სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ — რას ამბობს ბიბლია?
„მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი“ (დაბადება 3:19).
1, 2. ა) რა განსხვავებული შეხედულებები არსებობს საიქიო ცხოვრების შესახებ? ბ) რა უნდა გამოვიკვლიოთ, რომ გავიგოთ, რას ასწავლის ბიბლია სულის შესახებ?
„წარმოდგენა მარადიული ტანჯვის შესახებ ეწინააღმდეგება იმ რწმენას, რომ ღმერთს უყვარს თავისი ქმნილებები. . . იმის დაჯერება, რომ მცირე დროის მანძილზე ადამიანის მიერ ჩადენილი ცოდვების გამო მისი სული მარადიულად დაიტანჯება და შეცდომების გამოსწორების არავითარი შესაძლებლობა არ მიეცემა, გონიერების ყოველგვარ ზღვარს სცილდება“, — თქვა ინდუსმა ფილოსოფოსმა ნიკჰილანანდამ.
2 ნიკჰილანანდას მსგავსად, დღეს მრავალი ადამიანისთვის რთულია დაეთანხმოს წარმოდგენას მარადიული ტანჯვის შესახებ. ამავე მიზეზით სხვები არ იზიარებენ ისეთ ცნებებს, როგორიცაა ნირვანის მიღწევა და ბუნებასთან შერწყმა. მათაც კი, რომლებიც აცხადებენ, რომ რწმენის საფუძვლად ბიბლია აქვთ, ერთმანეთისგან განსხვავებულად სწამთ, რა არის სული და რა ემართება მას სხეულის სიკვდილის შემდეგ. მაგრამ, სინამდვილეში, რას ასწავლის ბიბლია სულზე? ამის გასაგებად უნდა გამოვიკვლიოთ იმ ებრაული და ბერძნული სიტყვების მნიშვნელობები, რომლებიც ბიბლიაში გადმოთარგმნილია როგორც „სული“.
სული ბიბლიის თანახმად
3. ა) რომელი სიტყვაა გადმოთარგმნილი ებრაულ წერილებში „სულად“ და ძირითადად რა მნიშვნელობა აქვს მას? ბ) როგორ ადასტურებს დაბადების 2:7, რომ სიტყვა „სული“ პიროვნებას აღნიშნავს?
3 „სულად“ გადმოთარგმნილია ებრაული სიტყვა „ნეფეშ“, რომელიც ებრაულ წერილებში 754-ჯერ გვხვდება. რა მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვას? „ბიბლიისა და რელიგიის ლექსიკონის“ (The Dictionary of Bible and Religion) თანახმად, ის, „ჩვეულებრივ, აღნიშნავს ცოცხალ არსებას, პიროვნებას“. ამას ადასტურებს ბიბლიაში, დაბადების 2:7-ში, ნათქვამი სიტყვები: «გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად [„სულად“, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884]». ყურადღება მიაქციეთ, რომ ადამი „იქცა“ სულად. ადამს არ ჰქონია სული; ის იყო სული, ისევე როგორც პიროვნება, რომელიც გახდა ექიმი, არის ექიმი. ასე რომ, სიტყვა „სული“ ამ შემთხვევაში პიროვნების აღმნიშვნელია.
4. რომელი სიტყვაა გადმოთარგმნილი სიტყვად „სული“ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში და ძირითადად რა მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვას?
4 „სულად“ გადმოთარგმნილი სიტყვა „ფსიქე“ ასზე მეტჯერაა მოხსენიებული ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში. სიტყვის „ნეფეში“ მსგავსად, ეს სიტყვაც ხშირად პიროვნებას აღნიშნავს. მაგალითად, განვიხილოთ საღვთო წერილიდან მოყვანილი შემდეგი ადგილები: „შფოთავს ჩემი სული“ (იოანე 12:27). „ყოველი სული შიშმა მოიცვა“ (საქმეები 2:43). „ყოველი სული, ვინც არ გაუგონებს იმ წინასწარმეტყველს, აღმოიფხვრება ხალხისგან“ (საქმეები 3:23). „ცოტა, ესე იგი, რვა სული გადაურჩა წყალს“ (1 პეტრე 3:20). „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას“ (რომაელთა 13:1). ნათელია, რომ „ფსიქე“, ისევე როგორც „ნეფეშ“, პიროვნებას გულისხმობს. სწავლულ ნაიჯელ ტერნერის ნათქვამის თანახმად, ეს სიტყვა «აღნიშნავს ადამიანს, პიროვნებას, ფიზიკურ სხეულს, რომელსაც ღმერთმა „რუაჰ“ [სასიცოცხლო ძალა] მისცა. . . ძირითადად ის პიროვნების აღმნიშვნელია».
5. არიან თუ არა ცხოველები სულები? ახსენით.
5 საინტერესოა, რომ ბიბლიაში სიტყვა „სული“ არა მარტო ადამიანებთან, არამედ ცხოველებთან დაკავშირებითაც გამოიყენება. მაგალითად, დაბადების 1:20-ში მოყვანილია ღვთის სიტყვები, როდესაც ის ზღვის არსებებს ქმნიდა: «აფუთფუთდეს წყალში სულდგმული [„ცოცხალი სული“, აქ]». მომდევნო შემოქმედებით დღეს კი ღმერთმა თქვა: «წარმოშვას მიწამ სულდგმული [„ცოცხალი სული“, აქ] თავ-თავისი გვარისდა მიხედვით — პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარისდა მიხედვით» (დაბადება 1:24; შეადარეთ რიცხვნი 31:28).
6. რას აღნიშნავს ბიბლიაში სიტყვა „სული“?
6 ასე რომ, ბიბლიაში სიტყვა „სული“ ადამიანს, ცხოველს ან მათს სიცოცხლეს აღნიშნავს (იხილეთ ზემოთ მოცემული ჩარჩო). სულის შესახებ ბიბლიის მიერ მოცემული განმარტება ნათელი და ლოგიკურია, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ბუნდოვან ფილოსოფიებსა და ადამიანის ცრურწმენასთან. მაგრამ ამ შემთხვევაში პასუხი უნდა გაეცეს კითხვას — ბიბლიის თანახმად, რა ემართება სულს სიკვდილის დროს?
მკვდრები ვერაფერს გრძნობენ
7, 8. ა) რა არის ნათქვამი ბიბლიაში მკვდრების მდგომარეობის შესახებ? ბ) ბიბლიიდან მოიყვანეთ მაგალითები, საიდანაც ჩანს, რომ სული კვდება.
7 მკვდრების მდგომარეობა ნათლად არის აღწერილი ეკლესიასტეს 9:5, 10-ში, სადაც ვკითხულობთ: „მკვდრებმა . . . არაფერი იციან . . . არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში“. მაშასადამე, სიკვდილი არარსებობის მდგომარეობაა. ფსალმუნმომღერალმა დაწერა, რომ ადამიანი სიკვდილის შემდეგ „დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები“ (ფსალმუნი 145:4). ასე რომ, მკვდრები უგრძნობ და უმოქმედო მდგომარეობაში არიან.
8 ღმერთმა უთხრა ადამს, როდესაც მისთვის განაჩენი გამოჰქონდა: „მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი“ (დაბადება 3:19). ადამი არ არსებობდა, სანამ ღმერთი მას მიწის მტვრისგან შექმნიდა და სიცოცხლეს მისცემდა. სიკვდილის შემდეგ ის იმავე მდგომარეობას დაუბრუნდა. ადამისთვის სასჯელი სიკვდილი იყო და არა სხვა სამყაროში გადასვლა. მაგრამ რა დაემართა მის სულს? რადგანაც ბიბლიაში სიტყვა „სული“ ხშირად პიროვნების მნიშვნელობით არის გამოყენებული, როდესაც ვამბობთ, რომ ადამი მოკვდა, ეს ნიშნავს, რომ სული, სახელად ადამი, მოკვდა. ეს შეიძლება უცნაურად მოეჩვენოს მას, ვისაც სულის უკვდავება სწამს. მაგრამ ბიბლიაში ვკითხულობთ: „ცოდვილი სული უნდა მოკვდეს“ (ეზეკიელი 18:4); ასევე: „მოკუდინ სული ჩემი“ (რიცხვნი 23:10, ძვო). გარდა ამისა, მასში ნათქვამია, რომ მოწმიდარებს ეკრძალებოდათ, გაჰკარებოდნენ „სულსა ზედა აღსრულებულსა“ (რიცხვნი 6:6, ძვო).
9. რა იგულისხმება ბიბლიის იმ ადგილას, სადაც ნათქვამია, რომ რახელს ‘სული ამოხდა’?
9 მაშ, რა შეიძლება ითქვას დაბადების 35:18-ზე, სადაც მშობიარობას გადაყოლილი რახელის ტრაგიკულ სიკვდილზე ვკითხულობთ? მუხლში ნათქვამია: „სულის ამოხდომისას, როცა კვდებოდა, დაარქვა ვაჟს სახელად ბენ-ყონი (ძე ჩემი ტკივილისა), ხოლო მამამ უწოდა ბენიამინი (ძე მარჯვენისა)“. საუბარია აქ იმაზე, რომ რახელს ჰქონდა სული, რომელიც სიკვდილის დროს მის სხეულს გამოეყო? სრულიადაც არა. გაიხსენეთ, რომ სიტყვა „სული“ შეიძლება ადამიანის სიცოცხლესაც აღნიშნავდეს. ასე რომ, ამ შემთხვევაში რახელის „სული“, უბრალოდ, მის „სიცოცხლეს“ ნიშნავს. ამიტომაც ზოგი თარგმანი ამ მუხლში „სულის ამოხდომისას“ ნაცვლად ამბობს „უკანასკნელი ამოსუნთქვისას“ (Jerusalem Bible) და „სიცოცხლის დასრულებისას“ (Bible in Basic English). აქ არ არის საუბარი იმის შესახებ, რომ რახელმა სიკვდილის შემდეგ სულიერი სხეულით განაგრძო ცხოვრება.
10. რა გაგებით ‘დაუბრუნდა’ ქვრივის ვაჟს სული?
10 ეს სიტყვა ამავე მნიშვნელობითაა გამოყენებული მესამე მეფეთა მე-17 თავში, სადაც ქვრივის ვაჟის მკვდრეთით აღდგენის შესახებაა მოთხრობილი. 22-ე მუხლში ვკითხულობთ, რომ, როდესაც ელიამ ბიჭუნასთვის ილოცა, „ისმინა უფალმა ელიას ღაღადი და დააბრუნა ბავშვის სული სხეულში. და გადარჩა იგი“. სიტყვა „სული“ აქაც „სიცოცხლეს“ ნიშნავს. ამიტომაც ერთ-ერთ თარგმანში ვკითხულობთ: „ბავშვს სიცოცხლე დაუბრუნდა და აღდგა იგი“ (New American Standard Bible). დიახ, ბავშვს სიცოცხლე დაუბრუნდა და არა რაღაც აჩრდილისებური სხეული. ეს თანხმობაშია ელიას სიტყვებთან: „დახედე, ცოცხალია შენი შვილი“ (მესამე მეფეთა 17:23).
რა არის სული (რუაჰ)?
11. რატომ არ შეიძლება, რომ „სულად“ გადმოთარგმნილი სიტყვა „რუაჰ“ ნიშნავდეს სულს, რომელიც ადამიანის სიკვდილის შემდეგ სხეულიდან ამოდის და სიცოცხლეს განაგრძობს?
11 ბიბლიაში ნათქვამია, რომ ადამიანს სიკვდილის დროს „ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას“ (ფსალმუნი 145:4)a. ნიშნავს ეს იმას, რომ სული, პირდაპირი გაგებით, ამოდის სხეულიდან და ადამიანის სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს სიცოცხლეს? შეუძლებელია ასე იყოს, რადგანაც ფსალმუნმომღერალი შემდეგ ამბობს: „იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები“. მაშ, რა არის სული (რუაჰ) და როგორ ‘ამოდის’ ის ადამიანის სიკვდილის დროს?
12. რას გულისხმობს ის ებრაული და ბერძნული სიტყვები, რომლებიც ბიბლიაში გადმოთარგმნილია როგორც „სული“?
12 სიტყვები (ებრაული „რუაჰ“; ბერძნული „პნეუმა“), რომლებიც ბიბლიაში გადმოთარგმნილია როგორც „სული“, ძირითადად ნიშნავს „სუნთქვას“. ამიტომაც ერთ თარგმანში ‘ამოუვა სულის’ ნაცვლად ნათქვამია: „სუნთქვას შეწყვეტს“ (ფსალმუნი 145:4, ნოქსის თარგმანი). მაგრამ სიტყვა „სული“ (რუაჰ) არა მხოლოდ სუნთქვის პროცესს გულისხმობს, არამედ უფრო ფართო გაგებაც აქვს. მაგალითად, მსოფლიო წარღვნის დროს ადამიანებისა და ცხოველების დაღუპვის შესახებ დაბადების 7:22-ში ნათქვამია: „ყველაფერი, რასაც კი სიცოცხლის სუნთქვა [ანუ სული; ებრაულად „რუაჰ“] ჰქონდა ნესტოებში, ყველაფერი, რაც ხმელეთზე იყო, მოკვდა“. ასე რომ, „სული“ შეიძლება ნიშნავდეს ყველა ცოცხალი ქმნილების — როგორც ადამიანის, ისე ცხოველის — სასიცოცხლო ძალას, რომელიც სუნთქვის საშუალებით ნარჩუნდება.
13. რა გაგებით უბრუნდება სული ღმერთს ადამიანის სიკვდილის დროს?
13 მაშ, რას ნიშნავს ეკლესიასტეს 12:7-ში ნათქვამი, რომ ადამიანის სიკვდილის შემდეგ ‘სული უბრუნდება ღმერთს, რომელმაც შთაბერა’? ნიშნავს ეს, რომ სული, პირდაპირი გაგებით, სივრცის გავლით მიფრინავს ღმერთთან? მსგავსი არაფერია ნაგულისხმები. რადგანაც სული სასიცოცხლო ძალაა, ის იმ გაგებით ‘უბრუნდება ღმერთს’, რომ მხოლოდ ღმერთს შეუძლია ამ ადამიანისთვის მომავალში სიცოცხლის დაბრუნება. მხოლოდ ღმერთს შესწევს ძალა, რომ სულის ანუ სასიცოცხლო ძალის კვლავ მიცემით ადამიანი გააცოცხლოს (ფსალმუნი 103:30). მაგრამ ნამდვილად განზრახული აქვს ღმერთს ეს?
„აღდგება“
14. რით ანუგეშა იესომ ლაზარეს დები, რომლებიც ძმას გლოვობდნენ?
14 იერუსალიმიდან აღმოსავლეთით 3 კილომეტრით დაშორებულ პატარა ქალაქ ბეთანიაში მარიამი და მართა უდროოდ დაღუპულ ძმას, ლაზარეს, გლოვობდნენ. იესოც იზიარებდა დების მწუხარებას, რადგან უყვარდა ლაზარე, მართა და მარიამი. როგორ შეეძლო იესოს ენუგეშებინა დები? მათთვის ჭეშმარიტების თქმით და არა რაღაც დამაბნეველი სიტყვებით. იესომ პირდაპირ უთხრა მართას: „აღდგება შენი ძმა“. შემდეგ სამარხთან მივიდა და მკვდრეთით აღადგინა ლაზარე — სიცოცხლე დაუბრუნა ადამიანს, რომელიც ოთხი დღის მკვდარი იყო! (იოანე 11:18–23, 38–44).
15. რა რეაქცია ჰქონდა მართას იესოს ნათქვამსა და ნამოქმედარზე?
15 გაუკვირდა მართას, როდესაც იესომ უთხრა, რომ ‘აღდგებოდა’ მისი ძმა? როგორც ჩანს, არა, რადგანაც მან უპასუხა: „ვიცი რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს“. მას მანამდეც სწამდა მკვდრეთით აღდგომა. შემდეგ იესომ უთხრა მართას: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ჩემი მორწმუნე, რომ მოკვდეს კიდეც, გაცოცხლდება“ (იოანე 11:23–25, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990). ლაზარეს მკვდრეთით აღდგომის სასწაულმა მართას იმედი განამტკიცა და სხვებსაც რწმენა ჩაუნერგა (იოანე 11:45). მაგრამ ზუსტად რას ნიშნავს „აღდგომა“?
16. რას ნიშნავს სიტყვა „აღდგომა“?
16 სიტყვა „აღდგომა“ გადმოთარგმნილია ბერძნული სიტყვიდან „ანასტასის“, რომელიც სიტყვასიტყვით „კვლავ ადგომას“ ნიშნავს. ებრაულად თარგმნისას ბერძნული სიტყვა „ანასტასის“ „მკვდრების აღდგომად“ თარგმნეს (ებრაულად „ტეხიიათ ჰამმეთიმ“)b. ამგვარად, აღდგომაში იგულისხმება სიკვდილის უსიცოცხლო მდგომარეობიდან ადამიანის აღდგენა, მისთვის სიცოცხლის დაბრუნება, განახლება.
17. ა) რატომ არ წარმოადგენს მკვდრების აღდგენა სირთულეს იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტესთვის? ბ) რას დაგვპირდა იესო მკვდრებთან დაკავშირებით?
17 რამდენადაც იეჰოვა უდიდეს სიბრძნეს ფლობს და სრულყოფილი მეხსიერება აქვს, მისთვის სირთულეს არ წარმოადგენს ადამიანის მკვდრეთით აღდგენა. იეჰოვასთვის ძნელი არაა, ახსოვდეს გარდაცვლილი პიროვნება — მისი თვისებები, განვლილი ცხოვრება და მასთან დაკავშირებული თითოეული წვრილმანი (იობი 12:13; შეადარეთ ესაია 40:26). გარდა ამისა, ლაზარეს შემთხვევა იმაზე მეტყველებს, რომ იესო ქრისტეს მკვდრების აღდგენის სურვილიც აქვს და ძალაც შესწევს (შეადარეთ 7:11–17; 8:40–56). იესომ თქვა: «მოდის ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც [„დამახსოვრებულ“, აქ] სამარხებში არიან, მის [იესოს] ხმას მოისმენენ. . . და გამოვლენ» (იოანე 5:28, 29). დიახ, იესო დაგვპირდა, რომ ყველა, ვინც იეჰოვას დამახსოვრებული ჰყავს, მკვდრეთით აღდგება. ნათელია, რომ, ბიბლიის თანახმად, სული კვდება და სიკვდილიდან დაბრუნება მკვდრეთით აღდგომის საშუალებითაა შესაძლებელი. მაგრამ მილიარდობით ადამიანია მკვდარი. ვინ ახსოვს მათგან ღმერთს და ვინ იქნება მკვდრეთით აღდგენილი?
18. ვინ იქნება მკვდრეთით აღდგენილი?
18 ყველა, ვინც იეჰოვას ემსახურებოდა და სიმართლის გზას მიჰყვებოდა, აღდგება მკვდრეთით. მაგრამ მილიონობით ადამიანი ისე დაიხოცა, რომ არ გამოუმჟღავნებია, დაემორჩილებოდა თუ არა ღვთის სამართლიან ნორმებს. მათ არ იცოდნენ, რას მოითხოვდა იეჰოვა, ან ვერ მოასწრეს ცხოვრებაში სათანადო ცვლილებების მოხდენა. ასეთი ადამიანებიც ახსოვს ღმერთს და, ამგვარად, ისინიც იქნებიან მკვდრეთით აღდგენილი, რადგანაც ბიბლია გვპირდება, რომ „იქნება მკვდრეთით აღდგომა როგორც მართალთა, ისე უკეთურთა“ (საქმეები 24:15).
19. ა) რა ხილვა ჰქონდა მოციქულ იოანეს მკვდრეთით აღდგომის შესახებ? ბ) რა ‘იქნება ჩაყრილი ცეცხლის ტბაში’ და რას ნიშნავს ეს?
19 მოციქულ იოანეს ამაღელვებელი ხილვა ჰქონდა მკვდრეთით აღდგენილი ადამიანების შესახებ, რომლებიც ღვთის ტახტის წინ იდგნენ. იოანემ ის ამგვარად აღწერა: „მისცა ზღვამ მასში მყოფი მკვდრები; სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა მისცეს მათში მყოფი მკვდრები; და თითოეული გასამართლდა თავისი საქმეებისამებრ. სიკვდილი და ჯოჯოხეთი ჩაყრილ იქნენ ცეცხლის ტბაში; ეს არის მეორე სიკვდილი, ცეცხლის ტბა“ (გამოცხადება 20:12–14, აფ). დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს! ყველა მიცვალებული, ვინც ღვთის მეხსიერებაშია, გათავისუფლდება „ჰადესიდან“, ანუ „შეოლიდან“, — საერთო საკაცობრიო სამარიდან (ფსალმუნი 15:10; საქმეები 2:31). შემდეგ „სიკვდილი და ჯოჯოხეთი“ ჩაიყრება ეგრეთ წოდებულ „ცეცხლის ტბაში“, რომელიც სრულ განადგურებას ნიშნავს. საერთო საკაცობრიო სამარე მეტად აღარ იარსებებს.
შესანიშნავი პერსპექტივა!
20. როგორ გარემოში აღდგება მკვდრეთით მილიონობით ადამიანი?
20 მილიონობით ადამიანი უკაცრიელ დედამიწაზე საცხოვრებლად არ აღდგება მკვდრეთით (ესაია 45:18). ისინი ულამაზეს გარემოში გაიღვიძებენ და დაინახავენ, რომ მათთვის სახლები, ტანსაცმელი და უხვი სურსათ-სანოვაგეა მომზადებული (ფსალმუნი 66:7; 71:16; ესაია 65:21, 22). ვინ იზრუნებს ყოველივე ამაზე? ნათელია, რომ ახალ ქვეყნიერებაში ხალხმა უნდა იცხოვროს, ვიდრე დედამიწაზე მკვდრეთით აღდგომა დაიწყება. მაგრამ ვინ?
21, 22. . რა შესანიშნავი პერსპექტივა არსებობს „უკანასკნელ დღეებში“ მცხოვრებთათვის?
21 ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულება იმაზე მეტყველებს, რომ ამ სისტემის „უკანასკნელ დღეებში“ ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1)c. იეჰოვას განზრახული აქვს, სულ მალე ადამიანთა ცხოვრებაში ჩაერიოს და დედამიწაზე ბოროტება მოსპოს (ფსალმუნი 36:10, 11; იგავნი 2:21, 22). რა მოელის ღვთის ერთგულ მსახურებს მაშინ?
22 იეჰოვა არ გაანადგურებს მართალ ადამიანებს ბოროტებთან ერთად (ფსალმუნი 144:20). მას არასდროს გაუკეთებია ასეთი რამ და არც მაშინ გააკეთებს, როდესაც დედამიწას ყოველგვარი ბოროტებისგან გაწმენდს (შეადარეთ დაბადება 18:22, 23, 26). მართლაც, ბიბლიის ბოლო წიგნში მოხსენიებულია „დიდი გასაჭირიდან“ გამოსული „უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“ (გამოცხადება 7:9–14). დიახ, თანამედროვე ბოროტი წუთისოფლის აღსასრულის დროს, დიდ გასაჭირში, უამრავი ხალხი გადარჩება და ღვთის ახალ ქვეყნიერებას დაიმკვიდრებს. მაშინ ღმერთი მორჩილ ადამიანებს ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან იხსნის (გამოცხადება 22:1, 2). ამგვარად, ‘უამრავ ხალხს’ არასდროს მოუწევს სიკვდილი. რა შესანიშნავი პერსპექტივაა!
სიცოცხლე სიკვდილის გარეშე
23, 24. რა უნდა გააკეთოთ, თუ გსურთ დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრება?
23 გვაქვს ასეთი საოცარი იმედის საფუძველი? რა თქმა უნდა! იესო ქრისტემ თქვა, რომ დადგება დრო, როდესაც ადამიანები არასოდეს დაიხოცებიან. თავისი მეგობრის, ლაზარეს, მკვდრეთით აღდგენამდე იესომ მართას უთხრა: „ყველა, ვინც ცოცხლობს ჩემში და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე“ (იოანე 11:26).
24 გსურთ დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრება? ნატრობთ, კვლავ ნახოთ საყვარელი ადამიანები? „გადადის წუთისოფელი და მისი გულისთქმაც, ღვთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე“, — ამბობს მოციქული იოანე (1 იოანე 2:17). ახლა სწორედ ის დროა, როცა უნდა გაიგოთ ღვთის ნება და შეასრულოთ ის. მაშინ შეძლებთ დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრებას იმ მილიონობით ადამიანთან ერთად, რომლებიც ღვთის ნებას ასრულებენ.
[სქოლიოები]
a როგორც შენიშნეთ, ამ ქვესათაურამდე განვიხილეთ სიტყვა „სული“, რომელიც გადმოთარგმნილია ებრაული სიტყვიდან „ნეფეშ“. ამ ქვესათაურში კი საუბარი იქნება სიტყვაზე „სული“, რომელიც შეესაბამება ებრაულ სიტყვას „რუაჰ“.
b თუმცა სიტყვა „აღდგომა“ არ გვხვდება ებრაულ წერილებში, მკვდრეთით აღდგომის იმედი აშკარად გამოიხატება შემდეგ მუხლებში: იობის 14:13, დანიელის 12:13 და ოსიას 13:14.
c იხილეთ წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, გვერდები 98—107 (გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ).
გახსოვთ თუ არა?
◻ რა ძირითადი მნიშვნელობები აქვს სიტყვებს, რომლებიც ბიბლიაში „სულად“ არის გადმოთარგმნილი?
◻ რა ემართება სულს ადამიანის სიკვდილის დროს?
◻ ბიბლიის თანახმად, როგორაა შესაძლებელი სიკვდილიდან დაბრუნება?
◻ რა შესანიშნავი პერსპექტივა არსებობს ღვთის ერთგული ადამიანებისთვის?
[ჩარჩო 15 გვერდზე]
„სული“, როგორც არსების სიცოცხლე
ზოგჯერ სიტყვაში „სული“ ადამიანის ან ცხოველის სიცოცხლე იგულისხმება. ამით არ იცვლება ის ფაქტი, რომ ბიბლიაში სული პიროვნების ან ცხოველის აღსანიშნავად გამოიყენება. მაგალითად, ჩვენ ვამბობთ, რომ პიროვნება ჯანმრთელია. ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიროვნებას კარგი ჯანმრთელობა აქვს. მსგავსად დგას საკითხი სულთანაც. მაშინ როდესაც პიროვნება ანუ სული ცოცხალია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას სული უდგას ან აქვს.
მაგალითად, ღმერთმა უთხრა მოსეს: „მოსწყდეს ყოველნი, რომელნი ეძიებდეს სულსა შენსა“. ნათელია, რომ მოსეს მტრები მის სიცოცხლეს ‘ეძიებდნენ’. (გამოსვლა 4:19, „მცხეთური ხელნაწერები“; შეადარეთ 1 იოანე 3:16; იოანე 10:11). იესომაც ამავე გაგებით გამოიყენა ეს სიტყვა, როდესაც თქვა: „ისევე, როგორც ძე კაცისა არ მოსულა იმისათვის, რომ მას ემსახურონ, არამედ (თვითონ) მოემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად (მათე 20:28, აფ). ყველა ამ შემთხვევაში სიტყვა „სული“ ცოცხალი არსების „სიცოცხლეს“ ნიშნავს.
[სურათები 15 გვერდზე]
ესენი სულები არიან.
[საავტორო უფლება]
Hummingbird: U.S. Fish and Wildlife Service, Washington, D.C./Dean Biggins
[სურათი 17 გვერდზე]
იესომ დაგვანახვა, რომ სიკვდილიდან დაბრუნება მკვდრეთით აღდგომის საშუალებითაა შესაძლებელი.
[სურათი 18 გვერდზე]
„ყველა, ვინც ცოცხლობს ჩემში და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე“ (იოანე 11:26).