თავი 23
მეორე ვაი და ცხენოსანი ჯარის იერიში
1. კალიების გათელვის მცდელობის მიუხედავად რა მოხდა და რას მოასწავებს მომდევნო ორი ვაი?
დაწყებული 1919 წლიდან სიმბოლური კალიების შემოსევამ ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებას მრავალი თავსატეხი გაუჩინა. მათ არაერთხელ სცადეს კალიების გათელვა, მაგრამ კალიები უწინდელზე მეტად გაძლიერდნენ (გამოცხადება 9:7). ამით არ დამთავრებულა ყველაფერი. იოანე მოგვითხრობს: „ერთმა ვაიმ გადაიარა, ორი ვაი კიდევ მოსასვლელია“ (გამოცხადება 9:12). ქრისტიანული სამყაროს დაწყლულება ჯერ არ დასრულებულა.
2. ა) რა ხდება მეექვსე ანგელოზის მიერ საყვირის ჩაბერვის შემდეგ? ბ) რას წარმოადგენს „ოქროს სამსხვერპლოს რქებიდან გამომავალი ხმა“? გ) რატომ არის ნახსენები ოთხი ანგელოზი?
2 საიდან მოდის მეორე ვაი? იოანე ამბობს: «ჩაჰბერა საყვირს მეექვსე ანგელოზმა და გავიგონე ღვთის წინაშე მდგარი ოქროს სამსხვერპლოს რქებიდან გამომავალი ხმა, რომელიც საყვირის მქონე მეექვსე ანგელოზს ეუბნებოდა: „გაათავისუფლე ოთხი ანგელოზი, რომლებიც დიდ მდინარე ევფრატთან არიან შებოჭილნი“ » (გამოცხადება 9:13, 14). ანგელოზების გათავისუფლებას ის ხმა ითხოვს, რომელიც ოქროს სამსხვერპლოს რქებიდან ისმის. ეს სამსხვერპლო სასაკმევლე ოქროს სამსხვერპლოა. იქიდან აღებული საკმეველი, რომელიც ოქროს თასებში ეყარა, მანამდე ორჯერ იყო ნახსენები და ორივეჯერ წმინდათა ლოცვებს უკავშირდებოდა (გამოცხადება 5:8; 8:3, 4). აქედან გამომდინარე, ეს ხმაც დედამიწაზე მყოფი წმინდების ერთობლივ ლოცვებს წარმოადგენს. ისინი გათავისუფლებას ითხოვენ, რათა უფრო აქტიურად იმსახურონ იეჰოვას მაცნეებად. ბერძნული სიტყვა, რომელიც ქართულად ანგელოზად ითარგმნება, ძირითადად მაცნეს ნიშნავს. რატომ არის ნახსენები ოთხი ანგელოზი? ეს სიმბოლური რიცხვი, როგორც ჩანს, იმაზე მეტყველებს, რომ მათი ორგანიზებული მსახურება მთელ დედამიწას მოიცავდა (გამოცხადება 7:1; 20:8).
3. რა გაგებით იყო ოთხი ანგელოზი „დიდ მდინარე ევფრატთან შებოჭილი“?
3 რა გაგებით არიან ანგელოზები „დიდ მდინარე ევფრატთან შებოჭილნი“? ძველ დროს მდინარე ევფრატი იეჰოვას მიერ აბრაამისთვის აღთქმულ მიწას ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა (დაბადება 15:18; მეორე კანონი 11:24). როგორც ჩანს, ანგელოზები შებოჭილნი იყვნენ ღვთისგან ბოძებული მიწის საზღვართან, ანუ დედამიწაზე, და სრულად ვერ ასრულებდნენ იეჰოვას მიერ დავალებულ მსახურებას. ქალაქი ბაბილონი ევფრატის სანაპიროზე იყო გაშენებული. ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის დაცემის შემდეგ ისრაელი 70 წლის განმავლობაში ტყვეობაში იყო „დიდ მდინარე ევფრატთან შებოჭილი“ (ფსალმუნი 137:1). 1919 წელს სულიერი ისრაელიც „შებოჭილი“ იყო და უნუგეშო მდგომარეობაში მყოფი იეჰოვას დახმარებას სთხოვდა.
4. რა ევალება ოთხ ანგელოზს და როგორ ასრულებენ ისინი ამ დავალებას?
4 საბედნიეროდ იოანე ასეთ სურათს ხედავს: „და გათავისუფლდა ოთხი ანგელოზი, რომლებიც მომზადებული იყვნენ იმ საათის, დღის, თვისა და წლისთვის, რათა ადამიანთა მესამედი დაეხოცათ“ (გამოცხადება 9:15). იეჰოვას ყველაფრისთვის თავისი დრო აქვს დადგენილი და ამ დროის შესაბამისად მოქმედებს. ეს მაცნეებიც თავის დროზე თავისუფლდებიან დაკისრებული დავალების შესასრულებლად. წარმოიდგინეთ, როგორ გაახარებდა მათ 1919 წელს ტყვეობიდან გათავისუფლება! მათ არა მარტო უნდა დაეტანჯათ „ადამიანთა მესამედი“, არამედ უნდა დაეხოცათ კიდეც. ეს მოგვაგონებს პირველი ოთხი საყვირით გაცხადებულ წყლულებს, რომლებმაც ზიანი მოუტანეს დედამიწის, ზღვის, ზღვის სულდგმულთა, მდინარეების, წყაროს წყლებისა და ციური მნათობების მესამედს (გამოცხადება 8:7—12). ოთხი ანგელოზი არ ჩერდება. ისინი ხოცავენ „ადამიანთა მესამედს“, ანუ ბოლომდე ამხელენ სულიერად მკვდარ ქრისტიანულ სამყაროს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ყველა ის განაჩენი, რომელიც 1922 წლიდან მოყოლებული დღემდე ცხადდება.
5. როგორ მოჰყვა მეექვსე საყვირის ჩაბერვას ქრისტიანული სამყაროს მხილება 1927 წელს?
5 როგორც აღვნიშნეთ, ზეციერმა ანგელოზმა მეექვსე საყვირს ჩაჰბერა. მეექვსე საყვირის ხმას ტორონტოში (ონტარიო, კანადა) ბიბლიის მკვლევართა მეექვსე საერთაშორისო კონგრესის ჩატარება მოჰყვა. 1927 წლის 24 ივლისს, კვირას, პროგრამა 53 რადიოსადგურის მეშვეობით გადაიცემოდა. ეს იმ დროისთვის ყველაზე მასშტაბური რადიოტრანსლაცია იყო. პროგრამა მილიონობით ადამიანმა მოისმინა. ამ კონგრესზე მიღებულმა მტკიცე რეზოლუციამ ჯერ ამხილა სულიერად მომაკვდავი ქრისტიანული სამყარო, შემდეგ კი ხალხს მოქმედებისკენ მოუწოდა: „ამ დაბნეულობის ჟამს იეჰოვა ღმერთი უბრძანებს ხალხს, სამუდამოდ მიატოვონ ქრისტიანული სამყარო და ყოველგვარი კავშირი გაწყვიტონ მასთან. . . ხალხი მთელი გულითა და ერთგულებით უნდა ემსახუროს იეჰოვა ღმერთს, მის მეფესა და სამეფოს“. რეზოლუციის მიღების შემდეგ ჯ. ფ. რუტერფორდმა ჩვეული ენერგიულობით წარმოთქვა საჯარო მოხსენება „თავისუფლება ხალხთათვის“. ეს მოხსენება ისეთი იყო, როგორც „ცეცხლი, კვამლი და გოგირდი“, რაც იოანემ მოგვიანებით იხილა.
6. როგორ აღწერს იოანე ცხენოსანთა ჯარს?
6 „ცხენოსანი ჯარის რიცხვი იყო ოცი ათასჯერ ათი ათასი. მე გავიგონე მათი რიცხვი. აი, როგორები ვიხილე ცხენები და მათზე მსხდომნი: მათ ცეცხლისფერი, მუქი ლურჯი და გოგირდისფერი ჯავშნები ჰქონდათ; ცხენებს თავები ლომების თავებს მიუგავდათ და პირიდან ცეცხლი, კვამლი და გოგირდი გამოსდიოდათ. ამ სამი წყლულისგან, მათი პირიდან გამომავალი ცეცხლის, კვამლისა და გოგირდისგან, ადამიანთა მესამედი დაიხოცა“ (გამოცხადება 9:16—18).
7, 8. ა) ვისი ხელმძღვანელობით მიქრის ცხენოსანთა ჯარი? ბ) რითი ჰგავს ცხენოსანთა ჯარი კალიების გუნდს?
7 როგორც ჩანს, ეს ცხენოსანი ჯარი ოთხი ანგელოზის ხელმძღვანელობით მიქრის. ეს სანახაობა შიშის მომგვრელი იქნებოდა. რა განცდა დაგეუფლებოდათ, ეს ჯარი თქვენ რომ დაგდევნებოდათ? მათი დანახვაც კი თავზარს დაგცემდათ. ალბათ შენიშნეთ მსგავსება ამ ჯარსა და კალიების გუნდს შორის. კალიები ცხენებს ჰგავდნენ; ეს ჯარიც ცხენოსანთა ჯარია. ერთიც და მეორეც თეოკრატიულ ომში იბრძვის (იგავები 21:31). კალიებს კბილები ლომის კბილებს მიუგავდათ. ცხენოსანთა ცხენებს ლომის თავები აქვთ. ორივე იუდას ტომის გაბედულ ლომს, იესო ქრისტეს, მოგვაგონებს. ის მათი წინამძღოლი, მბრძანებელი და მათთვის მისაბაძი მაგალითია (გამოცხადება 5:5; იგავები 28:1).
8 კალიების მსგავსად ცხენოსანთა ჯარიც იეჰოვას განაჩენის აღსრულებაში მონაწილეობს. კალიები კვამლს ამოჰყვნენ, რაც იმის მომასწავებელი იყო, რომ ქრისტიანულ სამყაროს ვაი და გამანადგურებელი ცეცხლი არ ასცდებოდა. ცხენებს პირიდან ცეცხლი, კვამლი და გოგირდი გამოსდით. კალიების რკინის ჯავშნები იმაზე მეტყველებდა, რომ მათ გულებს სიმართლის სიყვარული იცავდა. ცხენოსნების ჯავშნები წითლად, ლურჯად და ყვითლად არის შეფერილი, რაც ცხენების პირიდან გამოსული ცეცხლით, კვამლითა და გოგირდით წარმოდგენილ სასიკვდილო განაჩენს ნიშნავს (შეადარეთ დაბადების 19:24, 28; ლუკას 17:29, 30). კალიებს მორიელის კუდები ჰქონდათ ხალხის დასატანჯავად. ცხენების კუდები გველებს ჰგავს ხალხის დასახოცად. როგორც ჩანს, კალიების დაწყებული საქმე ცხენოსანმა ჯარმა უფრო მეტი შემართებით უნდა განაგრძოს და ბოლომდე უნდა მიიყვანოს.
9. რას განასახიერებს ცხენოსანთა ჯარი?
9 რას განასახიერებს ცხენოსანთა ჯარი? თავის დროზე იოანეს კლასმა დაიწყო ქრისტიანულ სამყაროზე იეჰოვას განაჩენის გაცხადება. მათ მიცემული ჰქონდათ უფლება „დაეკბინათ“ და „ევნოთ“. აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ იგივე ჯგუფი „დახოცავს“, ანუ გააცხადებს, რომ ქრისტიანული სამყარო თავის სამღვდელოებასთან ერთად სულიერად მკვდარია, უარყოფილია იეჰოვასგან და „გავარვარებულ ღუმელში“ მარადიული განადგურება ელის. დიდი ბაბილონი მთლიანად უნდა მოისპოს (გამოცხადება 9:5, 10; 18:2, 8; მათე 13:41—43). სანამ ის განადგურდება, იოანეს კლასი იყენებს „სულის მახვილს, ანუ ღვთის სიტყვას“, და ამხელს მომაკვდავ ქრისტიანულ სამყაროს. ოთხი ანგელოზი და ცხენოსნები ხელმძღვანელობენ „ადამიანთა მესამედის“ სიმბოლურ ხოცვას (ეფესოელები 6:17; გამოცხადება 9:15, 18). სამეფოს მაუწყებელთა დიდი ლაშქარი უფალ იესო ქრისტეს ხელმძღვანელობით ორგანიზებულად და თეოკრატიული წესრიგით მიემართება საბრძოლველად.
ოცი ათასჯერ ათი ათასი
10. რა გაგებით არის ცხენოსანთა რიცხვი ოცი ათასჯერ ათი ათასი?
10 რა გაგებით არის ცხენოსანთა რიცხვი ოცი ათასჯერ ათი ათასი? ოცი ათასჯერ ათი ათასი 200 მილიონიაa. სასიხარულოა, რომ დღეს სამეფოს მაუწყებელთა რიცხვი მილიონებს აღწევს, თუმცა 200 მილიონზე გაცილებით ნაკლებია. მაგალითად, რიცხვების 10:36-ში მოსე ასეთ სიტყვებს წერს: „დაუბრუნდი, იეჰოვა, ისრაელის უთვალავ ათასებს“ (შეადარეთ დაბადების 24:60). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: „დაუბრუნდი ისრაელის ათობით მილიონს“. მოსეს დროს ისრაელთა რიცხვი ორიდან სამ მილიონამდე იყო. მაშ, რას გულისხმობდა მოსე? მოსე იმას გულისხმობდა, რომ როგორც „ცის ვარსკვლავები და ზღვის ქვიშა“, ისე ისრაელთა რიცხვიც არ დაითვლებოდა (დაბადება 22:17; 1 მატიანე 27:23). მოსემ სიტყვა „უთვალავი“ განუსაზღვრელი რიცხვის საჩვენებლად გამოიყენა.
11. რა ესაჭიროებოდა იოანეს კლასს, რომ მათი რიცხვი თუნდაც სიმბოლური გაგებით ათი ათასჯერ ათი ათასი ყოფილიყო?
11 იოანეს კლასის წარმომადგენლები, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრობენ, რიცხობრივად ათი ათასზე ნაკლები არიან. მაშ, რატომ არიან შედარებული უთვალავ ცხენოსანთან? მათი რიცხვი თუნდაც სიმბოლური გაგებით ათი ათასჯერ ათი ათასი ყოფილიყო, მათ რიგებს სხვები მაინც უნდა შემატებოდნენ. ეს ასეც მოხდა იეჰოვას წყალობით. ვინ შეავსო მათი რიგები?
12, 13. 1918—1935 წლებში მომხდარმა რომელმა მოვლენებმა ცხადყო, ვინ შეემატებოდა ცხებულთა რიგებს?
12 იოანეს კლასი 1918—1922 წლებში ჩაგრულ ადამიანებს სიხარულით ამცნობდა, რომ დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებოდნენ. 1923 წელს ნათელი გახდა, რომ მათეს 25:31—34-ში ნახსენები ცხვრები მარადიულად იცხოვრებდნენ დედამიწაზე ღვთის სამეფოს ხელმძღვანელობით. ამ იმედზე იყო საუბარი ბროშურაში „თავისუფლება ხალხთათვის“, რომელიც 1927 წელს საერთაშორისო კონგრესზე გამოიცა. XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში გაირკვა, რომ იეჰონადაბის კლასი და ის ადამიანები, რომლებიც ქრისტიანული სამყაროს სავალალო სულიერი მდგომარეობის გამო „ოხრავენ და კვნესიან“, დედამიწაზე მარადიული ცხოვრების მომლოდინე სიმბოლური ცხვრები არიან (ეზეკიელი 9:4; 2 მეფეები 10:15, 16). 1934 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“ მათ მოუწოდებდა, თანამედროვე „თავშესაფარი ქალაქებისთვის“ შეეფარებინათ თავი: „იეჰონადაბის კლასმა მოისმინა ღვთის საყვირის ხმა, ყურად იღო გაფრთხილება, თავი შეაფარა ღვთის ორგანიზაციას და შეუერთდა ღვთის ხალხს, რომელთა შორისაც მართებს კიდეც დარჩენა“ (რიცხვები 35:6).
13 იეჰონადაბის კლასი 1935 წელს მიწვეული იყო იეჰოვას მოწმეთა კონგრესზე, რომელიც ვაშინგტონში (აშშ) ჩატარდა. პარასკევს, 31 მაისს ჯ. ფ. რუტერფორდმა წარმოთქვა თავისი ცნობილი მოხსენება „უამრავი ხალხი“. მან გამოცხადების 7:9-ში მოხსენიებული უამრავი ხალხი გააიგივა მათეს 25:33-ში მოხსენიებულ ცხვრებთან, დედამიწაზე ცხოვრების მომლოდინე მიძღვნილ მსახურებთან. ამ კონგრესზე 840 ადამიანი მოინათლა, მათი უმეტესობა უამრავი ხალხიდან იყო, რაც მათი რიცხვის ზრდაზე მეტყველებდაb.
14. იბრძვის უამრავი ხალხი სიმბოლურ ცხენოსან ჯართან ერთად, და რა რეზოლუცია მიიღეს 1963 წელს?
14 1922 წელს ცხენოსანი ჯარის მიერ წამოწყებულ შეტევას, რასაც 1927 წელს ტორონტოში ჩატარებულ კონგრესზე განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა, უამრავი ხალხიც შეუერთდა. ისინი ამ შეტევაში ოთხი ანგელოზის, იოანეს ცხებული კლასის ხელმძღვანელობით მონაწილეობდნენ. 1963 წელს მთელ მსოფლიოში ჩატარებულ კონგრესებზე სახელწოდებით „მარადიული სასიხარულო ცნობა“ მათ იოანეს კლასთან ერთად მიიღეს რეზოლუცია. მასში ნათქვამი იყო, რომ მსოფლიოს „არყევს ჯერ არნახული მიწისძვრა; მისი პოლიტიკური სისტემა და ბაბილონური რელიგიაც ძირისძირობამდე შეირყევა“. რეზოლუციაში აგრეთვე აღინიშნა: „ჩვენ კვლავ ყველას განურჩევლად ვაუწყებთ მარადიულ სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოსა და ღვთის განაჩენის შესახებ. ეს განაჩენი დააწყლულებს ღვთის მტრებს და გაათავისუფლებს იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ, შემოქმედ ღმერთს სულითა და ჭეშმარიტებით სცენ თაყვანი“. ეს რეზოლუცია სიხარულით მიიღო მთელ მსოფლიოში ჩატარებულ 24 კონგრესზე დამსწრე 454 977 დელეგატმა. დელეგატთა 95 პროცენტი უამრავი ხალხის წარმომადგენელი იყო.
15. ა) 2005 წელს იეჰოვას საქმის შემსრულებელთა რამდენ პროცენტს შეადგენდა უამრავი ხალხი? ბ) როგორ ცხადყოფს იესოს ლოცვა უამრავი ხალხისა და იოანეს კლასის ერთიანობას?
15 იმ დროიდან მოყოლებული უამრავი ხალხი იოანეს კლასთან ერთად აწყლულებს ქრისტიანულ სამყაროს, რაც მათ ერთიანობაზე მეტყველებს. 2005 წელს იეჰოვას საქმის შემსრულებელთა 99, 8 პროცენტი უამრავი ხალხი იყო. ისინი მთელი გულით უერთდებიან იოანეს კლასს, რომლისთვისაც იესო იოანეს 17:20, 21-ში ჩაწერილი სიტყვებით ლოცულობდა: „მხოლოდ ამათზე არ გთხოვ, არამედ იმათზეც, ვინც მათი სიტყვით მირწმუნებს, რათა ყველანი ერთნი იყვნენ, როგორც შენ, მამა, ჩემთან ხარ ერთობაში, მე კი — შენთან, რათა ისინიც ერთობაში იყვნენ ჩვენთან და ქვეყნიერებამ ირწმუნოს, რომ შენ გამომგზავნე“. იოანეს ცხებული კლასი იესოს მეთაურობით მიუძღვის გულმოდგინე უამრავ ხალხს, რომლებიც მათთან ერთად მონაწილეობენ ყველაზე გამანადგურებელ შეტევაშიc.
16. ა) როგორ აღწერს იოანე სიმბოლური ცხენების პირებსა და კუდებს? ბ) როგორ ამზადებს იეჰოვა თავის ხალხს? გ) რას ნიშნავს ის, რომ მათი კუდები გველებს ჰგავს?
16 ჯარს საომრად იარაღიც სჭირდება. იეჰოვამ მათ აღჭურვილობაზეც იზრუნა. იოანე მოგვითხრობს: „ცხენებს ძალაუფლება პირებსა და კუდებში ჰქონდათ, მათი კუდები გველებს ჰგავდა, რომელთა თავებსაც ზიანი მოჰქონდათ“ (გამოცხადება 9:19). იეჰოვამ თავის მიძღვნილ, მონათლულ მსახურებს დაავალა ამ საქმის შესრულება. თეოკრატიული სამსახურის სკოლის, კრების სხვა შეხვედრებისა და სხვა სკოლების მეშვეობით ღმერთი ასწავლის მათ სიტყვის ქადაგებას. ამის წყალობით ისინი „სწავლულთა ენით“ დამაჯერებლად საუბრობენ. ღმერთმა მათ ბაგეზე დაუდო თავისი სიტყვა და გაგზავნა თავისი განაჩენის „სახალხოდ და კარდაკარ“ გასაცხადებლად (2 ტიმოთე 4:2; ესაია 50:4; 61:2; იერემია 1:9, 10; საქმეები 20:20). იოანეს კლასი და უამრავი ხალხი კუდებით „კბენენ“ ხალხს, რადგან წლებია, რაც მილიონობით ბიბლიას, წიგნს, ბროშურასა და ჟურნალს ავრცელებენ. მათი მტრებისთვის, რომლებმაც იციან, რა ზიანი ელით იეჰოვასგან, ამ ცხენოსანთა რიცხვი, მართლაც, ოცი ათასჯერ ათი ათასია (შეადარეთ იოელის 2:4—6).
17. უერთდებიან ცხენოსანთა ჯარს იმ ქვეყნებში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები, სადაც მათი საქმიანობა აკრძალულია? ახსენით.
17 ცხენოსანთა ყველაზე გულმოდგინე დანაყოფში ის და-ძმები შედიან, რომლებიც იმ ქვეყნებში მსახურობენ, სადაც იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აკრძალულია. როგორც ცხვრები მგლებში, ისინი „გველივით ფრთხილნი და მტრედივით უწყინარნი“ უნდა იყვნენ. ისინი იეჰოვას ემორჩილებიან, რის გამოც ვერ შეწყვეტენ იმაზე ლაპარაკს, რაც უნახავთ და მოუსმენიათ (მათე 10:16; საქმეები 4:19, 20; 5:28, 29, 32). მათ ძალიან ცოტა აქვთ ან საერთოდ არა აქვთ გასავრცელებელი პუბლიკაციები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არ მონაწილეობენ ცხენოსანთა შეტევაში. მათ იეჰოვამ დაუდო ბაგეზე თავისი სიტყვა და ბიბლიური ჭეშმარიტების გაცხადების უფლებით აღჭურვა. ისინი ყველგან დამაჯერებლად ქადაგებენ, ატარებენ ბიბლიის შესწავლებს და მრავალ ადამიანს სიმართლის გზაზე აყენებენ (დანიელი 12:3). შეიძლება ისინი ვერ „კბენენ“ კუდებით, რადგან ვერ ავრცელებენ მამხილებელ პუბლიკაციებს, მაგრამ ტაქტიანად და ფრთხილად ქადაგებენ იეჰოვას მოახლოებული დღის შესახებ და, ამგვარად, სიმბოლურ ცეცხლს, კვამლსა და გოგირდს აფრქვევენ პირიდან.
18. რამდენ ენაზე და რამდენი პუბლიკაციით გაავრცელა ცხენოსანთა ჯარმა დამაწყლულებელი ცნობა?
18 სხვა ქვეყნებში მოწმეები პუბლიკაციებით კვლავაც ამხელენ ქრისტიანული სამყაროს ბაბილონურ სწავლებებსა და საქმეებს და სიმბოლური გაგებით დამსახურებულად აყენებენ ზიანს ქრისტიანულ სამყაროს. თანამედროვე საბეჭდი დანადგარების გამოყენებით ამ უზარმაზარმა ჯარმა 2005 წლამდე, ბოლო 68 წლის განმავლობაში, 450-ზე მეტ ენაზე გაავრცელა მილიონობით ბიბლია, სხვა წიგნი, ჟურნალი და ბროშურა. გავრცელებული პუბლიკაციების რაოდენობა რიცხობრივად ბევრად აღემატება ოცი ათასჯერ ათი ათასს. ცხენოსანმა ჯარმა კუდებით მართლაც მწარედ დაკბინა ხალხი.
19, 20. ა) როგორი გამოხმაურება მოჰყვა დამაწყლულებელ ცნობას იმ ქვეყნებში, რომლებზეც ვერ ახდენს გავლენას ქრისტიანული სამყარო? ბ) როგორ აღგვიწერს იოანე უმეტესობის რეაქციას?
19 იეჰოვას განზრახვით ამ დამაწყლულებელ ცნობას „ადამიანთა მესამედი“ უნდა დაეხოცა. თავდასხმის მთავარ სამიზნეს ქრისტიანული სამყარო წარმოადგენდა, თუმცა ეს ცნობა გასცდა მას და იმ ქვეყნებამდე მიაღწია, სადაც ქრისტიანული სამყაროს თვალთმაქცობა კარგად არის ცნობილი. შედეგად მრავალი, ვინც გახრწნილი ქრისტიანული სამყაროს დაწყლულება დაინახა, იეჰოვას დაუახლოვდა. თავმდაბალი და სათნო ხალხი მზადყოფნით გამოეხმაურა ამ ცნობას იმ ქვეყნებში, რომლებზეც ვერ ახდენს გავლენას ქრისტიანული სამყარო. იოანე ასე აღგვიწერს უმეტესობის რეაქციას: „დანარჩენმა ადამიანებმა კი, რომლებიც ამ წყლულებით არ დახოცილან, არ მოინანიეს თავიანთი ხელის ნამოქმედარი, რათა თაყვანი არ ეცათ დემონებისთვის და ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, ქვისა და ხის კერპებისთვის, რომლებიც ვერ ხედავენ, არ ესმით და ვერ დადიან. არ მოინანიეს მკვლელობები, არც ის, სპირიტიზმს რომ მისდევენ, არც სიძვა და არც ქურდობები“ (გამოცხადება 9:20, 21). მოუნანიებელ ადამიანთა უმრავლესობა არ გამოსწორდება. ვინც ბოროტების გზას არ მიატოვებს, იეჰოვას დიდ დღეს მკაცრ განაჩენს დაიტეხს თავს. „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“ (იოელი 2:32; ფსალმუნი 145:20; საქმეები 2:20, 21).
20 რაც ახლა განვიხილეთ, მეორე ვაის შედეგია. მაგრამ ამით მეორე ვაი არ დამთავრებულა, რასაც მომდევნო თავები ცხადყოფს.
[სქოლიოები]
a თავის ნაშრომში „კომენტარები გამოცხადებაზე“ ჰენრი ბარკლეი სუეტი ფრაზას „ოცი ათასჯერ ათი ათასი“ ასეთ კომენტარს უკეთებს: „დასახელებული რიცხვის სიმრავლე იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს ფრაზა პირდაპირი მნიშვნელობით არ გავიგოთ. ამას კონტექსტიც ადასტურებს“.
b იხილეთ ამავე წიგნის 119—126-ე გვერდები და „გამართლების“ მესამე ტომი, 83, 84-ე გვერდები (გამოცემულია 1932 წელს, [ინგლ.]).
c კალიებისგან განსხვავებით ცხენოსნებს არ ადგათ „ოქროს გვირგვინები“ (გამოცხადება 9:7). ეს გასაკვირი არ არის, რადგან უამრავი ხალხი, ცხენოსანი ჯარის უდიდესი ნაწილი, არ მოელის ღვთის ზეციერ სამეფოში მეფობას.
[სურათი 149 გვერდზე]
მეექვსე საყვირის ხმას მეორე ვაი მოჰყვება.
[სურათები 150, 151 გვერდებზე]
ოთხი ანგელოზი მიუძღვის ცხენოსანთა უდიდეს ჯარს.
[სურათები 153 გვერდზე]
უთვალავი ცხენოსანი მილიონობით ბიბლიურ პუბლიკაციას ავრცელებს.
[სურათი 154 გვერდზე]
დანარჩენებმა არ მოინანიეს.