რას გამოააშკარავებს იეჰოვას დღე?
„იეჰოვას დღე ქურდივით მოვა . . . დედამიწა და მისი საქმეები კი გამოაშკარავდება“ (2 პეტ. 3:10).
1, 2. ა) როგორ განადგურდება დღევანდელი ბოროტი ქვეყნიერება? ბ) რა კითხვებს გაეცემა პასუხი ამ სტატიაში?
დღევანდელი ბოროტი ქვეყნიერება ერთ დიდ ტყუილს ეფუძნება, კერძოდ იმას, რომ ადამიანი ღვთის დახმარების გარეშეც წარმატებით მართავს მსოფლიოს (ფსალმ. 2:2, 3). შეიძლება მარადიულად იარსებოს იმან, რასაც საფუძვლად სიცრუე უდევს? ნამდვილად არა! თუმცა ჩვენ იმის ლოდინი არ მოგვიწევს, თავისით როდის განადგურდება სატანის ქვეყნიერება, რადგან გვჯერა, რომ ამ ქვეყნიერებას ღმერთი გაანადგურებს დანიშნულ დროს ზუსტად ისე, როგორც მან განიზრახა. ბოროტ ქვეყნიერებაზე განაჩენის აღსრულებისას სრულყოფილად წარმოჩნდება ღვთის სამართლიანობა და სიყვარული (ფსალმ. 92:7; იგავ. 2:21, 22).
2 მოციქულმა პეტრემ დაწერა: „იეჰოვას დღე ქურდივით მოვა. მაშინ ცა გრგვინვით სწრაფად გადაივლის, ხოლო შემადგენელი ნაწილები სიმხურვალისგან დაიშლება, დედამიწა და მისი საქმეები კი გამოაშკარავდება“ (2 პეტ. 3:10). რა იგულისხმება „ცაში“ და რა — „დედამიწაში“? რა „შემადგენელი ნაწილები“ დაიშლება? რა ჰქონდა პეტრეს მხედველობაში, როცა თქვა, რომ დედამიწა და მისი საქმეები გამოაშკარავდებოდა? ამ კითხვებზე პასუხები დაგვეხმარება, მომზადებულები შევხვდეთ იმ შიშის მომგვრელ მოვლენებს, რომლის მომსწრენიც უახლოეს მომავალში გავხდებით.
ცა და დედამიწა, რომელიც გადაივლის
3. რა იგულისხმება 2 პეტრეს 3:10-ში მოხსენიებულ „ცაში“ და როგორ გადაივლის ის?
3 ბიბლიაში „ცას“ ზოგჯერ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და მასში ხშირად იგულისხმება მმართველი ძალები, რომლებიც თავიანთ ქვეშევრდომებზე არიან აღზევებულნი (ეს. 14:13, 14; გამოცხ. 21:1, 2). ‘ცით, რომელიც გადაივლის’, წარმოდგენილია ადამიანთა მთავრობები, რომლებიც უღვთო საზოგადოებაზე მმართველობენ, ხოლო ცის გრგვინვით გადავლა შესაძლოა მის მყისიერ განადგურებას ნიშნავს.
4. რა არის წარმოდგენილი „დედამიწით“ და როგორ განადგურდება ის?
4 „დედამიწით“ წარმოდგენილია ღვთისგან გაუცხოებული ადამიანები. ასეთი ადამიანები ნოეს დროსაც ცხოვრობდნენ და ღვთის ნებით წარღვნით განადგურდნენ. „ახლანდელი ცა და დედამიწა კი იმავე სიტყვით ცეცხლისთვის არის გამზადებული და შემონახული უღვთოთა გასამართლებისა და დაღუპვის დღისთვის“ (2 პეტ. 3:7). წარღვნის დროს უღვთოები ერთდროულად მოისპნენ, ხოლო „დიდი გასაჭირის“ დროს დღევანდელი ქვეყნიერება ეტაპობრივად განადგურდება (გამოცხ. 7:14). დიდი გასაჭირის პირველ ეტაპზე ღმერთი აღძრავს მსოფლიოს პოლიტიკურ მმართველებს, გაანადგურონ „დიდი ბაბილონი“, რაც იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ეს რელიგიური მეძავი საძულველია ღვთისთვის (გამოცხ. 17:5, 16; 18:8). შემდეგ, დიდი გასაჭირის ბოლო ეტაპზე, არმაგედონში, უკვე იეჰოვა მოსპობს სატანის დარჩენილ ქვეყნიერებას (გამოცხ. 16:14, 16; 19:19—21).
„შემადგენელი ნაწილები . . . დაიშლება“
5. რა იგულისხმება „შემადგენელ ნაწილებში“?
5 რა იგულისხმება „შემადგენელ ნაწილებში“, რომლებიც დაიშლება? ერთი ბიბლიური ლექსიკონის თანახმად, „შემადგენელი ნაწილები“ განიმარტება როგორც „საწყისები“ ან „საფუძვლები“. მასში ნათქვამია, რომ სიტყვათა ეს შეთანხმება გამოიყენებოდა ანბანთან მიმართებით. ვინაიდან ანბანი ენის საფუძველია, პეტრეს მიერ მოხსენიებულ „შემადგენელ ნაწილებში“ იგულისხმება ის ძირითადი ნაწილები, რისგანაც ეს ქვეყნიერება შედგება — უღვთოთათვის დამახასიათებელი თვისებები, შეხედულებები, ცხოვრების წესი და მიზნები. მასში აგრეთვე შედის „ქვეყნიერების სული“, რომელიც „ურჩობის ძეებში მოქმედებს“ (1 კორ. 2:12; წაიკითხეთ ეფესოელების 2:1—3). სატანის ქვეყნიერება გაჟღენთილია ამ სულით ანუ „ჰაერით“. ეს სული ადამიანებზე გავლენას ახდენს და მათი აზროვნება, საუბარი, გეგმები თუ საქციელი ირეკლავს ამაყი და მოჯანყე „ჰაერის ძალაუფლების მთავრის“, სატანის აზროვნებას.
6. როგორ მოქმედებს ქვეყნიერების სული ადამიანებზე?
6 ქვეყნიერების სულით მოწამლული ადამიანები, ნებსით თუ უნებლიეთ, სატანას უფლებას აძლევენ, მათ გულსა და გონებაზე იმოქმედოს; ეს კი მათ აზროვნებასა და შეხედულებებზე აისახება. ისინი იმას აკეთებენ, რაც მოესურვებათ და არაფრად აგდებენ ღვთის მცნებებს. მათი ქცევები იმაზე მეტყველებს, რომ ამაყები, ეგოისტები, ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლები და ‘ხორცისა და თვალთა სურვილს’ აყოლილნი არიან (წაიკითხეთ 1 იოანეს 2:15—17 ).a
7. რატომ უნდა გავუფრთხილდეთ გულს?
7 ზემოთქმულიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გულს გავუფრთხილდეთ და ღვთიური სიბრძნით ვიხელმძღვანელოთ, როცა მეგობრებს, საკითხავ მასალასა და გართობას ვირჩევთ ან ინტერნეტის ვებ-გვერდებს ვსტუმრობთ (იგავ. 4:23). მოციქულმა პავლემ დაწერა: „ფრთხილად იყავით: შეიძლება ვინმემ გაგიტაცოთ ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, რომლებიც ეთანხმება ადამიანთა ადათ-წესებსა და ქვეყნიერების პრინციპებს და არა ქრისტეს“ (კოლ. 2:8). ეს გაფრთხილება განსაკუთრებით დღეს არის ყურადსაღები, რადგან იეჰოვას დღე ახლოვდება და მისი ჯერ არნახული სიმხურვალე სატანის ქვეყნიერების ყველა „შემადგენელ ნაწილს“ დაადნობს. ამ დროს გამოაშკარავდება, რომ ეს „შემადგენელი ნაწილები“ საერთოდ არ ყოფილა ცეცხლგამძლე. შესაძლოა გახსენდებათ მალაქიას 4:1-ში ჩაწერილი სიტყვები: „მოდის ღუმელივით გავარვარებული დღე და ყველა კადნიერი და ბოროტმოქმედი ნამჯასავით იქნება. შთანთქავს მათ ეს მომავალი დღე“.
„დედამიწა და მისი საქმეები გამოაშკარავდება“
8. როგორ გამოაშკარავდება დედამიწა და მისი საქმეები?
8 რას გულისხმობდა პეტრე სიტყვებში „დედამიწა და მისი საქმეები კი გამოაშკარავდება“? იმას, რომ დიდი გასაჭირის დროს იეჰოვა სააშკარაოზე გამოიტანს სატანის ქვეყნიერების საქმეებს. ამ დროს, ცხადი გახდება, რომ ეს ქვეყნიერება იეჰოვასა და მის სამეფოს მტრობდა და ამიტომ იმსახურებს განადგურებას. ესაიას 26:21-ში ამ დროზე ნაწინასწარმეტყველებია: „იეჰოვა მოდის თავისი ადგილიდან, რომ პასუხი მოჰკითხოს ქვეყნის მკვიდრს მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის. ქვეყანა გამოაჩენს სისხლის ღვრას და მეტად აღარ დაფარავს თავის დახოცილებს“.
9. ა) რაზე უნდა ვთქვათ უარი და რატომ? ბ) რა უნდა განვივითაროთ და რატომ?
9 იეჰოვას დღეს ისინი, ვინც ქვეყნიერებამ და მისმა სულმა თავის ყალიბში მოაქცია, თავიანთ ნამდვილ სახეს გამოაჩენენ და ერთმანეთსაც კი დახოცავენ. დღეს ბევრი ერთობა ძალადობის შემცველი პოპულარული გართობებით. მათი გონება, ასე ვთქვათ, დღესვე ემზადება იმ დროისთვის, როცა თითოეულის „ხელი თავისი მოძმის ხელის წინააღმდეგ აღიმართება“ (ზაქ. 14:13). მაშ, რამდენად მნიშვნელოვანია, უარი ვთქვათ კინოფილმებზე, წიგნებზე, ვიდეოთამაშებსა და იმ ყველაფერზე, რაც ღვთისთვის საძულველ თვისებებს განგვივითარებს, მაგალითად, სიამაყესა და ძალადობის სიყვარულს (2 სამ. 22:28; ფსალმ. 11:5). მოდი, განვივითაროთ ღვთის წმინდა სულის ნაყოფი, რადგან ეს თვისებები იეჰოვას დღეს ცეცხლგამძლე აღმოჩნდება (გალ. 5:22, 23).
„ახალი ცა და ახალი დედამიწა“
10, 11. რა არის „ახალი ცა“ და „ახალი დედამიწა“?
10 წაიკითხეთ 2 პეტრეს 3:13. „ახალი ცა“ არის ღვთის ზეციერი სამეფო, რომელიც 1914 წელს დამყარდა, ანუ იმ დროს, როცა „უცხოტომელთათვის დანიშნული დროები“ დასრულდა (ლუკ. 21:24). ამ ხელისუფლების სათავეში დგას ქრისტე იესო და მასთან ერთად მმართველობს 144 000, რომელთა უმეტესობამ ზეციერი ჯილდო უკვე მიიღო. წიგნ „გამოცხადებაში“ ეს რჩეული მმართველები წარმოდგენილი არიან როგორც „წმინდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ზეციდან, ღვთისგან ჩამომავალი და გამზადებული, როგორც ქმრისთვის მორთული პატარძალი“ (გამოცხ. 21:1, 2, 22—24). მიწიერი იერუსალიმი ძველი ისრაელის სატახტო ქალაქი იყო, ახალი იერუსალიმი და მისი პატარძალი კი ახალი ქვეყნიერების ხელისუფლებას წარმოადგენს. ეს ზეციერი ქალაქი ‘ზეციდან ჩამოვა’, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ზეციდან დედამიწაზე იმმართველებს.
11 „ახალი დედამიწა“ არის ადამიანთა ახალი საზოგადოება, რომელიც დედამიწაზე იცხოვრებს. ისინი ღვთის სამეფოს მორჩილი ქვეშევრდომები იქნებიან. სულიერი სამოთხე, რომლითაც დღეს უკვე ხარობს ღვთის ხალხი, ბოლოს და ბოლოს მთელ „მომავალ ქვეყნიერებაში“ გავრცელდება (ებრ. 2:5). ჩვენ როგორ შეგვიძლია გავხდეთ ამ ახალი ქვეყნიერების მოქალაქენი?
მოემზადეთ იეჰოვას დიდი დღისთვის
12. რატომ იქნება ქვეყნიერებისთვის იეჰოვას დიდი დღე თავზარდამცემი?
12 პავლე და პეტრე მოციქულებმა იწინასწარმეტყველეს, რომ იეჰოვას დღე ისე მოვიდოდა, როგორც ქურდი — ჩუმად და მოულოდნელად (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 5:1, 2). ეს იმდენად მოულოდნელად მოხდება, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანებიც კი, რომლებიც იეჰოვას დღის მოლოდინით ცხოვრობენ, გაკვირვებულები დარჩებიან (მათ. 24:44). მაგრამ ქვეყნიერებისთვის ეს გაკვირვებაზე მეტი იქნება. მოციქულმა პავლემ დაწერა: „როცა ილაპარაკებენ [იეჰოვასგან გაუცხოებული ადამიანები], მშვიდობა და უსაფრთხოებაო, მაშინ დაატყდებათ თავს მოულოდნელი განადგურება, როგორც ორსულ ქალს — მშობიარობის ტკივილები, და თავს ვერ დააღწევენ“ (1 თეს. 5:3).
13. რა უნდა გავაკეთოთ, რომ სატანის ტყუილს არ წამოვეგოთ?
13 „მშვიდობისა და უსაფრთხოების“ ძახილი სატანის მორიგი ტყუილი იქნება, თუმცა იეჰოვას მსახურები ამ ტყუილს არ წამოეგებიან. „სიბნელეში არა ხართ, რომ იმ დღემ მოგისწროთ, როგორც ქურდებს, რადგან თქვენ სინათლის ძეები და დღის ძეები ხართ“, — დაწერა პავლემ (1 თეს. 5:4, 5). ასე რომ, მოდი კვლავაც სინათლეში ვიაროთ, რათა არ აღმოვჩნდეთ სატანის ქვეყნიერების სიბნელეში. პეტრე წერდა: „საყვარელნო, რაკი ეს წინასწარ იცით, გაფრთხილდით, რომ თქვენც მათსავით [ქრისტიანულ კრებაში ცრუ მასწავლებლებივით] არ აგიყოლიოთ კანონის უგულებელმყოფელთა მცდარმა აზროვნებამ და არ დაკარგოთ სიმტკიცე“ (2 პეტ. 3:17).
14, 15. ა) რის ღირსად ჩაგვთვალა იეჰოვამ? ბ) რომელი ღვთივშთაგონებული სიტყვები უნდა ჩავიბეჭდოთ გულში?
14 დაუკვირდით, იეჰოვამ მხოლოდ ის კი არ გვითხრა, რომ ფრთხილად ვყოფილიყავით, არამედ იმის ღირსად ჩაგვთვალა, წინასწარ გვცოდნოდა ის ძირითადი მოვლენები, რაც მომავალში უნდა განვითარებულიყო.
15 სამწუხაროდ, ზოგი არაფრად აგდებს, ან უფრო უარესი, ცინიკურად უყურებს სულიერ სიფხიზლესთან დაკავშირებულ ღვთის შეხსენებებს. ისინი შეიძლება ამბობენ, რომ ეს გაფრთხილება ათეულობით წელია ესმით. მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ ასეთი აზროვნებით სინამდვილეში ეჭვქვეშ აყენებენ არა მხოლოდ გონიერი მონის, არამედ იეჰოვასა და იესოს გაფრთხილებებს. იეჰოვა გვეუბნება: „დაელოდე“! (აბაკ. 2:3). იესომაც გვითხრა: „იფხიზლეთ, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი“ (მათ. 24:42). გარდა ამისა, პეტრე წერდა: „მაშ, როგორები უნდა იყოთ წმინდა საქციელსა და ღვთისადმი ერთგულებაში თქვენ, ვინც ელით და ყოველთვის გახსოვთ ის დრო, როცა დადგება იეჰოვას დღე!“ (2 პეტ. 3:11, 12). ხელმძღვანელი საბჭო და მთლიანობაში გონიერი მონა ამ სიტყვებს არასერიოზულად არასდროს მოეკიდება!
16. როგორი აზროვნება არ უნდა განგვივითარდეს და რატომ?
16 სინამდვილეში, „ბოროტი მონა“ ფიქრობს, რომ ბატონი აყოვნებს (მათ. 24:48). ეს ბოროტი მონა ერთ-ერთი დამცინავთაგანია, ვისზეც 2 პეტრეს 3:3, 4-შია საუბარი. პეტრემ დაწერა: „ბოლო დღეებში მოვლენ დამცინავები, . . . [რომლებიც] თავიანთი სურვილებისამებრ მოიქცევიან“ და დაცინვას დაუწყებენ მათ, ვისაც ახსოვს და მორჩილად ელოდება იეჰოვას დღეს. ნაცვლად იმისა, რომ მთელი ყურადღება სამეფოს ინტერესებზე გადაიტანონ, ეს დამცინავები მხოლოდ საკუთარი ეგოისტური სურვილების დაკმაყოფილებაზე ფიქრობენ. მოდი, ნუ გავხდებით დაუმორჩილებლები და ნუ განვივითარებთ ასეთ საშიშ აზროვნებას! პირიქით, ‘უფლის მოთმინება ხსნად მივიჩნიოთ’ და დავკავდეთ სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებითა და მოწაფეების მომზადებით; ზედმეტად არ ვიფიქროთ იმაზე, თუ როდის მოხდება ესა თუ ის მოვლენა, რადგან ეს მხოლოდ იეჰოვა ღმერთის საქმეა (2 პეტ. 3:15; წაიკითხეთ საქმეების 1:6, 7 ).
მიენდეთ ხსნის ღმერთს
17. როგორ და რატომ გამოეხმაურნენ ერთგული ქრისტიანები იესოს რჩევას, გაქცეულიყვნენ იერუსალიმიდან?
17 მას შემდეგ, რაც ახ. წ. 66 წელს რომის ჯარი იუდეაში შეიჭრა, ერთგულმა ქრისტიანებმა ყურად იღეს იესოს გაფრთხილება და პირველივე შესაძლებლობისთანავე იერუსალიმიდან გაიქცნენ (ლუკ. 21:20—23). რატომ იმოქმედეს მათ ასე სწრაფად და გადაუდებლად? უეჭველია, ერთგულ ქრისტიანებს ახსოვდათ იესოს გაფრთხილება. მათ იესოსგან კარგად იცოდნენ, რომ ქალაქიდან გაქცევას სირთულეები მოჰყვებოდა; მაგრამ ისიც იცოდნენ, რომ იეჰოვა არასდროს მიატოვებდა თავის ერთგულ მსახურებს (ფსალმ. 55:22).
18. როგორ მოქმედებს ლუკას 21:25—28-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები თქვენს შეხედულებაზე დიდ გასაჭირთან დაკავშირებით?
18 ჩვენც ბოლომდე უნდა მივენდოთ იეჰოვას, რადგან მხოლოდ ის გვიხსნის, როცა ეს ქვეყნიერება არნახული გასაჭირის მომსწრე გახდება. დიდი გასაჭირის დაწყებიდან რომელიღაც მონაკვეთში, სანამ იეჰოვა სისრულეში მოიყვანს თავის განაჩენს დარჩენილ ქვეყნიერებაზე, „ხალხს გული წაუვა შიშით და იმის მოლოდინით, რა დაატყდება თავს მსოფლიოს“. მაგრამ იმ დროს, როცა ღვთის მტრები შიშისგან იკანკალებენ, იეჰოვას ერთგული მსახურები უშიშრად იქნებიან. უფრო მეტიც, ისინი გაიხარებენ, რადგან ეცოდინებათ, რომ მათი ხსნა ახლოვდება (წაიკითხეთ ლუკას 21:25—28).
19. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
19 მართლაც, არაჩვეულებრივი მომავალი ელით მათ, ვინც გამოყოფილია ქვეყნიერებისგან და მისი „შემადგენელი ნაწილებისგან“! შემდეგი სტატიიდან გავიგებთ, რომ მარადიული სიცოცხლის მისაღებად უფრო მეტია საჭირო, ვიდრე ცუდი საქმეებისგან თავის შეკავება, კერძოდ, ჩვენ იეჰოვას სასურველი თვისებები უნდა განვივითაროთ და მისი მოსაწონი საქმეები ვაკეთოთ (2 პეტ. 3:11).
[სქოლიო]
a დამატებითი ინფორმაცია ქვეყნიერების სულის ზემოქმედების შესახებ, იხილეთ წიგნში „მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე“, გვერდები 365—368.
შეგიძლიათ ახსნათ?
• რა იგულისხმება . . .
დღევანდელ „ცასა და დედამიწაში“?
„შემადგენელ ნაწილებში“?
„ახალ ცასა და ახალ დედამიწაში“?
• რატომ ვენდობით ბოლომდე ღმერთს?
[სურათი 5 გვერდზე]
როგორ უნდა გაუფრთხილდეთ გულს და დარჩეთ ქვეყნიერებისგან გამოყოფილი?
[სურათი 6 გვერდზე]
რით ცხადვყოფთ, რომ ‘ჩვენი უფლის მოთმინებას ხსნად მივიჩნევთ’?