წუთისოფელში, მაგრამ არა წუთისოფლისანი
„რაკი არ ხართ წუთისოფლისანი. . . სძულხართ წუთისოფელს“ (იოანე 15:19).
1. რა დამოკიდებულება აქვთ ქრისტიანებს წუთისოფელთან, მაგრამ როგორ უყურებს მათ წუთისოფელი?
თავის მოწაფეებთან ყოფნის უკანასკნელ ღამეს იესომ მათ უთხრა: „[თქვენ] არ ხართ წუთისოფლისანი“. რომელ წუთისოფელზე ლაპარაკობდა ის? განა ადრე მან არ თქვა: „ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“? (იოანე 3:16). აშკარაა, რომ მოწაფეები ამ წუთისოფლის ნაწილი იყვნენ, ვინაიდან მათ პირველებმა გამოავლინეს იესოსადმი რწმენა, რათა მიეღოთ მარადიული სიცოცხლე. მაშინ, რატომ თქვა შემდეგ იესომ, რომ მისი მოწაფეები წუთისოფლისგან გამოყოფილები იყვნენ? აგრეთვე რატომ თქვა: „რაკი არ ხართ წუთისოფლისანი. . . ამიტომ სძულხართ წუთისოფელს“? (იოანე 15:19).
2, 3. ა) რომელი „წუთისოფლის“ ნაწილი არ უნდა ყოფილიყვნენ ქრისტიანები? ბ) რას ამბობს ბიბლია „წუთისოფლის“ შესახებ, რომლის ნაწილიც ქრისტიანები არ არიან?
2 პასუხი ის არის, რომ ბიბლია სიტყვა „წუთისოფელს“ (ბერძნულად „კოʹსმოს“) სხვადასხვაგვარად იყენებს. როგორც წინა სტატიაში იყო განხილული, ზოგჯერ ბიბლიაში სიტყვა „წუთისოფელი“, საერთოდ, კაცობრიობაზე მიუთითებს. ეს არის წუთისოფელი, რომელიც ღმერთმა შეიყვარა და რომლისთვისაც იესო მოკვდა. მაგრამ ერთ-ერთ ნაშრომში ნათქვამია: «აგრეთვე სიტყვა „წუთისოფელი“ ქრისტიანობაში გამოიყენება როგორც ტერმინი, რომელიც ღვთისგან ჩამოცილებულსა და მისადმი მტრულად განწყობილს გამოხატავს» (The Oxford History of Christianity). როგორ არის ეს შესაძლებელი? კათოლიკე მწერალი როლანდ მინერატი თავის წიგნში „ქრისტიანები და წუთისოფელი“ (Les chrétiens et le monde) განმარტავს: «უარყოფითი მნიშვნელობით „წუთისოფელში“ იგულისხმება. . . სფერო, სადაც ღვთისადმი მტრულად განწყობილი მთავრობები ეწევიან თავიანთ მოღვაწეობას და ქრისტეს ძლევამოსილი მმართველობისადმი მტრულად განწყობილები ქმნიან იმპერიას, რომელსაც სატანა ზედამხედველობს». ეს „წუთისოფელი“ ღვთისგან ჩამოცილებულ ხალხთა მასებს წარმოადგენს. ჭეშმარიტი ქრისტიანები არ არიან ასეთი წუთისოფლის ნაწილი და ამ წუთისოფელსაც სძულს ისინი.
3 პირველი საუკუნის დასასრულისთვის იოანე წუთისოფლის ამ მნიშვნელობას გულისხმობდა, როცა წერდა: „ნუ შეიყვარებთ წუთისოფელს, ნურც იმას, რაც წუთისოფელშია. ვისაც წუთისოფელი უყვარს, მასში არ არის მამის სიყვარული. ვინაიდან ყოველივე, რაც წუთისოფელშია: ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და სიამაყე ცხოვრებისა, მამისგან კი არა, წუთისოფლისაგან არის“ (1 იოანე 2:15, 16). მან აგრეთვე დაწერა: «ვიცით, რომ ღვთისაგან ვართ და მთელი წუთისოფელი ბოროტებაში [„ბოროტის ძალაუფლებაში“, აქ] ძევს» (1 იოანე 5:19). თვითონ იესოც სატანას ‘წუთისოფლის მთავარს’ უწოდებდა (იოანე 12:31; 16:11).
მსოფლიო მპყრობელთა ზრდა
4. როგორ წარმოიშვნენ მსოფლიო მპყრობელები?
4 ღვთისგან ჩამოცილებულმა დღეს არსებულმა წუთისოფელმა თავისი საწყისი ნოეს დროინდელი წარღვნის შემდეგ აიღო, როცა ნოეს შთამომავლებმა შეწყვიტეს იეჰოვა ღმერთისადმი თაყვანისცემა. ძველი დროის ასეთი ცნობილი პიროვნება იყო ნებროთი, ქალაქების მშენებელი და «ძლიერი მონადირე. . . უფლის წინაშე [„წინააღმდეგ“, აქ]» (დაბადება 10:8–12). იმ დროს წუთისოფლის უმეტესი ნაწილი პატარა ქალაქ-სამეფოებად იყო დაყოფილი, რომლებიც დროდადრო ერთიანდებოდნენ და ერთმანეთს ეომებოდნენ (დაბადება 14:1–9). ზოგი ქალაქი-სამეფო სხვებზე გაბატონებას აღწევდა და რამდენიმე ქალაქ-სამეფოს მპყრობელი ხდებოდა. ზოგი ასეთი მპყრობელი დროთა განმავლობაში ძლიერდებოდა და მსოფლიო მპყრობელი ხდებოდა.
5, 6. ა) რას წარმოადგენს შვიდი მსოფლიო მპყრობელი ბიბლიურ ისტორიაში? ბ) როგორ არიან ეს მსოფლიო მპყრობელები წარმოდგენილი და საიდან აქვთ მათ ძალა?
5 მსოფლიო მპყრობელები ნებროთის მაგალითს მიჰყვებოდნენ და თაყვანს არ სცემდნენ იეჰოვას, რაც მათ სასტიკ, გააფთრებულ მოქმედებებში ვლინდებოდა. ეს მსოფლიო მპყრობელები ბიბლიაში წარმოდგენილი არიან გარეული ცხოველებით და ბიბლია ლაპარაკობს ექვს მათგანზე, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში დიდ გავლენას ახდენდნენ იეჰოვას ხალხზე. ესენი იყო: ეგვიპტე, ასურეთი, ბაბილონი, მიდია-სპარსეთი, საბერძნეთი და რომი. წინასწარმეტყველების თანახმად, რომის შემდეგ უნდა აღმდგარიყო მეშვიდე მსოფლიო მპყრობელი (დანიელი 7:3–7; 8:3–7, 20, 21; გამოცხადება 17:9, 10). ეს მეშვიდე მსოფლიო მპყრობელი ინგლის-ამერიკა აღმოჩნდა, რომლის შემადგენლობაში შედიოდა ბრიტანეთის იმპერია და მისი მოკავშირე შეერთებული შტატები, და რომელშიც ბოლოს ბრიტანეთის ძალაუფლება დაიჩრდილა. ბრიტანეთის იმპერიამ განვითარება დაიწყო მას შემდეგ, რაც რომის იმპერიის უკანასკნელი ნაკვალევიც კი გაქრაa.
6 ეს ერთიმეორეზე მიყოლებული შვიდი მსოფლიო მპყრობელი გამოცხადების წიგნში ნაჩვენებია მშფოთვარე კაცობრიობის აღმნიშვნელი ზღვიდან ამომავალი შვიდთავიანი მხეცის თავებით (ესაია 17:12, 13; 57:20, 21; გამოცხადება 13:1). ვინ აძლევს ამ მმართველ მხეცს ძალას? ბიბლია პასუხობს: „მისცა მას გველეშაპმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და დიდი ხელმწიფება“ (გამოცხადება 13:2). ეს გველეშაპი სხვა არავინაა, თუ არა სატანა ეშმაკი (ლუკა 4:5, 6; გამოცხადება 12:9).
ღვთის სამეფოს მომავალი მმართველობა
7. რის იმედი აქვთ ქრისტიანებს და როგორ გავლენას ახდენს ეს წუთისოფლის მთავრობებთან მათ დამოკიდებულებაზე?
7 თითქმის 2 000 წელია, რაც ქრისტიანები ლოცულობენ: „მოვიდეს სუფევა შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“ (მათე 6:10). იეჰოვას მოწმეებმა იციან, რომ მხოლოდ ღვთის სამეფო მოიტანს დედამიწაზე ნამდვილ მშვიდობას. რადგან ყურადღებით ადევნებენ თვალყურს ბიბლიურ წინასწარმეტყველებას, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ეს ლოცვა მალე შესრულდება, ღვთის სამეფო მალე უხელმძღვანელებს დედამიწის საქმეებს (დანიელი 2:44). ამ სამეფოსადმი ერთგულების გამო ისინი არ ერევიან წუთისოფლის მთავრობების საქმეებში.
8. როგორ რეაგირებენ ღვთის სამეფოს მმართველობაზე მთავრობები, როგორც ეს ნაწინასწარმეტყველებია ფსალმუნის მე-2 თავში?
8 ზოგი ქვეყანა აცხადებს, რომ იცავს რელიგიურ პრინციპებს. მიუხედავად ამისა, ისინი პრაქტიკულად უგულებელყოფენ იმ ფაქტს, რომ იეჰოვა უზენაესი მმართველია და რომ მან იესო ქრისტე გაამეფა ზეციერ სამეფოში, რომელსაც დედამიწაზეც აქვს ძალაუფლება (დანიელი 4:14; გამოცხადება 11:15). ფსალმუნის წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ, და მის ცხებულზე [იესოზე] გალაშქრებულან. დავგლეჯთ მათს სადავეებს და მოვიშორებთ მათს ხუნდებსო“ (ფსალმუნი 2:2, 3). მთავრობებს არ სურთ არავითარი ღვთიური ‘სადავეები’ ან ‘ხუნდები’, რომლებიც შეზღუდავდა მათი ეროვნული უმაღლესი ძალაუფლების გამოვლენას. ამიტომ იეჰოვა იესოს, მის მიერ არჩეულ მეფეს, ეუბნება: „მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამემკვიდროდ, ხოლო ქვეყნის კიდეებს — სამკვიდრებლად. შენ დალეწავ მათ რკინის კვერთხით, მეთუნის ჭურჭელივით დაამსხვრევ“ (ფსალმუნი 2:8, 9). მაგრამ წუთისოფელი, რომლისთვისაც იესო მოკვდა, მთლიანად არ ‘დაილეწება’ (იოანე 3:17).
‘მხეცის ნიშნის’ არიდება
9, 10. ა) რის შესახებ გვაფრთხილებს გამოცხადების წიგნი? ბ) რას ასიმბოლოებს ‘მხეცის ნიშნის’ ტარება? გ) რა ნიშნებს ღებულობენ ღვთის მსახურები?
9 გამოცხადებაში, რომელიც მოციქულმა იოანემ იხილა, მოცემულია გაფრთხილება, რომ დადგება დრო, როცა ღვთისგან ჩამოცილებული წუთისოფელი აღსასრულის წინ უფრო და უფრო ‘აიძულებდა ყველას — პატარებსა და დიდებს, მდიდრებსა და ღარიბებს, თავისუფლებსა და მონებს — მიეღოთ ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე. რომ არავის შეძლებოდა ყიდვა-გაყიდვა, იმათ გარდა, ვისაც ექნებოდა ნიშანი’ (გამოცხადება 13:16, 17). რას ნიშნავს ეს? მარჯვენა ხელზე ნიშანი აქტიური მხარდაჭერის აღმნიშვნელია. რა შეიძლება ითქვას შუბლზე ნიშნის შესახებ? „განმმარტებლის ბერძნული აღთქმა“ (The Expositor’s Greek Testament) ამბობს: „ეს ძალზე ფიგურალური გამონათქვამი მიუთითებს ჯარისკაცების ან მონების თვალშისაცემი ტატუირების ან დადაღვის ჩვეულებაზე. . . ან თილისმად ღვთის სახელის ტარების რელიგიურ ჩვეულებაზე“. მრავალი ადამიანი თავისი საქმითა თუ სიტყვით სიმბოლურად ატარებს ამ ნიშანს, რითაც საკუთარ თავს „მხეცის“ ‘მონად’ ან ‘ჯარისკაცად’ აღნიშნავს (გამოცხადება 13:3, 4). მათი მომავლის შესახებ „ახალი აღთქმის თეოლოგიური ლექსიკონი“ (Theological Dictionary of the New Testament) ამბობს: „ღვთის მტრები ნებას რთავენ, მხეცის [ნიშანი], — მისი სახელის შემცველი საიდუმლო ციფრი, — აღბეჭდილი იყოს მათ შუბლსა და ხელზე. ეს მათ ეკონომიკური და კომერციული წარმატების დიდ შესაძლებლობას აძლევს, მაგრამ ღვთის რისხვას ატეხს თავს და ათასწლიანი სამეფოდან გამორიცხავს“ (გამოცხ. 13:16; 14:9; 20:4).
10 უფრო და უფრო მეტი ვაჟკაცობა და მოთმინებაა საჭირო, რათა წინააღმდეგობა გაუწიო ‘ნიშნის’ მიღების ზემოქმედებას (გამოცხადება 14:9–12). მაგრამ ღვთის მსახურებს აქვთ ასეთი სიმტკიცე, ამიტომ ისინი სძულთ და ბოროტად ლაპარაკობენ მათზე (იოანე 15:18–20; 17:14, 15). მხეცის ნიშნის ტარების ნაცვლად, ესაიას ნათქვამის თანახმად, ისინი სიმბოლურად იწერდნენ ხელზე: „იეჰოვას კუთვნილი“ (ესაია 44:5, აქ). უფრო მეტიც, რადგან ‘კვნესიან და მოთქვამენ’ განდგომილი რელიგიების მიერ ჩადენილი სისაძაგლეების გამო, ისინი შუბლზე სიმბოლურ ნიშანს ღებულობენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ღირსები არიან იეჰოვას სამსჯავროს დროს გადარჩენილებს შორის იყვნენ (ეზეკიელი 9:1–7).
11. ვის მიერაა დაშვებული ადამიანთა მთავრობების არსებობა ღვთის სამეფოს მოსვლამდე, რომელიც მთლიანად აიღებს ხელში დედამიწაზე მმართველობას?
11 ღმერთი ადამიანთა მთავრობების არსებობას უშვებს იმ დრომდე, როცა ქრისტეს ზეციერი მთავრობა მთლიანად არ აიღებს ხელში დედამიწაზე მმართველობას. პოლიტიკური სტრუქტურების მიმართ ღვთიური შემწყნარებლობა პროფესორმა ოსკარ კულმენმა მოიხსენია ერთ-ერთ თავის წიგნში. ის წერს: «რთული ცნება პოლიტიკური სტრუქტურების დროებითი ხასიათის შესახებ არის იმის მიზეზი, თუ ქრისტიანების პოზიცია რატომ ჩანდა წინააღმდეგობრივი. მე ხაზს ვუსვამ, რომ ის ასეთი ჩანს. საჭიროა მხოლოდ მოვიხსენიოთ რომაელთა 13:1: ‘ყოველი ადამიანი დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას. . .’ გამოცხადების მე-13 თავის პარალელურად, სადაც პოლიტიკური სტრუქტურები წარმოდგენილია როგორც უფსკრულიდან ამომავალი მხეცი» (The State in the New Testament).
‘მხეცი’ და ‘კეისარი’
12. რა გაწონასწორებული თვალსაზრისი აქვთ ადამიანთა მთავრობების მიმართ იეჰოვას მოწმეებს?
12 არასწორი იქნებოდა ისეთი დასკვნის გაკეთება, რომ ადამიანთა მთავრობებში მყოფი ყველა ადამიანი სატანის იარაღია. მრავალი პრინციპების დამცველი ადამიანი აღმოჩნდა პროკონსულ სერგის-პავლეს მსგავსი, რომელიც ბიბლიაში ‘გონიერ კაცად’ არის დახასიათებული (საქმეები 13:7). ზოგი მმართველი გაბედულად იცავდა უმცირესობის უფლებებს და ამ შემთხვევაში ის ხელმძღვანელობდა ღვთის მიერ მიცემული სინდისით, თუმცა გაცნობილი არ იყო იეჰოვასა და მის განზრახვებს (რომაელთა 2:14, 15). გახსოვდეს, რომ ბიბლია სიტყვა „წუთისოფელს“ ორ საპირისპირო შემთხვევაში იყენებს: წუთისოფელი, რომელიც ღმერთს უყვარს და ჩვენც უნდა გვიყვარდეს, და წუთისოფელი, რომელიც ჩამოცილებულია იეჰოვას, რომლის ღმერთია სატანა და რომლისგანაც ჩვენ გამოყოფილები უნდა ვიყოთ (იოანე 1:9, 10; 17:14; 2 კორინთელთა 4:4; იაკობი 4:4). ამგვარად, იეჰოვას მსახურებს გაწონასწორებული დამოკიდებულება აქვთ ადამიანთა მმართველობების მიმართ. ჩვენ ნეიტრალური პოზიცია გვიჭირავს პოლიტიკურ საკითხებში, ვინაიდან ღვთის სამეფოს ელჩებად ანუ წარმომადგენლებად ვმსახურობთ, და ჩვენი ცხოვრება ღვთისადმია მიძღვნილი (2 კორინთელთა 5:20). მეორე მხრივ, კეთილსინდისიერად ვემორჩილებით ხელისუფლების წარმომადგენლებს.
13. ა) როგორია იეჰოვას თვალსაზრისი ადამიანთა მთავრობების მიმართ? ბ) რამდენად უნდა ემორჩილებოდნენ ქრისტიანები ადამიანთა მთავრობებს?
13 ეს გაწონასწორებული მიდგომა თვითონ იეჰოვა ღმერთის თვალსაზრისს ირეკლავს. როცა მსოფლიო მპყრობელები, ან პატარა სახელმწიფოებიც კი, ბოროტად იყენებენ თავიანთ ძალაუფლებას, — ჩაგრავენ თავიანთ ხალხს ან დევნიან ღვთის თაყვანისმცემლებს, — ისინი ნამდვილად შეესაბამებიან წინასწარმეტყველურ სიტყვებს, სადაც აღწერილი არიან როგორც მძვინვარე მხეცები (დანიელი 7:19–21; გამოცხადება 11:7). მაგრამ, როცა სახელმწიფო ხელისუფლებები ღვთის მიზანს ემსახურებიან და სამართლიანად იცავენ კანონსა და წესრიგს, ღმერთი მათ თავის ‘მსახურებად’ თვლის (რომაელთა 13:6). იეჰოვა თავისი ხალხისგან ადამიანთა მთავრობებისადმი პატივისცემასა და მორჩილებას მოელის, მაგრამ ეს მორჩილება უსაზღვრო არ არის. როცა ღვთის მსახურებისგან მოითხოვენ იმას, რაც ღვთის კანონით აკრძალულია, ან როცა მათ უკრძალავენ იმას, რასაც ღმერთი მოითხოვს თავისი მსახურებისგან, უკანასკნელნი იჭერენ ისეთ პოზიციას, რომელიც მოციქულებს ჰქონდათ, კერძოდ კი: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს“ (საქმეები 5:29).
14. როგორია ადამიანთა მთავრობებისადმი მორჩილება იესოს ახსნის მიხედვით? პავლეს ახსნის მიხედვით?
14 იესომ თავისი განცხადებით: „მიეცით კეისრისა კეისარსა და ღვთისა — ღმერთსა!“ თქვა, რომ მისი მიმდევრების ვალდებულება იქნებოდა, დამორჩილებოდნენ როგორც მთავრობებს, ასევე ღმერთს (მათე 22:21). მოციქული პავლე ინსპირაციით წერდა: „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას. . . მაგრამ თუ ბოროტებას იქმ, გეშინოდეს, რადგან ტყუილად როდი ატარებს მახვილს. ის ღვთის მსახურია და რისხვით შურისმაძიებელი ბოროტმოქმედზე. ამიტომ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ არა მარტო რისხვის გამო, არამედ სინდისის გამოც. სწორედ ამისათვის იხდით ხარკებს“ (რომაელთა 13:1, 4–6). ახ. წ. პირველი საუკუნიდან დღემდე ქრისტიანები სახელმწიფო მოთხოვნებს ანგარიშს უნდა უწევდნენ. მათ უნდა შეეძლოთ გარჩევა, არის თუ არა მთავრობების მოთხოვნების შესრულება თავიანთ თაყვანისცემაში კომპრომისამდე მიმყვანი, ან არის თუ არა ასეთი მოთხოვნები კანონიერი და კეთილსინდისიერად უნდა შესრულდეს თუ არა ისინი.
კეთილსინდისიერი მოქალაქეები
15. როგორ იხდიან იეჰოვას მოწმეები კეთილსინდისიერად იმას, რაც კეისრისგან მოეთხოვებათ?
15 პოლიტიკური ‘უმაღლესი ხელისუფალნი’ ღვთის ‘მსახურები’ არიან, როცა ღვთისგან მინიჭებულ როლს ასრულებენ, რომელშიც ‘ბოროტმოქმედთა დასჯა და კეთილის მოქმედთა ქებაც’ შედის (1 პეტრე 2:13, 14). იეჰოვას მსახურები კეთილსინდისიერად უხდიან კეისარს, რასაც კანონიერად მოითხოვს და ისინი იმდენად ‘ემორჩილებიან ხელისუფლებას და მზად არიან ყოველგვარი კეთილი საქმისთვის’, რამდენადაც მათ ამის ნებას ბიბლიით განსწავლული სინდისი რთავთ (ტიტე 3:1). ‘კეთილ საქმეებში’ შედის სხვებისადმი დახმარება, მაგალითად უბედური შემთხვევების დროს. მრავალმა დაადასტურა იეჰოვას მოწმეების მხრიდან ასეთ შემთხვევაში სხვებისადმი გამოვლენილი სიკეთე (გალატელთა 6:10).
16. რა კეთილ საქმეებს აკეთებენ იეჰოვას მოწმეები კეთილსინდისიერად მთავრობებისა და ადამიანების მიმართ?
16 იეჰოვას მოწმეებს უყვართ ადამიანები და, მათი აზრით, ყველაზე საუკეთესო, რის გაკეთებაც შეუძლიათ, ეს სამართლიანებისთვის ‘ახალი ცისა და ახალი მიწის’ შექმნაზე ღვთის განზრახვის შესახებ ჭეშმარიტი შემეცნების მიღებაში დახმარებაა (2 პეტრე 3:13). ბიბლიის მაღალი ზნეობრივი პრინციპების სხვებისათვის სწავლითა და გამოყენებით მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საზოგადოებაში, ამით ისინი მრავალს იცავენ დანაშაულის ჩადენისაგან. იეჰოვას მსახურები იცავენ კანონებს და პატივისცემით ეპყრობიან სახელმწიფო მსახურებს, ოფიციალურ პირებს, მოსამართლეებს, ქალაქის ხელმძღვანელობას და პატივს სცემენ მათ, ‘ვისაც ეკუთვნის’ (რომაელთა 13:7). იეჰოვას მოწმე მშობლები სიამოვნებით თანამშრომლობენ შვილების სკოლის მასწავლებლებთან და ბავშვებს კარგად სწავლაში ეხმარებიან, რათა მომავალში შეძლონ საკუთარი თავის შენახვა, ისე რომ საზოგადოებისთვის ტვირთი არ გახდნენ (1 თესალონიკელთა 4:11, 12). კრებებში მოწმეებს არა აქვთ წინასწარ შექმნილი ცუდი აზრი რასობრივი და საზოგადოებრივი მდგომარეობის მხრივ განსხვავებული ხალხის მიმართ; აგრეთვე ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ოჯახების განმტკიცებას (საქმეები 10:34, 35; კოლასელთა 3:18–21). მაშასადამე, თავიანთი მოქმედებით ისინი ამტკიცებენ, რომ ბრალდება, თითქოს, მათ არ უყვართ ოჯახები ან რომ ისინი საზოგადოებისთვის უსარგებლო წევრები არიან, არასწორია. ამგვარად, მართლდება მოციქულ პეტრეს სიტყვები: „ასეთია ნება ღვთისა: რათა კეთილის ქმნით დაადუმოთ უგუნურ ადამიანთა უმეცრება“ (1 პეტრე 2:15).
17. როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს ‘სიბრძნით მოექცნენ გარეშეებს’?
17 ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს ნამდვილი მიმდევრები „წუთისოფლისანი არ არიან“, ისინი ადამიანთა საზოგადოებისგან შემდგარ წუთისოფელში არიან და ‘სიბრძნით უნდა მოექცნენ გარეშეებს’ (იოანე 17:16; კოლასელთა 4:5). იმ ხნის მანძილზე, სანამ იეჰოვა ნებას რთავს უმაღლეს ხელისუფლებას, იმმართველოს როგორც მისმა მსახურმა, ჩვენ სათანადო პატივისცემა უნდა გამოვავლინოთ მის მიმართ (რომაელთა 13:1–4). მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში ნეიტრალურები ვართ, ვლოცულობთ „მეფეებისა და ყველა მბრძანებლისათვის“, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი თაყვანისცემის თავისუფლებას ეხება. ჩვენ განვაგრძობთ ასე მოქმედებას, „რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრული ღვთისმოსაობით და პატიოსნებით“, ისე რომ „ყველა ადამიანი გადარჩეს“ (1 ტიმოთე 2:1–4).
[სქოლიოები]
a იხილე საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემული წიგნი „გამოცხადება — მისი გრანდიოზული აპოგეა ახლოსაა!“ (ინგლ.), თავი 35.
კითხვები გამეორებისთვის
◻ რომელი ‘წუთისოფლის’ ნაწილი არიან ქრისტიანები, მაგრამ რომლის — არ უნდა იყვნენ?
◻ რას ასიმბოლოებს ‘მხეცის ნიშანი ადამიანის ხელზე ან შუბლზე და რა ნიშანი აქვთ იეჰოვას ერთგულ მსახურებს?
◻ რა გაწონასწორებული თვალსაზრისი აქვთ ჭეშმარიტ ქრისტიანებს ადამიანთა მთავრობების მიმართ?
◻ რომელი სხვადასხვა გზებით შეაქვთ წვლილი იეჰოვას მოწმეებს საზოგადოების კეთილდღეობაში?
[სურათები 16 გვერდზე]
ბიბლია ადამიანთა მთავრობებს აღწერს როგორც ღვთის მსახურად, ისე მხეცად.
[სურათი 17 გვერდზე]
სხვებისადმი მოსიყვარულე მზრუნველობის გამოვლენის გამო იეჰოვას მოწმეები საზოგადოების სასარგებლო წევრები არიან.