თავი 7
განიახლეთ თავდაპირველი სიყვარული!
ეფესო
1. რომელ კრებას მიმართა იესომ პირველად და რა შეახსენა ზედამხედველებს?
იესომ თავდაპირველად ეფესოს კრებას მიმართა. ეფესო მცირე აზიის ეკონომიკურად ძლიერი ზღვისპირა ქალაქი იყო და კუნძულ პატმოსთან ახლოს მდებარეობდა. იესომ იოანეს უბრძანა: „ეფესოს კრების ანგელოზს მისწერე, აი რას ამბობს-თქო ის, ვისაც შვიდი ვარსკვლავი უჭირავს მარჯვენაში და ვინც შვიდ ოქროს სალამპრეს შორის დადის“ (გამოცხადება 2:1). იესო ახლაც თავის ძალაუფლებას უსვამს ხაზს, როგორც დანარჩენ ექვს მიმართვაში. ის ეფესოს კრების ზედამხედველებს შეახსენებს, რომ ყველა უხუცესზე ზრუნავს, ზედამხედველობას უწევს მათ და ყველა კრებას ამოწმებს. იესო, როგორც მოსიყვარულე მეთაური, ჩვენს დროშიც ზრუნავს უხუცესებზე და მწყემსავს როგორც მათ, ისე კრების ყველა წევრს. დროდადრო იესო ცვლილებებს ახდენს კრებაში, რათა სინათლემ უფრო და უფრო ანათოს. ის მართლაც ღვთის ფარის მთავარი მწყემსია (მათე 11:28—30; 1 პეტრე 5:2—4).
2. ა) რისთვის შეაქო იესომ ეფესოს კრება? ბ) პავლეს რომელი რჩევა გაითვალისწინეს ეფესოელმა უხუცესებმა?
2 იესო თავისი შვიდი მიმართვიდან ხუთს გულთბილი შექებით იწყებს. აი რა სიტყვებით მიმართავს ის ეფესოს კრებას: „ვიცი შენი საქმეები, შენი შრომა და მოთმინება და ის, რომ ვერ იტან ბოროტებს; გამოცდილი გყავს ისინი, ვინც ამბობს, მოციქულები ვართო, სინამდვილეში კი არ არიან; დანახული გაქვს, რომ მატყუარები არიან. შენ მოთმინებას ავლენ, ყველაფერს იტან ჩემი სახელის გულისთვის და არ დაქანცულხარ“ (გამოცხადება 2:2, 3). წლების წინ პავლე მოციქულმა გააფრთხილა ეფესოელი უხუცესები, რომ გამოჩნდებოდნენ „ულმობელი მგლები“, ანუ განდგომილები, რომლებიც სამწყსოში არეულობას შეიტანდნენ, და მოუწოდა, რომ ‘ფხიზლად ყოფილიყვნენ’. თავად პავლე აძლევდა მათ დაუღალავი შრომის მაგალითს (საქმეები 20:29, 31). როგორც ჩანს, ეფესოელმა უხუცესებმა გაითვალისწინეს ეს რჩევა, რადგან იესო აქებს მათ მოთმინებისა და მძიმე, დაუღალავი შრომისთვის.
3. ა) როგორ ცდილობენ ცრუმოციქულები ერთგულთა შეცდენას? ბ) რა თქვა პეტრემ განდგომილთა შესახებ?
3 უფლის დღესაც გამოჩნდნენ ცრუმოციქულები, რომლებიც ‘უკუღმართად ლაპარაკობენ, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები’ (2 კორინთელები 11:13; საქმეები 20:30; გამოცხადება 1:10). ისინი ცუდს ვერაფერს ხედავენ ერთმანეთის მოწინააღმდეგე სექტების არსებობაში, ამტკიცებენ, რომ თითქოს ღმერთს არა ჰყავს ორგანიზაცია, და 1914 წელს იესოს გამეფებას უარყოფენ. მათზე სრულდება 2 პეტრეს 3:3, 4-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება: «ბოლო დღეებში მოვლენ დამცინავები მათთვის ჩვეული დაცინვით, თავიანთი სურვილებისამებრ მოიქცევიან და იტყვიან: „სად არის ის დაპირებული დრო, როცა ის მოსული უნდა ყოფილიყო? მას შემდეგ, რაც ჩვენმა მამა-პაპამ სიკვდილის ძილით დაიძინა, ყველაფერი ისევე რჩება, როგორც ქმნილებათა დასაწყისიდან იყო“ ».
4. ა) როგორ ვლინდება დამცინავთა სიამაყე და ურჩობა? ბ) ეფესოელთა მსგავსად რა ზომებს მიმართავენ დღეს ქრისტიანები განდგომილთაგან თავის დასაცავად?
4 ეს დამცინავები ვერ ეგუებიან იმ აზრს, რომ თავიანთი რწმენის შესახებ სახალხოდ უნდა ქადაგებდნენ (რომაელები 10:10). მათ მხარს უჭერს ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება და ბეჭდვითი სიტყვისა და ტელეარხების დახმარებით განდგომილები თავიანთი ყოფილი თანამოაზრეების შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. ერთგული ქრისტიანები მალევე ხვდებიან, რომ განდგომილთა საუბარი და საქციელი მზაკვრობაში ამხელს მათ. ეფესოელთა მსგავსად ქრისტიანები დღესაც ‘ვერ იტანენ ბოროტებს’ და რიცხავენ მათ ქრისტიანული კრებიდანa.
5. ა) იესოს სიტყვების თანახმად რატომ დაიმსახურეს ეფესოელმა ქრისტიანებმა შენიშვნა? ბ) რა სიტყვები უნდა ხსომებოდათ ეფესოელებს?
5 მაგრამ, როგორც დანარჩენი ხუთი კრებისადმი მიწერილ წერილებში, იესო ეფესოელების სერიოზულ პრობლემაზეც ამახვილებს ყურადღებას. ის მათ ეუბნება: „მაგრამ შენ წინააღმდეგ ისა მაქვს, რომ მიატოვე თავდაპირველი სიყვარული“ (გამოცხადება 2:4). მათ არ უნდა განელებოდათ სიყვარული, რადგან 35 წლით ადრე პავლემ მისწერა, რომ ღმერთმა „დიდი სიყვარულით. . . შეიყვარა“ ისინი და მოუწოდა: „ამიტომ მიჰბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა, და იარეთ სიყვარულში, როგორც ქრისტემ შეგიყვარათ“ (ეფესოელები 2:4; 5:1, 2). მათ იესოს სიტყვებიც უნდა ჰქონოდათ გულში ჩაბეჭდილი: „იეჰოვა, ჩვენი ღმერთი, ერთია იეჰოვა, გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი ძალით“ (მარკოზი 12:29—31). ეფესოელებს დაკარგული ჰქონდათ თავდაპირველი სიყვარული.
6. ა) რამდენ ხანსაც არ უნდა ვმსახურობდეთ კრებაში, რატომ უნდა ვიყოთ ფხიზლად? ბ) რისკენ უნდა აღგვძრას ღვთის სიყვარულმა?
6 რამდენ ხანსაც არ უნდა ვმსახურობდეთ კრებაში, ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვასადმი თავდაპირველი სიყვარული არ გაგვინელდეს. როგორ შეიძლება გაგვინელდეს სიყვარული? შეიძლება მთავარ საზრუნავად სამუშაო, ფულის კეთება ან გართობა გვექცეს და შედეგად შეიძლება სულიერი ხედვის ნაცვლად ხორციელი აზროვნება განგვივითარდეს (რომაელები 8:5—8; 1 ტიმოთე 4:8; 6:9, 10). იეჰოვას სიყვარულმა უნდა გაგვათავისუფლოს ასეთი აზროვნებისგან და უპირველესად უნდა ‘ვეძებოთ ღვთის სამეფო და მამის სიმართლე’, რათა ‘განძი ზეცაში მოვაგროვოთ’ (მათე 6:19—21, 31—33).
7. ა) რა უნდა აღგვძრავდეს იეჰოვასთვის მსახურებისკენ? ბ) რას ამბობს იოანე სიყვარულზე?
7 იეჰოვასადმი მსახურებას მისი ღრმა სიყვარული უნდა ედოს საფუძვლად. მაშ, გავიღრმაოთ მადლიერება იმისთვის, რაც ჩვენთვის იეჰოვამ და ქრისტემ გააკეთეს. იოანე წერდა: „სიყვარული ის კი არ არის, რომ ჩვენ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ ის, რომ მან შეგვიყვარა და გამოგზავნა თავისი ძე შერიგების მსხვერპლად ჩვენი ცოდვების გამო“. იოანე განაგრძობს: „ღმერთი სიყვარულია და ის, ვინც სიყვარულში რჩება, ერთობაში რჩება ღმერთთან, ღმერთი კი — მასთან“. დაე, არასოდეს გაგვინელდეს იეჰოვას, უფალ იესო ქრისტესა და ღვთის ცოცხალი სიტყვის სიყვარული, რაც არა მარტო ღვთისადმი ჩვენს გულმოდგინე მსახურებაში ვლინდება, არამედ იმაშიც, რომ ვემორჩილებით ‘მცნებას, რომელიც მისგან გვაქვს: ვისაც ღმერთი უყვარს, თავისი ძმაც უნდა უყვარდეს’ (1 იოანე 4:10, 16, 21; ებრაელები 4:12; იხილეთ აგრეთვე 1 პეტრეს 4:8; კოლოსელების 3:10—14; ეფესოელების 4:15).
„აკეთე შენი პირვანდელი საქმეები“
8. იესოს სიტყვების თანახმად როგორ უნდა ემოქმედათ ეფესოელებს?
8 ეფესოელებს პირვანდელი სიყვარული უნდა განეახლებინათ, რომ სულიერი კრახი არ განეცადათ. იესო მათ ეუბნება: „ამიტომ გაიხსენე, რა დაკარგე, მოინანიე და აკეთე შენი პირვანდელი საქმეები. თუ არადა, მოვდივარ შენთან და მოვაცილებ შენს სალამპრეს თავისი ადგილიდან, თუ არ მოინანიებ“ (გამოცხადება 2:5). ჩვენ არ ვიცით, როგორ იმოქმედა ეფესოელ ქრისტიანებზე იესოს სიტყვებმა. ალბათ მოინანიეს და განიახლეს იეჰოვას სიყვარული. ასე რომ არ ყოფილიყო, მათი ლამპარი ჩაქრებოდა, იესო მოაცილებდა სალამპრეებს თავისი ადგილიდან და ისინი ვეღარ გაანათებდნენ ჭეშმარიტებით.
9. ა) როგორი სიტყვებით გაამხნევა იესომ ეფესოელები? ბ) იოანეს სიკვდილის შემდეგ როგორ უგულებელყვეს კრებებმა იესოს რჩევა, რომელიც მან ეფესოელებს მისწერა?
9 ამის შემდეგ იესო ასეთი სიტყვებით ამხნევებს ეფესოელებს: „ეს კი გაქვს, რომ გძულს ნიკოლაელთა სექტის საქმეები, რაც მეც მძულს“ (გამოცხადება 2:6). სხვა თუ არაფერი, იესოს მსგავსად მათაც სძულდათ სექტები, თუმცა დრომ აჩვენა, რომ ბევრმა კრებამ უგულებელყო იესოს სიტყვები. იეჰოვას, ჭეშმარიტებისა და ერთმანეთის სიყვარულის განელების გამო ისინი სულიერ სიბნელეში მოექცნენ და ერთმანეთის მოწინააღმდეგე უამრავ სექტად დაიყვნენ. „ქრისტიანი“ გადამწერები, რომელთაც არ ჰქონდათ იეჰოვას სიყვარული, ბიბლიის ბერძნულ ხელნაწერებში ღვთის სახელს აღარ წერდნენ. სიყვარულის უქონლობის გამო გადმოიღეს ბაბილონური და ბერძნული მოძღვრებები, მაგალითად, ჯოჯოხეთის, განსაწმენდელისა და სამების შესახებ, და ეს ქრისტიანობის სახელით გააკეთეს. ღვთისა და ჭეშმარიტების სიყვარულის ნაკლებობა გახდა იმის მიზეზიც, რომ მრავალმა, ვისაც თავი ქრისტიანად მოჰქონდა, შეწყვიტა ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება. ისინი გულისთქმას აყოლილი სამღვდელოების გავლენის ქვეშ მოექცნენ, რომელმაც დედამიწაზე თავისი სამეფო შექმნა (შეადარეთ 1 კორინთელების 4:8).
10. რა მდგომარეობა იყო ქრისტიანულ სამყაროში 1918 წელს?
10 იმ დროს, როდესაც გასამართლება ღვთის სახლიდან დაიწყო, 1918 წელს, სექტანტური ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება დაუფარავად უჭერდა მხარს პირველ მსოფლიო ომს და კათოლიკებსა და პროტესტანტებს ერთმანეთის გასანადგურებლად აქეზებდა (1 პეტრე 4:17). ეფესოელთა კრებისგან განსხვავებით, რომელთაც სძულდათ ნიკოლაელთა სექტის საქმეები, ქრისტიანული სამყაროს რელიგიებს კარგა ხნის მიღებული ჰქონდათ ურთიერთგამომრიცხავი, ღვთის საწინააღმდეგო მოძღვრებები. სამღვდელოება ქვეყნიერების განუყოფელი ნაწილი გახდა, არადა იესოს თავისი მოციქულებისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ არ ყოფილიყვნენ ქვეყნიერების ნაწილი (იოანე 15:17—19). მათი კრებები, რომელთაც წარმოდგენა არ ჰქონდათ ბიბლიის მთავარ თემაზე — ღვთის სამეფოზე, ვეღარ ასრულებდნენ ბიბლიური ჭეშმარიტების მანათობელი სალამპრეების მოვალეობას და აღარც იეჰოვას სულიერი ტაძრის წევრებად ითვლებოდნენ. მათი წინამძღოლები (კაცებთან ერთად ქალებიც) „ვარსკვლავები“ კი არა, „უკანონობის კაცის“ მიმდევრები აღმოჩნდნენ (2 თესალონიკელები 2:3; მალაქია 3:1—3).
11. ა) 1918 წელს რომელი ქრისტიანები მოიქცნენ იესოს მიერ ეფესოელებისთვის მიწერილი სიტყვების თანახმად? ბ) რას აკეთებს იოანეს კლასი 1919 წლიდან მოყოლებული?
11 მაგრამ იოანეს კლასი პირველი მსოფლიო ომით გამოწვეულ ძნელბედობის ჟამს მაინც გამოჩნდა. მათ იეჰოვასა და ჭეშმარიტების სიყვარული აღძრავდა, რომ ღვთისთვის გულმოდგინედ ემსახურათ. ისინი წინააღმდეგობას უწევდნენ მათ, ვინც საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პირველ პრეზიდენტს, ჩარლზ რასელს, 1916 წლიდან, მისი სიკვდილის შემდეგ აღმერთებდა და ამით სექტანტურ სულს აღვივებდა. დევნებითა და გასაჭირით გამობრძმედილმა ქრისტიანებმა გასამართლების შემდეგ თავიანთი ბატონისგან ქება დაიმსახურეს და მისი სიხარული გაიზიარეს (მათე 25:21, 23). მათ მსოფლიო მოვლენების განვითარებამ და პირადმა გამოცდილებამ უჩვენა, როგორ სრულდებოდა იესოს ნაწინასწარმეტყველები ნიშანი, რაც მისი უხილავი მეფობის დამადასტურებელი იყო. 1919 წლიდან მოყოლებული ისინი გულმოდგინედ განაგრძობდნენ თავიანთი წვლილის შეტანას იესოს დიდებული წინასწარმეტყველების შესრულებაში: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 6:9, 10; 24:3—14). თუკი მანამდე აკლდათ იეჰოვას სიყვარული, ამ დროიდან მოყოლებული ეს სიყვარული ცეცხლივით აუგიზგიზდათ.
12. ა) რა მოწოდება გაისმა 1922 წელს გამართულ ისტორიულ კონგრესზე? ბ) რა სახელწოდება მიიღეს ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა 1931 წელს და რა მოინანიეს?
12 სიდარ-პოინტში (ოჰაიო, აშშ) 1922 წლის 5—13 სექტემბერს ჩატარდა ისტორიული კონგრესი, რომელსაც 18 000 კაცი დაესწრო. მაშინ ასეთი მოწოდება გაისმა: „კვლავ ველისკენ, უზენაესი ღვთის ძეებო! . . მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ იესო ქრისტე არის მეფეთ მეფე და უფალთ უფალი. . . ამიტომ აუწყეთ, აუწყეთ, აუწყეთ მეფისა და მისი სამეფოს შესახებ!“ იეჰოვას დიდებული სახელი კიდევ უფრო განდიდდა, როცა 1931 წელს კოლუმბუსში (ოჰაიო, აშშ) ჩატარებულ კონგრესზე ქრისტიანებმა სიხარულით მიიღეს სახელწოდება — „იეჰოვას მოწმეები“. ეს სახელი ღმერთმა ესაიას წინასწარმეტყველებაში მოიხსენია (ესაია 43:10, 12). 1939 წლის პირველ მარტს ორგანიზაციის ძირითად ჟურნალს დაერქვა ახალი სახელწოდება — „საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ“, რითაც პატივი მიეგო ჩვენს შემოქმედსა და სამეფო მთავრობას. იეჰოვას მოწმეებმა, რომლებმაც განიახლეს იეჰოვას სიყვარული, მოინანიეს ყველა ცოდვა, რის გამოც შეიძლება წინათ ღირსეულად ვერ მიაგებდნენ პატივს და ვერ განადიდებდნენ მის დიდებულ სახელსა და სამეფოს (ფსალმუნი 106:6, 47, 48).
„მძლეველს“
13. ა) რა კურთხევები მოელოდათ ეფესოელებს, თუ ‘მძლეველები’ იქნებოდნენ? ბ) რა შემთხვევაში გახდებოდნენ ისინი ‘მძლეველები’?
13 ბოლოს, ისევე როგორც სხვა წერილებში, იესო ყურადღებას ამახვილებს ღვთის წმინდა სულზე, რომელიც იესოს წყალობით აკურთხებს ერთგულებს. ეფესოელებს მან მისწერა: „ვისაც ყური აქვს, მოისმინოს, რას ეუბნება სული კრებებს: მძლეველს ნებას მივცემ, ჭამოს სიცოცხლის ხიდან, რომელიც ღვთის სამოთხეშია“ (გამოცხადება 2:7). მომსმენი ყურის მქონენი ყურად იღებდნენ ამ მნიშვნელოვან ცნობას, ვინაიდან ის იესოსგან კი არა, თავად იეჰოვასგან, უზენაესი უფლისგან მომდინარეობს წმინდა სულით, მისი მოქმედი ძალით. ისინი ‘მძლეველები’ გახდებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ კვალდაკვალ მიჰყვებოდნენ იესოს, რომელიც სიკვდილამდე ერთგული დარჩა და თქვა: „გამაგრდით! მე ვძლიე ქვეყნიერებას“ (იოანე 8:28; 16:33; იხილეთ აგრეთვე 1 იოანეს 5:4).
14. რას უნდა ნიშნავდეს იესოს მოხსენიებული „ღვთის სამოთხე“?
14 ეფესოელი ქრისტიანების მსგავსად არც სულითცხებულ ქრისტიანებს აქვთ დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების იმედი. მაშ, როგორღა ‘შეჭამენ სიცოცხლის ხიდან, რომელიც ღვთის სამოთხეშია’? ამაში არ იგულისხმება დედამიწაზე აღდგენილი სამოთხე, რადგან 144 000 ცხებული ქრისტიანი, მათ შორის ეფესოელი ქრისტიანები, როგორც სულიერი ძეები, კრავთან, ქრისტესთან ერთად იმმართველებენ ზეციერი სიონის მთაზე (ეფესოელები 1:5—12; გამოცხადება 14:1, 4). აქედან გამომდინარე, საუბარი მიდის ზეციერ „ბაღისმაგვარ“ სამეფოზე, რომელსაც ეს ‘მძლეველები’ დაიმკვიდრებენ. იქ, „ღვთის სამოთხეში“, სწორედ იეჰოვას წინაშე, ისინი, ვინც უკვდავებას მიიღებენ. ისინი ‘სიცოცხლის ხიდან შეჭამენ’, ესე იგი უსასრულოდ იცხოვრებენ.
15. რატომ უნდა ავლენდეს დიდ ინტერესს უამრავი ხალხი იესოს გამამხნევებელი სიტყვებისადმი, რომ იყვნენ ‘მძლეველები’?
15 რა ელით მათ, ვინც ერთგულად უჭერს მხარს 144 000 ცხებულ ქრისტიანს? მათი თანამსახური უამრავი ხალხიც „მძლეველია“, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მათ დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების იმედი აქვთ, სადაც ისინი ‘სიცოცხლის წყლის მდინარიდან’ დალევენ და მდინარისპირა ‘ხეების ფოთლებით’ განიკურნებიან (გამოცხადება 7:4, 9, 17; 22:1, 2). თუ მათ შორის ხართ, თქვენც გამოხატეთ იეჰოვასადმი მხურვალე სიყვარული, გაიმარჯვეთ რწმენის ბრძოლაში და მიაღწიეთ ბედნიერებას, რასაც დედამიწაზე სამოთხეში მარადიული სიცოცხლე მოგიტანთ! (შეადარეთ 1 იოანეს 2:13, 14)
[სქოლიოები]
a ცრუ მოციქულთა შესახებ ისტორიული ცნობებისთვის იხილეთ თემა „მოციქულთა მემკვიდრენი“ წიგნში „მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე“, რომელიც გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[ჩარჩო 36 გვერდზე]
ქება იეჰოვასა და მის ძეს
იეჰოვას მოწმეების მიერ 1905 წელს გამოცემულ სიმღერების კრებულში იესოს განმადიდებელი სიმღერები ორჯერ აღემატებოდა იეჰოვას განმადიდებელ სიმღერებს. 1928 წელს გამოცემულ სიმღერების კრებულში იესოსა და იეჰოვას საქებარი სიმღერების რაოდენობა თითქმის თანაბარი იყო, 1984 წელს გამოცემულ სიმღერების ბოლო კრებულში კი იეჰოვასთვის ხოტბის შემსხმელი სიმღერები ოთხჯერ აღემატება იესოს განმადიდებელ სიმღერებს. ეს ეთანხმება თავად იესოს სიტყვებს: „მამა ჩემზე დიდია“ (იოანე 14:28). იეჰოვასადმი სიყვარული ყველაზე აღმატებული უნდა იყოს, ამავე დროს უნდა გვიყვარდეს იესო და მადლიერები უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მან ძვირფასი მსხვერპლი გაიღო და ღვთის მღვდელმთავრად და მეფედ მსახურობს.
[ცხრილი 34 გვერდზე]
იესოს რჩევები
(მოყვანილია მუხლები „გამოცხადებიდან“)
ცნობა მრჩევლის იწყებს ზუსტად შეგონება კურთხევები
კრებისთვის უფლებამოსილება შექებით აღწერს და/ან მორჩილებისთვის
პრობლემას გამხნევება
ეფესო 2:1 2:2, 3 2:4 2:5, 6 2:7
სმირნა 2:8 2:9 — 2:10 2:11
პერგამონი 2:12 2:13 2:14, 15 2:16 2:17
თიატირა 2:18 2:19 2:20, 21 2:24, 25 2:26—28
სარდისი 3:1 — 3:1, 2 3:3, 4 3:5
ფილადელფია 3:7 3:8 — 3:8—11 3:12
ლაოდიკეა 3:14 — 3:15—17 3:18—20 3:21