ღმერთი ზრუნავს შენზე
მერიმ, დაახლოებით 50 წლის ქრისტიანმა ქალმა, ბევრი ტანჯვა გადაიტანა ცხოვრებაში. ათ წელზე მეტი ხნის წინ ქმრის ჩადენილი მრუშობის შედეგად ისინი განქორწინდნენ. იმ დროიდან მერი ყველანაირად ცდილობდა, ოთხშვილიანი მარტოხელა მშობლის როლი გაეწია. ის კვლავაც მარტოა და ზოგჯერ ეს სიმარტოვე აუტანელი ეჩვენება. მერის უკვირს: „ნიშნავს თუ არა ეს, რომ ღმერთი არ ზრუნავს ჩემზე ან ჩემს შვილებზე, რომლებსაც მამა არა ჰყავთ?“
მიუხედავად იმისა, გამოგიცდია თუ არა მსგავსი გაჭირვებული მდგომარეობა, ეჭვგარეშეა, შენ თანაუგრძნობ მერის გრძნობებს. თითოეულ ჩვენგანს გამოუვლია მძიმე განსაცდელი და ალბათ, გვიკვირდა, თუ როდის და როგორ იმოქმედებდა იეჰოვა ჩვენს სასარგებლოდ. ზოგჯერ ასეთი განცდები ღმერთის კანონებისადმი ერთგულების პირდაპირი შედეგია (მათე 10:16–18; საქმეები 5:29). სხვა შემთხვევებში კი იმის შედეგია, რომ ჩვენ სატანის ძალაუფლებაში მყოფ ქვეყნიერებაში მცხოვრები არასრულყოფილი ადამიანები ვართ (1 იოანე 5:19). მოციქული პავლე წერდა: „მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება“ (რომაელთა 8:22).
მაგრამ ფაქტი, რომ მკაცრ განსაცდელს ხვდები, არ ნიშნავს, რომ იეჰოვამ მიგატოვა ან არ არის დაინტერესებული შენი კეთილდღეობით. როგორ შეგიძლია დარწმუნდე ამაში? რა ცხადყოფს, რომ ღმერთი ზრუნავს შენზე?
ძველი დროის მაგალითი
ბიბლია ნათლად ამტკიცებს, რომ იეჰოვა ზრუნავს თითოეულ პიროვნებაზე. განვიხილოთ დავითის მაგალითი. იეჰოვა პირადად ამ ახალგაზრდა მწყემსით იყო დაინტერესებული და „თავის სასურველ კაცს“ ხედავდა მასში (პირველი მეფეთა 13:14). მოგვიანებით, დავითის მეფობის დროს, იეჰოვამ აღუთქვა: „ყველგან შენთან ვიქნები, სადაც კი წახვალ“ (მეორე მეფეთა 7:9, აქ).
ნიშნავს თუ არა ეს, რომ დავითი „ზღაპრულ“ ცხოვრებას ეწეოდა და არანაირ გაჭირვებას ხედავდა? არა, მეფობამდე და მეფობის დროსაც, დავითი მრავალ სასტიკ განსაცდელს ხვდებოდა. გამეფებამდე რამდენიმე წლის განმავლობაში მას ულმობლად დევნიდა სასტიკი მეფე საული. ამ პერიოდში დავითი წერდა: „ჩემი სული ლომების შუაგულშია. . . ადამის ძეთა შორის, რომელთა კბილები მშვილდ-ისრებია“ (ფსალმუნი 56:5).
ასეთი გაჭირვების მიუხედავად, დავითი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა იზრუნებდა მასზე. „ჩემი ხეტიალი გამოთვლილი გაქვს“ — ამბობდა ის იეჰოვასადმი ლოცვაში. დიახ, დავითი ფიქრობდა ამაზე ისე, თითქოს იეჰოვა ამ მძიმე განსაცდელის ყოველ წვრილმანს იწერდა. შემდეგ დავითმა დაამატა: „შენს ჭურჭელში მოათავსე ჩემი ცრემლები — აგერ, შენს წიგნშია“a (ფსალმუნი 55:9). ამ მაგალითით დავითმა გამოხატა რწმენა, რომ იეჰოვამ არა მხოლოდ მისი მდგომარეობა იცოდა, არამედ ამ მდგომარეობის ემოციური გავლენაც ესმოდა.
საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე დავითმა სიცოცხლის ბოლო წლებში დაწერა: „უფლის მიერ წარიმართება ნაბიჯები კაცისა და მის გზას შეიყვარებს. კიდეც რომ წაბორძიკდეს, არ დაეცემა, რადგან ღმერთია დასაყრდენი მისი ხელისა“ (ფსალმუნი 36:23, 24). შენც შეგიძლია იყო დარწმუნებული, რომ დაუსრულებელი განსაცდელის დროსაც კი, იეჰოვა ხედავს და აფასებს შენს სიმტკიცეს. პავლე წერდა: „ღმერთი არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის, რომ ემსახურებოდით და კვლავაც ემსახურებით წმიდებს“ (ებრაელთა 6:10).
გარდა ამისა, იეჰოვას შეუძლია იმოქმედოს შენს სასარგებლოდ და მოგცეს ძალა, რომ გაუძლო შენს გზაზე წამოჭრილ ნებისმიერ დაბრკოლებას. „მრავალი სიავე ხვდება მართალს და ყველაფრისგან იხსნის უფალი“ — წერდა დავითი (ფსალმუნი 33:20). ნამდვილად, ბიბლია გვეუბნება, რომ იეჰოვას თვალები „დაჰყურებს მთელს ქვეყანას, რომ მხარი დაუჭიროს იმას, ვინც მთელი გულით არის მასზე მინდობილი“ (მეორე ნეშტთა 16:9).
შენ იეჰოვამ მოგიყვანა
თითოეულ პიროვნებაზე იეჰოვას ზრუნვის დამატებითი მტკიცების ნახვა შეიძლება იესოს სიტყვებში. „არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ იგი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა“ (იოანე 6:44). დიახ, იეჰოვა თითოეულ ადამიანს ეხმარება, რომ სარგებლობა მივიღოთ ქრისტეს მსხვერპლიდან. როგორ? ფართო გაგებით ეს სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობის საშუალებით ხდება. ნამდვილად, ეს საქმიანობა განკუთვნილია „ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“, მაგრამ ის პირადად თითოეულ პიროვნებამდე აღწევს. შენს მიერ კეთილი ცნობის მოსმენა და მასზე გამოხმაურების ფაქტი ამტკიცებს, რომ იეჰოვა პირადად შენზე ზრუნავს (მათე 24:14).
სულიწმიდის საშუალებით იეჰოვას მიჰყავს პიროვნებები თავის ძესთან და აძლევს მათ საუკუნო სიცოცხლის იმედს. თითოეულ ადამიანს ეს საშუალებას აძლევს, რომ ნებისმიერი თანდაყოლილი შეზღუდვებისა და არასრულყოფილების მიუხედავად, შეიგნოს და გამოიყენოს სულიერი ჭეშმარიტებები. მართლაც, პიროვნება ვერ ჩასწვდება ღმერთის მიზნებს ღმერთის სულის დახმარების გარეშე (1 კორინთელთა 2:11, 12). როგორც პავლემ მისწერა თესალონიკელებს, „ყველაში როდია რწმენა“ (2 თესალონიკელთა 3:2). თავის სულს იეჰოვა აძლევს მხოლოდ მათ, ვინც ავლენს მზადყოფნას, რომ ღმერთმა თავისთან მიიყვანოს.
იეჰოვას თავისთან იმიტომ მოჰყავს ადამიანები, რომ უყვარს თითოეული მათგანი და სურს მათი გადარჩენა. იეჰოვას პირადი ზრუნვის რა საფუძვლიანი მტკიცებაა! იესომ თქვა: „არა აქვს სურვილი თქვენს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანი“ (მათე 18:14). დიახ, ღმერთის თვალში თითოეული პიროვნება ძვირფასია. ამის საფუძველზე პავლემ დაწერა: „ყოველს თავისი საქმეების მიხედვით მიუზღავს“ (რომაელთა 2:6). ხოლო მოციქულმა პეტრემ თქვა: „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში [ცალკეული პიროვნება] და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ (საქმეები 10:34, 35).
იესოს სასწაულები
ადამიანებისადმი ღმერთის პირადი ინტერესი ამაღელვებლად გამოვლინდა სასწაულებში, რომლებსაც მისი ძე იესო ახდენდა. ასეთ განკურნებებს თან სდევდა დიდი გრძნობა (მარკოზი 1:40, 41). რადგან იესოს „თვითონ არაფრის გაკეთება არ შეუძლია, თუ არ უხილავს, რასაც მამა აკეთებს“, მისი თანაგრძნობა გამოხატავს იეჰოვას გულის ამაჩუყებელ ზრუნვას თითოეული თავისი მსახურის მიმართ (იოანე 5:19).
განვიხილოთ მარკოზის 7:31–37-ში ჩაწერილი შემთხვევა, როცა იესომ სასწაული მოახდინა. აქ იესომ განკურნა ყრუ მამაკაცი, რომელსაც ენაბლუობაც ტანჯავდა. იესომ „წაიყვანა იგი [მამაკაცი] ცალკე“ — მოგვითხრობს ბიბლია. შემდეგ «ცას ახედა, ამოიოხრა და უთხრა მას: „ეფფათა“, რაც არის: „განიხსენ“».
რატომ წაიყვანა იესომ ეს მამაკაცი ხალხისგან განცალკევებით? აშკარაა, რომ ყრუ ადამიანი, რომელიც ამავე დროს ძლივს ლაპარაკობს, მორიდებულად იგრძნობს თავს დამსწრეთა წინაშე. შესაძლოა, იესომ შენიშნა, რომ ეს კაცი უხერხულად გრძნობდა თავს და ზუსტად ამიტომ არჩია განცალკევებით განკურნება. ბიბლიის ერთი მცოდნე აღნიშნავს: „მთელი ეს შემთხვევა ყველაზე ნათლად გვიჩვენებს, რომ იესო არ უყურებდა იმ მამაკაცს უბრალოდ როგორც ავადმყოფს; ის უყურებდა მას, როგორც პიროვნებას. მამაკაცს განსაკუთრებული გასაჭირი და განსაკუთრებული პრობლემა ჰქონდა და იესო ღრმა თანაგრძნობით აღსავსე ყურადღებით მოეპყრო, ისე რომ არ შეელახა მისი გრძნობები და მამაკაცისთვის გასაგებად მოქცეულიყო“.
ეს შემთხვევა გვიჩვენებს, რომ იესო პირადად თითოეულ პიროვნებაზე ზრუნავდა. დარწმუნებული იყავი, რომ შენც აინტერესებ მას. ნამდვილად, მისი სიცოცხლის შეწირვით გამოიხატა სიყვარული მთელი ქვეყნიერებისადმი, რომელიც უნდა გამოსყიდულიყო. მაგრამ ეს მოქმედება შენც გეხება ისევე, როგორც პავლეს, რომელმაც დაწერა: ‘ღვთის ძემ შემიყვარა და თავი მისცა ჩემთვის’ (გალატელთა 2:20). და რადგან იესომ აღნიშნა, რომ ‘ვინც ის იხილა, მამა იხილა’, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვასაც აინტერესებს თითოეული მისი მსახური (იოანე 14:9).
იეჰოვა ხდება ის, ვინც აჯილდოებს
ბიბლიის თანახმად, ღმერთის შესახებ შემეცნების შეძენა მისი პიროვნების თითოეული მხარის შეცნობას შეიცავს. თვითონ სახელი იეჰოვა ნიშნავს „აქცევინებს“, რაც გულისხმობს, რომ იეჰოვას საკუთარი არჩევნის თანახმად შეუძლია გახდეს (ანუ გადაიქცეს) ყველაფერი, რათა თავისი ნება შეასრულოს. ისტორიის განმავლობაში ის მრავალ განსხვავებულ როლში გამოდიოდა, მათ შორის: შემოქმედი, მამა, უზენაესი უფალი, მწყემსი, ძალთა უფალი იეჰოვა, ლოცვის მომსმენი, მსაჯული, დიდებული მოძღვარი და გამომსყიდველიb.
აგრეთვე ღმერთის სახელის სრულ მნიშვნელობას რომ ჩავწვდეთ, ჩვენ უნდა შევიცნოთ იეჰოვა როგორც პიროვნება, რომელიც აჯილდოებს. პავლე წერდა: „რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისთვის მოსაწონად ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს“ (ებრაელთა 11:6).
იეჰოვამ აღუთქვა მარადიული სიცოცხლე სამოთხეში დედამიწაზე მათ, რომლებმაც დღეს მისადმი მთელი გულით მსახურება აირჩიეს. არ არის ეგოისტობა, თუ ველოდებით ამ დიდებული აღთქმის შესრულებას, არც თავდაჯერებულობაა, წარმოვიდგინოთ, თითქოს უკვე იქ ვცხოვრობთ. მოსე „ხედავდა საზღაურს“ (ებრაელთა 11:26). მსგავსად ამისა, პავლეც მოუთმენლად ელოდა ერთგული ცხებული ქრისტიანებისთვის ღმერთის აღთქმის შესრულებას. ის წერდა: „ვილტვი მიზნისაკენ, ღვთის უზენაესი მოწოდების პატივისაკენ ქრისტე იესოში“ (ფილიპელთა 3:14).
შენც შეგიძლია ელოდო ჯილდოს, რომელსაც იეჰოვა ჰპირდება მათ, ვინც ითმენს. ამ ჯილდოს მოლოდინი არის ღმერთის შესახებ შემეცნებასა და მისადმი მსახურებაში სიმტკიცის განუყრელი ნაწილი. ამიტომ, ყოველდღე იფიქრე კურთხევებზე, რომლებსაც იეჰოვა ინახავს შენთვის. სტატიის დასაწყისში მოხსენიებულმა მერიმ ამის მიღწევას განსაკუთრებული ძალისხმევა მოახმარა. ის ამბობს: „სულ ახლახანს, პირველად ცხოვრებაში მივხვდი, რომ იესოს გამომსყიდველური მსხვერპლი მე მეხება. ახლა თანდათან ვგრძნობ, რომ იეჰოვა ზრუნავს ჩემზე, როგორც პიროვნებაზე. უკვე 20 წელია ქრისტიანი ვარ, მაგრამ მხოლოდ ახლა ვრწმუნდები ამაში ნამდვილად“.
ბიბლიის შესწავლისა და მასზე გულწრფელად დაფიქრების საშუალებით, მილიონობით სხვა ადამიანთან ერთად მერი სწავლობს, რომ იეჰოვა ზრუნავს თავის ხალხზე არა მხოლოდ როგორც ჯგუფზე, არამედ ასევე თითოეულ პიროვნებაზე. მოციქული პეტრე ისე იყო ამაში დარწმუნებული, რომ დაწერა: „ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7). დიახ, ღმერთი ზრუნავს შენზე!
[სქოლიოები]
a ჭურჭელს უწოდებდნენ ცხოველის ტყავისგან დამზადებულ ტიკს, რომელიც გამოიყენებოდა წყლის, ზეთის, რძის, ღვინის, კარაქისა და ყველის შესანახად. ძველად ასეთი ჭურჭლები ძალიან განსხვავებული იყო ზომითა და ფორმით; ზოგი ტყავის ტომრები იყო, ზოგი კი — ვიწროყელიანი საცობიანი ჭურჭლები.
b იხილე მსაჯულნი 11:27; ფსალმუნი 22:1; 64:3; 72 72:28, აქ; 88:27; ესაია 8:13, აქ; 30:20; 40:28; 41:14; აგრეთვე იხილე „საღვთო წერილის ახალი ქვეყნიერების თარგმანი — სქოლიოებით“ (ინგლ.), დანართი 1J, გვერდი 1568, გამოცემული საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების მიერ (ნიუ-იორკი).
[ჩარჩო მე-6 გვერდზე]
აღდგომა — ღმერთის ზრუნვის მტკიცება
ღმერთის ზრუნვის სარწმუნო მტკიცება მოიპოვება ბიბლიის წიგნის, იოანეს 5:28, 29-ში: „მოდის ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის [იესოს] ხმას მოისმენენ. . . [და] გამოვლენ“.
საინტერესოა, რომ აქ სიტყვა „თაʹფოს“-ის (საფლავი) ნაცვლად გამოყენებულია ბერძნული სიტყვა „მნე·მეიʹონ“-ი (მემორიალური აკლდამა). სიტყვა „თაʹფოს“-ს მხოლოდ დაკრძალვის მნიშვნელობა აქვს. მაგრამ „მნე·მეიʹონ“-ი ნიშნავს, რომ მიცვალებულის ცხოვრების შესახებ ვიღაცას ახსოვს.
ამასთან დაკავშირებით, მხოლოდ დაუფიქრდი, თუ რას მოითხოვს აღდგომა იეჰოვა ღმერთისგან. პიროვნებისთვის სიცოცხლის დასაბრუნებლად მან ყველაფერი უნდა იცოდეს მის შესახებ, მისი ხასიათის დამახასიათებელი თვისებებისა და სრული მეხსიერების ჩათვლით. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება აღდგენილი პიროვნება ისეთივე, როგორიც ადრე იყო.
რასაკვირველია, ადამიანის თვალსაზრისით ეს შეუძლებელია, მაგრამ „ღვთისათვის ყოველივე შესაძლებელია“ (მარკოზი 10:27). ღმერთს იმის დადგენაც კი შეუძლია, თუ რა აქვს ადამიანს გულში. მრავალი საუკუნის წინაც რომ იყოს პიროვნება მიცვალებული, ღმერთის მეხსიერებაში ის არ იცვლება და არ უფერულდება (იობი 14:13–15). ამიტომ აბრაამის, ისაკისა და იაკობის სიკვდილიდან საუკუნეების შემდეგაც კი მათი მოხსენიებისას იესოს შეეძლო იმის თქმა, რომ იეჰოვა „ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლებისა, ვინაიდან მისთვის ყველა ცოცხალია“ (ლუკა 20:38).
ამრიგად, იეჰოვას ახსოვს მილიარდობით მკვდარი ადამიანი ყველა მათი წვრილმანით. რა აღმაფრთოვანებელი მტკიცებაა, რომ ღმერთი ზრუნავს თითოეულ პიროვნებაზე!
[სურათი მე-7 გვერდზე]
იესო ზრუნავდა თითოეულ პიროვნებაზე, რომელსაც კურნავდა.