‘მძიმე ბრძოლა გასწიეთ რწმენისათვის’
«იღწვოდეთ [„მძიმე ბრძოლას ეწეოდეთ“, აქ] რწმენისათვის, რომელიც ერთხელ წმიდებს გადაეცა» (იუდა 3).
1. რა გაგებით ომობენ დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანები?
ომში ჯარისკაცის ყოფა ძალზე მძიმეა. წარმოიდგინეთ მთელი საბრძოლო აღჭურვილობით უამრავი კილომეტრის გავლა ყოველნაირ ამინდში, იარაღების გამოყენების სწავლაში გატარებული დამქანცველი დღეები ან ისეთი სხვადასხვა სიტუაციიდან თავის დაძვრენა, რომლებიც სიკვდილით ან რაიმე ტრავმით გემუქრებათ. მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანები არ მონაწილეობენ ერებს შორის გამართულ ომებში (ესაია 2:2–4; იოანე 17:14). მიუხედავად ამისა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სულიერი გაგებით ყველა ვეწევით ბრძოლას. სატანას ეზიზღება იესო ქრისტე და მისი მიწიერი მიმდევრები (გამოცხადება 12:17). ფაქტობრივად, ყველა, ვისაც იეჰოვასადმი მსახურება აქვს გადაწყვეტილი, ჯარისკაცივით სამხედრო სამსახურშია და სულიერ ბრძოლას ეწევა (2 კორინთელთა 10:4).
2. როგორ აღწერს იუდა ქრისტიანების ბრძოლას და როგორ გვეხმარება მისი წერილი ამ ბრძოლის გაგრძელებაში?
2 მართებულად შენიშნა იესოს ნახევარძმამ, იუდამ: «საყვარელნო! ძალიან მოწადინებული ვიყავი მომეწერა თქვენთვის ჩვენს საერთო ხსნაზე. საჭიროდ ჩავთვალე, მომეწერა თქვენთვის შეგონება, რომ იღწვოდეთ [„მძიმე ბრძოლას ეწეოდეთ“, აქ] რწმენისათვის, რომელიც ერთხელ წმიდებს გადაეცა» (იუდა 3). როდესაც იუდა ქრისტიანებს მოუწოდებს, რომ ‘მძიმე ბრძოლას ეწეოდნენ’, იყენებს გამოთქმას, რომელიც ძლიერი ფიზიკური ან სულიერი ტანჯვის გამომხატველი სიტყვის მონათესავეა. დიახ, ეს ბრძოლა შეიძლება რთული, ტანჯვის მომყენებელიც კი აღმოჩნდეს. გეძნელებათ ხანდახან ამ ბრძოლის გაგრძელება? დახმარება შეიძლება ვპოვოთ იუდას მოკლე, მაგრამ ძლიერ წერილში. ის მოგვიწოდებს მოვერიდოთ უზნეობას, პატივი ვცეთ ღვთის მიერ დანიშნულ ხელმძღვანელებს და დავრჩეთ ღვთის სიყვარულში. ვნახოთ, თუ როგორ მივყვეთ ამ რჩევას.
მოვერიდოთ უზნეობას
3. რა კრიტიკული მდგომარეობის პირისპირ აღმოჩნდა ქრისტიანთა კრება იუდას დღეებში?
3 იუდა ხედავდა, რომ თანაქრისტიანებიდან ყველა ვერ იმარჯვებდა სატანის წინააღმდეგ ომში. სამწყსო კრიტიკული მდგომარეობების პირისპირ აღმოჩნდა. ‘შემოიპარნენ’ გახრწნილი ადამიანები, — წერს იუდა. ეს მამაკაცები ფარულად ხელს უწყობდნენ უზნეობას. ისინი მოხერხებულად ხსნიდნენ თავიანთ საქციელს და ‘ღვთის მადლი გახრწნილების საბაბად აქციეს’ (იუდა 4, სსგ). შეიძლება ისინი ძველი გნოსტიკოსების მსგავსად მსჯელობდნენ, რომ, რაც უფრო მეტს შესცოდავდნენ, მით უფრო მეტ წყალობას მიიღებდნენ ღვთისგან და, აქედან გამომდინარე, რაც უფრო მეტ ცოდვას ჩაიდენდნენ, მით უკეთესი იყო. ან შეიძლება ეგონათ, რომ გულმოწყალე ღმერთი არასოდეს დასჯიდა მათ. ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი ცდებოდნენ (1 კორინთელთა 3:19).
4. წარსულში იეჰოვას მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანის რომელი სამი ბიბლიური მაგალითი მოჰყავს იუდას?
4 იუდა ამხელს მათ ბოროტ აზროვნებას, როცა მოჰყავს იეჰოვას მიერ წარსულში სამჯერ გამოტანილი განაჩენის მაგალითები: იმ ისრაელების წინააღმდეგ, რომლებიც „ურწმუნონი“ იყვნენ; ანგელოზების წინააღმდეგ, „რომელთაც. . . მიატოვეს თავიანთი სავანე“, რათა ქალებთან შეეცოდათ; და სოდომისა და გომორის მოსახლეობის წინააღმდეგ, რომლებიც „მეძაობდნენ და აედევნენ უცხო ხორცს“ (იუდა 5–7; დაბადება 6:2–4; 19:4–25; რიცხვნი 14:35). ყველა ამ შემთხვევის დროს იეჰოვამ შემცოდველებისთვის გამოტანილი განაჩენი სისრულეში მოიყვანა.
5. რომელი ძველი წინასწარმეტყველის სიტყვებს ციტირებს იუდა და როგორ გამოხატა ამ წინასწარმეტყველებამ შესრულების აბსოლუტური უტყუარობა?
5 ცოტა ქვემოთ იუდა მიუთითებს უფრო სერიოზული შედეგების მომტან სამსჯავროზე. ის ენოქის წინასწარმეტყველებას ციტირებს — წინასწარმეტყველებას, რომელიც ღვთისსულიერ ბიბლიაში სხვაგან არსად არ არის მოცემულიa (იუდა 14, 15). ენოქმა იწინასწარმეტყველა იმ დროის შესახებ, როდესაც იეჰოვა განსჯიდა მთელ უღვთო წუთისოფელსა და მის უღვთო მოქმედებებს. საინტერესოა, რომ წინასწარმეტყველებისას ენოქი წარსულ დროს იყენებდა, რადგან ღვთის სამსჯავროები იმდენად რეალური იყო, რომ თითქოს ისინი უკვე მოხდა. ხალხი შეიძლება დასცინოდა ენოქს, შემდეგ კი — ნოეს, მაგრამ ყველა ეს დამცინავი, მსოფლიო წარღვნის დროს დაიხრჩო.
6. ა) რის შეხსენება იყო საჭირო იუდას დღეებში მცხოვრები ქრისტიანებისთვის? ბ) რატომ უნდა შევისმინოთ იუდას შეხსენებები?
6 რატომ ჩაწერა იუდამ ღვთის ამ სამსჯავროს შესახებ? მან იცოდა, რომ ქრისტიანული კრების ზოგი წევრი ისეთ საზიზღარ და გასაკიცხ უზნეობას სჩადიოდა, როგორსაც ის ადამიანები, რომელთა მიზეზითაც თავს დაატყდათ წარსული სამსჯავროები. ამიტომ იუდა წერს, რომ კრებებისთვის საჭიროა გარკვეული ძირითადი სულიერი ჭეშმარიტებების შეხსენება (იუდა 5). მათ, როგორც ჩანს, დაავიწყდათ, რომ იეჰოვა ღმერთი ხედავდა მათს საქციელს. დიახ, როდესაც ღვთის მსახურები შეგნებულად არღვევენ მის კანონებს, ბილწავენ საკუთარ თავს და სხვებს, ღმერთი ხედავს ამას (იგავნი 15:3). მსახურების ასეთი საქციელი იეჰოვას ძალიან დიდ ტკივილს აყენებს (დაბადება 6:6; ფსალმუნი 77:40). ნამდვილად მოკრძალების გრძნობას იწვევს ის ფაქტი, რომ ჩვენ, ადამიანები, სამყაროს უზენაესი უფლის გრძნობებზე ვმოქმედებთ. ის ყოველდღე გვიყურებს და, როდესაც ხედავს, რომ ყოველ ღონეს ვხმარობთ, რათა მისი ძის, იესო ქრისტეს, ნაკვალევს მივყვეთ, გული სიხარულით ევსება. ამიტომ ნურასოდეს გავნაწყენდებით იუდას მიერ მოცემულ მსგავს შეხსენებებზე, არამედ შევისმინოთ ეს სიტყვები (იგავნი 27:11; 1 პეტრე 2:21).
7. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი სერიოზული ცოდვის ჩამდენებისთვის, რომ დაუყოვნებლივ დახმარება ეძიონ? ბ) როგორ შეუძლია ნებისმიერ ჩვენგანს, აირიდოს უზნეობა?
7 იეჰოვა არა მარტო ხედავს ყოველივეს, არამედ მოქმედებს კიდეც შესაბამისად. სამართლიანი ღმერთი ადრე თუ გვიან სჯის ბოროტებს (1 ტიმოთე 5:24). ისინი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ღვთის სამსჯავროები მხოლოდ ძველი ისტორიაა და არ ეხება დღევანდელ ბოროტებას, მხოლოდ საკუთარ თავს იტყუებენ. რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც უზნეობას სჩადის, დახმარებისთვის დაუყოვნებლივ უხუცესებს მიმართოს (იაკობი 5:14, 15). სულიერ ომში ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გამოაფხიზლოს უზნეო მოქმედების საშიშროებამ. ყოველწლიურად მრავლად არიან დაღუპულები — ადამიანები, რომელთა უმეტესობა გაირიცხა იმის გამო, რომ ჩაიდინეს უზნეობა და არ მოინანიეს. ჩვენ მტკიცედ უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი, ვძლიოთ ნებისმიერ ცდუნებას, რომელიც ამ მიმართულებით წაგვიყვანდა (შეადარეთ მათე 26:41).
პატივი ვცეთ ღვთის მიერ დანიშნულ ხელმძღვანელებს
8. ვინ იგულისხმება იუდას მიერ მე-8 მუხლში მოხსენიებულ სიტყვაში „დიდებათა“?
8 მეორე პრობლემა, რომელსაც იუდა მოიხსენიებს, არის ღვთის მიერ დანიშნული ხელმძღვანელების მიმართ უპატივცემლობის გამოვლენა. მაგალითად, მე-8 მუხლში ის ‘დიდებათა გმობისთვის’ განსჯის იმავე ბოროტ ადამიანებს. ვის გმობდნენ ისინი? მათ, რომლებიც არასრულყოფილი ადამიანები იყვნენ, მაგრამ იეჰოვას სულიწმიდით მინიჭებული ჰქონდათ სხვადასხვა პასუხისმგებლობა. მაგალითად, კრებებში ღვთის სამწყსოს დასამწყემსად დაინიშნენ უხუცესები (1 პეტრე 5:2). დაინიშნენ მიმომსვლელი ზედამხედველებიც, ისეთები, როგორიც იყო მოციქული პავლე. იერუსალიმში უხუცესების საბჭო მოქმედებდა, როგორც ხელმძღვანელი საბჭო, რომელიც მთელი ქრისტიანული კრებებისთვის იღებდა გადაწყვეტილებებს (საქმეები 15:6). იუდა ღრმად შეძრა იმ ფაქტმა, რომ კრების ზოგი წევრი ლანძღავდა ამ მამაკაცებს.
9. რა მაგალითები მოჰყავს იუდას ხელმძღვანელების უპატივცემლობასთან დაკავშირებით?
9 იუდა განსჯის მსგავს უპატივცემლობას და მე-11 მუხლში შეხსენების მიზნით კიდევ სამი მაგალითი მოჰყავს: კაენის, ბალაამისა და კორახის. კაენმა უგულებელყო იეჰოვას მიერ სიყვარულით მიცემული რჩევა და შეგნებულად დაუშვა, რომ სიძულვილს მკვლელობამდე მიეყვანა (დაბადება 4:4–8). ბალამმა არაერთხელ მიიღო უდავოდ ზებუნებრივი გაფრთხილება — სახედარიც კი დაელაპარაკა მას! მაგრამ მან თვითნებურად განაგრძო ღვთის ხალხის წინააღმდეგ თავისი ჩანაფიქრის განხორციელება (რიცხვნი 22:28, 32–34; მეორე რჯული 23:5). კორახს გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრა, მაგრამ ის ამით არ კმაყოფილდებოდა. მან მთელ დედამიწაზე უთვინიერესი კაცის, მოსეს, წინააღმდეგ შეთქმულება წამოიწყო (რიცხვნი 12:3; 16:1–3, 32).
10. როგორ შეიძლება დღეს ზოგი გაებას ‘დიდებათა გმობის’ მახეში და რატომ უნდა მოვერიდოთ ასეთ ლაპარაკს?
10 რა თვალნათლივ გვასწავლის ეს მაგალითები, რომ მივიღოთ რჩევა და პატივი მივაგოთ მათ, ვისაც იეჰოვა ანიჭებს პასუხისმგებლობებს (ებრაელთა 13:17). ძალიან ადვილია უხუცესებისთვის ნაკლის პოვნა, ვინაიდან ისინიც, როგორც ჩვენ ყველა, არასრულყოფილები არიან. მაგრამ, თუ ყურადღებას გავამახვილებთ მათ ნაკლოვან მხარეებზე და ჩავკლავთ ჩვენში მათდამი პატივისცემას, ჩვენც ‘დიდებათა მგმობელები’ რა გამოვალთ? მე-10 მუხლში იუდა მოიხსენიებს მგმობელებს, რომლებიც ‘გმობენ იმას, რაც არ იციან’. დროდადრო ზოგი აკრიტიკებს უხუცესთა საბჭოს ან სამართლებრივი კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მაგრამ ისინი ჩახედული არ არიან ყველა წვრილმანში, რომლებიც უხუცესებმა გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინეს. მაშ, რატომ უნდა ილაპარაკონ მათ უარყოფითად იმ საკითხებზე, რომლებშიც, ფაქტობრივად, გარკვეულები არ არიან? (იგავნი 18:13). ისინი, რომლებიც გამუდმებით ასე უარყოფითად ლაპარაკობენ, კრებაში დაყოფას იწვევენ და შეიძლება თანამორწმუნეთა შეკრებებზე ‘ლაქებივით [„წყალქვეშა კლდეებივით“, აქ]’ საშიშნი აღმოჩნდნენ (იუდა 12, 16, 19). მოდით ნურასოდეს შევუქმნით სხვებს სულიერ საშიშროებას. პირიქით, თითოეული ვიყოთ გადაწყვეტილებით აღსავსე, რომ მძიმე შრომისა და ღვთის სამწყსოს ერთგულად დამწყემსვისთვის დავაფასოთ პასუხისმგებელი მამაკაცები (1 ტიმოთე 5:17).
11. რატომ შეიკავა თავი მიქაელმა სატანის მიმართ გმობის მსჯავრის წარმოთქმისგან?
11 იუდას მოჰყავს ისეთი პიროვნების მაგალითი, რომელიც სათანადო პატივს მიაგებდა დანიშნულ ხელმძღვანელობას. ის წერს: «მიქაელ მთავარანგელოზმა ეშმაკთან პაექრობისას, როცა ედავებოდა მას მოსეს სხეულის გამო, ვერ გაბედა გმობის მსჯავრი წარმოეთქვა, არამედ თქვა: „შეგრისხოს უფალმა!“» (იუდა 9). ბიბლიაში მხოლოდ იუდას წერილში მოცემული ეს შესანიშნავი ცნობა ორ სხვადასხვა რამეს გვასწავლის. ერთი მხრივ, ის გვასწავლის, რომ მსჯავრის გამოტანა იეჰოვას გადავცეთ. სატანას, როგორც ჩანს, სურდა ბოროტად ესარგებლა ერთგული მოსეს სხეულით და ის ცრუ თაყვანისმცემლობისთვის გამოეყენებინა. რამხელა ბოროტებაა! მაგრამ მიქაელმა თავმდაბლურად შეიკავა თავი მსჯავრის დადებისგან, რადგან ამის უფლება მხოლოდ იეჰოვას ჰქონდა. და რამდენად უფრო მეტად უნდა შევიკავოთ ჩვენ თავი იმ ერთგული მამაკაცების განსჯისგან, რომლებიც იეჰოვასადმი მსახურებას ცდილობენ.
12. რის სწავლა შეუძლიათ მიქაელის მაგალითიდან ქრისტიანულ კრებაში პასუხისმგებლობების მქონე პიროვნებებს?
12 მეორე მხრივ, მათაც, რომლებსაც კრებაში გარკვეული პასუხისმგებლობა აკისრიათ, შეუძლიათ ისწავლონ მიქაელისგან. მიქაელს, თუმცა ‘მთავარანგელოზი’ ანუ ანგელოზების ხელმძღვანელი იყო, პროვოცირების დროსაც კი ბოროტად არ გამოუყენებია თავისი ძალაუფლება. ერთგული უხუცესები მაქსიმალურად ბაძავენ მის მაგალითს და ესმით, რომ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება იეჰოვას უზენაესი ხელისუფლებისადმი უპატივცემლობაა. იუდას წერილი ბევრ რამეს აღნიშნავს იმ მამაკაცების შესახებ, რომლებსაც საპატიო მდგომარეობა ეჭირათ კრებაში, მაგრამ ბოროტად გამოიყენეს თავიანთი ძალაუფლება. მაგალითად, 12–14 მუხლებში იუდა მკაცრად ადანაშაულებს მამაკაცებს, რომლებიც „მწყსიან თავიანთ თავს“ [„ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, 1990 წლის გამოცემა] (შეადარეთ ეზეკიელი 34:7–10). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პირველ რიგში ისინი დაინტერესებული იყვნენ საკუთარი და არა იეჰოვას სამწყსოს კეთილდღეობით. დღეს უხუცესებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ ასეთი უარყოფითი მაგალითებიდან. ნამდვილად, იუდას სიტყვები იმის ცოცხალ სურათს წარმოგვისახავს, თუ როგორები არ უნდა გავხდეთ. თუ ეგოისტურ სურვილებს ვყვებით, ვერ ვიქნებით ქრისტეს ჯარისკაცები, ვინაიდან საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებისთვის ბრძოლით ვიქნებით ძალიან დაკავებული. ნაცვლად ამისა, ყველამ ვიცხოვროთ იესოს შემდეგი სიტყვების შესაბამისად: „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“ (საქმეები 20:35).
„დაიცავით თქვენი თავი ღვთის სიყვარულში“
13. რატომ უნდა ვისურვოთ გულწრფელად თითოეულმა ღვთის სიყვარულში დარჩენა?
13 წერილის ბოლოს იუდა გულში ჩამწვდომ რჩევას გვაძლევს: „დაიცავით თქვენი თავი ღვთის სიყვარულში“ (იუდა 21). არაფერს შეუძლია ქრისტიანებს ბრძოლისას იმხელა დახმარება აღმოუჩინოს, რამხელაც იეჰოვა ღმერთის სიყვარულში დარჩენას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სიყვარული იეჰოვას ყველაზე აღმატებული თვისებაა (1 იოანე 4:8). პავლე რომაელ ქრისტიანებს წერდა: „მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მყოფადი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში“ (რომაელთა 8:38, 39). მაგრამ როგორ დავრჩეთ ასეთ სიყვარულში? განვიხილოთ სამი საშუალება, რომლებსაც იუდა გვთავაზობს.
14, 15. ა) რას ნიშნავს აღვაშენოთ ჩვენი თავი „უწმიდეს რწმენაზე“? ბ) როგორ შეგვიძლია ჩვენი სულიერი საჭურვლის მდგომარეობის შემოწმება?
14 პირველი, იუდა გვირჩევს, აღვაშენოთ ჩვენი თავი „უწმიდეს რწმენაზე“ (იუდა 20). როგორც წინა სტატიაში დავინახეთ, ეს პროცესი არასოდეს არ მთავრდება. ჩვენ იმ შენობის მსგავსი ვართ, რომელსაც უფრო და უფრო მეტი გამაგრება სჭირდება, რათა გაუძლოს სტიქიას (შეადარე მათე 7:24, 25). ამიტომ ნურასოდეს გავხდებით ზედმეტად თავდაჯერებულები. პირიქით, დავინახოთ, რწმენის საძირკველზე სად შეგვიძლია აღვაშენოთ საკუთარი თავი, რათა გავხდეთ უფრო ძლიერები და ქრისტეს უფრო ერთგული ჯარისკაცები. მაგალითად, შეგვიძლია დავფიქრდეთ ეფესელთა 6:11–18-ში აღწერილი სულიერი საჭურვლის შემადგენელ ნაწილებზე.
15 რა მდგომარეობაშია ჩვენი სულიერი საჭურველი? არის ჩვენი „რწმენის ფარი“ იმდენად მტკიცე, რამდენადაც უნდა იყოს? თუ გადავხედავთ გასულ წლებს, ვხედავთ რაიმე გარღვევებს, ისეთებს, როგორიცაა: კრების შეხვედრებზე დასწრების შემცირება, მსახურებაში გულმოდგინების დაკარგვა ან პირადი შესწავლისადმი ენთუზიაზმის გაქრობა? ასეთი ნიშნები საგანგაშოა! ახლა საჭიროა ვიმოქმედოთ, რათა აღვშენდეთ და განვმტკიცდეთ ჭეშმარიტებაში (1 ტიმოთე 4:15; 2 ტიმოთე 4:2; ებრაელთა 10:24, 25).
16. რას ნიშნავს სულიწმიდით ლოცვა და რას უნდა ვთხოვდეთ იეჰოვას გამუდმებით?
16 ღვთის სიყვარულში დარჩენის მეორე საშუალებაა განვაგრძოთ ‘სულიწმიდით ლოცვა’ (იუდა 20). ეს იეჰოვას სულიწმიდის გავლენით და მის მიერ შთაგონებული სიტყვის შესაბამისად ლოცვას ნიშნავს. ლოცვა უმნიშვნელოვანესი საშუალებაა იეჰოვასთან ახლო პირადი ურთიერთობის დამყარებისა და მისადმი ერთგულების გამოსახატავად. არასოდეს არ უნდა უგულებელვყოთ ეს შესანიშნავი შესაძლებლობა! და, როდესაც ვლოცულობთ, შეგვიძლია ვითხოვოთ — ფაქტობრივად, გამუდმებით ვითხოვოთ — სულიწმიდა (ლუკა 11:13). ეს არის უძლიერესი ძალა, რომელიც კი შეიძლება მივიღოთ. ასეთი დახმარების წყალობით ყოველთვის შევძლებთ დავრჩეთ „ღვთის სიყვარულში“ და განვაგრძოთ ქრისტეს ჯარისკაცობა.
17. ა) რატომ არის იუდას გულმოწყალების მაგალითი ასე აღსანიშნავი? ბ) როგორ შეუძლია თითოეულ ჩვენგანს, განაგრძოს გულმოწყალების გამოვლენა?
17 მესამე, იუდა მოგვიწოდებს, განვაგრძოთ გალმოწყალების გამოვლენა (იუდა 22). აღსანიშნავია თავად მისი მაგალითი ამ საკითხთან დაკავშირებით. ის ხომ სამართლიანად იყო შეწუხებული ქრისტიანულ კრებაში არსებული გახრწნილების, უზნეობისა და განდგომილების შემოპარვით. მიუხედავად ამისა, ის შიშს არ მოუცავს და არ უფიქრია, რომ მდგომარეობა უკიდურესად საშიში იყო და ახლა არ იყო ისეთი „რბილი“ თვისების გამოვლენის დრო, როგორიცაა გულმოწყალება. არა, ის ძმებს მოუწოდებდა, მაქსიმალურად გამოევლინათ გულმოწყალება, გულთბილად შეეგონებინათ ეჭვებით შეპყრობილები და ‘ცეცხლიდანაც კი გამოეტაცათ’ სერიოზული ცოდვის ჩადენის პირას მისულები (იუდა 23; გალატელთა 6:1). ამ მძიმე დროში გამოსაყენებელი რა შესანიშნავი დარიგებაა უხუცესებისთვის! ისინიც უნდა ეცადონ, გამოავლინონ გულმოწყალება, როდესაც ამისათვის საფუძველი არსებობს, მაგრამ იყვნენ მტკიცენი, როდესაც ეს საჭიროა. თითოეული ჩვენგანისთვის აუცილებელია, ერთმანეთის მიმართ მსგავსი გულმოწყალების გამოვლენა. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ დავაგროვოთ უმნიშვნელო წყენინებები, დიდსულოვნად უნდა მივუტევოთ ერთმანეთს (კოლასელთა 3:13).
18. როგორ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ სულიერ ომში გავიმარჯვებთ?
18 ბრძოლა, რომელსაც ჩვენ ვეწევით, ადვილი არ არის. როგორც იუდა აღნიშნავს, ის ‘მძიმე ბრძოლაა’ (იუდა 3, აქ). ჩვენი მტრები ძლიერები არიან. ჩვენ წინააღმდეგ გამოსულია არა მარტო სატანა, არამედ მთელი მისი ბოროტი წუთისოფელი და ჩვენი საკუთარი არასრულყოფილება. მაგრამ შეგვიძლია აბსოლუტურად დაჯერებული ვიყოთ გამარჯვებაში! რატომ? ჩვენ იეჰოვას მხარეს ვართ. იუდა თავის წერილს იმ შეხსენებით აბოლოებს, რომ იეჰოვას სამართლიანად ეკუთვნის „დიდება, სიდიადე, ძალა და ხელმწიფება ყოველთა საუკუნეთა უწინარეს, აწ და ყოველთა საუკუნეთა მიმართ“ (იუდა 25). განა ეს მოკრძალების შთამნერგავი აზრი არ არის? განა შეიძლება არსებობდეს რაიმე ეჭვი იმის შესახებ, რომ ამ ღმერთს „ძალუძს დაგიცვათ დაცემისაგან“? (იუდა 24). ნამდვილად არა! მოდით თითოეული ვიყოთ გადაწყვეტილებით აღსავსე, კვლავაც მოვერიდოთ უზნეობას, პატივი ვცეთ ღვთის მიერ დაყენებულ ხელმძღვანელებს და დავრჩეთ ღვთის სიყვარულში. ასე მოქმედების შედეგად, ყველანი ერთად გავიხარებთ ბრწყინვალე გამარჯვებით.
[სქოლიოები]
a ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ იუდა აქ ციტირებს აპოკრიფული „ენოქის წიგნიდან“. მაგრამ რ. ს. ჰ. ლენსკი აღნიშნავს: «რა არის ამ ნაკუწ-ნაკუწებისგან შემდგარი „ენოქის წიგნის“ წყარო? ეს წიგნი შეკოწიწებულია და არავის შეუძლია დარწმუნებით თქვას მისი სხვადასხვა ნაწილის დაწერის თარიღი. . . არავის შეუძლია დარწმუნებით თქვას, რომ ზოგიერთი გამოთქმა თვითონ იუდას წერილიდან არ არის აღებული».
კითხვები გამეორებისთვის
◻ როგორ გვასწავლის იუდას წერილი, მოვერიდოთ უზნეობას?
◻ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, პატივი ვცეთ ღვთის მიერ დანიშნულ ხელმძღვანელებს?
◻ რატომ არის ასე საგანგაშო კრებაში ძალაუფლების ბოროტად გამოყენება?
◻ როგორ შეგვიძლია ვიღწვოდეთ, რათა დავრჩეთ ღვთის სიყვარულში?
[სურათი 15 გვერდზე]
რომაელი ჯარისკაცებისგან განსხვავებით, ქრისტიანები სულიერ ომში იბრძვიან.
[სურათი 18 გვერდზე]
ქრისტიანი მწყემსები მსახურებისას სიყვარულით ხელმძღვანელობენ და არა ეგოისტური სურვილებით.