თავი 14
მხოლოდ ღვთის ხელისუფლების ერთგულნი
1, 2. ა) რომელი პრინციპით ხელმძღვანელობენ დღემდე იესოს მიმდევრები? ბ) როგორ ცდილობდნენ მტრები ჩვენს დამარცხებას და რა იყო შედეგი?
იესომ იუდეველთა ყველაზე გავლენიანი საერო მოსამართლის, პილატეს წინაშე წარმოთქვა სიტყვები, რომლებიც მისი ჭეშმარიტი მიმდევრებისთვის დღემდე სახელმძღვანელო პრინციპად რჩება. მან თქვა: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის. ამ ქვეყნიერების ნაწილი რომ ყოფილიყო, ჩემი მსახურები იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს არ გადავცემოდი. მაგრამ ჩემი სამეფო აქედან არ არის“ (იოან. 18:36). პილატემ იესო სიკვდილით დასაჯა, თუმცა მტრების გამარჯვება ხანმოკლე იყო — ღმერთმა იესო მკვდრეთით აღადგინა. ძლევამოსილი რომის იმპერატორები ქრისტეს მიმდევრების განადგურებას ცდილობდნენ, მაგრამ ამაოდ. ქრისტიანები სამეფოს შესახებ ცნობას მთელ ძველ მსოფლიოში ქადაგებდნენ (კოლ. 1:23).
2 ათას ცხრაას თოთხმეტ წელს ღვთის სამეფოს დაარსების შემდეგ ზოგიერთი ძლევამოსილი სახელმწიფო ცდილობდა ღვთის ხალხის მოსპობას. თუმცა მიზანს ვერც ერთმა მიაღწია. მრავალი მთავრობა თუ პოლიტიკური ძალა გვაიძულებდა, კონფლიქტის დროს მათი მხარე დაგვეკავებინა. მაგრამ მათ ვერ შეძლეს ჩვენი ერთიანობის დარღვევა. დღეს სამეფოს ქვეშევრდომები თითქმის ყველა ქვეყანაში ცხოვრობენ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ერთიანი მსოფლიო საძმოს წევრები ვართ და საერთოდ არ ვერევით პოლიტიკაში. ჩვენი ერთიანობა იმის ნათელი მტკიცებაა, რომ ღვთის სამეფო მმართველობს და ჩვენი მეფე იესო ქრისტე კვლავ გვხელმძღვანელობს, გვწმენდს და გვიცავს. ვნახოთ ამის მაგალითები და რწმენის განმამტკიცებელი ზოგიერთი იურიდიული გამარჯვება, რომლებიც ქვეყნიერებისგან გამოყოფილებმა იესოს დახმარებით მოვიპოვეთ (იოან. 17:14).
წამოიჭრა მნიშვნელოვანი საკითხი
3, 4. ა) რა მოჰყვა სამეფოს დაბადებას? ბ) ყოველთვის ნათლად ესმოდა ღვთის ხალხს ნეიტრალიტეტის საკითხი? ახსენით.
3 სამეფოს დაბადებას ზეცაში ომი მოჰყვა, რის შედეგადაც სატანა გადმოგდებულ იქნა დედამიწაზე (წაიკითხეთ გამოცხადების 12:7—10, 12). ომი დედამიწაზეც გაჩაღდა, რამაც ღვთის ხალხის სიმტკიცე გამოსცადა. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, მიჰყოლოდნენ იესოს მაგალითს და არ ყოფილიყვნენ ქვეყნიერების ნაწილი. მაგრამ თავიდან სრულად არ ესმოდათ, რას ნიშნავდა პოლიტიკურ საკითხებში სრული ნეიტრალიტეტის შენარჩუნება.
4 მაგალითად, 1904 წელს გამოცემულ „ქრისტეს ათასწლიანი მეფობის გარიჟრაჟის“a VI ტომში ქრისტიანებს მოუწოდებდნენ, თავი შეეკავებინათ ომში მონაწილეობისგან. თუმცა მასში აღნიშნული იყო, რომ გაწვევის შემთხვევაში ქრისტიანს უნდა მოეთხოვა რომელიმე არასამწყობრო სამსახურში გადაყვანა. თუ არ გადაიყვანდნენ და ბრძოლის ველზე გაუშვებდნენ, ყველაფერი უნდა ეღონა, რომ არავინ მოეკლა. იმ დროს არსებული მდგომარეობის შესახებ ბრიტანელი ძმა ჰერბერტ სენიორი, რომელიც 1905 წელს მოინათლა, იხსენებს: „ძმები გაურკვევლობაში იყვნენ, რადგან არ არსებობდა ნათელი მითითება, შეიძლებოდა თუ არა ჯარისკაცად მსახურება ისეთ სამხედრო ნაწილში, რომელიც საომარ მოქმედებებში არ მონაწილეობდა“.
5. როგორ მოეფინა უფრო მეტად ნათელი ნეიტრალიტეტის საკითხს 1915 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“?
5 „საგუშაგო კოშკის“ 1915 წლის 1 სექტემბრის ნომერში მეტად მოეფინა ნათელი ამ საკითხს. „საღვთო წერილის გამოკვლევაში“ მოცემული რჩევების შესახებ ჟურნალში ნათქვამი იყო: „ხომ არ ნიშნავს ეს კომპრომისზე წასვლას?!“. როგორ უნდა მოქცეულიყო ქრისტიანი, თუ უნიფორმის ტარებისა და სამხედრო სამსახურისთვის უარის თქმის გამო დახვრეტით დაემუქრებოდნენ? ჟურნალში აღნიშნული იყო: „რა იქნებოდა უფრო ცუდი, მომკვდარიყავი იმის გამო, რომ მშვიდობის მთავრის ერთგული ხარ და მის მითითებას ზედმიწევნით იცავ, თუ იმის გამო, რომ მიწიერ მეფეებს ემსახურები და ერთი შეხედვით მხარს უჭერ მათ, მაგრამ ზეციერი მეფის სწავლებებს სულ მცირე გარეგნულად მაინც უარყოფ?! ამ ორიდან ჩვენ პირველს ვამჯობინებთ, ანუ ზეციერი მეფის ერთგულებისთვის სიკვდილს“. ასეთი არაორაზროვანი განაცხადის მიუხედავად, სტატია შემდეგი სიტყვებით მთავრდებოდა: „ჩვენ არავის ვაიძულებთ ასე მოქმედებას. ეს მხოლოდ რჩევაა“.
6. რა ისწავლეთ ჰერბერტ სენიორის მაგალითიდან?
6 ზოგ ძმას ეს საკითხი ნათლად ესმოდა და მათი პოზიციაც მტკიცე იყო. ზემოხსენებულმა ჰერბერტ სენიორმა აღნიშნა: „ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, გემიდან ტყვია-წამალს გადმოვტვირთავდი [არასამწყობრო სამსახურში ვიქნებოდი], თუ ამ ტყვია-წამალს იარაღის დასატენად გამოვიყენებდი“ (ლუკ. 16:10). სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ძმა სენიორი ციხეში ჩასვეს. ის და კიდევ ოთხი ძმა იმ 16-კაციან ჯგუფში იყვნენ, რომელშიც ყველამ სამხედრო სამსახურზე უარი თქვა (ზოგიერთი მათგანი სხვა რელიგიას მიეკუთვნებოდა). მათ სასჯელის გარკვეული ნაწილი ბრიტანეთში, რიჩმონდის ციხეში მოიხადეს, რის გამოც მოგვიანებით ეს ჯგუფი „16 რიჩმონდელის“ სახელით გახდა ცნობილი. ერთხელ რამდენიმე მათგანი, მათ შორის ჰერბერტი, მალულად გადაიყვანეს საფრანგეთში, ფრონტის წინა ხაზზე დააყენეს და დახვრეტა მიუსაჯეს. ისინი ჩაამწკრივეს ჯარისკაცების სპეციალური რაზმის წინ, რომელიც სიკვდილმისჯილებს ხვრეტდა, მაგრამ სასჯელის სისრულეში მოყვანამდე განაჩენი ათწლიანი პატიმრობით შეუცვალეს.
7. რა იყო ცხადი ღვთის ხალხისთვის, როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო?
7 მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე იეჰოვას ხალხს მთლიანობაში უფრო ნათლად ესმოდა, რას ნიშნავდა ნეიტრალიტეტის დაცვა და რა მოეთხოვებოდათ, რომ იესოს მაგალითს მიჰყოლოდნენ (მათ. 26:51—53; იოან. 17:14—16; 1 პეტ. 2:21). მაგალითად, 1939 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“ შეიცავდა მნიშვნელოვან სტატიას სახელწოდებით „ნეიტრალიტეტი“. მასში ნათქვამი იყო: „ახლა იეჰოვასთან შეთანხმებით შეკრულმა ხალხმა უნდა დაიცვას წესი, რომელიც ომის დროს სრული ნეიტრალიტეტის დაცვას გულისხმობს“. საიმონ კრეიკერმა, რომელიც მოგვიანებით ბრუკლინში (ნიუ-იორკი) მთავარ სამმართველოში მსახურობდა, ამ სტატიასთან დაკავშირებით აღნიშნა: „ვისწავლე, რომ ღვთის ხალხი ომის საშიშროების წინაშეც კი ყველასთან მშვიდობიანი უნდა იყოს“. ამ დროულად მოწოდებულმა სულიერმა საზრდომ ღვთის ხალხი არნახული თავდასხმისთვის მოამზადა, რომელიც სამეფოსადმი მათ ერთგულებას გამოსცდიდა.
წინააღმდეგობის „მდინარე“ საფრთხეს უქმნის ღვთის ხალხს
8, 9. როგორ შესრულდა მოციქული იოანეს წინასწარმეტყველება?
8 მოციქულმა იოანემ იწინასწარმეტყველა, რომ 1914 წელს სამეფოს დაბადების შემდეგ დრაკონი, სატანა ეშმაკი, გადატანითი მნიშვნელობით პირიდან ამოანთხევდა მდინარეს ღვთის სამეფოს მხარდამჭერთა მოსასპობადb (წაიკითხეთ გამოცხადების 12:9, 15). როგორ შესრულდა იოანეს წინასწარმეტყველება? 1920-იანი წლებიდან წინააღმდეგობა გაძლიერდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრები მრავალი ძმა, მათ შორის ძმა კრეიკერი, ღვთის სამეფოს ერთგულებისთვის ციხეში ჩასვეს. ომის პერიოდში იეჰოვას მოწმეები იმ პატიმართა ორ მესამედზე მეტს შეადგენდნენ, რომლებიც რელიგიური შეხედულების გამო ომში მონაწილეობაზე უარის თქმისთვის შეერთებული შტატების ფედერალურ ციხეებში სასჯელს იხდიდნენ.
9 ეშმაკსა და მის დამქაშებს განზრახული ჰქონდათ ნებისმიერ ქვეყანაში სამეფოს ქვეშევრდომების ერთგულების შერყევა. ძმებს მოუწიათ აფრიკაში, ევროპასა და შეერთებულ შტატებში სასამართლოებისა და ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიების წინაშე წარდგომა. ისინი ერთგულად იცავდნენ ნეიტრალიტეტს, რის გამოც მათ აპატიმრებდნენ, სცემდნენ და ასახიჩრებდნენ. გერმანიაში ღვთის ხალხზე დიდ ზეწოლას ახდენდნენ, რადგან ისინი „ჰაილ ჰიტლერ!“-ის თქმასა და ომში მონაწილეობაზე უარს ამბობდნენ. ნაცისტური რეჟიმის დროს დაახლოებით 6 000 მოწმე დააპატიმრეს. 1 600-ზე მეტი გერმანელი თუ სხვა ეროვნების იეჰოვას მოწმე მოწინააღმდეგეების ხელით დაიღუპა. მიუხედავად ამისა, ეშმაკმა ვერ შეძლო ღვთის ხალხის განადგურება (მარ. 8:34, 35).
„მიწა“ შთანთქავს „მდინარეს“
10. რას წარმოადგენს „მიწა“ და როგორ მოქმედებდა ის ღვთის ხალხის სასარგებლოდ?
10 იოანე მოციქულის წინასწარმეტყველებიდან ჩანდა, რომ „მიწა“, ანუ ქვეყნიერების შედარებით საღად მოაზროვნე ნაწილი, შთანთქავდა დევნის „მდინარეს“, რითაც ღვთის ხალხის მდგომარეობას შეამსუბუქებდა. როგორ შესრულდა ეს წინასწარმეტყველება? მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ათეულობით წლის მანძილზე „მიწა“ ხშირად ერეოდა მესიანური სამეფოს ერთგულ მხარდამჭერთა სასარგებლოდ (წაიკითხეთ გამოცხადების 12:16). მაგალითად, არაერთმა გავლენიანმა სასამართლომ დაიცვა იეჰოვას მოწმეების უფლება, უარი ეთქვათ სამხედრო სამსახურსა და ეროვნულ ცერემონიალებში მონაწილეობაზე. განვიხილოთ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება, რომლებიც იეჰოვას ხალხმა ღვთის დახმარებით მოიპოვა (ფსალმ. 68:20).
11, 12. რა პრობლემა შეექმნათ ანტონ სიკურელასა და იაკოვოს თლიმენოსს და როგორ გადაწყდა ის?
11 შეერთებული შტატები. ანტონი სიკურელა იეჰოვას მოწმეების ოჯახში გაიზარდა. ის 15 წლისა იყო, როცა მოინათლა. 21 წლის ასაკში გამწვევმა კომისიამ მას რელიგიური მსახურის სტატუსი მიანიჭა. ორი წლის შემდეგ, 1950 წელს, მან მოისურვა ხელახალი რეგისტრაცია სამხედრო სამსახურზე უარის მთქმელი პირის სტატუსით. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს მონაცემებით მისი თხოვნის დაკმაყოფილებას არაფერი უშლიდა ხელს, იუსტიციის სამინისტრომ ხელახალ რეგისტრაციაზე ანტონს უარი უთხრა. არაერთი სასამართლო პროცესის შემდეგ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მოისმინა ძმა სიკურელას საქმე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და განაჩენი მის სასარგებლოდ გამოიტანა. ამ გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო პრეცედენტის შექმნას, რომლის საფუძველზეც განიხილებოდა აშშ-ის სხვა მოქალაქეების საქმეები, რომლებიც უარს ამბობდნენ სამხედრო სამსახურზე.
12 საბერძნეთში 1983 წელს იაკოვოს თლიმენოსი უნიფორმის ტარებაზე უარის თქმის გამო დაუმორჩილებლობაში დაადანაშაულეს და პატიმრობა მიუსაჯეს. გათავისუფლების შემდეგ მან განცხადება შეიტანა ბუღალტრის ლიცენზიის ასაღებად, მაგრამ ნასამართლობის გამო უარი მიიღო. იაკოვოსმა სასამართლოს მიმართა. საბერძნეთში ყველა ინსტანციაში წაგების შემდეგ საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა. 2000 წელს სასამართლოს 17-წევრიანმა დიდმა პალატამ საქმე მის სასარგებლოდ გადაწყვიტა და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო პრეცედენტი შექმნა. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე საბერძნეთში 3 500-ზე მეტ ძმას ნეიტრალიტეტის გამო ნასამართლობა კრიმინალურ წარსულად ეთვლებოდა. ამ სასიკეთო გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში მიიღეს კანონი, რომელიც ნასამართლობის მოხსნას ითვალისწინებდა. აგრეთვე რამდენიმე წლით ადრე მიღებული კანონი ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესახებ მოგვიანებით, საბერძნეთის კონსტიტუციაში შესწორებების შეტანის დროს, კიდევ ერთხელ დამტკიცდა.
13, 14. რას ვსწავლობთ ივაილო სტეფანოვისა და ვაჰან ბაიათიანის მაგალითებიდან?
13 ბულგარეთი. 1994 წელს 19 წლის ივაილო სტეფანოვი ჯარში გაიწვიეს. მან უარი თქვა სამხედრო და არასამწყობრო სამსახურზე, რის გამოც 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ძმა სტეფანოვმა განაჩენი გაასაჩივრა, რადგან სამხედრო სამსახურზე უარის თქმის უფლება ჰქონდა. საბოლოოდ მისი საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომდე მივიდა. 2001 წელს საქმის მოსმენამდე საკითხი მორიგების გზით გადაწყდა. ბულგარეთის ხელისუფლებამ ძმა სტეფანოვის გარდა შეიწყალა ყველა მოქალაქე, რომელიც თანახმა იყო ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურზე.c
14 სომხეთი. ვაჰან ბაიათიანი სავალდებულო სამხედრო სამსახურში 2001 წელს გაიწვიეს.d მიუხედავად იმისა, რომ მან რელიგიური შეხედულების გამო უარი თქვა სამხედრო სამსახურზე, საქმე ქვეყნის ყველა სასამართლო ინსტანციაში წააგო. 2002 წლის სექტემბერში დაიწყო ვაჰანის 30-თვიანი სასჯელის აღსრულება, თუმცა ათთვე-ნახევრის შემდეგ ის ციხიდან გაათავისუფლეს. მან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, რომელიც მისი საქმის განხილვას დათანხმდა. 2009 წლის 27 ოქტომბერს სასამართლომ ძმა ბაიათიანის წინააღმდეგ გამოიტანა განაჩენი. სასამართლო გადაწყვეტილება ერთი შეხედვით უდიდესი დარტყმა იყო იმ სომეხი ძმებისთვის, რომლებიც უარს ამბობდნენ სამხედრო სამსახურზე. თუმცა მოგვიანებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეს გადახედა და 2011 წლის 7 ივლისს ვაჰან ბაიათიანის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირველად მიიჩნია, რომ აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება იძლეოდა რელიგიური შეხედულებების საფუძველზე სამხედრო სამსახურზე უარის თქმის უფლებას. სასამართლოს გადაწყვეტილება იეჰოვას მოწმეების გარდა იცავს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ასობით მილიონი მოქალაქის უფლებებს.e
ეროვნული ცერემონიალები
15. რატომ ამბობს უარს იეჰოვას ხალხი ეროვნულ ცერემონიალებში მონაწილეობაზე?
15 იეჰოვას მსახურები მესიანური სამეფოს ერთგულებას არა მხოლოდ სამხედრო სამსახურზე უარის თქმით ამტკიცებენ, არამედ იმითაც, რომ თავს იკავებენ ეროვნულ ცერემონიალებში მონაწილეობისგან. მსოფლიო ნაციონალისტურმა ციებ-ცხელებამ განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მოიცვა. ბევრ ქვეყანაში მოქალაქეები ვალდებულნი იყვნენ, სამშობლოს ერთგულების ნიშნად ფიცი დაედოთ, ეროვნული ჰიმნი ემღერათ და დროშისთვის სალამი მიეცათ. მაგრამ ჩვენ განსაკუთრებულ ერთგულებას მხოლოდ იეჰოვასადმი ვავლენთ (გამ. 20:4, 5). ჩვენი პოზიციის გამო ძლიერი დევნის ატანა მოგვიწია. მიუხედავად ამისა, იეჰოვამ არაერთხელ გამოიყენა „მიწა“ დევნის ტალღის შესაჩერებლად. განვიხილოთ რამდენიმე ღირსშესანიშნავი იურიდიული გამარჯვება, რომლებიც იეჰოვამ ქრისტეს მეშვეობით მოგვაპოვებინა (ფსალმ. 3:8).
16, 17. რა პრობლემა შეექმნათ ლილიან და უილიამ გობაიტასებს და რა ისწავლეთ მათი შემთხვევიდან?
16 შეერთებული შტატები. 1940 წელს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ რვა ერთის წინააღმდეგ მიიღო იეჰოვას მოწმეების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება საქმეზე „მინერსვილის განათლების საბჭო გობიტისის წინააღმდეგ“. 12 წლის ლილიან გობაიტასმაf და მისმა 10 წლის ძმამ უილიამმა იეჰოვასადმი ერთგულების გამო უარი თქვეს დროშისთვის სალმის მიცემასა და ფიცის დადებაზე. ისინი სკოლიდან გარიცხეს. საქმე უზენაეს სასამართლომდე მივიდა, რომელმაც დაადგინა, რომ სკოლის ქმედება კონსტიტუციას არ სცდებოდა და ეროვნული ერთიანობის ინტერესებს ითვალისწინებდა. სასამართლოს გადაწყვეტილებამ მოწმეების ფართომასშტაბიანი დევნა გამოიწვია. მოწმეთა ბავშვებს სკოლიდან რიცხავდნენ, სრულწლოვნებს სამსახურიდან ათავისუფლებდნენ და ბევრს ბრბო სასტიკად უსწორდებოდა. როგორც ერთ წიგნში ეწერა, „1941—1943 წლებში იეჰოვას მოწმეების დევნა მე-20 საუკუნის ამერიკაში რელიგიური შეუწყნარებლობის ყველაზე მასშტაბური გამოვლინება იყო“ (The Lustre of Our Country).
17 ღვთის ხალხის მტრების გამარჯვება ხანმოკლე აღმოჩნდა. 1943 წელს უზენაესმა სასამართლომ განიხილა „გობიტისის“ საქმის მსგავსი საქმე, კერძოდ, „დასავლეთ ვირჯინიის განათლების საბჭო ბარნეტის წინააღმდეგ“. ამჯერად უზენაესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. აშშ-ის ისტორიაში უზენაესმა სასამართლომ პირველად შეცვალა საკუთარი გადაწყვეტილება ასეთ მცირე დროში. ამ გადაწყვეტილების შემდეგ შეერთებულ შტატებში იეჰოვას მოწმეების დევნამ საგრძნობლად იკლო. ამასობაში, შეერთებული შტატების ყველა მოქალაქის უფლებები უფრო მტკიცდებოდა.
18, 19. რა დაეხმარა პაბლო ბაროსს სიმტკიცის შენარჩუნებაში და როგორ შეუძლიათ იეჰოვას მსახურებს, მიჰბაძონ მის მაგალითს?
18 არგენტინა. 8 წლის პაბლო და 7 წლის უგო ბაროსები 1976 წელს სკოლიდან გარიცხეს, რადგან დროშის აღმართვის ცერემონიალში არ მიიღეს მონაწილეობა. ერთხელ სკოლის დირექტორმა პაბლოს ხელი ჰკრა და თავში ჩაარტყა. მან ორივე ბავშვი გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ერთი საათით დატოვა სკოლაში და პატრიოტულ ცერემონიალებში მონაწილეობის მიღებას აიძულებდა. პაბლო იხსენებს: „იეჰოვას დახმარების გარეშე ზეწოლას ვერ გავუძლებდი და ერთგულებას ვერ შევინარჩუნებდი“.
19 საქმე სასამართლომდე მივიდა, რომელმაც სკოლიდან პაბლოსა და უგოს გარიცხვის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მაგრამ მათი საქმე არგენტინის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდა. 1979 წელს სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და დაადგინა: „ზემოთ მოხსენიებული სასჯელი [გარიცხვა] ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ სწავლის უფლებასა (მე-14 მუხლი) და სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს მოქალაქეები დაწყებითი განათლებით (მე-5 მუხლი)“. ეს გამარჯვება იეჰოვას მოწმეთა დაახლოებით 1 000 ბავშვს შეეხო — ზოგიერთის გარიცხვის საქმე შეჩერდა, სხვები კი პაბლოსა და უგოს მსგავსად საჯარო სკოლებში აღადგინეს.
20, 21. როგორ განგიმტკიცათ რწმენა როელ და ემილი ემბრალინაგების შემთხვევამ?
20 ფილიპინები. 1990 წელს 9 წლის როელ ემბრალინაგი და მისი 10 წლის და ემილი იეჰოვას მოწმეთა სხვა 66-მდე ბავშვთან ერთად სკოლიდან გარიცხეს, რადგან უარი თქვეს დროშისთვის სალმის მიცემაზე. როელისა და ემილის მამა, ლეონარდო, ცდილობდა სკოლის დირექციასთან მორიგებას, მაგრამ უშედეგოდ. სიტუაცია გამწვავდა, ამიტომ ლეონარდომ საქმე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. მას ფული არ ჰქონდა, რომ ადვოკატი დაექირავებინა. ის და მისი ოჯახი მხურვალედ სთხოვდნენ იეჰოვას ხელმძღვანელობას. ამ ხნის მანძილზე ბავშვები გესლიანი დაცინვის მსხვერპლნი იყვნენ. ლეონარდო ფიქრობდა, რომ ვერ გაიმარჯვებდა, რადგან იურიდიული განათლება არ ჰქონდა.
21 თუმცა მდგომარეობა შეიცვალა და სასამართლოზე ოჯახს იცავდა ადვოკატი ფელინო განალი, რომელიც ადრე ქვეყნის ერთ-ერთ პრესტიჟულ იურიდიულ ფირმაში მუშაობდა. იმ დროისთვის ძმა განალი უკვე იეჰოვას მოწმე იყო და მიტოვებული ჰქონდა თავისი სამსახური. უზენაესმა სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება იეჰოვას მოწმეთა სასარგებლოდ და გააუქმა სკოლიდან გარიცხვის განკარგულება. ღვთის ხალხის ერთგულების შერყევის მცდელობა კიდევ ერთხელ დასრულდა მარცხით.
ნეიტრალიტეტი ხელს უწყობს ერთიანობას
22, 23. ა) რატომ მოვიპოვეთ ამდენი მნიშვნელოვანი იურიდიული გამარჯვება? ბ) რას ადასტურებს მშვიდობიანი მსოფლიო საძმოს არსებობა?
22 რატომ მოიპოვა იეჰოვას ხალხმა ამდენი მნიშვნელოვანი იურიდიული გამარჯვება? მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური გავლენა არა გვაქვს, არაერთ ქვეყანასა და სასამართლოში მიუკერძოებელმა მოსამართლეებმა დაგვიცვეს მოწინააღმდეგეთა ინტენსიური შემოტევებისგან, რამაც ხელი შეუწყო კონსტიტუციური კანონის პრეცედენტების შექმნას. უეჭველია, ეს გამარჯვებები ქრისტეს მხარდაჭერით მოვიპოვეთ (წაიკითხეთ გამოცხადების 6:2). რატომ ვებმებით ასეთ იურიდიულ ბრძოლებში? ჩვენი მიზანი საკანონმდებლო რეფორმების გატარება კი არ არის, არამედ ის, რომ კვლავაც შეუფერხებლად ვემსახუროთ ჩვენს მეფეს, იესო ქრისტეს (საქ. 4:29).
23 მაშინ როცა, მსოფლიოს ყოფს პოლიტიკური ქიშპობა და ღრმად ფესვგადგმული სიძულვილი, ჩვენი მეფე იესო ქრისტე მთელ მსოფლიოში აკურთხებს თავისი მიმდევრების მცდელობას, შეინარჩუნონ ნეიტრალიტეტი. სატანამ ვერ შეძლო ჩვენი დაყოფა და დამარცხება. ღვთის სამეფომ შეკრიბა მილიონობით ადამიანი, რომლებიც „აღარ ისწავლიან ომს“. ჩვენი მშვიდობიანი მსოფლიო საძმოს არსებობა სასწაულია და აშკარად ადასტურებს, რომ ღვთის სამეფო მმართველობს! (ეს. 2:4).
a ამ ტომს აგრეთვე ეწოდებოდა „ახალი ქმნილება“. მოგვიანებით „ათასწლიანი მეფობის გარიჟრაჟს“ „საღვთო წერილის გამოკვლევა“ ეწოდა.
b ამ წინასწარმეტყველების გარჩევა იხ. წიგნში „გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!“, თავი 27, გვ. 184—186.
c მორიგების თანახმად, ბულგარეთის მთავრობას სამოქალაქო ადმინისტრაციას დაქვემდებარებული ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური უნდა შეეთავაზებინა ყველასთვის, ვინც უარს ამბობდა სამხედრო სამსახურზე.
d სრული ინფორმაციისთვის იხ. „ევროპული სასამართლო მხარს უჭერს ადამიანის უფლებას, მრწამსის გამო უარი თქვას სამხედრო სამსახურზე“, 2012 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“.
e 20 წელზე მეტი ხნის მანძილზე სომხეთის მთავრობამ 450-ზე მეტი ახალგაზრდა მოწმე დააპატიმრა. დაპატიმრებულ მოწმეთაგან ბოლოები ციხიდან 2013 წლის ნოემბერში გათავისუფლდნენ.
f სასამართლოს ჩანაწერებში გვარი შეცდომით ეწერა.