იეჰოვას ორგანიზაცია მხარს გიჭერთ მსახურებაში
„ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ზეცის შუა დაფრინავდა. მას ჰქონდა მარადიული სახარება“ (გამოცხადება 14:6).
1. როგორ გამოიცადნენ იეჰოვას მოწმეები და როგორ გადალახეს მათ ყოველივე?
რატომ არის მნიშვნელოვანი, გვესმოდეს თუ რა როლს ასრულებს ქრისტიანული მსახურების მხარდაჭერაში იეჰოვას ზეციერი ორგანიზაცია? შეძლებდნენ იეჰოვას მოწმეები მის ზეციერ ქმნილებათა ლაშქრის დახმარების გარეშე მთელ ამ მტრულად განწყობილ წუთისოფელში სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებას? მოწმეები უკიდურესი ნაციონალიზმის, ტოტალიტარული პოლიტიკური სისტემების, მსოფლიო ომებისა და სხვადასხვა უბედურების საუკუნეში ეწეოდნენ და ეწევიან ამ საქმიანობას. შეძლებდნენ მოწმეები, იეჰოვას დახმარების გარეშე გადაელახათ ერთა შორის არსებული წინასწარ შექმნილი უარყოფითი აზრის შედეგად წარმოქმნილი ბარიერი და აეტანათ საშინელი დევნები, რომლებსაც ასე ხშირად მიმართავდნენ მათ წინააღმდეგ? (ფსალმუნი 33:8).
ხსნა წუთისოფლის წინააღმდეგობის მიუხედავად
2. რა პარალელის გავლება შეიძლება პირველი საუკუნისა და დღევანდელ ჭეშმარიტ ქრისტიანებს შორის?
2 როგორც რელიგიური, ისე პოლიტიკური მტრები XX საუკუნეში ყოველგვარ მეთოდს, კანონიერსა თუ უკანონოს, მიმართავდნენ, რათა ხელი შეეშალათ ან ჩაეხშოთ იეჰოვას საქმე. ქრისტიან ძმებსა და დებს დევნიდნენ, ცილს სწამებდნენ, სახელს უტეხდნენ და ავად მოიხსენიებდნენ — მრავალი მოკლეს კიდეც — და ყოველივე ეს ხშირად დიდი ბაბილონის სამღვდელოების წაქეზებით ხდებოდა. ადრინდელი ქრისტიანების მსგავსად, მათზეც შეიძლებოდა თქმა: „ვიცით, რომ ამ მწვალებლობას ყველგან ეწინააღმდეგებიან“. როგორც ქრისტეს თანამედროვე სამღვდელოება ყოველ ღონეს ხმარობდა იესოს მსახურების შესაჩერებლად, ასევე XX საუკუნის სამღვდელოება და განდგომილები თავიანთ პოლიტიკურ საყვარელთან ერთად ცდილობენ, ჩაახშონ იეჰოვას ხალხის დიდი საგანმანათლებლო სამქადაგებლო საქმე (საქმეები 28:22; მათე 26:59, 65–67).
3. რა შეგვიძლია ვისწავლოთ ჰენრიკა ჟურის სიმტკიცის მაგალითიდან?
3 მაგალითად, განვიხილოთ 1946 წლის 1 მარტს პოლონეთში მომხდარი შემთხვევა. 15 წლის მოწმე გოგონა, ჰენრიკა ჟური, რომელიც კელმის მახლობლად ცხოვრობდა, ერთ ძმასთან ერთად მეზობელ სოფელში მიდიოდა დაინტერესებულების მოსანახულებლად. გზაში ისინი დააპატიმრა კათოლიკე სამხედროების პატარა ჯგუფმა, რომელსაც „ნაროდოვე შიივი ზბროინე“ (ეროვნული შეიარაღებული ძალები) ეწოდებოდა. თუმცა ძმა სასტიკად სცემეს, ის ცოცხალი დარჩა. სხვაგვარად წარიმართა ჰენრიკას საქმე. მას დიდხანს აწამებდნენ საშინლად, რათა იძულებული გაეხადათ, პირჯვარი გადაეწერა. მწამებელთაგან ერთმა უთხრა: „გულში, რაც გინდა, ის იფიქრე, ოღონდ გადაიწერე პირჯვარი. თორემ მოგკლავთ!“ შეინარჩუნა მან სიმტკიცე? დიახ. სულმდაბალმა ჯარისკაცებმა ის მახლობელ ტყეში წაათრიეს და დახვრიტეს. მაგრამ მან მაინც გაიმარჯვა! მათ ვერ გატეხეს მისი სიმტკიცეa (რომაელთა 8:35–39).
4. როგორ ცდილობდნენ პოლიტიკური და რელიგიური ძალები, ჩაეხშოთ სამეფოს შესახებ ქადაგება?
4 დღეს უკვე ას წელზე მეტია, რაც ღვთის მსახურებს მკაცრად და უპატივცემლოდ ეპყრობიან. ვინაიდან იეჰოვას მოწმეები არ არიან და არც უნდათ, რომ იყვნენ იმ ცრუ რელიგიების წევრები, რომლებსაც სატანა მართავს, ისინი ნებისმიერი კრიტიკოსის, რომლებსაც მათ შესახებ წინასწარ აქვთ ცუდი აზრი შექმნილი, და ფანატიკოსი მოწინააღმდეგეების მსხვერპლი ხდებიან. მოწმეებს სასტიკად უტევენ გარკვეული პოლიტიკური ძალები. რწმენისთვის მრავალი მათგანი აწამეს. ეგრეთ წოდებული დემოკრატიული სახელმწიფოებიც ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ კეთილი ცნობის ქადაგებისთვის. 1917 წელს კანადასა და შეერთებულ შტატებში სამღვდელოების წაქეზებით ბიბლიის მკვლევარებს (ასე უწოდებნენ მაშინ მოწმეებს) მავნებლური მოქმედების ბრალდება წაუყენეს. საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პასუხისმგებელი პირები უსამართლოდ დააპატიმრეს, მაგრამ მოგვიანებით გაამართლეს (გამოცხადება 11:7–9; 12:17).
5. რა სიტყვები ამხნევებდა იეჰოვას მსახურებს?
5 სატანა ნებისმიერ საშუალებას იყენებს, რათა შეაჩეროს ქრისტეს ძმებისა და მათი ერთგული თანამსახურების სამქადაგებლო საქმიანობა. მაგრამ, როგორც მრავალმა შემთხვევამ აჩვენა, არც საშიშროებამ, არც მუქარამ თუ ფიზიკური ძალის გამოყენებამ, არც დაპატიმრებებმა თუ საკონცენტრაციო ბანაკებმა და თვით სიკვდილმაც კი ვერ გააჩუმა იეჰოვას მოწმეები. ამას ადასტურებს მთელი მათი ისტორია. ისევ და ისევ გამამხნევებლად ჟღერდა ელისეს სიტყვები: „ნუ გეშინია, ჩვენ უფრო ბევრი გვყავს, ვიდრე მათ“. ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ერთგული ანგელოზების რიცხვი აღემატება სატანის ლაშქრის რაოდენობას! (მეოთხე მეფეთა 6:16; საქმეები 5:27–32, 41, 42).
იეჰოვა აკურთხებს გულმოდგინე ქადაგებას
6, 7. ა) რა გაკეთდა ადრინდელ წლებში კეთილი ცნობის საქადაგებლად? ბ) რა სასარგებლო ცვლილება მოხდა 1943 წლიდან?
6 იეჰოვას მოწმეებმა XX საუკუნის განმავლობაში არაერთხელ გამოიყენეს მოწინავე ტექნიკა, რათა აღსასრულის დადგომამდე გაეფართოებინათ და დაეჩქარებინათ დამოწმების დიდებული საქმე. 1914 წელს პასტორმა რასელმა, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პირველმა პრეზიდენტმა, წამოიწყო სლაიდებისა და ფილმების გამოყენება, რომლებიც ფირფიტაზე ჩაწერილი ბიბლიური კომენტარებით იყო გახმოვანებული; პირველი ასეთი ბიბლიური ფილმი იყო „შემოქმედების ფოტოდრამა“, რომელიც რვა საათს გრძელდებოდა. იმ დროს ამ ფილმმა მრავალი მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია. მოგვიანებით, 30–40-იან წლებში, მოწმეები ცნობილი გახდნენ კარდაკარ ქადაგებით პორტატიული ფონოგრაფების გამოყენებით, რომლებითაც ასმენინებდნენ ჯ. ფ. რუტერფორდის, საზოგადოების მეორე პრეზიდენტის, ბიბლიურ მოხსენებებს.
7 ნეითან ნორის (საზოგადოების მესამე პრეზიდენტი) ხელმძღვანელობით 1943 წელს უზარმაზარი ნაბიჯი გადაიდგა წინ, როდესაც გადაწყდა, რომ ყველა კრებაში დაეწყოთ თეოკრატიული სამსახურის სკოლის ჩატარება. ამით მოწაფეები მომზადდებოდნენ ფონოგრაფების გარეშე კარდაკარ ქადაგებისა და სწავლებისთვის. მას შემდეგ ორგანიზება გაუკეთეს სხვა სკოლებსაც, სადაც მისიონერები, სრული დროით მსახური პიონერები, კრების უხუცესები და საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალში მომსახურე პასუხისმგებელი ზედამხედველები გაივლიდნენ მომზადებას. როგორი იყო შედეგები?
8. როგორ გამოავლინეს მოწმეებმა დიდი რწმენა 1943 წელს?
8 მეორე მსოფლიო ომის შუა პერიოდში, 1943 წელს, 54 ქვეყანაში მხოლოდ 129 000 მოწმე იყო. მაგრამ მათ სწამდათ და სჯეროდათ, რომ მათეს 24:14 აღსასრულის დადგომამდე შესრულდებოდა. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ ამ გახრწნილი სისტემის განადგურებამდე მიმყვანი თანმიმდევრული მოვლენების წინ იეჰოვა მნიშვნელოვან გამაფრთხილებელ ცნობას გააცხადებინებდა მათ (მათე 24:21; გამოცხადება 16:16; 19:11–16, 19–21; 20:1–3). დაჯილდოვდა თუ არა მათი მცდელობა?
9. რა ფაქტები ცხადყოფს, რომ მოწმეების საქმიანობას წარმატება მოჰყვა?
9 დღეს, სულ მცირე, 13 ქვეყანა მაინც არის, რომლებიდანაც თითოეულში 100 000-ზე მეტი აქტიური მოწმეა. ზოგ მათგანში გაბატონებულია კათოლიკური ეკლესია. მაგრამ გადავხედოთ მდგომარეობას, რა ხდება იქ. ბრაზილიაში 1997 წელს კეთილი ცნობის დაახლოებით 450 000 მაუწყებელი იყო, ხოლო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს 1 200 000 დაესწრო. მეორე მაგალითია მექსიკა, სადაც 500 000 მოწმეა და გახსენების ზეიმს 1 600 000-ზე მეტი დაესწრო. სხვა კათოლიკური ქვეყნებიდან მოვიყვანდით იტალიის (დაახლოებით 225 000 მოწმე), საფრანგეთის (დაახლოებით 125 000), ესპანეთისა (105 000-ზე მეტი) და არგენტინის (115 000-ზე მეტი) მაგალითს. შეერთებულ შტატებში, სადაც გაბატონებული მდგომარეობა პროტესტანტულ, კათოლიკურსა და იუდაურ რელიგიებს უკავია, იეჰოვას მოწმეთა რიცხვი დაახლოებით 975 000-ია, ხოლო გახსენების საღამოს 2 000 000-ზე მეტი ესწრებოდა. ნამდვილად, უამრავი ხალხი გამოდის დიდი ბაბილონიდან, ცრუ რელიგიის მსოფლიო იმპერიიდან, რომელიც სავსეა საიდუმლოებებით მოცული სწავლებებით, და ღებულობს ‘ახალი ცისა და ახალი მიწის’ შესახებ ღვთის მარტივად გადმოცემულ საიმედო აღთქმას (2 პეტრე 3:13; ესაია 2:3, 4; 65:17; გამოცხადება 18:4, 5; 21:1–4).
მდგომარეობის შესაბამისად მოქმედება
10. როგორ შეიცვალა მდგომარეობა ზოგ ადგილას?
10 იმ ხალხიდან მრავალი, ვინც იესო ქრისტეს მეშვეობით იეჰოვასკენ მობრუნდა, კარდაკარ ქადაგებისას გამოეხმაურა ცნობას (იოანე 3:16; საქმეები 20:20). მაგრამ, გარდა ამისა, სხვა მეთოდებიც იქნა გამოყენებული. მდგომარეობა შეიცვალა და ეკონომიკაც ისეთი გახდა, რომ ქალებმა სახლის გარეთ დაიწყეს მუშაობა. ხშირად კვირის განმავლობაში თითქმის ვერავის ვერ პოულობდნენ სახლში. ამიტომ იეჰოვას მოწმეებმაც მდგომარეობის შესაბამისად დაიწყეს მოქმედება. იესოსა და მისი ადრინდელი მოწაფეების მსგავსად, ისინი მიდიან ყველგან, სადაც კი ხალხია, და ამისთვის სათანადო დროს არჩევენ (მათე 5:1, 2; 9:35; მარკოზი 6:34; 10:1; საქმეები 2:14; 17:16, 17).
11. სად ქადაგებენ დღეს იეჰოვას მოწმეები და რა შედეგით?
11 იეჰოვას მოწმეები ინიციატივას ავლენენ და ქადაგებენ ხალხთან ავტოსადგომებზე, სავაჭრო ცენტრებში, ფაბრიკებში, დაწესებულებებსა და საწარმოებში, სკოლებსა და პოლიციის განყოფილებებში, ავტოგასამართ სადგურებსა და სასტუმროებში, რესტორნებსა და ქუჩებში. ფაქტობრივად, ისინი ქადაგებენ ყველგან, სადაც კი ხალხია. როდესაც ხალხი სახლშია, მოწმეები აკითხავენ მათ. ასეთი სათანადო და პრაქტიკული მიდგომის შედეგად ვრცელდებოდა უფრო მეტი ბიბლიური ლიტერატურა. ნაპოვნი იქნა ცხვრისმაგვარი ხალხი. დაიწყო ბიბლიის ახალი შესწავლები. ადამიანთა ისტორიიდან ყველაზე დიდ საგანმანათლებლო საქმიანობას ხუთ მილიონ-ნახევარზე მეტი ენთუზიაზმით აღსავსე მოხალისე ასრულებს! გაქვთ პატივი, ერთ-ერთი მათგანი იყოთ? (2 კორინთელთა 2:14–17; 3:5, 6).
რა აღძრავს იეჰოვას მოწმეებს?
12. ა) როგორ ასწავლის იეჰოვა თავის ხალხს? ბ) რა შედეგი იქონია ამ სწავლებამ?
12 რა როლს ასრულებს ყოველივე ამაში ზეციერი ორგანიზაცია? ესაიამ იწინასწარმეტყველა: „შენი ვაჟები, ყველანი, უფლის დამოძღვრილნი იქნებიან და დიდი იქნება შენი ვაჟების კეთილდღეობა“ (ესაია 54:13). იეჰოვა ასწავლის ამ მსოფლიო გაერთიანებული ძმობის წევრებს თავისი ხილული მიწიერი ორგანიზაციის მეშვეობით სამეფო დარბაზებში და კონგრესებზე. ამის შედეგი კი ერთიანობა და მშვიდობაა. იეჰოვას სწავლებამ წარმოშვა გამორჩეული ხალხი, რომელმაც ისწავლა ერთმანეთისა და მოყვასის საკუთარი თავივით სიყვარული. დიახ, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ამ უთანხმოებებით დაყოფილ წუთისოფელში, მათ არ სძულთ მოყვასი (მათე 22:36–40).
13. საიდან შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ სამქადაგებლო საქმიანობას ანგელოზებიც ხელმძღვანელობენ?
13 სიყვარული აღძრავს იეჰოვას მოწმეებს, ხალხის მხრიდან გულგრილობისა და დევნის მიუხედავად, განაგრძონ ქადაგება (1 კორინთელთა 13:1–8). მათ იციან, რომ, როგორც გამოცხადების 14:6-შია აღნიშნული, ამ საქმიანობას, რომელსაც ხალხისთვის ხსნა მოაქვს, უშუალოდ ზეციდან ეწევა ხელმძღვანელობა. რა არის ეს ცნობა, რომელსაც ანგელოზების ხელმძღვანელობით ქადაგებენ? „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, ვინაიდან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი. თაყვანი ეცით ცისა და მიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელს“. სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგება განადიდებს იეჰოვას სახელს. ხალხს იწვევენ, განადიდონ შემოქმედი — ღმერთი და არა ქმნილებები და ბრმა ევოლუცია. რატომ არის სამქადაგებლო საქმიანობა ასე გადაუდებელი? ვინაიდან მოახლოვდა სამსჯავროს ჟამი, სამსჯავროსი, როდესაც განისჯება დიდი ბაბილონი და სატანის ხილული სისტემის სხვა შემადგენელი ნაწილებიც (გამოცხადება 14:7; 18:8–10).
14. კიდევ ვინ ღებულობს მონაწილეობას დიდებულ სამქადაგებლო კამპანიაში?
14 არც ერთი მიძღვნილი ქრისტიანი არ არის ამ საქმიანობისგან გათავისუფლებული. კრების სამქადაგებლო საქმიანობას ხელმძღვანელობას უწევენ სულიერობის მქონე უხუცესები. დახელოვნებული სრული დროით პიონერები მთლიანად ამ საქმით არიან დაკავებული. ენთუზიაზმით აღსავსე მაუწყებლები სამეფოს შესახებ ცნობას ქადაგებენ და, თვეში სულ რამდენიმე საათს იქადაგებენ თუ ბევრს, ამით ხელს უწყობენ ცნობის დედამიწის კიდით კიდემდე გავრცელებას (მათე 28:19, 20; ებრაელთა 13:7, 17).
15. რა მიუთითებს იმაზე, რომ იეჰოვას მოწმეთა ქადაგებას წუთისოფელზე გავლენა აქვს?
15 იქონია გავლენა ყოველივე ამ ძალისხმევამ წუთისოფელზე? ამის ერთ-ერთი მარტივი დამადასტურებელია სატელევიზიო პროგრამებსა და საგაზეთო ცნობებში იეჰოვას მოწმეთა შესახებ არაერთხელ მოხსენიება. ისინი ხშირად ამახვილებენ ყურადღებას ჩვენს შეუპოვრობასა და ყველასათვის ცნობის მიწოდების გადაწყვეტილებით აღსავსეობაზე. დიახ, ჩვენი მხრიდან გულმოდგინებისა და ურყეობის გამოვლენა დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მაშინაც კი, როდესაც ხალხის უმრავლესობა არ ღებულობს არც ცნობას და არც მაცნეებს!
სამქადაგებლო საქმიანობის შესასრულებლად გამოვლენილი ჩვენი გულმოდგინება
16. რა პოზიცია უნდა გამოვავლინოთ ამ დარჩენილი მცირე დროის განმავლობაში?
16 ჩვენ არ ვიცით, კიდევ რამდენ ხანს იარსებებს ეს სისტემა და არც გვჭირდება ამის ცოდნა, რადგან იეჰოვასადმი მსახურების საკითხში ჩვენი აღძვრები სუფთაა (მათე 24:36; 1 კორინთელთა 13:1–3). მაგრამ ვიცით, რომ იეჰოვას სიყვარულის, ძალისა და სამართლიანობის გამოვლენამდე „ჯერ“ კეთილი ცნობა უნდა იყოს ნაქადაგები (მარკოზი 13:10). ამიტომ, რამდენად დიდხანსაც არ უნდა ველოდებოდეთ ამ ბოროტი, უსამართლო, ძალადობით აღსავსე წუთისოფლის აღსასრულს, ჩვენი მდგომარეობის შესაბამისად გულმოდგინედ უნდა ვეცადოთ, მიძღვნის თანახმად ვიცხოვროთ. შეიძლება ხანდაზმულები ან ავადმყოფები ვართ, მაგრამ მაინც შეგვიძლია ისე გულმოდგინედ ვემსახუროთ იეჰოვას, როგორც ამას ახალგაზრდობაში ან უფრო კარგი ჯანმრთელობის ფლობის დროს ვაკეთებდით. შეიძლება მსახურებაში იმდენ დროს ვერ ვატარებთ, რამდენსაც ადრე, მაგრამ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია იეჰოვას ქების ისეთივე მსხვერპლი შევწიროთ, როგორსაც ადრე ვწირავდით (ებრაელთა 13:15).
17. მოყევით გამამხნევებელი შემთხვევა, რომელიც ყველას დაგვეხმარება.
17 ამიტომ, ახალგაზრდები ვართ თუ ხანდაზმულები, გამოვავლინოთ გულმოდგინება და ახალი ქვეყნიერების შესახებ ცნობა ყველა შემხვედრს გავუზიაროთ. მოდით იმ ავსტრალიელ მორიდებულ შვიდი წლის გოგონას დავემსგავსოთ, რომელიც დედასთან ერთად მაღაზიაში შესვლისას შემდეგნაირად მოიქცა: მას სამეფო დარბაზში გაგონილი ჰქონდა, რომ ძალიან მნიშნვნელოვანია, იქადაგო, და ამიტომ ჩანთაში ორი ბიბლიური ბროშურა ჩაიდო. როდესაც დედა საყიდლების არჩევით იყო დაკავებული, გოგონა გაქრა. დედამ ძებნა დაუწყო და დაინახა, რომ მისი შვილი ერთ ქალბატონს სთავაზობდა ბროშურას. დედამ მობოდიშება დაუწყო ამ ქალბატონს თავისი გოგონას მხრიდან რაიმე შეწუხებისთვის. მაგრამ ქალბატონმა დიდი სიამოვნებით აიღო ბროშურა. როდესაც დედა-შვილი მარტო დარჩნენ, დედამ ჰკითხა გოგონას, რამ გააბედინა, უცხოსთან მისვლა. გოგონამ უპასუხა: „საკუთარ თავს ვუთხარი, მოემზადე მისასვლელად-მეთქი! და მივედი“.
18. როგორ შეგვიძლია შესანიშნავი სულისკვეთების გამოვლენა?
18 საჭიროა, თითოეულმა გამოვავლინოთ ისეთი სულისკვეთება, როგორიც ავსტრალიელ გოგონას ჰქონდა, განსაკუთრებით კი იმისთვის, რომ მივიდეთ უცხოებთან ან ოფიციალურ პირებთან კეთილი ცნობის წარსადგენად. შეიძლება იმის შიშმა შეგვიპყროს, რომ უარს გვეტყვიან. ყოველთვის გვახსოვდეს იესოს სიტყვები: „ნუ იზრუნებთ იმაზე, როგორ ან რა უპასუხოთ ან რა ილაპარაკოთ. ვინაიდან სულიწმიდა გასწავლით მაშინ, რაც უნდა ილაპარაკოთ“ (ლუკა 12:11, 12).
19. რა თვალსაზრისი გაქვთ მსახურებაზე?
19 ამიტომ, როდესაც ხალხს თავაზიანად სთავაზობთ კეთილ ცნობას, გქონდეთ ღვთის სულიწმიდის დახმარების იმედი. მილიონობით ადამიანი ხშირად ნდობას უცხადებს უღირს მამაკაცებსა და ქალებს, რომლებიც დღეს არიან და ხვალ გაქრებიან. ჩვენ კი ნდობას ვუცხადებთ იეჰოვასა და მის ზეციერ ორგანიზაციას — იესო ქრისტეს, წმინდა ანგელოზებსა და აღდგენილ ცხებულ ქრისტიანებს — რომლებიც ყოველთვის იარსებებენ! ამიტომ გახსოვდეთ: „ჩვენ უფრო ბევრი გვყავს, ვიდრე მათ“ (მეოთხე მეფეთა 6:16).
[სქოლიო]
a უფრო მეტი მაგალითები იხილეთ 1994 წლის „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეულში“, გვერდები 217–220 (ინგლ.).
როგორ უპასუხებდით?
◻ რა როლს ასრულებს იეჰოვას ხალხის ხსნაში ღვთის ზეციერი ორგანიზაცია?
◻ რა პოლიტიკურ და რელიგიურ თავდასხმას დაექვემდებარნენ იეჰოვას მოწმეები XX საუკუნეში?
◻ როგორ შეუსაბამეს იეჰოვას მოწმეებმა თავიანთი მსახურება მდგომარეობას?
◻ რა აღგძრავთ ქადაგებისკენ?
[სურათი 17 გვერდზე]
ჰენრიკა ჟური.
[სურათები 18 გვერდზე]
Japan
Martinique
United States
Kenya
United States
იეჰოვას მოწმეები ქადაგებენ ყოველთვის და ყველგან, სადაც კი ხალხია.
[სურათი 20 გვერდზე]
ჩვენი საუკუნის დასაწყისში სამეფოს შესახებ ცნობის საქადაგებლად ფონოგრაფებს იყენებდნენ.