი ვიმოქმედოთ. იესომ თქვა: „რაკი ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუ ამას აღასრულებთ“ (იოანე 13:17).
20. რა კურთხევებს იღებენ ისინი, რომლებიც ისმენენ ‘სიტყვას მათ უკან’?
20 ცხადია, იმისათვის რომ იცოდნენ, როგორ ასიამოვნონ ღმერთს, ქრისტიანებისთვის საჭირო არ არის არც პირდაპირი მნიშვნელობით ზეციდან ხმის მოსმენა და არც ანგელოზის გამოცხადება. ისინი კურთხეულნი არიან იმით, რომ აქვთ წერილობით გადმოცემული ღვთის სიტყვა და დედამიწაზე მცხოვრებ ცხებულთა კლასის სიყვარულით აღსავსე ხელმძღვანელობა. თუ ყურადღებით მოისმენენ ‘სიტყვას მათ უკან’ და ბიბლიით განსწავლული სინდისის ხელმძღვანელობით იმოქმედებენ, წარმატებული იქნებიან ღვთის ნების შესრულებაში. მაშინ ნამდვილად იხილავენ მოციქულ იოანეს დაპირების შესრულებას: „ღვთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე“ (1 იოანე 2:17).
მოკლე გამეორება
• რატომ ამყარებს იეჰოვა კავშირს თავის ქმნილებებთან — ადამიანებთან?
• როგორ შეგვიძლია სარგებლობა მივიღოთ ბიბლიის რეგულარულად კითხვით?
• როგორ უნდა გამოვეხმაუროთ მონის კლასის მიერ გაწეულ ხელმძღვანელობას?
• რატომ არ უნდა უგულებელვყოთ ბიბლიით განსწავლული სინდისის კარნახი?
[სურათი 13 გვერდზე]
ღვთისგან ცნობების მისაღებად ადამიანებს არ სჭირდებათ რთული მოწყობილობები.
[საავტორო უფლება]
Courtesy Arecibo Observatory/David Parker/Science Photo Library
[სურათი 15 გვერდზე]
იეჰოვა ბიბლიისა და „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით გველაპარაკება.