-
დაპირებების შემსრულებელისაგუშაგო კოშკი — 2010 | 1 იანვარი
-
-
რატომ იმსახურებს იეჰოვა ჩვენს ნდობას? ამ კითხვაზე პასუხს გაგვცემს იესო ნავეს ძის სიტყვები, რომლებიც ჩაწერილია ბიბლიის წიგნ იესო ნავეს ძის 23:14-ში. ეს კაცი ბოლომდე ენდობოდა იეჰოვას.
წარმოიდგინეთ იესო ნავეს ძე, რომელიც მოსეს შემდეგ ისრაელის წინამძღოლი გახდა, და ახლა 110 წელსაა მიღწეული. თავისი ცხოვრების მანძილზე ის არაერთხელ გამხდარა იმ ძლევამოსილი საქმეების მოწმე, რომლებიც იეჰოვამ ისრაელის სასარგებლოდ მოიმოქმედა. იესო ნავეს ძემ დაახლოებით 60 წლით ადრე საკუთარი თვალით იხილა წითელ ზღვასთან ისრაელების სასწაულებრივი ხსნა. ახლა ის ფიქრობს განვლილ ცხოვრებაზე და თავისთან იხმობს ისრაელის „უხუცესებს, თავკაცებს, მსაჯულებსა და მთავრებს“ (იესო ნავეს ძე 23:2). იმ სიტყვებს, რომლებსაც ახლა იესო ნავეს ძე წარმოთქვამს, უბრალოდ წლების შედეგად დაგროვილი სიბრძნე კი არ კარნახობს, არამედ ფიქრის შედეგად განვითარებული ძლიერი რწმენა.
„მე უკვე ვკვდები“, — ამბობს იესო ნავეს ძე. მან იცის, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩა, ამიტომ ის ალბათ ბევრს ფიქრობს განვლილ წლებზე. რა გამოსამშვიდობებელ სიტყვებს ეუბნება ის ისრაელებს?
იესო ნავეს ძე განაგრძობს: „არ გამტყუნებულა არც ერთი სასიკეთო სიტყვა, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გითხრათ, ყველა შეგისრულდათ, არც ერთი არ გამტყუნებულა“. ეს სიტყვები თქვა კაცმა, რომელიც ყველაფერში ენდობოდა ღმერთს. რა აძლევდა მას ნდობის საფუძველს? მთელი თავისი ცხოვრება ის იმის მოწმე იყო, რომ იეჰოვა ყოველთვის ასრულებს დაპირებებს.a ნათელია, რა მიზნით ამბობს იესო ნავეს ძე ზემოთქმულ სიტყვებს: მას სურს, რომ ისრაელებს იოტისოდენა ეჭვიც კი არ შეეპაროთ იეჰოვას დაპირებებში, რომლებიც მათ მომავალს ეხება.
ერთ ბიბლიურ ნაშრომში იესო ნავეს ძის 23:14-ის შესახებ ნათქვამია: „აიღეთ ბიბლიიდან ნებისმიერი დაპირება; შეადარეთ ის მსოფლიოში არსებულ ყველა ისტორიულ დოკუმენტს; გამოჰკითხეთ ყველა ქმნილება ცისქვეშეთში და ნახავთ, რომ ღმერთს არასდროს დავიწყებია და არ დაურღვევია თავისი დაპირება“. თუ ასეთი გამოკითხვის შესაძლებლობა მოგვეცემოდა, აუცილებლად მივიდოდით იმ დასკვნამდე, რა დასკვნამდეც იესო ნავეს ძე მივიდა — იეჰოვას დაპირებებიდან არც ერთი არ გამტყუნებულა (1 მეფეები 8:56; ესაია 55:10, 11).
-
-
დაპირებების შემსრულებელისაგუშაგო კოშკი — 2010 | 1 იანვარი
-
-
a ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე დაპირება, რომელთა შესრულებაც იესო ნავეს ძემ საკუთარი თვალით იხილა. იეჰოვა ისრაელს აღთქმულ მიწას მისცემდა (შეადარეთ დაბადების 12:7 იესო ნავეს ძის 11:23-ს). იეჰოვა ისრაელს ეგვიპტელთა ხელიდან იხსნიდა (შეადარეთ გამოსვლის 3:8 გამოსვლის 12:29—32-ს). იეჰოვა იზრუნებდა თავის ხალხზე (შეადარეთ გამოსვლის 16:4, 13—15 კანონის 8:3, 4-ს).
-