მოთმინებით ლოდინი
მწყემსი, რომელიც ხშირად ტყუილად ყვირის „მგელი, მგელიო“! დროთა განმავლობაში ნახავს, რომ მის ყვირილს არავინ ეხმაურება. მსგავსად ამისა, დღეს მრავალი უგულებელყოფს იეჰოვას დღის გარდაუვალობას, ვინაიდან მათ არაერთი ისეთი გაფრთხილება სმენიათ, რომელიც საბოლოოდ არ გამართლდა. ის ფაქტი, რომ მრავალი ადამიანი ვერ არჩევს, რომელი გაფრთხილებაა ნამდვილი და ყურად არ იღებს მას, ხელს აძლევს ღვთის უდიდეს მტერს, სატანას, ცრუ ‘ნათლის ანგელოზს’ (2 კორინთელთა 11:14).
სიფხიზლის მოდუნება შეიძლება საშიში აღმოჩნდეს იმ პიროვნებებისთვისაც კი, რომლებიც გარკვეული ხანია, ემსახურებიან იეჰოვას. რატომ? განვიხილოთ მოციქულ პეტრეს გაფრთხილება, რომელიც პირველ საუკუნეში დაწერა.
დაფიქრდით
ღვთის შთაგონებით დაწერილი პეტრეს მეორე წერილი ადრინდელი ქრისტიანებისთვის შემხსენებლის როლს ასრულებდა და ეს ასევეა დღეს ჩვენთვისაც. ‘საყვარელნო, — წერს ის, — ამას უკვე მეორე წერილს გწერთ და ორთავეში შეხსენებით ვაღვიძებ თქვენს წრფელ აზრს’ (2 პეტრე 3:1). რის გამო წუხს პეტრე? ის ყურადღებას ამახვილებს დამცინავების არსებობაზე, რომლებიც ღვთის მსახურებში სიფხიზლეს ადუნებენ. ახლა ის დროა, როდესაც დამცინავებს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ გაგვაბრიყვონ. ამიტომ პეტრე მოუწოდებს მკითხველებს: „გახსოვდეთ წმიდა წინასწარმეტყველთა მიერ ადრევე თქმული სიტყვები“ (2 პეტრე 3:2; საქმეები 3:22, 23). რა თქვეს წინასწარმეტყველებმა?
ღვთის ერთგულმა მსახურებმა არაერთხელ გაამახვილეს ყურადღება, თუ როგორ ნადგურდებოდა ბოროტება გასანადგურებლად ღვთის სამსჯავროს მეშვეობით. პეტრე მკითხველებს შეახსენებს ნოეს დღეებში მომხდარ წარღვნას, რომელიც ღმერთმა ბოროტებით აღსავსე დედამიწის საქმეებში ჩარევის საშუალებად გამოიყენა. ამ წარღვნამ წალეკა იმ დროინდელი წუთისოფელი. მაგრამ ღმერთმა კიდობნის საშუალებით იხსნა ნოე და მისი ოჯახი და მათთან ერთად ‘ყოველგვარი ხორციელიდან’ წყვილ-წყვილი. მსოფლიოს ხალხთა ლეგენდებიც ადასტურებს ამ ბიბლიური ცნობის ჭეშმარიტებასa (დაბადება 6:19; 2 პეტრე 3:5, 6).
პეტრე ამ ღვთის ჩარევას ზოგი ადამიანისთვის ‘დაფარულს’ უწოდებს. მაშინ სხვებს იმ დღეებში არსებული დამცინავების გავლენით, სიფხიზლე მოუდუნდათ. ჩვენ კი არასოდეს უნდა დავივიწყოთ, თუ რა გააკეთა ადრე იეჰოვამ. პეტრე გვეუბნება: „ახლანდელი ცა და მიწა, რომლებიც იმავე სიტყვით ინახება, გამზადებულია საცეცხლოდ უღვთო კაცთა განკითხვისა და მოსპობის დღისათვის“ (2 პეტრე 3:7). დიახ, ღვთის ჩარევა კვლავ მოხდება.
ღმერთი არ აყოვნებს
გავიდა ათასობით წელი. რას ელოდება ღმერთი ასე დიდ ხანს და რატომ არ აგვარებს კაცობრიობის პრობლემებს? პეტრე კიდევ ერთ ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას. ის ამბობს: „ეს ერთი არ უნდა დაიფაროს თქვენგან, საყვარელნო, რომ უფლისათვის ერთი დღე არის, როგორც ათასი წელი, ხოლო ათასი წელი, როგორც ერთი დღე“ (2 პეტრე 3:8). დროსთან დაკავშირებით იეჰოვას თვალსაზრისი განსხვდება ჩვენისგან. მარადიული ღმერთისთვის დროის მონაკვეთი ადამის შექმნიდან დღემდე ერთი კვირის ტოლიც კი არ არის. მაგრამ დროის შესახებ რა თვალსაზრისიც არ უნდა გვქონდეს, თითოეული ათასწლეული და თითოეული დღე იეჰოვას განზრახვის შესრულებასთან გვაახლოებს.
„ლოდინში დრო არ დაილევაო“, — ამბობს ერთი ანდაზა, რომელშიც ნაჩვენებია, რომ რაღაც მოვლენის უმოქმედოდ ლოდინში ისე გვეჩვენება, რომ დრო თითქოს გაჩერდაო. მაგრამ პეტრე გვირჩევს: ‘ველოდოთ და ვესწრაფოდეთ ღვთის მოსვლის დღეს [„იეჰოვას დღის მოსვლას“, აქ]’ (2 პეტრე 3:12). როგორ შეგვიძლია განვივითაროთ ისეთი განწყობილება, რომელიც სიფხიზლეს შეგვინარჩუნებს ღვთის ჩარევის მიმართ, რომელიც დღითი-დღე ახლოვდება?
საქმეები სიტყვებზე ხმამაღლა ლაპარაკობენ
პეტრე ყურადღებას ამახვილებს მოქმედებებსა და საქმეებზე. ის ლაპარაკობს ‘ღვთისმოსაობასა’ და ‘წმინდა ქცევაზე’ (2 პეტრე 3:11). რა შედის ამაში?
ღვთის ნამდვილი მსახური მის მოსაწონად იქცევა. ასეთი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლის რწმენა მის საქციელში ირეკლება. ამით განსხვავდება ის მათგან, რომლებიც მხოლოდ ლაპარაკობენ ღვთისა და მისი აღთქმებისადმი რწმენაზე. შესაძლოა თქვენ შენიშნეთ, რომ იეჰოვას მოწმეებს სხვებისგან თავიანთი საჯარო მსახურება გამოყოფთ. ისინი დადიან თქვენთან სახლებში, რათა თქვენი ყურადღება მიაპყრონ ღვთის აღთქმებს, რომლებიც ბიბლიაშია გადმოცემული. გარდა ამისა, ისინი თავიანთ იმედებსა და მრწამსზე საუბრობენ ყველგან, სადაც კი ადამიანებს ხვდებიან.
მოწმეები, რომლებიც თავიანთ რწმენას სხვებს უზიარებენ, ამით საკუთარ რწმენასაც განიმტკიცებენ. მრწამსის სიტყვებით გამოხატვა აღრმავებს რწმენას და, ამავე დროს, შინაგანი სიხარული და კმაყოფილება მოაქვს. როდესაც ღვთის სამეფოს შესახებ კეთილ ცნობას ვქადაგებთ, ამით იეჰოვასაც ვანიჭებთ სიამოვნებას, და ვიცით, რომ, როგორც პეტრეს თანამსახური მოციქული პავლე აღნიშნავს, ღმერთი ‘არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს ჩვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომელიც მისი სახელისთვის გამოვიჩინეთ’ (ებრაელთა 6:10; რომაელთა 10:9, 10).
რა შედეგი მოაქვს ამ თანამედროვე ბოროტი სისტემის უკანსაკნელ დღეებში სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის გავრცელებას? ასი ათასობით სუფთა გულის ადამიანი გებულობს, თუ როგორ დაამყაროს იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა, რათა მათზე გავრცელდეს ღვთის მადლი და დედამიწაზე სამოთხეში მარადიული ცხოვრების იმედში ნამდვილი ბედნიერება ჰპოვოს.
წინასწარ იცით
თუმცა ბიბლიიდან ვიცით, რომ იეჰოვა ღმერთი თავის დროზე ჩაერევა ადამიანთა საქმეებში საჭიროა, ყურად ვიღოთ პეტრეს მიერ მოცემული შემდგომი დარიგებები. „რაკი წინასწარ იცით ეს, გაფრთხილდით, რომ არ აჰყვეთ ურჯულოთა ცდომილებებს და არ დაკარგოთ თქვენი სიმტკიცე“ (2 პეტრე 3:17).
იეჰოვამ წინასწარ დანამდვილებით იცოდა, რომ ზოგისთვის, ვისაც მტკიცე რწმენა არ ექნებოდა, შეიძლება გული აეცრუებინა ღვთის ჩარევის ვითომ დაყოვნებას. მან ისიც იცოდა, რომ უღვთო ადამიანების გავლენას შეიძლება გაეხრწნა მისი ჭეშმარიტი მსახურები ან, სულ მცირე, ძირი გამოეთხარა მათი რწმენისთვის, რომ ღვთის სახელის განწმენდის დღე ახლოსაა. რა ტრაგიკული იქნებოდა სიმტკიცის შერყევა ამ უკანასკნელ დღეებში!
ახლა არ არის იმაში ეჭვის შეტანის ან ყოყმანის დრო, თუ რას გააკეთებს იეჰოვა (ებრაელთა 12:1). პირიქით, ახლა დროა, განვავითაროთ მადლიერება იმის მიმართ, რაც იეჰოვას მოთმინებას მოაქვს — იმ მილიონთა გადარჩენის პერსპექტივის გამო, რომლებიც უამრავი ხალხის საერთაშორისო ძმობის ნაწილი ხდებიან და მომავალ დიდ გასაჭირში გადარჩენას მოელიან (გამოცხადება 7:9, 14). პეტრე გვარიგებს: „აღიზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლით და შემეცნებით“ (2 პეტრე 3:18).
„დაიცავით თქვენი თავი ღვთის სიყვარულში“
სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგება, თაყვანისცემის მიზნით ქრისტიანულ შეხვედრებზე რეგულარული დასწრება და ღვთის სიტყვის შესწავლა დამცავ საშუალებას წარმოადგენს. ამგვარად, თუ ასე მოვიქცევით, დრო აღარ დაგვრჩება, მეტისმეტი ყურადღება გავამახვილოთ დღევანდელი ბოროტი სისტემის მდგომარეობაზე, რომელიც თანდათანობით უარესდება. ჭეშმარიტი ქრისტიანის ცხოვრებაში მეტისმეტი შიში და წუხილი ფეხს ვერ იკიდებს (1 კორინთელთა 15:58). რაც უფრო მეტად ვართ დაკავებული იეჰოვასადმი მსახურებაში, დრო მით უფრო სწრაფად გადის.
იუდა, პეტრეს თანამედროვე და იესოს ნახევარძმა, გვარიგებს: „თქვენ, საყვარელნო, აღაშენეთ თქვენი თავი უწმიდეს რწმენაზე, ილოცეთ სულიწმიდით, დაიცავით თქვენი თავი ღვთის სიყვარულში და დაელოდეთ ჩვენი უფლისაგან, იესო ქრისტესაგან წყალობას საუკუნო სიცოცხლისათვის“ (იუდა 20, 21). ყურადღება მიაქციეთ დადებითი აზროვნების მნიშვნელოვნებას, რომელიც იზრდება გამუდმებული ლოცვისას (1 თესალონიკელთა 5:17). შემდეგ იუდა ამატებს: „დაეჭვებულნი შეიწყალეთ. სხვანი ცეცხლიდან გამოტაცებით იხსენით, სხვანი შიშით ამხილეთ და ხორცისგან გაბინძურებული პერანგიც კი შეიზიზღეთ“ (იუდა 22, 23). დიდად მნიშვნელოვანია ამ რთულ დროში ერთმანეთის განმტკიცება! ასევე მნიშნვნელოვანია, არ ავყვეთ ცდუნებას და მისი ‘ხსნის დღის’ გახანგრძლივება ‘გარყვნილების’ გასამართლებლად არ გამოვიყენოთ, რომელიც ასე გაბატონებულია დღევანდელ ზნეობრივად დაცემულ წუთისოფელში (იუდა 4; 2 კორინთელთა 6:1, 2).
პეტრეს, პავლესა და იუდას სიყვარულით აღსავსე რჩევის გულთან ახლოს მიტანისა და ღვთის მსახურებაში აქტიურად მონაწილეობის შედეგად შეძლებთ მოთმინებით დაელოდოთ იეჰოვას ჩარევას. მაგრამ მოიქცევით თუ არა ასე?
ნუ მოგერიდებათ, მიმართოთ თქვენს მახლობლად მყოფ მოწმეებს, რათა დაგეხმარონ ჩვენი შემოქმედის მიერ მოცემული მარადიული ცხოვრების შესახებ აღთქმებისადმი რწმენის განმტკიცებაში. გაიგეთ, თუ რა მოითხოვება იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოთ იმ განუმეორებელ, გლობალური მასშტაბის დამოწმებაში, რაც დასრულდება დიდ გასაჭირში, რომელიც დღითი-დღე გვიახლოვდება (მარკოზი 13:10). მაშინ შესაძლებლობა გექნებათ, იცხოვროთ ახალ, სამართლიან ქვეყნიერებაში, რომელსაც იეჰოვა აღგვითქვამს (2 პეტრე 3:13). ყური უგდეთ მის შეხსენებებს! მოთმინებით დაელოდეთ! იყავით დასაქმებული!
[სქოლიოები]
a გთხოვთ იხილოთ წიგნი „ბიბლია — ღვთის სიტყვაა თუ ადამიანის?“ (რუს.) გვერდი 116, გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.
[სურათი 7 გვერდზე]
გაეცანით, რას გვპირდება ღმერთი სამოთხის შესახებ.
[საავტორო უფლება 5 გვერდზე]
Wolf: Animals/Jim Harter/Dover Publications, Inc.; young shepherd: Children: A Pictorial Archive from Nineteenth-Century Sources/Grafton/Dover Publications, Inc.