თავი მეცამეტე
იეჰოვას ტახტის წინ მდგომი უამრავი ხალხი
1. ა) რა მოუწიათ ქრისტიანობამდე მცხოვრებ ღვთის მსახურებსა და 144000 სულითცხებულს თავიანთი ჯილდოს მიღებამდე? ბ) რა არის შესაძლებელი დღეს მცხოვრები „უამრავი ხალხისთვის“?
აბელიდან იოანე ნათლისმცემლამდე მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურები ცხოვრებაში პირველ ადგილზე ღვთის ნების შესრულებას აყენებდნენ. მაგრამ მათ დაასრულეს თავიანთი სიცოცხლე, ამიტომაც დედამიწაზე აღდგომამდე, ღვთის ახალ ქვეყნიერებამდე, მოუწევთ ლოდინი. 144000-ის წარმომადგენლებიც, რომლებიც ქრისტესთან ერთად ღვთის ზეციერ სამეფოში იმმართველებენ, უნდა მოკვდნენ თავიანთი ჯილდოს მიღებამდე. მაგრამ გამოცხადების 7:9-ში ნაჩვენებია, რომ ამ უკანასკნელ დღეებში ყველა ეროვნებიდან გამოიკრიბებოდა „უამრავი ხალხი“, რომლებიც არ მოკვდებოდნენ და დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი ექნებოდათ. ხარ შენც მათ შორის?
„უამრავი ხალხის“ ვინაობის დადგენა
2. როგორ გახდა შესაძლებელი გამოცხადების 7:9-ში მოხსენიებული უამრავი ხალხის ვინაობის დადგენა?
2 გასულ საუკუნეში, 1923 წელს იეჰოვას მოწმეებისთვის ნათელი გახდა, რომ მათეს 25:31—46-ში მოცემულ იგავში მოხსენიებული „ცხვრები“ და აგრეთვე იოანეს 10:16-ში ნახსენები „სხვა ცხვრები“ ის ადამიანები არიან, რომლებსაც დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა მიეცემათ. 1931 წელს გაირკვა, რომ ეზეკიელის 9:1—11-ში შუბლზე ნიშანდადებული ადამიანებიც მიწიერი იმედის მქონეთა რიგებს მიეკუთვნებიან. მოგვიანებით, 1935 წელს ღვთის მსახურებმა გაიგეს, რომ „უამრავი ხალხი“ იესოს მიერ მოხსენიებულ „სხვა ცხვრებში“ შედიოდა. დღეს ამ შესანიშნავი შესაძლებლობით მოსარგებლე უამრავი ხალხის რიცხვი მილიონებს აღწევს.
3. რატომ არ მიუთითებს გამოთქმა ‘ტახტის წინ დგომა’ ზეციურ კლასზე?
3 გამოცხადების 7:9-დან არ ჩანს, რომ უამრავი ხალხი ზეცაში იქნება. ღვთის ‘ტახტის წინ დგომისთვის’ საჭირო არ არის ზეცაში ყოფნა. ისინი, უბრალოდ, ღვთის მხედველობის არეში არიან (ფსალმუნი 10:4). უამრავი ხალხი, „რომლის დათვლა არავის შეუძლია“, არ შედის ზეციერ კლასში, რაშიც გვარწმუნებს მათი განუსაზღვრელი რიცხვის გამოცხადების 7:4—8-სა და გამოცხადების 14:1—4-ში (სსგ) მოხსენიებულ რიცხვთან შედარება. ეს მუხლები ცხადყოფს, რომ მხოლოდ 144000 ადამიანი ამაღლება დედამიწიდან ზეცაში.
4. ა) რა არის „დიდი გასაჭირი“, რომლის დროსაც უამრავი ხალხი გადარჩება? ბ) როგორც გამოცხადების 7:11, 12-შია აღნიშნული, ვინ ადევნებს თვალყურს უამრავ ხალხს და ვინ მონაწილეობს მათთან ერთად თაყვანისმცემლობაში?
4 გამოცხადების 7:14-ში უამრავ ხალხზე ნათქვამია: „ესენი არიან დიდი გასაჭირიდან მოსულები“. ისინი გადარჩებიან ყველაზე საშინელი გასაჭირის დროს, რომელიც კი ოდესმე ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში (მათე 24:21). მას შემდეგ, რაც თავიანთი გადარჩენისთვის ღმერთსა და ქრისტეს შესწირავენ მადლობას, ზეცაში მყოფი ყველა ერთგული ქმნილება მათთან ერთად იტყვის: „ამინ! კურთხევა, დიდება, სიბრძნე, მადლობა, პატივი, ძალა და სიმაგრე ჩვენს ღმერთს უკუნითი უკუნისამდე! ამინ“ (გამოცხადება 7:11, 12).
გადარჩენის ღირსნი
5. როგორ შეგვიძლია ამოვიცნოთ, თუ ვინ შედის უამრავ ხალხში?
5 დიდი გასაჭირის დროს უამრავი ხალხის გადარჩენა იეჰოვას სამართლიან ნორმებთან შეთანხმებულად მოხდება. იმ ადამიანების ამოსაცნობი თვისებები, რომლებიც გადარჩებიან, გასაგებად არის განხილული ბიბლიაში. ამიტომ, სამართლიანობის მოყვარულებს ამჟამად აქვთ შესაძლებლობა, ისე მოიქცნენ, რომ გადარჩენის ღირსი გახდნენ. რის გაკეთება მოეთხოვებათ მათ?
6. რატომ შეიძლება უამრავი ხალხის ცხვრებთან შედარება?
6 ცხვრები თვინიერნი და მორჩილნი არიან. ამიტომ, როცა იესომ თქვა, რომ მას სხვა ცხვრებიც ჰყავდა, რომლებიც არ შედიოდნენ ზეციერ კლასში, ის ისეთ ადამიანებს გულისხმობდა, რომლებიც მხოლოდ მარადიულად ცხოვრებას კი არ მოინდომებდნენ, არამედ მისი სწავლებების თანახმადაც იმოქმედებდნენ. „ჩემი ცხვრები ჩემს ხმას ისმენენ. მე ვიცნობ მათ და ისინი მე მომყვებიან“, — თქვა მან (იოანე 10:16, 27). ეს ადამიანები ნამდვილად უსმენენ იესოს და ემორჩილებიან მის ნათქვამს, რასაც იმით ამტკიცებენ, რომ მისი მოწაფეები ხდებიან.
7. რა თვისებების გამომუშავება ესაჭიროებათ იესოს მიმდევრებს?
7 კიდევ რა თვისებების გამომუშავება ესაჭიროება იესოს თითოეულ მიმდევარს? ღვთის სიტყვა გვპასუხობს: „მიტოვებული გაქვთ წინანდელი ცხოვრება ძველი კაცისა... და შეგიმოსიათ ახალი კაცი, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, სიმართლითა და ჭეშმარიტების სიწმიდით“ (ეფესელთა 4:22—24). ისინი ისეთ თვისებებს ავითარებენ, რომლებიც ღვთის მსახურთა ერთიანობას უწყობს ხელს; ამ თვისებებში შედის „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება“ (გალატელთა 5:22, 23).
8. რის გადატანა უწევს უამრავ ხალხს სულითცხებულთა დარჩენილი წევრების მხარდაჭერისას?
8 უამრავი ხალხი მხარში უდგას ზეციერი იმედის მქონე მცირერიცხოვან ჯგუფს, რომლის წევრებიც სამქადაგებლო საქმიანობას ხელმძღვანელობენ (მათე 24:14; 25:40). სხვა ცხვრები ერთგულად უჭერენ მათ მხარს, თუმცა იციან, რომ წინააღმდეგობას შეხვდებიან, რადგან ამ უკანასკნელი დღეების დასაწყისში იესო ქრისტემ და მისმა ანგელოზებმა სატანა და მისი დემონები ზეციდან გადმოყარეს. ეს დედამიწისთვის ავისმომასწავებელი უნდა ყოფილიყო: „ვაი, მიწას.., ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა“ (გამოცხადება 12:7—12). ამიტომ, ამ სისტემის აღსასრულის მოახლოებისას სატანა უფრო დიდ წინააღმდეგობას უწევს ღვთის მსახურთ.
9. რა წარმატებებს აღწევენ ღვთის მსახურები სასიხარულო ცნობის ქადაგებისას და რატომ?
9 სასტიკი დევნის მიუხედავად, სამქადაგებლო საქმიანობა წარმატებით ხორციელდება. პირველი მსოფლიო ომის დასასრულს სამეფოს მხოლოდ რამდენიმე ათასი მაუწყებელი იყო, მაგრამ ამჟამად მათი რიცხვი მილიონებს აღწევს, რითაც სრულდება იეჰოვას დანაპირები: „ყოველი იარაღი, შენს წინააღმდეგ გამოჭედილი, გაცუდდება“ (ესაია 54:17). იუდეველთა უმაღლესი სასამართლოს ერთ-ერთმა წევრმაც კი აღიარა, რომ ღვთის საქმის ჩაშლა შეუძლებელია. პირველ საუკუნეში მან ფარისევლებს იესოს მოწაფეების შესახებ უთხრა: „მოეშვით მათ, ვინაიდან, თუ კაცისაგან არის ეს ზრახვა ანდა საქმე, ჩაიფუშება. ხოლო თუ ღვთისაგან არის, მაშინ თქვენ ვერ ჩაფუშავთ მას და, ვაითუ, ღვთის მოწინააღმდეგენი აღმოჩნდეთ“ (საქმეები 5:38, 39).
10. ა) რას ამტკიცებს უამრავი ხალხის შუბლზე დადებული „ნიშანი“? ბ) როგორ უსმენენ ღვთის მსახურები ‘ციდან მეტყველ ხმას’?
10 წმინდა წერილებში უამრავი ხალხი აღიწერება, როგორც გადასარჩენად ნიშანდადებულნი (ეზეკიელი 9:4—6). ეს „ნიშანი“ ამტკიცებს, რომ მათ თავი მიუძღვნეს იეჰოვას, მოინათლნენ როგორც ქრისტეს მოწაფეები და ქრისტეს მსგავს პიროვნებებად ჩამოყალიბებას ცდილობენ. ისინი უსმენენ ‘ციდან მეტყველ ხმას’, რომელიც სატანის იარაღად ქცეულ ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელზე ამბობს: „გამოერიდე მას, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიარო მის ცოდვებს და არ მიიღო მისი წყლულებისაგან“ (გამოცხადება 18:1—5).
11. რა მნიშვნელოვანი თვისებით ცხადყოფს უამრავი ხალხი, რომ იეჰოვას მსახურები არიან?
11 იესომ აგრეთვე თავის მიმდევრებს უთხრა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:35). ამის საპირისპიროდ, ომის დროს მსოფლიო რელიგიების მიმდევრები ერთმანეთს ხშირად მხოლოდ იმიტომ ხოცავენ, რომ ისინი სხვა ეროვნების ადამიანები არიან. ღვთის სიტყვაში აღნიშნულია: „ამით შეიცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ყოველი, ვინც კი არ იქმს სიმართლეს, იგი არ არის ღვთისაგან, და ისიც, ვისაც თავისი ძმა არ უყვარს... გვიყვარდეს ერთმანეთი. ისე კი არა, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისაგან იყო და მოკლა თავისი ძმა“ (1 იოანე 3:10—12).
12. როგორ მოეპყრობა იეჰოვა დიდი გასაჭირის დროს იმ სიმბოლურ რელიგიურ „ხეებს“, რომლებსაც ცუდი ნაყოფი გამოაქვთ?
12 იესომ განაცხადა: „ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც ცუდს იძლევა. არ შეუძლია კარგ ხეს ცუდი ნაყოფის გამოღება; და არც ცუდ ხეს კარგი ნაყოფის გამოღება. ყოველ ხეს, რომელსაც კარგი ნაყოფი არ მოაქვს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ. ასე რომ, მათი ნაყოფით იცნობთ მათ“ (მათე 7:17—20). ნაყოფი, რომელიც მსოფლიო რელიგიებს გამოაქვთ, იმაზე მოწმობს, რომ ისინი ცუდი „ხეები“ არიან, რომლებსაც მალე, დიდი გასაჭირის დროს, გაანადგურებს იეჰოვა (გამოცხადება 17:16).
13. როგორ ცხადყოფს უამრავი ხალხი, რომ გაერთიანებულნი დგანან იეჰოვას ტახტის წინ?
13 გამოცხადების 7:9—15-ში ყურადღება მახვილდება უამრავი ხალხის გადარჩენის ხელშემწყობ ფაქტორებზე. აღწერილის თანახმად, ისინი იეჰოვას „ტახტის წინ“ დგანან და გაერთიანებულად უჭერენ მხარს მის უზენაეს ხელისუფლებას. მათ „გაირეცხეს თავიანთი სამოსი და გაასპეტაკეს ისინი კრავის სისხლით“, რაც იმაზე მეტყველებს, რომ აღიარებენ იესოს მიერ ცოდვათა გამოსასყიდად გაღებულ მსხვერპლს (იოანე 1:29). მათ თავი მიუძღვნეს ღმერთს და ამის ნიშნად წყალში სრული ჩაძირვით მოინათლნენ. ამიტომ სუფთანი არიან ღვთის წინაშე, რაზეც მათი თეთრი სამოსი მოწმობს, და ემსახურებიან იეჰოვას „დღე და ღამე“. ხედავ საკითხებს, რომლებსაც ყუარდღება უნდა დაუთმო, რომ მაქსიმალურად შეესაბამებოდე ზემოთ აღწერილს?
ახლანდელი კურთხევები
14. რა სარგებლობას იღებენ უკვე ახლავე იეჰოვას მსახურები?
14 ალბათ, დაინახავდი, თუ რამხელა სარგებლობა მოაქვს უკვე ახლავე იეჰოვასთვის მსახურებას. მაგალითად, იეჰოვას სამართლიან განზრახვებთან გაცნობა დაგეხმარა, გაგეგო მომავლის ბრწყინვალე იმედის შესახებ. ასე რომ, ამჟამად შენ გაქვს რეალური მიზანი — ემსახურო ჭეშმარიტ ღმერთს იმ სასიხარულო იმედით, რომ დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად იცხოვრებ. დიახ, მეფე იესო ქრისტე „სიცოცხლის წყლის წყაროებზე მიიყვანს [უამრავ ხალხს]“ (გამოცხადება 7:17).
15. რა სარგებლობა მოაქვს იეჰოვას მოწმეებისთვის პოლიტიკურ და მორალურ საკითხებთან დაკავშირებული ბიბლიური პრინციპების დაცვას?
15 სიყვარული, ერთობა და ჰარმონია, რომლებიც მთელ მსოფლიოში იეჰოვას მსახურებს შორის არსებობს, უდიდესი კურთხევაა უამრავი ხალხისთვის. რადგან ყველა ერთი და იმავე სულიერი საკვებით ვსაზრდოობთ, თითოეული ვემორჩილებით ღვთის სიტყვაში მოცემულ ერთსა და იმავე კანონებსა და პრინციპებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ გვანაწევრებს პოლიტიკური თუ ნაციონალისტური იდეოლოგია. აგრეთვე ვიცავთ მაღალზნეობრივ ნორმებს, რომელთა დაცვასაც ღმერთი მოითხოვს თავისი ხალხისგან (1 კორინთელთა 6:9—11). ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ იეჰოვას ხალხმა კონფლიქტებში მიიღოს მონაწილეობა, ურთიერთშორის განხეთქილებას შეუწყოს ხელი და უზნეო საქმეები აკეთოს, რაც ამ წუთისოფლისთვის არის დამახასიათებელი, ისინი, ასე ვთქვათ, სულიერ სამოთხეში ცხოვრობენ. მიაქციე ყურადღება, თუ როგორ აღიწერება ეს ესაიას 65:13, 14-ში.
16. დღესდღეობით გავრცელებული პრობლემების მიუხედავად, რის იმედი აქვს უამრავ ხალხს?
16 რასაკვირველია, იეჰოვას მოწმეები არ არიან სრულყოფილი ადამიანები. ისინიც ხვდებიან დღესდღეობით ამ წუთისოფელში გავრცელებულ პრობლემებს — გასაჭირში ვარდებიან ან ერებს შორის გამართული ომების უდანაშაულო მსხვერპლი ხდებიან. ისინიც ავადდებიან, იტანჯებიან და კვდებიან. მაგრამ მათ სწამთ, რომ ახალ ქვეყნიერებაში ღმერთი „მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება“ (გამოცხადება 21:4).
17. რა საოცარი მომავალი ელით ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლებს იმისდა მიუხედავად, თუ რა ემართებათ ამ წუთისოფელში?
17 მაშინაც კი, თუ სიცოცხლეს მოხუცებულობის, ავადმყოფობის, უბედური შემთხვევის ან დევნის გამო დაკარგავ, იეჰოვა აღგადგენს სამოთხეში საცხოვრებლად (საქმეები 24:15). მაშინ კვლავ მიწვეული იქნები სულიერ ნადიმზე ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს. როდესაც დაინახავ, თუ რა დიდებულად შესრულდება ღვთის განზრახვები, უფრო შეგიყვარდება ის. და კურთხევები, რომლებსაც იმ დროს გადმოაფრქვევს იეჰოვა, კიდევ უფრო გააძლიერებს შენს სიყვარულს მისადმი (ესაია 25:6—9). რა საოცარი მომავალი ელის ღვთის ხალხს!
გამეორება
• რა უჩვეულო მოვლენასთან აკავშირებს ბიბლია უამრავ ხალხს?
• რა უნდა გავაკეთოთ ახლავე, თუ ნამდვილად გვსურს, რომ უამრავ ხალხს შორის ვიყოთ, რომლებსაც იეჰოვა იწონებს?
• რამდენად მნიშვნელოვნად თვლი უამრავი ხალხის ამჟამინდელ კურთხევებს და იმ კურთხევებს, რომლებიც მათ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ექნებათ?
[სურათი 123 გვერდზე]
უამრავი ხალხი, ანუ მილიონობით ადამიანი, გაერთიანებულად სცემს თაყვანს ჭეშმარიტ ღმერთს.