ვიცხოვრებთ ფენებად დაუყოფელ საზოგადოებაში?
ჯონ ადამსი, შეერთებული შტატების მეორე პრეზიდენტი, ერთ-ერთი მათგანი იყო, რომელმაც ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციას, რომელშიც ასეთი კეთილშობილური სიტყვები ეწერა: „ჩვენი აზრით, თავისთავად ცხადია, რომ ყველა ადამიანი თანასწორად არის შექმნილი“. და მაინც, ეტყობა, ჯონ ადამსი ეჭვობდა, რომ ადამიანები ნამდვილად თანასწორები იყვნენ, რადგან თქვა: „ყოვლისშემძლე ღმერთმა ადამიანთა ბუნება გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობებით იმდენად უთანასწოროდ აღჭურვა, რომ ვერც ერთი უზადოდ შემუშავებული გეგმითა თუ პოლიტიკით ვერ მიიღწევა თანასწორობა“. ამის საპირისპიროდ, ბრიტანელ ისტორიკოსს ჰერბერტ უელსს შეეძლო წარმოედგინა ისეთი საზოგადოება, სადაც ადამიანები ერთმანეთის თანასწორი იქნებოდნენ. ასეთ საზოგადოებას საფუძვლად სამი რამ ედო: მთელ მსოფლიოში ერთი, მაგრამ წმინდა და შეუბღალავი რელიგია, საყოველთაო განათლება და მსოფლიო შეიარაღებული ძალების გარეშე.
კაციობრიობის ისტორიაში დღემდე ვერ შეიქმნა ისეთი საზოგადოება, როგორიც უელსს წარმოედგინა, სადაც ყველა ადამიანი თანასწორი იქნებოდა. ადამიანები ძალიან შორს არიან თანასწორობისგან და საზოგადოება კვლავაც ფენებადაა დაყოფილი. მოუტანა ასეთმა უთანასწორობამ საზოგადოებას რაიმე კარგი? არა! კლასობრივმა სისტემამ დაანაწევრა ადამიანები და შედეგად მხოლოდ შური, სიძულვილი, გულის ტკივილი და სისხლის აუწყველი ნიაღვარი მოიტანა. ადამიანთა შორის ერთ დროს გაბატონებულ თვალსაზრისს, რომ თეთრკანიანები შავკანიანებზე უპირატესობდნენ, შედეგად აფრიკაში, ავსტრალიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრებ ფერადკანიანთა ტანჯვა-წამება და ვან-დიმენის (ამჟამად ტასმანია, ავსტრალია) მკვიდრი მოსახლეობის საერთო გენოციდი მოჰყვა. ევროპაში ებრაელების სხვაზე დაბლა მდგომ ერად მიჩნევამ ჰოლოკაუსტს ჩაუყარა საფუძველი. არისტოკრატების უდიდესმა სიმდიდრემ და საშუალო და დაბალ ფენებს შორის უკმაყოფილებამ მე-18 საუკუნეში საფრანგეთის, ხოლო მე-20 საუკუნეში რუსეთის ბოლშევიკურ რევოლუციას შეუწყო ხელი.
წარსულში ერთმა ბრძენმა კაცმა დაწერა: „კაცი კაცზე მძლავრობდა თავისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9). მისი სიტყვები ჭეშმარიტებას წარმოადგენს, იმისგან დამოუკიდებლად, ადამიანი ბატონობს ადამიანზე თუ საზოგადოების რომელიმე ჯგუფი. როდესაც საზოგადოების ერთი ჯგუფი მეორეზე მაღალ პოზიციას იკავებს, შედეგად აუცილებლად ტანჯვა-წამება და უბედურება მოაქვს.
ღვთისთვის ყველა ადამიანი თანასწორია
დგას საზოგადოების რომელიმე ჯგუფი სხვაზე მაღლა? ღვთისთვის არა. ბიბლია ამბობს: „ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი მოდგმა, რათა დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ. წინასწარ დააწესა მათ დასასახლებლად დრონი დ საზღვრები“ (საქმეები 17:26). უფრო მეტიც, შემოქმედი „მთავრებს არ მიჰკერძავს და არ განარჩევს მდიდარს და ღარიბს, რადგან ყველანი მისი ხელით არიან შექმნილნი“ (იობი 34:19). ყველა ადამიანს ერთი წინაპარი ჰყავს და ღვთის თვალში ყველა თანასწორი დაიბადა.
ნურც იმას დაივიწყებთ, რომ, როდესაც ადამიანი კვდება, ყველა დიდება და პატივი, რომლითაც ის სხვაზე მაღლა იდგა, ქრება. ძველ ეგვიპტელებს არ სჯეროდათ ამის. როდესაც ფარაონი მოკვდებოდა, საფლავში უამრავ ოქროს ნივთებს ატანდნენ, რადგან სჯეროდათ, რომ სიკვდილის შემდეგ კვლავ ფარაონი იქნებოდა და ეს ნივთები დასჭირდებოდა. ნამდვილად ასე იყო ეს? არა. ამ სიმდიდრის დიდი ნაწილი საფლავების მძარცველთა ხელში აღმოჩნდა; ბევრი ნივთი კი, რომელთა წაღებაც მძარცველებმა ვერ მოახერხეს, დღეს მუზეუმებში ინახება.
ფარაონსნამდვილად არ შეეძლო იმ ძვირფასი ნივთების გამოყენება, რადგან მკვდარი იყო. სიკვდილის მერე არ არსებობს მაღალი ან დაბალი ფენა; არც სიმდიდრე და სიღარიბე. ბიბლია ამბობს: „ბრძენნი იხოცებიან, ბრიყვისა და სულელის მსგავსად იღუპებიან. ადამიანი პატივისცემაში ვერ დარჩება; მიმსგავსებულია დასაკლავ პირუტყვს“ (ფსალმუნი 48:11, 13). მეფეები ვართ თუ მონები, ყველა ჩვენგანისთვის ჭეშმარიტებას წარმოადგენს ღვთის შთაგონებით დაწერილი ეს სიტყვები: „მკვდრებმა არაფერი იციან და აღარც საზღაური მიეზღვებათ... არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში, სადაც მიდიხარ“ (ეკლესიასტე 9:5, 10).
ღვთის თვალში ყველა თანასწორი დავიბადეთ და სიკვდილის მერეც თანასწორი ვართ. მაშ რამდენად უაზრობაა ერთი რომელიმე ჯგუფის აღზევება და სხვების ჩაგვრა ჩვენს ხანმოკლე წუთისოფელში!
დაუყოფელი საზოგადოება — როგორ?
არსებობს რაიმე იმედი იმისა, რომ ოდესმე დამყარდება ისეთი საზოგადოება, სადაც სოციალური ფენები აღარ იარსებებენ? დიახ, არსებობს! დაახლოებით 2000 წლის წინათ, როდესაც იესო დედამიწაზე ცხოვრობდა, ასეთ საზოგადოებას ჩაუყარა საფუძველი. იესომ საკუთარი სიცოცხლე გამომსყიდველურ მსხვერპლად გაიღო ყველა მორწმუნისთვის, რათა „ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16).
იესომ იმის საჩვენებლად, რომ არც ერთ მის მიმდევარს სხვაზე მეტად არ შეერაცხა თავი, თქვა: „თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის, ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი — ქრისტე და თქვენ ყველანი ძმები ხართ. ნურც მამას უწოდებთ ნურავის ქვეყანაზედ, ვინაიდან ერთი მამა გყავთ — ზეციერი. ნურც წინამძღვარს გიწოდებენ, ვინაიდან წინამძღვარი ერთი გყავთ თქვენ — ქრისტე. უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს. ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება“ (მათე 23:8—12). ღვთის თვალში ქრისტეს ყველა ჭეშმარიტი მოწაფე რწმენაში თანასწორია.
თვლიდნენ ადრინდელი ქრისტიანები საკუთარ თავს ერთიმეორის თანასწორად? მათ, ვინც იესოს სწავლებას ჩასწვდა, ეჭვი არ ეპარებოდათ ამაში. ისინი რწმენაში ერთმანეთის თანასწორად მიიჩნევდნენ თავს და ამას იმით აჩვენებდნენ, რომ ერთმანეთს „ძმაო“-თი მიმართავდნენ (ფილიმონი 1, 7, 20). არავის აქეზებდნენ, რომ საკუთარი თავი სხვაზე უკეთესი ჰგონებოდა. მაგალითად, განვიხილოთ, თუ როგორ თავმდაბალ პიროვნებად წარმოგვიდგინა საკუთარი თავი პეტრემ თავის მეორე წერილში: „სიმონ-პეტრე, იესო ქრისტეს მონა და მოციქული, მათ, ვინც მიიღო იგივე ძვირფასი რწმენა, რაც ჩვენ“ (2 პეტრე 1:1). პეტრე პირადად იესოსგან იყო დამოძღვრილი და როგორც მოციქულს, საპასუხისმგებლო მდგომარეობა ეკავა. მიუხედავად ამისა, საკუთარ თავს მონად მიიჩნევდა და იცოდა, რომ რწმენის საკითხში სხვა ქრისტიანებიც მისი თანასწორი იყვნენ.
ზოგმა შეიძლება თქვას, რომ თავად ის ფაქტი, როდესაც ქრისტიანობამდე ღმერთმა ისრაელი თავის საკუთარ ერად გამოარჩია, თანასწორობის პრინციპს ეწინააღმდეგება (გამოსვლა 19:5, 6). ისინი შეიძლება აცხადებენ, რომ ამით რასობრივ უპირატესობას ესმებოდა ხაზი, მაგრამ ეს ასე არ იყო. ისრაელებს, როგორც აბრაამის შთამომავლებს, ნადვილად ჰქონდათ ღმერთთან განსაკუთრებული ურთიერთობა და სწორედ მათი მეშვეობით უნდა გამჟღავნებულიყო ჭეშმარიტება (რომაელთა 3:1, 2). მაგრამ ასეთი ურთიერთობის მიზანი ერის განდიდება არ ყოფილა. პირიქით, მათით ‘ყველა ერი უნდა კურთხეულიყო’ (დაბადება 22:18; გალატელთა 3:8).
აღმოჩნდა, რომ ისრაელიანთა უმეტესობამ არ გამოავლინა ისეთივე რწმენა, როგორიც მათ წინაპარს, აბრაამს,ჰქონდა. ისინი ორგულები იყვნენ და უარყვეს იესო, როგორც მესია. ამიტომ ღმერთმაც უარყო ისინი (მათე 21:43). მიუხედავად ამისა, თვინიერმა ადამიანებმა ხელიდან არ გაუშვეს აღთქმული კურთხევების მიღების შანსი. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ქრისტიანული კრება დაარსდა. ამ ქრისტიანულ ორგანიზაციას, რომლის წევრებიც სულითცხებულები იყვნენ, „ღვთის ისრაელი“ ეწოდა. სწორედ მათი მეშვეობით უნდა კურთხეულიყვნენ თვინიერნი (გალატელთა 6:16).
კრების ზოგ წევრს ესაჭიროებოდა, ესწავლა, თუ რას ნიშნავდა თანასწორობა. მაგალითად, მოწაფე იაკობმა რჩევა მისცა მათ, რომლებიც მდიდარ ქრისტიანებს ღარიბებთან შედარებით მეტი პატივისცემით ექცეოდნენ (იაკობი 2:1—4). ასეთი მიდგომა მიუღებელი იყო. მოციქულმა პავლემ აჩვენა, რომ ებრაელი ქრისტიანები არაებრაელ ქრისტიანებზე ვერაფრით უპირატესობდნენ და არც ქრისტიანი დედაკაცები იდგნენ მამაკაცებზე დაბლა. მან დაწერა: „თქვენ ყველანი ღვთის შვილები ხართ ქრისტე იესოში რწმენით. ვინაიდან, რაკი ყველა მოინათლეთ ქრისტეში, ქრისტეში შეიმოსენით. უკვე აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში“ (გალატელთა 3:26—28).
თანამედროვე დაუყოფელი საზოგადოება
დღეს იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, რომ ბიბლიის პრინციპების თანახმად იცხოვრონ. მათ იციან, რომ ღმერთი ადამიანებს სოციალურ ფენებად არ ყოფს. ამიტომ, მათთან არ არსებობს საყოველთაოდ გავრცელებული სისტემა, როდესაც სამდღვდელოება მრევლზე მაღლა დგას. ისინი არც კანის ფერითა და სიმდიდრით განარჩევენ ადამიანებს. თუმცა, ზოგი მათგანი შეიძლება მდიდარიც იყოს, მაგრამ ‘ქონებით არ ტრაბახობენ’, რადგან ესმით, რომ ეს ყველაფერი წარმავალია (1 იოანე 2:15—17, აქ). პირიქით, ყველა მათგანი გაერთიანებულად სცემს თაყვანს სამყაროს უზენაეს მმართველს, იეჰოვა ღმერთს.
ყოველი მათგანი იღებს პასუხისმგებლობას, რომ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა მოყვასს გაუზიაროს. იესოს მსგავსად, ისინი იმ ადამიანებს, რომელებიც ცხოვრებამ დაჩაგრა და ზურგი აქცია, პატივს სცემენ, სახლებში აკითხავენ და ღვთის სიტყვის შესწავლას სთავაზობენ. ასეთი მოკრძალებული ადამიანები თანამშრომლობენ ისეთ ხალხთან, რომლებიც, მავანთა წარმოდგენით, საზოგადოების უმაღლეს ფენებს მიეკუთვნებიან. მნიშვნელობა კი სულიერ თვისებებს ენიჭება და არა იმას, თუ რომელ სოციალურ ფენას მიეკუთვნება ადამიანი. როგორც პირველი საუკუნის ქრისტიანები, რწმენაში ყველანი ძმები და დები არიან.
თანასწორობა მრავალმხრივია
თავისთავად ცხადია, თანასწორობა სრულ ერთგვარობას არ ნიშნავს. მამაკაცები და ქალები, მოხუცები და ახალგაზრდები — ყველანი ქრისტიანული ორგანიზაციის წევრები არიან, რომელთა შორის უამრავი რასის, ენის, ეროვნებისა და ეკონომიური მდგომარეობის მქონე ადამიანია. მათაც, ყველა ადამიანის მსგავსად, განსხვავებული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები აქვთ. მაგრამ ეს სხვაობები მათ სხვებზე მაღლა ან დაბლა არ აყენებს. პირიქით, ეს განსხვავებულობა შესანიშნავ მრავალფეროვნებას ქმნის. მათ იციან, რომ ნებისმიერი ნიჭი ღვთისგან ბოძებულია და სხვაზე უპირატესად არ უნდა შერაცხონ თავი.
ადამიანის მცდელობას, თავად ჩაეგდო ხელში მმართველობა, ვიდრე ღვთის პრინციპებით ეხელმძღვანელა, შედეგად საზოგადოების სხვადასხვა ფენებად დაყოფა მოჰყვა. მალე დედამიწაზე ღვთის სამეფო გაბატონდება და ადამიანის ხელით შექმნილი სხვაობა საზოგადოების ფენათა შორის, სხვა მრავალ საწუხართან ერთად, რომელიც საუკუნეებია ტანჯავს ადამიანს, დავიწყებას მიეცემა. მაშინ ნამდვილად ‘დაიმკვიდრებენ თავმდაბალნი ქვეყნიერებას’ (ფსალმუნი 37:11). ყველა მიზეზი, რითაც, ერთი ადამიანი მეორეზე ვითომდა უპირატესობით იკვეხნის, წარსულს ჩაჰბარდება და მსოფლიო საძმო სოციალურ ფენებად აღარასოდეს დაიყოფა.
[ჩანართი 5 გვერდზე]
შემოქმედი „არ მიჰკერძავს და არ განარჩევს მდიდარს და ღარიბს, რადგან ყველანი მისი ხელით არიან შექმნილი“ (იობი 34:19).
[სურათი 6 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეები პატივისცემით ეპყრობიან მოყვასს.
[სურათები 7 გვერდზე]
ჭეშმარიტ ქრისტიანებს შორის სულიერ ფასეულობებს ენიჭება უპირატესობა.