დარჩით ღვთის სიყვარულში!
‘საყვარელნო, დარჩით ღვთის სიყვარულში და გონებაში გქონდეთ მარადიული სიცოცხლე’ (იუდა 20, 21).
1, 2. როგორ შეგიძლიათ დარჩეთ ღვთის სიყვარულში?
იეჰოვას იმდენად უყვარს ადამიანები, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მსხვერპლად გაიღო მათთვის, რათა მის მორწმუნეებს მარადიული სიცოცხლე ჰქონდეთ (იოანე 3:16). რა შესანიშნავია იმის ცოდნა, რომ ღმერთს ასე უყვარხართ! თუ იეჰოვას მსახური ხართ, უეჭველია, დიდი სურვილი გექნებათ, მარადიულად გრძნობდეთ ამ სიყვარულს.
2 მოწაფე იუდა გვიმხელს, თუ როგორ შეგვიძლია ღვთის სიყვარულში დარჩენა. ის წერს: „თქვენს უწმინდეს რწმენაზე აღაშენეთ საკუთარი თავი, წმინდა სულით ილოცეთ და ამგვარად დარჩით ღვთის სიყვარულში, ვიდრე ელით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გულმოწყალებას და გონებაში გაქვთ მარადიული სიცოცხლე“ (იუდა 20, 21). ღვთის სიტყვის შესწავლა და სასიხარულო ცნობის ქადაგება დაგეხმარებათ, აღაშენოთ საკუთარი თავი „უწმინდეს რწმენაზე“ — ქრისტიანულ სწავლებებზე. ღვთის სიყვარულში რომ დარჩეთ, უნდა ილოცოთ „წმინდა სულით“, ანუ აღმძვრელი ძალით. ჯილდოდ მარადიული სიცოცხლე რომ მიიღოთ, რწმენა უნდა გამოავლინოთ იესოს მიერ გაღებული მსხვერპლისადმი (1 იოანე 4:10).
3. რატომ აღარ არიან ზოგიერთები იეჰოვას მოწმეები?
3 ზოგიერთები, ვისაც ერთ დროს რწმენა ჰქონდა, ღვთის სიყვარულში არ დარჩნენ. მათ არჩიეს, ცოდვის გზას დასდგომოდნენ და დღეს ისინი იეჰოვას მოწმეები აღარ არიან. როგორ უნდა მოიქცეთ, რომ თქვენც ასეთი რამ არ დაგემართოთ? ქვემოთ მოცემულ რჩევებზე დაფიქრება დაგეხმარებათ, ცოდვა არ ჩაიდინოთ და ღვთის სიყვარულში დარჩეთ.
გამოავლინეთ ღვთისადმი სიყვარული
4. რამდენად მნიშვნელოვანია ღვთის მორჩილება?
4 ღვთისადმი სიყვარული მისი მორჩილებით გამოხატეთ (მათე 22:37). „ღვთის სიყვარული ის არის, — წერს მოციქული იოანე, — რომ ვიცავდეთ მის მცნებებს, მისი მცნებები კი დამამძიმებელი არ არის“ (1 იოანე 5:3). თუ ყოველთვის დაემორჩილებით ღმერთს, ეს იმის ძალებს მოგცემთ, რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ ცდუნებებს და სიხარული შეინარჩუნოთ. ფსალმუნმომღერალმა თქვა: ‘ბედნიერია კაცი, რომელიც ბოროტთა რჩევისამებრ არ დადის და რომელსაც იეჰოვას კანონი ანიჭებს სიამოვნებას’ (ფსალმუნი 1:1, 2).
5. რის გაკეთებისკენ აღგძრავთ იეჰოვასადმი სიყვარული?
5 იეჰოვასადმი სიყვარული აღგძრავთ, რომ ყველანაირად მოერიდოთ სერიოზული ცოდვის ჩადენას, რითაც მის სახელს შეურაცხყოფდით. «ნურც სიღატაკეში მამყოფებ და ნურც სიმდიდრეს მომცემ, — ლოცულობდა აგური. — მომეცი ჩემი სამყოფი საჭმელი, რათა გამძღარმა არ უარგყო და არ ვთქვა: „ვინ არის იეჰოვა?“ ანდა გაღარიბებულმა არ მოვიპარო და ჩემი ღვთის სახელი არ შეურაცხვყო» (იგავები 30:1, 8, 9). არ დაუშვათ, რომ ‘ღვთის სახელი შეურაცხყოთ’. პირიქით, ყოველთვის ეცადეთ, აკეთოთ ის, რაც სწორია, და დიდება მოუტანოთ ღმერთს (ფსალმუნი 86:12).
6. რა შეიძლება მოხდეს, თუ ცოდვას ჩაიდენთ?
6 ლოცვაში გამუდმებით სთხოვეთ თქვენს მოსიყვარულე ზეციერ მამას, რომ დაგეხმაროთ, არ აჰყვეთ ცდუნებას და ცოდვა არ ჩაიდინოთ (მათე 6:13; რომაელები 12:12). ყოველთვის გაითვალისწინეთ ღვთის რჩევები, რათა ლოცვები არ დაგიბრკოლდეთ (1 პეტრე 3:7). თუ შესცოდეთ, ამან შეიძლება სავალალო შედეგები მოგიტანოთ, რადგან იეჰოვა შემცოდველებს, ასე ვთქვათ, ღრუბლებით უკეტავს თავისთან მისასვლელს, რათა მათმა ლოცვებმა ვერ გააღწიონ მათში (გოდება 3:42—44). ამიტომ, თავმდაბლად ილოცეთ იმაზე, რომ არ ჩაიდინოთ ისეთი რამ, რის გამოც ღმერთი თქვენს ლოცვებს აღარ მოისმენდა (2 კორინთელები 13:7).
გამოავლინეთ ღვთის ძისადმი სიყვარული
7, 8. როგორ დაეხმარება ადამიანს იესოს სიტყვების გათვალისწინება, თავი აარიდოს ცოდვილ გზას?
7 გამოავლინეთ იესო ქრისტესადმი სიყვარული მისი მცნებების დაცვით და ეს დაგეხმარებათ, თავი აარიდოთ ცოდვილ გზას. „თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, — თქვა იესომ, — დარჩებით ჩემს სიყვარულში, როგორც მე ვიცავ მამის მცნებებს და ვრჩები მის სიყვარულში“ (იოანე 15:10). როგორ დაგეხმარებათ იესოს სიტყვების დაცვა, რომ დარჩეთ ღვთის სიყვარულში?
8 თუ ყურად იღებთ იესოს სიტყვებს, ზნეობრივ სიწმინდეს შეინარჩუნებთ. ისრაელისთვის მიცემულ ღვთის კანონში ნათქვამი იყო: „არ იმრუშო“ (გამოსვლა 20:14). იესომ ნათელი მოჰფინა იმ პრინციპს, რომელიც საფუძვლად ედო ამ მცნებას, როდესაც თქვა: „ვინც ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“ (მათე 5:27, 28). პეტრე მოციქულმა პირველი საუკუნის კრების ზოგიერთ წევრზე თქვა, რომ მათ ‘თვალები მრუშობით ჰქონდათ სავსე’ და რომ ისინი ‘არამტკიცე სულებს აცდუნებდნენ’ (2 პეტრე 2:14). თუ გიყვართ ღმერთი და იესო ქრისტე, ემორჩილებით მათ და გსურთ, რომ მოუფრთხილდეთ მათთან ურთიერთობას, პეტრეს მიერ მოხსენიებული ზოგი ქრისტიანისგან განსხვავებით, შეძლებთ, თავი აარიდოთ გარყვნილების ჩადენას.
საშუალება მიეცით იეჰოვას სულს, რომ გიხელმძღვანელოთ
9. დაუტოვებს ღმერთი წმინდა სულს იმ ადამიანს, ვინც განაგრძობს ცოდვის ჩადენას?
9 სთხოვეთ ღმერთს წმინდა სული და საშუალება მიეცით ამ სულს, ხელმძღვანელობა გაგიწიოთ (ლუკა 11:13; გალატელები 5:19—25). თუ არ წყვეტთ ცოდვის ჩადენას, ღმერთმა შეიძლება წაგართვათ თავისი სული. ბათ-შებასთან ცოდვის ჩადენის შემდეგ დავითი ემუდარებოდა ღმერთს: „თავიდან ნუ მომიშორებ და შენს წმინდა სულს ნუ წამართმევ“ (ფსალმუნი 51:11). იმის გამო, რომ მეფე საული მოუნანიებელი შემცოდველი იყო, მან დაკარგა ღვთის სული. საულმა იმით შესცოდა, რომ დასაწვავი მსხვერპლი შესწირა ღმერთს, მთლიანად არ გაანადგურა ცხვარ-ძროხა და დაინდო ამალეკელების მეფე. მას შემდეგ იეჰოვამ წაართვა თავისი სული საულს (1 სამუელი 13:1—14; 15:1—35; 16:14—23).
10. რატომ არ უნდა დაუშვათ ცოდვის ჩადენის გაფიქრებაც კი?
10 აზრადაც კი არ გაივლოთ ცოდვის ჩადენა. პავლე მოციქული წერდა: „თუ ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნის მიღების შემდეგ კვლავ შეგნებულად ვცოდავთ, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვებისთვის“ (ებრაელები 10:26—31). რა სამწუხარო იქნებოდა, თუ შეგნებულად შესცოდავდით ღმერთს!
ნამდვილი სიყვარული გამოავლინეთ სხვების მიმართ
11, 12. რა მხრივ დაიცავს ქრისტიანს სიყვარული და პატივისცემა იმისგან, რომ უზნეობა არ ჩაიდინოს?
11 სხვებისადმი სიყვარული შეგაკავებთ, რომ უზნეობა არ ჩაიდინოთ (მათე 22:39). ასეთი სიყვარული აღგძრავთ, დაიცვათ გული, რათა მან არ გიბიძგოთ იმისკენ, რომ სხვისი მეუღლის სიყვარული მოიპაროთ. ამან შეიძლება მრუშობამდეც მიგიყვანოთ (იგავები 4:23; იერემია 4:14; 17:9, 10). მიბაძეთ მართალ იობს, რომელიც თავს უფლებას არ აძლევდა, ზედმეტი ყურადღება გამოეჩინა სხვა ქალების მიმართ (იობი 31:1).
12 ქორწინების სიწმინდისადმი პატივისცემის გამოვლენა სერიოზულ ცოდვას აგარიდებთ. ღვთის განზრახვით ღირსეული ცოლქმრობა და სქესობრივი ურთიერთობები სიცოცხლის წარმოშობას შეუწყობდა ხელს (დაბადება 1:26—28). გახსოვდეთ, სასქესო ორგანოები განკუთვნილია იმისთვის, რომ წარმოიქმნას სიცოცხლე — სიცოცხლე კი წმინდაა. მეძავები და მრუშები არ ემორჩილებიან ღმერთს, შეურაცხყოფენ სქესობრივ კავშირს, უპატივცემლობას ავლენენ ქორწინების სიწმინდის მიმართ და საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავენ (1 კორინთელები 6:18). ამის საპირისპიროდ, ღვთისა და მოყვასის სიყვარული, აგრეთვე ღვთის მორჩილება, დაიცავს ადამიანს ისეთი საქციელისგან, რის გამოც ის ქრისტიანული კრებიდან გაირიცხებოდა.
13. როგორ „ანადგურებს ყველაფერს, რაც ძვირფასია“ უზნეო ადამიანი?
13 საყვარელ ადამიანებს ტკივილი რომ არ მივაყენოთ, ჩვენ უნდა ჩავახშოთ ცოდვილი ფიქრები. „მეძავების მეგობარი ანადგურებს ყველაფერს, რაც ძვირფასია“, — ნათქვამია იგავების 29:3-ში. მოუნანიებელი მრუში სპობს ღმერთთან ურთიერთობას და ანგრევს ოჯახურ კავშირს. მის ცოლს გაყრის საფუძველი ეძლევა (მათე 19:9). ვინც უნდა იყოს ცოდვის ჩამდენი, ცოლი თუ ქმარი, ოჯახის ნგრევას უდიდესი ტკივილი მოაქვს უდანაშაულო მეუღლისთვის, შვილებისა და ახლობლებისთვის. განა იმის ცოდნამ, თუ რა საშინელი შედეგები მოაქვს უზნეო საქციელს, არ უნდა აღგვძრას იმისკენ, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ ნებისმიერ ცდუნებას?!
14. რას ვსწავლობთ იგავების 6:30—35-დან?
14 იმის ცოდნამ, რომ მრუშობით გამოწვეულ შედეგებს ვერაფერი გამოასწორებს, იმისკენ უნდა აღგვძრას, რომ ყველანაირად მოვერიდოთ ამ უაღრესად ეგოისტურ საქციელს. იგავების 6:30—35-დან ერთ საინტერესო აზრს ვიგებთ: ხალხმა კიდეც რომ გაუგოს ქურდს, რომელმაც ლუკმა პურის გამო იქურდა, მათ სძულთ მრუში, რადგან ასეთ ადამიანს ბილწი ზრახვები ამოძრავებს. ის „სულს [ანუ სიცოცხლეს] ინადგურებს“. მოსეს კანონის მიხედვით მას სიკვდილით დასჯიდნენ (ლევიანები 20:10). მრუშობის ჩამდენს ერთი სული აქვს, თავისი ჟინი მოიკლას. მას სულაც არ აღელვებს ის, რომ ამით სხვებს ტკივილს აყენებს. ასეთი მოუნანიებელი ადამიანი არ რჩება ღვთის სიყვარულში და სუფთა ქრისტიანული კრებიდან ირიცხება.
შეინარჩუნეთ სუფთა სინდისი
15. რას შეიძლება შევადაროთ ‘დადაღული სინდისი’?
15 ღვთის სიყვარულში რომ დავრჩეთ, არ უნდა დავუშვათ, რომ სინდისი ცოდვისადმი უგრძნობი გაგვიხდეს. ამიტომ, არ უნდა შევითვისოთ ქვეყნიერების დაცემული ზნეობრივი ნორმები და დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ მეგობრების არჩევას, აგრეთვე იმას, თუ რას ვკითხულობთ და რით ვერთობით. პავლე გვაფრთხილებდა: „გავა დრო და ზოგიერთები შთაგონებით წარმოთქმულ მაცდურ სიტყვებსა და დემონურ სწავლებებს დაუგდებენ ყურს და განუდგებიან რწმენას სინდისდადაღულ ტყუილის მთქმელთა თვალთმაქცობის გამო“ (1 ტიმოთე 4:1, 2). ‘დადაღული სინდისი’ ჰგავს ნაიარევს, რომელსაც დაკარგული აქვს ყოველგვარი მგრძნობელობა. ასეთი სინდისი აღარ გაგვაფრთხილებდა განდგომილებთან დაკავშირებული საშიშროებისა თუ ისეთი სიტუაციების შესახებ, რომლებშიც შეიძლებოდა რწმენისთვის გვეღალატა.
16. რატომ არის მნიშვნელოვანი სუფთა სინდისის შენარჩუნება?
16 ჩვენი ხსნა დამოკიდებულია იმაზე, გვაქვს თუ არა სუფთა სინდისი (1 პეტრე 3:21). იესოს დაღვრილი სისხლი წმენდს ჩვენს სინდისს მკვდარი საქმეებისგან, „რათა წმინდა მსახურება შევუსრულოთ ცოცხალ ღმერთს“ (ებრაელები 9:13, 14). თუ შეგნებულად შევცოდავთ, ჩვენი სინდისი წაიბილწება და აღარ ვიქნებით სუფთები და იმის ღირსნი, რომ შევასრულოთ ღვთის მსახურება (ტიტე 1:15). მაგრამ იეჰოვას დახმარებით ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს სუფთა სინდისი.
სხვა დამხმარე რჩევები
17. რა შედეგებს მოიმკით, თუ ‘ბოლომდე მიჰყვებით იეჰოვას’?
17 ძველ ისრაელში მცხოვრები ქალებ იეფუნეს ძის მსგავსად ‘ბოლომდე მიჰყევით იეჰოვას’ (მეორე კანონი 1:34—36). აკეთეთ ის, რასაც ღმერთი მოითხოვს თქვენგან, და არასოდეს იკვებოთ „დემონების სუფრიდან“ (1 კორინთელები 10:21). მტკიცედ უარყავით განდგომილება. მადლიერებით მიიღეთ სულიერი საზრდო იეჰოვას სუფრიდან და თქვენ ვერასოდეს შეგიყვანენ შეცდომაში ცრუმასწავლებლები და ბოროტი სულები (ეფესოელები 6:12; იუდა 3, 4). მთელი ყურადღება გადაიტანეთ სულიერ საქმეებზე — ბიბლიის პირად შესწავლაზე, კრების შეხვედრებზე დასწრებასა და სამქადაგებლო მსახურებაზე. დარწმუნებული იყავით, თქვენ ბედნიერი იქნებით, თუ ბოლომდე მიჰყვებით იეჰოვას და ბევრს იშრომებთ უფლის საქმეში (1 კორინთელები 15:58).
18. რა გავლენას მოახდენს თქვენს ქცევებზე იეჰოვას შიში?
18 ‘ღვთისთვის მოსაწონად შეასრულეთ წმინდა მსახურება, ღვთის შიშითა და მოკრძალებით’ (ებრაელები 12:28). იეჰოვასადმი მოწიწებული შიში აგარიდებთ ნებისმიერ უკუღმართ გზას. ის დაგეხმარებათ, რომ მოიქცეთ იმ რჩევის თანახმად, რომელიც პეტრემ ცხებულ თანაქრისტიანებს მისცა: „თუ უხმობთ მამას, რომელიც მიუკერძოებლად ასამართლებს თითოეულს თავისი საქმისამებრ, შიშით უნდა მოიქცეთ ხიზნობის დროს“ (1 პეტრე 1:17).
19. რატომ უნდა გამოიყენოთ ცხოვრებაში ის, რასაც ღვთის სიტყვიდან სწავლობთ?
19 ყოველთვის გამოიყენეთ ცხოვრებაში ის, რასაც ღვთის სიტყვიდან სწავლობთ. ამის წყალობით თავიდან აიცილებთ სერიოზულ ცოდვას, რადგან მათ შორის იქნებით, „რომლებიც იყენებენ აღქმის უნარს და გაწაფული აქვთ ის კარგისა და ცუდის გასარჩევად“ (ებრაელები 5:14). ზედაპირულად ნუ მოეკიდებით თქვენს საუბარსა და საქციელს; პირიქით, მოიქეცით როგორც ბრძენნი, და „გამოისყიდეთ თქვენთვის ხელსაყრელი დრო“ ამ ბოროტ დღეებში. „ჩასწვდით, რა არის იეჰოვას ნება“ და შესაბამისად იმოქმედეთ (ეფესოელები 5:15—17; 2 პეტრე 3:17).
20. რატომ უნდა მოვერიდოთ სიხარბეს?
20 მოერიდეთ სიხარბეს — არ ისურვოთ ის, რაც სხვას ეკუთვნის. ათი მცნებიდან ერთში ნათქვამი იყო: „არ ისურვო შენი მოძმის სახლი, არ ისურვო შენი მოძმის ცოლი, არც მისი მონა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი ვირი და არაფერი, რაც შენი მოძმისაა“ (გამოსვლა 20:17). ეს კანონი იცავდა ადამიანის სახლს, მის ცოლს, მსახურებს, პირუტყვს და ასე შემდეგ. მაგრამ იესო უფრო მნიშვნელოვან რამეზე ამახვილებდა ყურადღებას — მისი სიტყვების თანახმად, სიხარბე ბილწავს ადამიანს (მარკოზი 7:20—23).
21, 22. რა წინასწარი ზომების მიღება შეუძლია ქრისტიანს, რათა თავი აარიდოს ცოდვას?
21 წინასწარი ზომები მიიღეთ, რომ სურვილმა არ გაგიტაცოთ და ცოდვა არ ჩაგადენინოთ. მოწაფე იაკობი წერდა: „თითოეულს სცდის საკუთარი სურვილი, რომელიც აიყოლიებს და აცდუნებს მას. სურვილი კი, როცა განაყოფიერდება, შობს ცოდვას, ხოლო ჩადენილი ცოდვა ბადებს სიკვდილს“ (იაკობი 1:14, 15). მაგალითად, თუ ადამიანს წარსულში სმის პრობლემა ჰქონდა, შეიძლება მან არჩიოს, რომ საერთოდ არ ჰქონდეს სახლში სასმელი. ქრისტიანმა თავი რომ აარიდოს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან უზნეობის ჩადენის ცდუნებას, მისთვის ალბათ უმჯობესი იქნება სამუშაო ადგილის ან სულაც სამსახურის შეცვლა (იგავები 6:23—28).
22 ერთ ნაბიჯსაც კი ნუ გადადგამთ ცოდვისკენ. ფლირტმა და უზნეო ფიქრებმა შეიძლება სიძვა ან მრუშობა ჩაადენინოს ადამიანს. უწყინარმა ტყუილმა ადამიანს ბოლოს შეიძლება დიდი ტყუილები ათქმევინოს და აფერისტად აქციოს. წვრილმანმა ქურდობამ შეიძლება ისე გააუხეშოს ადამიანის სინდისი, რომ მან დიდი რამეების მოპარვას მიჰყოს ხელი. განდგომილთა აზროვნებისადმი ოდნავ შემწყნარებლურმა დამოკიდებულებამაც კი შეიძლება ადამიანი განდგომილებამდე მიიყვანოს (იგავები 11:9; გამოცხადება 21:8).
რის გაკეთება შეგიძლიათ, თუ ცოდვა ჩაიდინეთ?
23, 24. რა მხრივაა მანუგეშებელი 2 მატიანეს 6:29, 30-სა და იგავების 28:13-ში ჩაწერილი სიტყვები?
23 ყველა ადამიანი არასრულყოფილია (ეკლესიასტე 7:20). თუ მოხდა ისე, რომ სერიოზული ცოდვა ჩაიდინეთ, თქვენთვის მანუგეშებელი იქნება მეფე სოლომონის სიტყვები, რომლებიც მან იეჰოვას ტაძრის საზეიმო გახსნისას წარმოთქვა. სოლომონი ლოცვაში ღმერთს სთხოვდა: „ყოველი ლოცვა და სათხოვარი წყალობის მისაღებად, რომლითაც მოგმართავს ერთი კაცი ან მთელი შენი ხალხი, ისრაელი, რადგან თითოეულმა იცის თავისი უბედურება და ტკივილი, და გამოიწვდიან ხელებს ამ სახლისკენ, ისმინე ზეციდან, შენი სამყოფლიდან, აპატიე და თითოეულს თავისი გზისამებრ მიაგე, რადგან შენ იცი მათი გული (მხოლოდ შენ იცი კარგად ადამიანის ძეების გული)“ (2 მატიანე 6:29, 30).
24 ღმერთი ნამდვილად ხედავს გულს და ის მიმტევებელია. იგავების 28:13-ში ნათქვამია: „ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება, ხოლო ვინც მათ აღიარებს და მიატოვებს, შეწყალებული იქნება“. თუ ადამიანი გულით მოინანიებს ჩადენილ ცოდვას, აღიარებს მას და მიატოვებს, ღმერთი ხელს არ ჰკრავს მას და შეიწყალებს. მაგრამ, თუ სულიერად დასუსტებული ხართ, რა დაგეხმარებათ, რომ ღვთის სიყვარულში დარჩეთ?
როგორ უპასუხებდით?
• როგორ დავრჩეთ ღვთის სიყვარულში?
• როგორ გვეხმარება ღვთისა და ქრისტესადმი სიყვარული, რომ მოვერიდოთ ცოდვის ჩადენას?
• როგორ გვაკავებს სხვებისადმი ნამდვილი სიყვარული იმისგან, რომ გარყვნილება არ ჩავიდინოთ?
• კიდევ როგორ შეგვიძლია მოვერიდოთ არასწორ ქცევებს?
[სურათი 21 გვერდზე]
იუდას სიტყვებიდან ვიგებთ, თუ როგორ დავრჩეთ ღვთის სიყვარულში.
[სურათი 23 გვერდზე]
ოჯახის დანგრევა დიდ ტკივილს აყენებს უდანაშაულო მეუღლესა და შვილებს.
[სურათი 24 გვერდზე]
მზად ხართ, ქალებ იეფუნეს ძის მსგავსად, ‘ბოლომდე მიჰყვეთ იეჰოვას’?
[სურათი 25 გვერდზე]
ლოცვაში გამუდმებით სთხოვეთ ღმერთს დახმარება, რომ არ აჰყვეთ ცდუნებას.