„როგორები უნდა იყოთ!“
„თუ ყველაფერი ასე დაიშლება, მაშ, როგორები უნდა იყოთ წმინდა საქციელსა და ღვთისადმი ერთგულებაში!“ (2 პეტ. 3:11).
1. რატომ იყო დროული პეტრეს მეორე წერილი პირველი საუკუნის ქრისტიანებისთვის?
მოციქულმა პეტრემ, როცა მეორე წერილი დაწერა, ქრისტიანულ კრებას მრავალი წინააღმდეგობა და დევნა ჰქონდა გადატანილი. მაგრამ დევნამ ვერც ქრისტიანების ენთუზიაზმი ჩააცხრო და ვერც მათი რიცხობრივი ზრდა შეაჩერა. ამიტომ ეშმაკმა სხვა ტაქტიკას მიმართა, რომელიც მანამდეც არაერთხელ გამოუყენებია წარმატებით. პეტრეს თქმით, სატანა ცდილობდა ღვთის ხალხის გარყვნას ცრუ მასწავლებლებით, რომლებსაც ‘თვალები მრუშობით ჰქონდათ სავსე, გული კი სიხარბეში ჰქონდათ გაწაფული’ (2 პეტ. 2:1—3, 14; იუდ. 4). ამიტომ პეტრე მეორე წერილში გულითადად მოუწოდებს ქრისტიანებს ერთგულების შენარჩუნებისკენ.
2. რაზე ამახვილებს ყურადღებას პეტრეს მეორე წერილის მე-3 თავი და რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს?
2 პეტრემ დაწერა: „მე სწორად მიმაჩნია, შეხსენებებით გამოგაფხიზლოთ, სანამ ამ კარავში ვიმყოფები, რადგან ვიცი, რომ ჩემს კარავს მალე დავტოვებ . . . ასე რომ, ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩემი წასვლის შემდეგ თავად შეძლოთ ამის გახსენება“ (2 პეტ. 1:13—15). პეტრემ იცოდა, რომ მალე მოკვდებოდა და სურდა, ქრისტიანებს მისი დროული შეხსენებები ხსომებოდათ. ეს ასეც მოხდა, პეტრეს წერილი ბიბლიის ნაწილად იქცა და მისი წაკითხვა დღეს ყველას შეუძლია. პეტრეს მეორე წერილის მე-3 თავი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის ყურადღებას ამახვილებს ქვეყნიერების „ბოლო დღეებზე“ და ფიგურალური ცისა და დედამიწის განადგურებაზე (2 პეტ. 3:3, 7, 10). რა რჩევას გვაძლევს პეტრე? როგორ დაგვეხმარება მისი რჩევა, გავხდეთ იეჰოვას მოსაწონები?
3, 4. ა) რისკენ მოუწოდა პეტრემ ქრისტიანებს და რა გაფრთხილება მისცა? ბ) რომელ სამ საკითხს განიხილავს ეს სტატია?
3 მას შემდეგ, რაც პეტრემ სატანის ქვეყნიერების დაშლაზე ილაპარაკა, დაწერა: „მაშ, როგორები უნდა იყოთ წმინდა საქციელსა და ღვთისადმი ერთგულებაში!“ (2 პეტ. 3:11, 12). ცხადია, პეტრეს ეს ნათქვამი მოწოდება იყო და არა კითხვა. პეტრემ იცოდა, რომ „ღვთის შურისძიების დღეს“ მხოლოდ ისინი გადარჩებოდნენ, ვინც იეჰოვას ნებას ასრულებდა და ღვთიურ თვისებებს ავლენდა (ეს. 61:2). ამიტომ მან დასძინა: „საყვარელნო, რაკი ეს წინასწარ იცით, გაფრთხილდით, რომ თქვენც მათსავით [ცრუმასწავლებლებივით] არ აგიყოლიოთ კანონის უგულებელმყოფელთა მცდარმა აზროვნებამ და არ დაკარგოთ სიმტკიცე“ (2 პეტ. 3:17).
4 პეტრე ერთ-ერთი იყო, ვინც ‘წინასწარ იცოდა’, რომ ბოლო დღეებში ქრისტიანებს განსაკუთრებით უნდა ეფხიზლათ ერთგულების შესანარჩუნებლად. მოგვიანებით იოანე მოციქულმა ამის მიზეზი გასაგებად ახსნა. მან ხილვაში ნახა ზეციდან გადმოგდებული სატანა, რომელიც „დიდად განრისხებული“ იყო მათზე, „ვინც იცავს ღვთის მცნებებს და ვისაც იესოს შესახებ დამოწმების საქმე აკისრია“ (გამოცხ. 12:9, 12, 17). ღვთის ერთგულ ცხებულ მსახურებსა და მათ თანამსახურ „სხვა ცხვარს“ სატანა უმწიკვლობას ვერ დააკარგვინებს (იოან. 10:16). მაგრამ რისი თქმა შეგვიძლია საკუთარ თავზე? ბოლომდე შევინარჩუნებთ ერთგულებას? შევინარჩუნებთ თუ: 1) გამოვიმუშავებთ ღვთიურ თვისებებს, 2) დავრჩებით ზნეობრივად და სულიერად უმწიკვლოები და უმანკოები, და 3) დადებითი განწყობით შევხვდებით განსაცდელებს. ამ საკითხებზე შემდეგ აბზაცებში იქნება საუბარი.
გამოვიმუშავოთ ღვთიური თვისებები
5, 6. რა თვისებები უნდა გამოვიმუშავოთ და რატომ უნდა მოვახმაროთ ამას „ყოველი ღონე“?
5 მეორე წერილის დასაწყისში პეტრე წერს: „თქვენი მხრივ, ყოველი ღონე იხმარეთ, რომ რწმენას დაურთოთ ზნეობა, ზნეობას — ცოდნა, ცოდნას — თავშეკავება, თავშეკავებას — მოთმინება, მოთმინებას — ღვთისადმი ერთგულება, ღვთისადმი ერთგულებას — ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას კი — სიყვარული. თუ ეს ყველაფერი გაქვთ და თანაც უხვად, აღარ იქნებით უმოქმედო ან უნაყოფო ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შესახებ საფუძვლიან ცოდნაში“ (2 პეტ. 1:5—8).
6 ჩვენ „ყოველი ღონე“ უნდა მოვახმაროთ ისეთი საქმეების კეთებას, რაც ღვთისმოსაწონი თვისებების გამომუშავებაში დაგვეხმარება. მაგალითად, ძალისხმევა სჭირდება კრების ყველა შეხვედრაზე დასწრებას, ბიბლიის ყოველდღე კითხვასა და კარგ პირად შესწავლას. აგრეთვე დიდი მონდომება და კარგი დაგეგმვაა საჭირო ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო რეგულარული, სასიამოვნო და საინტერესო რომ იყოს. თუ გეგმას მივყვებით, კარგი საქმეების კეთება ჩვევად გვექცევა და მათი შესრულება უფრო გაგვიადვილდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მის სასიკეთო შედეგებს დავინახავთ.
7, 8. ა) რა აღნიშნა ზოგმა ოჯახური თაყვანისცემის შესახებ? ბ) თქვენ რისი თქმა შეგიძლიათ?
7 ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს შესახებ ერთმა დამ დაწერა: „ოჯახური თაყვანისცემა უამრავ თემაზე მსჯელობის შესაძლებლობას გვაძლევს“. სხვა და ამბობს: „გულწრფელად რომ გითხრათ, გული დამწყდა წიგნის შესწავლა რომ გაუქმდა, რადგან ყველაზე მეტად ეს შეხვედრა მიყვარდა. მაგრამ ახლა, როცა ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო გვაქვს, ვხვდები, რომ იეჰოვამ იცის, როდის რა გვჭირდება“. ერთი ოჯახისთავი ამბობს: „ვერ წარმოიდგენთ, როგორ გვეხმარება ოჯახური თაყვანისცემა. ამ შეხვედრაზე მე და ჩემს ცოლს შეგვიძლია ის საკითხები განვიხილოთ, რაც ჩვენს ოჯახს სჭირდება. ორივე ვგრძნობთ, რომ წმინდა სულის ნაყოფს უფრო მეტად ვავლენთ და მსახურებაც უფრო მეტ სიხარულს გვგვრის“. ერთი მამა ამბობს: „ბავშვები დამოუკიდებლად იკვლევენ სხვადასხვა საკითხებს და ბევრს სწავლობენ; ისინი ამას დიდი სიხარულით აკეთებენ. ოჯახურმა თაყვანისცემამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ იეჰოვამ იცის, რა გვჭირდება და, რომ ის პასუხობს ჩვენს ლოცვებს“. თქვენც იმავეს ფიქრობთ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოზე?
8 ეცადეთ, უმნიშვნელო საქმეებმა ხელი არ შეგიშალოთ ოჯახური თაყვანისცემის ჩატარებაში. ერთი ცოლ-ქმარი გვიზიარებს: „ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყოველ ხუთშაბათ საღამოს რაღაც ისეთი ხდებოდა, რის გამოც შესწავლა შეიძლებოდა ჩაგვშლოდა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად შესწავლას მაინც ვატარებდით“. ბუნებრივია, ზოგჯერ შეიძლება გეგმის შეცვლა დაგჭირდეთ. მაგრამ, არ დაუშვათ, რომ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო, თუნდაც ერთხელ გაგიცდეთ!
9. როგორ დაეხმარა იეჰოვა იერემიას და რას ვსწავლობთ მისი მაგალითიდან?
9 წინასწარმეტყველი იერემია ჩვენთვის კარგი მაგალითია. მას სულიერი დახმარება სჭირდებოდა, რაც იეჰოვასგან მიიღო და ამისთვის ძალიან მადლიერი იყო. იეჰოვას დახმარებით ის მოთმინებით ქადაგებდა გულგრილად განწყობილ ხალხში. „ძვლებში დამწყვდეული ცეცხლივით ამიგიზგიზდა ის [იეჰოვას სიტყვა] გულში“, — დაწერა იერემიამ (იერ. 20:8, 9). ღვთის სიტყვა დაეხმარა იერემიას, აეტანა რთული დრო, რომელიც იერუსალიმის განადგურებით დამთავრდა. იეჰოვას წერილობითი სიტყვა დღეს ჩვენ სრული სახით გვაქვს. თუ ღვთის სიტყვას გულმოდგინედ ვსწავლობთ და ყველაფერს ღვთის თვალით ვუყურებთ, იერემიას მსგავსად, არც ჩვენ დავკარგავთ მსახურების სიხარულს; განსაცდელების დროს ღვთის ერთგულები დავრჩებით და ზნეობრივ და სულიერ სიწმინდეს შევინარჩუნებთ (იაკ. 5:10).
დარჩით ‘უმწიკვლოები და უმანკოები’
10, 11. რატომ უნდა ვეცადოთ ყველანაირად, „უმწიკვლოები და უმანკოები“ დავრჩეთ და რა მოგვეთხოვება ამისათვის?
10 ქრისტიანებმა ვიცით, რომ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ. ამიტომ არ გვიკვირს, რომ მთელ მსოფლიოში ასე ფართოდ არის გავრცელებული ის ყველაფერი, რაც საძულველია იეჰოვასთვის, მაგალითად, სიხარბე, სექსუალური აღვირახსნილობა და ძალადობა. სატანის თავდასხმის სტრატეგია შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: იქ სადაც დაშინება არ ჭრის, იქნებ გახრწნამ გაჭრას (გამოცხ. 2:13, 14). აქედან გამომდინარე, გულთან ახლოს უნდა მივიტანოთ პეტრეს სიყვარულით მოცემული რჩევა: „ყველანაირად ეცადეთ, რომ მის [ღვთის] წინაშე წარდგეთ უმწიკვლოები, უმანკოები და მშვიდობის მქონეები“ (2 პეტ. 3:14).
11 ფრაზა „ყველანაირად ეცადეთ“ მსგავსია პეტრეს მიერ მანამდე გამოყენებული ფრაზისა, „ყოველი ღონე“ მოახმარეთ. აშკარაა, იეჰოვამ, ვინც პეტრე ამ სიტყვების დასაწერად აღძრა, იცის, რომ სატანის ბინძურ ქვეყნიერებაში დიდი მცდელობის გარეშე გაგვიჭირდება ‘უმწიკვლოდ და უმანკოდ’ დარჩენა. ამისათვის, მანკიერ სურვილებს არ უნდა მივცეთ ჩვენს გულში ფესვის გადგმის საშუალება (წაიკითხეთ იგავების 4:23; იაკობის 1:14, 15 ). გარდა ამისა, მტკიცედ უნდა დავიცვათ ჩვენი პოზიცია მათ წინაშე, ვინც ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების წესის გამო „საგონებელში არიან ჩაცვენილი“ და გვგმობენ (1 პეტ. 4:4).
12. რაში გვარწმუნებს ლუკას 11:13?
12 ვინაიდან არასრულყოფილები ვართ, ბრძოლა გვჭირდება იმის საკეთებლად, რაც სწორია (რომ. 7:21—25). ამ ბრძოლაში მაშინ გავიმარჯვებთ, თუ ვიქნებით იეჰოვასთან, რომელიც გულუხვად აძლევს წმინდა სულს მას, ვინც სთხოვს (ლუკ. 11:13). ეს სული ღვთისმოსაწონი თვისებების გამომუშავებაში გვეხმარება, რაც თავის მხრივ, არა მარტო ცდუნებებს დაგვაძლევინებს, არამედ განსაცდელებსაც გადაგვატანინებს; განსაცდელები კი იეჰოვას დღის მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო მეტი გვექნება.
დაე, განსაცდელებმა გაგაძლიეროთ
13. რა დაგვეხმარება განსაცდელების ატანაში?
13 სანამ ამ ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ, განსაცდელებს თავიდან ვერ ავირიდებთ. ამ დროს სულით არ უნდა დავეცეთ; განსაცდელების დროს შესაძლებლობა გვეძლევა დავამტკიცოთ, რამდენად გვიყვარს ღმერთი და გვაქვს თუ არა ღვთისა და ბიბლიის ძლიერი რწმენა. მოწაფე იაკობმა დაწერა: „ჩემო ძმებო, ნებისმიერ განსაცდელს სიხარულით შეხვდით, რადგან იცით, რომ ასე გამონაცადი რწმენა მოთმინებას გამოგიმუშავებთ“ (იაკ. 1:2—4). ისიც გახსოვდეთ, რომ „იცის იეჰოვამ, როგორ დაიხსნას განსაცდელისგან ღვთის ერთგულები“ (2 პეტ. 2:9).
14. პირადად თქვენ როგორ გამხნევებთ იოსების მაგალითი?
14 განვიხილოთ იაკობის ძის, იოსების მაგალითი, რომელიც საკუთარმა ძმებმა მონად გაყიდეს (დაბ. 37:23—28; 42:21). შეერყა იოსებს რწმენა იმის გამო, რომ მას ასე სასტიკად მოექცნენ? განაწყენდა ღმერთზე, რომ თავს ასეთი უბედურება დაატყდა? ღვთის სიტყვიდან აშკარად ჩანს, რომ არა. იოსების განსაცდელები ამით არ დამთავრებულა. მოგვიანებით მას გაუპატიურების მცდელობისთვის უსამართლოდ დასდეს ბრალი და საპყრობილეში ჩასვეს. მაგრამ იოსების რწმენა არც ამ შემთხვევაში შერყეულა (დაბ. 39:9—21). პირიქით, მან იცოდა, რომ განსაცდელებს მისი რწმენის გაძლიერება შეეძლო და ასეთი დამოკიდებულებისთვის იეჰოვამ ის უხვად აკურთხა.
15. რისი სწავლა შეგვიძლია ნაომის მაგალითიდან?
15 ბუნებრივია, განსაცდელები ამწუხრებს ადამიანს და ზოგჯერ დეპრესიაშიც აგდებს. ალბათ, იოსებიც არაერთხელ დამწუხრდებოდა. ასეთი გრძნობა ღვთის სხვა ერთგული მსახურებისთვისაც არ ყოფილა უცხო. მაგალითად, ნაომიმ, რომელსაც ქმარი და ორი ვაჟი დაეღუპა, თქვა: „ნაომის ნუღარ დამიძახებთ. მარა დამიძახეთ [ნიშნავს მწარეს], რადგან მეტისმეტად გამამწარა ყოვლისშემძლემ“ (რუთ. 1:20, 21, სქოლიო). ნაომის რეაქცია აბსოლუტურად ბუნებრივი და გასაგები იყო. იოსების მსგავსად, არც ნაომი დასუსტებულა სულიერად და ღვთის რწმენა არ დაუკარგავს. ამიტომ ამ ძვირფას ადამიანს იეჰოვამ კურთხევა არ მოაკლო (რუთ. 4:13—17, 22). ახალ ქვეყნიერებაში კი ღმერთი სრულად აუნაზღაურებს ნაომის იმ დანაკლისს, რაც სატანამ და მისმა ბოროტმა ქვეყნიერებამ მიაყენა. „აღარ გაიხსენებენ წინანდელს და არც გულში გაივლებენ“ (ეს. 65:17).
16. რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ლოცვის მიმართ და რატომ?
16 რა განსაცდელსაც უნდა შევხვდეთ, იმის ცოდნა, რომ ღმერთს ვუყვარვართ, ყველაფერს აგვატანინებს (წაიკითხეთ რომაელების 8:35—39). სატანა კვლავაც შეეცდება ჩვენს გატეხვას, მაგრამ არაფერი გამოუვა, თუ ‘საღად ვიაზროვნებთ და ლოცვაში სიფხიზლეს შევინარჩუნებთ’ (1 პეტ. 4:7). იესომ გვითხრა: „იფხიზლეთ და მუდამ იმის ვედრებაში იყავით, რომ თავი დააღწიოთ მოსახდენს და წარსდგეთ კაცის ძის წინაშე“ (ლუკ. 21:36). ყურადღება მიაქციეთ, რომ იესომ სიტყვა „ვედრება“ გამოიყენა, რაც მხურვალე ლოცვას ნიშნავს. იესომ მოგვიწოდა, მუდამ ვედრებაში ვყოფილიყავით, რითაც ხაზი გაუსვა იმას, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ღვთისა და მის წინაშე კარგი სახელის მოპოვება. იეჰოვას დღეს გადარჩენის იმედი მხოლოდ მათ უნდა ჰქონდეთ, ვინც ღვთის თვალში კარგი რეპუტაციით სარგებლობს.
აქტიურად ემსახურეთ იეჰოვას
17. როგორ დაგეხმარებათ ძველად მცხოვრები წინასწარმეტყველების მაგალითები, თუ თქვენს ტერიტორიაზე ქადაგება რთულია?
17 პეტრეს სიტყვები „როგორები უნდა იყოთ წმინდა საქციელსა და ღვთისადმი ერთგულებაში!“, ხაზს უსვამს იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გამომაცოცხლებელ სულიერ საქმეებში მონაწილეობის მიღება, ანუ ღვთისადმი ერთგულების დამამტკიცებელი საქმეების კეთება (2 პეტ. 3:11). ამ საქმეთაგან უმთავრესი სასიხარულო ცნობის ქადაგებაა (მათ. 24:14). ზოგ ტერიტორიაზე ქადაგება ადვილი არ არის გულგრილობის, წინააღმდეგობის ან იმის გამო, რომ ხალხი მეტისმეტად დაკავებულია ცხოვრებისეული საზრუნავით. მსგავს დამოკიდებულებას ძველ დროში მცხოვრები იეჰოვას მსახურებიც ხვდებოდნენ; მაგრამ მათ ხელი არ ჩაუქნევიათ და ღვთის ცნობას გამუდმებით გადასცემდნენ (წაიკითხეთ 2 მატიანეს 36:15, 16; იერ. 7:24—26). რა დაეხმარა მათ, რომ მოთმინებით ეკეთებინათ ღვთის საქმე? ისინი ამ დავალებას ღვთის თვალით უყურებდნენ და არა ქვეყნიერების თვალით. გარდა ამისა, მათთვის დიდი პატივი იყო ღვთის სახელის ტარება (იერ. 15:16).
18. როგორ განდიდდება მომავალში ღვთის სახელი ჩვენი ქადაგებით?
18 ჩვენც გვხვდა წილად პატივი, ხალხს იეჰოვას სახელი და მისი განზრახვები გავუცხადოთ. დაფიქრდით, იეჰოვას დიდ დღეს ღვთის მტრები თავს ვერ გაიმართლებენ იმით, რომ არაფერი იცოდნენ ღვთის გაფრთხილების შესახებ და ეს იმიტომ, რომ ჩვენ ვქადაგებთ. ფარაონის მსგავსად, ისინიც მიხვდებიან, რომ იეჰოვაა მათ წინააღმდეგ გამოსული (გამ. 8:1, 20; 14:25). ხოლო თავის ერთგულ მსახურებს იეჰოვა განადიდებს, რადგან აბსოლუტურად ყველასთვის გახდება ცხადი, რომ ისინი ნამდვილად მისი წარმომადგენლები იყვნენ დედამიწაზე (წაიკითხეთ ეზეკიელის 2:5; 33:33).
19. რით ცხადვყოფთ, რომ საუკეთესოდ ვიყენებთ იმ დროს, ვიდრე იეჰოვა ითმენს?
19 მეორე წერილის დასასრულს პეტრემ თანამორწმუნეებს მისწერა: „ჩვენი უფლის მოთმინება კი ხსნად მიიჩნიეთ“ (2 პეტ. 3:15). მაშ, მოდით საუკეთესოდ გამოვიყენოთ ის დრო, ვიდრე იეჰოვა ითმენს. როგორ? გამოვიმუშავოთ ღვთისმოსაწონი თვისებები, დავრჩეთ ‘უმწიკვლოები და უმანკოები’, სწორი დამოკიდებულება გვქონდეს განსაცდელების მიმართ და აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა სამეფოს საქმეში. ამგვარად, უხვ და უსასრულო კურთხევებს მივიღებთ, როცა „ახალი ცა და ახალი დედამიწა“ იქნება (2 პეტ. 3:13).
გახსოვთ?
• როგორ გამოვიმუშავოთ ღვთიური თვისებები?
• როგორ შეგვიძლია დავრჩეთ ‘უმწიკვლოები და უმანკოები’?
• რას გვასწავლის იოსებისა და ნაომის მაგალითები?
• რატომ არის ჩვენთვის დიდი პატივი სასიხარულო ცნობის გაცხადება?
[სურათი 9 გვერდზე]
რა დაგეხმარებათ ქმრებო, თქვენ და თქვენმა ოჯახმა ღვთისმოსაწონი თვისებები რომ გამოიმუშაოთ?
[სურათები 10 გვერდზე]
როგორი დამოკიდებულება ჰქონდა იოსებს განსაცდელების მიმართ და რას ვსწავლობთ მისი მაგალითიდან?