ისწრაფეთ მშვიდობისკენ
„იმისკენ ვისწრაფოთ, რაც მშვიდობას . . . ემსახურება“ (რომ. 14:19).
1, 2. რატომ არის იეჰოვას მოწმეებს შორის მშვიდობა?
დღევანდელ მსოფლიოში არ არის ადვილი ნამდვილი მშვიდობის პოვნა. ერთი ეროვნების და ერთ ენაზე მოლაპარაკე ხალხიც კი დაყოფილია რელიგიურად, პოლიტიკურად თუ სოციალურად. ამის საპირისპიროდ, იეჰოვას ხალხი გაერთიანებულია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი „ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“ არიან (გამოცხ. 7:9).
2 ჩვენ შორის არსებული ეს მშვიდობა შემთხვევითი არ არის. ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ღმერთთან მშვიდობას ვინარჩუნებთ; ეს კი იმით მიიღწევა, რომ რწმენას ვავლენთ მისი ძისადმი, რომელმაც ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად სისხლი დაღვარა (რომ. 5:1; ეფეს. 1:7). გარდა ამისა, ჭეშმარიტი ღმერთი თავის ერთგულ მსახურებს აძლევს წმინდა სულს, რომლის ნაყოფშიც შედის მშვიდობა (გალ. 5:22). ჩვენ შორის არსებული მშვიდობის კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ არ ვართ ამ „ქვეყნიერების ნაწილი“ (იოან. 15:19). ამიტომ პოლიტიკურ საკითხებში ნეიტრალიტეტს ვინარჩუნებთ. ჩვენ არ ვებმებით სამოქალაქო თუ სახელმწიფოთა შორის ომებში, რადგან „მახვილებისგან სახნისები“ გამოვჭედეთ (ეს. 2:4).
3. რა განაპირობებს ჩვენ შორის არსებულ მშვიდობას და რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
3 ჩვენ შორის არსებული მშვიდობა მხოლოდ იმით არ არის განპირობებული, რომ ცუდს არ ვუკეთებთ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას მოწმეების კრებებში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფისა და კულტურის წარმომადგენლები ვართ, ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი (იოან. 15:17). მშვიდობა საშუალებას გვაძლევს, „ყველას სიკეთე გავუკეთოთ, განსაკუთრებით კი მათ, ვინც რწმენით ჩვენიანია“ (გალ. 6:10). ჩვენ უნდა ვაფასებდეთ და ვიცავდეთ ამ სულიერ სამოთხეს. ამიტომ, გამოვიკვლიოთ, როგორ შეგვიძლია ვისწრაფოთ მშვიდობისკენ კრებაში.
როდესაც ვცდებით
4. რა უნდა გავაკეთოთ მშვიდობის შესანარჩუნებლად, როდესაც ვინმეს ვაწყენინეთ?
4 მოციქული იაკობი წერდა: „ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილია“ (იაკ. 3:2). ამიტომ თანამორწმუნეებს შორის აზრთა სხვაობა და გაუგებრობა გარდაუვალია (ფილ. 4:2, 3). მაგრამ ურთიერთშორის პრობლემების მოგვარება კრების მშვიდობის დარღვევის გარეშეც შესაძლებელია. მაგალითად, დავფიქრდეთ ბიბლიურ რჩევაზე, რომელიც უნდა გამოვიყენოთ მაშინ, როდესაც ვინმეს ვაწყენინეთ (წაიკითხეთ მათეს 5:23, 24 ).
5. როგორ უნდა ვისწრაფოთ მშვიდობისკენ, როცა ვინმე გვაწყენინებს?
5 შესაძლოა, რაღაც საკითხში თანამორწმუნემ გვაწყენინა. უნდა მოველოდეთ, რომ ის მოვა და ბოდიშს მოგვიხდის? „[სიყვარული] განაწყენებას არ ითვლის“, — ნათქვამია 1 კორინთელების 13:5-ში. განაწყენების შემთხვევაში მშვიდობისკენ ვისწრაფვით, თუ ვპატიობთ და ვივიწყებთ, ანუ არ ვითვლით განაწყენებას (წაიკითხეთ კოლოსელების 3:13 ). თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვების პატარ-პატარა შეცდომების მიმართ ასეთი დამოკიდებულება გვექნება, ეს ხელს შეუწყობს თანაქრისტიანებთან მშვიდობიან ურთიერთობას და ჩვენც შევძლებთ სულის სიმშვიდის შენარჩუნებას. იგავებში ნათქვამია: „სხვისი დანაშაულისთვის გვერდის ავლა მშვენებაა კაცისთვის“ (იგავ. 19:11).
6. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ძალიან გვიჭირს წყენის დავიწყება?
6 მაგრამ, როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ძალიან გვიჭირს წყენის დავიწყება? არ იქნებოდა გონივრული, თუ ამის შესახებ მოვუყვებოდით ყველას, ვისაც მოსმენა არ ეზარება. ასეთი ჭორაობა კრების მშვიდობას ნამდვილად არ უწყობს ხელს. როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა მშვიდობიანად? მათეს 18:15-ში წერია: „თუ შენი ძმა შესცოდავს, წადი და ამხილე თავის დანაშაულში, როცა მარტონი იქნებით. თუ მოგისმენს, შეგიძენია შენი ძმა“. თუმცა მათეს 18:15—17 სერიოზულ ცოდვებს ეხება, მე-15 მუხლში მოცემული პრინციპის თანახმად, მშვიდობის აღსადგენად პირადად უნდა დაველაპარაკოთ მას, ვინც გვაწყენინა.a
7. რატომ უნდა მოვაგვაროთ პრობლემები დაუყოვნებლივ?
7 მოციქულმა პავლემ დაწერა: „განრისხებისას ნუ შესცოდავთ. მზე ისე ნუ ჩავა, რომ გაღიზიანებულები დარჩეთ; ადგილი არ მისცეთ ეშმაკს“ (ეფეს. 4:26, 27). იესომ კი თქვა: „სასწრაფოდ მოაგვარე საქმე შენს მომჩივანთან . . . რათა მან არ გადაგცეს მოსამართლეს“ (მათ. 5:25). მშვიდობისკენ რომ ვისწრაფოთ, საჭიროა დაუყოვნებლივ მოვაგვაროთ უთანხმოება, ვინაიდან ამგვარი მოქმედებით თავიდან ავირიდებთ ემოციური ჭრილობის „დაინფიცირებასა“ და „დაჩირქებას“. ნურასდროს მივცემთ სიამაყეს, შურსა თუ ფულის სიყვარულს იმის საშუალებას, რომ ხელი შეგვიშალოს პრობლემების სწრაფად მოგვარებაში (იაკ. 4:1—6).
როდესაც კრებაში აზრთა სხვაობაა
8, 9. ა) რა აზრთა სხვაობა არსებობდა პირველი საუკუნის რომის კრებაში? ბ) რა რჩევა მისცა პავლემ რომაელ ქრისტიანებს, რომელთა შორისაც აზრთა სხვაობა იყო?
8 ზოგჯერ კრებაში უთანხმოება მხოლოდ ორ ადამიანს შორის არ ხდება. აზრთა სხვაობა შეიძლება კრების მრავალ წევრს შორის წამოიჭრას. მსგავსი სიტუაცია იყო რომში მცხოვრებ ქრისტიანებს შორის, რომლებსაც პავლემ ღვთივშთაგონებული წერილი მისწერა. უთანხმოება იუდეველ და არაიუდეველ ქრისტიანებს შორის მოხდა. კრების ზოგიერთი წევრი ზევიდან უყურებდა მათ, ვისაც სუსტი, ზედმეტად მგრძნობიარე, სინდისი ჰქონდა. ასეთი ქრისტიანები უმართებულოდ განსჯიდნენ სხვებს ისეთ საკითხებში, რომლებიც პირადი გადასაწყვეტი იყო. რა ურჩია პავლემ ამ კრებას? (რომ. 14:1—6).
9 პავლემ რჩევა მისცა უთანხმოებაში ჩართულ ორივე მხარეს. მათ, ვინც ფიქრობდა, რომ მოსეს კანონის დაცვა სავალდებულო არ იყო, ზემოდან არ უნდა დაეწყოთ ყურება თავიანთი ძმებისთვის (რომ. 14:2, 10). წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დააბრკოლებდნენ მათ, ვინც ჯერ კიდევ სისაძაგლედ თვლიდა მოსეს კანონით აკრძალული ხორცის ჭამას. პავლემ მათ მიუთითა: „ნუღარ დაანგრევ ღვთის საქმეებს საჭმლის გულისთვის. კარგს იზამ, თუ არ შეჭამ ხორცს, არ დალევ ღვინოს ან არ გააკეთებ ისეთ რამეს, რაც აბრკოლებს შენს ძმას“ (რომ. 14:14, 15, 20, 21). მეორე მხრივ, პავლემ ურჩია მათაც, ვისაც ზედმეტად მგრძნობიარე სინდისი ჰქონდა, რომ არ განესაჯათ და ორგულობაში არ დაედანაშაულებინათ ისინი, ვინც საკითხებს უფრო შემწყნარებლურად უყურებდა (რომ. 14:13). მან თქვა: „თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ“ (რომ. 12:3). როდესაც პავლე რჩევას აძლევდა უთანხმოებაში მონაწილე ორივე მხარეს, დაწერა: „იმისკენ ვისწრაფოთ, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება“ (რომ. 14:19).
10. როგორც პირველი საუკუნის რომაელი ქრისტიანების შემთხვევაში იყო, რა არის აუცილებელი უთანხმოების მოსაგვარებლად დღეს?
10 შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ რომაელმა ქრისტიანებმა გაითვალისწინეს პავლეს რჩევა და საჭირო ცვლილებებიც მოახდინეს. დღეს, როდესაც ქრისტიანებს შორის აზრთა სხვაობა წამოიჭრება, უთანხმოების მოსაგვარებლად განა თავმდაბლობა არ უნდა გამოვავლინოთ და ბიბლიური რჩევა არ უნდა გავითვალისწინოთ?! როგორც რომაელი ქრისტიანების შემთხვევაში, დღესაც უთანხმოების დროს ორივე მხარემ უნდა მოახდინოს ცვლილებები, რათა „მშვიდობიანად იყვნენ ერთმანეთთან“ (მარ. 9:50).
როდესაც დახმარებას ითხოვენ
11. როგორ უნდა გამოავლინოს უხუცესმა სიფრთხილე, როდესაც თანამორწმუნეზე განაწყენებულს მასთან საუბარი სურს?
11 ქრისტიანს შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, რომ ნათესავთან ან თანამორწმუნესთან უთანხმოების შესახებ უხუცესს დაელაპარაკოს. იგავების 21:13-ში ვკითხულობთ: „ვინც ღარიბის ჩივილზე ყურს დაიხშობს, თავადაც დაიწყებს ძახილს, მაგრამ პასუხს არავინ გასცემს“. უხუცესმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა „დაიხშოს ყური“. მაგრამ სხვა იგავში შემდეგი გაფრთხილებაა მოცემული: „მართალი პირველია დავაში, მაგრამ მოდის მისი მეტოქე და გამოიძიებს მას“ (იგავ. 18:17, ბიბლიური საზოგადოების გამოცემა). უხუცესმა უნდა მოუსმინოს მომჩივანს, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოს, რომ მისი მხარე არ დაიჭიროს. მოსმენის შემდეგ მან უნდა ჰკითხოს, ელაპარაკა თუ არა მას, ვინც აწყენინა. უხუცესმა შეიძლება აგრეთვე განიხილოს ბიბლიური რჩევები, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას განაწყენებულმა ქრისტიანმა მშვიდობის აღსადგენად.
12. მოიყვანეთ მაგალითები, თუ რამდენად სახიფათოა მხოლოდ ერთი მხარის მოსმენის შემდეგ დასკვნის ნაჩქარევად გამოტანა.
12 ბიბლიაში მოყვანილი სამი შემთხვევიდან აშკარად ჩანს, რამდენად სახიფათოა მხოლოდ ერთი მხარის მოსმენა. ფოტიფარმა დაიჯერა თავისი ცოლის სიტყვები, რომ იოსებმა მისი გაუპატიურება სცადა. ის უსამართლოდ განურისხდა იოსებს და საპყრობილეში ჩააგდო (დაბ. 39:19, 20). მეფე დავითმა დაუჯერა ციბას, რომელმაც უთხრა, რომ მისი ბატონი მეფიბოშეთი დავითის მტრებს შეუერთდა. „შენი იყოს მეფიბოშეთის მთელი საბადებელი“, — უთხრა დავითმა დაუფიქრებლად (2 სამ. 16:4; 19:25—27). მეფე არტაქსერქსეს უთხრეს, რომ ებრაელები იერუსალიმის კედლების აღდგენაზე მუშაობდნენ და მალე სპარსეთის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყდებოდნენ. მეფემ დაიჯერა ეს სიცრუე და ბრძანა იერუსალიმის აღდგენითი სამუშაოს შეჩერება. შედეგად, ღვთის ტაძრის მშენებლობა შეჩერდა (ეზრ. 4:11—13, 23, 24). გონივრულია, როდესაც ქრისტიანი უხუცესები ითვალისწინებენ ტიმოთესთვის მიცემულ პავლეს რჩევას და დასკვნებს ნაჩქარევად არ აკეთებენ (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 5:21 ).
13, 14. ა) რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა საქმე უთანხმოების მოგვარებას ეხება? ბ) რა დაეხმარება უხუცესებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში?
13 მაშინაც კი, როცა ორივე მხარის აზრი გასაგებია, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ შემდეგი პრინციპი: „თუ ვინმე ფიქრობს, რომ რაღაცა იცის, მან ჯერ კიდევ არაფერი იცის ისე, როგორც უნდა იცოდეს“ (1 კორ. 8:2). მართლა ვიცით ამ უთანხმოების ყველა დეტალი? კარგად ვიცნობთ ამ ადამიანებს? როდესაც დახმარებისთვის უხუცესს მიმართავენ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უხუცესმა მცდარი დასკვნები არ გამოიტანოს ლამაზად შენიღბული ტყუილისა თუ ჭორების საფუძველზე. ღვთის მიერ დანიშნული მოსამართლე, იესო ქრისტე, სამართლიანად განსჯის. ის „შესახედაობით არ გაასამართლებს, [და] არც ყურით გაგონილით ამხილებს“ (ეს. 11:3, 4). პირიქით, იესო იეჰოვას სულით ხელმძღვანელობს. მსგავსადვე, ქრისტიანი უხუცესებიც მიჰყვებიან ღვთის წმინდა სულის ხელმძღვანელობას.
14 გადაწყვეტილებების მიღებამდე უხუცესებმა უნდა ილოცონ და იეჰოვას წმინდა სულის დახმარება სთხოვონ. ისინი იყენებენ ბიბლიასა და ერთგული და გონიერი მონის მიერ გამოცემულ პუბლიკაციებს, რითაც ღვთის სულს ხელმძღვანელობის საშუალებას აძლევენ (მათ. 24:45).
მშვიდობა ნებისმიერ ფასად?
15. როცა გავიგებთ სერიოზული ცოდვის შესახებ, როდის უნდა შევატყობინოთ უხუცესებს?
15 ბიბლია ქრისტიანებს მოგვიწოდებს, ვისწრაფოთ მშვიდობისკენ. მაგრამ ღვთის სიტყვაში აგრეთვე ნათქვამია: „ზემოდან მომავალი სიბრძნე კი, პირველ ყოვლისა, წმინდაა, მერე მშვიდობიანი“ (იაკ. 3:17). ამ მუხლში სიტყვა „მშვიდობიანი“ „წმინდას“ შემდეგ დგას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ღვთის ზნეობრივი ნორმების დაცვა და მისი სამართლიანი მოთხოვნების შესრულება უფრო მნიშვნელოვანია. თუ ქრისტიანი გაიგებს, რომ თანაქრისტიანმა სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, მან შემცოდველი უნდა აღძრას, რომ ცოდვა უხუცესებთან აღიაროს (1 კორ. 6:9, 10; იაკ. 5:14—16). თუ შემცოდველი ამას არ აკეთებს, ქრისტიანმა, რომელმაც ამის შესახებ იცის, უხუცესები საქმის კურსში თავად უნდა ჩააყენოს. თუ ამ ნაბიჯს არ დგამს იმის გამო, რომ შემცოდველთან მშვიდობა შეინარჩუნოს, იგი ცოდვის თანამონაწილე ხდება (ლევ. 5:1; წაიკითხეთ იგავების 29:24 ).
16. რას ვსწავლობთ იქიდან, თუ როგორ მოექცა იეჰუ მეფე იეჰორამს?
16 იეჰუს შესახებ ბიბლიაში ჩაწერილი ისტორიაც ცხადყოფს, რომ ღვთის სამართლიანობა მშვიდობის შენარჩუნებაზე მნიშვნელოვანია. ღმერთმა იეჰუ მეფე ახაბის სახლეულობისადმი გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოსაყვანად გაგზავნა. ეტლით მიმავალი ბოროტი მეფე იეჰორამი — ახაბისა და იზებელის ვაჟი — იეჰუს შეხვდა და ჰკითხა: „ხომ მშვიდობაა, იეჰუ?“ იეჰუმ უპასუხა: „რა მშვიდობა უნდა იყოს დედაშენი იზებელის გარყვნილებისა და მისი ჯადოქრობის მერე?!“ (2 მეფ. 9:22). მოზიდა იეჰუმ მშვილდი და ისარმა იეჰორამს გულში გაუარა. იეჰუს მსგავსად, უხუცესებიც, მშვიდობის შენარჩუნების მიზნით, არ უნდა წავიდნენ კომპრომისზე, თუ ქრისტიანი შეგნებულად სჩადის ცოდვას და არ ინანიებს. ასეთ ქრისტიანებს კრებიდან რიცხავენ, რათა კრებასა და ღმერთს შორის მშვიდობა არ დაირღვეს (1 კორ. 5:1, 2, 11—13).
17. როგორ შეუძლია თითოეულ ქრისტიანს, ისწრაფოს მშვიდობისკენ?
17 უთანხმოებათა უმეტესობა იმდენად სერიოზული არ არის, რომ სამართლებრივი განხილვა დაინიშნოს. ამიტომ, რამდენად უკეთესია, თუ სხვების შეცდომებს სიყვარულით გადავფარავთ. ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „ვინც სიყვარულს ესწრაფვის, ცოდვას ფარავს; ვინც რაიმეზე გაუთავებლად ლაპარაკობს, ახლობლებს აშორებს ერთმანეთს“ (იგავ. 17:9). ამ სიტყვების გათვალისწინება თითოეულ ჩვენგანს კრებაში სიმშვიდისა და ღმერთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება (მათ. 6:14, 15).
მშვიდობისკენ სწრაფვას კურთხევები მოაქვს
18, 19. რა სარგებლობა მოაქვს მშვიდობისკენ სწრაფვას?
18 იმისკენ სწრაფვა, „რაც მშვიდობას . . . ემსახურება“, უხვ კურთხევებს მოგვიტანს. ამის წყალობით იეჰოვასთან ახლო პირადი ურთიერთობა გვექნება და სულიერ სამოთხეში მშვიდობისა და ერთიანობის შენარჩუნებას შევუწყობთ ხელს. კრებაში მშვიდობისკენ სწრაფვა იმაშიც დაგვეხმარება, რომ მშვიდობისკენ ვისწრაფოთ მათთანაც, ვისაც „მშვიდობის შესახებ სასიხარულო ცნობას“ ვუქადაგებთ (ეფეს. 6:15). აგრეთვე, უკეთ ვიქნებით მომზადებული, რომ ვიყოთ „ყველასთან თავაზიანი . . . და თავშეკავებული . . . როცა ბოროტებას ვხვდებით“ (2 ტიმ. 2:24).
19 ისიც გვახსოვდეს, რომ „იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქ. 24:15). როცა ეს იმედი დედამიწაზე რეალობად იქცევა, ქვეყნიერების შექმნიდან დღემდე მცხოვრები სხვადასხვა წარმომავლობის, ტემპერამენტისა და ხასიათის მილიონობით ადამიანი დაუბრუნდება სიცოცხლეს (ლუკ. 11:50, 51). მართლაც დიდი პატივი იქნება ჩვენთვის, მშვიდობიანი ცხოვრება ვასწავლოთ მკვდრეთით აღდგენილებს! დღეს ნასწავლი მშვიდობისმყოფელობა იმ დროს ნამდვილად დიდ დახმარებას გაგვიწევს.
[სქოლიო]
a ისეთ სერიოზულ ცოდვებთან დაკავშირებით, როგორიცაა ცილისწამება და თაღლითობა, ბიბლიური რჩევები იხილეთ 1999 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 17—22.
რა ისწავლეთ?
• როგორ შეგვიძლია ვისწრაფოთ მშვიდობისკენ, თუ ვინმეს ვაწყენინეთ?
• როგორ უნდა ვისწრაფოთ მშვიდობისკენ, როცა ვინმე გვაწყენინებს?
• რატომ არის არაგონივრული უთანხმოების დროს რომელიმე მხარის დაჭერა?
• ახსენით, რატომ არ ღირს მშვიდობის შენარჩუნება ნებისმიერ ფასად.
[სურათები 29 გვერდზე]
იეჰოვას უყვარს ისინი, ვინც მზადყოფნით პატიობენ სხვებს