ღვთიური მშვიდობის მაცნეებად მსახურება
‘რა საამურია მთებზე მშვიდობის გამომცხადებლის ნაბიჯები’ (ესაია 52:7).
1, 2. ა) ესაიას 52:7-ში ნაწინასწარმეტყველების თანახმად, რა კეთილი ცნობა უნდა გამოცხადდეს? ბ) რას ნიშნავდა ესაიას მიერ ნაწინასწარმეტყველები სიტყვები ძველი ისრაელის შემთხვევაში?
გასაცხადებელია კეთილი ცნობა! ეს მშვიდობის — ნამდვილი მშვიდობის — ცნობაა. ეს არის ცნობა გადარჩენაზე, რომელიც ღვთის სამეფოსთანაა დაკავშირებული. ამის შესახებ დიდი ხნის წინათ ესაია წინასწარმეტყველმა დაწერა და ეს სიტყვები შემონახულია ესაიას 52:7-ში, სადაც ვკითხულობთ: „რა საამურია მთებზე მახარობლის ნაბიჯები, მშვიდობის გამომცხადებლის, სიკეთის მახარობლის, ხსნის გამომცხადებლის, რომელიც ეუბნება სიონს: გამეფდა შენი ღმერთი!“
2 იეჰოვამ თავისი წინასწარმეტყველი ესაია შთააგონა, დაეწერა ეს ცნობა როგორც ძველი ისრაელის, ასევე ჩვენს სასარგებლოდ დღეს. რას ნიშნავს ეს სიტყვები? იმ დროს, როცა ესაია ამ სიტყვებს წერდა, ჩრდილოეთ სამეფო, ისრაელი, შეიძლება უკვე გადასახლებული იყო ასურელების მიერ. მოგვიანებით სამხრეთ სამეფოს, იუდას, მკვიდრებსაც წაიყვანდნენ ბაბილონის ტყვეობაში. ერისთვის ეს მწუხარებისა და არეულობის დრო იყო, ვინაიდან ხალხი არ ემორჩილებოდა იეჰოვას და ამიტომ არ ჰქონდა მშვიდობა ღმერთთან. როგორც იეჰოვამ უთხრა, ასეთი ცოდვილი საქციელი გამყოფი იყო მათსა და მათ ღმერთს შორის (ესაია 42:24; 59:2–4). მიუხედავად ამისა, ესაიას მეშვეობით იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ თავის დროზე ბაბილონის კარიბჭეები ფართოდ გაიღებოდა. ღვთის ხალხი გათავისუფლდებოდა სამშობლოში დასაბრუნებლად, რათა ხელახლა აეგოთ იეჰოვას ტაძარი. სიონი აღდგებოდა და იერუსალიმში ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლობა კვლავ გაგრძელდებოდა (ესაია 44:28; 52:1, 2).
3. რა გაგებით იყო ისრაელისთვის აღდგენასთან დაკავშირებული დანაპირები მშვიდობის წინასწარმეტყველებაც?
3 ხსნასთან დაკავშირებული ეს დანაპირები მშვიდობის წინასწარმეტყველებაც იყო. იეჰოვას მიერ ისრაელებისთვის ბოძებულ ქვეყანაში დაბრუნება ღვთის მიერ შეწყალებისა და მათი მონანიების მტკიცება იქნებოდა. ამით გამოჩნდებოდა, რომ ღმერთთან მათ მშვიდობა ჰქონდათ (ესაია 14:1; 48:17, 18).
„გამეფდა შენი ღმერთი!“
4. ა) რა გაგებით შეიძლებოდა თქმულიყო ძვ. წ. 537 წელს, რომ ‘იეჰოვა გამეფდა’? ბ) როგორ წარმართა იეჰოვამ საქმე თავისი ხალხის სასარგებლოდ ძველ დროში?
4 როცა ძვ. წ. 537 წელს იეჰოვამ გაათავისუფლა თავისი ხალხი, სიონისთვის სათანადოდ იქნა გამოცხადებული: „გამეფდა შენი ღმერთი!“ მართალია, იეჰოვა ‘მარადისობის მეფეა’ (გამოცხადება 15:3, აქ). მაგრამ საკუთარი ხალხის ეს ხსნა მისი უზენაესი ხელისუფლების კიდევ ერთი გამოვლენა იყო. ამან გასაოცრად ცხადყო მისი ძალის აღმატებულობა დედამიწაზე მანამდე არსებულ ყველაზე ძლიერ იმპერიაზეც კი (იერემია 51:56, 57). იეჰოვას სულის მოქმედების შედეგად, მისი ხალხის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულებები იშლებოდა (ესთერი 9:24, 25). იეჰოვა არაერთხელ ჩაერია საქმეებში სხვადასხვაგვარად, რათა აემოქმედებინა მიდია-სპარსეთის მეფეები, რომ ხელი შეეწყოთ მისი უზენაესი ნების შესრულებისთვის (ზაქარია 4:6). იმ დღეებში მომხდარი საოცარი მოვლენები ჩვენთვის ბიბლიის შემდეგ წიგნებშია ჩაწერილი: „პირველი ეზრა“, „ნეემია“, „ესთერი“, „ანგია“ და „ზაქარია“. და რწმენის როგორი განმამტკიცებელია ამ წიგნების განხილვა!
5. რა მნიშვნელოვანი მოვლენებია ნაჩვენები ესაიას 52:13—53:12-ში?
5 მაგრამ ის, რაც ძვ. წ. 537 წელსა და მას შემდეგ მოხდა, მხოლოდ დასაწყისი იყო. ორმოცდამეთორმეტე თავში აღდგენასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველების შემდეგ ესაიამ მყისვე მესიის მოსვლაზე დაწერა (ესაია 52:13—53:12). მესიის საშუალებით, რომელიც იესო ქრისტე აღმოჩნდა, იეჰოვა მიაწვდიდა უფრო დიდი მნიშვნელობის ხსნისა და მშვიდობის ცნობას, ვიდრე ძვ. წ. 537 წელს იყო.
იეჰოვას ყველაზე დიდებული მშვიდობის მაცნე
6. ვინ არის იეჰოვას ყველაზე დიდებული მშვიდობის მაცნე და რომელი დავალება დაუკავშირა მან საკუთარ თავს?
6 იესო ქრისტე იეჰოვას ყველაზე დიდებული მშვიდობის მაცნეა. ის არის ღვთის სიტყვა, იეჰოვას პირადი წარმომადგენელი (იოანე 1:14). ამის შესაბამისად, მდინარე იორდანეში მონათვლიდან გარკვეული დროის შემდეგ იესო დადგა ნაზარეთის სინაგოგაში და ესაიას 61-ე თავიდან ხმამაღლა წაიკითხა მისთვის განკუთვნილი დავალების შესახებ. ამ დავალებამ ნათელყო, რომ რის საქადაგებლადაც ის წარმოიგზავნა, ეხებოდა ‘გათავისუფლებასა’ და ‘განკურნებას’, აგრეთვე იეჰოვასგან შეწყალების მოპოვების შესაძლებლობას. მაგრამ იესომ მშვიდობის ცნობის გამოცხადებაზე უფრო მეტი რამ გააკეთა. ღმერთმა ის ხანგრძლივი მშვიდობისთვის საფუძვლის ჩასაყრელადაც წარმოგზავნა (ლუკა 4:16–21).
7. რა მოჰყვება ღმერთთან მშვიდობას, რომელიც იესო ქრისტეს მეშვეობით გახდა შესაძლებელი?
7 იესოს დაბადების დროს ბეთლემის მახლობლად მყოფ მწყემსებს უამრავი ანგელოზი გამოეცხადა, რომლებიც აქებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყანაზე და კაცთა შორის სათნოება!“ (ლუკა 2:8, 13, 14). დიახ, ეს იქნებოდა მშვიდობა იმათთვის, ვისდამიც ღმერთი სათნოებას გამოხატავდა, რადგან ისინი ირწმუნებდნენ იმას, რასაც ის თავისი ძის მეშვეობით გააკეთებდა. რა მნიშვნელობა ექნებოდა ამას? ის მნიშვნელობა, რომ, თუმცა ადამიანები ცოდვილები იბადებიან, მაინც შეძლებდნენ ღვთის წინაშე წმინდა მდგომარეობისთვის — მასთან კარგი ურთიერთობისთვის — მიღწევას (რომაელთა 5:1). ისინი შეძლებდნენ გაეხარათ შინაგანი სიმშვიდით, მშვიდობით, რის შეგრძნებაც სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა. ღვთის მიერ დანიშნულ დროს მოხდებოდა ადამისგან მემკვიდრეობით გადმოცემული ცოდვის ყველა შედეგისგან, მათ შორის ავადმყოფობისა და სიკვდილისგან, გათავისუფლება. ადამიანები მეტად აღარ იქნებოდნენ უსინათლოები, ყრუები ან კოჭლები. იმედის გამაცრუებელი სისუსტე და გულის გამტეხი ფსიქიკური მოშლილობა სამუდამოდ იქნებოდა ჩამოცილებული. შესაძლებელი იქნებოდა, სრულყოფილი სიცოცხლით დატკბობა მარადიულად (ესაია 33:24; მათე 9:35; იოანე 3:16).
8. ვისთვისაა შეთავაზებული ღვთიური მშვიდობა?
8 ვისთვისაა შეთავაზებული ღვთიური მშვიდობა? ყველასთვის, ვინც იესო ქრისტესადმი რწმენას ავლენს. პავლე მოციქულმა დაწერა, რომ ‘ღმერთმა მოიწონა, ქრისტეს საშუალებით შემოერიგებინა ყოველი, დაემშვიდებინა იესოს ჯვრის სისხლით’. მოციქულმა დაამატა, რომ ეს შერიგება შეეხებოდა იმას, რაც ‘ცაშია’, — მათ, ვინც ზეცაში ქრისტეს თანამემკვიდრეები იქნებოდნენ. ეს აგრეთვე შეეხებოდა იმას, რაც ‘მიწაზეა’, — მათ, რომლებსაც მარადიული ცხოვრების შესაძლებლობა მიეცემოდათ აქ, დედამიწაზე, როცა ის სრულიად გარდაიქმნება სამოთხედ (კოლასელთა 1:19, 20). იესოს მსხვერპლის ფასით სარგებლობისა და ღვთისადმი გულიდან გამომდინარე მორჩილების საფუძველზე ყველა მათგანს შეეძლო ღმერთთან თბილი მეგობრული ურთიერთობით დატკბობა (შეადარე იაკობი 2:22, 23).
9. ა) სხვა რომელ ურთიერთობებზე ახდენს გავლენას ღმერთთან მშვიდობა? ბ) ყველგან ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების გათვალისწინებით, რა უფლება მიანიჭა იეჰოვამ თავის ძეს?
9 რა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასეთი მშვიდობა ღმერთთან! თუ ღმერთთან მშვიდობა არა გვაქვს, შეუძლებელია ხანგრძლივი და აზრით აღსავსე მშვიდობა გვქონდეს რომელიმე სხვა ურთიერთობაში. მშვიდობა იეჰოვასთან დედამიწაზე ნამდვილი მშვიდობის საწინდარია (ესაია 57:19–21). სათანადოდ, იესო ქრისტე მშვიდობის მთავარია (ესაია 9:5). ამ პიროვნებას, ვისი მეშვეობითაც ადამიანებს ღმერთთან შერიგება შეუძლიათ, იეჰოვამ აგრეთვე ხელმწიფობის უფლება მიანდო (დანიელი 7:13, 14). და კაცობრიობაზე იესოს სამეფო მმართველობის შედეგებთან დაკავშირებით იეჰოვა გვპირდება, რომ იქნება ‘უბოლოო მშვიდობა’ (ესაია 9:6; ფსალმუნი 71:7).
10. როგორ დატოვა იესომ მაგალითი მშვიდობის შესახებ ღვთის ცნობის ქადაგებით?
10 მშვიდობის შესახებ ღვთის ცნობა მთელ კაცობრიობას ესაჭიროება. იესომ პირადად დატოვა გულმოდგინების მაგალითი ამ ცნობის ქადაგებით. ის ამას აკეთებდა იერუსალიმში ტაძრის ტერიტორიაზე, მთის ფერდობებზე, გზაში, სამარიელი ქალის შემთხვევაში ჭასთან და სახლებში. სადაც კი ხალხი იყო, იესო არ ტოვებდა შესაძლებლობას, ღვთის სამეფოსა და მშვიდობაზე ექადაგა (მათე 4:18, 19; 5:1, 2; 9:9; 26:55; მარკოზი 6:34; ლუკა 19:1–10; იოანე 4:5–26).
განსწავლულნი ქრისტეს ნაკვალევით სიარულისთვის
11. რა საქმისთვის განასწავლა იესომ თავისი მოწაფეები?
11 იესო თავის მოწაფეებს ასწავლიდა, მშვიდობის შესახებ ღვთის ცნობა ექადაგათ. მათ შეიგნეს, რომ, როგორც იესო იყო იეჰოვას „მოწმე სარწმუნო და ჭეშმარიტი“, ასევე ისინი იყვნენ ვალდებული, რომ დაემოწმებინათ (გამოცხადება 3:14, სსგ; ესაია 43:10–12). ისინი იესოს უყურებდნენ, როგორც თავიანთ წინამძღოლს.
12. როგორ აჩვენა პავლემ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამქადაგებლო საქმიანობა?
12 პავლე მოციქული მსჯელობდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამქადაგებლო საქმიანობა, როცა ამბობდა: «წერილი ამბობს: „ყოველი მისი მორწმუნე არ შერცხვება“». ესე იგი არავის, ვინც რწმენას ავლენს იესო ქრისტესადმი, როგორც იეჰოვას მიერ მოვლენილი გადარჩენის მთავარი წარმომადგენლისადმი, იმედი არ გაუცრუვდება. და არც ეთნიკური წარმოშობა თამაშობს გადამწყვეტ როლს, ვინაიდან პავლემ დაამატა: „ამაში არ არის განსხვავება იუდეველსა და წარმართს შორის, ვინაიდან ერთი უფალი არის ყველაზე. ის უხვია ყველასათვის, ვინც მას მოუხმობს. რადგან ყოველი, ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩება“ (რომაელთა 10:11–13). მაგრამ როგორ უნდა გაეგო ხალხს ამ შესაძლებლობის შესახებ?
13. რა იყო საჭირო, რომ ხალხს კეთილი ცნობა მოესმინა და როგორ გამოეხმაურნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები ამ საჭიროებას?
13 ამ საჭიროების განსახილველად პავლემ დასვა კითხვები, რომლებზეც იეჰოვას თითოეულმა მსახურმა კარგად უნდა იფიქროს. მოციქულმა იკითხა: „როგორ მოუხმონ მას, ვინც არ იწამეს? როგორ ირწმუნონ, ვის შესახებაც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე? და როგორ იქადაგონ, თუ წარგზავნილები არ არიან?“ (რომაელთა 10:14, 15). ადრინდელი ქრისტიანობის შესახებ ჩანაწერები იმის ნათელ დადასტურებას შეიცავს, რომ მამაკაცები და ქალები, ახალგაზრდები და ხანდაზმულები გამოეხმაურნენ იესოსა და მისი მოციქულების მიერ დატოვებულ მაგალითს. ისინი კეთილი ცნობის გულმოდგინე მქადაგებლები გახდნენ. იესოს მიბაძვით, ისინი უქადაგებდნენ ხალხს ყველგან, სადაც კი შეეძლოთ მათი ნახვა. სურვილით — არავინ გამორჩენოდათ — ისინი თავიანთ მსახურებას ასრულებდნენ საზოგადოებრივ ადგილებში და სახლებში (საქმეები 17:17; 20:20).
14. როგორ გამართლდა, რომ კეთილი ცნობის გამომცხადებელთა „ფერხნი“ ‘მშვენიერი’ იყო?
14 რასაკვირველია, ქრისტიან მქადაგებლებს ყველა არ შეხვდა კეთილგანწყობილებით. მიუხედავად ამისა, პავლეს მიერ მოყვანილი ციტატა ესაიას 52:7-დან ჭეშმარიტი აღმოჩნდა. შეკითხვის შემდეგ — „როგორ იქადაგონ, თუ წარგზავნილები არ არიან?“ — პავლემ დაამატა: «როგორც წერია: „რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფერხნი!“» ჩვენგან უმეტესობა არ ვფიქრობთ, რომ მშვენიერი ან ლამაზი ფეხები გვაქვს. მაშ რას ნიშნავს ეს მუხლი? ეს ის ფეხებია, რომლებიც ადამიანს დაატარებს, რათა უქადაგოს სხვებს. ასეთი ფეხები ნამდვილად პიროვნებას ასახიერებს. და შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ბევრისთვის, რომლებიც კეთილ ცნობას მოციქულებისა და პირველ საუკუნეში იესო ქრისტეს სხვა მოწაფეებისგან ისმენდნენ, ეს ადრინდელი ქრისტიანები, მართლაც, მშვენივრად გამოიყურებოდნენ (საქმეები 16:13–15). უფრო მეტიც, ისინი ღვთის თვალში იყვნენ ძვირფასნი.
15, 16. ა) როგორ აჩვენეს ადრინდელმა ქრისტიანებმა, რომ ჭეშმარიტად მშვიდობის მაცნეები იყვნენ? ბ) რა გვეხმარება, რომ ჩვენი მსახურება პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად შევასრულოთ?
15 იესოს მიმდევრებს მშვიდობის ცნობა ჰქონდათ და მას მშვიდი მანერებით გადასცემდნენ. იესომ თავის მოწაფეებს ასეთი მითითებები მისცა: „რომელ სახლშიც შეხვიდეთ, უწინ ეს თქვით: მშვიდობა ამ სახლს! თუ იქნება იქ მშვიდობის ძე, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა. თუ არა და, თქვენვე დაგიბრუნდებათ“ (ლუკა 10:5, 6). „შა·ლომʹ“-ი, ანუ „მშვიდობა“, ტრადიციული ებრაული მისალმებაა. მაგრამ იესოს მითითებები ამაზე ბევრად უფრო მეტს მოიცავდა. როგორც „ქრისტესმიერი ელჩები“, ცხებული მოწაფეები ხალხს შეაგონებდნენ: „შეურიგდით ღმერთს“ (2 კორინთელთა 5:20). იესოს მითითებების თანახმად, ისინი ადამიანებს ელაპარაკებოდნენ ღვთის სამეფოზე და იმაზე, თუ რა მნიშვნელობა შეიძლებოდა ჰქონოდა ამას თითოეული მათგანისთვის. მომსმენმა — კურთხევა მიიღო; ცნობის უარმყოფელმა — ბევრი დაკარგა.
16 დღეს იეჰოვას მოწმეები მსგავსადვე ასრულებენ თავიანთ მსახურებას. კეთილი ცნობა, რომელსაც ხალხს აწვდიან, მათი არ არის; ის მათ წარმგზავნელს ეკუთვნის. მათი დავალება ამ ცნობის გადაცემაა. თუ ადამიანები მიიღებენ მას, შესანიშნავ კურთხევებს მოიმკიან. თუ უარყოფენ მას, ისინი უარყოფენ მშვიდობას იეჰოვა ღმერთთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან (ლუკას 10:16).
მშვიდობისმოყვარენი მშფოთვარე წუთისოფელში
17. როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინაც კი, როცა პირისპირ ვხვდებით შეურაცხმყოფელ ხალხს და რატომ?
17 როგორი რეაგირებაც არ უნდა ჰქონდეთ ადამიანებს, მნიშვნელოვანია, იეჰოვას მსახურებს ახსოვდეთ, რომ ღვთიური მშვიდობის მაცნეები არიან. ქვეყნიური ხალხი, შესაძლოა, ცხარედ კამათობს და მწარე შენიშვნებით ან შეურაცხმყოფი ყვირილით ავლენს რისხვას იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც აღიზიანებენ. ალბათ, ზოგიერთი ჩვენგანიც ამგვარად იქცეოდა წარსულში. მაგრამ, თუ ახალ კაცად შევიმოსეთ და ახლა აღარა ვართ ამ წუთისოფლის ნაწილი, არ მივბაძავთ ასეთი ადამიანების გზებს (ეფესელთა 4:23, 24, 31; იაკობი 1:19, 20). სხვების მოქმედების მიუხედავად, ჩვენ გამოვიყენებთ რჩევას: „თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით“ (რომაელთა 12:18).
18. როგორ უნდა ვუპასუხოთ, თუ სახელმწიფო მოხელე ჩვენდამი უხეშია და რატომ?
18 ჩვენმა მსახურებამ ზოგჯერ შეიძლება სახელმწიფო მოხელეებამდე მიგვიყვანოს. საკუთარი უფლებამოსილების გამოსაჩენად მათ შეიძლება ‘მოგვთხოვონ’ ახსნა-განმარტება, თუ რატომ ვაკეთებთ ამა თუ იმ რამეს ან რატომ ვიკავებთ თავს ზოგიერთ საქმეში მონაწილეობისგან. მათ შეიძლება მოისურვონ იმის გაგება, თუ რატომ ვქადაგებთ ამ ცნობას — ცნობას, რომელიც ამხელს ცრუ რელიგიას და ამცნობს თანამედროვე სისტემის აღსასრულს. ქრისტეს მიერ დატოვებული მაგალითის პატივისცემა გვიბიძგებს, სიმშვიდე და მოწიწება გამოვავლინოთ (1 პეტრე 2:23; 3:15). ხშირად ასეთი მოხელეები სამღვდელოების ან, შესაძლოა, თავიანთი ზემდგომების ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან. მშვიდი პასუხი შეიძლება დაეხმაროს მათ იმის გაგებაში, რომ ჩვენი საქმიანობა საშიშროებას არ უქმნის არც მათ, არც საზოგადოებრივ მშვიდობას. ასეთი პასუხი პატივისცემის, თანამშრომლობისა და მშვიდობის სულს წარმოქმნის მათში, ვინც კეთილგანწყობით შეხვდება მას (ტიტე 3:1, 2).
19. რა საქმეებში არ ერევიან იეჰოვას მოწმეები არასდროს?
19 მთელი დედამიწის ზურგზე იეჰოვას მოწმეები ისეთ ადამიანებად არიან ცნობილი, რომლებიც არ ერევიან წუთისოფლის კამათში. ისინი არ ერევიან რასობრივ, რელიგიურ ან პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებულ ქვეყნიურ კონფლიქტებში (იოანე 17:14). ვინაიდან ღვთის სიტყვა გვიბრძანებს, ‘დავემორჩილოთ უმაღლეს ხელმწიფებას’, აზრადაც კი არ მოგვივიდოდა მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის გასაცხადებლად სამოქალაქო უწესრიგობაში მონაწილეობა (რომაელთა 13:1). იეჰოვას მოწმეები არასოდეს უერთდებიან მთავრობის დასამხობად გამიზნულ მოძრაობებს. იეჰოვას მიერ თავისი ქრისტიანი მსახურებისთვის დადგენილი ნორმების მხედველობაში მიღებით, წარმოუდგენელია ნებისმიერი სახის სისხლის ღვრასა თუ ძალადობაში მათი მონაწილეობა! ჭეშმარიტი ქრისტიანები არა მხოლოდ ლაპარაკობენ მშვიდობაზე; ისინი იმასთან შეთანხმებულად ცხოვრობენ, რასაც ქადაგებენ.
20. მშვიდობასთან დაკავშირებით, როგორი სახელი მოიხვეჭა დიდმა ბაბილონმა?
20 ჭეშმარიტი ქრისტიანების საპირისპიროდ ქრისტიანული სამყაროს რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ვერ გამოავლინეს, რომ მშვიდობის მაცნეები არიან. დიდი ბაბილონის რელიგიები — ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები და აგრეთვე არაქრისტიანული რელიგიები — თვალს ხუჭავენ, მხარს უჭერენ და, ფაქტობრივად, სათავეში უდგებიან ერთა შორის ომებს. ისინი აგრეთვე იეჰოვას ერთგული მსახურების დევნისა და მკვლელობისკენაც კი აქეზებენ. ამიტომ, დიდ ბაბილონთან დაკავშირებით, გამოცხადების 18:24 აცხადებს: „მასშია ნაპოვნი წინასწარმეტყველთა, წმიდათა და დედამიწაზე ყველა მოკლულის სისხლი“.
21. როგორ რეაგირებას ახდენს მრავალი გულწრფელი ადამიანი, როცა იეჰოვას ხალხისა და ცრუ რელიგიის წარმომადგენლების ქცევაში განსხვავებას ხედავს?
21 ქრისტიანული სამყაროს რელიგიებისა და დიდი ბაბილონის დანარჩენი ნაწილის საპირისპიროდ ჭეშმარიტი რელიგია ნამდვილ გამაერთიანებელ ძალას წარმოადგენს. იესო ქრისტემ თავის ჭეშმარიტ მიმდევრებს უთხრა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:35). ეს სიყვარული სცდება ეროვნულ, სოციალურ, ეკონომიკურ და რასობრივ საზღვრებს, რაც ამჟამად კაცობრიობის დანარჩენ ნაწილში განხეთქილებას იწვევს. მთელი დედამიწის ზურგზე ამის შემხედვარე მილიონობით ადამიანი იეჰოვას ცხებულ მსახურებს ეუბნება: „თქვენთან წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთი“ (ზაქარია 8:23).
22. როგორ ვუყურებთ დამოწმების საქმეს, რომელიც ჯერ კიდევ შესასრულებელია?
22 როგორც იეჰოვას ხალხს, მიღწეული შედეგები დიდად გვახარებს, მაგრამ საქმე ჯერ არ დასრულებულა. დათესვისა და მინდვრის დამუშავების შემდეგ მიწათმოქმედი არ წყვეტს სამუშაოს. ის აგრძელებს მუშაობას, განსაკუთრებით გაჩაღებული მკის დროს. მკის პერიოდი უწყვეტ, ინტენსიურ ძალისხმევას მოითხოვს. და სწორედ ახლა წინანდელზე მეტად მიმდინარეობს ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემელთა უდიდესი მკა. ეს სიხარულის დროა (ესაია 9:2). მართალია, ჩვენ ვაწყდებით წინააღმდეგობასა და გულგრილობას. როგორც ადამიანებს, შეიძლება სერიოზული ავადმყოფობის, რთული ოჯახური მდგომარეობის ან ეკონომიკური სიძნელეების გამკლავება გვიწევს. მაგრამ იეჰოვას სიყვარული აღგვძრავს, დაუცხრომლები დავრჩეთ. ცნობა, რომელიც ღვთისგან მოგვენდო, ისეთი რამეა, რის მოსმენაც ადამიანებს ესაჭიროებათ. ეს მშვიდობის ცნობაა. ეს ნამდვილად ის ცნობაა, რომელსაც თვითონ იესო ქადაგებდა — კეთილი ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ.
როგორია შენი პასუხი?
◻ როგორ შესრულდა ესაიას 52:7 ძველ ისრაელზე?
◻ როგორ გამოავლინა იესომ, რომ მშვიდობის უდიდესი მაცნე იყო?
◻ როგორ დაუკავშირა პავლე მოციქულმა ესაიას 52:7 საქმეს, რომელშიც ქრისტიანები მონაწილეობენ?
◻ რას შეიცავს მშვიდობის მაცნეებად ყოფნა ჩვენს დღეებში?
[სურათები მე-13 გვერდზე]
იესოს მსგავსად, იეჰოვას მოწმეები ღვთიური მშვიდობის მაცნეები არიან.
[სურათები მე-15 გვერდზე]
მოწმეები მშვიდობისმოყვარენი რჩებიან იმის მიუხედავად, თუ როგორ რეაგირებს ხალხი სამეფოსთან დაკავშირებულ ცნობაზე.