იეჰოვას დიდებული სულიერი ტაძარი
„გვყავს ისეთი მღვდელმთავარი, რომელიც. . . არის მსახური წმიდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა ადამიანმა“ (ებრაელთა 8:1, 2).
1. სიყვარულით აღსავსე როგორი მზრუნველობა გასწია იეჰოვამ ცოდვილი კაცობრიობისთვის?
იეჰოვა ღმერთმა ადამიანების მიმართ დიდი სიყვარულით გაიღო მსხვერპლი, რომ ჩამოერეცხა მათთვის წუთისოფლის ცოდვები (იოანე 1:29; 3:16). ამისთვის საჭირო იყო, რომ ღმერთს თავისი მხოლოდშობილი ძის სიცოცხლე ზეციდან ებრაელი ქალწულის, სახელად მარიამის საშვილოსნოში გადმოეტანა. იეჰოვას ანგელოზმა ნათლად აუხსნა მარიამს, რომ ბავშვი, რომელიც მას ჩაესახებოდა, იქნებოდა ‘წოდებული წმიდა შობილად, ღვთის ძედ’ (ლუკა 1:34, 35). იოსები, რომელიც დანიშნული იყო მარიამზე, გაფრთხილებული იყო იესოს სასწაულებრივი ჩასახვის შესახებ და იმის შესახებაც გაიგო, რომ იესო ‘იხსნიდა თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან’ (მათე 1:20, 21).
2. რა გააკეთა იესომ, როდესაც დაახლოებით 30 წლის იყო და რატომ?
2 როდესაც იესო გაიზრდებოდა, გაიგებდა თავის სასწაულებრივ დაბადებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხს. მან იცოდა, რომ მის ზეციერ მამას განზრახული ჰქონდა, მისი მეშვეობით განეხორციელებინა სიცოცხლის გადამრჩენი საქმე დედამიწაზე. როდესაც ის დაახლოებით 30 წლის ჩამოყალიბებული მამაკაცი გახდა, წავიდა ღვთის წინასწარმეტყველ იოანესთან, რომ მდინარე იორდანეში მონათლულიყო (მარკოზი 1:9; ლუკა 3:23).
3. ა) რას გულისხმობდა იესო სიტყვებში: „მსხვერპლი და შესაწირი არ ისურვე“? ბ) რომელი შესანიშნავი მაგალითი დაუტოვა იესომ მათ, რომელთაც სურთ გახდნენ მისი მოწაფეები?
3 იესო, როცა ინათლებოდა, ლოცულობდა (ლუკა 3:21). როგორც ჩანს, თავისი სიცოცხლის ამ წუთიდან მან დაიწყო ფსალმუნის 39:7–9 მუხლებში ჩაწერილ სიტყვების შესრულება, რომელიც მოგვიანებით პავლე მოციქულმაც აღნიშნა: „მსხვერპლი და შესაწირავი არ გსურს, მაგრამ სხეული განმიმზადე მე“ (ებრაელთა 10:5). ამით იესომ გამოავლინა ცოდნა იმასთან დაკავშირებით, რომ ღმერთს ‘არ სურდა’ ცხოველური შესაწირის მიტანა გაგრძელებულიყო იერუსალიმის ტაძარში. მან შეიგნო, რომ ღმერთმა სრულყოფილი ფიზიკური სხეული გაამზადა მისთვის, რომ მსხვერპლად შეწირულიყო. ეს გააუქმებდა შემდგომი ცხოველური შესაწირავების მიტანის აუცილებლობას. მან გამოავლინა წრფელი სურვილი, რომ დამორჩილებოდა ღვთის ნებას და ლოცვისას განაგრძო: „აჰა, მოვდივარ, როგორც წიგნის დასაწყისში წერია ჩემზე, შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო“ (ებრაელთა 10:7). გაბედულებისა და უანგარო თავდადების რა დიდებული მაგალითი დაუტოვა იესომ მათ, რომლებიც შემდგომში მისი მოწაფეები გახდებოდნენ! (მარკოზი 8:34).
4. როგორ გამოავლინა იეჰოვამ მოწონება იმის მიმართ, რომ იესომ შესთავაზა საკუთარი თავი?
4 მოიწონა თუ არა იეჰოვამ იესოს ლოცვა, რომელიც ნათლობის დროს წარმოთქვა? დაე, თავად იესოს არჩეულმა მოციქულმა გვიპასუხოს: «ნათელღებული იესო მაშინვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი, და მან იხილა ღვთის სული, მტრედივით გარდმომავალი, მასზე რომ ეშვებოდა. აჰა, ხმა ციდან მეტყველი: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“» (მათე 3:16, 17; ლუკა 3:21, 22).
5. რას ასახავდა დედამიწაზე არსებული ტაძრის სამსხვერპლო?
5 ღვთის მიერ იესოს სხეულის მომავალ შესაწირავად მიღება სულიერი გაგებით ნიშნავდა, რომ გამოჩნდა იერუსალიმის ტაძრის სამსხვერპლოზე უფრო დიდებული სამსხვერპლო. ფიზიკური სამსხვერპლო, სადაც ცხოველებს სწირავდნენ მსხვერპლად, ასიმბოლოებდა იმ სულიერ სამსხვერპლოს, რომელიც სინამდვილეში წარმოადგენდა ღვთის ‘ნებას’, ანუ ღონისძიებას, რომ იესოს მიწიერი სიცოცხლე იეჰოვას მიეღო, როგორც შესაწირავი (ებრაელთა 10:10). აი, რატომ წერდა პავლე მოციქული თანაქრისტიანებს: „ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის [ანუ ტაძრის] მსახურთ“ (ებრაელთა 13:10). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის სარგებლობა მოაქვს ცოდვის გამომსყიდველ იმ უდიდეს მსხვერპლს, რომელიც ებრაელ მღვდელთა უმრავლესობამ უარყო.
6. ა) რა გამოჩნდა იესოს ნათლობის დროს? ბ) რას ნიშნავს ტიტულები მესია, ანუ ქრისტე?
6 იესოს ცხება სულიწმიდით ნიშნავდა, რომ ღმერთმა წარმოქმნა მთელი სულიერი ტაძრის ორგანიზაცია იესოს მღვდელმთავრად მსახურებისთვის (საქმეები 10:38; ებრაელთა 5:5). მოწაფე ლუკა ღვთის მიერ იყო შთაგონებული, რომ დაწვრილებით დაეწერა ის მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც იმ წელიწადთან იყო დაკავშირებული, — ეს იყო „ტიბერიოს კეისრის მეფობის მეთხუთმეტე წელს“ (ლუკა 3:1–3). ეს მიუთითებს ახალი წელთაღრიცხვით 29 წელზე — იერუსალიმის კედლების აღსადგენად მეფე არტაქსერქსეს [ართახშასთას] ბრძანების გამოცემიდან ზუსტად 69 წელიწად კვირის, ანუ 483 წლის გასვლის შემდეგ დამდგარ დროზე (ნეემია 2:1, 5–8). წინასწარმეტყველების თანახმად, ‘ცხებული მეფე’ გამოჩნდებოდა წინასწარ მითითებულ წელს (დანიელი 9:25). როგორც ჩანს, მრავალი ებრაელი მოელოდა ამას. როგორც ლუკა გვატყობინებს, „ხალხი მოლოდინში იყო“, რომ გამოჩნდებოდა მესია, ანუ ქრისტე, ხოლო ეს სიტყვები სწორედ ის ებრაული და ბერძნული ტიტულებია, რომელთაც ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვთ — „ცხებული“ (ლუკა 3:15).
7. ა) როდის სცხო ღმერთმა სულიწმიდით წმიდათაწმიდა და რას ნიშნავდა ეს? ბ) კიდევ რა მოხდა იესოს ნათლობის დროს?
7 იესოს ნათლობის დროს დიდებული სულიერი ტაძრის ორგანიზაციაში ღვთის ზეციერი სამყოფელი იქნა ცხებული, ანუ გამოყოფილი, როგორც ‘წმიდათაწმიდა’ (დანიელი 9:24). ამოქმედდა ‘ჭეშმარიტი კარავი [ანუ ტაძარი], რომელიც უფალმა ააშენა და არა ადამიანმა’ (ებრაელთა 8:2). აგრეთვე წყლითა და სულიწმიდით ნათლობის დროს ადამიანი იესო ქრისტე იშვა, როგორც ღვთის სულიერი ძე (შეადარე იოანე 3:3). ეს ნიშნავდა, რომ სათანადო დროს ღმერთი მოუხმობდა თავის ძეს ზეციერი ცხოვრებისთვის, სადაც ის იმსახურებდა თავისი მამის მარჯვნივ, როგორც მეფე და მღვდელმთავარი „მელქისედეკის წესით“ (ებრაელთა 6:20; ფსალმუნი 109:1, 4).
ზეციერი წმიდათაწმიდა
8. კიდევ რა შტრიხები დაეკისრა ღვთის ტახტს ზეცაში?
8 იესოს ნათლობის დღეს ღვთის ზეციერ ტახტს ახალი შტრიხები დაეკისრა. ღვთის თვალსაზრისი სრულყოფილი ადამიანის მსხვერპლად შეწირვასთან დაკავშირებით, რომ გამოესყიდა წუთისოფლის ცოდვები, მკვეთრად გამოხატავს მის სიწმინდეს ცოდვილი ადამიანებისგან საპირისპიროდ. ღვთის წყალობა აგრეთვე ხაზგასმით გამოვლინდა, როცა მან გამოავლინა მზადყოფნა, ყოფილიყო ლმობიერი, ანუ შემწყალებელი. ამგვარად, ღვთის ტახტი ზეცაში გახდა ტაძრის შიგნითა ნაწილის მსგავსი, სადაც მღვდელმთავარი მხოლოდ წელიწადში ერთხელ შედიოდა ცხოველის სისხლით, რომ მოეხდინა ცოდვების გამოსყიდვის ილუსტრაცია.
9. ა) რას ასიმბოლოებდა წმიდასა და წმიდათაწმიდას შორის ჩამოფარებული ფარდა? ბ) როგორ შევიდა იესო ფარდის მიღმა ღვთის სულიერ ტაძარში?
9 ფარდა, რომელიც წმიდას წმიდათაწმიდისგან ჰყოფდა, წარმოადგენდა იესოს ხორციელ სხეულს (ებრაელთა 10:19, 20). ეს იყო ბარიერი, რომელიც იესოს, როგორც ადამიანს დედამიწაზე ყოფნისას, ხელს უშლიდა, შესულიყო თავისი მამის თანდასწრებაში (1 კორინთელთა 15:50). იესოს სიკვდილის დროს „ტაძრის კრეტსაბმელი [ფარდა] გაიხა ორად ზემოდან ძირამდე“ (მათე 27:51). ეს დრამატულად მიუთითებდა, რომ ბარიერი, რომელიც ხელს უშლიდა იესოს, შესულიყო ზეცაში, აღარ არსებობდა. სამი დღის შემდეგ იეჰოვა ღმერთმა მოახდინა შემდგომში კარგად ცნობილი სასწაული. მან იესო აღადგინა მკვდრეთით არა როგორც მოკვდავი ადამიანი ხორცითა და სისხლით, არამედ, როგორც დიდებული სულიერი ქმნილება „უკუნისამდე დარჩენით“ (ებრაელთა 7:24). ორმოცი დღის შემდეგ იესო ამაღლდა ზეცად და შევიდა ნამდვილ „წმიდათაწმიდაში“ და ‘წარდგა ჩვენთვის ღვთის წინაშე’ (ებრაელთა 9:24).
10. ა) რა მოხდა მას შემდეგ, რაც იესომ მსხვერპლის საფასურად საკუთარი თავი შესთავაზა ზეციერ მამას? ბ) რას ნიშნავდა სულიწმიდით ცხება იესოს მოწაფეებისთვის?
10 მიიღო თუ არა ღმერთმა იესოს მიერ დაღვრილი სისხლი, როგორც წუთისოფლის ცოდვების გამოსასყიდი? რასაკვირველია, მიიღო. ამის ნათელი მტკიცება მოხდა იესოს აღდგომიდან ზუსტად 50 დღის შემდეგ, ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე. ღვთის წმინდა სული გადმოვიდა იესოს 120 მოწაფეზე, რომლებიც შეკრებილი იყვნენ იერუსალიმში (საქმეები 2:1, 4, 33). თავიანთი მღვდელმთავრის, იესო ქრისტეს მსგავსად, ისინი ღვთის დიდებული სულიერი ტაძრის ორგანიზაციის ხელმძღვანელობით ცხებული იყვნენ „წმიდა სამღვდელოებად, ღვთის სასურველ სულიერ მსხვერპლად“ (1 პეტრე 2:5). გარდა ამისა, ამ ცხებულებმა შეადგინეს ახალი ერი, ღვთის სულიერი ისრაელის „წმიდა ერი“. ამის შემდეგ ისრაელთან დაკავშირებული ყველა წინასწარმეტყველება, რომლებიც დადებითია, მაგალითად იერემიას 31:31-ში ჩაწერილი ‘ახალ აღთქმასთან’ დაკავშირებული დანაპირები, ‘ღვთის ნამდვილ ისრაელს’, ცხებულ ქრისტიანთა კრებას შეეხება (1 პეტრე 2:9; გალატელთა 6:16).
ღვთის სულიერი ტაძრის სხვა შტრიხები
11, 12. ა) რას ასახავდა მღვდელთა ეზო იესოს შემთხვევაში და რას ასახავდა მისი ცხებული მიმდევრების შემთხვევაში? ბ) რას ასახავს წყლის საბანელი და როგორ გამოიყენებოდა ის?
11 რადგანაც წმიდათაწმიდა ასახავდა ‘თვით ზეცას’, სადაც ღმერთი ზის ტახტზე, ღვთის სულიერი ტაძრის სხვა შტრიხები უკავშირდება დედამიწას (ებრაელთა 9:24). იერუსალიმის ტაძარში იყო მღვდლების შიგნითა ეზო, სადაც იდგა სამსხვერპლო და წყლის დიდი საბანელი, რომელსაც მღვდლები იყენებდნენ დასაბანად, ვიდრე შეასრულებდნენ წმინდა მსახურებას. რას ასახავს ყოველივე ეს ღვთის სულიერი ტაძრის ორგანიზაციაში?
12 იესო ქრისტესთან დაკავშირებით მღვდლების შიგნითა ეზო ასახავდა მის უცოდველ მდგომარეობას, რადგანაც ის იყო სრულყოფილი ადამიანი, ძე ღვთის. ქრისტეს სულითცხებული მიმდევრები, რომლებიც რწმენას ავლენენ მის მიერ გაღებული მსხვერპლის მიმართ, აღიარებული არიან სამართლიანებად. ამგვარად, ღმერთს შეუძლია სამართლიანად მოეპყროს მათ, როგორც უცოდველთ (რომაელთა 5:1; 8:1, 33). ამიტომ ეს ეზო აგრეთვე ასახავს ადამიანებისთვის მიწერილ სამართლიან მდგომარეობას, რითაც წმინდა სამღვდელოების ყოველი წევრი ტკბება ღვთის წინაშე. ამავე დროს, სულითცხებული ქრისტიანები ჯერ კიდევ არასრულყოფილები არიან და სჩადიან ცოდვებს. ეზოში მოთავსებული წყლის საბანელი ასახავს ღვთის სიტყვას, რომელსაც მღვდელმთავარი იესო იყენებს, რომ წმინდა სამღვდელოება წარმატებით განწმინდოს. ასეთი განწმენდის პროცესის დაქვემდებარებით მათ მოიპოვეს პატივისცემა, რასაც დიდება მოაქვს ღვთისთვის და სხვა ადამიანები მოჰყავს ღვთისადმი წმინდა თაყვანისმცემლობისაკენ (ეფესელთა 5:25, 26; შეადარე მალაქია 3:1–3).
წმიდა
13, 14. ა) რას ასახავს ტაძრის წმიდა იესოსა და მისი ცხებული მიმდევრების შემთხვევაში? ბ) რას ასახავს ოქროს შანდალი?
13 ტაძრის პირველი დარბაზი ასახავს ეზოსთან შედარებით უფრო ამაღლებულ მდგომარეობას. სრულყოფილ ადამიანთან, იესო ქრისტესთან დაკავშირებით, ეს ასახავს მის მეორედ დაბადებას, როგორც ღვთის სულიერი ძის, რომლის დაბრუნებაც ზეციერი ცხოვრებისთვის წინასწარ განსაზღვრა ღმერთმა. მას შემდეგ, რაც სულითცხებული მიმდევრები მართლებად გამოცხადდნენ ქრისტეს დაღვრილი სისხლის მიმართ რწმენის გამო, მათ განიცადეს ღვთის სულის განსაკუთრებული ზემოქმედება (რომაელთა 8:14–17). „წყლისა [ესე იგი მათი ნათლობით] და სულისგან“ კვლავ ‘შობით’ ისინი არიან, როგორც ღვთის სულიერი ძეები. როგორც ასეთი, მათ აქვთ იმედი, რომ აღდგენილი იქნებიან ზეციერი ცხოვრებისთვის, როგორც ღვთის სულიერი ძეები, იმ შემთხვევაში, თუ სიკვდილამდე ერთგულები დარჩებიან (იოანე 3:5, 7; გამოცხადება 2:10).
14 გარეთ მყოფი თაყვანისმცემლები ვერ ხედავდნენ მღვდლებს, რომლებიც მსახურობდნენ მიწიერი ტაძრის წმიდაში. მსგავსად ამისა, ცხებული ქრისტიანები ისეთ სულიერ მდგომარეობაში არიან, რასაც ვერ ეზიარება და ბოლომდე ვერ ხვდება ღვთის თაყვანისმცემელთა უმრავლესობა, რომლებსაც დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი აქვთ. კარვის ოქროს შანდალი ასახავს ცხებული ქრისტიანების განათებულ მდგომარეობას. ღვთის წმინდა სულის მოქმედება არის ლამპრის ზეთის მსგავსი, რომელიც ბიბლიაზე ასხივებს სინათლეს. ამის შედეგად მიღებულ ცოდნას ქრისტიანები თავისთვის არ ინახავენ. პირიქით, ისინი ემორჩილებიან იესოს, რომელმაც თქვა: „თქვენ ხართ წუთისოფლის ნათელი. . . ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია“ (მათე 5:14, 16).
15. რას ასიმბოლოებს ტაბლაზე მოთავსებული პური?
15 ასეთი განათებული მდგომარეობა რომ შეინარჩუნონ, სულითცხებული ქრისტიანები სიმბოლურად რეგულარულად უნდა იკვებებოდნენ იმ ტაბლის პურის კვერებით. სულიერი კვებისთვის მათი უმთავრესი წყარო არის ღვთის სიტყვა, რომლის წასაკითხავად ყოველდღიურად ესწრაფვიან და წაკითხულზე ფიქრობენ. იესომ აგრეთვე აღუთქვა, რომ ‘ერთგული და გონიერი მონის’ მეშვეობით „დროულად“ უზრუნველყოფდა მათ ‘საზრდოთი’ (მათე 24:45). ეს „მონა“ არის ცხებულ ქრისტიანთა სხვადასხვა დროს მცხოვრები წარმომადგენლები დედამიწაზე. ქრისტემ ეს ცხებულები გამოიყენა, რომ მიეწოდებინა ინფორმაცია ბიბლიური წინასწარმეტყველების შესრულებასთან დაკავშირებით და დროული მითითება მიეცა, თუ როგორ გამოეყენებინათ ბიბლიური პრინციპები თანამედროვე ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამიტომ, ცხებული ქრისტიანები მადლიერების გრძნობით იკვებებიან ასეთი სულიერი საზრდოთი. მაგრამ მათი სულიერი სიცოცხლის მასაზრდოებელი საშუალება მხოლოდ გულსა და გონებაში ღვთის შემეცნების მიღებაზე არ არის დამოკიდებული. იესომ თქვა: „ჩემი საჭმელია — ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე“ (იოანე 4:34). მსგავსად ამისა, სულითცხებული ქრისტიანები კმაყოფილებას განიცდიან, რომ ყოველდღიურად ასრულებენ ღვთისგან გაცხადებულ ნებას.
16. რას ასახავს საკმევლის სამსხვერპლოსთან მსახურება?
16 დილა-საღამოს მღვდელი წმიდაში საკმევლის სამსხვერპლოზე საკმეველს უკმევდა ღმერთს. ამავე დროს, ღმერთის ის თაყვანისმცემლები, რომლებიც არ იყვნენ მღვდლები, ტაძრის გარეთა ეზოში იდგნენ და ლოცულობდნენ (ლუკა 1:8-10). „საკმევლები — განმარტავს ბიბლია — წმიდათა ლოცვებია“ (გამოცხადება 5:8). „წარიმართოს ჩემი ლოცვა საკმევლად შენს წინაშე“ — წერდა ფსალმუნმომღერალი დავითი (ფსალმუნი 140:2). სულითცხებული ქრისტიანებიც აფასებენ იესოს მეშვეობით იეჰოვასთან ლოცვით მიახლოების უპირატესობას. გულიდან გამომავალი ლოცვები ჰგავს ტკბილ სურნელოვან საკმეველს. სულითცხებული ქრისტიანები სხვა საშუალებებითაც განადიდებენ ღმერთს, ისინი თავიანთი ‘ბაგეებით’ ასწავლიან სხვებს. მათი სიმტკიცე გაჭირვებისას და მათი უმწიკვლოება განსაცდელისას, განსაკუთრებულ სიამოვნებას ჰგვრის ღმერთს (1 პეტრე 2:20, 21).
17. რას შეიცავდა წინასწარმეტყველური სურათის განხორციელება, თუ გავითვალისწინებთ მღვდელმთავრის პირველ შესვლას წმიდათაწმიდაში მიტევების დღეს?
17 მიტევების დღეს ისრაელის მღვდელმთავარი შედიოდა წმიდათაწმიდაში და ოქროს აქანდაზზე წვავდა საკმეველს, რომელზეც ნაკვერჩხლებიც იყო. ეს უნდა გაკეთებულიყო იმ დრომდე, სანამ შეიტანდა ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლის სისხლს. ამ წინასწარმეტყველური სურათის განხორციელებით, იესომ, როგორც ადამიანმა, შეინარჩუნა აბსოლუტური უმწიკვლოება ღვთის წინაშე, ვიდრე გაიღებდა თავის სიცოცხლეს, როგორც ერთადერთ მარადიულ მსხვერპლს ჩვენი ცოდვების გამო. ამგვარად მან ცხადყო, რომ სრულყოფილ ადამიანს შეუძლია უმწიკვლოების შენარჩუნება ღვთის წინაშე მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმე გამოცდებს დაატეხს თავს სატანა (იგავნი 27:11). როდესაც გამოცდის წინაშე იყო, იესომ „ძლიერი ღაღადით და ცრემლებით შესწირა ლოცვა და ვედრება მას, სიკვდილისაგან მისი დასხნის შემძლეს, და შესმენილ იქნა იგი ღვთისმოშიშების გამო“ (ებრაელთა 5:7). ასეთი მოქმედებით მან განადიდა იეჰოვა, როგორც სამართლიანი და უფლებით აღჭურვილი სამყაროს უზენაესი მმართველი. ღმერთმა დააჯილდოვა იესო იმით, რომ მკვდრეთით აღადგინა და მისცა მარადიული ზეციერი სიცოცხლე. ასეთი ამაღლებული მდგომარეობით, იესო ყურადღებას ამახვილებს დედამიწაზე მისი მოსვლის მეორეხარისხოვან მიზეზზე, სახელდობრ, რომ ღმერთთან შეარიგოს მომნანიებელი ცოდვილი კაცობრიობა (ებრაელთა 4:14–16).
ღვთის სულიერი ტაძრის უფრო აღმატებული დიდება
18. როგორ მოუტანა განსაკუთრებული დიდება იეჰოვამ თავის სულიერ ტაძარს?
18 „პირვანდელზე უფრო დიდი იქნება ამ უკანასკნელი სახლის დიდება“, — იწინასწარმეტყველა იეჰოვამ (ანგია 2:9). იესო ქრისტეს უკვდავ მეფედ და მღვდელმთავრად აღდგენით, იეჰოვამ მნიშვნელოვანი დიდება მოუტანა სულიერ ტაძარს. ახლა იესოს შესწევს ძალა, რომ ‘მის მორჩილთ მარადიული ხსნა’ მოუტანოს (ებრაელთა 5:9). პირველები, რომლებმაც გამოავლინეს ასეთი მორჩილება, იყო 120 მოწაფე, რომელთაც სულიწმიდა მიიღეს ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე. წიგნი „გამოცხადება“ წინასწარმეტყველებს, რომ ისრაელის ამ სულიერი ძეების საბოლოო რიცხვი 144 000-ია (გამოცხადება 7:4). სიკვდილის შემდეგ მრავალი მათგანი უგრძნობ მდგომარეობაში იწვა საერთო საკაცობრიო საფლავში იმ დრომდე, სანამ იქნებოდა ქრისტეს თანდასწრება მეფური ძალაუფლებით. წინასწარმეტყველური ქრონოლოგია, რომელიც ჩაწერილია დანიელის 4:10–17, 20–27-ში, მიუთითებს 1914 წელზე, როგორც მტერთა შორის იესოს მმართველობის დასაწყისზე (ფსალმუნი 109:2). იმ დღემდე, ცხებული ქრისტიანები ათწლეულების განმავლობაში დიდი ენთუზიაზმით მოელოდნენ ამ წელს. პირველმა მსოფლიო ომმა, რომელსაც თან ახლდა ადამიანთა ვარამი, ცხადყო, რომ იესო 1914 წელს ნამდვილად გამეფდა (მათე 24:3, 7, 8). ამის შემდეგ, ძალიან მალე, „ღვთის სახლიდან განკითხვის დაწყების“ დრო დადგა და იესო ახორციელებდა აღთქმას, რომელიც მისცა ცხებულ მოწაფეებს, რომლებმაც სიკვდილის ძილით დაიძინეს: „ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ“ (1 პეტრე 4:17; იოანე 14:3).
19. როგორ შევა 144 000-ის დარჩენილი ნაწილი ზეციერ წმიდათაწმიდაში?
19 წმინდა სამღვდელოების 144 000 წევრი ჯერ კიდევ ყველა საბოლოოდ არ დაბეჭდილა და არ შეკრებილა ზეციერ სახლში. მათი დარჩენილი ნაწილი ჯერ კიდევ დედამიწაზე ცხოვრობს და ისეთ სულიერ მდგომარეობაში არიან, რომელსაც ასახავს წმიდა, რომელიც ღვთის წმინდა თანდასწრებისგან გამოყოფილია ‘ფარდით’, ანუ ბარიერით, რაც ფიზიკური სხეულია. სიკვდილამდე ერთგულთა აღდგომა წამიერად ხდება და ისინი, როგორც უკვდავი სულიერი ქმნილებები, უერთდებიან 144 000-სს ზეცაში (1 კორინთელთა 15:51–53).
20. წმინდა სამღვდელოების დარჩენილი ნაწილი რა მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ამჟამად დედამიწაზე და რა შედეგებით?
20 დიდებულ მღვდელმთავართან ერთად მომსახურე ამდენი მღვდელი ზეცაში ღვთის სულიერ ტაძარს დიდებას ჰმატებს. ამავე დროს, წმინდა სამღვდელოების დედამიწაზე დარჩენილი ნაწილი ასრულებს ღირსეულ საქმეს. მათი ქადაგების მეშვეობით, ღმერთი ‘არყევს ყველა ხალხს’ თავისი განკითხვის გამოცხადებით, როგორც ნაწინასწარმეტყველებია ანგიას 2:7-ში. ამავე დროს, ღვთის მილიონობით თაყვანისმცემელი, რომლებიც აღწერილი არიან როგორც ‘ხალხისთვის საწადელი’, იკრიბებიან იეჰოვას ტაძრის მიწიერ ეზოებში. როგორ ეთვისებიან ისინი ღვთის ორგანიზაციას თაყვანისმცემლობისთვის და რა მომავალ დიდებას უნდა მოველოდეთ ღვთის დიდებული სულიერი ტაძრისგან? ეს საკითხები განხილული იქნება შემდეგ სტატიაში.
გასამეორებელი კითხვები
◻ რომელი გამოჩენილი მაგალითი დაგვიტოვა იესომ ახალი წელთაღრიცხვით 29 წელს?
◻ რამ დაიწყო მოქმედება ახალი წელთაღრიცხვით 29 წელს?
◻ რას ასახავს წმიდა და წმიდათაწმიდა?
◻ დიდებული სულიერი ტაძარი როგორ გახდა უფრო დიდებული?
[სურათი 25 გვერდზე]
ახალი წელთაღრიცხვით 29 წელს, როდესაც იესო სულიწმიდით იქნა ცხებული, ღვთის დიდებულმა სულიერმა ტაძარმა დაიწყო მოქმედება.