რას ნიშნავს, გიყვარდეს ღმერთი?
დაახლოებით ექვსი ათასი წლის წინათ დაიბადა პირველი ბავშვი. მისი დაბადების შემდეგ დედამისმა, ევამ თქვა: „კაცი შემეძინა უფლისაგან“ (დაბადება 4:1). მისმა ნათქვამმა ცხადყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილის განაჩენი ჰქონდათ აჯანყების გამო, ევა და მისი მეუღლე, ადამი, კვლავ აღიარებდნენ იეჰოვას ღვთაებრიობას. შემდეგ მათ ეყოლათ მეორე შვილიც. ბავშვებს ერქვათ კაენი და აბელი.
როდესაც ვაჟები გაიზარდნენ, უეჭველია, რომ ძალიან ბევრს გაიგებდნენ იეჰოვას სიყვარულის შესახებ, მხოლოდ იმითაც, რასაც ღვთის ქმნილებებში ხედავდნენ. ისინი ტკბებოდნენ ბუნების უმშვენიერესი ფერებით, ცხოველებისა და მცენარეების ნაირფეროვნებით. ღმერთმა მათ არა მხოლოდ სიცოცხლე მისცა, არამედ იმის უნარიც, რომ სიცოცხლეს სიამოვნება მოეტანა მათთვის.
ისინი გაიგებდნენ, რომ მათი მშობლები სრულყოფილებად იყვნენ შექმნილნი და იეჰოვას თავდაპირველი განზრახვა იყო, რომ ადამიანებს მარადიულად ეცხოვრათ. როგორც ჩანს, ადამმა და ევამ აღუწერეს მათ ედემის მშვენიერი ბაღი და როგორღაც აუხსნეს, თუ რატომ იყვნენ გამოდევნილი ასეთი სამოთხის სახლიდან. კაენისა და აბელისთვის ცნობილი გახდებოდა ღვთის წინასწარმეტყველება, რომელიც ჩაწერილია დაბადების 3:15-ში. ამ წინასწარმეტყველებით იეჰოვამ წარმოთქვა თავისი განზრახვა, რომ განსაზღვრულ დროს მოაგვარებდა ყველაფერს, რათა კურთხეული ყოფილიყვნენ ისინი, რომელთაც უყვართ იეჰოვა და ამტკიცებენ, რომ ურყევად ერთგულები არიან მის წინაშე.
იეჰოვასა და მისი თვისებების შესახებ მოსმენილი კაენსა და აბელში გააღვივებდა სურვილს, რომ ღვთისგან კეთილგანწყობილება დაემსახურებინათ. ამიტომაც მიუახლოვდნენ ისინი იეჰოვას იმით, რომ შესთავაზეს შესაწირავი. ბიბლიაში ნათქვამია: „გამოხდა ხანი და მიართვა კაენმა უფალს ძღვენი, მიწის ნაყოფი. აბელმაც მიართვა თავისი ფარის ნათავარი და რჩეული პირუტყვი“ (დაბადება 4:3, 4).
მათმა სურვილმა, რომ იეჰოვასგან კეთილგანწყობილება დაემსახურებინათ, იეჰოვასთან ურთიერთობას ჩაუყარა საფუძველი. კაენმა ამას ბოლო მოუღო ღვთის წინააღმდეგ აჯანყებით, ხოლო მისგან განსხვავებით, აბელი ღვთისადმი ჭეშმარიტი სიყვარულით იყო აღძრული. აბელი ვერასოდეს განავითარებდა ასეთ ურთიერთობას ღმერთთან, უპირველეს ყოვლისა, ღვთის პიროვნებისა და მისი განზრახვების შესახებ ზუსტი შემეცნება რომ არ შეეძინა.
შენც შეგიძლია გაიცნო იეჰოვა. მაგალითად, ბიბლიიდან შეგიძლია გაიგო, რომ ღმერთი რეალური პიროვნებაა, რომ ის არ არის უსიცოცხლო ძალა, რომელიც შემთხვევით ქმნის ყველაფერს (შეადარე იოანე 7:28; ებრაელთა 9:24; გამოცხადება 4:11). ბიბლია აგრეთვე ასწავლის, რომ ‘ღმერთი არის მწყალობელი და შემბრალებელი, სულგრძელი, დიდმადლიანი და ჭეშმარიტი’ (გამოსვლა 34:6).
„მორჩილება უკეთესია შესაწირავზე“
როგორც აბელსა და კაენზე ბიბლიის ჩანაწერები ნათელყოფს, ღვთის შესახებ მხოლოდ ცოდნა და მასთან ახლო ურთიერთობის სურვილი არ არის საკმარისი. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ორი ძმა მიუახლოვდა ღმერთს შესაწირავებით. მაგრამ „მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს. ხოლო კაენსა და მის ძღვენს არ მოჰხედა. ძალზე გამწარდა კაენი და თავი ჩაღუნა“ (დაბადება 4:3–5).
რატომ არ მიიღო იეჰოვამ კაენის შესაწირავი? უხარისხო ხომ არ იყო შეთავაზებული? იქნებ იმიტომ არ მოიწონა იეჰოვამ შესაწირავი, რომ ცხოველური შესაწირავის ნაცვლად, კაენმა „მიწის ნაყოფი“ შესთავაზა? შესაძლოა, ეს არც კი იყო მიზეზი. როგორც ვიცით, მოგვიანებით, ღმერთი მოწონებით ღებულობდა მარცვლეულისა და მიწის სხვა ნაყოფის შესაწირავს მრავალი თაყვანისმცემლისგან (ლევიანნი 2:1–16). როგორც ჩანს, რაღაც ცუდი იყო კაენის გულში. იეჰოვას შეეძლო წაეკითხა კაენის გული და გააფრთხილა: „რად გამწარდი, რად ჩაღუნე თავი? თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე“ (დაბადება 4:6, 7).
ღვთის მიმართ ნამდვილი სიყვარული შესაწირავების მიტანაზე უფრო მეტია. ამიტომ მოუწოდა იეჰოვამ კაენს ‘ექმნა სიკეთე’. ღმერთს სურდა მორჩილება. ღვთისადმი ასეთი მორჩილება დაეხმარებოდა კაენს, რომ კარგი საფუძველი ჩაეყარა შემოქმედთან სიყვარულით აღსავსე ურთიერთობისთვის. ბიბლია ხაზგასმით აღნიშნავს მორჩილების ფასს შემდეგი სიტყვებით: „განა ისევე ეამება უფალს აღსავლენი მსხვერპლი და საკლავები, როგორც მოსმენა [მორჩილება, აქ] უფლის სიტყვისა? მოსმენა [მორჩილება, აქ] უკეთესია საკლავზე [შესაწირზე, აქ], მორჩილება — ცხვრების ლურთებზე“ (პირველი მეფეთა 15:22).
მორჩილების დიდი მნიშვნელობა კარგად გადმოიცა მოგვიანებით, 1 იოანეს 5:3-ში ჩაწერილი სიტყვებით: „ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს. ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია“. იეჰოვასადმი სიყვარულის გამოვლენის საუკეთესო საშუალებაა, რომ დავემორჩილოთ მის ძალაუფლებას. ეს ნიშნავს ბიბლიის მორალური კოდექსისადმი მორჩილებას (1 კორინთელთა 6:9, 10). თავის მხრივ, ეს მოიცავს ყოველივე კარგის სიყვარულსა და ყოველივე ცუდის სიძულვილს (ფსალმუნი 96:10; 100:3; იგავნი 8:13).
ღვთის მიმართ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გრძნობის, სიყვარულის, გამოვლენა აგრეთვე ნიშნავს მოყვასისადმი სიყვარულს. ბიბლია გვეუბნება: „თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი ეჯავრება, იგი ცრუა, ვინაიდან ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორღა ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს?“ (1 იოანე 4:20).
ახლო დამოკიდებულება ღმერთთან შესაძლებელია
ზოგიერთმა შესაძლოა თქვას: „მე თაყვანს ვცემ იეჰოვას. ვემორჩილები მის კანონებს. გულთბილად ვეპყრობი ნაცნობებს. ყველაფერს ვაკეთებ. მაგრამ ჯერაც ნამდვილად ვერ ვგრძნობ ღმერთთან სიახლოვეს. ვერ ვგრძნობ ძლიერ სიყვარულს მის მიმართ და ამის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობ“. ზოგი შესაძლოა ფიქრობს, რომ არ იმსახურებს ასე ახლო ურთიერთობას იეჰოვასთან.
ერთ-ერთი ქრისტიანი, იეჰოვასადმი მიძღვნილი 37 წლის მსახურების შემდეგ წერდა: „ჩემი ცხოვრების განმავლობაში მრავალჯერ მიფიქრია, რომ რადგან ზერელედ ვეპყრობი იეჰოვასადმი მსახურებას, მაშასადამე, ჩემი მსახურება შესაძლოა არ არის გულიდან გამომდინარე. მაგრამ ვიცოდი, რომ იეჰოვასადმი მსახურება სწორი იყო და არ ვრთავდი ჩემს თავს იმის ნებას, რომ შევჩერებულიყავი. მაგრამ ყოველთვის, როდესაც ვკითხულობდი მათ სიტყვებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ‘გული იეჰოვასადმი სიყვარულით აღევსოთ’, მაინტერესებდა, თუ რა ხდებოდა ჩემს თავს, რატომ ვერ ვგრძნობდი მეც მსგავს სიყვარულს?“ როგორ შეგვიძლია დავუახლოვდეთ იეჰოვას?
როდესაც ნამდვილად გიყვარს პიროვნება, ხშირად ფიქრობ მასზე. გაქვს ძლიერი სურვილი, რომ ახლოს იყო მასთან, რადგან შენ დაინტერესებული ხარ მისი კეთილდღეობით. რაც უფრო ხშირად ხედავ მას, საუბრობ მასთან და ფიქრობ მასზე, მით უფრო იზრდება შენში მის მიმართ სიყვარული. ეს პრინციპი მოქმედებს ღვთის მიმართ სიყვარულის განვითარებაშიც.
ფსალმუნის 76:13-ში ნათქვამია: „ჩავუკვირდები ყველა შენს ნამოქმედარს და შენს საქმეებზე ვისაუბრებ“. ფიქრი მნიშვნელოვანია ღვთისადმი სიყვარულის განვითარებაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გასაგებია, რომ ის არის უხილავი. მაგრამ, რაც უფრო მეტს იფიქრებ მასზე, მით უფრო რეალური იქნება ის შენთვის. მხოლოდ მაშინ შეძლებ განავითარო გულითადი და სიყვარულით აღსავსე ურთიერთობა ღმერთთან — რადგან ის რეალურია შენთვის.
მისწრაფება, რომ იფიქრო იეჰოვას გზებსა და საქმეებზე, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხშირად უსმენ მას. იეჰოვას უსმენ მისი სიტყვის, ბიბლიის, რეგულარული კითხვითა და შესწავლით. ფსალმუნმომღერალი საუბრობს იმ ბედნიერი პიროვნების შესახებ, რომლის ‘მისწრაფება უფლის რჯულშია და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ’ (ფსალმუნი 1:1, 2).
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ლოცვა. აი, ამიტომ მოგვიწოდებს ბიბლია, რომ ვილოცოთ „ყოველ ჟამს“, ‘მოვიცალოთ ლოცვისთვის’, ‘ვიყოთ ლოცვაში მდგრადნი’ და ‘ვილოცოთ განუწყვეტლივ’ (ეფესელთა 6:18; 1 კორინთელთა 7:5; რომაელთა 12:12; 1 თესალონიკელთა 5:17). განუწყვეტელი ლოცვით ძვირფასი გავხდებით იეჰოვასთვის და იმაში მტკიცედ დარწმუნება, რომ იეჰოვა გვისმენს, დაგვაახლოებს მასთან. ამაში იყო დარწმუნებული ფსალმუნმომღერალი, როდესაც წერდა: „მიყვარს, რომ ისმენს უფალი ჩემს ხმას, ჩემს ვედრებას. რომ მომაპყრო ყური და ჩემი დღენი მოვუხმობ მას“ (ფსალმუნი 114:1, 2).
სიყვარულის ღმერთისადმი მიბაძვა
იეჰოვა კეთილია ჩვენს მიმართ. ის არის სამყაროს შემოქმედი და რასაკვირველია, ის მრავალ საკითხს ითვალისწინებს და მრავალი საკითხით არის დაინტერესებული. მიუხედავად ამისა, ბიბლია გვეუბნება, რომ თვით ისეთი დიდებული ღმერთი, როგორიც იეჰოვაა, ზრუნავს თავის ქმნილებებზე, ადამიანებზე. მას ვუყვარვართ ჩვენ (1 პეტრე 5:6, 7). ფსალმუნმომღერალი ამას ადასტურებს სიტყვებით, როდესაც ამბობს: „უფალო, ჩვენო მბრძანებელო! რაოდენ დიდია შენი სახელი მთელს ქვეყანაზე, ცათა ზემოთ სწვდება შენი დიდება. როცა შევხედავ შენს ცას — შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე, რა არის კაცი, რომ იხსენიებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ?“ (ფსალმუნი 8:2, 4, 5).
რატომ ახსოვს იეჰოვას მოკვდავი ადამიანები? ბიბლია გვპასუხობს: „ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა მოავლინა წუთისოფელში თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა მისით ვიცოცხლოთ. ამაშია სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების მისატევებლად“ (1 იოანე 4:9, 10).
რატომ შეიძლება ითქვას, რომ ეს გამოსასყიდი მსხვერპლი არის ჩვენდამი ღვთის სიყვარულის უდიდესი მტკიცება? მოდი, განვიხილოთ, თუ რა მოხდა ედემის ბაღში. ადამი და ევა იდგნენ გადაწყვეტილების წინაშე: ან იეჰოვას კანონს უნდა დამორჩილებოდნენ და მარადიულად და სრულყოფილად ეცხოვრათ, ან იეჰოვას წინააღმდეგ აჯანყებულიყვნენ, რისი შედეგიც სიკვდილი იქნებოდა. მათ ირჩიეს აჯანყება (დაბადება 3:1–6). ამგვარი მოქმედებით მათ მთელ კაცობრიობას სიკვდილი მოუტანეს (რომაელთა 5:12). მათ თავდაჯერებულად მოგვპარეს პირადი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. არც ერთ ჩვენგანს არ ჰქონდა საშუალება ამ საკითხთან დაკავშირებით პირადი გადაწყვეტილება მიეღო.
მაგრამ იეჰოვამ სიყვარულით ჩაიბეჭდა გონებაში მოკვდავი ადამიანი, რადგან ესმის ადამიანის უმწეო მდგომარეობა. თავისი საყვარელი ძის, იესო ქრისტეს, შემოწირვით იეჰოვამ თითოეულს მოგვცა სამართლიანი საშუალება, რომ თავად ამოვირჩიოთ სიცოცხლე ან სიკვდილი, მორჩილება, ან წინააღმდეგობა (იოანე 3:16). ეს ისეა, თითქოს იეჰოვამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ ჩვენი არჩევნის მიხედვით გავსამართლდეთ — სიმბოლური სიტყვებით რომ ვთქვათ, მან მოგვცა შესაძლებლობა, კვლავ დავბრუნდეთ ედემში და თავად გამოვიტანოთ გადაწყვეტილება. ეს კი ოდესმე გამოვლენილ სიყვარულთა შორის უდიდესი სიყვარულია.
წარმოიდგინე, რა ტკივილი იგრძნო იეჰოვამ, როდესაც თავის მხოლოდშობილ ძეს ხედავდა შეურაცხყოფილს, ნაწამებსა და დამნაშავის მსგავსად ძელზე გაკრულს. და ღმერთმა ყოველივე ეს მოითმინა ჩვენს გამო. იმის შეგნებამ, რომ იეჰოვამ გამოიჩინა ინიციატივა და პირველმა შეგვიყვარა, ჩვენც უნდა აღგვძრას, რომ გვიყვარდეს და აგრეთვე აღგვძრას, რომ ვეძებოთ ის (იაკობი 1:17; 1 იოანე 4:19). ბიბლია გვიწვევს: „ეძიეთ უფალი და ძლიერება მისი, ეძიეთ პირი მისი მარადის. გაიხსენეთ მისი ნამოქმედარი სასწაულები, საოცრებანი და სამართალნი მის ბაგეთა“ (ფსალმუნი 104:4, 5).
გულითადი და სიყვარულით აღსავსე ურთიერთობა ღმერთთან და მასთან მეგობრობა, რეალურია. ეს შესაძლებელია. ფაქტია, რომ ადამიანებთან ურთიერთობას ზედმიწევნით ვერ გავუთანასწორებთ ღვთის მიმართ სიყვარულს. სიყვარული, რომელსაც ვგრძნობთ მეუღლის მიმართ, მშობლების, და-ძმების, ბავშვების ან მეგობრების მიმართ, განსხვავდება იმ სიყვარულისგან, რომელსაც ვგრძნობთ ღვთის მიმართ (მათე 10:37; 19:29). იეჰოვასადმი სიყვარული აგრეთვე ნიშნავს ჩვენი მხრიდან ერთგულებას, თაყვანისცემასა და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მიძღვნას (მეორე რჯული 4:24). არც ერთი სხვა ურთიერთობა არ არის ასეთი. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია მოკრძალებულად, მოწიწებული შიშით განვავითაროთ ძლიერი და ღრმა გრძნობები ღვთის მიმართ (ფსალმუნი 88:8).
არასრულყოფილების მიუხედავად, კაენისა და აბელის მსგავსად, შენც გაქვს შესაძლებლობა, გიყვარდეს შემოქმედი. კაენმა თავად გააკეთა არჩევანი, მიემხრო სატანას და გახდა პირველი ადამიანი მკვლელი (1 იოანე 3:12). მისგან განსხვავებით აბელს ისე გაიხსენებს იეჰოვა, როგორც რწმენისა და სამართალის კაცს და მარადიული სიცოცხლით დააჯილდოებს მომავალ სამოთხეში დედამიწაზე (ებრაელთა 11:4).
შენც დგახარ არჩევნის წინაშე. ღვთის სულისა და მისი სიტყვის დახმარებით შეძლებ, ნამდვილად შეიყვარო ღმერთი „შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით“ (მეორე რჯული 6:5). თავის მხრივ, იეჰოვასაც მუდამ ეყვარები, რადგან ის „თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს“ (ებრაელთა 11:6).