განადგურდება დედამიწა?
ქვეყნიერების აღსასრულზე ფილმები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა ადამიანებში. რატომ იზიდავს ხალხს ასეთი ფილმები? „იმიტომ რომ, ისინი ისეთ საკითხებს ეხება, რისიც გვეშინია“, — წერს ჟურნალისტი ჯონ სკალზი. ეთანხმებით სკალზის სიტყვებს? გვაქვს საფუძვლიანი მიზეზი, გვეშინოდეს, როგორ და როდის განადგურდება დედამიწა და ყველა ცოცხალი არსება?
თითქმის ყოველდღე გვესმის იმ სტიქიური უბედურებების შესახებ, რომლებიც დიდ ზიანს აყენებს გარემოს. ეს შიშის მომგვრელი კადრები კვლავ და კვლავ ჩნდება ტელევიზორსა თუ ინტერნეტში. როდესაც ვუყურებთ რეალურ კადრებს, როგორ იხოცება ხალხი და ნადგურდება ტერიტორიები, შეიძლება ადვილად დაგვეუფლოს ქვეყნიერების განადგურების შიში, რადგან ეს უბრალოდ მხატვრული ფილმის სიუჟეტი არ არის.
ამ შიშს კიდევ უფრო ამძაფრებს მეცნიერების თეორიები, თუ როგორ შეიძლება მოისპოს დედამიწა. ზოგი იმასაც კი აცხადებს, რომ დედამიწას შეიძლება „ვადა გაუვიდეს“. 2008 წლის მარტით დათარიღებულ ერთ ასტრონომიულ ნაშრომში მოყვანილი იყო ორი ასტრონომის პროგნოზი, რომ დაახლოებით 7,59 მილიარდი წლის შემდეგ მზე ჩაქრება და ჩვენი პლანეტა შეწყვეტს არსებობას.
მართლა შეწყდება ერთხელაც დედამიწაზე სიცოცხლე?
აქვს დედამიწას თავისი არსებობის „ვადა“?
ბიბლია გვარწმუნებს, რომ „თაობა მიდის, თაობა მოდის, დედამიწა კი მარადიულად რჩება“ (ეკლესიასტე 1:4). იეჰოვა ღმერთმა ‘მყარ საფუძველზე დააფუძნა დედამიწა’ და ისე შექმნა, რომ „არ მოირყევა მარადიულად, სამარადისოდ“ (ფსალმუნი 104:5). გაზვიადებული ხომ არ არის ღვთის შთაგონებით დაწერილი ეს სიტყვები? რატომ უნდა გჯეროდეთ, რომ დედამიწა არასოდეს გამოვა მწყობრიდან, მაშინ როცა ზოგი მეცნიერი საპირისპიროს აცხადებს?
დაფიქრდით შემდეგ მაგალითზე: მაღაზიის თაროზე დაწყობილ ზოგ პროდუქტს მითითებული აქვს ვარგისიანობის ვადა. ვარაუდის საფუძველზე დაადგინა ეს ვადა მაღაზიის მეპატრონემ? რა თქმა უნდა, არა. პროდუქტის ვარგისიანობის ვადა მწარმოებელმა განსაზღვრა. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება ამ ვადის სისწორეში, რადგან ყველაზე უკეთ მწარმოებელმა იცის, რამდენ ხანს გაძლებს მისი პროდუქტი. მაშ, რამდენად უნდა ვენდობოდეთ ჩვენი პლანეტის შემოქმედს! მის სიტყვაში ნათლად არის ნათქვამი, რომ ‘დედამიწა მყარად არის დაფუძნებული’ სამარადისოდ. ის არასოდეს გამოვა მწყობრიდან (ფსალმუნი 119:90).
შესაძლებელია, ადამიანებმა ისე დააზიანონ დედამიწა, რომ მისი აღდგენა შეუძლებელი იყოს? ცხადია, არა. პროდუქტების მწარმოებლისგან განსხვავებით, იეჰოვას „ყველაფრის გაკეთება“ შეუძლია (იობი 42:2). სწორედ ამიტომ ღმერთი ამბობს: „ასევე იქნება ჩემი პირიდან გამოსული სიტყვაც . . . მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე“ (ესაია 55:11). შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ „ჩვენს შემოქმედს“ ვერაფერი შეუშლის ხელს დედამიწასთან დაკავშირებით თავისი განზრახვის განხორციელებაში (ფსალმუნი 95:6). მაგრამ, რა განზრახვა აქვს ღმერთს ჩვენი პლანეტის მიმართ და როგორ შეასრულებს მას?
ღვთის განზრახვას მისი სამეფო განახორციელებს
გარდა იმისა, რომ ჩვენი პლანეტა მარადიულად იარსებებს, ღვთის სიტყვა იმაშიც გვარწმუნებს, რომ დედამიწა ყოველთვის დასახლებული იქნება (ესაია 45:18). თუმცა დედამიწა ათასობით წელია, რაც დასახლებულია, ღვთის განზრახვა ჯერ არ შესრულებულა.
იეჰოვა „ბედნიერი ღმერთი“ და „სამართლიანობის მოყვარულია“ (1 ტიმოთე 1:11; ფსალმუნი 37:28). ღვთის განზრახვაა, რომ ადამიანები ბედნიერები იყვნენ და სამართლიან ქვეყნიერებაში იცხოვრონ. ამ განზრახვის შესასრულებლად ღმერთმა იწინასწარმეტყველა, რომ ზეცაში დაამყარებდა სამეფოს, რომელიც მთელ დედამიწაზე იმმართველებდა (დანიელი 2:44). დედამიწაზე ყოფნისას იესო ხშირად ლაპარაკობდა ღვთის ხელისუფლებაზე. მან იცოდა, რომ ეს სამეფო კურთხევებს მოუტანდა დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს, ამიტომ მოწაფეებს მოუწოდებდა, ელოცათ ამ სამეფოზე (მათე 6:9, 10; 24:14). ქვემოთ ჩამოთვლილია ზოგიერთი კურთხევა.
▪ ღმერთი გვპირდება, რომ ბოლოს მოუღებს ომებს და დედამიწაზე მშვიდობა და უსაფრთხოება დაისადგურებს (ფსალმუნი 46:9).
▪ საკვები ყველასთვის უხვად იქნება (ფსალმუნი 72:16).
▪ ავადმყოფობა წარსულს ჩაჰბარდება, რადგან „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24).
▪ მწუხარება დავიწყებას მიეცემა, რადგან „აღარ იქნება სიკვდილი“ (გამოცხადება 21:4).
▪ ღმერთი გვპირდება, რომ ყველას თავისი სახლი ექნება, უსაფრთხოდ იცხოვრებენ და „მარადიულად იმხიარულებენ“ (ესაია 65:17—24).
ცხადია თქვენც ისურვებდით ასეთ პირობებში ცხოვრებას. იეჰოვა მოუთმენლად ელის იმ დროს, როცა თავის განზრახვას განახორციელებს (ესაია 9:6, 7). მაგრამ შეიძლება დაგებადოთ კითხვა: ათასობით წელია, რაც ღვთის დაპირებები ბიბლიაში ჩაიწერა და აქამდე რატომ არ შესრულდა?
ღვთის მოთმინება ჩვენს ხსნას ემსახურება
დარწმუნებული იყავით, რომ „იეჰოვა არ აყოვნებს დანაპირების შესრულებას“. ბიბლია გვიხსნის, რომ ღმერთი სიყვარულით ავლენს ჩვენდამი მოთმინებას. ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს: „უფლის მოთმინება ხსნად მიიჩნიეთ“ (2 პეტრე 3:9, 15). მაგრამ რა გაგებით ემსახურება ღვთის მოთმინება ჩვენს ხსნას?
ღმერთმა იცის, რომ ჯერ ‘დედამიწის მომსპობნი უნდა მოსპოს’, სანამ მართალი ადამიანებისთვის დედამიწას უსაფრთხო და კეთილმოწყობილ საცხოვრებლად გადააქცევს (გამოცხადება 11:18). მაგრამ იეჰოვას უყვარს ადამიანები და „არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს“. ჩვენი ზეციერი მამა მოთმინებით ცდილობს, „გააფრთხილოს ბოროტი, მობრუნდეს თავისი ბოროტი გზიდან“. ამიტომ ის მთელ მსოფლიოში სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობას უწევს ხელმძღვანელობას (ეზეკიელი 3:17, 18).a ყველა, ვინც გამოეხმაურება ღვთის გაფრთხილებას და მის ზნეობრივ პრინციპებს დაიცავს, მარადიულად იცხოვრებს სამოთხეში დედამიწაზე.
დაუბრუნდით ღმერთს და გადარჩით
ბიბლიაში მართლაც რომ „სასიხარულო ცნობაა“ ჩაწერილი (მათე 24:14). ღვთის უტყუარი სიტყვის თანახმად, დედამიწა არასოდეს განადგურდება. უფრო მეტიც, ბიბლიური წინასწარმეტყველება გვარწმუნებს, რომ „კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი“. ძალიან მალე ისინი, ვინც ღვთის თვალში მართლები არიან, „დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:9—11, 29; მათე 5:5; გამოცხადება 21:3, 4). ამ დროის დადგომამდე ღმერთი მოთმინებით გვეუბნება: „დამიბრუნდით და გადარჩით ყველანი, ვინც დედამიწის კიდეებში ხართ“ (ესაია 45:22). როგორ გამოეხმაურებით ამ სიტყვებს?
რა გიშლით ხელს, რომ „ღმერთს დაუბრუნდეთ“? ფსალმუნის 37:34 მოგვიწოდებს: „იეჰოვას იმედი გქონდეს და მისი გზა დაიცავი, ის განგადიდებს და დაგამკვიდრებს დედამიწაზე“. იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებიან, მეტი გაიგოთ დედამიწასთან დაკავშირებით ღვთის მარადიული განზრახვის შესახებ და საკუთარი თვალით ნახოთ, როგორ შესრულდება ეს განზრახვა.
[სქოლიო]
a მათეს 28:19, 20-ში ჩაწერილ მითითებას 236 ქვეყანაში შვიდ მილიონზე მეტი იეჰოვას მოწმე ასრულებს. ისინი ყოველ წელს დაახლოებით მილიარდ-ნახევარ საათს უთმობენ იმას, რომ ადამიანებს დედამიწასთან დაკავშირებით ღვთის დიდებული განზრახვის შესახებ ასწავლონ.
[სურათის საავტორო უფლება 22 გვერდზე]
NASA photo