როგორ შეგიძლიათ ნამდვილი თავმდაბლობის გამოვლენა?
ღმერთი დიდად აფასებს ნამდვილ თავმდაბლობას. იაკობი წერდა: „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს“ (იაკობი 4:6). აქ შეიძლება იაკობმა ებრაულ წერილებში მოცემული რამდენიმე აზრი იგულისხმა: „მაღალია უფალი და დამდაბლებულს ხედავს; ხოლო მედიდურს შორიდან შეიცნობს“. ‘დამდაბლდება ადამიანის ამაყი მზერა და კაცთა მედიდურება დამცირდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი’. «[ღმერთი] გალაღებულთ არცხვენს, შეჭირვებულთ [„თვინიერთ“, აქ] კი მადლს ანიჭებს» (ფსალმუნი 137:6; ესაია 2:11; იგავნი 3:34).
მოციქული პეტრეც მოგვიწოდებდა თავმდაბლობისკენ: „დაემორჩილეთ ერთმანეთს, შეიმოსეთ თავმდაბლობა, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს“ (1 პეტრე 5:5).
თავმდაბლობის მაგალითი, რომელიც ქრისტემ დაგვიტოვა
რით არის კარგი ან სასარგებლო თავმდაბლობა? — შეიძლება იკითხოთ თქვენ. პასუხს დიდი მნიშვნელობა აქვს მისთვის, ვინც ცდილობს ჭეშმარიტი ქრისტიანი იყოს, რადგან იყო თავმდაბალი ნიშნავს, იყო ქრისტეს მსგავსი. იესომ თავმდაბლობა გამოავლინა, როდესაც დატოვა ზეციერი სამფლობელო, დედამიწაზე მოსვლის უნიკალური დავალება მიიღო და გახდა ადამიანი, რითაც ანგელოზებზე დაბალი მდგომარეობა დაიკავა (ებრაელთა 2:7). მიუხედავად იმისა, რომ ღვთის ძე იყო, რელიგიური მტრებისგან დამცირებას იტანდა; განსაცდელების დროს მას წონასწორობა არ დაუკარგავს, თუმცა შეეძლო ანგელოზთა ლეგიონისთვის მოეხმო (მათე 26:53).
და ბოლოს, იესო სამარცხვინო წამების ძელზე გააკრეს, მაგრამ მაინც მამის ერთგული დარჩა. ამიტომ მოციქულ პავლეს შეეძლო მის შესახებ დაეწერა: „რადგან ის აზრები, რაც ქრისტეშია, იყოს თქვენს შორისაც. ის, თუმცა ღვთის ხატება იყო, მიტაცებად არ თვლიდა ღვთის თანასწორად ყოფნას. არამედ წარმოიცარიელა თავი და მიიღო მონის ხატება, გახდა კაცთა მსგავსი და შესახედაობით კაცს დაემსგავსა. დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე“ (ფილიპელთა 2:5–8).
ამგვარად, როგორ შეგვიძლია ნამდვილი თავმდაბლობის გამოვლენა? როგორ შეგვიძლია გარკვეულ სიტუაციებში ამაყად მოქმედების ნაცვლად თავმდაბლურად მოვიქცეთ?
როგორ რეაგირებს თავმდაბალი ადამიანი
განვიხილოთ, თუ როგორ ვლინდება თავმდაბლობა სამუშაოზე ან ქრისტიანულ მსახურებაში. სამუშაოს კარგად შესრულების მიზნით შეიძლება საჭირო იყოს ზედამხედველი, მმართველი ან მეთვალყურე. ვიღაცამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები. როგორ რეაგირებთ თქვენ? ხომ არ ფიქრობთ: „როგორ მეუბნება ის მე, რა ვაკეთო. თავი ვინ ჰგონია? მე ამ სამუშაოზე მასზე წლობით ადრე მოვედი“. დიახ, თუ ამაყი ხართ, ვინმესთვის დაქვემდებარება თქვენთვის გამაღიზიანებელი იქნება. თავმდაბალი ადამიანი კი ცდილობს, ‘არაფერი გააკეთოს ჯიბრით ან პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით. საკუთარ თავზე მეტად შერაცხოს სხვები’ (ფილიპელთა 2:3).
როგორ რეაგირებთ, როდესაც თქვენზე უმცროსი ან ქალი გაძლევთ რჩევას? თუ თავმდაბალი ხართ, სულ მცირე, დაფიქრდებით მაინც მის ნათქვამზე. თუ ამაყი ხართ, განაწყენდებით ან მაშინვე უკუაგდებთ ამ რჩევას. ან იქნებ ქებასა და პირფერობას ამჯობინებდით, რაც დაღუპვამდე მიგიყვანდათ? თუ გერჩივნათ, რომ სასარგებლო რჩევა მოეცათ, რაც თქვენს წინსვლას შეუწყობდა ხელს? (იგავნი 27:9; 29:5).
შეგიძლიათ სირთულეებს გაუმკლავდეთ? თავმდაბლობა დაგეხმარებათ რთულ სიტუაციებთან გამკლავებასა და მათ ატანაში. ამის მაგალითს იობი გვაძლევს. თუ ამაყი ხართ, ადვილადაც გაღიზიანდებით და შეიძლება აღშფოთება გამოთქვათ რთულ სიტუაციებში ჩავარდნისას ან, როცა გგონიათ, რომ გამცირებენ (იობი 1:22; 2:10; 27:2–5).
თავმდაბლობა მოსიყვარულე და მიმტევებელია
ზოგს უჭირს თქვას: „ბოდიში, შევცდი. შენ მართალი ხარ“. რატომ? მეტისმეტი სიამაყის გამო! მაგრამ ძალიან ხშირად გულწრფელი მობოდიშებით შეიძლება ადვილად შეწყდეს ოჯახში კამათი.
მზად ხართ პატიებისთვის, როდესაც ვინმე გაწყენინებთ? თუ სიამაყე ნებას არ გრთავთ, მოიშოროთ უკმაყოფილება და დღეებისა და თვეების განმავლობაში ხმას არ სცემთ იმ ადამიანს, ვინც გაწყენინათ? ან იქნებ კარგა ხნის მანძილზეც კი მიგყვებათ წყენა და ცდილობთ სამაგიერო გადაუხადოთ მას? ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გულში ჩადებულ მტრობას ზოგჯერ მკვლელობა მოჰყოლია, ზოგჯერ კი — ღვარძლიანი ცილისწამება. თავმდაბალი ადამიანი, პირიქით, მოსიყვარულე და მიმტევებელია. რატომ? იმიტომ რომ სიყვარული არ განიზრახავს ბოროტს. იეჰოვა მზად იყო, ეპატიებინა ისრაელებისთვის, თუ ისინი სიამაყეს ჩამოიშორებდნენ. იესოს თავმდაბალი მიმდევარიც მზად არის პატიებისთვის მაშინაც კი, თუ ეს არაერთხელაა საჭირო! (იოველი 2:12–14; მათე 18:21, 22; 1 კორინთელთა 13:5).
თავმდაბალი ადამიანი ‘პატივისცემაში ასწრებს’ სხვებს (რომაელთა 12:10). ერთ-ერთ თარგმანში (New International Version) ეს მუხლი შემდეგნაირად იკითხება: „ერთმანეთს საკუთარ თავზე მეტი პატივი მიაგეთ“. აქებთ თუ არა სხვებს და აფასებთ თუ არა მათს უნარსა და ტალანტს? თუ ყოველთვის რამე ნაკლს ამჩნევთ, რათა პიროვნების რეპუტაცია შელახოთ? შეგიძლიათ მთელი გულით შეაქოთ სხვა ადამიანი? თუ ამ საკითხში მოიკოჭლებთ, შეიძლება საკუთარ თავში დაჯერებულობა გაკლდეთ და სიამაყის პრობლემა გქონდეთ.
ამაყი ადამიანი მოუთმენელია, თავმდაბალი კი — მომთმენი და სულგრძელი. რა შეიძლება ითქვას თქვენ შესახებ? მწარედ გჩხვლეტთ თქვენთვის არასასიამოვნო ნებისმიერი მოქმედება? ასეთი რეაქცია სულგრძელობის საპირისპიროა. თუ თავმდაბალი ხართ, საკუთარ თავზე მეტისმეტი წარმოდგენა არ გექნებათ. გახსოვდეთ რა მოხდა, როდესაც იესოს მოწაფეებს მეტისმეტი წარმოდგენა შეექმნათ საკუთარ თავზე — მათ ერთმანეთს შორის გაცხარებული კამათი გამართეს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა ჩათვლილიყო უდიდესად. მათ დაავიწყდათ, რომ „უსარგებლო მონები“ იყვნენ (ლუკა 17:10; 22:24; მარკოზი 10:35–37, 41).
ფრანგმა მწერალმა ვოლტერმა თავმდაბლობა აღწერა როგორც „უბრალოება. . . სიამაყის საწინააღმდეგო“ თვისება. დიახ, თავმდაბალ ადამიანს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არა აქვს. თავმდაბალი ადამიანი უბრალოა და არა ამაყი. ის ძალიან თავაზიანი და ზრდილობიანია.
რატომ უნდა ვეცადოთ, ვიყოთ თავმდაბლები? იმიტომ რომ თავმდაბლობა ღვთისმოსაწონი თვისებაა, რომელიც ღვთის მითითებების მიღებაში გვეხმარება. დანიელის თავმდაბლობამაც შეასრულა გარკვეული როლი იმაში, რომ იეჰოვამ ეს წინასწარმეტყველი ‘სათნო კაცად’ მიიჩნია, ანგელოზი მიუგზავნა და ხილვა ანახა (დანიელი 9:23; 10:11, 19). თავმდაბლობა დიდად ჯილდოვდება. ეს თვისება ნამდვილ მოსიყვარულე მეგობრებს შეგძენთ და, რაც მთავარია, იეჰოვას კურთხევებს მოგიტანთ. «თვინიერების [„თავმდაბლობის“, აქ] და უფლის შიშის საზღაური სიმდიდრე, დიდება და სიცოცხლეა» (იგავნი 22:4).
[სურათი 7 გვერდზე]
თავმდაბლად მობოდიშება თქვენს ცხოვრებას სიმშვიდეს შემატებს.