თავი 13
იყიდე ცეცხლით გაწმენდილი ოქრო
ლაოდიკეა
1, 2. რომელ ქალაქში მდებარეობდა შვიდიდან ბოლო კრება, რომელსაც განდიდებულმა იესომ მიმართა, და რითი გამოირჩეოდა ეს ქალაქი?
ლაოდიკეის კრება ბოლოა იმ შვიდი კრებიდან, რომელსაც მკვდრეთით აღმდგარმა იესომ დამაფიქრებელი და მოქმედებისკენ აღმძვრელი სიტყვებით მიმართა.
2 დღეს ლაოდიკეის ნანგრევების ნახვა ალაშეჰირიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 90 კილომეტრის მოშორებით დენიზლის მახლობლად შეიძლება. I საუკუნეში ლაოდიკეა აყვავებული ქალაქი იყო. ამ ქალაქზე მთავარი სავაჭრო გზა გადიოდა და ქალაქი სავაჭრო-საფინანსო ცენტრად ითვლებოდა. ლაოდიკეისთვის ძირითადი შემოსავალი კარგად ცნობილი თვალის მალამოთი ვაჭრობას მოჰქონდა. ქალაქს შავი შალის ძვირფასი ტანსაცმლის წარმოებითაც ჰქონდა სახელი განთქმული. ლაოდიკეის მთავარი პრობლემა უწყლოობა იყო, რაც შორი ცხელი წყაროებიდან არხების გამოყვანით გადაიჭრა, თუმცა ქალაქამდე მოსული წყალი უკვე ნელთბილი იყო.
3. რა სიტყვებით იწყებს იესო ლაოდიკეის კრებისადმი მიმართვას?
3 ლაოდიკეა კოლოსეს მახლობლად მდებარეობდა. კოლოსელებისთვის მიწერილ წერილში მოციქულმა პავლემ ლაოდიკეელთათვის მიწერილი წერილიც მოიხსენია (კოლოსელები 4:15, 16). ჩვენ არ ვიცით, რას წერდა ის ამ წერილში, მაგრამ ლაოდიკეელებისადმი იესოს მიმართვიდან ჩანს, რომ მათი სულიერი მდგომარეობა სავალალო იყო. წინა მიმართვების მსგავსად იესო ამ მიმართვასაც თავის მდგომარეობის ხაზგასმით იწყებს: „ლაოდიკეის კრების ანგელოზს მისწერე, აი რას ამბობს-თქო ამინი, ერთგული და ჭეშმარიტი მოწმე, ღვთის შემოქმედების დასაწყისი“ (გამოცხადება 3:14).
4. რა გაგებით არის იესო „ამინი“?
4 რატომ უწოდებს იესო საკუთარ თავს „ამინს“? ეს წოდება მის სიტყვებს წონას მატებს. „ამინ“ ებრაული სიტყვის ტრანსლიტერაციაა და ნიშნავს „ნამდვილად“, „იყოს ასე“, რაც იმის ნიშნად წარმოითქმება, რომ ვეთანხმებით ლოცვაში გამოხატულ აზრებს (1 კორინთელები 14:16). იესო იმიტომაა „ამინი“, რომ მისი უმწიკვლობა და სიცოცხლის მსხვერპლად გაღება იეჰოვას ძვირფასი დაპირებების შესრულების დასტურია (2 კორინთელები 1:20). აი რატომ აღვავლენთ იეჰოვასადმი ყველა ლოცვას იესოს მეშვეობით (იოანე 15:16; 16:23, 24).
5. რა გაგებით არის იესო „ერთგული და ჭეშმარიტი მოწმე“?
5 იესო არის „ერთგული და ჭეშმარიტი მოწმეც“. წინასწარმეტყველებაში ის ხშირად მოიხსენიება, როგორც ერთგული, ჭეშმარიტი და მართალი, რადგან ის, როგორც იეჰოვა ღმერთის მსახური, სრულიად სანდოა (ფსალმუნი 45:4; ესაია 11:4, 5; გამოცხადება 1:5; 19:11). ის იეჰოვას უდიდესი მოწმეა. იესო „ღვთის შემოქმედების დასაწყისი“ იყო და ოდითგანვე აცხადებდა იეჰოვას დიდებას (იგავები 8:22—30). დედამიწაზე ყოფნისას იესო ჭეშმარიტებას ამოწმებდა (იოანე 18:36, 37; 1 ტიმოთე 6:13). მკვდრეთით აღდგომის შემდეგ კი თავის მოწაფეებს წმინდა სულს დაჰპირდა და უთხრა: „იქნებით ჩემი მოწმეები იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ იესო ცხებულ ქრისტიანებს ხელმძღვანელობდა, რომ „ყველა ქმნილებას ცისქვეშეთში“ მოესმინა სასიხარულო ცნობა (საქმეები 1:6—8; კოლოსელები 1:23). იესოს მართლაც დამსახურებულად ეწოდება ერთგული და ჭეშმარიტი მოწმე, რომლის სიტყვებიც სასიკეთო გავლენას მოახდენდა ლაოდიკეელ ცხებულ ქრისტიანებზე.
6. ა) როგორ აღწერა იესომ ლაოდიკეის კრების სულიერი მდგომარეობა? ბ) რაში ვერ მიჰბაძეს იესოს ლაოდიკეელმა ქრისტიანებმა?
6 რას ეუბნება იესო ლაოდიკეელებს? ის არ აქებს მათ, უბრალოდ, გულწრფელად ეუბნება: „ვიცი შენი საქმეები, რომ არც ცივი ხარ და არც ცხელი. ნეტავ ან ცივი იყო, ან ცხელი! რაკი ნელთბილი ხარ, არც ცხელი ხარ და არც ცივი, ამოგანთხევ ჩემი პირიდან“ (გამოცხადება 3:15, 16). თქვენ როგორ გამოეხმაურებოდით უფალ იესო ქრისტეს ასეთ სიტყვებს? განა არ მოუხმობდით გონიერებას და არ შეამოწმებდით საკუთარ თავს? ლაოდიკეელებს გონიერებისთვის უნდა მოეხმოთ, რადგან სულიერად მოიკოჭლებდნენ და, როგორც ჩანს, ბევრ რამეს სათანადოდ ვერ აფასებდნენ (შეადარეთ 2 კორინთელების 6:1). იესო, რომლისთვისაც ლაოდიკეელ ქრისტიანებს უნდა მიებაძათ, იეჰოვასა და მისი მსახურებისადმი ყოველთვის დიდ გულმოდგინებას ავლენდა (იოანე 2:17). თვინიერები ხედავდნენ, რომ ის სათნო და რბილი ხასიათის ადამიანი იყო; ხალხზე იესო ისე მოქმედებდა, როგორც ცივი წყალი პაპანაქება სიცხეში (მათე 11:28, 29). მაგრამ ლაოდიკეელი ქრისტიანები არც ცხელები იყვნენ და არც ცივები. ქალაქში შეყვანილი წყლის მსგავსად ნელთბილები იყვნენ და იესოსგან უარყოფას და ‘პირიდან ამონთხევას’ იმსახურებდნენ. მოდი, ჩვენ ყოველთვის გულმოდგინედ ვეცადოთ, რომ სულიერად გამოვაცოცხლოთ სხვები (მათე 9:35—38).
„ამბობ, მდიდარი ვარ“
7. ა) იესოს სიტყვების თანახმად რატომ იყვნენ ლაოდიკეელი ქრისტიანები სავალალო მდგომარეობაში? ბ) რატომ ამბობს იესო, რომ ლაოდიკეელი ქრისტიანები ‘ბრმები და შიშვლები’ არიან?
7 რამ ჩაყარა ლაოდიკეელები ამ სავალალო მდგომარეობაში? ამას იესოს შემდეგი სიტყვებიდან ვიგებთ: „რაკი ამბობ, მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და არაფერი მჭირდებაო, ის კი არ იცი, რომ საწყალი, საცოდავი, ღარიბი, ბრმა და შიშველი ხარ“ (გამოცხადება 3:17; შეადარეთ ლუკას 12:16—21). მდიდარ ქალაქში მცხოვრები ლაოდიკეელები სიმდიდრეზე იყვნენ დაიმედებულნი. როგორც ჩანს, ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სტადიონზე, თეატრებსა და სპორტულ სკოლებში სიარულს, რის გამოც „უფრო სიამოვნებათა მოყვარულები“ გახდნენ, „ვიდრე ღვთისა“a (2 ტიმოთე 3:4). მდიდარი ლაოდიკეელები სულიერად გაღატაკდნენ. მათ ძალიან ცოტა ‘განძი ჰქონდათ მოგროვილი ზეცაში’, თუ საერთოდ ჰქონდათ (მათე 6:19—21). მათი თვალი არ იყო სუფთა და ღვთის სამეფოს პირველ ადგილზე ვერ აყენებდნენ. ისინი სრულ სიბნელეში დადიოდნენ, ბრმები იყვნენ და არანაირი სულიერი ხედვა არ ჰქონდათ (მათე 6:22, 23, 33). მიუხედავად იმისა, რომ სიმდიდრის წყალობით ძვირფასი ტანსაცმლით იმოსებოდნენ, იესოს თვალში შიშვლები იყვნენ. მათ არ ჰქონდათ ქრისტიანისთვის შესაფერისი სულიერი ტანსაცმელი (შეადარეთ გამოცხადების 16:15).
8. ა) რითი ჰგავს ლაოდიკეაში არსებული მდგომარეობა დღევანდელ მდგომარეობას? ბ) როგორ იტყუებს ზოგიერთი ქრისტიანი თავს სიმდიდრეს დახარბებულ ქვეყნიერებაში?
8 მართლაც შემაძრწუნებელი მდგომარეობაა! განა ჩვენს დროშიც ხშირად არ ვხედავთ იმავეს?! რა არის ამის მიზეზი? თავდაჯერებულობა, რომელიც სიმდიდრესა და ადამიანის შესაძლებლობებზე დაიმედებას მოჰყვება. ქრისტიანული სამყაროს მრევლის მსგავსად იეჰოვას მოწმეთაგან ზოგიერთი თავს იტყუებს და ფიქრობს, რომ ღმერთს მაშინაც ასიამოვნებს, თუ დროდადრო დაესწრება კრების შეხვედრებს. ისინი მოჩვენებითი „სიტყვის შემსრულებელნი“ არიან და ასე ცდილობენ ფონს გასვლას (იაკობი 1:22). იოანეს კლასის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად ისინი ვერ ელევიან მოდურ ტანსაცმელს, თანამედროვე მანქანებს, სახლებს, გართობასა და სიამოვნებას (1 ტიმოთე 6:9, 10; 1 იოანე 2:15—17). ყველაფერი ეს მათ სულიერად აძინებს (ებრაელები 5:11, 12). ისინი „ნელთბილები“ კი არ უნდა იყვნენ, არამედ ‘სული უნდა აინთონ’ და დიდი გულმოდგინებით უნდა ‘იქადაგონ სიტყვა’ (1 თესალონიკელები 5:19; 2 ტიმოთე 4:2, 5).
9. ა) იესოს რომელი სიტყვები მოიყვანდა გონზე „ნელთბილ“ ქრისტიანებს და როგორ? ბ) როგორ შეუძლია კრებას, დაეხმაროს გზააბნეულ „ცხვარს“?
9 როგორ მოეპყრო იესო „ნელთბილ“ ქრისტიანებს? მის პირდაპირობას ისინი გონზე უნდა მოეყვანა: „ის კი არ იცი, რომ საწყალი, საცოდავი, ღარიბი, ბრმა და შიშველი ხარ“. მათ იმდენად გაუხეშებული ჰქონდათ სინდისი, რომ ვერც კი აღიქვამდნენ თავიანთ სავალალო მდგომარეობას (შეადარეთ იგავების 16:2; 21:2). ასეთ სავალალო მდგომარეობაზე თვალის დახუჭვა გაუმართლებელი იქნება. თუ უხუცესები და მათი დანიშნული მსახურები გზააბნეულ „ცხვარს“ გულმოდგინე მსახურების მაგალითს მისცემენ და სიყვარულით დამწყემსავენ, შეიძლება გამოაღვიძონ ისინი და დაუბრუნონ სიხარული, რომელიც მათთვის მთელი გულით მსახურებას მოჰქონდა (ლუკა 15:3—7).
რჩევა ‘გამდიდრებისთვის’
10. რა ოქროს ყიდვას სთავაზობდა იესო ლაოდიკეელ ქრისტიანებს?
10 არსებობდა გამოსავალი სავალალო მდგომარეობაში ჩავარდნილი ლაოდიკეელი ქრისტიანებისთვის? არსებობდა, თუ ისინი იესოს რჩევას გაითვალისწინებდნენ: „გირჩევ, იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმენდილი ოქრო, რათა გამდიდრდე“ (გამოცხადება 3:18ა). მათ ღვთის თვალში გაამდიდრებდათ ქრისტიანული „ოქრო“, რომელიც ცეცხლითაა განწმენდილი ყოველგვარი მინარევებისგან (ლუკა 12:21). სად უნდა შეეძინათ მათ ასეთი ოქრო? არა ადგილობრივი ვაჭრებისგან, არამედ იესოსგან! მოციქულმა პავლემ ახსნა, რა იგულისხმება ამ ოქროში, როდესაც ტიმოთეს შეძლებული ქრისტიანებისთვის მითითებების მიცემა დაავალა: „აკეთონ სიკეთე, გამდიდრდნენ კარგი საქმეებით, იყვნენ გულუხვები და გამზიარებლები, მოაგროვონ განძი, რომელსაც საფრთხე არ ემუქრება — კარგი საძირკველი მომავლისთვის“. მხოლოდ ასე შეეძლოთ მათ ‘მტკიცედ ჩაჭიდებოდნენ ჭეშმარიტ სიცოცხლეს’ (1 ტიმოთე 6:17—19). მატერიალურად უზრუნველყოფილი ლაოდიკეელები პავლეს რჩევას უნდა გამოხმაურებოდნენ და სულიერად გამდიდრებულიყვნენ (იხილეთ აგრეთვე იგავების 3:13—18).
11. ვინ ყიდულობდა ჩვენს დროში „ცეცხლით გაწმენდილ ოქროს“?
11 არსებობს დღეს „ცეცხლით გაწმენდილი ოქროს“ ყიდვის მაგალითები? რა თქმა უნდა, არსებობს! ჯერ კიდევ უფლის დღის დადგომამდე ბიბლიის მკვლევართა პატარა ჯგუფმა დაინახა, რომ ქრისტიანული სამყარო ბევრ ბაბილონურ ცრუ მოძღვრებას ასწავლიდა, მაგალითად სამების, სულის უკვდავების, ჯოჯოხეთის ცეცხლოვანი სატანჯველის, ჩვილთა ნათლობისა და გამოსახულებათა (როგორც ჯვრის, ისე მარიამის) თაყვანისცემის შესახებ. ერთგული ქრისტიანები ბიბლიური ჭეშმარიტების დასაცავად ქადაგებდნენ, რომ იეჰოვას სამეფო იყო კაცობრიობის ერთადერთი იმედი, ხოლო იესოს გამომსყიდველური მსხვერპლი — გადარჩენის საფუძველი. 1914 წლამდე თითქმის 40 წლით ადრე ისინი ამბობდნენ, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად სწორედ ამ წელს დასრულდებოდა უცხოტომელთათვის დანიშნული დროები, რასაც დედამიწაზე მოვლენების საოცარი განვითარება მოჰყვებოდა (გამოცხადება 1:10).
12. პირველად ვინ ხელმძღვანელობდა იმ ქრისტიანებს, რომლებიც სულიერად იღვიძებდნენ, და ზეცაში განძის დაგროვების რა ბრწყინვალე მაგალითი დაგვიტოვა მან?
12 სულიერად გამოღვიძებულ ქრისტიანებს ჩარლზ ტეიზ რასელი ხელმძღვანელობდა. მან XIX საუკუნის 70-იან წლებში ალეგანში (ახლა პიტსბურგის ნაწილი, პენსილვანია, აშშ) ბიბლიის მკვლევართა ჯგუფი ჩამოაყალიბა. როდესაც რასელმა ჭეშმარიტების ძიება დაიწყო, ის მამამისთან ერთად ბიზნესში იყო ჩაბმული და შეეძლო მილიონერი გამხდარიყო, მაგრამ გაყიდა მაღაზიათა ქსელი და აღებული თანხა ღვთის სამეფოს შესახებ მსოფლიო სამქადაგებლო საქმეს მოახმარა. 1884 წელს ჩარლზ რასელი გახდა იმ კორპორაციის პირველი პრეზიდენტი, რომელსაც დღეს „პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება“ ჰქვია. 1916 წელს მისიონერული მოგზაურობის შემდეგ შეერთებული შტატების დასავლეთიდან დაბრუნებისას ნიუ-იორკში მატარებლით მიმავალი რასელი პამპის (ტეხასის შტატი) მახლობლად გარდაიცვალა. მან სულიერი განძის ზეცაში დაგროვების ბრწყინვალე მაგალითი დაგვიტოვა, რომელსაც ასობით ათასი თავდაუზოგავი პიონერი ჰბაძავს (ებრაელები 13:7; ლუკა 12:33, 34; შეადარეთ 1 კორინთელების 9:16; 11:1).
სულიერი თვალის მალამო
13. ა) როგორ განკურნავდა ლაოდიკეელებს სულიერი თვალის მალამო? ბ) როგორი ტანსაცმლის ყიდვას ურჩევდა იესო მათ და რატომ?
13 იესომ მკაცრად შეაგონა ლაოდიკეელები: „გირჩევ, იყიდო. . . თეთრი ტანსაცმელი, რათა ჩაიცვა და არ გამოჩნდეს შენი სამარცხვინო სიშიშვლე, და თვალის მალამო, თვალებში რომ შეიზილო და დაინახო“ (გამოცხადება 3:18ბ). სულიერი სიბრმავისგან განსაკურნებლად მათ თვალის მალამო მხოლოდ იესოსგან უნდა ეყიდათ, და არა იქაური მკურნალებისგან. ეს მათ სულიერ ხედვას დაუბრუნებდა, ‘მართალთა ბილიკზე’ სიარულში დაეხმარებოდა, და ისინი გაბრწყინებულ მზერას ღვთის ნების შესრულებისკენ მიაპყრობდნენ (იგავები 4:18, 25—27). ამგვარად, ისინი შეიმოსებოდნენ არა ლაოდიკეაში დამზადებული შავი შალის ძვირფასი ტანსაცმლით, არამედ საუკეთესო „თეთრი ტანსაცმლით“, რაც იმის მიმანიშნებელი იქნებოდა, რომ მათ ჰქონდათ პატივი, იესო ქრისტეს მიმდევრებად წოდებულიყვნენ (შეადარეთ 1 ტიმოთეს 2:9, 10; 1 პეტრეს 3:3—5).
14. ა) რა სულიერი თვალის მალამოა ხელმისაწვდომი 1879 წლიდან? ბ) ძირითადად ვინ უჭერს მხარს ფინანსურად იეჰოვას მოწმეებს? გ) სხვებისგან განსხვავებით როგორ იყენებენ იეჰოვას მოწმეები შესაწირავებს?
14 დღესაც შესაძლებელია სულიერი თვალის მალამოს შეძენა? რა თქმა უნდა! 1879 წელს რასელმა, რომელსაც სიყვარულით პასტორს ეძახდნენ, ჭეშმარიტების დასაცავად დაიწყო ჟურნალის გამოცემა, რომელიც დღეს ცნობილია სახელწოდებით — „საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ“. ამ ჟურნალის მეორე ნომერში მან აღნიშნა: «ჩვენ გვჯერა, რომ [ეს ჟურნალი] იეჰოვას მხარდაჭერით გამოდის, ამიტომ არასდროს ვთხოვთ ადამიანებს დახმარებას, რადგან, თუ მან, ვინც თქვა — ‘ჩემია მთის ოქრო და ვერცხლი’, შეგვიწყვიტა ფინანსური მხარდაჭერა, დროებით უნდა შევაჩეროთ ამ ჟურნალის გამოცემა». ზოგიერთი ტელეევანგელისტი არნახულ სიმდიდრეს აგროვებს და უსირცხვილო (და ზოგჯერ უზნეო) განცხრომაში ცხოვრობს (გამოცხადება 18:3). მათგან განსხვავებით ბიბლიის მკვლევარები, რომელთაც დღეს იეჰოვას მოწმეები ეწოდებათ, ნებაყოფლობით შესაწირავებს სრულად ახმარენ მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოახლოებული სამეფოს შესახებ ქადაგებას. იოანეს კლასის ხელმძღვანელობით დღემდე გამოიცემა ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“, რომელთა საერთო ტირაჟმა 2006 წელს 59 მილიონს გადააჭარბა. „საგუშაგო კოშკი“ 150 ენაზე გამოდის. ეს არის ექვს მილიონზე მეტი ქრისტიანისგან შემდგარი კრების ძირითადი სახელმძღვანელო — სულიერი თვალის მალამო, რომელიც ცრუ რელიგიის ნამდვილ სახეს წარმოაჩენს და ქრისტიანებს ყველა ერისთვის სასიხარულო ცნობის გადაუდებლად ქადაგების აუცილებლობას შეახსენებს (მარკოზი 13:10).
შეგონება და აღზრდა
15. რატომ აძლევდა იესო ლაოდიკეელ ქრისტიანებს მკაცრ რჩევას და როგორ უნდა გამოხმაურებოდა კრება?
15 დავუბრუნდეთ ლაოდიკეელებს. როგორ გამოეხმაურებოდნენ ისინი იესოს მკაცრ რჩევას? უნდა გაეტეხათ გული და ეფიქრათ, რომ იესო მათ თავის მიმდევრებად აღარ თვლიდა? არა, ეს სულაც არ არის ასე. მიმართვაში ნათქვამია: „ყველას, ვინც მიყვარს, შევაგონებ და აღვზრდი. ამიტომ იყავი მოშურნე და მოინანიე“ (გამოცხადება 3:19). როგორც იეჰოვასგან, ისე იესოსგან აღზრდა სიყვარულის მაჩვენებელია (ებრაელები 12:4—7). ლაოდიკეის კრება უნდა გამოხმაურებოდა იესოს მზრუნველობას და უნდა მიეღო მისგან რჩევა. მათ უნდა მოენანიებინათ და ეღიარებინათ, რომ „ნელთბილი“ მდგომარეობა ცოდვის ჩადენის ტოლფასი იყო (ებრაელები 3:12, 13; იაკობი 4:17). ლაოდიკეელ უხუცესებს თავი უნდა დაენებებინათ სიმდიდრის მოხვეჭისთვის და ღვთისგან ბოძებული ძღვენი ‘ცეცხლივით უნდა აეგიზგიზებინათ’. დაე, სულიერი თვალის მალამომ, როგორც მთის ცივმა ნაკადულმა, კრების ყველა წევრს განუახლოს ძალები! (2 ტიმოთე 1:6; იგავები 3:5—8; ლუკა 21:34).
16. ა) როგორ ავლენს იესო სიყვარულსა და სითბოს? ბ) როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ მკაცრი რჩევა გვეძლევა?
16 რა შეიძლება ითქვას ჩვენზე? იესოს კვლავ ‘უყვარს თავისები, რომლებიც ქვეყნიერებაში არიან’ და ეყვარება „ქვეყნიერების აღსასრულამდე“ (იოანე 13:1; მათე 28:20). იესო ქრისტიანულ კრებაში სიყვარულსა და სითბოს თანამედროვე იოანეს კლასისა და ვარსკვლავების ანუ უხუცესების მეშვეობით ავლენს (გამოცხადება 1:20). დღეს, ძნელბედობის ჟამს, უხუცესები თავს არ ზოგავენ თითოეული ჩვენგანის, ახალგაზრდისა თუ ხანდაზმულის დასახმარებლად, რომ მტკიცედ ჩავეჭიდოთ თეოკრატიას, არ განვივითაროთ დამოუკიდებლობის სული და სიხარბე და არ ვიცხოვროთ ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელი უწმინდურებით. თუ მკაცრი რჩევა ან შეგონება გვეძლევა, გვახსოვდეს, რომ ‘შეგონება და დარიგება სიცოცხლის გზაა’ (იგავები 6:23). ყველანი არასრულყოფილები ვართ და საჭიროების შემთხვევაში მზად უნდა ვიყოთ მოსანანიებლად, რათა გამოვსწორდეთ და დავრჩეთ ღვთის სიყვარულში (2 კორინთელები 13:11).
17. რა სულიერი საფრთხე შეიძლება შეგვიქმნას სიმდიდრემ?
17 სიმდიდრემ ან სიღარიბემ არ უნდა გვაქციოს „ნელთბილ“ ქრისტიანებად. სიმდიდრემ შეიძლება მსახურების ახალი კარი გაგვიხსნას, მაგრამ ამავე დროს საფრთხეც შეგვიქმნას (მათე 19:24). შეძლებულმა ადამიანმა, თუ დროდადრო დიდ თანხას სწირავს, შეიძლება იფიქროს, რომ მსახურებაში ისეთი გულმოდგინება არ სჭირდება, როგორც სხვებს; ის შეიძლება სხვებისგან განსაკუთრებულ კეთილგანწყობასაც მოელოდეს; ისიც შესაძლებელია, რომ მდიდრები სხვებთან შედარებით უფრო სასიამოვნოდ ისვენებდნენ და ერთობოდნენ. მაგრამ ეს ყველაფერი დიდ დროს მოითხოვს, წინდაუხედავი ადამიანი შეიძლება ქრისტიანულ მსახურებას ჩამოშორდეს და „ნელთბილი“ გახდეს. ნურასოდეს გავებმებით მსგავს მახეებში, ყოველთვის მთელი გულით ‘ვირჯებოდეთ და თავს არ ვზოგავდეთ’ მარადიული სიცოცხლის მისაღებად! (1 ტიმოთე 4:8—10; 6:9—12).
‘ვახშმობა’
18. რას სთავაზობდა იესო ლაოდიკეელ ქრისტიანებს?
18 შემდეგ იესო ამბობს: „აი, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ და მასთან ერთად ვივახშმებ, ის კი — ჩემთან“ (გამოცხადება 3:20). თუ მიიწვევდნენ ლაოდიკეელები იესოს თავიანთ კრებაში, ის დაეხმარებოდა მათ, აღარ ყოფილიყვნენ „ნელთბილები“ (მათე 18:20).
19. რას გულისხმობდა იესო, როცა ლაოდიკეელებს დაჰპირდა, რომ მათთან ერთად ივახშმებდა?
19 თავის სიტყვებში იესომ ვახშამი მოიხსენია, რაც ლაოდიკეელებს იმ დროს ახსენებდა, როცა იესო თავის მოწაფეებთან ვახშმობდა ხოლმე (იოანე 12:1—8). ვინც ასეთ ვახშამს ესწრებოდა, ყოველთვის სულიერ სარგებლობას იღებდა. იყო განსაკუთრებული შემთხვევებიც, როცა მკვდრეთით აღმდგარი იესო თავის მოწაფეებთან ერთად ჭამდა. ამ დროს ისინი სულიერად მტკიცდებოდნენ (ლუკა 24:28—32; იოანე 21:9—19). ამგვარად, იესოს დაპირება, რომ ესტუმრებოდა ლაოდიკეის კრებას და მათთან ერთად ივახშმებდა, იმას ნიშნავს, რომ ის სულიერად გაამდიდრებდა ლაოდიკეელებს, თუ მიიღებდნენ მას.
20. ა) რა მოიტანა შედეგად ქრისტიანული სამყაროს „ნელთბილმა“ მდგომარეობამ უფლის დღის დადგომისას? ბ) რა მოუტანა ქრისტიანულ სამყაროს იესოს განაჩენმა?
20 ლაოდიკეელებისთვის მიცემულ გულთბილ შეგონებას დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს ცხებული ქრისტიანებისთვის. ზოგიერთ მათგანს ახსოვს, რომ უფლის დღის დაწყებისას ქრისტიანული სამყაროს რელიგიური წინამძღოლები მეტისმეტად „ნელთბილები“ იყვნენ. იმის მაგივრად, რომ 1914 წელს უფალს დახვედროდა, ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება პირველი მსოფლიო ომის დროს სისხლისღვრაში ჩაება. ომში მონაწილე 28 ქვეყნიდან 24 ქრისტიანობაზე დებდა თავს. რამდენი სისხლი დაიღვარა მათი „წყალობით“! მეორე მსოფლიო ომის დროსაც, როცა მებრძოლი ქვეყნების უმეტესობა ქრისტიანულ ქვეყნებს წარმოადგენდა, ცრუ რელიგიის ცოდვები კვლავ „ცას მისწვდა“ (გამოცხადება 18:5). სამღვდელოებამ არ იკმარა ეს და ზურგი აქცია იეჰოვას სამეფოს, რადგან მხარს უჭერდა ერთა ლიგას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ნაციონალისტურ, რევოლუციურ მოძრაობებს, რომელთაგანაც ვერც ერთი ვერ გადაჭრიდა კაცობრიობის პრობლემებს. იესომ დიდი ხნის წინ უარყო სამღვდელოება, გაასამართლა და ისე მოიშორა, როგორც მეთევზემ უვარგისი თევზი ბადიდან. დღეს ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების სავალალო მდგომარეობა ადასტურებს იმას, რომ ის სასჯელს იმსახურებს. დაე, მათი საბოლოო ხვედრი გამაფრთხილებელი იყოს ჩვენთვის! (მათე 13:47—50).
21. როგორ ეხმაურებოდა ლაოდიკეელი ქრისტიანებისთვის მიწერილ სიტყვებს ჭეშმარიტ ქრისტიანთა კრება 1919 წლიდან?
21 ჭეშმარიტ ქრისტიანულ კრებაშიც კი იყვნენ „ნელთბილები“. ისინი ისეთ სასმელს ჰგავდნენ, რომელიც არც სიცხეში აგრილებს კაცს და არც სიცივეში ათბობს. მაგრამ იესოს მაინც მთელი გულით უყვარდა თავისი კრება. იესო ყოველთვის ეხმაურებოდა სტუმართმოყვარეთა მიწვევას. მრავალმა უკვე მიიწვია ის სიმბოლურ ვახშამზე. ამიტომაც 1919 წლიდან მათ თვალი აეხილათ და ბიბლიური წინასწარმეტყველებების მნიშვნელობას ჩასწვდნენ. მათთვის ბევრ რამეს მოეფინა ნათელი (ფსალმუნი 97:11; 2 პეტრე 1:19).
22. კიდევ რა ვახშამი შეიძლებოდა ჰქონოდა იესოს მხედველობაში და ვინ დაესწრებოდა ამ ვახშამს?
22 ლაოდიკეელებს რომ მიმართავდა, იესოს შეიძლება სხვა ვახშამიც ჰქონოდა მხედველობაში. „გამოცხადებაში“ ვკითხულობთ: „ბედნიერნი არიან კრავის საქორწილო ვახშამზე მიწვეულნი“. აქ საუბარია ცრუ რელიგიის განადგურების შემდეგ იეჰოვას განსადიდებლად გამართულ გამარჯვების საზეიმო წვეულებაზე. ამ წვეულებას ზეცაში ესწრებიან ქრისტე და მისი პატარძალი, რომელსაც 144 000 წარმოადგენს (გამოცხადება 19:1—9). ლაოდიკეის კრების წევრები, რომლებმაც მიიღეს რჩევა, და დღეს მცხოვრები იესო ქრისტეს ერთგული ძმები, რომელთაც ცხებული ქრისტიანების ამოსაცნობი სუფთა ტანსაცმელი აცვიათ, ნეფესთან ერთად ივახშმებენ (მათე 22:2—13). განა ამან მოშურნეობისა და მონანიებისკენ არ უნდა აღგვძრას?!
მძლეველთა ტახტი
23, 24. ა) კიდევ რომელ ჯილდოზე საუბრობს იესო? ბ) როდის ავიდა იესო, როგორც მესია, ტახტზე და როდის დაიწყო ეგრეთ წოდებული ქრისტიანების გასამართლება? გ) რას დაჰპირდა იესო თავის მოწაფეებს, როცა თავისი სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშვნა დააწესა?
23 შემდეგ იესო მომავალ ჯილდოზე საუბრობს: „მძლეველს ნებას მივცემ, ჩემთან ერთად დაჯდეს ჩემს ტახტზე, როგორც მე გავხდი მძლეველი და მამაჩემთან ერთად დავჯექი მის ტახტზე“ (გამოცხადება 3:21). როგორც ფსალმუნის 110:1, 2-ში წინასწარმეტყველებს დავითი, უმწიკვლობის დამცველი იესო, რომელმაც სძლია ქვეყნიერებას, ახ. წ. 33 წელს მკვდრეთით აღდგა, ამაღლდა და მამამისთან დაჯდა მის ზეციერ ტახტზე (საქმეები 2:32, 33). 1914 წელს კი, იესო მოვიდა და როგორც მესია, თავის ტახტზე დაჯდა, როგორც მეფე და მოსამართლე. სასამართლო, როგორც ჩანს, 1918 წელს დაიწყო ეგრეთ წოდებული ქრისტიანების გასამართლებით. ცხებული ‘მძლეველები’, რომლებიც მანამდე დაიხოცნენ, უნდა აღმდგარიყვნენ და იესოსთან ერთად უნდა ემეფათ მის სამეფოში (1 პეტრე 4:17). მეფობა იესომ თავის მოწაფეებს მაშინ აღუთქვა, როცა თავისი სიკვდილის გახსენების საღამოს აწესებდა. მან უთხრა მათ: „შეთანხმებას გიდებთ სამეფოსთვის, როგორც მე დამიდო მამაჩემმა შეთანხმება, რათა ჭამოთ და სვათ ჩემს სუფრაზე ჩემს სამეფოში და ტახტებზე დასხდეთ ისრაელის თორმეტი ტომის გასასამართლებლად“ (ლუკა 22:28—30).
24 მართლაც რა ბრწყინვალე დავალებაა მეფის გვერდით ჯდომა და მასთან ერთად ‘ხელახლა შექმნის’ დროს, მისი სრულყოფილი მსხვერპლის საფუძველზე, მორჩილი კაცობრიობის მიყვანა იმ სრულყოფილებამდე, რომელიც პირველ ადამიანებს ჰქონდათ ედემის ბაღში (მათე 19:28; 20:28). როგორც იოანე გვამცნობს, იესომ ეს ‘მძლეველები’ „ღვთისა და მამის სამეფოდ და მღვდლებად“ დანიშნა, რათა იეჰოვას დიდებული ზეციერი ტახტის გარშემო დამსხდარიყვნენ (გამოცხადება 1:6; 4:4). დაე, ყველა, ცხებული თუ განახლებული დედამიწის მკვიდრი, რომელთაც სამოთხის აღდგენაში მონაწილეობის მიღების იმედი აქვთ, მთელი გულისყურით მოეკიდონ იესოს სიტყვებს, რომლებითაც მან ლაოდიკეელებს მიმართა (2 პეტრე 3:13; საქმეები 3:19—21).
25. ა) წინა მიმართვების მსგავსად როგორ ამთავრებს იესო ლაოდიკეელებისთვის მიწერილ წერილს? ბ) როგორ უნდა გამოეხმაუროს თითოეული ქრისტიანი იესოს სიტყვებს, რომლებითაც ლაოდიკეის კრებას მიმართა?
25 წინა მიმართვების მსგავსად, იესო ამ მიმართვასაც ასეთი მოწოდებით ასრულებს: „ვისაც ყური აქვს, მოისმინოს, რას ეუბნება სული კრებებს“ (გამოცხადება 3:22). ბოლო დღეები იწურება. უამრავი მტკიცება არსებობს იმისა, რომ ქრისტიანულ სამყაროს სიყვარული გაუნელდა. ჩვენ კი, ჭეშმარიტი ქრისტიანები, მთელი გულით ვეხმაურებით იესოს სიტყვებს, რომლებითაც მან არა მხოლოდ ლაოდიკეის კრებას, არამედ შვიდივე კრებას მიმართა. მოდი, მთელი გულმოდგინებით მივიღოთ მონაწილეობა იესოს დიდებული წინასწარმეტყველების შესრულებაში, რომელიც ჩვენს დღეებს ეხება: „და ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:12—14).
26. როდემდე აღარ მიმართავს იოანეს იესო, მაგრამ როდის ხედავს იოანე იესოს?
26 ასე დაასრულა იესომ შვიდი კრებისთვის რჩევების მიცემა. თვითონ იოანესთვის იესოს „გამოცხადების“ ბოლო თავამდე აღარ მიუმართავს, თუმცა იოანე არაერთ ხილვაში ხედავს მას, მაგალითად, იეჰოვას განაჩენის აღსრულების ხილვაში. ახლა, მოდი, იოანეს კლასთან ერთად განვიხილოთ მეორე გასაოცარი ხილვა, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ უჩვენა იოანეს.
[სქოლიოები]
a ეს ადგილები ძველი ლაოდიკეის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად არის აღმოჩენილი.
[ჩარჩო 73 გვერდზე]
სიბრძნე თუ სიმდიდრის სიყვარული
1956 წელს ერთ-ერთი გაზეთის მიმომხილველმა დაწერა: „საუკუნის წინ ადამიანს საშუალოდ 72 რამის ყიდვა სურდა, რომელთაგანაც მხოლოდ 16 ითვლებოდა აუცილებლად. დღეს კი საშუალოდ 474 რამის ყიდვა სურს, რომელთაგანაც 94-ია მიჩნეული აუცილებლად. საუკუნის წინ მომხმარებელს საშუალოდ 200 ნივთის ყიდვას სთავაზობდნენ, დღეს კი ეს რიცხვი 32 000-მდე გაიზარდა. სინამდვილეში ადამიანს არცთუ ისე ბევრი რამ სჭირდება — მის სურვილებს კი საზღვარი არა აქვს“. დღეს ადამიანებს გამუდმებით ჩასჩიჩინებენ, რომ ცხოვრებაში მთავარი სიმდიდრისა და ქონების დაგროვებაა. ამიტომ, ბევრი უგულებელყოფს ეკლესიასტეს 7:12-ში ჩაწერილ ბრძნულ რჩევას: „სიბრძნეც იცავს კაცს და ფულიც; ცოდნა იმით უპირატესობს, რომ სიბრძნესთან ერთად სიცოცხლეს უნარჩუნებს მის მქონეთ“.
[სურათი 67 გვერდზე]
ლაოდიკეაში წყალი არასასიამოვნოდ ნელთბილი იყო. ლაოდიკეელი ქრისტიანებიც უსიამოვნოდ „ნელთბილები“ იყვნენ.