სინამდვილეში რა არის არმაგედონი?
„ეშმაკის სულები . . . გამოდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან . . . რათა მოაგროვონ ისინი ადგილზე, რომელსაც ებრაულად ჰარ-მეგიდონი ჰქვია“
(გამოცხადება 16:14, 16, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები; კურსივი ჩვენია).
არმაგედონი, რომელიც ზოგჯერ ითარგმნება, როგორც „ჰარ-მეგიდონი“, ადგილის სახელწოდებაა.
სინამდვილეში რა დატვირთვა აქვს ამ სიტყვას? რატომ ასოცირდება ხშირად სიტყვა „არმაგედონი“ ისეთ მოვლენასთან, როგორიცაა ომი?
შეკრებილნი ადგილზე, რომელსაც არმაგედონი ეწოდება
ებრაული სიტყვა „ჰარ-მეგიდონი“ სიტყვასიტყვით ნიშნავს „მეგიდოს მთას“. მართალია, პირდაპირი გაგებით ასეთი მთა არ არსებობს, მაგრამ მეგიდოს სახელით ცნობილი ადგილი ნამდვილად არსებობს. მეგიდოს სტრატეგიული მდებარეობა ჰქონდა, რადგან ორი მთავარი გზის გასაყარზე მდებარეობდა, იმ ადგილიდან ჩრდილო-დასავლეთით, სადაც ისრაელები იყვნენ დასახლებული. ბევრი გადამწყვეტი ბრძოლა სწორედ ამ ადგილის მახლობლად იმართებოდა. ამიტომ ასოცირდება სახელი მეგიდო ომთან.a
მაგრამ სიტყვა მეგიდო ამ ადგილას გამართული ბრძოლების გამო კი არ ასოცირდება ომთან, არამედ იმის გამო, თუ რა მიზეზით იმართებოდა ეს ბრძოლები. მეგიდო იყო აღთქმული მიწის ნაწილი, რომელიც იეჰოვა ღმერთმა ისრაელებს მისცა (გამოსვლა 33:1; იესო ნავეს ძე 12:7, 21). მან აღუთქვა თავის ხალხს, რომ დაიცავდა მტრებისგან (კანონი 6:18, 19). მაგალითად, სწორედ მეგიდოს ველზე დაიცვა იეჰოვამ სასწაულებრივად ისრაელი ქანაანელთა მეფის, იაბინის, ლაშქრის თავდასხმისგან, რომელსაც სათავეში სისარა ედგა (მსაჯულები 4:14—16).
აქედან გამომდინარე, სიტყვა „ჰარ-მეგიდონს“ ანუ „არმაგედონს“ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ის ასოცირდება ბრძოლასთან, რომლის დროსაც ორი ძლიერი მოწინააღმდეგე ერთმანეთს უპირისპირდება.
წიგნ „გამოცხადებაში“ მოცემული წინასწარმეტყველება საუბრობს იმ დროზე, რომელიც ახლო მომავალში დადგება; მაშინ სატანა და მისი დემონები მიწიერ მმართველებს აღძრავენ, რომ შეკრიბონ თავიანთი ლაშქარი, რაც საფრთხეს შეუქმნის ღვთის ხალხსა და მათ საქმიანობას. ბრძოლის დროს, როცა ღმერთი გაილაშქრებს თავდამსხმელთა წინააღმდეგ, მილიონები დაიღუპებიან (გამოცხადება 19:11—18).
რატომ გაანადგურებს ღმერთი, რომელსაც ბიბლიაში „გულმოწყალე, რისხვაში ნელი და სიკეთით სავსე“ ეწოდება, ამდენ ადამიანს? (ნეემია 9:17). იმისთვის, რომ გავიგოთ, რატომ მოიქცევა ღმერთი ამგვარად, სამ კითხვაზე უნდა მივიღოთ პასუხი: 1) ვინ იწყებს ომს? 2) რატომ ერევა ღმერთი ამ ომში? 3) რას მოუტანს ეს ომი დედამიწასა და მის მცხოვრებთ?
1. ვინ იწყებს ომს?
არმაგედონის ომში ღმერთი არავის არ დაესხმება თავს. პირიქით, ის დაიცავს კეთილ ადამიანებს მათგან, ვინც მათ განადგურებას ლამობს. ამ ომში თავდამსხმელები არიან „მთელი მსოფლიოს მეფეები“, ანუ მსოფლიო ლიდერები. რატომ დაესხმიან ისინი თავს კეთილ ადამიანებს? მიზეზი ის არის, რომ სატანა მარიონეტებივით გამოიყენებს პოლიტიკურ და სამხედრო ძალებს, რათა მასობრივი თავდასხმა განახორციელოს იეჰოვა ღმერთის თაყვანისმცემლებზე (გამოცხადება 16:13, 14; 19:17, 18).
ვინაიდან დღეს ზოგ ქვეყანაში სიტყვისა და რელიგიის თავისუფლება არსებობს, ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ ოდესმე მმართველები რომელიმე რელიგიურ მიმდინარეობას შეზღუდავენ ან ბოლოს მოუღებენ. მაგრამ ასეთი თავდასხმები მე-20 საუკუნეშიც მოხდა და ახლაც ხდება.b მიუხედავად ამისა, სულ მცირე, ორი ძირითადი განსხვავება არსებობს დღევანდელ თავდასხმებსა და იმ თავდასხმას შორის, რომელიც არმაგედონში მოხდება. პირველი, თავდასხმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოხდება. მეორე, იეჰოვა ღმერთი ისეთ ზომებს მიიღებს, რომელიც მანამდე არასდროს მიუღია (იერემია 25:32, 33). ბიბლია ამ ომს „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“ უწოდებს.
2. რატომ ერევა ღმერთი ამ ომში?
იეჰოვა ასწავლის თავის თაყვანისმცემლებს, რომ იყვნენ მშვიდობისმყოფელები და უყვარდეთ თავიანთი მტრები (მიქა 4:1—3; მათე 5:43, 44; 26:52). ამიტომ, ისინი თავდასაცავად ხელში არ აიღებენ იარაღს, როცა ბოროტი თავდამსხმელები მათზე იერიშს მიიტანენ. ღმერთმა რომ არ დაიცვას თავისი ხალხი, სატანა მათ აღგვის პირისაგან მიწისა. ამ დროს იეჰოვა ღმერთის სახელი ანუ მისი რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. თუ თავდამსხმელები ღვთის ხალხის განადგურებას შეძლებენ, გამოვა, რომ იეჰოვა უგულო, უსამართლო და უსუსური ღმერთია. ასეთი რამ კი არასდროს მოხდება! (ფსალმუნი 37:28, 29).
ღმერთს არ სურს, რომ ვინმე განადგურდეს. ამიტომ, ის ყველას აფრთხილებს იმის შესახებ, თუ რა ზომებს მიიღებს მომავალში (2 პეტრე 3:9). იეჰოვამ ბიბლიის ფურცლებზე რეალური ისტორიები შემოგვინახა, რათა შეგვახსენოს, როგორ დაიცვა თავისი ხალხი წარსულში მტრის თავდასხმებისგან (2 მეფეები 19:35). ბიბლია აგრეთვე გვაფრთხილებს, რომ როცა მომავალში სატანა და მისი მარიონეტები, ანუ მიწიერი მმართველები, იერიშს მიიტანენ ღვთის ხალხზე, იეჰოვა აღდგება მათ წინააღმდეგ და საჭირო ზომებს მიიღებს. დიდი ხანია ღვთის სიტყვაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ იეჰოვა გაანადგურებს ბოროტებს (იგავები 2:21, 22; 2 თესალონიკელები 1:6—9). იმ დროს თავდამსხმელებს ეჭვის ნატამალიც კი არ ექნებათ, რომ ისინი ყოვლისშემძლე ღმერთს დაუპირისპირდნენ (ეზეკიელი 38:21—23).
3. რა მოჰყვება ამ ბრძოლას?
არმაგედონის დროს მილიონობით ადამიანი გადარჩება. სწორედ ამ დროიდან დაიწყება მშვიდობიანი პერიოდი დედამიწაზე (გამოცხადება 21:3, 4).
წიგნ „გამოცხადებაში“ საუბარია „უამრავ ხალხზე“, რომლის დათვლა არავის შეუძლია და რომელიც ამ ომში გადარჩება (გამოცხადება 7:9, 14). ღვთის დახმარებით ისინი მისი თავდაპირველი განზრახვის თანახმად, დედამიწას სამოთხედ გადააქცევენ.
გინდათ იცოდეთ, როდის მოხდება ღვთის ხალხზე თავდასხმა?
[სქოლიოები]
a უჩვეულო არაფერია იმაში, როცა რომელიმე ადგილის სახელი ომთან ასოცირდება. მაგალითად, იაპონიის ქალაქი ჰიროსიმა, რომელიც ატომურმა ბომბმა მიწასთან გაასწორა, დღეს ბირთვული ომის საფრთხესთან ასოცირდება.
b ჰოლოკოსტი იმის პრეცედენტია, თუ როგორ ცდილობდა მთავრობა, გაენადგურებინა რელიგიები და ეთნიკური ჯგუფები. კომუნისტების დროს საბჭოთა კავშირში რელიგიური ჯგუფები რეპრესირებული იყვნენ. იხილეთ 2011 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკში“ სტატია „მშვიდობისმოყვარე ხალხი რეპუტაციის დასაცავად ხმას იმაღლებს“.
[სურათი 6 გვერდზე]
წარსულში იეჰოვა ღმერთმა დაიცვა თავისი ხალხი
[სურათი 7 გვერდზე]
იეჰოვა კვლავაც დაიცავს თავის ხალხს არმაგედონის ომში